5 აპრ 2024

ავტორი: ლევან ინაური

სტივენ დედალოსი სამშობლოსა და ეკლესიის მიღმა ჯეიმს ჯოისის რომანში „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“

1.1 თხრობის სტილი და ფორმალური მხარეები

რომანი ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას ჯეიმს ჯოისისთვის არადამახასიათებელი სტილითაა დაწერილი. ეს არის ადრეული, „ულისემდელი" ჯოისი, სადაც ის მთავარ ნარატივად „ცნობიერების ნაკადს" არ იყენებს. ტექსტი კონსტრუქციული ხასიათისაა, იგრძნობა ესეისტური რომანის თავისებურებები, გვხვდება რიტორიკული დიალოგები და ღრმა ანალიტიკური მსჯელობები, ასევე ნატურალისტური აღწერილობები, რომლებიც ავტორმა ჯოჯოხეთის აღწერისას გამოიყენა.
მთლიანობაში ტექსტი ინტელექტუალური რომანია, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში ხდება პოპულარული. ვინაიდან ინტელექტუალურ რომანს სამი მთავარი სტილი აქვს, ესენია ცნობიერების ნაკადი, ესეისტური სტილი და ისტორიული რომანი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკვლევი ტექსტი ამ მხრივ უნივერსალურია, რადგან სამივე მათგანს გარკვეული დოზით მოიცავს. ისტორიული ჩართვები (მართალია არა ხდომილებები, მაგრამ მაინც) ხშირია და ისტორია გამუდმებით აირეკლება ტექსტში, სადაც ფაქტობრივად ირლანდიის მე-19 საუკუნის პოლიტიკურ სიტუაციას ვეცნობით; ესეისტური სტილი, რადგან სტივენი მუდამ მაღალ ღირებულებებზე რიტორიკულად საუბრობს, როგორც ლექტორებთან ისე მეგობრებთან, ხოლო ცნობიერების ნაკადი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტივენის ბავშვობისდროინდელი ფიქრების გაუცნობიერებელი რეცეფცია და მოზარდობის ჟამს ჯოჯოხეთზე წარმოდგენების ინერციული აზროვნების ერთიანი შედეგია, რომელიც ტექსტში ცნობიერების ნაკადის პრინციპით გამოვლინდება. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სინტაქსური ექსპერიმენტების (ეს სტილი მოგვიანებით იკიდებს ფეხს ლიტერატურაში) არარსებობის გამო, რომანი ცოცხალ ორგანიზმს მოგვაგონებს, რომელიც სუნთქავს და აქტიურია. აქედან გამომდინარე, ტექსტიც ცოცხლად იკითხება და მკითხველს ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს.
სიუჟეტიც თავის მხრივ საინტერესო და დინამიკურია. მოქმედება ვითარდება მთავარი მოქმედი პირის ბავშვობიდან ახალგაზრდობის ჩათვლით. რომანის ბოლოს სტივენი უკვე ოც წელს გადაცილებულია. მისი ზრდის პროცესში იცვლება ტექსტის თავისებურებებიც და შიდა ფოკუსით მიმართულ ამბებზე გადადის სტივენის თვალთახედვა, რომლის შესაბამისად ვითარდება თხრობის ინტელექტუალური ლექსიკაც, რაც რომანს უფრო მეტ დამაჯერებლობას ანიჭებს. სამწერლო ოსტატობა ვლინდება მთელი ტექსტის განმავლობაში და მისი შემჩნევა განსაკუთრებით იოლია მაშინ, როდესაც მოქმედება დედალოსის ცხოვრების ერთი პერიოდიდან მეორეზე გადადის.

2.1 სტივენ დედალოსი ბავშვობისა და მოწიფულობის ასაკში

რომანში მოქმედება სტივენ დედალოსის ოჯახში იწყება. ამ დროს სტივენი დაახლოებით რვა წლის ბავშვია. მის ცნობიერში მყარად იბეჭდება მშობლებისა და მშობლების მეგობრებს შორის გამართული საუბრების შინაარსობრივი ინფორმაცია. მამისა და მღვდლის დაპირისპირება ირლანდიის პოლიტიკურ და საეკლესიო მდგომარეობის შესახებ საფუძველს ჩაუყრის სტივენის მსოფლმხედველობას, რომელიც მას სტუდენტობისას ჩამოუყალიბდება.
სტივენის მამა ირლანდიის უდიდესი განმათავისუფლებლის, სამშობლოს ეროვნული მამისა და სახელმწიფო მოღვაწის, ჩარლზ სტიუარტ პარნელის გულმხურვალე მხარდამჭერია. ნაწარმოების დასაწყისისათვის ჩვენ ვიგებთ, რომ ის უკვე დამარცხებულია, რომელსაც უღალატეს, რომელსაც განუდგა ეკლესია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ გათხოვილი ქალი შეუყვარდა. ამ ყველაფერზე ბატონი დედალოსი ძალიან ბრაზობს და ყვირილით უმტკიცებს მეგობარ პასტორს, რომ პარნელის მოღალატე ეკლესია ირლანდიას არ სჭირდება და თუ ეკლესია ერთადერთი გზაა ღმერთისკენ, მაშინ ირლანდიას არც ღმერთი სჭირდება. სტივენის ბავშვობამ მსგავსი დებატების მოსმენაში განვლო.
როგორც ისტორიულ და ლიტერატურულ წყაროებს შემორჩა, პარნელის დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ თავად ჯეიმს ჯოისი. მას ირლანდიის ლიდერის სახელი ნახსენები ჰყავს არა მხოლოდ ამ რომანში, არამედ სხვა მნიშვნელოვან ნაწარმოებებშიც, მაგალითად რომანში „ულისე". სწორედ ეს ხაზი ხდება მთავარი განმსაზღვრელი ლაიტმოტივი მწერლის შემოქმედებაში. დედალოსის პერსონაჟი მუდამ თან სდევს ჯოისის შემოქმედებას, რომელიც საკუთარ თავში სიმბოლურად აერთიანებს წარმართულ და ქრისტიანულ საწყისებს. მაგრამ მთავარი კი ისაა, რომ სტივენში ჩვენ თავად ჯოისს ვკითხულობთ. დედალოსის აზროვნებას აჩრდილად და ტკივილად დაჰყვება პარნელის მარცხი, ეკლესიისა და მისი თანამებრძოლების ორგულობა დევიტის თამადობით. ირლანდია მისთვის პარნელის სახელთან ასოცირდება და მისი ნებისმიერი მოწინააღმდეგე ირლანდიის მოწინააღმდეგეა.
ეკლესიის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება კიდევ უფრო ამძაფრებს დედალოსის სკოლის პერიოდს, ვინაიდან ის იეზუიტების სასწავლებელში სწავლობს. სკოლის რელიგიური ქადაგება და სტივენის წარმოდგენები იმქვეყნიურ ცხოვრებაზე ახალგაზრდა ფსიქიკისთვის დამთრგუნველი და მისტიკური გამოდგება. ავტორი გვთავაზობს ორ შესაძლებლობას დედალოსის სტუდენტობისდროინდელ მსოფლმხედველობასა და ეკლესიისადმი დამოკიდებულებაზე. პირველი, ეს არის, რა თქმა უნდა, პარნელის ფაქტორი, რომელსაც ზურგი აქცია სამღვდელოებამ, რაც მასში უდიდეს, ეგზისტენციალურ უკმაყოფილებას იწვევს და მის ეროვნულ თვითშეგნებაში მკვეთრად აისახება. მეორე ვარაუდი კი ისაა, რომ მან ეკლესიისგან თავი შორს დაიჭირა იმიტომ, რომ ბავშვობის ასაკში ვერ აიტანა ეკლესიის ქადაგების სიმძიმე, რომელსაც სულიერი თავისუფლების მაგიერ ტანჯვა მოჰქონდა.
წიგნში ვრცელი ნარატივია ჯოჯოხეთის შესახებ, რომელიც ბიჭის ცნობიერსა და ქვეცნობიერს მთლიანად მოიცავს. რომანის მხოლოდ ამ მონაკვეთში ვხვდებით ფსიქოლოგიიდან ლიტერატურაში ჩამოყალიბებულ ნარატიულ მეთოდს, „ცნობიერების ნაკადს", თუმცაღა ჯოისის ეს ნაწარმოები არ მიეკუთვნება მთლიანად ცნობიერების ნაკადით დაწერილ ტექსტს. გაუცნობიერებელი, შინაგანი ლოგოსიდან წამოსული თავისთავადი ფიქრი და ინერციული აზროვნება თავს კი იჩენს, მაგრამ ეს მხოლოდ რომანის ნაწილია. აქედან გამომდინარე, მივდივართ დასკვნამდე, რომ ქვეცნობიერის დონეზე ჩამოყალიბებული თვითშემეცნებით დედალოსი უარს ამბობს ეკლესიაზე. ამის მიზეზი ის დამთრგუნველი მოძღვრება გახდა, რომელიც მან სასწავლებელში მიიღო. ხოლო თუ ცნობიერის შრეზე შევეცდებით სტივენის აზროვნების თავისებურებების განხილვას, მარტივად მივხვდებით - ეს მიზეზი ისტორიიდან და მამის მონათხრობიდან მიღებული ინფორმაციის შედეგად ჩამოყალიბებული დამოკიდებულებაა. ორივე წყარო მას უამბობდა, თუ როგორ გაწირა ეკლესიამ პარნელი, რაც დედალოსისთვის საკმარისზე მეტი მიზეზი აღმოჩნდა, ეკლესიისთვის ზურგი ექცია.

სტივენ დედალოსი სტუდენტობის პერიოდში და სტუდენტობის შემდეგ

სტივენს წარმატებული სტუდენტობა ჰქონდა, მას უაღრესად აფასებდნენ ლექტორები. ესთეტიკის ხელმძღვანელი პროგრამის დამთავრების შემდეგ, კათედრაზე დარჩენას და მუშაობასაც კი სთავაზობდა. დედალოსი უნივერსიტეტის იმედად მიიჩნეოდა. ესთეტიკის ლექტორი უყვებოდა მას, თუ როგორი იმედი ჰქონდა მისი და სხვა არცერთი სტუდენტი არ ეგულებოდა ორდენის ღირსეულ მემკვიდრედ. სტუდენტისთვის ასე ნაადრევად ორდენის შეთავაზება სერიოზული წარმატება იყო, მაგრამ სტივენს ეს არ აინტერესებდა. მისი გზა სულ სხვა მიმართულებით მიდიოდა. ეს იყო ხელოვნების გზა, ანუ გზა თავისუფლებისკენ. იეზუიტების ორდენში კი ის ძალიან ბევრ დოგმას ხედავდა, რაც რასაკვირველია მის სულიერ თავისუფლებას შეზღუდავდა. მისი თანაკურსელები საერო საქმიანობაში აქტიურ ჩართვასაც ურჩევდნენ. ისინი ხვდებოდნენ, რომ სტივენში დიდი ნიჭი და გონებრივი შესაძლებლობა იმალებოდა. თუკი ლექტორებისთვის დედალოსი იეზუიტების იმედი იყო, მისი მეგობრებისა და კურსელებისთვის სტივენი ირლანდიის იმედს წარმოადგენდა.
საბოლოო ჯამში, რომანის მთავარმა პერსონაჟმა ორივე საქმიანობაზე უარი თქვა. საინტერესოა მისი საუბარი რომანის დასასრულს თავის ერთ-ერთ მეგობართან, სადაც ის ხსნის ამ ყველაფრის მოტივს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სტივენი უნდა წავიდეს, არ არის ცნობილი სად, მაგრამ სწორედ ესაა ის განუსაზღვრელი გზა თავისუფლებისკენ, რომელიც ხელოვანმა უნდა გაიაროს. და ეს მხოლოდ ინდივიდუალურად მისთვისაა ცნობილი. სტივენი ბრალს სდებს მთელ ირლანდიას იმ შედეგის გამო, რაც ინგლისისგან მიიღეს. ირლანდიელებმა გაწირეს პარნელი, ესე იგი გაწირეს მთელი ირლანდია. გამოდის, რომ მისთვის პარნელი ირლანდიაა და არ შეიძლება არსებობდეს უკეთესი ირლანდიელი, როგორც პატრიოტი, როგორც მებრძოლი და როგორც პიროვნება. ამიტომ სტივენი უარს ამბობს როგორც საეკლესიო, ისე სახელმწიფო მოღვაწეობაზე, ვინაიდან ის უკვე აღარ ენდობა თავის ერს. იგი იმედგაცრუებულია და ფიქრობს, რომ თუკი ხალხმა პარნელი ინგლისს გადასცა, მასაც იმავენაირად დააღალატებენ. ის გულახდილად ესაუბრება მეგობარს და ამ ყველაფერს ისე უხსნის, როგორც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. სტივენი იძულებულია, მიატოვოს ყველაფერი და თავისი გზა იყოს მხოლოდ მისი პირადი ცხოვრებისეული გამოწვევა თუნდაც პატრიოტიზმის გარეშე. სტივენი მზადაა მარტოობისთვის და არ ეშინია მისი.
ახალგაზრდა ხელოვანის გადაწყვეტილება ერთი მხრივ გასაგები და მარტივად ასახსნელი ჩანს, მეორე მხრივ კი ბუნდოვანია, რომელიც ობიექტური დაკვირვებისთვის მხოლოდ ღია ინტერპრეტაციის საშუალებას გვაძლევს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პარნელის ისტორიამ მის მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა იქონია, მაგრამ თუკი ამ ავტორიტეტის გარეშე შევეცდებით, გავშიფროთ დედალოსის გადაწყვეტილების მოტივი, რომლითაც რომანი მთავრდება და ხელოვანი, უკვე განსწავლული და თითქმის დაბრძენებული, დამოუკიდებელი პიროვნებაა, გამორიცხულია ბოლომდე აიხსნას დედალოსის მიზეზი და მიზანი. გასაგებია ის ფაქტორიც, რომ ხელოვანი თავის გზას უნდა დაადგეს, რომელიც არავინ იცის, საით მიდის, თავად ხელოვანის გარდა. გამორიცხული არაა, რომ არც თვითონ იცოდეს ზუსტი მიმართულება. ამ შემთხვევაში ყველაფერი ალეგორიულ სახეს იღებს. ხელოვნება არც საერო საქმიანობაა და არც სასულიერო. ამიტომ დედალოსი ვერცერთ სფეროში ვერ დარჩება. მაგრამ აშკარაა, განათლება მას იეზუიტებმა მისცეს. ხოლო მისი აზროვნების ამომავალი წერტილი პოლიტიკური და სახელმწიფო ფიგურაა. ჩნდება ეჭვი მალული ამბოხისა და ინტელექტუალური მაქსიმალიზმის შესახებ. ვინაიდან სტივენმა ყველაფერი ისწავლა, აღარ იცის რა მოიმოქმედოს, ან შესაძლოა, აღარ მიიჩნევდეს საგანმანათლებლო სფეროს თავის საქმიანობად. ასევე შესაძლებელია, საკუთარ თავს ირლანდიაზე, ან პარნელზე მაღლა აყენებდეს. ეს ვარაუდი არც ისე უსაფუძვლოა, რადგან ჯოისი, თავისი ბიოგრაფიითაც და შემოქმედებითაც, როგორც საკუთარ თავს, ისე დედალოსს ირლანდიად მოიაზრებს, რომელიც რა თქმა უნდა პარნელზე დიდია. არსებობს მეორე მხარეც, რომ პირიქით, მან პარნელს თავი ვერ გაუტოლა და სახელმწიფო სადავეების ხელში აღება ვერ გაბედა, ვინაიდან მისი კერპის თვალსაჩინო მაგალითი ისედაც ჰქონდა და ეჭვი ეპარებოდა უკვე ირლანდიელ ხალხში, და აქედან გამომდინარე ეჭვი შეეპარებოდა საკუთარ შესაძლებლობებშიც, რადგან ერისა და სახელმწიფოს ხსნა ერთ ინდივიდს არ შეუძლია. ნებისმიერ შემთხვევაში, დედალოსის ინტელექტუალურ მაქსიმალიზმშიც კი ნიჰილიზმი იგრძნობა. როდესაც ადამიანმა ყველაფერი ისწავლა, ცხოვრება უაზრობაა. მართალია ის უკვე ზემოდან დასცქერის იმ სამყაროს, რომელსაც ძალიან კარგად იცნობს, მაგრამ წინსვლის მუხტი დაკარგულია, სამყარო ამოწურულია, ისევე, როგორც ამოიწურა მისთვის მთელი ირლანდია თავისი ერით, ეკლესიითა და სახელმწიფო მოღვაწეებით. ის მარტო დარჩა, და ერთადერთი „გზა" რჩება წასვლის გზა და მცირედი იმედი რაღაც ახლის პოვნის, ანუ ისევ ძიება. სწორედ ამიტომ არ იცის დედალოსმა საით წავიდეს, რადგან არ იცის, რა ეძებოს.