მწერალთა სახლი 2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა. ორგანიზაცია ცნობილი ქართველი მეწარმისა და მეცენატის დავით სარაჯიშვილის მიერ 1905 წელს აშენებულ, ისტორიულ მაჩაბლის N13-შია განთავსებული. ამავე შენობაში 1921-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირი.
მწერალთა სახლის მთავარი ამოცანაა ღია სივრცის შექმნა ქართული და მსოფლიო კულტურის ტრადიციების და მიმდინარე ლიტერატურული პროცესების წარმოსაჩენად, სადაც ქართველ და სტუმარ მწერლებსა და კულტურის მოღვაწეებს საშუალება ექნებათ საზოგადოებას წარუდგინონ თავიანთი შემოქმედება და ამავდროულად, აქტიურად ჩაერთონ საერთაშორისო დონეზე მიმდინარე მნიშვნელოვან სალიტერატურო და სახელოვნებო პროცესებში.
მწერალთა სახლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის და ლიტერატურის პოპულარიზაცია, სალიტერატურო პროცესების ხელშეწყობა, ლიტერატურული კონკურსებისა და პრემიების დაწესება, უცხოურ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უწყებებთან და სახელოვნებო კავშირებთან კონტაქტების დამყარება და განვითარება, ორი მუზეუმის (დ. სარაჯიშვილისა და რეპრესირებულ მწერალთა) დაარსება, ლიტერატურით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის საინტერესო პროექტების შეთავაზება, ლიტერატურული გაზეთის გამოცემა. ამ მიზნების განსახორციელებლად მწერალთა სახლი თავის საქმიანობას ოთხი მთავარი მიმართულებით წარმართავს:
ამ მიმართულებების ფარგლებში მწერალთა სახლი საზოგადოებას სთავაზობს ავტორთა შემოქმედებით საღამოებს, დისკუსიებს, ლიტერატურულ გამოფენებს, თემატურ სიმპოზიუმებს, კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებს; ქართველი და მოწვეული მწერლების, ხელოვანების ლექციებს და მასტერკლასებს; მთარგმნელებს კი - სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს. მწერალთა სახლი თანამედროვე ლიტერატურის გავრცელების, გაცნობისა და კრიტიკული განხილვის ადგილია, სადისკუსიო სივრცეა მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქართულ მწერლობაში მიმდინარე პროცესები და გამოწვევები, ვისაც აინტერესებს თანამედროვე ქართული და უცხოური ლიტერატურა.
მწერალთა სახლი თავისი საქმიანობის საერთაშორისო მიმართულების განვითარების შედეგად აქტიურად ერთვება რეგიონის და მსოფლიოს ლიტერატურულ და კულტურულ ქსელში, რის შედეგადაც საქართველოს საშუალება აქვს გახდეს მსოფლიოში მიმდინარე ლიტერატურული პროცესების მონაწილე თუ მასპინძელი, რაც, ერთი მხრივ, ქართული ლიტერატურული ტრადიციების უფრო ფართოდ გავრცელების, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენი კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნების წინაპირობაა. სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურულ სახლებთან და ამ ტიპის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით (მაგალითად, ლიტერატურული ფესტივალების მოწყობით და ა. შ.), მწერალთა სახლს შეუძლია სხვა ქვეყნების წარმატებული გამოცდილების გაზიარება, რაც უფრო მეტად უწყობს ხელს ახლადშექმნილი ორგანიზაციის ჰარმონიულ ინტეგრირებას საერთაშორისო ქსელში. ასევე, მწერალთა სახლში მოწყობილია რეზიდენციები საქართველოში სტუმრად მყოფი მწერლებისთვის და კულტურის მოღვაწეებისთვის, სადაც მათ აქვთ უნიკალური შესაძლებლობა იცხოვრონ და იმუშაონ ისტორიული მნიშვნელობის სახლში.
მწერალთა სახლის შენობას განსაკუთრებული და უნიკალური ისტორია აქვს, რომლის გაცნობა საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომაც აუცილებლად მიგვაჩნია სახლის სივრცე დავუთმოთ ორ მუზეუმს - სახლის დამაარსებლის და ცნობილი ქართველი ფილანთროპის, დავით სარაჯიშვილისა და საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი მწერლების მუზეუმებს.
ვფიქრობთ, მწერალთა სახლის ბაღში განთავსებული ლიტერატურული კაფე ერთ-ერთი მიმზიდველი და საინტერესო ადგილია როგორც თბილისელებისთვის, ისე ქალაქის სტუმრებისთვის.
მწერალთა სახლის შემოქმედებით საქმიანობას ხელმძღვანელობს მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრები არიან: