13 მაის 2024

ავტორი:

სახელი და სამყარო

 

 

(ჯემალ ქარჩხაძის ,,იგი")

 

მოთხრობის თემა ნაცნობია და თითქოს სიახლეს არ გვპირდება: ადამიანის განვითარების გზა, მისი სულიერი გამოღვიძება შემოქმედებისა და სიყვარულის ძალით - ასე მოჩანს, ზოგად შტრიხებში, ავტორის ჩანაფიქრი. ხელოვნებისა და ლიტერატურის ეს არქეტიპული იდეა თუ სიუჟეტური მოტივი არაერთხელ ყოფილა განსახოვნებული და მისი მითოსურ-ისტორიულ-კინემატოგრაფიული ნაცნობობის გამო მწერლისთვის თითქოს ხიფათის შემცველიც უნდა ყოფილიყო მასთან შეჭიდება. ამ ხიფათის თავიდან ასაცილებლად ჯემალ ქარჩხაძემ ზუსტი რაკურსი შეარჩია და ამას მოთხრობის სათაურიც მოწმობს: მოთხრობას ,,იგი" ჰქვია და იმ სიტუაციის რეკონსტრუქციას გვთავაზობს, როცა ადამიანი ის-ისაა იწყებს საკუთარი თავის, როგორც ,,მე"-ს ფუნქციის გაცნობიერებას, მისი შემოქმედებითი სული კი - არსებულ გარემოში კორექტივების შეტანას.
სათქმელის გამოხატვის ერთი პარადოქსული გზა ლიტერატურაში ნაცნობი რეალობისაგან სხვა დროსა და სივრცეში ,,გაქცევაა" და ,,იგის" ავტორი სწორედ ამ გზას ირჩევს. ცხადია, ეს გაქცევა გათამაშებულია და მას საკუთრივ ლიტერატურული და საკმაოდ რისკიანი მიზანი წარმართავს: მთელი ,,სიძველე" ისე უნდა გაითამაშო, რომ შენი გმირისა და სიტუაციის სიმბოლურ ,,ნაცნობობაში" ხედვის ახალი კუთხე და გრძნობად-ემოციური განზომილება შეიტანო. თანაც, ,,სიძველემ" შენს სათქმელს სიმწვავე და თანამედროვე რაკურსი არ უნდა დაუკარგოს.
სიუჟეტის დასაწყისისთვის სამყაროს უკვე შექმნილია, განსაზღვრულია მისი მატერიალური შემადგენლობა. სრულქმნამდე სულ ერთი ნაბიჯია დარჩენილი: ადამიანის შინაგანი სამყაროს დასრულება უნდა აღინიშნოს ღვთის ჩანაფიქრის დამაგვირგვინებელი პირველი ონომასტიკური აქტით: _ სახელი უნდა დაერქვას ყველაფერს, რაც უკვე არსებობს. ეს ის მომენტია, როცა, როგორც ტოპოროვი ამბობს, დამთავრებულია კოსმოლოგია და უნდა დაიწყოს ,,სემიოლოგია" _ სემიოზისის, რეფერენციის უწყვეტი და უსასრულო პროცესი, ,,როგორც პირველი საფეხური პნევმატოლოგიისა, ცხოვრებისა სულში"
სულიერება, ინდივიდუალობა იბადება სიტყვით. სიტყვები ეძებენ და უკავშირდებიან ერთმანეთს, იქცევიან წინადადებებად, ფრაზებად, რათა დაასახელონ სამყარო, ადამიანის ლტოლვები და სურვილები, და მისივ ნებით და ამ სიტყვის ძალით დაასახელონ სულის უსასრულო პერსპექტივა სამყაროში (სანამ მე-20 საუკუნეში გალაკტიონი იტყვის: ,,სულს სწყურია საზღვარი... როგორც უსაზღვროებას; 21-ეში კი _ ბესიკ ხარანაული: ,,გაშლილ სივრცეში ადამიანი არ გაიძლება, არც გაშლილ დროში"). ეს ჯერ ისევ მოუღლელი ადამიანი და ხელშეუხებელი სამყაროა, სადაც სახელი ჯერ ისევ ,,კულტურის იმპულსია" და არა მისი მეურვეობის შედეგი, ჯერ კიდევ ინდივიდუალობის გზაზე შემდგარ ცალკეულ ,,იგი"-თა დასაფუძნებელი და საპატრონოა. ეს-ესაა იწყება ნების გამოსხვავება ბუ-ნებისაგან და თუმცა ამ პირველ ნაბიჯებს გაუბედაობისა და შიშის კვალი ატყვია, უკვე ვხედავთ, სიუჟეტის განვითარების კვალდაკვალ, როგორ იღვიძებს პირველყოფილ ადამიანში პიროვნება (ინდივიდუალობა), როგორ გარდაიქმნება უპიროვნო, ზოგადი მესამე პირის აღმნიშვნელი ,,იგი" საკუთარ სახელად და როგორ გავს ეს ყველაფერი ზნეობრივად ამორფული, ცხოველური ყოფიერების პირველ გაუცნობიერებელ მოძრაობას რაღაც ღირებულის შექმნისაკენ. პირველი იმპულსები ამ გამოღვიძებისა, ლექსიკურად და სემანტიკურად, აღქმის სინთეტური ტიპით შეესაბამება არქაული ადამიანის ხედვას და შეიძლება დახასიათდეს, როგორც მეტაფორული. მწერლის მიერ საამისოდ გამოყენებული სინესტეზური ხატებიც სხვა არაფერია, თუ არა მეტაფორის კერძო შემთხვევა: ,,ბელადის სიტყვებს ცხელი ხიფათის სუნი აუვიდა"; ,,მოლოდინის მძაფრი სუნი იდგა".
პერსონაჟის შინაგან განცდათა, აღქმათა ნიუანსების მიტანას მკითხველამდე ქარჩხაძე შეგრძნებათა, შთაბეჭდილებათა, ფსიქო-სენსორულ ნიშანთა სემანტიზაციით აღწევს. გემო, სუნი, სითბური და ვიზუალური შეგრძნებები ასრულებენ ერთგვარი არაცნობიერი ბილისკის როლს სამყაროს ტექსტის ამოცნობის გზაზე. ისიც გავიხსენოთ, რომ სწორედ სუნი წარმოადგენს არაცნობიერის ყველაზე არქაული და ღრმა ფენის გამტარ არხს.
უსპენსკი სუბრობს პოეტურ ენაში ორი ურთიერთსაპირისპირო ნაკადის _ რეგრესისტულისა და პროგრესისტულის თანაარსებობის შესახებ: ,,პროგრესისტული" მიემართება ახლის ძიებას, ობიექტის ახლებურად განსაზღვრის ნებას; ,,რეგრესისტული" კი უბრუნდება და იძირება ძველში, არქაულში, დავიწყებულში, ობიექტის გრძნობად-კონკრეტულ აღქმაში. პოეტურ ენაში ცნობიერების ორივე ეს ინტენცია ერთად იყრის თავს და ხატი მათი ურთიერთშერევის ნაყოფია. შეიძლება ითქვას, რომ ამ აზრით, პოეტური ენა ყოფიერების ერთიანობის გახსენების აქტია, შეგრძნება კი _ ,,შინაურულობაში" ჩაბრუნების საიდუმლო გზა თუ გვირაბი. შეგრძნებების ,,ენა" კვლავ გვიშინაურებს იმას, რაც აზრმა გარიყა ჩვენგან თავისი ობიექტივაციის ხანგრძლივ გზაზე. სხეულისა და შეგრძნებების ენა ქარჩხაძისთვის ის ,,რეგრესისტული" არხია, რომლის საშუალებითაც იქმნება შესაფერისი კონტექსტი და მიიღწევა აზრის აქტუალიზაცია.
შეგრძნებათა უღრმეს ფესვებზე და პოეტურ ენაში მის განსაკუთრებულ ფუნქციაზე საგანგებო ყურადღებას ამახვილებს პოლ რიკიორი. ჰაიდეგერის კვალდაკვალ, იგი განიხილავს შეგრძნებას, როგორც ჩვენი მყოფობის (არსებობის, ყოფიერების) მეთოდს სამყაროს საზღვრებში: ,,შეგრძნების ოპერაცია მდგომარეობს იმაში, რომ შემოგვიყვანოს სამყაროს საზღვრებში არაობიექტივირებული გზით... მხოლოდ შეგრძნების გზით ვუკავშირდებით რეალობის იმ ასპექტებს, რომელთა მიმართაც ენას რეფერენცია ჯერ არ განუხორციელებია" (პოლ რიკიორი). ეს კი ნიშნავს, რომ პოეტური ენა ასახელებს რეალობის უცნობ, სასუბრო ენის მიერ ჯერაც დაუსახელებელ ასპექტებს, რომელთა შესახებ ცოდნასაც იგი მხოლოდ შეგრძნების გზით იღებს.
მწერალი გაათამაშებს იგი-ში, როგორც ნაცვალსახელში ჩადებულ ორმაგ პოტენციურ მნიშვნელობას: ერთი მხრივ, ადამიანის მტკივნეულ, შეუპოვარ მოძრაობას ზოგადი ,,იგი"-დან საკუთარი ,,მე-"სკენ, ,,აბსოლუტური მოტივირებისაკენ",Mმთავარ ნიშანსვეტებს და ანთროპოლოგიურ აქტებს ამ გზაზე, რაც, თავის მხრივ, მისი სოციალიზაციის ნიშნებად იქცევა. მეორე მხრივ, ამ მოძრაობაში იბადება ჰარმონია, გადაადგილდებიან საგნები, სახეს იცვლიან მოვლენები. მოკლედ, ერთი კაცის წყალობით სამყაროში ჩნდება ღირებულებითი დამოკიდებულება როგორც საკუთარი ,,მე'-ს, ისე გარემომცველი რეალობის მიმართ, სივრცის ორგანიზაციის, მისი ეთიკურად და ესთეტიკურად მოწესრიგების პირველი გაუცნობიერებელი თუ გაცნობიერებული ნიშნები. ამ განვითარების კვალდაკვალ საკუთარი სახელი ,,იგი" სიმბოლიზდება და ზოგადად ადამიანის ნაცვალსახელად იქცევა.
ეთიკურად განურჩეველ სამყაროში ადამიანმა უნდა შეიტანოს არჩევანი და პასუხისმგებლობა ამ არჩევანის მიმართ. მისი მეგზური ამ ამოცანის გადაჭრაში სიყვარულია. ამავე სიყვარულის ძალით იღვიძებს ადამიანის მარადიული შემოქმედებითი სული, რომელიც მას დანარჩენი სამყაროსაგან განასხვავებს და ამსგავსებს შემოქმედს, ღმერთს, დემიურგს. მოკლედ, სახეზეა სამყაროს ანტროპოცენტრული მიწყობის პირველი ნიშნები.
ის, რაც ჩნდება, იბადება საყოველთაო დუმილში გაჟღერებული სიტყვით და მთელი სამყარო სულგანაბული ელოდება ამ წამს: ,,ირგვლივ დუმილი იყო და მოლოდინის მძაფრი სუნი იდგა". იწყება ცნობიერების დიალოგური ბუნების გამოღვიძება. ჯერ ისევ არადიფერენცირებულია სხეული და გონი, ცნობიერება და მატერია. შეკითხვები ჯერ ისევ ,,საკუთარ სხეულში იბადებიან" და იქვე იღებენ პასუხს. იგი ჯერ მხოლოდ სხეულის ენაზე ლაპარაკობს: ,,მუხლებში სიძაბუნის გემო ჩაუდგა"; ,,დღის თვალი ამოცურდება". ეს ენა ჯერ ისევ გარემოსთან ფიზიკური სხეულის განუყოფელობას გამოხატავს, ადამიანი ჯერ მხოლოდ შეგრძნებების, სურვილებისა და ინსტინქტების ენით საუბრობს, ჯერ კიდევ არ იცნობს არაფერს ზოგადს, აბსტრაქტულს. მაგრამ სემიოზისი დაწყებულია, დაწყებულია რეფერენცია, აღმნიშვნელთა ჩამოყალიბება, თუმცა აღსანიშნის მეტობა საგრძნობია. სამყარო ეთიკური შეფასების მოლოდინშია.
იბადება პირველი პასუხგაუცემელი, მტკივნეული კითხვები, ადამიანის სულს პირველად აღბეჭდავს სამართლიანობის განცდის კვალი: ,,რატომ უნდა მოკვდეს, ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ ბელადი აღარაა? რისი განაჩენია სიკვდილი? რა შეიცვლება, თუკი დამარცხებული ბელადი კი არ მოკვდება, არამედ იცოცხლებს?" იგის ჯერ პასუხები არა აქვს, მაგრამ კითხვები დასმულია და დიალოგი საკუთარ თავთან დაწყებულია (ჰოლდერლინი: ,,ადამიანის არსებობა დიალოგიდან იწყება"), ანუ გადადგმულია პირველი ნაბიჯი პიროვნული იდენტიფიკაციის გზაზე.
როგორც ზემოთაც ვთქვით, მეტ-ნაკლები ინტენსივობით, გონებისა და სულის გამოღვიძების პროცესი Yყველა დროის ლიტერატურის თემაა. იგის სახის არქეტიპული მოდელირებით მწერალი იმ პროტესტული სულის სიმბოლიზებას ახდენს, რომელიც განუშორებლად თან ახლავს ანთროპოსის, კულტურული გმირის, შემოქმედის განვითარების წინააღმდეგობრივ გზას. ამ ეტაპზე ადამიანი პირველად იწყებს საკუთარი ფუნქციის გააზრებას ჯერ სოციალურ ერთობასთან, მერე კი მის გარეთ _ სამყაროსთან, სიკვდილ-სიცოცხლესთან მიმართებაში. თვითიდენტიფიკაცია სრულდება იგის მიერ საკუთარი ცხოვრების სიკვდილისწინა შეფასებით: ,,იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო". ამ თვითშეფასებით იგი უკვე შემდგარი პიროვნება ანუ განსაკუთრებული ,,იგი"-ა, რომელსაც ამიერიდან უფლება ეძლევა, მოახდინოს საკუთარი თავის პრედიკაცია, თანამედროვე ფილოსოფიის ენაზე რომ ვთქვათ, შეუძლია დაბეჯითებით განაცხადოს ,,მე ვარ" და დაეუფლოს ,,მე-ს" პრეზუმპციას. ან, ცოტა სხვაგვარად: დაასახელოს საკუთარი თავი, როგორც ,,მე", ილაპარაკოს საკუთარ თავზე პირველ პირში და არა მესამეში, როგორც მანამდე (,,იგიმ დიდი რაღაც იცის").
ცნობიერების გამოღვიძების პირველი ნიშანი სხეულის მძაფრ წინააღმდეგობას აწყდება: იგი ფიზიკურ ტკივილს გრძნობს სიტყვების დალაგებისას, დაღლილობისაგან ძილი ერევა და თვალები ეხუჭება. სხეული რეაგირებს ცნობიერების პირველ წინააღმდეგობაზე ყოფიერების მიმართ, რადგან შეკითხვა სხვა არაფერია, თუ არა ამ წინააღმდეგობის ნიშანი, გაურკვევლობის მიმართ პროტესტის ფორმა. გონისა და სხეულის ოპოზიციურობის ეს პირველი შეგრძნება, რომელსაც მწერალი სხეულის რეაქციითა და ენერგეტიკული დანაკარგის საშუალებით გამოხატავს, სიტყვამ უნდა მოარიგოს ისევე, როგორ აღსანიშნ-აღმნიშვნელის დაპირისპირებას არიგებს ნიშანი. სწორედ ლინგვისტურობიდან იბადება იგი, როგორც დამოუკიდებელი სამყარო, შინაგანი ქაოსი ლაგდება კოსმოსად ზუსტად ისევე, როგორც ღვთის სიტყვით (,,იქმენ") წესრიგდება მატერიალური სამყარო. სიტყვა ჯერ ისევ ძლიერადაა დაკავშირებული ფიზიკურ სხეულთან და ქცევასთან (მოძრაობასთან), აღმნიშვნელი ეს-ესაა იწყებს აბსტრაგირებას მატერიალური საგნისა თუ მოვლენისაგან; აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის დისტანცია, მათ შორის კონფლიქტის აღქმა ძალზე სუსტია, სიტყვა უფრო სიგნალია, ვიდრე ინდექსი ან, მითუფრო, სიმბოლო. ეს გარემოება მკაფიოდ ვლინდება ნის სიტყვების ავტორისეულ კომენტარში: ,,იგი გამართულია. ეს სიტყვები თვალსაჩინო იყო და ბელადს მათი პოვნა არ გაუჭირდებოდა", როგორც ვხედავთ, აღსანიშნის არგუმენტი ჯერ მხოლოდ ,,თვალსაჩინოებაა".
მოგვიანებით იგი სიტყვებს უკვე სწრაფად და იოლად ალაგებს: ,,სიტყვები გამწკრივდნენ და ისე მიუყვებიან მათთვის მიჩენილ გზას, როგორც ნადირი მიუყვება გაკვალულ ბილიკს წყაროსაკენ". შედარება ძალზე ზუსტია: დალაგების ინტუიცია უზრუნველყოფს ცნობიერებისა და ენის, აზრისა და სიტყვის სტრუქტურულ კავშირს, ეს უკანასკნელი კი სამყაროს წესრიგის ფუნქციური ანალოგიაა: ლინგვისტური ტექსტიდან ისევე შეიძლება სამყაროს წესრიგის ამოკითხვა, როგორც სამყაროს ტექსტიდან - ენობრივი წესრიგისა. (ბესიკ ხარანაული: ...კანონი ორია, /კანონი ღვთისა და კანონი სიტყვისა"). აზრის ჩამოყალიბების პროცესში ცნებათა კომბინატორიკას აინშტაინი ,,ცნობიერების საკმაოდ გაურკვეველ თამაშად" მოიხსენიებს, რაც სხვა არაფერია, თუ არა აზრის არქიტექტონიკის ფარული დეტერმინაცია, მეტაფორულად კი _ ნადირის უცდომელი გუმანი და გეში (,,გაკვალული ბილიკი") წყაროს მიმართ.
და აი, ამ დაბადების, დასაწყისის პირველი ნიშანი, გონისა და სხეულის დიადი კავშირის, უფრო ზუსტად, კავშირთა კოსმიური დეტერმინაციის ზენიშანი _ კავშირი ადამიანის წელში გამართვასა და პირველი ფრაზის დალაგებას - ფრაზის გამართვას შორის (ფსიქოლოგიის ის მიმართულება, რომელიც ქცევის გენეტიკას შეისწავლის, ექსპერიმენტულად ადასტურებს ქცევის აქტიურ როლს ევოლუციურ-გენეტიკურ პროცესებში. წელში გამართვა აქ ქცევის ელემენტარულ ფუნდამენტურ ფორმად უნდა განვიხილოთ _ მ.კ.).
ამ აქტის მერე სამყარო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო. პირველივე წინადადებით ადამიანი ერთვება წესრიგში, როგორც თანაშემოქმედი და მონაწილე. წელში გამართვა - გონის პროტესტი სხეულის ცხოველური მდგომარეობის მიმართ, სხეულის ენის პირველი რეაქცია თავის ახალ სტატუსზე თანხვდება პირველ ენობრივ აქტს და ადამიანში შემოქმედებითი სულის გამოღვიძებას. ამ ახალი რაკურსით ადამიანი უკვე მაღალია, გა-მართვა-სთან ერთად იგი სულიერ სი-მაღლესა და სამყაროს მართვის უნარს იძენს.
იგის სინათლის სხივი ეხმარება გამართვაში. კაცი საბოლოოდ სწორდება იმ მომენტში, როცა სხივზე თვალმიდევნებულ მის სხეულში ტკაცანი გაისმის. ხისტი სტრუქტურა საბოლოოდ და რადიკალურად ტყდება. ტკაცანი - სხეულის სტრუქტურის რადიკალური შეცვლის ხმა - გაქვავებული, უძრავი ყოფიერებიდან სულიერი და ინტელექტუალური არსებობის გამოყოფის, ანთროპოსის ხანის დადგომის მაუწყებელი ხმოვანი სიგნალია. მკითხველისთვის კი ეს ხმა წარმოადგენს არა უბრალოდ ხმაურს, რომელის ინფორმაციული ღირებულება მინიმალურია, არამედ უმნიშვნელოვანეს შეტყობინებას შეუქცევადი დროის დადგომის შესახებ დედამიწაზე. ხმა ახლავს ენერგეტიკული განმუხტვის ყოველ მომენტს ბუნებაში ( მაგ., ელვა), სავარაუდოდ, ქაოსიდან პირველი სტრუქტურის გამოყოფასაც. როგორც ანთროპოლოგია ვარაუდობს, ფონეტიკურ ნიშანში რეპრეზენტირდა ,,დიდი აფეთქებაც" და აღსანიშნისა და აღმნიშვნელის პირველი შეხვედრაც ნიშანში.
აქ კიდევ გაისმის ერთი ხმა, რომელიც კაცს გამართვის მომენტში აღმოხდება. როგორც კომბინირებული აღმნიშვნელი, ეს ხმა იგის სხეულის მიერ ,,გამოთქმული" პირველი შეფასებაა მომხდარის მიმართ: ,,ხმა ისეთი იყო, როგორიცაა გამარჯვების ყიჟინა, მაგრამ უფრო რბილი და თბილი სუნი ასდიოდა". და მაშინვე იგრძნო, რომ წელში გამართული იჯდა. ამ დროს იგი ცას შესცქერის, ზემოთ, ცის მხარეს ყურებას ეჩვევა... რაღაც სხვანაირად უჩანს კბილებიც - იგი სიცილს სწავლობს: ,,კბილებსაც და მთელ სახესაც სითბოსა და სიხარულის სუნი ასდიოდა, როგორც იმ ხმას აუვიდა, წეღან რომ აღმოხდა." ესაა პიროვნების, ანტროპოსის დაბადების პირველი წამი, ჩვილის პირველი გაღიმება და პირველი ბგერა, სიცოცხლის სიხარულით გამოწვეული. ეს ჯერ ისევ განუყოფელი სამყაროა _ არც ცუდი, არც კარგი, პირველყოფილ სიმშვიდეში ,,ყველაფერი ისე იყო, რომ ვერც ცუდი დააკლებდა რამეს და ვერც კარგი შეჰმატებდა." ჯერ არ დაწყებულა მეტ-ნაკლებობა, განხეთქილება, კარგი-ცუდის ოპოზიცია, არჩევანის დილემა. ამ წამს იგი სამყაროსთან სრულ ერთანობას გრძნობს, როგორც მისი ნაყოფი: ,,ცის თვალსაც, კენჭებსაც, ტყესაც და ზღვასაც ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ ხელ-ფეხს". ერთიანობის დაუნაწევრებელი შეგრძნება იგიში ბადებს განწყობას, ,,თითქოს სულ არ ყოფილიყოს". ყოფიერების სიმსუბუქის ეს შეგრძნება _ ერთიანობაში ყოფნის სითბო, სიმშვიდე და სიხარული _ სამყაროს ჰარმონიულობის ესთეტიკური განცდის არქეტიპია, მდგომარეობა, როცა ერთიანობის სრული შეგრძნება არაფერს გაიძულებს ამ ერთიანობით ტკბობის გარდა _ არც არჩევანს, არც რეფლექსიას.
იგის სემანტემათა რიგში დგას სითბოსა და სინათლის არა მხოლოდ დენოტაციური, არამედ კონოტაციური მნიშვნელობებიც. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ იგის მხატვრული სახის მთელი სიღრმე სწორედ კონოტაციურ დონეზე ხდება საცნაური: ,,სახეზე, როგორც ყოველთვის, სიმშვიდისა და სითბოს სუნი ასდიოდა". სითბო/სიცივის არქაული ოპოზიციის კონტექსტში სითბო უკავშირდება ცეცხლს, მზეს, სინათლეს და შესაბამისად, ამ უკანასკნელთან კორელაციაში მყოფ იმ მრავალრიცხოვან კულტურულ-ასოციაციურ მნიშვნელობებს, რომლებიც თავისი განვითარების ისტორიულ გზაზე გამოიმუშავა კაცობრიობამ, მათ შორის, ცოდნას, სულიერებას, მომავალს, იმედს. სიმშვიდე ასოცირდება წესრიგთან, სტრუქტურის უშფოთველობასთან, ატრაქციის მდგომარეობასთან, კოსმიურ ჰარმონიასთან.
ნი, ანუ მოთხრობის ქალი პერსონაჟი _ ვუწოდოთ მას სიყვარულის იმპულსის ინდექსალური ნიშანი _ ძველი ბელადის დამარცხების პირველივე დილას იბადება: ,,წვიმის ნესტიანი სუნი რომ იგრძნო, იგის სხეულში უცებ ნი გაჩნდა". ამ ორ ხდომილებას შორის კავშირი წვიმის სუნით მყარდება, წვიმის სუნს ამოაქვს ზედაპირზე იგის შინაგანი შფოთი ბელადის სიკვდილის გამო, მისი ,,მოგერიების" ასევე გაუცნობიერებელი სურვილი და იმავდროულად, ქალისადმი ლტოლვის უეცარი იმპულსი. ყველა ეს კავშირი მკაცრადაა დეტერმინირებული შეგრძნების დონეზე, თუმცა დეტერმინაციის ტიპის განსაზღვრა საკმაოდ ძნელია. ვფიქრობ, აქ უნდა დავეთანხმოთ რიკიორის დაკვირვებას შეგრძნების ინტენციონალურობაზე: ,,შეგრძნება მეორე რიგის ინტენციონალური სტრუქტურაა". სწორედ ამ ინტენციონალობის წყალობით მონაწილეობენ შეგრძნებები წარმოსახვის მუშაობაში, ავსებენ და აფართოებენ მას. სწორედ ეს შეგრძნობილი აზრი მონაწილეობს პოეტური განცდის მნიშვნელობთა შექმნაშიც. შეგრძნების მთელი ეს ,,ყველგანმყოფობა" ძალზე მკაფიოდ იგრძნობა პოეტური რეფერენციის დონეზე, როცა იგი ერთდროულადაა ჩართული აზრის, წარმოსახვის და სხვა კოგნიტიური ფუნქციების სინთეზირების პროცესში, თუმცა ამ დეტერმინაციის სრულყოფილი ახსნა ისევე შეუძლებელია, როგორც მეტაფორული აზრის ლოგიკური განმარტება. როდესაც პოეტი ამბობს, რომ ,,ნისლი ფიქრია მთებისა, იმათ კაცობის გვირგვინი" _ ნათქვამის დარჩენას (შეკავებას) რეალობის საზღვრებში სწორედ შეგრძნება უზრუნველყოფს წარმოსახვის გაფართოებითა და ლოგიკური აზრის უგულებელყოფით, თავდაპირველი, არაობიექტივირებული აზრის ,,გახსენებით", ,,რეგრესისტულში" ჩაბრუნებით. შეგრძნება ,,ხედავს" ანალოგიას ფიქრს, როგორც ადამიანის სუბსტანციის უხილავ ემანაციასა და ნისლს, როგორც მთის შესაძლო წარმოსახვით სუბსტანციას შორის, მათ შორის ლოგოსურ ანალოგიას.
ჯოგისგან პირველი გაუცხოება სწორედ ფიზიკური განსხვავების აღმოჩენით იწყება: ,,ყველანი მოხრილები იყვნენ". წუხილი და მარტოობა შეახსენებენ, რომ იგი უკვე გან-სხვა-ვებულია და ჯოგთან ერთიანობის, მსგავსების დამაიმედებელ განცდას თავს ვერ შეაფარებს. დაწყებულია გამო-ცალკევების, ინდივიდუალიზაციის გარდაუვალი პროცესი. იგის ცნობიერება და სხეული გამო-ყოფ-ის, გა-ყოფ-ის, უტყვი, მარტივი ყოფ-იერებიდან რთულ, ფსიქიკურ და სულიერ ყოფიერებაში გადასვლის ტკივილს განიცდის: ,,მარტო როცა იყო, მაშინ არ გრძნობდა მარტოობას, სხვებთან როცა იყო, მაშინ გრძნობდა". ამას ახლავს ,,ცივი შიში" _ ერთიანობიდან გამოსვლის ხიფათის შეგრძნება, რომელიც მოგვიანებით იგისნაირთა განვითარების მრავალათასწლოვან ისტორიაში მარტოობისა და გაუცხოების განცდად გარდაიქმნება; და პირველი კარნახიც ,,პრაგმატული" გონებისა, რომ ეს განსხვავებულობა არ უნდა შეიმჩნიოს, უნდა დამალოს. რაც ზემოთ ვთქვით, ერთგვარი არგუმენტაციაა იმ აზრისა, რომ იგიში, როგორც მხატვრულ სიმბოლოში კოდირებული სახით მოცემულია კაცობრიობის განვითარების ისტორია, შემოქმედთა და ხელოვანთა, ანუ ,,განსაკუთრებულთა" უძველესი გამოცდილება და პირველი გაფრთხილება: განსაკუთრებულობა საშიშია! - და ამასთან დაკავშირებული სოციუმის პირველი ძალადობა ინდივიდზე, ,,ჩვეულ-ებრივთა" შურისძიება ,,გამო-რჩეულ-ებზე" წესის, ჩვეულების, ნორმის სახელით. მაგრამ იგის აღარ შეუძლია ძველ მდგომარეობაში დაბრუნება და ამასაც სხეული მიანიშნებს: საშინელ ტკივილს გრძნობს მოხრისას. სხეულის ენაზე ესაა სულის პროტესტი, დაუბრუნდეს ძველ მდგომარეობას, განვლილ ეტაპს, წინ აღუდგეს იგიში გამოვლენილ სიცოცხლის ინტენციას განვითარებისკენ.
,,თვალები ვერ ხედავდნენ ბალახს, მაგრამ ფეხისგულები ხედავდნენ" _ სინესტეზია, როგორც სიცოცხლის ონთოლოგიური ერთიანობის ტროპოლოგიური აღმნიშვნელი, ადასტურებს შეგრძნებათა სრულ ღიაობას ყოფიერების როგორც ხილული, ისე უხილავი შრეების მიმართ. ხედავს ყველაფერი, მარტო თვალი კი არა, სხეულის მთელი ზედაპირი. სხეული, ტანი გახსნილია სამყაროსათვის, ყველა უჯრედი მხედველობის ორგანოა და ყოფიერების ტექსტის სიგნალებსაც პირველად სწორედ სხეული ღებულობს. სინესტეზური ტროპები ზუსტად გამოხატავენ სხეულის წუხილს ბუნებიდან გამოყოფის გამო, მარტოობის შეგრძნების პირველად, ინტუიტურ ფორმას, თავშესაფრის დაკარგვის შიშით გამოწვეულ არაცნობიერ განგაშს. ,,წუხილი ავი იყო" გრძნობადი შეფასებაა ადამიანის ახალი მდგომარეობისა, საკუთარ თავთან დაწყებული ბრძოლისა, შფოთისა, ეჭვისა, არჩევანის აუცილებლობისა, რომლის მოგერიებასაც მოგვიანებით იგისნაირები მხოლოდ შემოქმედთან განუწყვეტელი დიალოგით შეძლებენ. სწორედ ამ წუხილმა უნდა აქციოს იგი ადამიანად, ანუ დაარქვას საკუთარი სახელი. სწორედ ეს წუხილი უნდა დასრულდეს ონომასტიკური აქტით. მაგრამ, ჯერჯერობით, იგის ტკივილი ურჩევნია წუხილს, რადგან ტკივილი ხორცს ეკუთვნის და ნაცნობია, წუხილს კი ვერაფერს უხერხებს, ვერაფერს უპირისპირებს, რადგან ,,სხვაგანაა" _ სულში: ,,არხეინად იჯდა სხეულში და ნადირივით ღრღნიდა ძვლებს". ეს ის ეტაპია, როცა ეს-ესაა იწყება განცდათა პოლარიზება, ოპოზიციების შექმნა. იგი ჯერ მხოლოდ ყველაზე მარტივ და უშუალოდ სხეულებრივ შეგრძნებებს თუ ასხვავებს, მაგალითად, ცივსა და ცხელს, შიმშილს და სიმაძღრეს, ჯერაც არ იცის უმი და მოხარშული, თუმცა ყველაფერი წინაა _ შეუქცევადი პროცესი დაწყებულია.
სიუჟეტი აგებულია, როგორც უწყვეტი, ზეაღმავალი, მაგრამ არათანაბარი განვითარების პროცესი მუდმივი ფლუქტუაციების თანხლებით. პერსონაჟის ცნობიერება ვითარდება უხეში ბიძგებით, აფეთქებებით, ტალღოვანი ტრაექტორიით, მაგრამ ჯიუტად და თანმმდევრულად, აგრესიულადაც კი. დავაკვირდეთ ხდომილებათა რიგს მწერლის მიერ მკაცრად და ლოგიკურად დალაგებულ სიუჟეტურ სივრცეში: იგი ჯერ შეკითხვების დასმას სწავლობს, მერე წუხილს ეჩვევა, მომდევნო ეტაპზე კი - სიყვარულითა და შიშით აღძრული ტკივილის ქვიშაში ,,გადატანას" ეუფლება. ამ მტკივნეულ პროცეში იბადება ადამიანი, ნაბიჯ-ნაბიჯ გამოდის განურჩეველი არსებობის ბნელი სათავსოდან და ახლად თვალახელილი, უპიროვნო არსებობიდან გამოსხვავებული, აღქმაში გაჩენილი ნაპრალიდან ინტერესით უმზერს იმას, რასაც დაშორდა, სვამს ახალ კითხვებს და პასუხებსაც აგნებს.
შემეცნების ამ აღმავალ მოძრაობას წინ უსწრებს გაკვირვება. გაკვირვება ცნობიერების პირველი შერხევის, ცნობის მოყვარეობის პირველი სიგნალია. ცოდნა იშვება გაკვირვებისაგან, რომელსაც ახლავს ცნობის, შე-ცნობის, ანუ უ-ცნობზე ცოდნის დაუფლების სურვილი. სა-კვირველი, როგორც შემეცნების ამძრავი მექანიზმი, აჩენს უამრავ კითხვას, კითხვათა რიგებს, კოლონებს და საბოლოოდ, ცნობიერების მთლიან, უწყვეტ რიგს. კითხვები ბადებენ უცნობი ფსიქიკური მოვლენების დასახელების აუცილებლობას და იგიც ასახელებს, მნიშვნელობას ანიჭებს მათ, ანუ იშინაურებს. იწყება სემიოზისის უსასრულო აქტი. იგი პირველ შეფასებებს აკეთებს და ეს შეფასებები პირველი მორალური გრძნობის, კარგი-ცუდის პირველადი ოპოზიციურობის გაჩენის წინადღეა: ,,თანამოძმეები კარგები იყვნენ, ბელადიც კარგი იყო".
იგი ცდილობს როგორმე გამო-ხატოს, ანუ ფორმა მოუძებნოს ნისადმი გრძნობას. ფიზიკური სიახლოვის შემდეგ დამახინჯებულ ნის იგი საკუთარი სხეულიდან განდევნის და სილაზე გადააქვს: ,,მახინჯი ნი გამოვიდა იგის სხეულიდან და სილაში ჩაწვა". სიყვარულის ძალით ინსპირირებული შემოქმედებითი მაგია _ ასე შეიძლება დახასიათდეს ის ეპიზოდი, რომელშიც ,,ნი ქრებოდა სხეულში და ჩნდებოდა ქვაზე. ნი ლამაზი იყო". მოულოდნელად იგი აღმოაჩენს, რომ ,,სილაში ნი კი არა, იგის საკუთარი ნაკვალევი ჩაწვა". სად იბადება პოეზია, ხელოვნება? როცა ადამიანს მასში უეცრად შემოჭრილი სიყვარულის გამოხატვის სურვილი იპყრობს და როცა ხვდება, რომ საამისოდ რეალობის (საგნის, მოვლენის, განცდის) გადალახვაა აუცილებელი. ამ სურვილებსა და პირველ შემოქმედებით აქტს შორის კავშირის გამოხატვას ავტორი იგის ენაზე ცდილობს და ძალზე ბუნებრივად შეაქვს არამიმეტური, თანამედროვე ხედვა პირველყოფილი ადამიანის აღქმაში: აღსანიშნისა და აღმნიშვნელის ოპოზიციურობა გადაილახება კვალით, თუმცა ეს კვალი, როგორც ნიშანი, ამ საგნის მხოლოდ ვიზუალური ანაბეჭდი (ხატი) კი არ არის, არამედ მასთან ურთიერთობით გაჩენილი, შემოქმედის სულის ანაბეჭდი, ანუ ნის მიმართ გაჩენილი გრძნობის სიმბოლური გამოსახულება.
ამ მომენტიდან კაცი პირველად ამჩნევს სხვაობას რეალობასა და გამოსახულებას შორის. ნის რეალური გამოსახულება პირველადია, ქვიშისა კი _ მეორადი. შეიძლება ითქვას, რომ იგიმ ქვიშაში ნის მიმართ გაჩენილი განცდის მოდელირება მოახდინა. იგი კვალის შეცნობას იწყებს დ ნის კვალს ბელადის კვალს ადარებს. უკვე ხვდება, რომ ყველა ტოვებს თავის კვალს _ ნიც, იგიც, ბელადიც, რომ ყველა დატოვებული კვალი რაღაცის სიგნალია, მაგრამ ნის კვალი ნის კი არ ეკუთვნის, არამედ იგის წარმოსახვას.
ადამიანები ერთმანეთში კვლებით გადადიან, კვლებით ცოცხლობენ, კვლებით არიან დაკავშირებულნი. კვლების ეს კავშირი სხვა არაფერია, თუ არა დროში ადამიანთა გადაბმულობის ნიშანი, ყოფიერებისადმი მათი საერთო კუთვნილების არგუმენტი.
კაცში შემოქმედის, დემიურგის თვითაღქმა იღვიძებს და იგი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ ,,ზოგჯერ ნიც იგია", რომ მთელი სამყარო მასშია და იგიც მთელ სამყაროშია, რომ ყველაფერი, რაც მასში შეგრძნების სახით შემოდის, თვითონაა: ,,ახლა, რაც კი იყო ირგვლივ, ყველაფერი გაერთიანდა, ერთ არსად იქცა ყველაფერი. არ არსებობდა ცალკე ზღვა, ცალკე იგი. არსებობდა მხოლოდ ერთი რამ და ეს ერთი რამ იგი იყო....ერთი რაღაც გაცხადებულიყო ყველაფერში, ყველაფერი სათითაოდ ეს ერთი რაღაც იყო".
ქმნადობის იმპულსი ადამიანსა და სამყაროს შორის იდუმალი კავშირის შეგრძნებიდან იბადება. ლექსსაც და ლოცვასაც სწორედ კავშირის, ერთიანობის უღრმესი ინტიმი ამსგავსებს ერთმანეთს. ,,ლოცულობს გველი"(ანა კალანდაძე) სამყაროს ამ ერთანობის შეგრძნებიდან ამოზრდილი პოეტური ხატია, ისევე, როგორც ,,მწვანედ შრიალებს წვიმაა"(დავით წერედიანი) ამ გამაერთიანებელი ინტუიციის ნაყოფი. შემოქმედი ის ადამიანია, რომელიც ,,იჭერს" კავშირს, შეიგრძნობს ერთიანობას და პასუხისმგებლობას იღებს ამ ერთიანობაზე იმით, რომ გარდაქმნის ამ კავშირს ქვაზირეალობად, ანუ სიცოცხლის ახალი ფორმის - გამოსახულების, ქვაზიმატერიის სახეს ანიჭებს. ხელოვანის, პოეტის ეს უნიკალური, მთელი დანარჩენი სამყაროსაგან განსახვავებული უნარი _ დამანგრეველიც და ამშენებელიც, გამაერთიანებელიც და გამთიშველიც ერთდროულად, დასაბამს აძლევს მისი ძალისა და ავტორიტეტის განსაკუთრებულ ტრადიციას არქაული ხანიდან დღემდე. ამ ეტაპიდან იწყება ,,ჰომო საპიენსის" უნიკალური კოდირებული ფაქტურის ჩამოყალიბება სამყაროს ტექსტში.
,,იგი სხვა ჯიშისაა" _ განსხვავებულობის არგუმენტი იგის შემოქმედებითი ძალაა: მას შეუძლია ადამიანის სახე გამოიყვანის ქვიდან და ეს სახე ნამდვილზე უფრო ლამაზი იყოს. ამასთანავე, ,,იგის ისეთი სიტყვები აქვს, როგორიც სხვებს არა აქვთ." ამ ,,ბრალდებას" კაცი უჩვეულო ფრაზით პასუხობს, რომელიც თავისი სიზუსტითა და ფარული სიმართლით, ამ სიმართლის გამოხატვის ღრმა, ემოციური და მარტივი ფორმით, ფაქტობრივად, აღწერს ლოგოსს, ენის შემოქმედს, სამყაროს ტექსტის შემქმნელს: ,,სიტყვები არავის არა აქვს. სიტყვები რაღაცაა და თავისთვისაა. ხოლო რაღაცა ყველგანაა. ხეში, ზღვაში, შორეულ ქედებში, ტყის მწვანე სულში, ბალახის ღეროში. ხანდახან იგი თავში შემოდის, იქ სიტყვებად იქც

თაგები

#ბლოგი #მწერალთასახლი #ნონამაზიაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #გიორგიმესხი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #ნინოსადღობელაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #დათიაბადალაშვილი #თამარგელიტაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #ირაკლისამსონაძე #ლევანინაური #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #ლიასტურუა #ნანაკუცია #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #მარინე ტურავა #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #თამარგელიტაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #ლევანინაური #ლიტერატურულიბლოგი #ჯემალქარჩხაძე #მანანაკვაჭანტირაძე#მწერალთასახლი ანდრიაძე ანდრიაძე "კრიტიკის სკოლა" "მწერალთა სახლი" ეკა მახარაშვილი ახალი ძველი ამბები #ახალიძველიამბები ლიტერატურული პრემია მწერალთა სახლი ნაირა გელაშვილი მწერალთა სახლი ტარიელ ჭანტურია