ღია სამუშაო სივრცე მწერლების, მთარგმნელებისა და არტისტებისთვის

თარიღი : 25.12.2021

 

მწერალთა სახლი  აცხადებს მიღებას ეკატერინე გაბაშვილის სახელობის მწერლის ოთახის პირველი სტუმრებისთვის.

ეკატერინე გაბაშვილის სახელობის მწერლის ოთახი - ეს არის ღია სივრცე მწერლების, მთარგმნელებისა და არტისტებისთვის,  რომლებსაც განსაზღვრული პერიოდი (2-დან 4 კვირამდე) შეეძლებათ მწერლის ოთახი თავიანთ სამუშაო სივრცედ აქციონ. მწერალთა სახლი ამისათვის მათ სთავაზობს სრულად აღჭურვილ (პრინტერი, ინტერნეტწვდომა) ერთ ოთახს. შესაბამისად, გამარჯვებულ აპლიკანტებს მათ მიერ შერჩეულ  დროის მონაკვეთში შეეძლებათ  მთელი დღის მანძილზე იმუშაონ მწერალთა სახლში. 

მწერლის ოთახში მუშაობა ერთდროულად შესაძლებელი იქნება ორი  კანდიდატისთვის. აპლიკანტებს შეარჩევს  მწერალთა სახლის ადმინისტრაცია.  დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია.

დავით სარაჯიშვილის ყოფილ კაბინეტში ასეთი სახელწოდების ოთახის გახსნით, მწერალთა სახლი იხსენებს და პატივს მიაგებს ეკატერინე გაბაშვილს, რომელიც ჯერ კიდევ 1926 წელს წერდა  მწერლისთვის, განსაკუთრებით კი ქალი მწერლისთვის „საკუთარი ოთახის“ აუცილებლობაზე:

„ვწერ მხოლოდ შემთხვევით და დამუშავებას და გაშალაშინებას ვინ მაღირსებს, ამიტომ ყოველი ჩემი ნაწერი თითქო გეგმაა სხვა მომავალი სამუშაოსი და არა დამთავრებული სახელოვნო ნაწარმოები. ქალის შრომა ჯერ კიდევ დიდხანს იქნება პატივაყრილი და „მწერლის კაბინეტი“ ვინ იცის როდის ეღირსება დედაკაცს.“

ეკატერინე გაბაშვილის სახელობის მწერლის ოთახი პირველი სტუმრების მიღებას 25 იანვრიდან შეძლებს.