30 სექ 2024
...გვყავს თუ არა ქართველებს ნობელის პრემიაზე წარსადგენი მწერალი... თან ისეთი, რომლის ნაღვაწი, მხატვრული ლიტერატურის მსოფლიო მოყვარულთა და მცნობთ, ნამდვილ, დროს დაუმორჩილებელ ლიტერატურულ ღირებულებებს, ხიბლსა და მარადიულობას რომ აზიარებს და პრემია მისთვის იქნება ერთმნიშვნელოვნად დასტური იმისა, დიდ ნობელიანტთა მემკვიდრე რომაა და არა ჯილდო წახალისება-გამორჩეულობა რასის, კანის ფერის, უმცირესობათა სახისა თუ პოლიტიკური შეხედულებების გამო... დიახ, გვყავს... მიუხედავად იმისა, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული პრემია, 31-მილიონიანი (კრონი) ფონდით რომ დააარსა ალფრედ ნობელმა, ანდერძში კი მოკლედ გამოხატა თავისი ნება, პრემია უნდა მინიჭებოდა მათ, რომლებმაც კაცობრიობის სასარგებლოდ უდიდესი წვლილი შეიტანეს მედიცინაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ლიტერატურაში, მშვიდობისათვის ბრძოლაში (1968 წელს დაემატა ეკონომიკა), და მისი გამცემი, შვედეთის ნობელის კომიტეტი, ბოლო წლებში სულ უფრო მეტ კრიტიკას იმსახურებს, რაც მისი რეფორმის აუცილებლობას გულისხმობს. გონიერი ქართველი მღელვარებით ელოდება დღეს, როცა N წლის 10 დეკემბერს, სტოკჰოლმის მერიის შენობაში, შვედეთის მეფისა და სამეფო ოჯახის თანდასწრებით, პრემია და გრავიორ ერიკ ლინდბერგის შექმნილი ოქროს მედალი წარწერით, „გამომგონებლობა ცხოვრებას აქცევს უკეთესად, ხელოვნება - მშვენიერებად", გადაეცემა ქართველ მწერალს და ეს იქნება 15-საუკუნოვანი ქართული ლიტერატურის მსოფლიო აღიარება. მანამ კი პირუთვნელად, მიუკერძოებლად უნდა გავცეთ პასუხი შეკითხვას: გვყავს ნობელის პრემიაზე წარსადგენი მწერალი, რომელიც აკმაყოფილებს ვაჟას „ნიჭიერი მწერლის" (ესე იგი, მსოფლიო ლიტერატურის საზომით) ყველა პირობას? დიახ, გვყავს და იგი მაკა ჯოხაძეა, რომლის შემოქმედების დასახასიათებლად ზედგამოჭრილი იქნება ნობელის კომიტეტის მიერ პრემიის პირველი ლაურეატის, ფრანგი პოეტისა და ესეისტის, სიული პრიუდომის, ნაღვაწის შეფასება, ხაზგასმა, რისთვისაც დააჯილდოვეს: „...უთვალსაჩინოესი ლიტერატურული მოღვაწეობისათვის, განსაკუთრებით მაღალი იდეალიზმის, მხატვრული სრულყოფილების, სულიერებისა და ტალანტის არაჩვეულებრივი შერწყმისათვის, რაზეც მისი წიგნები მეტყველებს". მსგავსი მოკლე ტექსტი, რა თქმა უნდა, ვერ დაიტევს მთელს ისტორიას ქვეყნისას, რომლის თავგადასავლის ანარეკლია ის ლიტერატურა, რომელიც ისევე უცნობია მკითხველი მსოფლიოსათვის, როგორც თავად ქვეყანა, რადგან კოლონიიდან ე.წ. დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით ნეოკოლონიად ქცეულ საქართველოში ფსევდოღირებულებათა შესაქმნელი „მორალური ტემპერატურაა" (გ. ბრანდესი) და ნამდვილს, შემოქმედსაც და მკითხველსაც, მხოლოდ ერთმანეთით უდგათ სული. გონიერი ქართველის ბედში, როგორც წვეთში ოკეანე, ისე ირეკლება ქვეყნის ბედი და რა გასაკვირია, დემოკრატიისა და თავისუფლების სახელით ერის წინააღმდეგ მიმართული ათასი მზაკვრობის გამოისობით დღევანდელ საქართველოში საზოგადოების არც თუ უმნიშვნელო ნაწილს დამოკიდებულებისათვის „ღვწა" მიაჩნდეს პროგრესად, ცხოვრების წესსა და ხელოვნებაში სხვათა მიბაძვა, წამხედური ეპატაჟურობა, ახალ სიტყვად. მსგავსმა ნეოლიბერალურმა განწყობებმა, მსოფლიო იდეოლოგიად რომ აქციეს, სამწუხაროდ, ყველა სფერო მოიცვა და აქედან გამომდინარე, გასაკვირიც არაა, საბაზრო ეკონომიკას მორგებულ, აზროვნების სიღრმეებს მოკლებულ ფსევდო ლიტერატურას თავის თემებად არ აერჩია ჰუმანიზმი, ზნეობა, მორალი, პატრიოტიზმი (რომელიც ლამის ფაშიზმის სინონიმად იქცეს), რის გამოც, რა თქმა უნდა, ვერ ჩამოყალიბდებოდა ის მკითხველი, რომლისთვისაც კითხვა, „სიამოვნებათა შორის ყველაზე განმაკურნებელი სიამოვნებაა" (ჰაროლდ ბლუმი) და რომელმაც იცის, მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო და მისი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქეები დააყენებენ ერს „ერად სხვა ერთა შორის", რომლის ლიტერატურა აღმოჩენა იქნება მსოფლიო მკითხველისათვის. ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ქართულ ლიტერატურას ჰყავდა და ჰყავს თავისი გრანდები, რომელთა არსებობა და ნაღვაწი სულიერი ოაზისი იყო დაპყრობილი ერის გონიერი შვილებისათვის, რომლებსაც სწორედ ნამდვილი ლიტერატურაც უნარჩუნებდა პიროვნულ ღირსებას და დასავიწყებლად არ ანებებდა თავის თავში არსებულ ერთიან საქართველოს. იქმნებოდა ლიტერატურული შედევრები, რომლებიც ქვეყნის გარეთ ვერ გაღწევის მიუხედავად, მსოფლიო ლიტერატურის მდინარებას არ ჩამორჩებოდა. ამიტომაც აღნიშნავდა საუკუნის დასაწყისში, 2000 წელს, დიდი ოთარ ჩხეიძე: „არა მგონია, კუნდერასა და პავიჩისოდენა მწერლობა რო არ იყოს ჩვენში. ზოგჯერ მივარდება ხელში უახლესი ინგლისურ-ამერიკული რომანები. არც იქ არაფერია ისეთი, ჩვენი მწერლები რო დაფრთხნენ. ორი საუკუნეა სახელმწიფოებრიობა რო დავკარგეთ. ჩვენ ჩვენი მკითხველიც დავკარგეთ. არ იცით?!. ქართველი ელიტარული მკითხველი - რუსი მკითხველია ჯერ კიდევა. ეგ შენი მსოფლიო პოპულარობა არ არსებობს არც შენი სახელმწიფოებრიობის გარეშე, შენი ძლიერი მკითხველის გარეშეც არ არსებობს. სხვა მიზეზებს აღარ ჩამოვთვლი. ყველაფერი მაინც იმისი ბრალია: პროვინცია რო ვიყავით საშინელი იმპერიისა და დღესაც რო ვერ განვთავისუფლებულვართ პროვინციალობისაგანა. და ყველაზე დიდი პროვინციალი ჩვენი ელიტარული მკითხველია. იმასაც შეგახსენებთ, - მე ჩვენს პრესაში ამომიკითხავს: ჩვენს ორ ავტორს ბოლო ნომინაციამდისაც მიუღწევია ნობელის კონკურსში. თუ ეს მართალია, ეგრე რატომ შეწუხებულხართ?.. იმედი რატომ არ ჩაგესახებათ?.. იქ მსოფლიო კონკურსია და ჯერ შედით მსოფლიოში, მერეღა მოითხოვეთ პოპულარობა მსოფლიოსი". მაკა ჯოხაძე უცილობლად მოიაზრება ზემოაღნიშნულ იმ ლიტერატურულ გრანდებში, რომელთა გამგები და მოყვარული მკითხველი ე.წ. ელიტარული მკითხველი ვერ იქნებოდა და რომელთათვისაც ყოველთვის ცხადი იყო და არის, თუ ჩვენნაირი ბედისა და მდგომარეობის ქვეყნის შვილი თვალს უსწორებს მსოფლიო ლიტერატურის სიმაღლეებს და ლიტერატურაში გააზნაურებული მდაბიოს კომპლექსი არ გასჩენია, მეტწილად მათი დამსახურებაცაა. მაკა ჯოხაძე უძველესი ქართული კლასიკური ლიტერატურიდან მოდის თავისი გამორჩეული სათქმელით, ხმით, სტილით და უცნაურად მეჩვენება, როცა მას ზოგჯერ „გერტრუდა სტაინს, მარგარეტ იურსენარს, ვირჯინია ვულფსა თუ ოსკარ უაილდს, რაფინირებული ხელწერით ფსიქოლოგიური წვდომითა და მეტაფორულობით კი კენძაბურო ოეს (ამ უკანასკნელს ფრანგებმა შეადარეს) ადარებენ", რადგან ლიტერატურულ კოსმოსში გაბნეული მწერალი-პლანეტები თავიანთი მზეების გარშემო ბრუნავენ და მზე-რუსთაველის სისტემაში მყოფი პლანეტა მაკა ჯოხაძე თავისი სტაბილური ორბიტით მკითხველს არწმუნებს თვითმყოფადობასა და იმის საიმედოობაში, რომ მზე-რუსთაველის გრავიტაციის ძალა განსაზღვრავს მისი სვლის სამართლიან, გადაუხრელ და მარადიულ კანონზომიერებას. ზემოაღნიშნულ დიდ სახელებთან კი მაკა ჯოხაძეს, როგორც მათ ერთმანეთთან, გამორჩეულობა აკავშირებს და თუ ვინმესთან მაინც აქვს საერთო, ალბათ, ლია სტურუასთან, რადგან ორივე მეტაფორული თქმის დიდოსტატია. „ნამდვილი მეტაფორა უცხო ფრინველივით იმ ქვეცნობიერიდან მოფრინავს და იბადება, რომლის გაჩენის მიზეზებიც ყოველთვის რეალურ სამყაროში არსებობს, რეალობის განცდით იბადება. სანამ შემოქმედის ცნობიერება, თავდაცვის ინსტინქტით, ამ განცდას ქვეცნობიერში ჩაძირავს, დალექავს, ოკეანის ფსკერზე დაშვებულ მარგალიტივით მის ნათებას შებურავს, გარკვეულმა დრომ უნდა გაიაროს. უფრო ზუსტად, ნაყოფივით უნდა მომწიფდეს და ტკივილებით იმშობიაროს", - წერს მაკა ჯოხაძე. ...ნაყოფივით მომწიფდეს და ტკივილებით იმშობიაროსო და ამაზე უკეთ ვერც გამოვხატავთ მთელი მისი მწერლური ცხოვრების ნაყოფივით მომწიფებული, დედის, შემოქმედის, ცნობიერებიდან, გულის, გონებისა და მთელი სხეულიდან ტკივილით დაბადებული მისი ახალი რომანის, „ისკარიოტის ეკლების" მნიშვნელობასა და მშვენიერებას. ერთ-ერთმა დიდმა ნობელიანტმა, თომას მანმა, თავის სანობელე სიტყვაში გერმანულ ლიტერატურას „ტანჯვათა შორის მომხიბვლელობა" უწოდა, იგივე შეიძლება ითქვას ქართულ ლიტერატურაზე და ამ შემთხვევაში „ისკარიოტის ეკლებზე", რომელიც ფსიქოლოგიური რომანია და ლაიბნიცის აზრის, „სულს ფანჯარა არა აქვს", საწინააღმდეგოდ მაკა ჯოხაძე მწერლური დიდოსტატობით გვიღებს თავისი მთავარი ოდიოზური პერსონაჟის, იუდა ისკარიოტელის, სულის სარკმელს და თავზარდამცემი უფსკრულის წყვდიადში გვახედებს. "ისკარიოტის ეკლები" დრამაა, იუდას საქციელის გაგების ცდაა, გამცემის ფსიქოლოგიის განჩხრეკაა და 1867 წლიდან მოყოლებული, როცა პირველად გამოქვეყნდა ფერდინანდო პეტრუჩელი დელა გატინას „იუდას მემუარები", დღემდე მრავალი აკადემიური ნაშრომი, მხატვრული ნაწარმოები თუ ფილმი მიეძღვნა აღნიშნულ საკითხს. აპოკრიფული ტექსტების არსებობის მიუხედავად, სანდო წყარო - „სახარებაში", იუდას მცირე ადგილი აქვს დათმობილი, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისი პიროვნებისადმი დიდ ინტერესში, რომელიც საუკუნეებია არ ცხრება და ქრისტეს მოწაფის ქმედების ახსნის ახალ-ახალი ვერსიები, ავტორთა მიერ შემოთავაზებული ინტერპრეტაციები, თავად აღნიშნულ მწერალთა დროისა და ეპოქის ნიშანსაც ატარებს. ამის დასტურია: ლეონიდ ანდრეევის („იუდა ისკარიოტელი"), იური ნაგიბინის („საყვარელი მოწაფე"), ბორხესის („იუდასგან გაცემის სამი ვერსია") ამოს ოზის „იუდა" და სხვა. საინტერესოდაა დახატული იუდას სახე მიხეილ ბულგაკოვის რომანში „ოსტატი და მარგარიტა", ერიკ-ემანუელ შმიდტის „პილატეს სახარებაში", ნიკოს კაზაძანკისის „ქრისტეს უკანასკნელ ცდუნებაში", ერნსტ რენანის „ქრისტეს ცხოვრება და მოღვაწეობაში", ან ბერნეს „პილატე პონტოელის მემუარებში", ჯიბრან ხალილ ჯიბრანის „იესო ძე კაცისაში", ენტონი ბერჯესის რომანში „ადამიანი ნაზარეთიდან", ნორმან მეილერის „ძე ღვთისას სახარებაში", ჟოზე სარამაგუს „იესოს სახარებაში", ფრანსუა მორიაკის „იესოს ცხოვრებაში" და სხვა არსებულ, მაგრამ ჩემ მიერ ხელმიუწვდომლობის გამო ჯერჯერობით ვერ წაკითხულ სხვა ნაწარმოებებში... ტრადიციულად იუდას სახის წარმოჩენის ორი ვარიანტი არსებობს. იუდა-პატრიოტი, რევოლუციონერი, რომლისთვისაც იესო რომაელი დამპყრობლებისაგან ქვეყნის გათავისუფლების საშუალებაა, ფიქრობს, მისი გაცემით ხალხს ააბუნტებს და მიზანს მიაღწევს, თუმცა მოძღვრის სიკვდილი არც უფიქრია, მაგრამ, როცა მისი მიზანი არ ხორციელდება, სინანულისგან თავს იკლავს, და მეორე - იუდა, ღმერთის ჩანაფიქრის, დიდი მისიის მონაწილე, რომლის გარეშეც არ იქნებოდა ჯვარცმული ქრისტე... მე-20 საუკუნის ბოლოს, იმის შემდეგ, რაც აღმოჩენილი იქნა პაპირუსზე კოპტურ ენაზე შესრულებული ძველი ხელნაწერი, ე.წ. სახარება იუდასი, რომელმაც ააღელვა მკვლევართა გონება და ბევრი დააბნია იმით, რომ ნაწილმა ის სიყალბედ მიიჩნია, ნაწილმა - ეკლესიის მიერ მორწმუნეთთვის დამალულ ჭეშმარიტებად, 2006 წელს გამოქვეყნდა ფრანგი ჟურნალისტის, ეტიენ კასსეს, თუ როგორც ვარაუდობენ, ამ ფსევდონიმით წარმოდგენილი ჯგუფის, ე.წ. „იუდას სახარება", „კანონიკური სახარების შეგნებულად დამახინჯებული მეორეული ტექსტი", როგორც მას უწოდებენ, რომელშიც გამცემი გამოყვანილია მოძღვრის საუკეთესო მოწაფედ, ღმერთის გაცემის საიდუმლოს განმახორციელებლად. „იუდას სახარებამ" „წარმატებულად" გააგრძელა იუდას ახლებურად წარმოჩენა დელა გატინადან დაწყებული ენდრიუ ვებერის როკ ოპერა „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავის" ჩათვლით, რომელშიც მთავარი პერსონაჟი იუდაა და მიუხედავად იმისა, მხატვრულ თუ მუსიკალურ ნაწარმოებს კანონიკური ტექსტის დატვირთვა ვერ ექნება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იუდას გაიდეალებამ უკვე სტერეოტიპის სახე მიიღო და ავტორთა მსგავსი ინტერპრეტაციები ღმერთს დაშორებული, იფქლისაგან ღვარძლის ვერ გამრჩევი თანამედროვე ადამიანის დრამას უფრო გვაჩვენებს, აზროვნების პროგრესად რომ მიიჩნევს, იუდას რეაბილიტაციითა და მოციქულთა საქმეების თავიდან გააზრებით, ცნობიერების ტრადიციული არტეფაქტებიდან გათავისუფლებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე უნდა განვიხილოთ მაკა ჯოხაძის „ისკარიოტის ეკლები" და თავიდანვე აღვნიშნოთ განსაკუთრებული სირთულე მწერლის არჩევანისა, მით უფრო მაშინ, როცა ასე ფეხმოკიდებული და პოპულარულია ტენდენცია იუდას „გაკეთილშობილებისა", გმირისა, როგორც ქრისტეს მოწაფეთაგან ყველაზე მოაზროვნისა და მოძღვრისათვის ნებით შეწირულისა. მაკა ჯოხაძისათვის ვერ იქნებოდა საინტერესო სახე კიდევ ერთი გათანამედროვებული იუდასი, მით უფრო, დღეს, როცა საზოგადოების დეჰუმანიზაცია ლამის დემონიზაციაში გადაიზარდოს. მისთვის წყარო იუდას პიროვნების ნამდვილობისა ქრისტეს მოციქული იოანეა. ბეთანიაში, ლაზარეს სახლში, მოწაფეებთან ერთად სტუმრად მისულ იესოს მარიამმა ძვირფასი ნელსაცხებელი სცხო, იუდა „შეშფოთდა", რა საჭირო იყო ამის გაკეთება, არ სჯობდა, ეს ნელსაცხებელი სამას დრაჰკანად გაგვეყიდა და გლახაკები განგვეკითხაო? „ხოლო ესე თქუა, არა თუ გლახაკთაი რაიმე ზრუნვაი ედვა გულსა მისსა, არამედ რამეთუ მპარავი იყო და გუადრუცი იგი მას აქუნდა და შთასადებელი იგი მას ჰკიდავენ" (იოანე 12:6). მაკა ჯოხაძემ თავის არაჩვეულებრივ მოთხრობაში „უდაბნოს ქალი", ისე დაუვიწყრად და მხატვრულ-რეალისტურად წარმოგვიდგინა იესოს სახე, დარწმუნებული ვარ, თუ „ძე კაცისას" გაიხდიდა რომანის მთავარ პერსონაჟად (თუმცა არის კიდეც მთავარი), ეს იქნებოდა ახალი სიტყვა, ქრისტეს სხვა რაკურსით ხედვის წარმოდგენა არა მხოლოდ ქართულ, არამედ, ზოგადად ლიტერატურაში, მით უფრო, მისი დონის მწერალს მშვენივრად მოეხსენება, „...გმირი უფრო მომხიბლავია, რაღა თქმა უნდა, ლიტერატურული გმირი, ძლევამოსილი, გამარჯვებული, ან თუნდაც რო ტრაგიკული ბედი რო ეწიოს, მომხიბლავია უზადობითა თავისითა, კეთილშობილებითა, სიკეთის ქმნითა, მომხიბლავია, რაღა თქმა უნდა, ოღონდ ეს მხოლოდ ერთი სტილია, სტილი იგი ამაღლებული, ამაღლებული რო უნდა გამოჰხატოს, სანიმუშო რო უნდა გამოჰხატოს, როგორიც რო უნდა იყოს ადამიანი, ეს რო გამოჰხატოს, - როგორიც რო უნდა იყოს!... მაგრამ არსებობს სხვაგვარი სტილიცა ლიტერატურაში, მხატვრულ ლიტერატურაში, რაღა თქმა უნდა, - რო უნდა გამოჰხატოს, როგორიც რო არ უნდა იყოს ადამიანი, როგორიც რო არ უნდა იყოს... ვის არ უნდა მიჰბაძო, უძველესია ესეცა, ანუ რო უნდა შეგძრას ხელოვნებამა, ესაა უძველესი და მარადიული, სხვანაირად რო არც იქნება, რახან რო ესაა საფუძველი სულიერი განწმენდისა და ამაღლებისა... განდიდებული მომხიბლავია, დაკნინებული არაა მომხიბლავი, გონჯია, შემზარავია, შემაძრწუნებია, ის არაა რო აღგამაღლებს უეცრადა, რო აღგიტაცებს უეცრადა, აქ კათარზისი უფრო რთულია, შეიძლება რო გამთანგველია, რასაც რო ადვილად არ მოინებებს ადამიანი..." (ოთარ ჩხეიძე). ...და, განა შეიძლება იმაზე უფრო რთული და პასუხისმგებლობით სავსე იყოს მიზანი მწერლისა, რომელმაც გამცემის, მოღალატის, სულმდაბლის სახე გვიჩვენოს ისე და „იმის" ფონზე, ვისაც ვერ ვხედავთ, ვინც ყველგანაა და იმდენი ფიქრი შემოგვასიოს, საკუთარ თავში ისე ჩაგვაღრმაოს, სხვის თვალში ბეწვის შემამჩნევლებს, ჩვენი თვალების დირეც დაგვანახოს... „ისკარიოტის ეკლების" იუდა დაბადებამდეა განწირული, დედამისს, მშვენიერ აბიგაილს, სიკვდილი ურჩევნია მის დაბადებას, რადგან წინასწარ გრძნობს, რაღაც საშინელს, ამიტომაც „საკუთარ მუცელს უფსკრულივით ჩასცქეროდა, ასე ამაზრზენად რომ დაეღო ხახა" და მალე უნდა ეშვა ის, ვინც საკუთარ დაბადებას დაწყევლიდა და ვისი სახელიც კაცობრიობის ქრისტიანი ნაწილისთვის გამცემის, მოღალატის მარადიულ სინონიმად იქცეოდა. მწერალი თავიდანვე გვაგდებს დიდ საფიქრალში. რატომ, რატომ დაუშვა ღმერთმა, ორ, სიყვარულითა და სიკეთით სავსე ადამიანს ურჩხული ეშვა და წუთისოფელშივე გაევლო ჯოჯოხეთის ყველა წრე. თუ „მისი" ნების გარეშე ტყეში ფოთოლი არ დავარდება და თმიდან - ერთი ღერი, რა ჭეშმარიტების შესაცნობად უნდა გაუბედურებულიყო ამდენი ადამიანი და ვინა ვართ ჩვენ, წინაპართა გენების, ღმერთის მიერ ბოძებული ჩვენი ბუნებისა და გარემოს შედეგი, თუ წინასწარ დაწერილი ბედისწერის ტყვეები... რომანის პირველივე ფურცლებიდან შევყავართ მწერალს ბიბლიურ სამყაროში, რომელშიც ისეა წარმოდგენილი ადამიანები, ბუნების სურათები, შუქ-ჩრდილები ამომავალი თუ ჩამავალი მზისა, „რიჟრაჟის ნისლში გახვეული კვიპაროსები", „გზაზე მიმავალი ჩარდახიანი ურემი, ისე რომ მიცურავს თაკარა სიცხის ოქროსფერ ლივლივში, როგორც აფრებდაბერილი ხომალდი მზით აბრჭყვიალებულ ზღვის ტალღებში", „ჰორიზონტივით გაწოლილ სანაპიროზე მდორედ, ზანტად მიმავალი აქლემთა თაფლისფერი ქარავნები", იერუსალიმისა და კაპერნაუმის ცხოვრება, „ხმაურიანი, ჩანჩქერივით რომ ჩქეფდა და გადმოჩქეფდა, სიცოცხლის შხეფებს აქეთ-იქით უხვად ისროდა", რომელთა ქუჩები სავსე იყო „იუდეველებით, გალილეველებით, მწიგნობრებითა და ფარისევლებით, ნასწავლი ბერძნებითა და ამაყი რომაელებით", მაშინვე იგრძნობ თავს ამ გარემოს ნაწილად და ისე გაიჟღინთები ისტორიის სურნელითა და პერსონაჟებთან ცოცხალი კავშირით, აღარ გაგიკვირდება, თუ რომანის დასრულების შემდეგ, უბრალოდ, ჩვეულებრივი, „ცისკენ თავაღერილი მამლის სასოწარკვეთილი ყივილი" ისე გესმის, „თითქოს ყელში ჩაჭედილი (ჩაყინული) იმ ოცდაათი ვერცხლის ამოყრას ცდილობს". (მაკა ჯოხაძე „ჩაძირული დღესასწაული") „ისკარიოტის ეკლების" იუდა, როგორც აღვნიშნეთ, დაბადებამდეა დაღდასმული და მკითხველს ბევრი ფიქრი და განსჯა მოუწევს, გაიგოს, რამ აქცია, რამ შეამზადა იუდა იუდად, იმან, რომ ბავშვობიდანვე მოიშორეს, გასწირეს, თუ ხასიათმა, როცა მშვილებლების (სინამდვილეში კი ნამდვილი მშობლების, ბედმა თუ ღმერთმა მათ მიერ პატარა მოსესავით ტბას მინდობილი, ისევ უკან რომ დაუბრუნა ამის ვერ გამგებთ) სიყვარულის ვერ შემგრძნობმა, ეგოისტმა, ხარბმა მესაკუთრემ, კაენობა არჩია საყვარელ შვილად, უფროს ძმად დარჩენას და ჩვენ თვალწინ იხატება სახე კეთილშობილი უმცროსი ძმის, ანანიას, მოძულე ცივსისხლიანი მკვლელისა, რომელიც ანანიაში მხოლოდ ქონების მოცილეს ხედავდა. ამიტომაც შეიძულა დაბადებისთანავე პატარა ძმა. „იტანჯებოდა, შფოთავდა, წრიალებდა შურით დაეკლილი ბიჭის სული... არა და არ მოდიოდა მშვიდი ძილი... შეციებული და აკანკალებული ისევ დგებოდა, ისევ ტოვებდა ჩამთბარ ლოგინს. ფეხშიშველა ისევ უახლოვდებოდა ანანიას აკვანს და დიდხანს, დიდხანს იდგა მის წინაშე მონუსხული". ძლივს ერეოდა იუდა ძმის გაქრობის სურვილს, საათობით იდგა მის საწოლთან, მხოლოდ ერთი რამ აშინებდა და აფრთხობდა მის უკვე სიბნელით მოცულ სულს, მთვარეს ერიდებოდა, იცოდა, „მთვარე ზეცის მსტოვარი იყო"... მიწის არა, ცის ეშინოდა პატარა იუდას... განსაკუთრებით ჭექა-ქუხილის დროს... „წამიერად გადახსნილ ცაში, გარდა ცეცხლოვანი სილურჯისა, ვერაფრის დანახვას ვერ ასწრებდა. არადა, იქ, სიღრმეში ვიღაც ეგულებოდა. ეჩვენებოდა, რომ იმ ვიღაცის გრგვინვა და მრისხანება აშკარად მისკენ იყო მომართული". ...იმ „ვიღაცის" გრგვინვისა და მრისხანებისგან მოგვრილ შიშს, მართლაც შეეძლო, სინდისი გაეღვიძებინა მასში, მაგრამ ამაოდ, რაც არ ჰქონდა და რასაც არ ეძინა, რა გააღვიძებდა. ადამიანის ფსიქოლოგიის დიდი ცოდნით გვიხატავს მწერალი უფროსი და უმცროსი ძმის ურთიერთობას, ძნელია იმის ყურება, თუ როგორ ცდილობს უფროსი ძმა უმცროსში საკუთარი ძალის, რწმენის ჩაკვლას, აბუჩად აგდების, გატეხისა და დამცირების ფასად. თუ როგორ არ შეუძლია, უფროსი ძმისადმი ანანიას სიყვარულს, შემუსროს იუდას სულის ბოროტების ბჭენი. ანანიას შინაგანი სინათლის საპირისპიროდ უფრო და უფრო მძლავრობს იუდაში სიბნელე და როცა უმცროსი ძმა საბოლოოდ ფაქტის წინაშე დადგა, თვალი აეხილა და მისთვის ცხადი გახდა, ვინ და რა იმალებოდა იუდას უმანკო ღიმილის მიღმა, აჯანყდა გაშმაგებული და ამ მოულოდნელი ჯანყით დამფრთხალმა და შეშინებულმა, იმის მიმხვედრმა იუდამ, "ამიერიდან აღარ არსებობდა მისი მოყვარული და მისით აღფრთოვანებული მორჩილი ძმა, ბიჭი ეს წუთია გათავისუფლდა მონობისგან", ქვა აიღო და უნებლიედ წაქცეულ ძმას „მთელი ძალღონით პირდაპირ საფეთქელში დასცხო..." სულისშემძვრელად გვიჩვენა კი არა, ყველა უჯრედით გვაგრძნობინა მწერალმა შვილებდაკარგული დედ-მამის ზაფრა, იმდენად სულისშემძვრელად, რომ მათსავით უბედური გაგვხადა, თავზე ზეცა ჩამოქცეულნი და ფეხებიდან ნიადაგ გამოცლილნი... და, იწყება საშინელი დანაშაულის შემდეგ არ მონანიე, არ დამწუხრებული იუდას ხეტიალი უბადრუკი თავის (და, რა თქმა უნდა, არა, სულის) გადასარჩენად: „მით უფრო დამნაშავედ თავს არ თვლიდა, ჯერ ახალგაზრდა იყო, არ იცოდა, რომ ვერანაირი ცეცხლი ხსოვნის ხეივანს ბოლომდე ვერ გასწვდება. ყოველ შემთხვევაში, თვით დანაცრული, ფერფლადქცეული მოგონებაც კი სადღაც სიღრმეში, გულისგულში ხსოვნის ნაპერწკალს ინახავს". ეს ჯერ არ იცის... იცის, „აღარც მეტოქე ჰყავდა და აღარც მამისეული ქონების მეწილე, მაგრამ თავადაც ხომ დაკარგა ყველაფერი"...ადამიანისთვის რაც მთავარია, ხსოვნა, მოგონებები, არაფერი წამოუღია მის გულსა და გონებას, არც სჭირდება, სამაგიეროდ ის ახსოვს, „როველის (მამამისის ლ.კ.) შუათითზე წამოცმულ აქატისთვლიან ვერცხლის მსხვილ ბეჭედს რომ ვეღარ შეავლებდა ხარბი წადილით თვალს, ვერც აბიგაილის (დედამისის ლ.კ.) სამაჯურების მათრობელა წკარუნი დაახვევდა თავბრუს, ვერც მეორე სართულის განაპირა ოთახში შეიპარებოდა გულის ფანცქალით, სკივრის სამალავში როველის მიერ ჩაყრილი მონეტებისათვის რომ ამოევლო პეშვი, ვერცხლის მდინარის ბრჭყვიალა ჩხარუნით მზერა და სმენა რომ დაეტკბო... მერე კი კიბის ყოველი საფეხური ამაყად ჩამოევლო დაიმედებულს-სულ მალე მთელს იუდეაში ყველაზე მდიდარი მემკვიდრე გავხდებიო". ძმის მკვლელმა განახლების იმედით დატოვა მშობლიური ქალაქი, გაიპარა და იგივე, მაგრამ სახელშეცვლილი (მისგან გამეტებული უმცროსი ძმის, ანანიას, სახელით), თეთრი კბილითა და შავი გულით შეუდგა „ახალ" ცხოვრებას... რომელშიც ვერაგობებითა და მზაკვრობებით უნდა „გაემდიდრებინა" თავისი უბადრუკი ყოფა. თავის შემფარებელი კაცისთვის, მამასავით რომ მიიღო იგი, უნდა ემუხთლა, მისთვის რძალი გაებახებინა, ერთადერთი შვილი მოეკლა და „ყმუილით ეტირებინა". თავად კი, უკვე ჩვეულებად ექცია, სადაც ყველაფერს წარწყმედდა და წაბილწავდა, იქიდან აბარგებულიყო, გაპარულიყო ახალ სიავეთა საქმნელად, რომელთა აღსრულება მისი გონებისა და გარეგნობის მქონეს, უფრო გაუადვილდებოდა. აკი, იერუსალიმში მიმავალ, გზად ჩაძინებულ და გამვლელისგან გაღვიძებულ, შიშისგან ფეხზე წამოჭრილ „ბრგე აგებულების ჭაბუკს იმდენად ბავშვური იერი ჰქონდა, (გამღვიძებელ ლ.კ.) კაცს მშვიდობიანად გაეცინა" და პური და ყურძენიც უძღვნა მოშიებულსა და არაფრის მქონეს (კეთილის მქმნელისთვის, რა თქმა უნდა, მადლობა არ გადაუხდია...). ახლა იერუსალიმში აპირებს იუდა ყველაფრის თავიდან დაწყებას და საამისოდ ცდილობს წარსულისგან გათავისუფლდეს, რადგან ხვდება, „მხოლოდ უწარსულო აწმყოა მსუბუქი და სანატრელი". იუდას შიში იერუსალიმის გამაოგნებელმა სიმდიდრემ გადაფარა. წმიდათაწმინდა ტაძარში მისული ისე აღაფრთოვანა კარის სამშვენისმა ოქროს ყურძნის მტევანმა, ცდუნებას ვერ გაუძლო, „ძვირფას მარცვლებს სათითაოდ სინჯავდა, ეფერებოდა. ისეთ სიახლოვესა და სურვილს გრძნობდა მტევნისადმი, რომ შესძლებოდა, ამ ბაჯაღლო სიმდიდრეს სიამოვნებით ააგლეჯდა საკურთხევლის კარს და უბეში გადამალავდა". ...ერთიც, ფრინველთა სიმსუბუქე აღიზიანებდა იუდას ბავშვობიდანვე, შურდულით დაუნდობლად ხოცავდა ფრინველებს და როცა „იერუსალიმის ტაძარში ბაბილონურ ფარდაზე მიხატული დიდფრთიანი არსებები აღმოაჩინა, ისე დაიბნა, კრეტსაბმელს ხელი გამეტებით აუქნია, მოეჩვენა, რომ ცისფერ აბრეშუმზე შერხეული ქერუბიმები ფრთების ლივლივით გუმბათისაკენ ასრიალდნენ. ჟრჟოლვით დაეკლილმა იუდამ სასწრაფოდ დატოვა ტაძარი". ...და იწყება იუდას აღმასვლა იერუსალიმში, იხვეწება მისი მზაკვრობანი, ადამიანებით მანიპულირება, „სინანულამდე ჯერ შორია, ჯერ ბევრი უნდა მონუსხოს, გააწბილოს, ბევრს დაახვიოს თავბრუ, ბევრის ბედი ულმობლად შეაგდოს სასწორზე და მათი დამარცხება იზეიმოს" და გროვდება „გამოცდილება" და ქონება, მიიწევს ცოდვაგამრავლებული სოციალურ კიბეზე მაღლა და მაღლა. მის ცხოვრებაში უჩვეულო ქალი, დინა, გამოჩნდება, იუდას ხიბლით მასზე ფარულად შეყვარებული, დინა „რომლის კამკამა ბუნებაც ვერ იქნა და ვერ აამღვრია სასახლის ცხოვრებამ, ვერ მიიმსგავსა, ვერ გატეხა, ისეთივე ურჩი, კეთილი და სამართლიანი დარჩა, როგორიც პირველად გამოცხადდა ჰეროდიადეს სამფლობელოში", მაგრამ არც მასთან შეხვედრაა იუდასთვის არაფერი, დინა მისთვის მხოლოდ ჰეროდეს სასახლეში მოხვედრის საშუალებაა და არა ღმერთის მიერ მისი სულის გადასარჩენად გამოგზავნილი სინათლის სხივი. უგანგებოდ არაფერი ხდება და სასახლის კარზე დაწინაურებული და გალაღებულ-გათავხედებული ძმის მკვლელის ცხოვრებაში თამაშდება ძველი ბერძნული დრამის, „ოიდიპოს მეფის", სიუჟეტი (რომელიც წმ. იერონიმეს გადმოცემით არსებობს და მწერალს არ გამოუგონია), რომელსაც მოჰყვება იუდას მიერ ჩადენილი კიდევ ერთი მკვლელობა. მორჩა, თითქოს, აღარ რჩება ადამიანის ცოდვათაგან არც ერთი, იუდას შავბნელ სულს მაგნიტივით რომ არ მიეზიდა და, როგორც მეგრული ენა იტყვის, „ვაშინერს", ანუ არის რაღაცები, რომელზეც ან დუმილი უნდა არჩიო, ან მოკლედ, მინიშნებებით გაიარო, იმდენად შემაძრწუნებელია, ან ისე მაღალმხატვრულად თქვა, ენით გამოუთქმელი დანაშაულის ჩადენის შემდეგ აღძრულმა ფიქრმა და გრძნობამ ადამიანი კათარსისამდე მიიყვანოს და მაკა ჯოხაძემ, თავისი სიმდიდრისა და ძალაუფლების წყურვილით შეპყრობილი გმირისაგან განსხვავებით, მკითხველისათვის ეს შეძლო. ...არადა, მოსახდენი მოხდა, წარმოუდგენელია, ამაზე უარესის მოხდენა. ცოდვაში ჩაძირული იუდა, თუ ოდნავ მაინც შერჩენია რაღაც ადამიანური, წესით, საკუთარი სულის სიბნელისგან უნდა შეძრწუნდეს და დაფიქრდეს. ესე იგი, ახლა ჯერი იუდაზეა, რამდენად აიღებს იმაზე პასუხისმგებლობას, რაც ბედმა თუ ღმერთმა არგუნა. „თავზარდაცემულმა იუდამ აღმოაჩინა, რომ ამიერიდან იგი არა მხოლოდ ძმის, არამედ ერთდროულად მამის მკვლელი და დედასთან სისხლაღრეული ურჩხული იყო. საკუთარი არარაობა სრული სისავსით განიცადა. გაოგნებული თვალს ადევნებდა მოკუნტული, ოთხად მოკეცილი მისი სხეული ფიზიკურად როგორ პატარავდებოდა. ჩანასახის ფორმაში მყოფმა პირველად გააცნობიერა, რომ სიცოცხლე აღარ შეეძლო, მაგრამ უნდოდა! გულს ეთანაღრებოდა, რცხვენოდა ამის აღიარება. სურვილის მარწუხებში მოქცეული გადარჩენის ინსტინქტს ვერაფერს უხერხებდა. სასოწარკვეთილი და აწრიალებული სიკვდილზე უარს ამბობდა. დარბეული, გაპარტახებული ისევ სიცოცხლეს ეპოტინებოდა. სად გაემხილა, როგორ ეთქვა, ვინ დაეზაფრა საზარელი საიდუმლოთი, რომელსაც ვეღარ იტევდა, ცეცხლივით მოსდებოდა სახეზე, გულ-მუცელზე, მთელს სხეულზე წვავდა, შანთავდა, ასახიჩრებდა და... მაინც ყრუდ ფეთქავდა მომავლის უბადრუკი იმედი, რომ სადღაც უცილობლად გაწოლილიყო გამოსავლის გზა, რთული და ეკლიანი იქნებოდა ეს გზა". ...და, მაშინ, როცა თითქმის წაკითხულია რომანის ნახევარზე მეტი, ცოდვილი იუდას საოცრად გადმოცემული ტანჯვის შემდეგ, მისი გამოუვალი მდგომარეობის შემდეგ, გამოსავლის გზაზე ფიქრისას, თითქოს უეცრად, იმდენად მოულოდნელი ბუნებრიობით შემოდის „ის", რომელიც ღვთიური სიმშვიდითა და სიმტკიცით იტყვის: „მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ" (იოანე 14:6). აღტაცებული შვებით ამოისუნთქავ. ...მოულოდნელი ბუნებრიობით შემოდის-მეთქი, და, შემოდის მაშინ და ისე, როგორც უმრავლესი ადამიანის ცხოვრებაში, თავს დამტყდარი უბედურების შემდეგ, შინაგანი, მანამ დაბრმავებული თვალის ახელის შემდეგ. სასოწარკვეთილ იუდაშიც ხომ „ყრუდ ფეთქავდა მომავლის უბადრუკი იმედი, რომ სადღაც უცილობლად გაწოლილიყო გამოსავლის გზა... ვინ იცის, რამდენი ადამიანი ადგა ამ გზას, რამდენს სწყუროდა, ეოცნებებოდა თავისუფლება, მაგრამ ვერ ახერხებდნენ, საკუთარი ცოდვების მძევლებად რჩებოდნენ. გონებადაბინდულები, ხელფეხშეკრულები ვერაფერს უხერხებდნენ რჯულზე უმტკიცეს ჩვეულებებს, თითქოს წყალს ნაყავდნენ, მასთან ბრძოლას გამუდმებით აგებდნენ. არადა, მოლოდინით დამუხტულ ეთერში, კარგა ხანია, ირხეოდა ნაწინასწარმეტყველები ხსნის ხმები და ნიშნები. მთავარია, ყური მიგეგდო, არ გამოგპაროდა, როდის, რა გზით, რომელი მხრიდან მოიწევდა საიდუმლო, რომლისაც არა მხოლოდ მომლოდინე, რწმენის სურვილით გულანთებულ ადამიანებს, არამედ ხშირად იჭვნეულ გონებასაც სჯეროდა, რომ მოჯადოებული აქამდე გულის კარს ვერ უხსნიდა საიდუმლოს. ამიტომაც მიერეკებოდნენ, მალავდნენ, მარხავდნენ ხსოვნის ხეობებში მიუღებელი ჭეშმარიტების ნაპერწკლებს. გულებს იცივებდნენ, თავზე ნაცარს იყრიდნენ, ქვებით ქოლავდნენ და მიმტევებლური ღიმილით ივიწყებდნენ წინაპართა გადმოცემას, ბავშვურად გულუბრყვილო სევდიან ლეგენდას. ჭეშმარიტება კი ჯიუტად მოდიოდა თავისი გზით, წინ მიიწევდა, ღორღიანი ფერდობებიდან ბამბუკის ჭალებში ღამენათევი, ჭრელ ბაზრებში მოხეტიალე, ჩირაღდანივით გადადიოდა ქალაქიდან-ქალაქში, დაბიდან-დაბაში, სოფლიდან-სოფელში, დახლიდან-დახლზე, ფარდაგიდან-ფარდაგზე, სასწორიდან-სასწორზე... მიწურებში, ქოხმახებში, ღია ცის ქვეშ, რიყის ქვებით შემორაგული უზარმაზარი ხეების ძირში (სახლის მაგივრობას რომ სწევდნენ) ეძებდა, პოულობდა, აუწონავ გულებს, სხივჩაუმქრალ თვალებს, ფიზიკური ტკივილებითა და ცხოვრებისეული შეჭირვებებით განაწამებ, სიღარიბით გათანგულ ადამიანებს". ...ჯერ კი, „ზემოდან დაჰყურებს ოთხად მოკეცილ, დაპატარავებულ, ჩანასახის ფორმაში მყოფ" მის ვერ მცნობ იმედგადაწურულ იუდას „მისი" ყოვლისდამნახავი თვალი და ელოდება, იშვება თუ არა მისგან, ძველი იუდასაგან, ახალი იუდა, რადგან უამისოდ, ვერც ძველი ტიკი აივსება ახალი ღვინით და ვერც ძველი სამოსი დაიჭერს ახალ საკერებელს. დინამ არაფერი იცის იუდას ცოდვაზე, მაგრამ სიყვარულით დაბრმავებული (სიყვარულით, რომლის შესახებ არავინ, თავად იუდამაც კი არ იცის ლ.კ.), გრძნობს მის შინაგან მდგომარეობას და ისეთ სიტყვებს ეუბნება მას, „უდაბნოს ხვატით გათანგულ მგზავრს წყალივით რომ მოათქმევინებდა სულს". „კაპერნაუმი გიშველის, წადი კაპერნაუმში..." და, იუდაც მიდის ქალაქში, რომელსაც მონანულთა სოფელს ეძახდნენ, თუმცა მისი მცხოვრებნი და მისკენ დაძრულნი მხოლოდ გამდიდრებაზე, სმა-ჭამასა და დროსტარებაზე ფიქრობდნენ. სწორედ აქ უნდა შეხვედროდა იგი მას, „ვინც თავს ძე კაცისად მოიხსენიებდა და ხალხს სინანულისაკენ მოუწოდებდა". ათას ჭორსა და მართალს ისმენს კაპერნაუმში იუდა ქრისტეზე, უჩვეულო რიდი აქვს ამდენი ხალხის მომნუსხველი და სასწაულების მომხდენი იესოსი, „დაეძებდა მიმტევებლის ნაკვალევს", მაგრამ ჩვეული ხერხით ჯერ შორიდან უნდა დაჰკვირვებოდა, შეესწავლა, თითქოს სარფიანი საქმის დაწყებას აპირებდა, ამიტომაც არ შეუცბუნებია მისი მდგომარეობის პატრონი მადლიერი რომაელი ასისთავის სიტყვებს: „...ჩვენს გულებში დაუნჯებულ ფიქრებსაც ისე უბრალოდ კითხულობს, როგორც ჩვენ ვიხედებით ტბაში და მის ზედაპირზე არეკლილ ჩვენსავე სახეს ჩავჩერებივართ". არაჩვეულებრივად წარმოგვიდგენს მწერალი იუდას ქრისტესთან პირველი შეხვედრას, მაშინ, მღვდელმთავრებსა და სადუკეველებს ზღვის ნაპირზე მყოფ იესოსთან ცოდვილი ქალი რომ მიჰყავთ, მისი ბედის გადასაწყვეტად და მათი გათვლით, იესოს დასაღუპად. ცხვარივით მირეკილ ხალხში იუდაცაა, „ოღონდ არც დამფრთხალი და არც თვინიერი: ბრბოს უფრო ცნობისმოყვარეობით აჰყოლოდა, როგორც იქნა, დაინახავდა საკვირველმოქმედს, თან სეირის ყურებაც სწყუროდა იმ წუთებში". იესო კი,„რომელიღაც უძველესი, არქაული ცხოველივით ყალყზე შემართული მთელი ეს უზარმაზარი მასა მძიმე ქშენით რომ უახლოვდებოდა... წელში აღმართულ ჯვარს ჰგავდა, ხელებგაშლილი მოულოდნელად რომ შემოტრიალდა მათკენ. ზოგიერთს ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს განურჩევლად, ყველას ერთად იესო გულში ჩაკვრას უპირებდა". რა დიდებული სურათია და რა ბედნიერნი არიან ბრბოში მდგარი ის „ზოგიერთნი", რომლებმაც იესო ზემოაღნიშნულად აღიქვეს. იუდას კი, პრაგმატულ და ცბიერ იუდას, ყველსა და ყველაფერს მხოლოდ სარგებლიანობით რომ აფასებდა, სად შეუძლია ძე კაცისა ჯვარს მიამსგავსოს და მისი გაშლილი მკლავები, საიმედო ნავსაყუდლად მიიჩნიოს, რომელში მოქცეულიც სინანულის ცრემლით დაიტირებდა საკუთარ, ცოდვილ თავს, თუმცა, მიტევებული ქალის შეშურდა, იესოს ჭკუით მოიხიბლა, ასე რომ გააცურა (იუდას სხვანაირი ახსნა არ შეუძლია) სასულიერო და საერო პირები. „...ხალხი მღვრიე, გაურკვეველი განცდით ბრუნდებოდა კაპერნაუმში", იუდა ფეხს ითრევდა, „იესომ (რა თქმა უნდა), შეამჩნია ბრბოს გვარიანად ჩამორჩენილი იუდა, მაგრამ მისკენ არც გაუხედავს", იუდამ კი გაიგონა იესოს ქალისადმი ხმადაბლად, დაყვავებით ნათქვამი: „...არც მე განგსჯი, წადი, მშვიდობით იარე და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ". გაიგონა, მაგრამ ვერაფერი გაიგო, სხვა ფიქრს შეეპყრო იმაში დარწმუნებული, ცხადია, ახალგაზრდა მოძღვარი მალე ისრაელისა და გალილეის მეფე გახდებოდა, ქვეყანას რომაელებისგან გაათავისუფლებდა და იუდას რადაც უნდა დასჯდომოდა, მის გარემოცვაში უნდა შეეღწია, თმენითა და შრომით მისი ერთგულება დაემსახურებინა, სამომავლო სიმდიდრესა და ძალაუფლებაში წილი რომ ჰქონოდა. არადა, თითქოს ერთი ნაბიჯი იყო დარჩენილი იმ სანუკვარ წამამდე, ქალისადმი ნათქვამ სიტყვებს, „არც მე განგსჯი... ამიერიდან ნუღარ შესცოდავ..." რომ უნდა მოჰყოლადა იუდასაგან. „იუდას გულიდან მთლიანად გამქრალიყო იესოსთან შეხვედრის ის მთრთოლარე მოლოდინი, რომელიც სულ ახლახან სინანულითა და კრძალვით იყო სავსე". თავის თავს არ ღალატობდა, ისევ ის იყო, ვინც იყო, მეტიც, „უპირველეს მიზნად, ისევ იესოსთან დაახლოება რჩებოდა, ოღონდ არა საკუთარი არარაობის, უსუსურობის შეგრძნების გამო (სულ რაღაც გუშინ ასე რომ აწვალებდა), არა აღსარების თქმისა და შენდობის იმედით", არამედ თავისი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, მტკიცედ სწამდა, „არაფერზე უნდა ეფიქრა ერთის გარდა. გამიზნული ბრძოლის შედეგი სურათივით ეკიდა ჰორიზონტზე, ცხოვრების გზაზე ორი კერპი აღმართულიყო-სიმდიდრე და ძალაუფლება! ორივეს გარანტი კი იესო იყო. აი, ეს მაღალი კაცი, მხრებზე დაყრილი წაბლისფერი, ტალღოვანი თმითა და მოკლე წვერით, ოდნავ ოქროსფერი რომ გადაჰკრავდა მზის შუქზე, აი, ის უშიშარი, ტკბილმოუბარი და მშვიდი ადამიანი, რომელიც ეს-ესაა ბრძოლამოგებული ისევ მარტო იდგა სანაპიროზე, სივრცეს გაჰყურებდა და თითქოს ვიღაცას თუ რაღაცას ელოდა. იუდამ იგრძნო, რომ მას ელოდნენ, არც შემცდარა, მიახლოებისთანავე გაიგონა: - მოხვედი, - ისეთი სითბოთი და სევდიანი შვებით თქვა იესომ, თითქოს წლობით გადაკარგული, ბავშვობისდროინდელი მეგობარი დაიბრუნა. „მოხვედი" - ეს არც შეკითხვა იყო და არც აღტაცება, უბრალოდ, იმის დასტური იყო, რომ რახანია უცდიდნენ." ...და, ამის შემდეგ ხდება ის, რაც ბავშვობიდანვეა ცნობილი ყველა ქრისტიანისათვის და ისეთი დახვეწილი ფსიქოლოგიური ნიუანსებითა და მხატვრულობითაა ნაჩვენები ღალატის ანატომია, არ იცი, „აზრი ამჯობინო სიტყვას, თუ, პირიქით". და რაც უფრო ახლოვდება საბედისწერო საღამო, მით უფრო მეტი სიყვარულითა და მოთმინებით ივსება მოძღვარი საწყალობელი მოწაფისადმი, რჩეულ თორმეტთაგან ერთ-ერთი რომაა, მისი სიხარბისა და სიმდაბლის მცნობმა მაინც ქისა რომ ჩააბარა, სხვათა მსგავსად კურნების ნიჭი მისცა, გვერდით მოისვა. იუდაში კი იესოსთან ხორციელად მისვლის მიუხედავად, არაფერი შეცვლილა, არაფერი შეძრულა, მოძღვარი კი მაინც ელოდა და ელოდა, რამდენჯერ მიანიშნა კიდეც, რომ მისთვის, ძე კაცისათვის, არაფერი იყო დაფარული და როცა იუდას მარჯვენამ ტეხა დაუწყო და ერთხელ ტკივილით გონებადაკარგული მოძღვრის კარავთან ჩაიკეცა, თვალგახელილს, იესოს ხელისგულიდან წამოსული შვების შემგრძნობს, თბილი, ალერსიანი ხმით უთხრეს: „აღარ შეგაწუხებს, მაგრამ მაინც გაუფრთხილდი... ნუ დატვირთავ, ნუ დაიმძიმებ, ეტყობა, შენი სუსტი ადგილია". იესოს სინათლისა და სიყვარულის საპირისპიროდ, მეტი სიბნელე და სიძულვილი ისადგურებს იუდაში და ამიტომაა, საიდუმლო სერობის ღამეს ისე დაჰყურებს მისი ფეხთ ბანვით დაკავებულ მოძღვარს ზევიდან, როგორც „სვავი დაჰყურებს მიზანში ამოღებულ მსხვერპლს". მაკა ჯოხაძეს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს მკითხველი იმის გასაცნობიერებლად, სიხარბის მიუხედავად, 30 ვერცხლი, ერთი თეთრი მონის საფასური, არაა ის, რის გამოც იუდამ ადამიანობისკენ მოსაბრუნებელი ყველა გზა მოიჭრა, ღმერთი თავისუფლებაა და როგორ შეიძლება, თავის ხატად შექმნილს რაიმე დააძალოს და ამით მისგან ბოძებული ყველაზე ღირებული-თავისუფალი ნება წარსტაცოს. ამიტომაც ვერ ჩაერეოდა არჩევანში იუდას, ვერაფერმა რომ ვერ გაათბო მისი უნდო, ეკლით შემოჯარული გული, „უცვლელი დარჩა მისი ხარბი ბუნება, რომლის წყალობითაც გონებამ მთლიანად გამოწურა, გაახმო, გამოფიტა, უდაბნოდ ქცეულ გულში იოლად შესრიალდა ძველი, ვერცხლისფერი უხსენებელი. მშრალ წიაღში ხოხვით მოხაზა ჯაჭვის წრიული რგოლები, თითქოს სუსტად მფეთქავ გულს ბორკილს ადებდა, თითქოს ამ თამაშით ისკარიოტელს თავს აწონებდა. მოულოდნელად წამოყელყელავდა, კუდზე შემართულმა ფირუზისფრად დაწინწკლული თავი ყურის ნიჟარასთან მიუტანა და... წაისისინა... როგორც იტყვიან, რა უნდა ქნას მკურნალმა, თუ განსაკურნებელს გამოჯანმრთელება არ სურს, იუდაც ამიერიდან საკუთარი ნებით „წუთისოფლის თავადს", მთლად სიბნელეს ეკუთვნის და პასექის სუფრასთან მყოფი მოწაფის გულში, მოძღვრის მიერ პინაკში ამოვლებულმა და მისთვის მიწოდებულმა ლუკმამ „სინანულისაკენ მოხმობის უკანასკნელ მცდელობას რომ ჰგავდა", „მრისხანების ცეცხლი დაანთო". ხოლო როცა ყველაფრის მცოდნე იესომ, წასვლის ნება დართო, „გავიდა და სულთამხუთავი წყვდიადის მეუფებაც თან გაიყოლა". ...ქრისტეს ჯვარცმისა და იუდას სიცოცხლის ბოლო წუთების მსგავსი სიძლიერითაა „ისკარიოტის ეკლებში" წარმოდგენილი სახეები და ცხოვრება ქრისტესთან ერთად ჯვარზე გაკრული ორი ავაზაკისა, მაგრამ რომანში არის განსაკუთრებით ამაღელვებელი ერთი ადგილი, რომლისნაირი არც ერთ მსგავსი თემის ნაწარმოებში არ წამიკითხავს... ...მოედანზე მყოფი ბრბოს მიერ განაჩენი გამოტანილია, „შუბლშეჭმუხვნილი პილატე ზარდაცემული მიშტერებოდა ცოდვის ამ უჩვეულო ზეიმს. მერე იქვე მდგომ ლეგიონერებს ბორკილდადებული იესოს კვლავ მღვდელმთავრებისათვის ჩაბარებას უბრძანებდა, მოულოდნელად ნაზარეველის სახეს შეეფეთა. როგორ არ უნდოდა ამ სახის დანახვა! მისი დამახსოვრების ეშინოდა. მოძღვარმაც თითქოს დაზოგა, თავი ოდნავ გვერდით გასწია და თვალი აარიდა. პილატეს მოეჩვენა, რომ იესოს მზერა ახლა შორეულ სივრცეს გასცქეროდა, თაფლისფერ თვალებში კი გაუგებარი სიმშვიდე და უცნაური თანაგრძნობა ედგა. „მე არ მომიკლავს!.. ყველაფერი ვეცადე!.." „...დანისლული თვალებით კარგა ხანს მიაცილებდა ლეგიონერებს შორის ჩაყენებულ იესოს. მისი მდგომარეობისათვის უჩვეულოდ წელგამართული მიდიოდა ნაზარეველი. და, მაინც, ამ ახოვანი, აღნაგი კაცის ზურგი და მხრები მამის მიერ უდანაშაულოდ დასჯილი ბიჭის მორჩილ უმწეობას ასხივებდა". „ნამდვილი ხელოვნება ყოველთვის იყო და რჩება ღვთისმაძიებლობად", - წერს ერთგან მაკა ჯოხაძე და ამ სიტყვების დასტურია „ისკარიოტის ეკლები", რომლის წაკითხვის შემდეგ მორწმუნე უფრო განმტკიცდება თავის რწმენაში, ეჭვით შეპყრობილი კი ბევრს იფიქრებს... ...გვყავს თუ არა ქართველებს ნობელის პრემიაზე წარსადგენი მწერალი? გვყავს და იგი მაკა ჯოხაძეა, რომლის დასახასიათებლად უპრიანია მეტაფორა „მოაზროვნე გული".
P.S.: სათაურად გამოყენებულია სიტყვები მაკა ჯოხაძის წიგნიდან „ჩაძირული დღესასწაული".