პროექტები 

საუბრები ლიტერატურაზე

მწერალთა სახლმა 2013 წლის მაისიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება „საუბრები ლიტერატურაზე“. რომელიც, ისევე როგორც “მწერალთა სახლის“ ბევრი სხვა პროექტი, საგანანმანათლებლო ხასიათისაა. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოვიწვიოთ და მოვიზიდოთ ამ შეხვედრებზე და მათ გაცილებით მეტი გაიგონ ამა თუ იმ ავტორსა და წიგნზე, ვიდრე მათ ამის საშუალებას სკოლა თუ სხვა სასწავლებელი აძლევთ. ცნობილი მწერლები, ლიტერატურათმცოდნეები და ავტორები ისაუბრებენ ქართველ და უცხოელ ავტორებზე, დამსწრეებს კი შესაძლებლობა ექნებათ დასვან შეკითხვები და აქტიურად ჩაერთონ დისკუსიაში. ამ ციკლის რამდენიმე შეხვედრა მწერალთა სახლში უკვე გაიმართა. პროექტი 2014-2015 წლებშიც გრძლედება. 

 

 საუბრები ხელოვნებაზე

ეს არის საუბრების ციკლი თანამედროვე და ტრადიციულ ხელოვნებაზე. შეხვედრის სტუმარი ერთ კონკრეტულად შერჩეულ თემაზე საუბრობს და კონკრეტული მიმდინარეობის თუ მხატვრის შემოქმედების სიღრმისეულ ანალიზს გვთავაზობს. ხშირად ისმის კითხვა, თუ რა არის ხელოვნება და პასუხის გაცემასაც ცდილობენ. განსაკუთრებით აქტიურია ეს  კითხვა თანამედროვე ხელოვნების შესახებ. ამის მიზეზი ისიცაა, რომ ჩვენთან არც ისე ხშირია  თანამედროვე ხელოვნების ამსახველი გამოფენები და ამ თემაზე კიდევ უფრო ცოტა იწერება. შესაბამისად, საზოგადოებისთვისაც უცხოა, თითქმის გაუგებარი და უინტერესო ის, რასაც თანამედროვე ხელოვნება ქვია. ამიტომაც, ჩვენ მიერ მოწვეული ექსპერტებისა და მხატვრების სასაუბრო თემები სწორედ ეს პრობლემები და საკითხები იქნება. ამ ციკლიდან უკვე გაიმართა რამდენიმე შეხვედრა - გია ეძგვერაძესთან, ხათუნა ხაბულიანთან. პროექტი 2014-15 წლებშიც გაგრძლედება. 

 

მწერლები მწერლებთან

„მწერალთა სახლის“ ამ პროექტის უმთავრესი იდეა არის ორი სხვადასხვა თაობის ავტორის მოწვევა შეხვედრაზე და მათი საუბარი წერის პროცესზე, წერის ინსპირაციაზე, წერისა და თხრობის მანერასა და ხასიათზე. საინტერესოა საუბარი იმაზე, თუ როგორ იწერება ესა თუ ის ნაწარმოები, რას და როგორ წერს ქართველი მწერალი. როგორია მწერლისა და გამომცემლის ურთიერთობა და როგორია ინტერესი კონკრეტული ავტორისა თუ ზოგადად, წიგნისადმი. ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ისიც, რამდენად იცნობენ ქართველი მწერლები დასავლეთში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებს. დასაწყისისთვის, „მწერალთა სახლი“ ქართველ ავტორებს მოიწვევს, თუმცა,ჩვენი სამომავლო სურვილია, ქართველი და უცხოელი ავტორის ერთად მოწვევა და ორი განსხვავებული კულტურისა თუ წერის მანერის ავტორის ერთმანეთთან და საზოგადოებასთან გასაუბრება. ვფიქრობთ, მსგავსი შეხვედრები საინტერესო უნდა იყოს არა მარტო ლიტერატურის მოყვარულთათვის, არამედ დამწყები მწერლებისათვის.

 

ბავშვები „მწერალთა სახლში“

მწერალთა სახლის ამ პროექტის მიზანია ბაღისა და დაწყებითი კლასების პატარებს შესთავაზოს ლამაზი და ფერადი ზღაპრები, ლეგენდები, თქმულებები... შეხვედრებს 2013 წელს მწერალი მაკა მიქელაძე უძღვებოდა, რომელიც არაერთი საბავშვო მოთხრობის ავტორია. 2014 წლიდან ამ შეხვედრების მასპინძლები გამომცემლობები არიან. შეხვედრებზე შემოქმედებითი და თავიუფალი ატმოსფეროა, სადაც ავტორი და პატარები ერთად ცდილობენ წიგნთან და ამბავთან ზიარებას. ვფიქრობთ, მწერალები კიდევ უფრო კარგად აგრძნობინებენ პატარებს წიგნთან  შინაგან მთლიანობას, ამ განცდას კი კითხვისა და თხზვის პროცესში პატარების თანამონაწილეობა აუცილებლად შექმნის.

შეხვედრების ციკლი „პატარები მწერალთა სახლში“ ყოველ შაბათს იმართება და დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისათვის.

 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor