31 დეკ 2024

ავტორი: დათია ბადალაშვილი

„თარგმანი ამერიკულიდან“

 

„თარგმანი ამერიკულიდან" ბესიკ ხარანაულის მეტაპოეტური ტექსტია.

როგორც როსტომ ჩხეიძე ამბობს, პოეტი თითქოს უერთდება „გადამფრენ ავტორთა" რიგებს, უფრო სწორად ემიჯნება „გადამფრენი ავტორების" თბილი ქვეყნების ქარგაზედ გადაწყობას, იმათ ენაზე ამეტყველებას, იმათი სიტყვებით წერას".

წიგნის პირველ ტექსტში, „ჭალის საკრავები", ბესიკ ხარანაული ახსენებს „გადამფრენ პოეტებს", რომ გადაფრენის შემდეგ, უკან დაბრუნებისას, არაფერი გამოდის, უკან გადმოფრენილი „ფრინველი" „მძლევარად" ვერ იწოდება, რჩება მხოლოდ „ფრი-ფრი". აქ დარჩენილები კი მხოლოდ შეჰნატრიან გადამფრენთა ბედს, რადგან იქ, სადაც თბილა, ყველაფერია არსებობისათვის.

არასწორმა მიდგომამ, რასაც ბესიკ ხარანაული „ლოიალობას" უწოდებს, დიდი სამსახური გაუწია ქვეყნის დაცარიელებას, გაჩნდნენ მწერლები, რომელთაც ევიწროებათ აქაურობა, კალამფურცლიანად მიფრინავენ სხვა სივრცეებში, მშობლიურს მიღმა, და, სადაც დაფრინდებიან, იქაურ ენაზე იწყებენ წერას.

მწერლის მინიშნებით, ეს წიგნიც, „თარგმანი ამერიკულიდან", ასეთი ბედისაა - სხვა ენაზე დაწერილი, ამერიკულად, კერის ენაშერეულად, ხოლო ბესიკ ხარანაულს იგი გადაეცა „ფორდის" გაყიდვების მენეჯერისაგან, რომელიც „აქაურია" და უყვარს კიდეც თავისი „პირველი" მიწა.

წიგნის ავტორი თავად ძვრება „გადამფრენი მწერლის" სხეულში/ტყავში.

როგორც ყოველი სხვა ტექსტი ბესიკ ხარანაულისა, აღნიშნული ნაწარმოებიც რთული მისაკუთვნებელია რომელიმე ჟანრისთვის, რთულია შინაარსობრივადაც, ისე, როგორც დიდ ავტორებს შეეფერებათ.

ამქვეყნად მხოლოდ მეტაპოეზია და მეტაადამიანი რჩება მუდმივადო, - აღნიშნავს თავად ბესიკ ხარანაული. ტექსტში ავტორი წმინდა ძალით „მოედინება", „წმინდა გიორგის მათრახის წვერნაკრავი, - გვალე, ვიდინოთ!"

ვფიქრობ, რიტუალური დატვირთვა აქვს წმინდა გიორგისა და ბესიკ ხარანაულის ხმაურში გაჯიბრებას. ხმაური ხარანაულთან მუდამ სიცოცხლის მეტაფორაა, მუდამ ისმის ასეთი ხმები, ხან დოლზე ბრახაბრუხით, ხანაც - ჭალაში მდინარის ჩხრიალით, ხან - ისეთი ხმაურით, „ბევრი" რომაა ერთი ადამიანისთვის. ეს დროის ხმაა, ამქვეყნად ყველაფერი ხმაურიანია, ადამიანთან ერთად ცოცხლობს და მოძრაობს, მანქანით, ფეხით, თვითმფრინავით...

ხმაური ყველგანაა, მის გარეშე არაფერი მოძრაობს დედამიწაზე.

ყველაზე მძლავრი ხმა კი აქვს „ციფერბლატს" - „გაჭყლეტილი ბაყაყივით აიყვანს ადამიანს და ასფალტად აქცევს" .

დროს შეუძლია, პარკში ბავშვებდახვეული ნავების ღუზა საბოლოოდ ჩაუშვას, ზედ აბრა გააკრას - „იყიდება ან ქირავდება". ეს კი ემგვანება სიკვდილს, აი, იმ სიკვდილს, მკვდრეთით აღმდგარი დედაკაცი რომ ჰყვებოდა გატაცებით, გზაში ორი შავი კაცი როგორ მოაცილებდა.

საიქიოში მოგზაურობის უამრავ კონცეპტუალურ სცენას იცნობს ლიტერატურა - ჰომეროსისას, დანტესეულს, რილკეს უკვდავ პოემაში გადასული ორფევსისა და ევრიდიკეს ამბავს. ეს პასაჟი გვხვდება ხარანაულთანაც, რომელსაც ავთენტური ფშაური კილოთი ჰყვება ადგილობრივი დედაკაცი - ძალიან ჩუმად არიანო საიქიოს, თაგვის ფხაჭუნიც კი აშინებთო.

ხარანაულის ამ წიგნში მრავლადაა საიქიოს ამრეკლავი პასაჟი.

კრებულში შვიდი ტექსტი გვხვდება, სათაურით - „იცით, რომ ჩვენ პლანეტა X-ის საიქიო ვართ?!"

ჩვენი საიქიო, - ამბობს ხარანაული, - სააქაოს ზუსტი ასლიაო, დიდი კრძალვა და რიდია მიცვალებულისა და ამიტომაც ცოცხალ ფანტაზიას აქ ადგილი აღარ აქვს, რის გამოც სამოთხე მოსაწყენ ჯოჯოხეთზე უფრო მოსაწყენიაო.

„მაგრამ სიკვდილი? სად გადაფრინდები?!"

სიკვდილის გარდაუვალობაზე მიანიშნებს ავტორი, საიქიოს განცდა საკუთარი უნდა ჰქონდეს ადამიანს, თუნდაც მცდარი.

ტექსტში სიკვდილის/კვდომის კიდევ ერთი მისტიკური სცენა იხატება, რომელიც ალუზიურად ანატორის აკლდამის ისტორიას უკავშირდება. რეფლექსირებულია ჟამიანობა ხევსურეთში - მთელი სოფლის ამოწყვეტის ამბავი ამ ღმერთებისა და ნახევარღმერთების მიწაზე, ანატორის აკლდამის ჩონჩხები დღესაც ჰყვებიან ამ ისტორიას. ბესიკ ხარანაული კი მას ასე ხატავს: ჟამთანგელოზებს ისრები დაუყრიათ, შავი, ლურჯი და წითელი ფერისა. ერთ შესვლაზე, სამოცი ხმლიანი შესულა, რომ წინაპართა ძვლებთან ერთად დალოდებოდნენ სიკვდილს. მხოლოდ ერთი - ანთა - გადარჩენილა, მეხუმარე გამხდარა, დედიშობილა დადიოდა, შეშინებული, და ჰყვებოდა იმ მისტიკით სავსე ამბავზეო.

ამ წიგნში „გადამფრენი ავტორი" - ბესიკ ხარანაული - თავისუფალია სივრცეებისგან, საზღვრებისგან, ამიტომ ტექსტი ემსგავსება ქვეცნობიერისგან წამოსულ ფიქრთა ნაკადს.

ასაკთა საკრალიზაცია ბესიკ ხარანაულთან განსაკუთრებით საინტერესო ხაზს ქმნის, ადამიანის პიროვნების „შემადგენლობის" ფროიდისეულ თეორიას მოგვაგონებს: ხარანაულის სამი ასაკის არქეტიპებად შეგვიძლია მივიჩნიოთ იდი, ეგო და სუპერეგო.

ბესიკ ხარანაული „მესმინაე-პოეტია", ცის „ყურის მომძაბრებელი", სამყაროს საიდუმლოს მფლობელი, თანაც - ისეთი საიდუმლოსი, ელვასავით რომ დაჰკრავს სხეულში და კალამს ხელიდან გააგდებინებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბესიკ ხარანაულის შემოქმედება სავსეა მისტიფიკაციით, წარმართული თუ რელიგიური რიტუალების ალუზიებით. „მესმინაეს" „ყურის მოძაბრება" „კუდიანთ წუხრაში" წარმართული ხევსურული რიტუალის კონცეპტია, „კუდიანთ წუხრა" ქაჯ-ეშმაკების დასაფრთხობი რიტუალია, ფშაველ-ხევსურთა წარმოდგენით, „კუდიანთ წუხრას" ღამით დიდი კოცონი უნდა დაინთოს, მესმინაე, ავ სულთა საუბრის მიმყურადებელი, კოცონთან უნდა გაიტრუნოს, რომ ავ სულთა საუბარს მოუსმინოს, ავი სულები ამ დროს მოსახლეობის ბედს გეგმავენ.

ფშავ-ხევსურეთის მისტიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ კავკასიონის ყინულოვანი კლდეების ძირში მდებარე ამ მხარეში „წყლის რღვნამდელი" ამბები აქვთ შემონახული ზეპირ ანდერძებში (ანდრეზებში).

ბესიკ ხარანაულისთვის ეს მხარე იგივეა, რაც უილიამ ბატლერ იეიტსისთვის კელტების მიწა - ისეთივე მისტიკური და უზომოდ მშობლიური, პირველქმნილი.

ბესიკ ხარანაული თავისუფალია ყოველგვარი ჩარჩოსაგან. მთელი მისი შემოქმედება გრაფიკულად რომ წარმოვიდგინოთ, ალბათ, აბსტრაქციული ფორმები ექნება, ყველა ჩარჩოდან გადმოიღვენთება, გასხლტება.

ლექსში „ოთხი შ" ავტორი ამბობს, რომ უპირველესი „შ", ანუ შიშია თავად, მეორე „შ" - შიმშილი, მესამე - შეშა, მეოთხე კი - შავი. ფსევდოქვეყანაში მცხოვრები, ფსევდოფერის ადამიანი, კანის ფერი - ბაცი შავი და მუქი თეთრი, ანუ „ზოგადკანიანი". „ზოგადკანიანობის" მთავარი ხიბლი ისაა, არცერთ „რასას" არ მიეკუთვნებოდე, თეთრკანიანებიც თავისიანად მიგიჩნევდნენ და შავკანიანებიც გიჩემებდნენ. შინაგანი თავისუფლების უმაღლესი ხარისხის გამოვლინებაა ეს, იმ შინაგანი თავისუფლებისა, რომელიც ბესიკ ხარანაულს ღვთისგან მიჰმადლებია, თავისუფლება - ყოველგვარი მანერულობის გარეშე. თხრობის პოეტისეული მანერა მთიელი კაცის, გულჯავრიანი ინტონაციაა, იუმორის, ირონიისა და სევდის ძალდაუტანებელი შერწყმა.

პოეტობა მეტად სახიფათო საქმეა, ბეწვის ხიდია გენიალურსა და სასაცილო, გულისამრევ პათეტიკურობას შორის. ამ ბეწვის ხიდს ბესიკ ხარანაული საოცარი ბალანსით გადის. სევდა, გამოუგონებელი ტკივილი, ადამიანური ტანჯვა, რომელიც მის შემოქმედებას ახლავს, აბსოლუტურად დაცლილია ეგზალტაციისა და პათეტიკისგან, როგორც არაერთგზის აღვნიშნეთ.

ბესიკ ხარანაულის შემოქმედებაში ხშირად შევხვდებით, ერთი შეხედვით, არაპოეტურ საგნებს და მოვლენებს, როგორსაც არ არის ჩვეული მკითხველი, რომელიც მოელის პოეზიაში მხოლოდ სილამაზესა და ჟღერადობას (მუსიკას).

ბესიკ ხარანაულს არ შეუძლია, არ ისაუბროს იმაზე, რასაც რეალურად ხედავს და არა მხოლოდ ხედავს - რაშიც თავად გამოუვლია, რაც ზუსტად იცის, რადგან ის არის, „ის - რაკი სხვა არავინაა, რომ იყოს" .

სწორედ ის პოეტია ხარანაული, ვისაც შეუძლია ტანჯვა გალობად აქციოს, ვისაც ტანჯვის გამოგონება არ დასჭირდება წერისას, თანდაყოლილი „კუზითაა" დაბადებული, ხოლო რა არის ეს კეთილშობილი „კუზი", მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში, თუ არა სუფთა ტანჯვა, ადამიანური ტკივილი, ისეთი ტკივილი, რომ შეიგრძნობ და ადამიანად რჩები?!

ასე წერა მხოლოდ დიდებულ ავტორებს შეუძლიათ, თანაც - თუ ეს ავტორი „ფსევდოქვეყანაში ცხოვრობს". ამ პასაჟში ბესიკ ხარანაულს პოლიტიკური ფონი შემოაქვს შემოქმედების ბექგრაუნდად. რა თქმა უნდა შეუძლებელია, „არამოწყობილ" ქვეყანაში იცხოვროს პოეტმა და „ბუხრისპირული" ამბები წეროს. აქ ალუზიურად აკაკის მოსაზრება შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ პოეტი „გარემოების საყვირია", მუდამ ყური აქვს „მოძაბრებული" და იმას წერს, რასაც ხედავს, რაც იცის და აწუხებს.

 

„ესაა მიწა და არა - სამშობლო, ესაა ადგილი და არა - სახლი" - ეს ამ კრებულის ერთ-ერთი ლექსის სათაურია. ტექსტისა, რომელსაც ახლავს დაკარგულობის სევდა.

მიწა, რომელსაც მოშორდება „სამშობლოს" ცნება-კონოტაცია, აღარ არის ის, რაზეც გასაოცარი ვნებათაღელვა ატეხილა მსოფლიო ლიტერატურის გენიალურ ნაწარმოებებში, რის გამო უამრავი სისხლიანი ომი და ბრძოლა გამართულა ისტორიაში, ხოლო ერი, რომელიც დაკარგავს საკუთარი მიწის მფლობელობის შეგნებას, მუდამ იქნება „მოსული ხალხისთვის" კარგი საკბილო (არქეტიპი გალაკტიონთანაა - „სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული").

ბესიკ ხარანაულს, რასაკვირველია, ძალუმად აქვს მიწის შეგრძნება, რაც, ცხადია, არ არის გასაკვირი ორი დიდი, თანდაყოლილი ამბის გამო: პირველი იმიტომ, რომ შემოქმედია, შემოქმედისთვის კი მიწა საწყისი ცნებაა (ბესიკ ხარანაულის ნაწერებს სწორედაც ნედლი მიწის სურნელი ასდის!), ხოლო მეორე „თანდაყოლილი" ამბავი ისაა, რომ მთიელი კაცია ავტორი, ამ კუთხის/რეგიონის ხალხს კი ისე არაფერი უყვარს, როგორც მიწა - მიწა მათთვის უფალთან ასოცირდება. მიწის საუკეთესო ალაგებზე ნიშ-სალოცავები აქვთ და დიდი კრძალვით ეპყრობიან, ზედმეტად ფეხსაც არ დააბიჯებენ, ცდილობენ, არცერთი ნაკვეთი მიწისა უქმად არ დაურჩეთ, ზედ „ყუნჭი" არ გაჩნდეს.

ამ ნიადაგზეა აღმოცენებული ბესიკ ხარანაული და ამიტომაც ტრიალებს მასთან მიწის სურნელი, მიწისა და ახალი ბალახის.

 

 

 

 

თაგები:

#

თაგები

#ბლოგი #მწერალთასახლი #ნონამაზიაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #გიორგიმესხი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #ნინოსადღობელაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #დათიაბადალაშვილი #თამარგელიტაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #ირაკლისამსონაძე #ლევანინაური #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #კოტეჯანდიერი#ადანემსაძე #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #ლიასტურუა #ნანაკუცია #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #მარინე ტურავა #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #თამარგელიტაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #ლევანინაური #ლიტერატურულიბლოგი #ნინოქუთათელაძე #თამარელაწოწორია #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #შოთაჩანტლაძე #ნინოდარბაისელი #მწერალთასახლი #ლიტმცოდნეობითიოპუსები #ლიტერატურულიბლოგი #ჯემალქარჩხაძე #მანანაკვაჭანტირაძე#მწერალთასახლი ანდრიაძე ანდრიაძე "კრიტიკის სკოლა" "მწერალთა სახლი" ეკა მახარაშვილი ახალი ძველი ამბები #ახალიძველიამბები ლიტერატურული პრემია მწერალთა სახლი ნაირა გელაშვილი მწერალთა სახლი ტარიელ ჭანტურია