23/04/2024

ნინო გუგეშაშვილი წარადგენს ბორის გუგეშაშვილის სიმღერების ალბომს

23 აპრილს 19:00 საათზე ნინო გუგეშაშვილი წარადგენს ბორის გუგეშაშვილის სიმღერების ალბომს „ყირამალა".
ალბომში შედის ბორის გუგეშაშვილის ყველაზე გახმაურებული 10 სიმღერა ფოლკის სტილში (აუდიოდისკი) და სიმღერების ტექსტების, ანოტაციებისა და გუგეშაშვილების მომღერალი ოჯახის შემოქმედებითი ბიოგრაფიის ამსახველი წიგნაკი. სიმღერებს ასრულებს ორიგინალური სახით მათი თავდაპირველი შემსრულებელი - გუგეშაშვილების ოჯახი.
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით; წიგნი დაბეჭდა შპს „იუ სი ემ" UCM ltd-მ; დისკების ტექნიკურ უზრუნველყოფაზე იმუშავა შპს „ქეი სფეისმა"; ალბომის ჩაწერაზე იმუშავა შემოქმედებითმა ჯგუფმა ოჯახის ახლანდელი შემადგენლობით (სოფო და ნინო გუგეშაშვილები, შალვა ხმალაძე, ნინო ბერიშვილი).
წიგნის წინა ყდაზე და დისკზე გამოყენებულია ნინო გუგეშაშვილის ნახატი, უკანა ყდაზე ფოტოგრაფ ვიტალი დვალის უნიკალური ფოტო - გუგეშაშვილების ოჯახი თავდაპირველი შემადგენლობით (ბორის, სოფო და ნინო გუგეშაშვილები, ლია ხიდეშელი) ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე.
საღამოს სტუმრებს, შემოქმედებით ჯგუფთან შეხვედრისა და ალბომის შეძენის შესაძლებლობის გარდა, სიურპრიზიც ელოდებათ.
დასწრება თავისუფალია.