პირველად საქართველოში, 2017 წლის 16 ივნისს  მწერალთა სახლის მესამე სართულზე 5 სარეზიდენციო ოთახი საზეიმოდ  გაიხსნა. რეზიდენციების რეაბილიტაცია-აღდგენა სრულად დააფინანსა საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ. ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითია სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთანამშრომლობისა. ამ სიახლით კიდევ უფრო ფართოვდება მწერალთა სახლის საქმიანობის სფერო და სულ მალე იგი საინტერესო სარეზიდენციო პროგრამებს შესთავაზებს უცხოელ ავტორებსა და მთარგმნელებს. სამწერლო რეზიდენციების გახსნით მწერალთა სახლი დანარჩენი მსოფლიოს ლიტერატურული სახლებისა და რეზიდენციების ქსელს შეუერთდება. მწერლები და მთარგმნელები შეძლებენ ამ ულამაზეს სახლში დაბინავებას და ახალი ნაწარმოებების შექმნას.  დედაქალაქის სტუმრებს კი  გაატარონ რამდენიმე დაუვიწყარი დღე გაატარონ ძველი თბილისის გულში, სოლოლაკში მდებარე ამ უნიკალურ შენობაში, რომელიც გარდა იმისა, რომ თბილისური არქიტექტურის შედევრია, დიდი და საინტერესო ისტორიითაც გამოირჩევა.

მწერალთა სახლის რეზიდენციების დიზაინი ცნობილმა ქართველმა მხატვარმა გუგა კოტეტიშვილმა შექმნა. სარეზიდენციო ოთახების დახვეწილი, ექსკლუზიური გაფორმება ორგანულად ერწყმის და აგრძელებს მეოცე საუკუნის დასაწყისში აგებული მოდერნის სტილის შენობის უნიკალურ დიზაინს.

 რეზიდენციების თითოეული ოთახი საქართველოსთან დაკავშირებული ხუთი სხვადასხვა უცხოელი მწერლის სახელს ატარებს და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დიზაინით გამოირჩევა. ალექსანდრე დიუმას, ნიზამი განჯელის, ბორის პასტერნაკის, მარჯორი და ოლივერ უორდროპებისა და ჯონ სტეინბეკის სახელობის ხუთი ოთახი მწერალთა რეზიდენციაში ერთგვარ “მუზეუმ-ოთახებს” ქმნის, სადაც ინტერიერის თითოეულ დეტალს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს მინიჭებული.

სარეზედენციო ოთახების ნაწილი ქალაქის ერთ-ერთ უძველეს, მაჩაბლის ქუჩას გადაჰყურებს, ნაწილი კი სახლის მშვენიერ ბაღს, სადაც დღეს თბილისში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა რესტორანმა, “ლიტერამ” დაიდო ბინა. აქ სახლის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ცნობილი ქართველი შეფ-მზარეულის, თეკუნა გაჩეჩილაძის ექსკლუზიური კერძები, რომლებსაც ის ქართული და ევროპული სამზარეულოს  ტრადიციების გათვალისწინებით ქმნის.

სარეზიდენციო ოთახები სულ რამდენიმე თვის გახნილია, თუმცა, აქ რამდენიმე დღე უკვე გაატარა ნობელის პრემიის ლაურეატმა მწერალმა, სვეტლანა ალექსიევიჩმა. 

 

რეზიდენციების არსებობა მეტ საშუალებას გვაძლევს საერთაშორისო ლიტერატურულ ორგანიზაციებთან, რეზიდენციებთან და ლიტერატურულ გაერთიანებებთან კულტურული კავშირების გაფართოებისა და ინტეგრირებისა. ეს არის შანსი კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდეს უცხოელ ავტორებთან, მთარგმნელებთან და გამომცემლობებთან,  მოვიწვიოთ ისინი საქართველოში, დავგეგმოთ ლიტერატურული სემინარები, ვორკშოპები და პანელ- დისკუსიები, ჩავერთოთ საერთაშორისო ლიტერატურულ პროცესებში, წარმოვაჩინოთ ახალი იდეები და პროექტები.

 

რეზიდენციები მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება თბილისის ყოველწლიური საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისთვისაც. მწერალთა სახლი შეძლებს საკუთარი სივრცე შესთავაზოს ფესტივალის სტუმარ ავტორებსა და მთარგმნელებს.

 

ამდენად, ვფიქრობთ,  რეზიდენციების მულტიფუნქციური საქმიანობა  დიდი პერსპექტივა იქნება მწერალთა სახლისათვის.

ჰოლი
ჰოლი

ჰოლი
ჰოლი


სამზარეულო

სამზარეულო

ალექსანდრე დიუმას(ფრანგული) ოთახი

ალექსანდრე დიუმას(ფრანგული) ოთახი

ნიზამი განჯელის (აღამოსავლური) ოთახი

ნიზამი განჯელის (აღამოსავლური) ოთახი

ბორის პასტერნაკის (რუსული) ოთახი 


ბორის პასტერნაკის (რუსული) ოთახი 


ოლივერ უორდროპის (ბრიტანული) ოთახი

ოლივერ უორდროპის (ბრიტანული) ოთახი

ჯონ სტაინბეკის (ამერიკული) ოთახი
ჯონ სტაინბეკის (ამერიკული) ოთახი