1 აპრ 2024

ავტორი: ნონა მაზიაშვილი

XXI საუკუნის „კარიბჭის მცველნი“

1870-იანი წლებიდან გამოჩენილმა ამ საქმიანობამ ტრანსატლანტიკური გამომცემლობების მუშაობის სტილი სრულიად შეცვალა. ის განსაკუთრებით აქტიურ როლს ანგლოფონური ტექსტების ბედის განსაზღვრაში ასრულებს. გამომცემლობათა „კარიბჭის მცველნი", როგორც მათ ხშირად უწოდებენ, ლიტერატურული აგენტები ქმნიან ერთგვარ კედელს საგამომცემლო სახლებსა და მწერლებს შორის; და თავიანთ კვალს ტოვებენ მსოფლიო ლიტერატურულ პროცესებზე.

 

ვინ არიან ლიტერატურული აგენტები და რას აკეთებენ ისინი?

21-ე საუკუნეში გამომცემლობასა და მწერალს შორის უშუალო კავშირი წარსულს ჩაბარდა. ეს ნიშნავს, რომ მონდომებული მწერლების წერილები და ხელნაწერები პირდაპირ გამომცემლობებთან აღარ მიდის, რადგან დიდი საგამომცემლო სახლების უმეტესობა (მცირე გამონაკლისის გარდა, რომლებიც თავიანთ ოფიციალურ გვერდზე ხაზგასმით აღნიშნავენ საპირისპიროს) უარს ამბობს განიხილოს ისეთი ავტორის ტექსტი, რომელსაც ლიტერატურული აგენტი არ წარმოადგენს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ლიტერატურული აგენტების ფართო და ყველგანმყოფი ქსელი ერთგვარი ფილტრია მწერალსა და გამომცემლობებს შორის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ავტორმა ტექსტის გამოსაქვეყნებლად ორმაგი ზღუდე უნდა გადალახოს. ჯერ ერთი, იპოვოს აგენტი, რომელიც მის ინტერესებს წარმოადგენს და შემდეგ უკვე გამომცემლობა (აგენტის დახმარებით), რომელიც მისი ტექსტის გამოქვეყნებას დათანხმდება.

ლიტერატურული აგენტების ნაწილი თავადაც წერს, დაკავებულია რედაქტირებით, ხშირად აქვს ხარისხი ლიტერატურათმცოდნეობაში და/ან ბიზნესის მართვასა თუ სამართალში. ასეთი განათლება მათ საშუალებას აძლევთ, იყვნენ ტექსტის პირველი რედაქტორები, მისცენ ავტორებს რჩევები, რომელიც მათ ტექსტებს უკეთესს და გამომცემლობისთვის უფრო საინტერესოს გახდის, აწარმოონ მოლაპარაკებები ხელშეკრულებებთან, უფლებებთან და სხვა ლეგალურ საკითხებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ლიტ. აგენტები წლების განმავლობაში ახერხებენ, საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ სხვადასხვა გამომცემლობასთან, რაც მათ გამოცდილებასა და კავშირებს ავტორისთვის ფასდაუდებელს ხდის. და რაც მთავარია, ისინი მოწოდებული არიან, მიიღონ საუკეთესო კონტრაქტები კლიენტების ინტერესების მაქსიმალური დაცვით.

მაშ რატომ შეიძლება ვანდოთ ჩვენი ტექსტების და ინტერესების დაცვა ლიტერატურულ აგენტს?

უპირველესად, მათი პირადი ფინანსური დაინტერესებიდან გამომდინარე, ლიტ. აგენტები საკუთარი შრომის საფასურს მწერლის სარგოს მიხედვით იღებენ - როგორც წესი 15%-ს (20%-ს საზღვარგარეთ დადებული ხელშეკრულებიდან). შესაბამისად, მწერლის ინტერესების მაქსიმალურად დაცვა და ისეთი ხელშეკრულების მომზადება, რომელიც კლიენტისთვის საუკეთესო პირობებს მოიცავს, მათ ინტერესებშიც შედის.

არის კიდევ საკუთარ რეპუტაციაზე ზრუნვის საკითხი. როგორც უკვე აღვნიშნე, ლიტ. აგენტები წლების განმავლობაში აგებენ თავიანთ კავშირებს, იქნება ეს საგამომცემლო სახლებთან თუ ავტორებთან. მათი მუშაობის ხარისხი განსაზღვრავს მათსავე რეპუტაციას და იმას, თუ რამდენად მოისურვებენ გამომცემლობები და მწერლები მათთან ურთიერთობას. ამიტომ, აგენტები დიდი ენთუზიაზმით ეკიდებიან თავიანთ საქმეს იმ წუთიდან, როცა კლიენტთან ხელშეკრულებას დადებენ წიგნის პოპულარიზაციამდე. ავტორთან ერთად ხვეწენ გამომცემლობაში წარსადგენ წერილებს და შესავალ გვერდებს, მუშაობენ მთლიანად ხელნაწერის რედაქტირებაზე, ხელშეკრულებებზე; წიგნის გამოსვლის შემდეგ კი მარკეტინგულ კამპანიაშიც იღებენ მონაწილეობას.

 

ლიტერატურული აგენტების ინსტიტუტი და განვითარება

ლიტ. აგენტების მსგავსი „შუაკაცი" ჩნდება ჯერ კიდევ XIX საუკუნის შუახანებში და მათი საქმიანობა უფრო და უფრო აქტიურდება საგამომცემლო საქმიანობის გავრცელებასთან ერთად. მიზეზი, რა თქმა უნდა, XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბეჭდური სიტყვის გავრცელების საშუალებებისა და მასშტაბების ცვლილებებში უნდა ვეძებოთ. წერა-კითხვის ფართო მასებში გავრცელებამ და წიგნების ხელმისაწვდომობამ მკითხველთა რაოდენობა წარმოუდგენლად გაზარდა. მოთხოვნა გაჩნდა და შესაბამისად, საგამომცემლო სახლებს უნდა დაეკმაყოფილებინათ ეს მოთხოვნა. სწორედ ამ საუკუნის ბოლოს გამომცემლობა ყალიბდება ინდუსტრიად. ეს, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არ არის ისეთი შთამბეჭდავი და კონკურენტული ინდუსტრია, როგორიც დღესაა და ჯერ ვერავინ გაბედავს საგამომცემლო საქმიანობა ასეთი ეკონომიკური ტერმინით მონათლოს, თუმცა მაინც ინდუსტრიაა, რომელმაც უნდა გაითვალისწინოს სხვადასხვა ჯგუფის მოთხოვნები, ინტერესები და სურვილები. შემთხვევით არ ხდება, რომ ჯორჯ გისინგი თავის 1891 წლის რომანში „ახალი გრაბ-სტრიტი" შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ წერის „ხელოვნება ხელობად გადაუქცევიათ". მწერლებიცა და გამომცემლობებიც ხვდებოდნენ, რომ ბეჭდვით საქმიანობაში შეუქცევადი პროცესები დაიწყო და ორ ინდუსტრიულ რევოლუციას შორის გაჩაღებული საგამომცემლო გუგუნს ვეღარავინ და ვეღარაფერი გააჩერებდა.

ჯორჯ გისინგის მსგავსად, ზოგი გამომცემლობაც ეჭვით უყურებდა მიმდინარე ცვლილებებს. მათ ასეთი „შუაკაცები" სახიფათოდ ეჩვენებოდათ, რადგან ეს ერთგვარად საფრთხეს უქმნიდა გამომცემლობა-ავტორის ტრადიციულ ურთიერთობას. გარდა ამისა, შიშობდნენ, რომ მზარდი კომერციული ინტერესების გამო შეიძლებოდა, ლიტერატურას მისდგომოდა ზიანი. თუმცა შიშები გაიფანტა და გამომცემლობებმა ისწავლეს აგენტების მომსახურების გამოყენება, საკუთარი მოვალეობების ნაწილიც მშვიდად გადააბარეს და ბოლოს, ბევრმა მათგანმა საერთოდ შეწყვიტა პირდაპირ ავტორებთან ურთიერთობა.

XX საუკუნის დასაწყისი ლიტ. აგენტების აღზევების ხანაა, ხოლო XXI საუკუნეში მათ მწერლების წარმატების გასაღები უპყრიათ ხელთ. აგენტისგან მიღებული ერთი „დიახ" შეიძლება გახდეს წარმატებული კარიერის დასაწყისი. სანამ გამომცემლობამდე მიხვალ, ჯერ აგენტი უნდა მოხიბლო. ეს პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში დამკვიდრდა. თუმცა ტრანსატლანტიკური ლიტერატურის შემთხვევაში ეს ყველაზე მეტად იგრძნობა. აქ ჩამოყალიბებულია ლიტერატურული სააგენტოები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, კონკრეტულ მიმართულებებზე სპეციალიზდებიან, აქვთ კონკრეტული ინტერესები, ისევე, როგორც ცალკეულ აგენტებს. მათი ინტერესები მოიცავს ჟანრობრივ მიმართულებებს, ასაკობრივ ჯგუფებს, მხატვრულ თუ არამხატვრულ ლიტერატურას.

ანგლოფონური საგამომცემლო სივრცის ეს ფენომენი მალევე გავრცელდა მსოფლიოში, ესპანურენოვან თუ გერმანულენოვან საგამომცემლო სივრცეში. ყველაზე ნაკლებად კი ეს ცვლილება საფრანგეთს შეეხო. აქ მწერლისა და გამომცემლობის ურთიერთობა ისევ უშუალოა და აგენტები ძირითადად ქვეყნის გარეთ დადებულ ხელშეკრულებებსა და თარგმანებთან წამოჭრილ საკითხებს აგვარებენ.

როგორც უნდა იყოს, ლიტერატურული აგენტები საგამომცემლო საქმიანობის განუყოფელ ნაწილად იქცნენ. ზოგ ქვეყანაში უფრო მეტი დატვირთვა აქვთ, ზოგან ნაკლები. საქართველოში გამომცემლობებს ჰყავთ თანამშრომლები, რომლებიც ასრულებენ აგენტების როლს უცხოურ გამომცემლობებთან ურთიერთობებში. მოიკიდებს თუ არა ფეხს ეს საქმიანობა საქართველოს რეალობაში, არავინ იცის. შესაძლოა საფრანგეთის მსგავსად ავტორისა და გამომცემლობის კავშირი ურღვევი დარჩეს და მათ შუა რგოლი არ დასჭირდეთ. თუმცა ვინაიდან სხვადასხვა ენებზე წერის პრაქტიკა სულ უფრო იკიდებს ფეხს, შესაძლოა დავუშვათ მცირე სააგენტოების ჩამოყალიბება, რომლებიც ქართველ მწერლებს უცხოურ საგამომცემლო სახლებთან უშუამდგომლებენ. თუმცა ამისთვის საჭიროა ყველა იმ უნარით აღჭურვილი აგენტები, რომლებიც შეძლებენ უცხოენოვანი ტექსტის რედაქტირებას, უცხოურ სააგენტოებთან საქმიანი მიმოწერის წარმოებასა და ხელშეკრულებების განხილვა-დადებას. ეს ის ნიშაა, სადაც შეიძლება ზოგმა თავგამოდებულმა ლიტერატორმა თავი იპოვოს.