26 ივნ 2024

ავტორი:

ციხის კედლებზე ვჭრიდი სტრიქონებს...

 

 

(ნინო ქუთათელაძის წიგნის „ლექსები. პოემები" გამო)


ნინო ქუთათელაძის ლექსის სტიქია რიტმულად მოწესრიგებული ვერლიბრია, ის არ ზღუდავს პოეტის სათქმელს, არ აწესებს ჩარჩოებს და მოწიწებით განაწყობს მკითხველს მის სალექსო სტრიქონებზე საფიქრელად. ერთგან ასეთ ამბავს ჩაწერს: „მე ჩემს მასწავლებლად ქართული საგალობლები მიმაჩნია, ოდნავ არეული რითმითა და სათქმელის სიღრმით, განუმეორებელი რიტმითა და სულიერი სიფაქიზით. აი, სწორედ მათში მჟღავნდება, რომ სიტყვა უფალია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ საგალობელი რელიგიის კუთვნილებაა, არამედ იმიტომაც, რომ მასში სიტყვისა და სათქმელის ესთეტიკა აბსოლუტურად თანხვედრილია".

ასე ფიქრობს და არცაა გასაკვირი, რომ ნინო ქუთათელაძე აკაკი წერეთლისა და გიორგი ლეონიძის პრემიების ლაურეატი გახლავთ.
იგი ხუთი პოეტური კრებულის ავტორია: „ფოთლის ფარდა" (1980), „სამი მონოლოგი" (პოემები) (1985), „მუსიკა სცენიდან" (1989), „თეთრი ათინათი" (1991), „ჰოი , ლიპარიტ!" (1999). 

2022 წელს ასევე გამოსცა ნოველების კრებული - „სიზმრების ქარავანი ანუ თბილისური ნოველები".

ნინო ქუთათელაძის მიერ თარგმნილია ანდრეი ბელის რომანი „პეტერბურგი", რომელიც 2015 წელს გამოიცა და ეს თარგმანი მაშინვე ერთხმად აღიარეს ანდრეი ბელის შემოქმედების „ქართულ დღესასწაულად".
„პეტერბურგი" გამოცემამდე „ლიტერატურულ პალიტრაში" იბეჭდებოდა, ამ წიგნზე მთარგმნელი რვა წელიწადი მუშაობდა და ამ დროს დაკარგულად ნამდვილად არ მიიჩნევს, რადგან ანდრეი ბელი ის შემოქმედია, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ქართულად ნათარგმნი. მით უფრო, ფასეულობათა გადაფასების პროცესში ამ თარგმანს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან სიურრეალიზმის საძირკველი სწორედ ანდრეი ბელის ამ ნაწარმოებში დევს. ნინო ქუთათელაძემ ასევე თარგმნა ესპანეთში მცხოვრები თანამედროვე რუსი მწერლისა და მეცნიერის ალექსანდრე პატიომკინის „მე".
 
პოეტის „ლექსები. პოემები" აერთიანებს ნიმუშებს ადრინდელი პოეტური კრებულებიდანაც, ამასთანავე, მკაცრად დაწურულს, რადგან არაერთი ლექსი, ამ გამოცემაშიც შეიძლება შესულიყო.

ეს კრებული მკაფიო წარმოდგენას გვიქმნის ნინო ქუთათელაძის ლექსების თავისებურებებზე, პოეტურ მიგნებებზე, სიღრმესა და ლირიზმზე. 

კრებულს, რომელშიც 150-მდე ლექსია გაერთიანებული, პოეტის „მცირე აღსარება" ახლავს - „ეს წიგნი ჩემი სიცოცხლეა, ამ პატარა კრებულისთვის ვიღვაწე და ვიცხოვრე. ღრმად მწამს, ყველა ადამიანი მისიით მოდის ამქვეყნად. ყველამ უნდა გადაიხადოს სიცოცხლის საფასური.

ეს ქვეყანა ჯილდოა მათთვის, ვისაც მშვენიერების აღქმა და სიკეთის კეთება შეუძლია... და ერთი ნაბიჯით არ გადამიხვევია, თავი არ მომიდრეკია კეთილდღეობისა და ფანციფუნცისთვის, სიმართლისთვის ზურგი არ შემიქცევია! 
ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი რაც გამაჩნია, საკუთარი ღირსებაა... ამ წიგნში ჩემი სულია და როცა სული ჭურჭლისაგან გათავისუფლდება, ის მარად იარსებებს".

ამ მცირე შენაკადიდანაც კარგად იკვეთება პოეტის სულიერი დიაპაზონი, მისი სათაურიანი თუ უსათაურო ლექსების მთავარი სათქმელი და არქიტექტონიკა.

პოეტი არ თვლის, რომ ქართული ლექსის ტრადიციულ, მაგისტრალურ ხაზს აგრძელებს, თუმცა რითმიან ლექსსაც წერს და ფიქრობს, რომ ყველა სათქმელს თავისი ფორმა სჭირდება. არის ლექსი, რომელიც პირდაპირ, ჯიქურ მოითხოვს რითმას. თუ რითმიანი ლექსის წერა არ შეგიძლია, შენ პოეტი არც ხარ! ლექსი კი არ უნდა აკეთო, საჩუქარივით უნდა მიიღო უფლისგან. მისი შემოქმედების მეტრული სტრუქტურა კი რვა და ათმარცვლიანი სტრიქონების მონაცვლეობაა. 

პირველივე უსათაურო ლექსის პერსონაჟები, მისი თაობის ჯოხის ცხენებზე შემომსხდარი ბიჭები არიან, როგორც კი დაიჭიხვინეს ბედაურებმა, უქმად დარჩნენ ბიჭებიც! რამდენი თაობა ამოიკითხავს ამ სტრიქონებში საკუთარ სევდას, როცა „წლებმა ჩაჰკიდეს ყურები". ეს მეტად მეტყველი სიტყვათშეთანხმება დროის ულმობლობასაც გვაგრძნობინებს და ბედაურთა გაუჩინარების სევდასაც... და აქ აუცილებლად შემოდის დიდოსტატი კონსტანტინეს მიერ თავისი დარდიმანდის ფერება-დაურვების მეტყველი პასაჟი: „ვეფერები დარდიმანდს თელის ფოთლებისებრ პაწია ყურებზე, ქლიავისფერ თვალებში შევცქერი და ჩემს სულში გადმოდის ის მოუღალავი ძალმოსილება, ცხოველისათვის ასე ჭარბად რომ მიუცია დედაბუნებას".

იქნებ შორეულ-ასოციაციურიცაა, მაგრამ ცხელი და „ბადაგისფერი მზით" გართული მზერა მაინც აწყვილებს აწ უკვე წლებზე მიბმულ, მაშინ აკრძალული ნათლობის ჯვრით მორონინე ლექსის ბიჭებთან... გაჰყვნენ ცხოვრების ბილიკებს ეს ბიჭებიც, გამოიკეტეს თავლის კარები იმ ბედაურებმაც და ისევე გაქრნენ, როგორც გიორგი მეცამეტეს საჯინიბოდან. 

გაოცებულმა მეფემ ერთხელ თავის მეჯინიბეს ჰკითხა თურმე:
- საით წავიდნენ ამ საჯინიბოში დაბმული ბედაურებიო? 
- იმ ბედაურებზე თავისი დროის მამშვენებელი ვაჟკაცები შესხდნენ და გაუჩინარდნენო! - ასე უპასუხა მეფეს თავისი მოსწრებულად მიგნებით კმაყოფილმა მეჯინიბემ. 

ნინო ქუთათელაძის ლექსთა ერთ-ერთი საწუხარი ისიცაა, რომ სიჩუმე და დუმილი ხშირად შემოქმედის დათრგუნვისა და განადგურების მიზეზი ხდება. „უხმაურობით მოვკალით ბევრი საუკეთესო შემოქმედი. ჩაწიხვლის ყველაზე დიდებული ფორმა სიჩუმეა. ამ მხრივ, გასული საუკუნის მეორე ნახევრის ლიტერატურული პროცესები თითქმის შეუფასებელია, დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ ეს მეორე ნახევარი შეფასდეს".

გოგლა ლეონიძის პრემია ყველაზე უპრიანი ჯილდოა ქართულ მიწაში ყელამდე ჩაფლული იმ პოეტის შემოქმედების გასაგებად, რომელიც აცხადებს: „თქვენთან მოვდივარ, ქართლის ველებო, უფრო და უფრო თქვენთან მოვდივარ" და ამ ლექსში სხვადასხვა ისტორიული სიმაღლეების გონებითი მოხილვის შესაძლებლობას გვაძლევს პოეტი: იკორთაში წამოგვეწევა როგორც სიბერე, გორის ციხეზე ტირილით გვხვდება, უფლისციხეში ჭაბუკი მეფეა, ატენში მძლე და მცინარი სიხარულია, სვეტიცხოველზე ბავშვის თვალებია, ჯვარზე სიმღერაა კრძალვისა და ტკივილისა, ხოლო მტკვრისა და არაგვის შესართავთან სიმარტოვეა... აქ არც ტატოს სულის მარტოობაა და არც მარკესის ტრაგიკული და სასაცილომდე უცნაური ბუენდიების გვარის ამბავი იკვეთება.

ნინო ქუთათელაძესთან უფრო მხატვრული სახეთხატის შექმნის მცდელობაა, რომელიც ყველგანმყოფობის ფილოსოფიურ მისტერიას იმეორებს და დროში მედინობითაც ხასიათდება. ლექსში „იკორთა",

პოეტი წერს:
და სიმაღლე, როგორც რწმენა,
ფეხისგულებს მიკაწრავდა...
ჩვენ ვიდექით, წარსულ-აწმყო...
მთებისფერი საოცრება
ქარღრუბლებში მიელავდა.

ეს რვამარცვლიანი (5/3) „მთის" ლექსია, რომელიც, სინამდვილეში, ორტერფიან ანაპესტს წარმოადგენს დაქტილური კლაუზულით), რომლის დიდოსტატი ვაჟა ფშაველაა.

ხატხატულა ბორცვის უბე,
ოქროსფერი სივრცით სავსე
მიმელოდა, მოველოდი
და სიმღერა გარიჟრაჟის
აღმართული სამზეოზე
ყაყაჩოთა წითელ ხელში ქანაობდა.

ამ დაშიფრული მეტაფორით გასაგებია ის სათქმელი, რომ იკორთა 2008 წლიდან რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული. სამშობლოს სახე-სიმბოლო არაერთ ლექსში გაკრთება და „ჩუმი საქართველოა" მისი ლექსების მთავარი ტოპონიმი: 

დღეს ისე ჩუმია საქართველო
თვით სიჩუმეა საქართველო,
უნაპირო და მძაფრი სიჩუმე...
ზღვა რომ წამოსწევს იისფერ ხელებს
და ინაბება დასაძინებლად...
ნიკორწმინდაზე გაწყდება სიმი,
რომელსაც დიდხანს უნდა ემღერა.
და გაჩუმება არჩია...

რას მოასწავებს სიჩუმის ეს ქარაგმა? ალბათ იმას, რომ ხმამაღლა და გასაგონად უნდა ითქვას უმთავრესი: 

მე უკვე მოვრჩი...
და თუკი ვინმე შესძლებთ დანდობას,
მე ნუ დამინდობთ,
ერთმანეთი დაინდეთ მხოლოდ.
(„საქართველოს").

სამშობლოს მოდუსი ისეთივე ძალდაუტანებელი და მართალია მასთან, როგორი წრფელიცაა სევდა მის სტრიქონებში:

ჩემო საწყალო პროვინციავ,
ჩემო პაწია საქართველო,
მე შენთვის გული მომიცია,
ყელამდე დარდით დავქართველობ...
(„ჩემო საწყალო პროვინციავ").

თუმცა, სხვაგან მაინც იმედი შემოჰყვება ამ დარდს:

შენ ფიროსმანის სული ხარ
და სიყვარულის მთვარე...
მე სინანულის ჩიტი ვარ,
ყველას მაგიერ ვნანობ,
ჩემო საწყალო მამულო,
უფლის ცრემლო და ცალო.
(„ყველა ლომს თავის მელა ჰყავს").

ნინო ქუთათელაძის ეს ლექსები შეიძლება გაერთიანდეს ციკლში „ხმით ნატირალები სამშობლოს", მით უფრო, როცა კრებულში არის ასეთი სათაურითა და რვამარცვლიანი შაირით დაწერილი ლექსი. 

კრებულის ბევრი სტრიქონი მოგონებებს ეძღვნება: 

მოგონებები, როგორც ტყვეები
წაგებულ ომის შემდეგ
ჯაჭვთა სიმძიმით, ცივი ჟღარუნით
მოდიან ჩემკენ („მოგონებები").

ამ კრებულის უთუო ღირსება მეგობრებისადმი მიძღვნილი მედალიონებია: სკრიაბინს, მანანა ცერცვაძეს, ხუთი ლექსი ერეკლე ჯაბადარს, ნინო თარიშვილს (ყვავილების მაგიერ, დაბადების 80 წლისთავზე), მიხეილ ქურდიანს და ასევე ტრიპტიქი მიხეილ ქურდიანს, კახი როსებაშვილს, „ზარი" - ლევან გოთუას, რაჭიდან დაბრუნების შემდეგ - მერაბ ჯაფარიძეს, გიორგი ხაინდრავას ხსოვნას, ბესიკ ქუთათელაძეს; „გიორგობა კუკიაზე" - თამაზ კოლიაშვილის დაკრძალვისას; „აქედან იქ" - გრიგოლ აბაშიძეს, ნია აბესაძეს, ლალი ჯაფარაშვილს, ვლადიმერ მაიაკოვსკის.

პოეტი იგონებს: „ჩემთან გაცილებით უფრო ახლოს იყვნენ რუსული ლექსის ნოვატორი - ვლადიმერ მაიაკოვსკი და სრულიად ფენომენალური ანდრეი ბელი, ასევე ბორის ნიკოლაევიჩ ბუგაევი".

ლექსში „საუბარი ვლადიმერ მაიაკოვსკისთან" გამორჩეული თანალმობა იგრძნობა მასთან და პოეტი ქალი მიმართავს თავის კერპს „მე და თქვენ გადავდეთ თავი", მაგრამ „თქვენ თქვენი გზა გქონდათ, თქვენი აპოგეა, მე კი ბედი მიმათრევს დაბლა".

ეს ლექსი ვლადიმერ მაიაკოვსკის, პოეტისა და ტრიბუნის გამბედაობის ხოტბაა, რომელსაც დასასრულიც ორიგინალური აქვს: 

დამელაპარაკეთ, ბატონო ვლადიმერ,
გამოიმეტეთ სიტყვა,
თაყვანისმცემელს
ეწვიეთ ჩაიზე
და ცეცხლი შეუნთეთ ფინჯანს.

ანდრეი ბელის ეძღვნება ტრიპტიქი „მინაწერი ანდრეი ბელის „პეტერბურგზე", რომლის პირველი და მეორე ნაწილი ტრადიციული ათმარცვლედია 5/5; ხოლო მესამე - რვამარცვლედი 5/3; 
შენი მეტრია წრე თუ წრეწირი,
ისე მარტივი, ვით სიმეტრია.

პოეტი იხსენებს: „პეტერბურგი" ჩემმა მუსიკის მასწავლებელმა მაჩუქა, რადგან იცოდა ჩემი გატაცების შესახებ. მას შემდეგ, მე და ანდრეი ბელი არ დავშორებივართ ერთმანეთს. მხოლოდ ამ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ, ჩემთვის ახლებურად გაიხსნა მისი პოეზია. ამ წიგნის გამოცემა დიდი ხანია, მინდოდა, მაგრამ ვთვლიდი, რომ ამგვარ წიგნს ძალიან დაინტერესებული პირი თუ გამოსცემდა, ამიტომ ხელნაწერი სახლში მედო და არავის ვაწუხებდი".

ანდრეი ბელის „პეტერბურგი" გაკრთება უსათაურო რვამარცვლიან რითმიან ლექსშიც:

იქ უდიდეს იმპერიას
გამოაკლდა ერთი სხივი,
„პეტერბურგი" იმდენია
მე კი ერთი დარდი მივის...
საუკუნე დავძრა იქით,
სადაც სრული სიმშვიდეა:
არ მომდევდეს სხვისი მზირი,
ასკერი და ყიზილბაში,
ვიშენებდე ტაძრებს თირით,
მზეს ვუმღერდე ოთხივ ხმაში.

თავისუფლების მანიფესტია ეს სტრიქონები, ანდრეი ბელის პასუხადაც რომ გაისმის და ამასთანავე, ამ თარგმანით რომ შეასრულა ბავშვობის მეგობრის, მიხეილ ქურდიანის ანდერძი, როცა პოეტმა ის საავადმყოფოში მოინახულა, დაიმარტოხელა თურმე და უთხრა: მე, ალბათ, ვეღარ და, როგორმე შენ თვითონ უპატრონე შენს შემოქმედებასო, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, აუცილებლად გამოეცი „პეტერბურგი", დაასრულე შენი ნაშრომი ლევან გოთუაზე, დაწერე ბიოგრაფიული რომანიო. 

მიხეილ ქურდიანს ეძღვნება ათმარცვლიანი ლექსიც, მეოთხე სტრიქონის დატეხილი ხუთმარცვლედითა და ჯვარედინი რითმით გაწყობილი.
გარდაცვალებამდე თუ მიუსწრო ამ სინათლის ლექსმა, ალბათ გაუადვილდებოდა საუკუნო სავალი ბატონ მიშას, ყველა ჩვენგანის მეგობარს, სიტყვის მაესტროსა და ფილოლოგიის მეტრს: 

შენა ხარ ჩემი თეთრი მოკეთე
მოყვარე ჩემი დარდის და ლექსის
და თუკი ყველა ტაძარს მომკვეთენ,
სულ ყველა ერთად აღსდგება შენთვის.
შენ იცი როგორ იზრდება დარდი
და დარდზე უფრო მძიმე და მკვეთრი
სიმართლე, როგორც ეკლის გვირგვინი,
ან როგორც კეთრი...
...შენ იცი როგორ გიყვარდეს მტერი,
შენი მოყვარე როგორ გიყვარდეს,
როგორ ივარგო შენი ღმერთისთვის
თავგანწირვამდე...

მიხეილ ქურდიანისადმი მიძღვნილია ასევე ტრიპტიქი, რომელიც სამი ნაწილისაგან შედგება: პირველი ნაწილი რვამარცვლედია, მეორე და მესამე კი ათმარცვლიანი საზომითაა დაწერილი 5/5 - რომელიც ყველაზე პოპულარულია აღორძინების პერიოდის ხანიდან დღემდე;
საინტერესოა რითმათა ცალეულებიც, ზმნისა და სახელის შერითმვა: მტანჯავს-ავდარს 2/2; ვდაობთ-ძმაო 2/2; მეორე ნიმუშში სახელი წოდებით ბრუნვაშია და სემენტიკითაც საინტერესოა - ზეცას-მეტად 2/2; სხივი-მივის 2/2; ვევლები-ველები 3/3.

ლექსი „ზარი" ლევან გოთუას ეძღვნება. ცნობილია, რომ ქალბატონმა ნინომ გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ გაიცნო ლევან გოთუა და მეგობრობდა მასთან. ცნობილია, რომ გადასახლებულმა მწერალმა უმძიმესი წლები გამოიარა ვორკუტასა და სოლოვკებზე, და ისიც ცნობილია, რომ ვერ იტანდა, როცა ვინმე რუსულად საუბრობდა, სახე აენთებოდა ხოლმე და ისეთი ტკივილი გამოეხატებოდა, თითქოს ისევ იმ მიწურში იწვა და სიცივისაგან სუნთქვა ეკვროდა. 

ნინო ქუთათელაძე იხსენებს: ერთხელ, ლევანის დებს, თინათინსა და თამარს ესტუმრნენ თურმე მამასთან ერთად, მათ თან ახლდათ მამიდაც, რომელსაც ქართული კი ესმოდა, მაგრამ მშობლიურ ენაზე თითქმის არ ლაპარაკობდა... ძია ლევანიც იქ დახვდათ. გადარეულა თურმე მწერალი და ისიც კი უთქვამს, ეს ქალი თუ კიდევ მოვა, წინასწარ გამაგებინეთ, რომ არ მოვიდეო! მაშინ ეს ძალიან გაჰკვირვებია პოეტს, ახლა კი ამბობს, მესმის მისიო:

მე გვიან მივხვდი, რას წუხდით მაშინ -
გატანჯულ ფერებს, ცაზე რომ ელავს,
გადამწვარ სევდას, გაყინულ ივლისს,
ვისაც ტოვებდით ამქვეყნად, ყველას.
მივხვდი დიდი ხნის წამების მერე,
სად დაიკარგნენ თეთრი ირმები...
...ჩვენი სიმღერა კვნესაა ისევ,
რომ მონობაში ვერავინ მღერის...

ლექსი ათმარცვლიანია (5/5) და ისევ ჯვარედინი რითმითაა გაწყობილი.
შთამბეჭდავია ალექსანდრე ბლოკისადმი მიძღვნილი ლექსიც, იგი ზუსტად იტევს ყოფიერებისა და მისტიკის იმ პარადოქსული თანწყობას, რაც მის შემოქმედებას თან სდევდა, იტევს განდგომილობასაც, როცა პოეტმა რთულად მიიღო საბჭოთა მმართველობა, თუმცა მისი განსაკუთრებული გამორჩეულობაც ეს არის:

მე ვიცი გცივა,
რადგან მღერი და მღერი,
ამღერებულებს მუდამ სცივათ დანაკარგისგან...
ვიცი და მჯერა,
რომ შენს გაზაფხულს,
შემოდგომის ყვითელი ლანჩა
ატყვია მხარზე...

მიხეილ ქურდიანმა ისიც დაუბარა ნინოს: ჩვენ ერთად გვინდოდა დაგვეწერა ისტორიული პიესა გორგასლის ეპოქაზე, ესეც შენ უნდა გააკეთო, უჩემოდო! არ ვიცი, ეს ანდერძი შეუსრულა თუ არა პოეტმა, მაგრამ მეფე ვახტანგ მეექვსისადმი მიძღვნილი ლექსი ამ კრებულის სამკაულია, სადაც იგი ვახტანგს „ღამის მეფეს" უწოდებს და ეს მეტაფორაც გასაგებია დროის გათვალისწინებით, როცა აურაცხელი მტერი „სრულად ქართლის მტერი" იყო, და როცა მეფე სულს ლექსებით იბრუნებდა:

ჰოი, უსაზღვრო ღამის მეფეო,
მესმის, რად იხსენ სული ლექსებით...
ჰოი, უსაზღვრო ღამის მეფეო,
გული ისეა დაფლეთილი,
როგორც სამშობლო...

მეფეთა გალერეის შესავსებად საინტერესოა ლექსი „გადაძახილი", რომელიც დავით აღმაშენებელს ეძღვნება. ლექსი შვიდი და რვამარცვლიანი ჰეტეროსილაბური საზომითაა დაწერილი:

ქართული ლეგიონები 8
ლეგა ღრუბლების ლანდით 7
მდინარე ლეთას ტალღებში 8
ირწევა ლურჯი მთვარე 7
ლეგიონერთა ცხენები 8
მთვარიან სივრცეს სვამენ 7...

არ შეიძლება „ვეფხისტყაოსნის" გამომცემლისადმი პოეტს ლექსი არ ჰქონოდა, რადგან ცნობილია მისი სიყვარული ამ პოემისადმი: „ვცდილობ, წელიწადში ერთი-ორჯერ მაინც წავიკითხო „ვეფხისტყაოსანი", ნეტავ იცოდეთ, როგორ მეხმარება ეს ნაწარმოები ცხოვრებისეული პერიპეტიების ახსნაში, მეხმარება სასოწარკვეთილებისას, მეხმარება ყოველდღიურ ყოფაში". ამ სიყვარულის ათინათი კრთის მის ორ ლექსში, როცა რითმის თანაცალად ზმნას „მივის" იყენებს: სხივი-მივის 2/2 („ტრიფტიქი"). მივის-მზირის, ორმარცვლიანი რითმით 2/2.

ასევე გვხვდება რუსთველური სიტყვა-სიმბოლო სარატანისა: „შენსკენ თეთრი აპრილია, აქ ხვატია სარატანის" („ახლა თბილისს გადმოჰყურებ"). გადის ჟამი-სარატანის 4/4 („მიჯნაზე"), სადაც ოთხმარცვლიანი შედგენილი რითმის თანაცალია სარატანი:

შენკენ როგორ გაითიბა მზის ნაპირი?
მთვარე როგორ ამოვიდა გუშინ რამით?
დაღამებას თუ უცდიდა სარატანი?

საინტერესოა, წვიმის სტიქიისადმი როგორი რომანტიკული თხოვნა აქვს პოეტს:

მოდი, ოღონდ დამასველე ქართულად,
შენი მტლე ვარ და ქართველად მიცანი.
 („...ახლა ჩემთვის წვიმა").

სხვაგან კი ასეთ დარდიან სტრიქონს შემოიყოლებს: „წვიმის გუბეში გდია ბავშვობა" („პოეზიას").
ასეთი სტრიქონების შემდეგ ვერვინ უარყოფს ნინო ქუთათელაძის წვიმის პოეზიის მომხიბვლელობას:

წვიმის ბალახზე ჩემი ფიქრია,
წვიმა არა ჩანს, არსად არ არის,
შენი წვიმები ისევ მიჰქრიან,
სველდება შენი ვერცხლის თავთავი,
წვიმის კოშკები ააგო ზეცამ,
წვიმის კოშკებში წვიმა ხმაურობს...
და ყველა სურვილს ნელ-ნელა ვკეცავ,
რომ შენს წვიმაში ვიმოგზაურო.
(„წვიმების მდელო").

აქ კი გაკრთება ქართული პოეზიის წვიმის რაინდი და ოთარ ჭილაძეც თითქოს შემოდის წვიმიდან:

ქუჩებში წვიმდა. მე ვიყავ მარტო.
ვუსმენდი წვიმას და თუთუნს ვწევდი.
და ოთხკედელში მოქცეულ ფართობს
წვიმა ავსებდა საკუთარ სევდით (უსათაურო).

გალაკტიონის შემდეგ, ქართულ პოეზიაში „ქარი და მისგან წარმოქმნილი ქროლვა" (აკაკი ხინთიბიძე) არავის გაუკვირდება, რადგან „არტისტული ყვავილების" 80-ვე ლექსში იგი 36 ვარიაციითა წარმოდგენილი. ნინო ქუთათელაძეც ასე ჩაწერს ლექსის პირველივე სტრიქონში: „დაზამთრდა. ქარში ვაჭედებ სიტყვას, რომ შევაჩერო შრიალ-ფრიალი", და შეუძლებელია, არ მიადევნო თვალი, თუ როგორ „დამზერს იგი არსსა და უარსოს".

ლექსში „ქარს" სათაურში გატანილ სიტყვას პოეტი 12-ჯერ იმეორებს და ქარის მუსიკას გვასმენინებს:

ქარი, რომელიც ქანცავს,
ქარი, რომელიც დაობს,
ქარი, რომელიც ფანტავს
სულში დაქენქილ ქაოსს.

ქარის გარდა, მზითაა გაჯერებული მისი ლექსების პოეტური ტრაექტორია:

მზე დადის მიღმა,
აღმა და დაღმა,
სიცოცხლე წვიმით გადაღლილია,
ქვემოთ მიდენის უღონო აღმართს,
ღამეს აღმოხდა ღარიბი ფერი („ახალი ათონი").

როგორც პოეტური სიმწიფის ნიშანი, „ბადაგისფერი მზის" და საერთოდაც, ფერთამეტყველების უზადო მოძალებაა კრებულის ლექსებში, აკი აცხადებს კიდეც „მზის პოეტი":

ყველა ბილიკზე მზე დგას საჩემო,
მე ახლა ისე წყნარი ვარ, ღმერთო,
რომ გაგიჟების არ მეშინია...
ქარში წასულა ბგერების ექო („სევდა").

და საერთოდაც, უამრავი პერსონიფიცირებული მზეა მის პოეზიაში: 

„მზე ჩამომხმარ ტოტზე იდო" („იკორთა");
მზემ ჩააყვითლა სიმინდები,
მზემ გადაყლაპა ვეება ლიახვი...
შემოდგომითაც ამოდის მზე და -
ერთი დღე მაინც გაიმზიანებს (უსათაურო).

კრებულიდან ასევე გვამახსოვრდება ნინო თარიშვილისადმი მიძღვნილი ლექსი, რომელში ზუსტად არის აქცენტირებული ბოჰემური წლების „ნატერფალ-ნატყვიარები"...

როგორ აწყდება ლექსი ღია კარს;
როგორ ზეიმობს სიჩუმე ცივი
და რა ფერებით, მათ რა იციან?!
მიხაკის ნაცვლად მზის ხავერდები
გაუფენია გზაზე ტიციანს.
თეთრი სინათლე ისევ ყვავილობს
და ეს სინათლე მძლეთა სულია;
ღამენათევი ლექსით პაოლოს
ჩამოუცლია გული სრულიად...
ლექსი ერთგვარი მადლიერებაა ყანწელთა ორდენის მიმართ და ამას ბოლო სტროფში გვიმხელს პოეტი:

ვიცი, წავიდნენ, აღარ არიან,
კდემას, სიჩუმეს და მოკრძალებას
მინდა მიწამდე დავუკრა თავი.

ლირიკული სევდაა ლექსებში მშობლებისადმი. ლექსი „ქორწილი" მხატვრული იდუმალებითაც იქცევს ყურადღებას.
კრებულის ორი ლექსი დედას ეძღვნება. ერთში ასე მიმართავს მას: „შენს სიცოცხლეზე ჩამოვდე თავი"-ო.
 
მეორე რითმიანი ლექსი რვამარცვლიანია 5/3, და მთლიანად დავიმოწმებ, როგორც საუკეთესო ნიმუშს დედის ციკლის ქართული „დედიანადან"...

ჩამოიწურა ღრუბელი,
რომელზეც ჩიტი იჯდა...
სიტყვები გაუხუნელი
მისდევდნენ მთავარ სიტყვას,
სიყვარულისთვის ულევი
მოსწყდა ციაგი სანთელს,
დედის სახე და სურნელი
მზის გაშლილ სხივში ვნახე.

ლექსი კრებულის რჩეულთაგანია და თავისი განწყობით ოთარ ჭილაძის დედისადმი მიძღვნილი ლექსის შუქითაა გადავსებული:

რა შერჩა ჩემი მახსოვრობის
დაგლეჯილ ბადეს?
...სკამზე შემდგარი დედა
ჰკიდებს ფანჯრებზე ფარდებს,
მღერის
და რადგან დედა მღერის -
ქვეყანა ბრწყინავს...

ლექსითი შეხმიანება მამასთან მკაცრია, თუმცა მაინც არტისტული ტკივილებითაა გაჯერებული:

რა გითხრა, აბა, ჩემო ძვირფასო,
გატიალებულ სულში ბნელდება,
და რაც წლები გვაქვს სულ ყველა ერთად
ჩამწკრივებულან წმინდა სევდებად.
ამდენ სიყალბის და თვალში ნაცრის
შეყრით განგება დაგვირჩა სახტად...

ამ კრებულის ლექსთა სტრიქონებში დაუნჯებულია კოსმიური ნათლის შემცველი, მთის წყაროსავით ანკარა სიტყვები, და პოეტი აცხადებს:
„და ვგავართ მზეში მზედახშულ საკანს".

ალბათ, ისიც დაეჯერება უმამობით დასეტყვილ პოეტს, როცა ამბობს: „დაფლეთილია გული სიტყვებად"-ო.

ნინო ქუთათელაძის, როგორც პოეტის, უნიკალურობა, ქართული სიტყვისადმი მის დამოკიდებულებაში მჟღავნდება:

ერთ ხმაში როდი მღერის ტკივილი,
ყველა ხმას უნდა მისცე ნუგეში...

ამაღლებულობა და ლექსებში დარდის ესთეტიზაცია კი მისი მოხელთებული ხელწერაა:

მე არაფერი არ მეშველება
რაც გამიწირავს, გავწირავ კვლავაც;
ვით ჩუქურთმაში ლურჯი მტევნები,
ჩემს აზრებს სიტყვა ედება ჭავლად.
 („პოეზია").

პოეტისთვის პოეზიაა ცხოვრება და ერთგან ამასაც ჩაწერს: გადარეული, ქართულის ნამცეცებს ჩუმად ვკენკავო...

მართლაც, ნინო ქუთათელაძის პოეზია დახვეწილი ბგერწერის გამო, აკუსტიკისა და იდუმალი სემანტიკური მოულოდნელობის გამოც მკითხველის სიყვარულს ითხოვს, რადგან 
უცნაურია განგების ხედვა
და სიტყვებს მიაქვთ სიტყვათა სხივი.
დიახ, მიაქვთ სიტყვებს სიტყვათა სხივი, რომ ციხის კედლებზე გამოჭრილი სტრიქონები ხსოვნად იქცეს...
 
ეს მცირე გამოხმაურებაც ხსოვნისათვის დაიწერა, რომ ადამიანებს უყვარდეთ და ახსოვდეთ ნინო ქუთათელაძის პოეზია. და რა არის ხსოვნა, ამაზე ნინო ქუთათელაძე ასე წერს:

„რა არის ხსოვნა? - ერთი წუხილი,
ცრემლის მარცვალი, სულში რომ სძინავს,
მარადიული მისდევს უხილავს
და ელოდება სინათლის წვიმას...

კრებულში შესული პოემების „სიმღერა წყვდიადში", „ჰოი, ლიპარიტ", „ჩემი ცხოვრების სამი სეზონი", „მასხარათათვის და მასხრობათათვის" ანალიზი კი ცალკე წერილს საჭიროებს. განსაკუთრებით გამოსარჩევია პოემა „შუშანიკის საგალობელი", რომელიც საგანგებო შესწავლა-გააზრებას იმსახურებს, რადგან იაკობ ხუცესის ჰაგიოგრაფიული თხზულების გაცნობა ავტორს აფიქრებინებს, რომ ტრაგიკული დედოფალი თვითონაც წერდა საგალობლებს; თუმცა, ეს გარემოება ძველქართულ ძეგლში არსად აღნიშნულა. ნინო ქუთათელაძე თავის ეპიკურ ქმნილებაში მის შეტანას აუცილებლობად მიიჩნევს და კიდევაც მიაკუთვნებს ამ პოემას ქართული საგალობლის მრავალხმიანობას.

25 აპრილი, 2023 წელი

 

თაგები

#ბლოგი #მწერალთასახლი #ნონამაზიაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #გიორგიმესხი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #ნინოსადღობელაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #დათიაბადალაშვილი #თამარგელიტაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #ირაკლისამსონაძე #ლევანინაური #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #კოტეჯანდიერი#ადანემსაძე #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #ლიასტურუა #ნანაკუცია #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #მარინე ტურავა #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #თამარგელიტაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #ლევანინაური #ლიტერატურულიბლოგი #ნინოქუთათელაძე #თამარელაწოწორია #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #შოთაჩანტლაძე #ნინოდარბაისელი #მწერალთასახლი #ლიტმცოდნეობითიოპუსები #ლიტერატურულიბლოგი #ჯემალქარჩხაძე #მანანაკვაჭანტირაძე#მწერალთასახლი ანდრიაძე ანდრიაძე "კრიტიკის სკოლა" "მწერალთა სახლი" ეკა მახარაშვილი ახალი ძველი ამბები #ახალიძველიამბები ლიტერატურული პრემია მწერალთა სახლი ნაირა გელაშვილი მწერალთა სახლი ტარიელ ჭანტურია