2020 წლის 10 ნოემბერს დავით სარაჯიშვილის სახლის საზეიმოდ გახსნიდან 115 წლის თავზე მაჩაბლის 13-ში დავით სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმი გაიხსნა.


სარაჯიშვილისეული სახლის მეორე სართულზე დავით სარაჯიშვილისა და ეკატერინე ფორაქიშვილის ნივთებია თავმოყრილი - ლიმოჟის ფაბრიკაში სპეციალურად ამ სახლისთვის დამზადებული სადილის სერვიზი დავითის მონოგრამით; მარსელის გამჭირვალე, იასამნისფერი კრამიტი, რომლითაც სახლის ერთი ფლიგელი იყო გადახურული; სამგზავრო ჩემოდანი, სეიფი, ჭურჭელი, სუვენირები და სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტები.  მუზეუმში მოსულ დამთვალიერებელს შესაძლებელობა ექნება გაეცნოს დავითისა და ეკატერინეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო დეტალებს, კედლებზე დატანილი მათი ბიოგრაფიის ნიშვნელოვანი მომენტებით.


ეს დღე ისტორიულია მწერალთა სახლისთვისაც - ამ სახლის გახსნის დღიდან მთელი გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა დავით სარაჯიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის პოპულარიზაცია, მისი ღვაწლის ჩვენი საზოგადოებისათვის ხელახალი გაცნობა და შეხსენებაა. დავით სარაჯიშვილის სახელი საბჭოთა ეპოქამ მიზანმიმართულად წაშალა ჩვენი ცნობიერებიდან - 70 წლის მანძილზე საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცოდა მისი მრავალმხრივი მოღვაწეობისა და ქველმოქმედების შესახებ.


დავით სარაჯიშვილი არამხოლოდ პირველი ქართული კონიაკის მწარმოებელი, არამედ ის ადამიანი იყო რომლის ქველმოქმედებამ მნიშვნელოვნად განაპირობა მე-20 საუკუნის საქართველოს თითქმის ყველა სფეროს წარმატება, დაწყებული ეკონომიკიდან, თეატრით, მუსიკით, უნივერსიტეტით, ხელოვნებითა თუ ლიტერატურით დამთავრებული. შესაბამისად, დავით სარაჯიშვილის მუზეუმი ეს არის მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოს ისტორია, რომელსაც, ვფიქრობთ, ბევრი დამთვალიერებელი ეყოლება და მალე დაიკავებს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილს თბილისის ღირსშესანიშნაობებს შორის.


მწერალთა სახლი მადლობას უხდის ყველას, ვისაც სულ მცირე წვლილი მაინც მიუძღვის ამ იდეის საქმედ ქცევაში. უპირველესად კი საქველმოქმედო ფონდ „სარაჯიშვილს“, საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და თიბისი ფონდს ფინანსური მხარდაჭერისათვის.


ასევე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის ისტორიის მუზეუმს(ქარვასლას) მოწოდებული უნიკალური ექსპონატებისთვის და თბილისის მერიას მუზეუმის ექსპოზიციის მომზადების ფინანსური მხარდაჭერისთვის.