2023 წლის მარტში, მწერალთა სახლში რეპრესირებული მწერლების მუზეუმი გაიხსნა.
რეპრესირებული მწერლების მუზეუმი სისტემის მსხვერპლთა გახსენებას და მათი ხსოვნის პატივისცემას ისახავს მიზნად. მუზეუმში დამთვალიერებელი გაეცნობა ტოტალიტარული სახელმწიფოსა და მწერლების ტრაგიკული დაპირისპირების ამბებს, იმ მექანიზმებს, რომლებსაც სისტემა „მწერლობის მოსათვინიერებლად“ იყენებდა.
მუზეუმის ექსპოზიცია შესაძლებლობას გვაძლევს, დავინახოთ ტოტალიტარიზმის ხანაში მცხოვრები ხელოვანების დილემა და ტრაგედია, სუსტი ზღვარი კომპრომისსა და თანამშრომლობას შორის.
დიდი საბჭოთა ტერორის დროს მომხდარმა ტრაგედიებმა ჩვენი საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებაში მაჩაბლის N13 (მწერალთა სახლი) მყარად დაუკავშირა 1937-1938 წლების მასობრივ რეპრესიებს. 1921 წლის 28 თებერვალს, დავით სარაჯიშვილისეული სახლი, რომელიც იმ დროისთვის ცნობილ მრეწველსა და მეცენატს, აკაკი ხოშტარიას ეკუთვნოდა, საბჭოთა რევოლუციური კომიტეტის ბრძანებით მწერალთა და ხელოვანთა გაერთიანებას გადაეცა. ასე იწყება ამ სახლის საბჭოთა ისტორია, რომელიც მთელი ეპოქის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს მოიცავს.
მუზეუმი მოგვითხრობს მწერლების ისტორიას, რომლებიც დიდი ზეწოლისა და რეპრესიების მიუხედავად, არასოდეს წყვეტდნენ საქართველოს დამოუკიდებლობაზე ფიქრს, რისი მაგალითებიც საბჭოთა ისტორიაში უხვად მოიპოვება.
მუზეუმის კონცეფცია აერთიანებს მუდმივმოქმედ და დროებით საგამოფენო სივრცეებს, რომლებიც ეძღვნება სხვადასხვა მწერლებსა თუ მოვლენებს.
მუდმივმოქმედ გამოფენაში წარმოდგენილია საქართველოში მწერალთა რეპრესიების ქრონოლოგიური ისტორია. ექსპოზიციის დიზაინი, საარქივო და თანამედროვე აუდიო-ვიზუალური ნამუშევრები დამთვალიერებლებს საშუალებას აძლევს, შეისწავლონ განხორციელებული რეპრესიების ისტორია და შექმნან უკეთესი მომავალი მყარი სამოქალაქო პოზიცით.
ექსპოზიციის ნაწილია რეპრესირებული მწერლების, მარი აბრამიშვილისა და კოტე ხიმშიაშვილის პირადი ნივთები.
რეპრესირებული მწერლების მუზეუმის დროებითი ექსპოზიცია პაოლო იაშვილს - სიმბოლისტ პოეტს, „ცისფერყანწელთა“ გაერთიანების ერთ-ერთ ფუძემდებელს ეძღვნება.
პაოლო იაშვილის ცხოვრება მწერალთა სახლს თავისი საქმიანობითა და ტრაგიკული დასაასრულით უკავშირდება - პოეტი იყო სარაჯიშვილისეული სახლის მწერალთა კავშირისთვის გადაცემის ერთ-ერთი ინიციატორი. თუმცა, დიდი საბჭოთა ტერორის პერიოდში, 1937 წლის 22 ივლისს, მწერალთა სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სწორედ პაოლო იაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება მუზეუმის განახლებადი სივრცე.
„მე მწამს, რომ ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვასაც შეიცავს შენი სიკვდილი!...“
კოლაუ ნადირაძე
მუზეუმის ფინანსური მხარდამჭერები არიან - „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ამერიკის საელჩო საქართველოში და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის CARDIF-ის ფონდი.
რეპრესირებული მწერლების მუზეუმის ექსპოზიციაში გამოყენებულია გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს ეროვნული არქივის, საქართველოს შსს აკადემიის არქივის, საქართველოს პირველი არხისა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივი არქივის მასალები.
მუზეუმის კონცეფცია: მწერალთა სახლი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია(SOVLAB).
გამოფენის დიზაინი: მარიამ ნატროშვილი, დეთუ ჯინჭარაძე, მაგდა ცოცხალაშვილი, ნინო ანდრიაშვილი.
მულტიმედია: დავით ცვარიანი.
მუსიკა: დავით ხორბალაძე.
სამუშაო საათები:
სამშაბათი - პარასკევი 11:00-18:00
შაბათი 12:00 – 19:00
ასაკობრივი ჯგუფი: მოზარდები 15 წლიდან
რეპრესირებული მწერლების მუზეუმი ატარებს ადგილობრივ და რეგიონულ საგანმანათლებლო ვორქშოფებს და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ქართული კულტურის ისტორიის, განსაკუთრებით საბჭოთა რეჟიმის დროს ლიტერატურის შესახებ, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს თანამედროვე საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში.
კონტაქტი:
email: museum@writershouse.ge
ტელ: +995 577 98 24 29