დავით სარაჯიშვილის ანდერძი

თარიღი : 20.06.2024

დავით სარაჯიშვილის ანდერძი


1910 წელს დავითს უკურნებელი სენი შეეყარა. მას ვერ უშველა ბერლინში გაკეთებულმა ოპერაციამ და 1911 წლის 20 ივნისს დიდებული ქართველი საშინელი ტანჯვით გარდაიცვალა სწორი ნაწლავის კიბოთი. ცნობილმა მეცენატმა 63 წელი იცოცხლა. აქედან 31 წელიწადი ისწავლა, ხოლო დანარჩენი წლები შრომით საქმიანობას მოახმარა.


გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე დავითს გერმანიაში დაუჩივლია: „ვკვდები, რა დამშვიდებით მოვკვდებოდი, რომ სამშობლოს იმედი მიმყვებოდეს". საქართველომ დიდი გულისტკივილით დაიტირა ღვიძლი შვილი.
იმ დღეებში „სახალხო გაზეთი" წერდა: „ამბობენ, ავადმყოფი, მძიმე სენით შეპყრობილი, მომაკვდავი ადამიანი დიდი ეგოისტი ხდებაო. თვალი გადაავლეთ დავითის უკანასკნელ სიტყვებს, იმის ანდერძს და დარწმუნდებით, რომ ამ მხრივაც ეს შესანიშნავი ადამიანი განირჩეოდა სხვათაგან, ღირსეულის ანდერძით დააგვირგვინა მან თავისი კეთილი და ნაყოფიერი სიცოცხლე და კუბოს კარების წინაშეც მისი უკანასკნელი სურვილი საერო, საქვეყნო ჭირის გაზიარება იყო. ჭეშმარიტად იმაზედ არის გამოჭრილი გურამიშვილის სიტყვები: „მოკვდა და თვისის ანდერძით, აწ ისევ საქმობს მკვდარიო"!..


ანდერძმა კი, რომელიც 1910 წელს, ბერლინისკენ მიმავალმა, როსტოვში გააფორმა, საზოგადოება გააოგნა:

პირადი ქონების უდიდესი ნაწილი, უძრავი და მოძრავი ქონება საქართველოს დაუტოვა!


ანდერძის თანახმად, ქონება - სამი მილიონი მანეთი, შემდეგნაირად ნაწილდებოდა:


1. 500 ათასი მანეთი - წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას;


2. 150 ათასი მანეთი - ქუთაისის თეატრის ასაშენებლად;


3. 200 ათასი მანეთი - ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას;


4. 25 ათასი მანეთი - ქუთაისის დრამატულ საზოგადოებას;


5. 50 ათასი მანეთი - თბილისში პოლიტექნიკურ ან სხვა უმაღლესი
სასწავლებლის დასაარსებლად;


6. 30 ათასი მანეთი - ვლადიკავკავის (ორჯონიკიძე) ღარიბ მოსწავლეთათვის, სწავლის ქირის გადასახდელად (განურჩევლად ეროვნებისა);


7. 25 ათასი მანეთი - საქართველოს საეთნოგრაფო საზოგადებას, წიგნების გამოსაცემად;


8. 100 ათასი მანეთი - თბილისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას;


9. 10 ათასი მანეთი - სამიწათმოქმედო სახელოსნოს გამოსწორებულ ახალშენთა და თავშესაფართა საზოგადოებას;


10. 171 ათასი მანეთი - სარაჯიშვილის ფირმის მუშა-მოსამსახურეებისათვის;


11. 5 ათასი მანეთი - ქართული ფილარმონიის საზოგადოებისათვის;


12. 20 ათასი მანეთი - ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებას - ქართული ახალი ორიგინალური ბელეტრისტული ნაწერებისათვის პრემიის დასანიშნად;


13. 50 ათასი მანეთი - ავლაბარში საპროფესიო სკოლის დასაარსებლად და შესანახად;


14. 10 ათასი მანეთი - მოსკოვის ქართულ საზოგადოებას;


15. 10 ათასი მანეთი - დიდუბის ტაძარს;


16. 5 ათასი მანეთი - რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა საზოგადოების სადგურს ოდესაში;


17. 200 ათასი მანეთი - ქირურგიულ საავადმყოფოს ასაშენებლად თბილისში.


იაკობ გოგებაშვილი დავითის გარდაცვალების შემდეგ წერდა: „თავისი ანდერძით სიკვდილი დათრგუნა და ბრწყინვალე შარავანდედი შეიმოსა".


„მე ამჟამად არ ძალმიძს აღვნუსხო არც დიდი ამაგი განსვენებულისა და არც მისი უმაგალითო ქველმოქმედება. აღვნიშნავ მხოლოდ, რომ განსვენებულს მამისგან დარჩა მცირედი თანხა, და მან ეს თანხა თავისი ცოდნით და მხნეობით მილიონებად გადააქცია... დაბოლოს, მთელი თავისი დიდი ქონება, შეძენილი პატიოსანი გზით და უმწიკვლო მოქმედებით, მან დაუტოვა ქვეყანასა".


გამოსამშვიდობებელ წერილში თავადი დავით გურამიშვილი მწუხარებით წერდა: „...შენს გულში ადგილი ჰქონდა ყველას, მიუხედავად ადამიანთა სოციალური მდგომარეობისა და ეროვნებისა, განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, რომ ღირსეულები გიყვარდა და უღირსები გეცოდებოდა. შენ არ იცოდი რაა სიძულვილი, ის არასოდეს ეხებოდა შენს მგრძნობიარე გულს"...


1916 წლის აგვისტოში, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ახალგაზრდა, მაგრამ ჯანმრთელობა შერყეული ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილისა გარდაიცვალა.


„ნუ დამკრძალავთ დიდებულად, არ ვსაჭიროებ არც გვირგვინთ, არც დიდ ძეგლს, ბევრი არ დამახარჯოთ და ქონება ჩემსა ერსა გაუბოძეთ". იგი თანამეცხედრეს გვერდით, დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. „თეატრი და ცხოვრება" მკითხველს აუწყებდა: „დავითის გარდაცვალების შემდეგ, ქმრისეულ სამრეწველო-საქარხნო საქმეებს სათავეში ჩაუდგა და წარმოება არა თუ შეამცირა, გაასამკეცა. ყველგან და ყველაფერში თვით მონაწილეობდა, საქმეს გონივრულად მართავდა". ეკატერინემაც, დავითის მსგავსად, თავისი უძრავ-მოძრავი ქონების დიდი ნაწილი სამშობლოს უანდერძა.


1939 წელს, საქართველოს სსრ-ს ხელმძღვანელობის მითითებით, ქალაქის საბჭოს მიერ გაცემულ დოკუმენტში, რომლის ადრესატები დავითისა და ეკატერინეს ნათესავები იყვნენ, ეწერა: „პანთეონისათვის გამოყოფილ ნაკვეთზე უნდა დაკრძალული იქნან ის პირნი, რომელთა მოღვაწეობაც ლიტერატურის, მეცნიერების და ხელოვნების დარგშია ცნობილი. დავით სარაჯიშვილი და მისი მეუღლე კი, რადგანაც არ ეკუთვნიან აღნიშნულ კატეგორიას, პანთეონის ნაკვეთზე დატოვებულთა სიაში არ არიან. ამიტომ, გევალებათ დავით სარაჯიშვილისა და მისი მეუღლის ნეშტი გადაიტანოთ სხვა სასაფლაოზე 10 დღის ვადაში. პანთეონის დირექტორი ვ.ენიკოლოფაშვილი".


1939 წლის 1 დეკემბერს დავით და ეკატერინე სარაჯიშვილების ნეშტები ვაკის სასაფლაოს ხევში, ხოლო მისივე თითიდან მოხსნილი ბეჭდის წყალობით, ვაკის სასაფლაოზე გადაასვენეს .


1995 წლის 24 ივნისს სარაჯიშვილის მოწაფეებისა და მისი ღვაწლის თაყვანისმცემელთა მცდელობით, ცნობილ ბიზნესმენ ელგუჯა ბუბუტეიშვილის ინიციატივით, დავით და ეკატერინე სარაჯიშვილების ნეშტები ვაკის სასაფლაოდან გადმოასვენეს და ქაშვეთის ტაძრის ეზოში დაკრძალეს.