2017 წლის 16 ივნისს, პირველად საქართველოში  მწერალთა სახლის მესამე სართულზე 5 სარეზიდენციო ოთახი საზეიმოდ  გაიხსნა. რეზიდენციების რეაბილიტაცია-აღდგენა სრულად დააფინანსა საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ, რაც  ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითია სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთანამშრომლობისა. ამ სიახლით კიდევ უფრო გაართოვდა მწერალთა სახლის საქმიანობის სფერო და მას შემდეგ არაერთი საინტერესო სარეზიდენციო პროგრამა შესთავაზა, როგორც ქართველ ისე  უცხოელ ავტორებსა და მთარგმნელებს. სამწერლო რეზიდენციების გახსნით მწერალთა სახლი დანარჩენი მსოფლიოს ლიტერატურული სახლებისა და რეზიდენციების ქსელს შეუერთდა. 

მწერლებსა და მთარგმნელებს შესაძლებლობა ეძლევათ ამ ულამაზეს სახლში დაბინავებისა და ახალი ნაწარმოებების შექმნის.  დედაქალაქის სტუმრებს კი  შეუძლიათ რამდენიმე დაუვიწყარი დღე გაატარონ ძველი თბილისის გულში, სოლოლაკში მდებარე ამ უნიკალურ შენობაში, რომელიც გარდა იმისა, რომ თბილისური არქიტექტურის შედევრია, დიდი და საინტერესო ისტორიითაც გამოირჩევა.

მწერალთა სახლის რეზიდენციების დიზაინი ცნობილმა ქართველმა მხატვარმა გუგა კოტეტიშვილმა შექმნა. სარეზიდენციო ოთახების დახვეწილი, ექსკლუზიური გაფორმება ორგანულად ერწყმის და აგრძელებს მეოცე საუკუნის დასაწყისში აგებული მოდერნის სტილის შენობის უნიკალურ დიზაინს.

 რეზიდენციების თითოეული ოთახი საქართველოსთან დაკავშირებული ხუთი სხვადასხვა უცხოელი მწერლის სახელს ატარებს და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დიზაინით გამოირჩევა. ალექსანდრე დიუმას, ნიზამი განჯელის, ბორის პასტერნაკის, მარჯორი და ოლივერ უორდროპებისა და ჯონ სტეინბეკის სახელობის ხუთი ოთახი მწერალთა რეზიდენციაში ერთგვარ “მუზეუმ-ოთახებს” ქმნის, სადაც ინტერიერის თითოეულ დეტალს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს მინიჭებული.

სარეზედენციო ოთახების ნაწილი ქალაქის ერთ-ერთ უძველეს, მაჩაბლის ქუჩას გადაჰყურებს, ნაწილი კი სახლის მშვენიერ ბაღს, სადაც დღეს თბილისში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა რესტორანმა, “ლიტერამ” დაიდო ბინა. აქ სახლის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ცნობილი ქართველი შეფ-მზარეულის, თეკუნა გაჩეჩილაძის ექსკლუზიური კერძები, რომლებსაც ის ქართული და ევროპული სამზარეულოს  ტრადიციების გათვალისწინებით ქმნის.

სარეზიდენციო ოთახების გახსნიდან სულ რამდენიმე თვეში თბილისის მწერალთა რეზიდენციაში რამდენიმე დღე გაატარა  ნობელის პრემიის ლაურეატმა მწერალმა, სვეტლანა ალექსიევიჩმა. 

რეზიდენციების არსებობა საერთაშორისო ლიტერატურულ ორგანიზაციებთან, რეზიდენციებთან და ლიტერატურულ გაერთიანებებთან კულტურული კავშირების გაფართოებისა და ინტეგრირების მეტ საშუალებას აძლევს როგორც მწეალთა სახლის გუნდს, ისე ქართველ მწერლებსა და მთარგმნელებს. ეს არის შანსი კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდეს უცხოელ ავტორებთან, მთარგმნელებთან და გამომცემლობებთან,  მოვიწვიოთ ისინი საქართველოში, დავგეგმოთ ლიტერატურული სემინარები, ვორკშოპები და პანელ- დისკუსიები, ჩავერთოთ საერთაშორისო ლიტერატურულ პროცესებში, წარმოვაჩინოთ ახალი იდეები და პროექტები.

 

რეზიდენციები მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა თბილისის ყოველწლიური საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისთვისაც და  მწერალთა სახლს საშუალებას აძლევს საკუთარი სივრცე შესთავაზოს ფესტივალის სტუმარ ავტორებსა და მთარგმნელებს.

 

ამდენად, ვფიქრობთ,  რეზიდენციების მულტიფუნქციური საქმიანობა  მნიშვნელოვანი პერსპექტივაა მწერალთა სახლისათვის.


ჰოლი
ჰოლი

ჰოლი
ჰოლი


სამზარეულო

სამზარეულო

ალექსანდრე დიუმას(ფრანგული) ოთახი

ალექსანდრე დიუმას(ფრანგული) ოთახი

ნიზამი განჯელის (აღამოსავლური) ოთახი

ნიზამი განჯელის (აღამოსავლური) ოთახი

ბორის პასტერნაკის (რუსული) ოთახი 


ბორის პასტერნაკის (რუსული) ოთახი 


ოლივერ უორდროპის (ბრიტანული) ოთახი

ოლივერ უორდროპის (ბრიტანული) ოთახი

ჯონ სტაინბეკის (ამერიკული) ოთახი
ჯონ სტაინბეკის (ამერიკული) ოთახი