20 ივლ 2024

ავტორი: მაკა ჯოხაძე

ენდროსფერი სამყარო

 

მას არ უბანავია მდინარე იორდანეში და არ მიუღია ის სიხარული, რასაც ამ წყალთან შეხება აჩენს.

მას არ გაუვლია მცხუნვარე სანახებში და გალილეის ტბის სიმშვიდე არ ჩაღვრია სულში.

არც კაპერნაუმში უნახავს სასწაულები და არც კანაში შესწრებია წყლის ღვინოდ გადაქცევას.

იგი იმ თაობის წარმომადგენელი იყო, იმ პოლიტიკური რეჟიმების დროს ცხოვრობდა და ისეთი პოეტი იყო, იერუსალიმში უბრალოდ ვერ მოხვდებოდა.

არადა, სიხარულის, სიმშვიდის, სასწაულის მოსაპოვებლად დღეს უკვე, ვინ მოთვლის, რამდენი მშფოთვარე სული ჩადის ამ წმინდა ქალაქში საქართველოდანაც.

ცოტა ხანს კიდევ რომ ეცოცხლა, გაუწევდა გული იქით? ვინ იცის, იქნებ არც წასულიყო, იმდენად იყო თავად მასში სიმშვიდე, სიხარული და სიტყვასთან ზიარების სასწაულიც.

გენიალური სიჯანსაღე – ძალიან მოკლედ ამ ორ სიტყვაში შეიძლება ჩაეტიოს ფენომენი, რომელსაც ესმა ონიანი ჰქვია.

მისი, როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი დიდი ხელოვანის უპირატესობა უღმერთო საუკუნეშიც სწორედ ისაა, რომ იგი გადაურჩა თავისი ეპოქის მოდურ ტენდენციებს – ყოფილიყვნენ უღმერთოები, მაგრამ გენიალურად ავადმყოფურები და საინტერესოები; დესტრუქციულები, მაგიურები, მისტიურ-დემონურები...

პირიქით, სრულიად საწინააღმდეგოდ, ესმას ფერწერის, პოეზიის თუ ესეისტიკის წამკითხველს, პირველივე სიტყვა ან განცდა, რაც გეუფლება, ესაა ღვთაებრივი. მიუხედავად იმისა, რომ იგი არც წმინდანებს ხატავს და არც ანგელოზებს, არც ქერუბიმებსა და არც სერაფიმებს.

სიხარულზე, სიმშვიდეზე და სასწაულზე უკვე მივანიშნეთ, მაგრამ არის კიდევ ერთი ძლიერი განცდა – დამახასიათებელი, ნიშანდობლივი კი არა, უბრალოდ, ესმას, როგორც ადამიანის და როგორც შემოქმედის დვრიტა. ესაა მადლიერების უღრმესი გრძნობა უზენაესისადმი, რომ გაჩნდა ადამიანად.

უცნაურია, მაგრამ განსაკუთრებით სანდოა ამის განცდა დღეს, როცა სიდიადე კი არა, ყოველივე ადამიანური დამცრობილი და შერყვნილია.

ეს გამომზიანება ბურუსებიდან, ქაოსიდან, არაფრიდან, მთელი ამ პროცესის, შესაქმის ამ შიშისმომგვრელი ბედნიერების მატარებელია მისი ლექსის ყველა სტროფი, ყველა სტრიქონი, ყოველი სიტყვა, მეტაფორა, ზმნა; მისი ბლონდები, ეს გამჭვირვალე და მაინც ოდნავ შენისლული გარსები, საიდანაც გამოანათებენ საგნები, ჩიხები, სახეები, თაიგულები – თითქოს გაფრთხილებაა იმისა, რომ ამ სასწაულს ბოლომდე ვერ ჩაწვდები, არცაა საჭირო... ამიტომ დატკბი, დათვერი, გაიხარე ამ უსაზღვროებით, ამ უთვალავი ფერით, სურნელით...

ერთი სიტყვით რომ შეიძლებოდეს მთელი მისი პოეზიისა და მხატვრობის ფერში გაცხადება, ვიტყოდი, რომ ესაა ენდროსფერი, სააღდგომო კვერცხის სიწითლის ვარიაციები. მეწამული ფერის ვიბრაციები, ვარდისა და საკმევლის სურნელში გახვეული.

 

***

მას არ უბანავია მდინარე იორდანეში, მას არც გალილეის ტბის სანაპიროზე ჩაუვლია; ესმა არც სოფელ მაგდალაში ყოფილა, მაგრამ როგორც გალაკტიონის სიტყვებში, – რომ მას რუსთაველი ახსოვს ბავშვი, არ შეიძლება ეჭვის შეტანა, ასევე უეჭველია, რომ ესმას ნანახი და განცდილი ჰქონდა, მარიამ მაგდალინელის ხელში როგორ წითლდებოდა სააღდგომო კვერცხი – განახლების, სიკვდილის სიკვდილით დამთრგუნველი, უკვდავი სულის, სიხარულისა და რწმენის ფერი.

მე დავიბადე ადამიანად,

არაფრიდან გამოვმზიანდი,

რა უბრალოა, უღალატო,

როცა იტყვი – მე ვარ დიადი!

რთულია იყო უბრალო და უღალატო, თვით პოეტებისათვისაც კი. მხოლოდ რჩეულთა ხვედრია, მათი ჯილდო და სასჯელია უბრალოება და უღალატობა. ამიტომ ესმა ონიანი ღვთის რჩეული პოეტია. ამიტომ ისიც ბუნებრივია, რომ ჯერ ბევრს არ ესმის მისი, შემთხვევითი არც ისაა, რომ, ამ კრებულის ბრწყინვალე წინასიტყვაობის ავტორმა, რენე კალანდიამ, თავის წერილს ესმა ონიანის საოცარი სიტყვები წარუმძღვარა ეპიგრაფად:

„პოეტებო, ვინ არი ჩვენი პატრონი? ჩვენ ერთმანეთით ვართ, ერთმანეთი გვიყვარს, ერთმანეთით ვმაგრობთ, ვხალისობთ, აღვტაც-ცრემლებით უსაზღვრო ლტოლვით, გაგებით. ახლობლობა – მშობლიურობით საუკუნეთა, წელთა, გადაღმა: ცრემლ-გაღიმებული, გამგები მზერით ვამხნევებთ ერთმანეთს“.

გამომცემლობა „ინტელექტმა“ პროექტ „100 ლექსის“ ფარგლებში ამჯერად ესმა ონიანის პოეზიას გვაზიარა.

ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოში ჯერ კიდევ ესმით და ენდობიან ჭეშმარიტ პოეტებს.

 

თაგები:

#

თაგები

#ბლოგი #მწერალთასახლი #ნონამაზიაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #გიორგიმესხი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #ნინოსადღობელაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #დათიაბადალაშვილი #თამარგელიტაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #ირაკლისამსონაძე #ლევანინაური #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #კოტეჯანდიერი#ადანემსაძე #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #ლიასტურუა #ნანაკუცია #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #მარინე ტურავა #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #თამარგელიტაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #ლევანინაური #ლიტერატურულიბლოგი #ნინოქუთათელაძე #თამარელაწოწორია #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #შოთაჩანტლაძე #ნინოდარბაისელი #მწერალთასახლი #ლიტმცოდნეობითიოპუსები #ლიტერატურულიბლოგი #ჯემალქარჩხაძე #მანანაკვაჭანტირაძე#მწერალთასახლი ანდრიაძე ანდრიაძე "კრიტიკის სკოლა" "მწერალთა სახლი" ეკა მახარაშვილი ახალი ძველი ამბები #ახალიძველიამბები ლიტერატურული პრემია მწერალთა სახლი ნაირა გელაშვილი მწერალთა სახლი ტარიელ ჭანტურია