8 თებ 2024

ავტორი: ეკა მახარაშვილი

"ახალი ძველი ამბები"„

1917 წლის თებერვალში რევოლუციამ დაამხო ცარიზმის მმართველობა ამიერკავკასიაში. პეტროგრადის დროებითმა მთავრობამ განსაკუთრებული კომიტეტი დააწესა. რუსეთის ჯარმა საკუთარი ნებით დატოვა ამიერკავკასია, შედეგად კავკასია ფაქტიურად ჩამოშორდა რუსეთს. ამით კარგად ისარგებლეს და 1917 წლის 11 ნოემბერს თბილისში მოიწვიეს რევოლუციურ დაწესებულებათა წარმომადგენლების კრება, რომელმაც დაადგინა შექმილიყო ამიერკავკასიის დროებითი მთავრობა. 1917 წლის 19 ნოემბერს შეიკრიბა ეროვნული ყრილობა, რომელმაც 22 ნოემბერს შექმნა საქართველოს ეროვნული საბჭო. 1918 წლის 5 იანვარს საბჭოთა მთავრობამ დაითხოვა რუსეთის დამფუძნებელი კრება. მის მაგივრად ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დამფუძნებელი კრების მოწვევა მოითხოვა. ამის წინააღმდეგ სოციალ-დემოკრატები გამოვიდნენ. ქვეყნის დაცვის მიზნით, ქართველ სოციალ-დემოკრატთა წინადადებით, დაშნაკებთან და მუსავატელებთან ერთად, 1918 წლის 22 აპრილს შეიკრიბა ამიერკავკასიის სეიმი, რომელმაც ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სეიმის თავმჯდომარე გახლდათ კარლო ჩხეიძე, სწორედ ის კარლო ჩხეიძე, რომელიც 1919-1921 წლებში საქართველოს დამფუძნებელ კრებას ანუ პარლამენტს თავმჯდომარეობდა... რუსეთის ჯარის გასვლით ოსმალეთს გზა გაეხსნა... ქართველებმა და სომხებმა ოსმალებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, აზერბაიჯანელები კი მონათესავე ოსმალობაში მფარველს ხედავდნენ და ეხმარებოდნენ მათ. თურქებმა დაიკავეს ახალციხე-ახალქალაქის მაზრები, ერევნის გუბერნიის დიდი ნაწილი და საფრთხე შეუქმნეს თბილისს. ქართველმა პოლიტიკოსებმა დახმარება გერმანიას სთხოვეს... გერმანიამ ქართველებს თანადგომა აღუთქვა, ოღონდ ამის სანაცვლოდ მოითხოვა, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა. ამიერკავკასიის სეიმის მუშაობა უკვე შერყეული იყო და მალე გაუქმდა კიდეც. სწორედ სეიმის გაუქმების დღეს – 1918 წლის 26 მაისს, ნაშუადღევს, 17 საათსა და 10 წუთზე სასახლის თეთრ დარბაზში შეიკრიბა ეროვნული საბჭო, შეიქმნა ეროვნული მთავრობა, რომლის თავმჯდომარედ ნოე რამიშვილი აირჩიეს. განსაკუთრებული აქტით საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.

საქართველოში ამ დროს უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა იყო – სასურსათო კრიზისი, ინფლაცია, უმუშევრობა... ხალხი იტანჯებოდა. ნოე ჟორდანია იხსენებს: "მეც სანოვაგეს ჩემი სახლიდან, ლანჩხუთიდან ვიღებდი ხშირათ; ერთხელ ჩამოვიდა დედაჩემი მრავალნაირი სანოვაგით, გაგვიხარდა, რასაკვირველია. დედა მეუბნება: მითხრეს, შენ მინისტრი ხარ, რავა დავიჯერო, ჩემი სარჩენი მინისტრი ვის გაუგონიაო!

ყველაზე უფრო კურიოზული იყო მთავრობის მდგომარეობა. ყველა ქვეყანაში მთავრობის წევრობას სანთლით ეძებენ. ეს უმაღლესი თანამდებობა ყველგან სანატრელი და საბრძოლველია. ჩვენში კი მთავრობაში შესვლა მიჩნეული იყო დიდ უბედურებათ. ყველა მას გაურბოდა, როგორც ჭირს. რამდენი ხვეწნა მჭირდებოდა, რამდენი კალთის გლეჯა, პირდაპირ წარმოუდგენელია. ძლივს ვახერხებდი შემადგენლობის მოკრებას ან მასში ახალი პირის შემოყვანას. მიზეზი იყო ერთადერთი – გაურბოდნენ პასუხისმგებლობას. მხოლოდ ორ პირს არ სჭირდებოდა ხვეწნა – ნოე რამიშვილს და ევგენი გეგეჭკორს. სხვები კი ყველა ძალით შემოთრეულია მთავრობაში..."

თაგები

#ბლოგი #მწერალთასახლი #ნონამაზიაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #გიორგიმესხი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #ნინოსადღობელაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #დათიაბადალაშვილი #თამარგელიტაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #ირაკლისამსონაძე #ლევანინაური #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #თამარგელიტაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #ლევანინაური #ლიტერატურულიბლოგი #ჯემალქარჩხაძე #მანანაკვაჭანტირაძე#მწერალთასახლი ანდრიაძე ანდრიაძე "კრიტიკის სკოლა" "მწერალთა სახლი" ეკა მახარაშვილი ახალი ძველი ამბები #ახალიძველიამბები ლიტერატურული პრემია მწერალთა სახლი ნაირა გელაშვილი მწერალთა სახლი ტარიელ ჭანტურია