15/12/2023

ჰარუნ ჩიმქეს თარგმანების წარდგენა

15 დეკემბერს, 15:00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება თურქი ქართველოლოგის, ენათმეცნიერისა და მთარგმნელის, ჰარუნ ჩიმქეს თარგმანების წარდგენა: „ქართულ გამოცემათა თურქული თარგმანები - „დათა თუთაშხია".
ჰარუნ ჩიმქე მუშაობდა (2011-2020 წწ.) თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით, რომლის დამაარსებელი და შემდგომში ხელმძღვანელიც გახდა (2011-2016 წწ.).
ამჟამად ჰარუნ ჩიმქე მუშაობს ქუთაისის აკაკი წერეთლის
სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტში ასოცირებულ პროფესორად, აგრეთვე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტში, მოწვეულ პროფესორად. ჰარუნ ჩიმქე ასწავლის ქართულ ენასა და გრამატიკას.
მას სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული აქვს რიგი
ნაშრომები, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე. ჰარუნ ჩიმქემ, პროფესორებთან, ჟუჟუნა ფეიქრიშვილთან და რუსუდან საღინაძესთან ერთად თურქულად გამოსცა სამეცნიერო ხასიათის ნაშრომი - „ქართული ენის გრამატიკა (ქართული ენა - ფონეტიკა, მორფოლოგია)", რომელიც თურქეთის ისტორიაში ქართული ენის პირველ გრამატიკას წარმოადგენს.
მას აგრეთვე ეკუთვნის თარგმანები, მათ შორის: დათა
თუთაშხია - Data Tutaşhia - Kafkasların Asil Eşkıyası, გამომცემლობა: SaltOkur, İstanbul - 2023; მუჰანედ ალაკუსი, „მშვიდობის ყვავილი" - Barış Çiçeği, გამომცემლობა „შემეცნება", თბილისი, 2022; ქესანე გვეტაძე, „გონივრული რიცხვები" - Akıllı Sayılar, გამომცემლობა „შემეცნება", თბილისი, 2021; ბექა ადამაშვილი, „ამ რომანში ყველა კვდება" - Bu Romanda Herkes Ölüyor, KeTeBe, İstanbul, 2022; აკა მორჩილაძე, „ჩრდილი გზაზე" - Yoldaki Gölge, გამომცემლობა KeTeBe, İstanbul, 2021.
ჰარუნ ჩიმქეს მიღებული ჯილდოებია: 1. საპატიო დოქტორის წოდება:
2012 წელს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო
უნივერსიტეტში გაწეული სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის,
ქართველოლოგიაში წარმატებული კვლევითი მუშაობისა და თურქეთ-
საქართველოს კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობის
განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; 2. იაკობ
გოგებაშვილის მედალი: 2015 წლის 27 ნოემბერს, გორის სახელმწიფო
სასწავლო უნივერსიტეტი; 3. საპატიო დოქტორის წოდება: 2019 წლის 20
ივნისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი; 4. საპატიო სიგელი: 2022 წლის 22 ივლისს, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი".
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!