ქართული პროზის სცენური მეტამორფოზების

თარიღი : 18.04.2024

მწერალთა სახლის პროექტის „ქართული პროზის სცენური მეტამორფოზების" პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა!

შეგახსენებთ, რომ პროექტი გულისხმობს ქართული ლიტერატურისა და ქართული თეატრის ახალ შემოქმედებით კოლაბორაციას. პროექტის ფარგლებში, ქართული კლასიკური და თანამედროვე პროზის ნიმუშები დრამის ენაზე ამეტყველდება. პროექტის შედეგად შექმნილი ტექსტები გავრცელდება ქართულ და უცხოურ თეატრებში. თეატრებს საშუალება ეძლევათ ავტორთა ჯგუფს შესთავაზონ მათთვის საინტერესო ნაწარმოებები და მონაწილეობა მიიღონ ამ ტექსტების სცენური ადაპტაციის შექმნის პროცესში.

პროექტის პირველ ეტაპზე, შემოქმედებითმა ჯგუფმა იმუშავა ქართველ მწერალთა იმ პროზაულ ტექსტებზე, რომელთა დრამის ენაზე ადაპტაციაც აქამდე არ განხორციელებულა. წინ გველის მეორე ეტაპი, რომელიც მოიცავს პიესების თარგმნას, სინოფსისების შექმნასა და თეატრებისთვის მიწოდებას.

2024 წლის შემოქმედებითი ჯგუფი ხუთ ავტორს აერთიანებს: ირაკლი სამსონაძე, ნინო სადღობელაშვილი, ეკა თხილავა, ნათია როსტიაშვილი და გიორგი შერვაშიძე. პროექტის ავტორები და შემსრულებლები არიან: საქართველოს მწერალთა სახლი, ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის ეროვნული დრამატული თეატრი და ევრაზიის თეატრების ასოციაცია, რომელშიც 25 სხვადასხვა ქვეყნის თეატრია გაწევრიანებული.

პროექტის საბოლოო შედეგი იქნება ქართული ლიტერატურის მაქსიმალური მხარდაჭერა და მისი ჩართვა თეატრალური ხელოვნების ველში, რაც ხელს შეუწყობს მწერლობისა და თეატრის მჭიდრო თანამშრომლობასა და ურთიერთგამდიდრებას.

პროექტი მიზნად ისახავს ქართული პროზის დრამატურგიულ ვერსიებად ადაპტირებული პიესების შექმნას. ეს პროექტი ქართულ თეატრს საშუალებას მისცემს, ახლებურად დაინახოს და შეაფასოს ქართული მწერლობის რესურსი, ხოლო ქართულ მწერლობას ხელს შეუწყობს დაბრუნდეს და მყარად დაიმკვიდროს ადგილი ქართულ სცენაზე.