2021 წელს, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ მწერალთა სახლში რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი გაიხსნა.


1921 წლის თებერვალში საქართველოს გასაბჭოებიდან მესამე დღეს, 28 თებერვალს, საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა დავით სარაჯიშვილის სახლი, პაოლო იაშვილის ინიციატივითა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით, ქართველ მწერლებსა და ხელოვანებს გადასცა.


1925-1926 წლის „ცნობათა კრებულში“, რომელიც ტიციან ტაბიძის რედაქციით გამოვიდა, ვკითხულობთ: „ხელოვნების სასახლე დაარსებულია 1921 წელს გასაბჭოების პირველ დღეებში. მწერალთა კავშირის დელეგაციის მიმართვის თანახმად სარევოლუციო კომიტეტმა განსაკუთრებული დეკრეტით ყოფილი სარაჯიშვილების სახლი, შემდეგ აკაკი ხოშტარიასი, გამოაცხადა ხელოვნების სასახლედ. "


მიუხედავად იმისა, რომ შენობა ქართველ მწერლებსა და ხელოვანებს რევკომმა გადასცა, მოგივანებით, იმავე რეჟიმს ამ კედლებშივე გამოჰქონდა განაჩენი მწერლებისა და პოეტებისთვის. ამიტომაც ნიშანდობლივია, რომ რეპრესირებული მწერლების ხსოვნისადმი მიძღვნილი მუზეუმი სწორედ ამ სივრცეში განთავსდება. რეპრესირებული მწერლების მუზეუმი საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა შესახებ არსებულ მეხსიერებასა და აქამდე უთქმელ ისტორიებს გააცოცხლებს; მოგვითხრობს პერიოდზე, კონტექსტზე და იმ მექანიზმებზე, რომლებსაც ტოტალიტარული სახელმწიფო იყენებდა „მწერლობის მოსათვინიერებლად“.


რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის მხარდამჭერია „თბილისი - იუნესკოს წიგნის მსოფილიო დედაქალაქი 2021“