31 დეკ 2024

ავტორი: დათია ბადალაშვილი

„ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისათვის“

 

„ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისათვის" ბესიკ ხარანაულის პირველი რომანია. ამ ავტორის ტექსტები საკმაოდ რთული მისაკუთვნებელია რომელიმე ჟანრისთვის. ეს ტექსტიც არა არის გამონაკლისი ამ მხრივ. შეიძლება ვუწოდოთ მემუარული რომანი, პირობითად შეგვიძლია ტექსტი ნაწილებად დავყოთ, თითოეული ნაწილი კონტრაპუნქტში გაერთიანებულ ცალკეულ ავტონომიურ მოთხრობებად აღვიქვათ, მაგრამ ხაზგასმით რომელიმე ჟანრისთვის ნაწარმოების მიკუთვნება, ალბათ, არ იქნება სწორი.

ზემოთქმული ხაზს უსვამს ბესიკ ხარანაულის უკიდეგანო, შემოქმედებით თავისუფლებას, „ქნარის გულზე როგორც უნდა, ისე მიდებას".

„ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისთვის" პოსტმოდერნისტული, ინტერტექსტუალური ნაწარმოებია.

ბესიკ ხარანაულმა შეკრიბა მივიწყებული სიზმრები, აკინძა და ეპიგრაფები წარუმძღვარა. „დავიწყებული სიზმრები" სინამდვილეში ბესიკ ხარანაულის მოგონებებია, წარმოსახვით ტრანსფორმირებულ-ინტერპრეტირებული.

ნაწარმოები სხვადასხვა დროში იშლება, ჰყავს ოთხი პირობითი მთხრობელი, სხვადასხვა ასაკისა: პირველი - 4-5 წლისა, მეორე - 8-10- სა, მესამე - 14-15-სა და უკანასკნელი - ზრდასრული ასაკისა.

თითოეული ასაკი პერსონიფიცირებულია. წარმოსახული მთხრობელები გამუდმებით ენაცვლებიან ერთმანეთს, ერევიან ერთმანეთის თხრობაში. ყოველი მათგანი განსხვავებული რაკურსით უმზერს სამყაროს. შესაბამისად, სამყაროც სხვადასხვა სახეს იღებს, სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირდება, მაგრამ სივრცე ოთხივესთვის საერთოა. ესაა ლოკალი, ტოპოსი, რომელიც ორგანულია ბესიკ ხარანაულისთვის - მთის პატარა სოფელი, დამახასიათებელი სიწრფელითა და ბუნებრიობით.

ავტორი ერთგვარი ფაზლის სახით, ფრაგმენტულად აღწერს სოფელში დაბადებული, ქალაქში ბედის საძიებლად წასული ბიჭის ცხოვრებას. ეს ბიჭი რა თქმა უნდა თავადაა. ესაა ერთგვარი აღსარება პერსონაჟისა, რომელიც პერსონიფიცირებული ავტორია.

ყველა დიდი თავგადასავალი, უძველესი ზღაპრებიდან თანამედროვეობამდე, მშობლიური სივრციდან გასვლით იწყება. მოგზაურობა, დინება მუდამ სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობის მეტაფორაა (გილგამეში, აქილევსი, ოდისევსი, ენეასი, ვერგილიუსი (დანტესთან), სინდბადი, დონ კიხოტი, ფაუსტი...).

ბესიკ ხარანაულის გმირებიც მუდმივ მოძრაობაში არიან. როგორც აღვნიშნეთ, ამ ტექსტშიც ტოვებს მშობლიურ სოფელს პერსონაჟად ტრანსფორმირებული, პერსონიფიცირებული 14-15 წლისა და მიდის დიდ ქალაქში, რათა საკუთარი ლექსები ჩაუტანოს დიდ პოეტს. ყრმას აღარ ჰყოფნის სივრცე, აღარ აკმაყოფილებს სოფლის ავტორიტეტები. დიდი და გრანდიოზული ცვლილება ესაჭიროება, ახალი შეგრძნებების პოვნა უნდა, იცის, რომ რაღაც განსაკუთრებული, ტკბილ-მწარე გემო უნდა გაასინჯოს სამყარომ, ამიტომ მიილტვის „კატასტროფისკენ" , ნატრობს, რომ უარი ეთქვას სიყვარულზე; გოგონამ, რომელიც უყვარს, „ცარცივით თეთრმა" ციკომ, უარყოს მისი გრძნობები.

თოთხმეტ-თხუთმეტი წლისა, იმთავითვე მოწამლულია შარბათით, რომლითაც განგებას მოეწამლა მისი დიდი წინამორბედნი. პერსონაჟი პოეტია, შემოქმედი. ამდენად, ქვეშეცნეულად იცის, რომ გზაზე უნდა დატოვოს ისეთი კვალი, რომელიც მხოლოდ მისი იქნება, თანაც - „მოძმესა გამოადგება" (ბარათაშვილის კონცეპტი), უნდა დაიცალოს წარსული გამოცდილებისგან, უნდა დაივიწყოს წაკითხული, ეპიგონობას დაუსხლტეს.

ბესიკ ხარანაული თავის შემოქმედებით მრწამსს უზიარებს მკითხველს - არა მხოლოდ სხვისი ნათქვამი უნდა მოკლა შენში, შენამდე არსებული ყველა სიტყვა, არამედ საკუთარი ცხოვრებიდან უნდა „გამოძვრე", საკუთარ სხეულსაც კი უნდა გაექცე.

ბევრი ქარტეხილის გავლა მოუწევს სოფლიდან ქალაქში, პასტორალური სივრციდან ურბანულში მიმავალ მოზარდს. აგონდება წინამორბედი მთხრობელი (თვითონვე, 8-10 წლისა). თუმცა წინააღმდეგობაში მოვა მათი შეხედულებები, მაგრამ ერთმანეთის შექმნილზე უარს როდი იტყვიან, ვერც იტყვიან - ერთარსნი არიან, შესაძლოა რაღაც ეტაპზე გაემიჯნონ ერთმანეთს, მაგრამ მაინც ერთნი არიან. ალკოჰოლით გადაღლილ ზრდასრულ ავტორს მოაკითხავენ 8-10-ისა და 14-15-ისა, რათა აუწყონ, რომ იმ გორზე, დევების ნაბურთალს რომ უხმობენ, სადაც დედამისის საფლავია და ზრდასრული ერიდება იქ ასვლას, საფლავის ქვა ქარიშხლებმა წააქციეს. დედის ხსოვნას ცხოვრების ქარიშხლები ვერ წაიღებენ, ვერაფერს დააკლებენ. ამიტომაც ადგება ზრდასრული, აარჩევს ერთ ლოდს და იმის ატანას განიზრახავს დევების ნაბურთალ გორაზე. ეს გორა სამყაროს შექმნამდელ, ქაოსისდროინდელ, კოსმოსამდელ სურათს მოაგონებს მნახველს, თავისი მისტიკური ენერგეტიკით. იქ ასვლა მხოლოდ თვითმფრინავითაა შესაძლებელი, თანაც - მხოლოდ კარგ ამინდში, პროტაგონისტმა კი ლოდი უნდა ააგოროს. ეს ის ლოდია, ყველა ადამიანს რომ აქვს ზურგზე წამოკიდებული, ცხოვრების მთავარ გორაზე ასატანი - სიზიფეს ლოდი.

შერჩეული ლოდი უზომოდ მძიმე გამოდგა, ძალიან გაუჭირდა პროტაგონისტს ატანა, მაგრამ არც დანებება გამოვიდოდა, არც სხვისი დახმარება, რადგან ეს ის ლოდია, რომელიც ადამიანმა მარტო უნდა აზიდოს. მით უფრო, რომ, სიმბოლურად, ეს ლოდი დედის საფლავის ქვაა. ასეთ კამერულ-ინტიმურ სივრცეში სხვისი შემოყვანა შეუძლებელია.

დედის საფლავის ლოდის ზიდვით თითქოს საკუთარ თავს უმტკიცებს, რომ ყველაფერი შეუძლია, საიქიოში დედასაც აგულიანებს, რომ აქ მარტო დარჩენილი შვილი ძლიერია.

ამ რიტუალური სცენით თითქოს დედის წიაღში დაბრუნებას შეძლებს პროტაგონისტი და მოისვენებს, ტკივილები დაუამდება.        

დახმარება მხოლოდ ხსოვნას შეუძლია. საკუთარ თავს სხვადასხვა პერიოდისას, 8-10-ისა მდინარის ნალოკ კეტს აწვდის, ეხმარება 14-15- ისაც, რადგან რამდენი წლისაც არ უნდა გახდეს, „ისინი" - ანუ საკუთარი თავისავ ჰიპოსტასები, არასდროს ტოვებენ.

განსაკუთრებით მკვეთრია ამ ნაწარმოებში სიყვარულის კონცეპტი.

ავტორი ჩვეული სისადავითა და გამჭვირვალობით ხატავს ამ - სამყაროს საწყის, ფუნდამენტურ გრძნობას, რომელიც პირველად ეწვევა „ცარცივით თეთრი" გოგოს მიმართ. ამ მეტაფორით, თითქოს, გრძნობის უზადო სიწმინდეს აღწევს, იმ პირველქმნილ სისუფთავეს, რომელიც ახლავს პირველ სიყვარულს.

უსაშველო სითეთრე - ასე გამოხატა ბესიკ ხარანაულმა მშვენიერება - „ცარცივით თეთრი", და ამ სითეთრეს თან მოჰყვა უცხოობის განცდაც, გოგონა სხვა სივრცის კუთვნილებაა, ქალაქიდან სოფელში სტუმრად ჩამოსული, ძალიან მკაცრი, სოფლის მთავარი ჩინოვნიკის ოჯახში. ყოველივე ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ეს სიყვარულიც ისეთი რთული და აკრძალულია, როგორიც ყველა დიდი სიყვარული ლიტერატურაში.

„პირველი სიყვარული, ეტყობა, კაცის ადამიანობამდელი გახსენებაა, აუხდენელი ოცნებაა და, ეტყობა, ამიტომაც, პირველი სიყვარულით ატანილებს სხეული არ ახსოვთ, რადგან აფრთხობს პირველ სიყვარულს სხეული, უარყოფს..."

სიყვარულის კონცეპტს ბესიკ ხარანაულის შემოქმედებაში ძალიან საინტერესო ხაზამდე, ობერტონამდე მივყავართ - ესაა მთის უძველესი ტრადიცია - წაწლობა, რომელიც ასევე სიყვარულია, ოღონდ - არა კლასიკური გაგებით. ამგვარ სიყვარულს საოცარი სიწრფელით აღწერს ავტორი. მშვენიერი სახეა წაწალი სანთია, რომლისთვისაც პტოტაგონისტი, 14-15-ისა, ძმაცაა, შეყვარებულიც და ყველაზე ახლო მეგობარიც. მათი შეყვარებულობა სამუდამოა, „შეყვარებულები, თუ მათ სიყვარული შეუძლიათ, შეყვარებულებად კვდებიან: თვალი თვალში იყოს და სუნთქვა - სუნთქვაში, სული და ოცნება ვერ იქორწინებენ! დაე, იქორწინონ სხეულებმა, როცა სული და ოცნება მოკვდება, დაე, იღორძინონ იმათ ხსოვნაზე".

ამგვარი სიყვარულია წაწლობა, რომელიც მხოლოდ მთის კუთვნილებაა. როგორც ამ ნაწარმოებში ათქმევინებს ავტორი მოხუც ქალს, მთის ხალხს სწრაფად „ეკიდება" სიყვარული და რომ არ „ჩაიქცნენ" ამ გრძნობაში, ნადობ-ნაძმობობა აძლებინებთ. იმ მძიმე ყოფაში, „უდიერ შრომაში" ერთადერთი ნუგეშისმცემელი წაწლობაა.

წაწლები ვერასოდეს იქორწინებდნენ ერთმანეთზე, რადგან ერთი თემიდან იყვნენ და ეკრძალებოდათ, მხოლოდ სიყვარული იყო მათთვის აუკრძალავი. ამიტომ ეს ურთიერთობა დაცლილია ყოველგვარი ვალდებულებისგან და მხოლოდ სიყვარულზეა დამყარებული.

მხარეში, რომელმაც ვაჟა-ფშაველა და მიხა ხელაშვილი შვა, არავინ იცის, რომელი იყო პირველი - სიყვარული თუ პოეზია. სიყვარულს თავისთავად ახლავს ეროტიკული პლასტი, რომელსაც განსაკუთრებული სისადავითა და სიფრთხილით ხატავს ავტორი. შიშნარევი ტკბობა ახლავს 14-15-ისათვის ქალის სხეულის პირველ შეგრძნებას, მაგრამ ამაში მაინც, შიშზე მეტი, ტკბობა ურევია. „სანთიას ქვასავით გამაგრებულ ძუძუებს რომ მიეკარა, ისეთივე გრძნობა დაეუფლა, როგორც მაშინ, როცა იყო 8-10 წლისა და როცა შინსახკომის უფროსმა ნაგანი გაუშვირა ხელში დასაჭერად".

ეროტიკული ნაკადი ბესიკ ხარანაულის შემოქმედებაში განსაკუთრებული ნატურალიზმით გამოირჩევა. თუ არ ჩავთვლით მარინეს პორტრეტს ლექსში „თებერვალი. ივრის ჭალები", ბესიკ ხარანაულის ეროტიკულ პლასტს მუზა არ ჰყავს, პროტაგონისტი მიისწრაფვის ზოგადად ქალის სხეულის შეცნობისკენ, ადამ და ევას საწყისიდან, მთის პატარა სოფელში, ოთახის ჩრდილში განმარტოებულ წაწლებამდე.

ეროტიზმი ლიტერატურაში (ზოგადად, ხელოვნებაში) ისეთივე ძველი და პირველქმნილი ხაზია, როგორიც სამყაროს დასაბამი, მაგრამ, რასაკვირველია - არა მოძველებული. ბესიკ ხარანაულის მრწამსით, ერთ დღეს, როცა ადამის შთამომავლის, მეჩანგე იობელის საფლავს გათხრიან, უხრწნელ ფურცელს იპოვიან, რომელზეც ლექსი ეწერება.

ტექსტში მძლავრია ეროტიკული ნაკადი, ლექსი სრულიად ქალის სხეულის ხოტბაა (როგორც „ქებათა ქება" სოლომონისა):

 „ქალო ისებრო ისებრო, თიხისა კოკურისებრო,

 შიგა მდგომარე სურვილო, მოკვდავთა წყურვილისებრო...

 ...მკერდო, ვის დაეტოლები, ვის დასწვავ, ცეცხლო მზისებრო,

 ვის დააჩნდებით ძუძუნო, გველისა ნაკბენისებრო..."

ლირიკულ პროლოგში ავტორი ლოცვასავით აღავლენს სათქმელს.

ბესიკ ხარანაულის დამოკიდებულება ღმერთის მიმართ წრფელი და უაღრესად დელიკატურია. პოეტისთვის ღმერთი ლურჯია, უსაშველოდ ლურჯი, როგორიც ალპური ყვავილი.

„ო, ლურჯა ღმერთო, ფშავ-ხევსურეთის სალოცავებო!

წმინდა გიორგივ, მგზავრების პატრონო!"

მგზავრობა ტექსტის ერთ-ერთი მთავარი პროცესია, საკუთარი თავის ძიების პროცესი, ინიციაცია, რომელსაც შესდგომია ტექსტის სამი (ერთი და იგივე) ავტორი.

ეპილოგი ეგზისტენციალური მონოლოგია, ერთი მსახიობის სპექტაკლი, პერფორმანსი, გულწრფელი აღსარება.

შეგრძნება რჩება, რომ ავტორი ასრულებს წიგნს, გადის მისგან სხვა წიგნში გადასასახლებლად, ამ ტექსტს კი მკითხველს აბარებს, მას გადაულოცავს.

„ეპიგრაფები დავიწყებული სიზმრებისთვის", ჟანრული თვალსაზრისით, ალბათ, მემუარული ტექსტია, პოსტმოდერნისტული ინტერპრეტაციით გადმოცემული.

 

 

თაგები:

#

თაგები

#ბლოგი #მწერალთასახლი #ნონამაზიაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #გიორგიმესხი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #ნინოსადღობელაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #დათიაბადალაშვილი #თამარგელიტაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #ირაკლისამსონაძე #ლევანინაური #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #კოტეჯანდიერი#ადანემსაძე #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #ლიასტურუა #ნანაკუცია #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #მარინე ტურავა #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #თამარგელიტაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #ლევანინაური #ლიტერატურულიბლოგი #ნინოქუთათელაძე #თამარელაწოწორია #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #შოთაჩანტლაძე #ნინოდარბაისელი #მწერალთასახლი #ლიტმცოდნეობითიოპუსები #ლიტერატურულიბლოგი #ჯემალქარჩხაძე #მანანაკვაჭანტირაძე#მწერალთასახლი ანდრიაძე ანდრიაძე "კრიტიკის სკოლა" "მწერალთა სახლი" ეკა მახარაშვილი ახალი ძველი ამბები #ახალიძველიამბები ლიტერატურული პრემია მწერალთა სახლი ნაირა გელაშვილი მწერალთა სახლი ტარიელ ჭანტურია