25 ოქტომბრიდან - მსოფლიო ლიტერატურის კურსი მწერალთა სახლში!
კურსი ითვალისწინებს მსოფლიოს დიდი ავტორების - ჰომეროსის, დიდი რომაელი პოეტების (ძვ.წთ 1 და ჩვე.წთ1 სს), დანტე ალიგიერის, ვოლტერის, სტენდალის, იოჰან ვოლფგან ფონ გოეთეს, უილიამ შექსპირის, ჰერმან ჰესეს, მარსელ პრუსტისა და თომას მანის შემოქმედების შესახებ ლექციათა ციკლს.
პროექტის მიზანია, ქართული სკოლების უფროსკლასელებს მისცეს საშუალება, გაეცნონ მსოფლიო ლიტერატურის ფუძემდებლურ ტექსტებს, რაც გააღრმავებს მათ ზოგად განსწავლულობას და დაეხმარება უმაღლესი განათლების ეტაპზე სწავლის გაგრძელებაშიც. აღსანიშნავია, რომ ზემოჩამოთვლილი ავტორების ცოდნა არა მხოლოდ იმ ახალგაზრდებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომლებიც ჰუმანიტარულ მეცნიერებებში აპირებენ სწავლის გაგრძელებას, არამედ უაღრესად მნიშვნელოვანია ნებისმიერი, მათ შორის ტექნიკური პროფესიების მქონე ადამიანებისთვის.
მსოფლიო ლიტერატურის დიდი ავტორებისა და ტექსტების ცოდნა დაეხმარება ახალგაზრდებს ქართული ლიტერატურის უფრო სიღრმისეულ გააზრებაშიც, საშუალებას მისცემს, მსოფლიო ცივილიზაციის კონტექსტში დაინახონ მშობლიური ლიტერატურა, კულტურა თუ ისტორია. მსოფლიო ლიტერატურის კურსი საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის არის ღირებული შესაძლებლობა მათი ჰორიზონტის გასაფართოვებლად, კრიტიკული აზროვნების უნარების გასავითარებლად და სხვადასხვა ეროვნების ხალხის კულტურისა და გამოცდილების მრავალფეროვნების გასაცნობად.
სამიზნე ჯგუფი: 14-18
მსმენელთა რაოდენობა: 50
კურსის ხანგრძლივობა: ოქტომბერი - ივნისი, თითოეული 90 წუთი.
პერიოდულობა: კვირაში ერთხელ, ყოველ ოთხშაბათს.
პედაგოგები: ლევან გიგინეიშვილი, მანანა ღარიბაშვილი, ნინო ფირცხალავა.
მსოფლიო ლიტერატურის კურსზე მოსახვედრად, აუცილებელია, სარეგისტრაციო განაცხადის შევსება:
სარეგისტრაციო განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი.
ფორმატი: თითოეულ შეხვედრაზე მოსწავლეებს მიეცემათ კვირის საკითხავი მასალა, რომელსაც შემდეგ შეხვედრაზე დაამუშავებენ პედაგოგთან ერთად. შეხვედრები წარიმართება ლექციისა და ინტერაქტიური დისკუსიის ფორმატში. მოსწავლეები აითვისებენ მხატვრული ტექსტის ანალიზის ძირითად ასპექტებს, გაიღრმავებენ კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნების უნარს, მიეჩვევიან საკუთარი აზრის გამოთქმასა და მის დასაბუთებას, არგუმენტირებულ მსჯელობას.