22/12/2021

კოკა ქამუშაძის წიგნის „ბალანდა“ პრეზენტაცია

22 დეკემბერს, 18:30 საათზე სულაკაური გამომცემლობის ორგანიზებით გაიმართება დებიუტანტი ავტორის კოკა ქამუშაძის წიგნის „ბალანდა“ წარდგენა. ნაწარმოები თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დახურული სისტემის – ციხის – კარს გვიღებს. მთავარი გმირი არაფრით გამორჩეული თბილისელი ბიჭი ლევან კაკაბაძეა, რომელიც სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდება ამ ბნელ, მისთვის უცხო და საშიშროებით მოცულ გარემოში და თანდათან გაიგებს, როგორი შეიძლება იყოს 15 ადამიანთან ერთად პატარა ოთახში ცხოვრება და იქ შინაგანი თავისუფლების პოვნა; მკითხველი კი მიხვდება, რომ ყველაფერი, რაც ციხის ცხოვრებაზე იცის, არაფერია იმასთან შედარებით, რაც იქ რეალურად ხდება. ეს სამყარო ბევრად უფრო საზარელია, ვიდრე მისი აღქმა ჩვენს წარმოსახვას შეუძლია.

„ბალა(ნ)და“ კოკა ქამუშაძის სადებიუტო რომანია. ის მსუბუქად, იუმორით გვიყვება რთული ადამიანური ამბების შესახებ და მიუხედავად ამ ისტორიების სიმძიმისა, იმედის ნაპერწკალს არასდროს კარგავს. ავტორი განათლებით ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტია და ამჟამად „თი-ბი-სი ჯგუფში“ მუშაობს. ამავდროულად კითხულობს ლექციებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მარკეტინგის მიმართულებით.