16 აგვისტო 2021
გამოვლინდა გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამების გამარჯვებულები

 

ესპანეთში მასპინძელი რეზიდენციის ინიციატივით, პროგრამაში მონაწილეობას ერთის ნაცვლად, ორი ქართველი ავტორი მიიღებს - თეა თოფურია და თაკო ფოლადაშვილი, ლა კორუნიაში, ოქტომბერში, ორ-ორი კვირის განმავლობაში იმუშავებენ.

 

ლვოვის სარეზიდენციო პროგრამის გამარჯვებული ავტორია ნანა აბულაძე. მწერალი ლვოვში სექტემბერში ორი კვირის განმავლობაში იმუშავებს და რეზიდენციის ფარგლებში ასევე „ლვოვის წიგნის ფორუმს“ დაესწრება. 

 

გაცვლითი პროგრამის პარტნიორები არიან ლვოვის ქალაქის საბჭო და „ლვოვი - იუნესკოს ლიტერატურის ქალაქი“.

 

პროგრამის ფარგლებში მწერალთა სახლის რეზიდენცია ესპანელ და უკრაინელ ავტორებს უმასპინძლებს.

 

პროექტის მხარდამჭერია „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“.



გამარჯვებული ავტორები გვიყვებიან ტექსტებზე, რომელზეც რეზიდენციის ფარლებში იმუშავებენ:

 

 

ნანა აბულაძე:

 

„აპოკრიფები“ ხუთი მოთხრობისგან შემდგარი კრებულია. ტექსტების მიზანია, ბიბლიური ნარატივის გამოყენებით თანამედროვე პრობლემებზე დააფიქროს მკითხველი. ეს პრობლემებია: ჩაგვრა, ავადმყოფობით გამოწვეული სტიგმა, ფსიქიკური აშლილობა და მასთან გამკლავება, პატრიარქალური ნორმების ზემოქმედება ადამიანის სექსუალობასა და მის გენდერულ როლზე. ამ თემებს თან ერთვის სხვა მარადაქტუალური საკითხებიც: რწმენისა და ეჭვის მიმართება, კეთილისა და ბოროტის დაპირისპირება. კრებულის თითოეული მოთხრობა დამოუკიდებელი ტექსტია, თუმცა ისინი ერთად გარკვეულ მთლიანობასაც გვაძლევს, რადგან მოტივები და პერსონაჟები მოთხრობიდან მოთხრობაში გადადის.  

კრებული ჟანრობრივადაც მრავალფეროვანია: ერთ-ერთი მოთხრობა, „ლოტის ცოლი“, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრშია და მომავლის დისტოპიურ სურათს გვიხატავს - ამ მოთხრობის მიხედვით, სოდომი მაღალტექნოლოგიური ცივილიზაციაა, რომელსაც იდეოლოგიური რადიკალიზმი ღუპავს. 

 

 

თეა თოფურია:

ამ რომანს ჯერ სათაური არ აქვს. მისი თემა ცხოვრება, ხალხი, ადამიანია - ადამიანი ცალკე და საზოგადოებაში, ადამიანი მეორე ადამიანთან, ადამიანი საკუთარი თავისგან დამალული, ის, რაზეც არ საუბრობენ და მხოლოდ თვითონ იციან და ბოლოს ადამიანი, როგორც ღმერთის წინაპარი. რომანში აღწერილია პატარა ერის ისტორია, რომლის დიდი ნაწილი ძველ, ისტორიულ ეპოქაში იძულებული გახდა დამპყრობელს გაქცეოდა და გადასახლებულიყო. ამის შემდეგ რომანის სიუჟეტი  ორ ნაწილად იყოფა, გადასახლებულები, რომლებიც რთულ, მაგრამ ახალ ცხოვრებას იწყებენ და დარჩენილები, რომლებიც დამპყრობლების ქვეშ დეგრადაციას განიცდიან და მუდმივი ნოსტალგიისა და ნიჰილიზმის ფონზე ფაქტობრივად მხოლოდ არსებობას ახერხებენ.

 

 

თაკო ფოლადაშვილი:

რომანი, სამუშაო სათაურით „ძვლების წიგნი“ მაგიური რეალიზმის ჟანრს მიეკუთვნება. ერთი შეხედვით ნაცნობ გარემოში, გმირების თავს დაუჯერებელი ამბები ხდება. ამბის მთავარი გმირი ახალგაზრდა გოგონაა, რომელიც ქალაქიდან სოფელში ერთი მიზნით მიდის: შეუსრულოს ბებიას უკანასკნელი თხოვნა. სოფელში ჩასულს კი მისი დაკრძალვის დღეს სხვა შეუსრულებელი მისია გამოუჩნდება: იპოვოს ბებიის უგზო-უკვლოდ გამქრალი ცხედარი. ძიების პროცესი სავსეა დაბრკოლებებით, მარტო დარჩენილი მთავარი გმირის ცხოვრება კი თითქოს იმ წარსული ამბების გამოძახილია, რის ამოხსნასაც ცდილობს და რის გამოც ძვლების შემგროვებლად იქცა.

 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor