4 ოქტ 2024
„ჟუბიე" მოკრძალებულად დგას მერაბ ჩხაიძის ნოველების ახალ კრებულში. ასე უცნაურად სევდაშეყრილი და ერთობ მოცეკვავე სახელი ჰქვია მის გმირს და ამდენად, ფრანგული ნოველის სახასიათო პერსონაჟსაც გვაგონებს... მაგრამ იგი თავისი პერსონალური ხასიათითა და ადამიანებთან ულიმიტო მზაობით სავსე გულით, ქართველი გახლავთ! სახელი კი ცინცხალი სულის ფეთქვას უსათუოდ ეხმარება, უკეთესად დაგვამახსოვროს თავი.
მწერლის 441-სიტყვიან ნოველაში ყველაფერი ადამიანის კათარსისისთვის და მისი სულის განორჩებისთვის ხდება. ჩვენს მღვრიე ირგვლივეთში ნამდვილად მისწრებაა ასეთი კამკამა ამბების მოსმენაც და მოხილვაც. სულის განსაწმენდელი კათარსისის ცნება კი პლატონიდან მომდინარეობს და მწერლობის ძირითადი ფუნქციაც, იმჟამიდანვე, ადამიანთა თანაგრძნობაზეა აწყობილი.
აგვიყოლიებს და ჩვენც მოსვენებას გვიკარგავს ჟუბიეს ნაშუაღამევის სიფხიზლე, როგორ უტყდება ძილი და უკვე მერამდენედ ეღვიძება: ანთებს შუქს, მიდის ფანჯარასთან და მოუსვენრად გადაჰყურებს ღამეულ ქალაქს.
კინონოველა „ჟუბიეს ერთი დღე" - რეალურ ამბავზე, დაუნის სინდრომის მატარებელ ახალგაზრდაზე მოგვითხრობს, რომელიც ცხოვრების პირისპირ მარტოდმარტოა დარჩენილი. ნოველის ავტორის განუშორებელი ფიქრი ნათლის სვეტივით თან სდევს ჟუბიეს პერსონაჟს, რადგან „ამ საოცარი ადამიანების მიმართ, მხოლოდ თბილი, სევდიანი, ადამიანური გრძნობები მაქვს", - გვიმხელს ავტორი.
ასეთი თბილი ემოციების გამოც შეძლო მწერალმა ადამიანის სულიერი მოდელის ასე სრულყოფილად გამოძერწვა. „ჩემი ნოველებიდან, მხოლოდ შვიდი ნოველა ეძღვნება განსხვავებული სამყაროს მქონე ადამიანებს. ბავშვობაშიც და შემდგომაც, მქონია ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა და ამიტომ მიწევდა მათზე ფიქრი და ფაქტის ანალიზი", - ამასაც ჩაწერს ერთგან უზადოდ, ნოველისტურად. თუმცა, კინონოველად ჯერ მხოლოდ ჟუბიეს თავგადასავალი იქცა.
კინოსცენარი თითქოს ნოველის ტექსტს ემთხვევა, მაგრამ ამასთანავე, ჟანრის კანონებსაც ემორჩილება, პერსონაჟის ქცევები დინამიკაში უფრო უნდა დაიხვეწოს და ჟუბიეს ქვეცნობიერმა, სულის მაღალი ჰორიზონტებისკენაც უნდა გაგვიწიოს მედიუმობა.
კინონოველაში დროის განცდაც ძლიერია. მოქმედება აქ დილიდან იწყება. როგორც ღმერთმა „ქმნა ნათელი" და მას სიცოცხლის არსი დაექვემდებარა, ისევე ძალდაუტანებლად, თბილი სინათლის მომლოდინეა ჟუბიეც. როცა გათენდება, ლოგინიდან დგება, აღებს სარკმელს, ხელებს მზეს უფიცხებს და ესალმება. მზეა მისი დილის სტუმარი! თვითონაც მზისშვილია და „რა კარგი ხარ, მზეო, როგორი თბილი ხარ", - ასე ეფერება პირველ სხივებს. მერე მზით განათებულ ქალაქსაც ესალმება და უხერხულობ კიდეც, რომ ჟუბიესავით დაჟინებით არ გიფიქრია და არ მისალმებიხარ მზის ამოსვლას შენს ქალაქში.
მზესთან წილნაყარობით იწყება სათნოობის დღესასწაულიც, სადაც თავისთავის ამარა დარჩენილ ჟუბიეს პერსონაჟს ვეცნობით...
ჯერემ ქათმებს პურისკეკალი უნდა დუუყაროს.
მერე ყვავილები უნდა მორწყოს.
მერე კვერცხი უნდა ეიღოს.
მერე ხელ-პირი უნდა დეიბანოს...
მერე კი გაზს აანთეფს, ტაფას დადგამს ნელ ცეცხლზე და ორ კვერცხს დაატაფავს!
მერე გაზი უნდა გამორთოს, ეს არ დამავიწყდესო, თავს ჩააგონებს და ჩვენც გაფაციცებულები ვართ, რომ რიგიანად გამოუვიდეს ყველაფერი.
დიალექტურ მეტყველებას ზუსტად ეხამება ჟუბიეს ხმის ტემბრი, ოდნავ გახეხილი ხმა, რომელსაც ერთი ქრომოსომით მეტობა იწვევს და ჟუბიეს სინდრომსაც 21-ე წყვილის ტრისომია ჰქვია.
დედის გარდა, არავინ იცის, რა დიდი ძალისხმევა დასჭირდა ჟუბიეს, ეს რუტინული ტექსტი რომ დაემახსოვრებინა, რომელსაც ყოველ დილით უშეცდომოდ იმეორებს და ზედმიწევნით ასრულებს კიდეც. ჩვენც
მონუსხულივით დავყვებით ჟუბიეს.
მერე საწყაოთი ხელში ყვავილებს რწყავს, ეს წყალი ყველა ყვავილს უნდა უმყოფინოს, „წყალი ერთი ცუცუნიე დოუსხიო", - ასე ასწავლა დედამაც.
თავის საკეთებელ საქმეებს ჯერ ხმამაღლა იმეორებს, საკუთარ თავს ხმამაღლა ესაუბრება, დედის შეგონებები რომ არ დაავიწყდეს.
ჟუბიეს დილის შეუცვლელი რუტინა ასეთია: აუცილებლად „იზაკუსკოს" და მერე დედასთან წავიდეს!
ამ ეპიზოდში ათასი დაუმორჩილებელი ფიქრი ტანჯავს მაყურებელს, სად არის დედა? ნუთუ ოჯახის სარჩენად საზღვარგარეთაა გადახვეწილი. მაშ, როგორ უნდა წავიდეს ეს უმწეო ბიჭი ასე შორს! უფრო მძიმე ფიქრიც გაკრთება, იქნებ უკვე სხვისი სახლის ბინადარია დედა!
მერე უფრო მტანჯველი შეკითხვა - ძახილის ნიშნები გადალეწავს გონებას: როგორ შეელია შვილს?!
„პაწა ხანს გაჩერდიო", - უთქვამს დედას და ესეც კარგად ახსოვს ჟუბიეს, მაგრამ საით მიდის დედის გზა, ეს იცის ვინმემ?
სოფლის შარაზე გამოსული და დედისკენ მიმავალი ჟუბიე ხმამაღლა ფიქრობს, რომ არ „უზაკუსკია" და არც დედის მოტყუება უნდა! ორ ფიქრს შორისაა და თავის დასახსნელად პაკუსიას გამოეთამაშება და ძაღლსაც უბარებს: „წავედი, დედასთან!"
მერე დედისკენ მიმავალ გზაზე სოფლის მაცოცხლებელ და ლამის გამქრალ ღელეს უახლოვდება და ტკივილიან ფიქრებს აღუძრავს მისი დამცრობა - დამეჩხრება: თლად რო გაქრეს, რა გვეშველებაო, - ფიქრობს. მაგრამ განცდით ისიც იცის, რომ მან მარად უნდა იდინოს და არასდროს უნდა დაშრეს პატარა ღელე! ამასაც თავისი დიდი გულით გრძნობს ჟუბიე. მერე დაემშვიდობება ღელეს და გზას აგრძელებს...
მერე დედისკენ მიმავალს, მეზობლის მიტოვებული და დანგრეული სახლის დანახვა შეაკრთობს. როგორი სათუთია ჟუბიეს გზავნილი: რაფერ დეინგრა აი სახლი, მაგრამ შენ თუ ხარ კარგად, გურამიე, შენ მაინც მალე დაბრუნდიო.
მერე გულგრილად ვერც მეზობლის საფლავებს ჩაუვლის - ჯერ ავთოიას „დაემდურება" ნაადრევი სიკვდილისთვის, მერე კი დიტოიას გასძახებს, რაფერ მეტიკინე თუ იციო!
სოფლის შარაგზამ დედის საფლავთან მიიყვანა. ეს მოულოდნელი ეფექტი არ გახლავთ, რადგან გზამ სახლიდან საფლავამდე მიგვახვედრა, სად ეგულება ჟუბიეს დედა!
მერე საფლავის ქვაზე გამოსახულ დედის სურათს ჯერ იმას უმხელს, რომ არ „უზაკუსკია", მერე კი ამბებს უყვება, როგორი დიდი და გულმოწყალეა სოფელი, ვინ რა მოუკითხა და რა აჩუქა, სხვა რა სიკეთეებს შეჰპირდნენ კეთილი ადამიანები.
კინოსცენარის მთავარი სათქმელიც აქ ითქვა: საწუთროდან გასულ დედას მოაკითხა შვილმა, მის საფლავს მოაგნო! რომ დედა-შვილს შორის კავშირი არასდროს წყდება, რომ დედაშვილობა მარადიულია და რომ ამის ნათლად გამოსახატად და სანიმუშო საჩვენებლად ,,უფალს დედამიწაზე უმანკო სულები სჭირდება. განსხვავებული სამყაროს ადამიანების მშობლებისთვის და ახლობლებისთვის, ეს რთულად მისაღები ნუგეშია. მათი რთული ყოველდღიურობა ხელს უშლის ამ მოსაზრების მიღებას და ეს გასაგებია. რაც შეგვეხება ჩვენ, იმ ადამიანებს, ვისაც არ გვაქვს ხშირი კონტაქტი ასეთ სამყაროსთან, სულ სხვა ფიქრები და სხვა ემოციები გვაქვს, რომლებიც სათანადო დამოკიდებულებას აყალიბებენ მათთან მიმართებაში", - წერს მერაბ ჩხაიძე თავისი პერსონაჟის უკეთ წარმოსაჩენად, ამ კინონოველის შექმნის ისტორიის გასაჩინოებისათვის.
შინისკენ მიმავალი ჟუბიე კი უეცარი უბრალოებით სვამს კაცთა მოდგმისთვის ჯერაც პასუხგაუცემელ შეკითხვას: ან ეს სიკვდილი რაია? ან ეს ცხოვრება რაია? და პასუხსაც (უთუოდ საკამათოს!) თვითონვე სცემს: „არც აფერი!" და ასე ციმციმ, მისდაუნებურად, დიდი ცოდნის გამჟღავნების მოულოდნელ დღესასწაულს განგვაცდევინებს!
მერე კი, „პაწა" შეშინებული, სასაფლაოს კარებს საგულდაგულოდ გამოიკეტავს და ტოვებს მონატრებული დედის საფლავს.
მერე იქვე მდგარ დამწვარი ხეს შენიშნავს და ტკივილთან ერთად დიდი გაკვირვების წამებსაც გვჩუქნის: შენ ვინ წაგიკიდა ცეცხლი, რას გერჩოდენ, სულ გადაირია აი ხალხიო, - მიმართავს და ხის გამურულ-გაჭვარტლული სიმაღლიდან მისი ნაგრძნობი სევდითაც ვისჯებით ადამიანები...
მერე სახლისკენ უკან მიმავალ გზაზე გამოჩნდება ჟუბიე. ეკლესიის ეზოში ჩამავალ მზეს ზურგით უნდა „დუუდგეს" და ისევ იმ სიტყვებით უნდა ილოცოს, როგორც დედამ ასწავლა: „ღმერთო, გვაცხოვნე ჩვენ, ცოცხალიც და კტარიც... გაგვახარე ჩვენ ამქვეყანაზე და გეიხარე შენც, მადლობა შენ, მადლობა", - ილოცება ჟუბიე, რომ კვლავ დედის გაკვალულ გზა-შარაზე იაროს, არაფერი დაავიწყდეს, „პაწა ხანს გაჩერდეს" ამ დედამიწაზე, რადგან ასე დაუბარა დედამ!
ეს რიტუალური სცენა და აწ ჩამავალი მზის კადრები უკვე ფეხზე წამოდგომას იმსახურებს და მაყურებელიც მზადაა გასცეს და ჟუბიეს გაუზიაროს ის სიყვარული, რომელიც, მართლაც რომ ატრიალებს დედამიწას!
ჟუბიეს საკუთარი სიტყვაც აქვს ტექსტში და ასეთად მოჩანს დროის ზმნიზედა - მერე - რომელიც დროის თანმიმდევრობას აღნიშნავს და ერთდროული წარმატებით უკავშირდება როგორც მომავალს, ასევე წარსულში მომხდარ ამბების რიგითობასაც საზღვრავს. ეს სიტყვა „მერე", ამ წერილშიც 19-ჯერ შეგვხვდება და მუდამ ახალი თავგადასავლის მაცნე და მაუწყებელია.
სცენარი კომპოზიციურადაც შეკრულია და მოიცავს დროის ინტერვალს გათენებიდან გათენებამდე და ასე გაგრძელდება, ვიდრე ჟუბიეს არ დაავიწყდება ეს ორად-ორი სიტყვა და წუთისოფელიც დააცლის, ერთმანეთის გვერდით ხშირად წარმოთქვას სინტაგმა: „წავეი, დედასთან".
მერაბ ჩხაიძის 11-წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ჟუბიეს ერთი დღე" და დანარჩენი მისი დღეებიც, უთუოდ არის ადამიანთმეტრფეობის დიდი ქრესტომათია, და ჩვენც მცირედს გვავალებს მწერალი - ვილოცოთ ჟუბიესათვის...
ოღონდ მერე არა, ახლა, და მთელი გულით...