17 მაისი 2019
თბილისის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

17 მაისს მწერალთა სახლში თბილისის  მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალის სტუმრებს მიესალმნენ მწერალთა სახლის დირექტორი ნატალია ლომოური,  ქ.თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი და  საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი ბარბარა ფონ მიუნჰაუზენი.

ფესტივალი 17 მაისიდან 21 მაისამდე გაგრძელდება და ლიტერატურის მოყვარულებს უამრავ საინტერესო შეხვედრას, დისკუსიასა და პოეზიის საღამოს შესთავაზებს.

ფესტივალს 19 უცხოელი ავტორი ჰყავს სტუმრად 15 ქვეყნიდან, მათ შორის არიან ცნობილი პოეტები, დრამატურგები და პროზაიკოსები  აშშ-დან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, მაკედონიიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან ,უკრაინიდან, ბელარუსიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ღონისძიებები  ერთი თემის ქვეშ გაერთიანდა - ესაა „გაორება“. ფესტივალის პროგრამა ისეა შედგენილი, რომ ის ავტორებსაც და მსმენელსაც პოეზიის საღამოებით თუ პანელ-დისკუსიებით შემოქმედებითი პოლარულობის, ორბუნებოვნების შესახებ დაფიქრების საშუალებას მისცემს.

 

თბილისის მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება მწერალთა სახლში და მათზე დასწრება ტრადიციულად, უფასოა.

საფესტივალო კვირეულის სრული პროგრამა შეგიძლიათ  იხილოთ ფესტივალის ვებგვერდზე (http://tbilisilitfest.ge) და მწერალთა სახლისა და ფესტივალის ფეისბუკ გვერდზე.

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor