20 მაის 2024

ავტორი: ნანა კუცია

პორტრეტი - ლექსთა პერიფრაზი

 

ლია სტურუას პოეზიის კონცეპტები

ლია სტურუა, გალაკტიონ ტაბიძის, რუსთაველისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, დაიბადა 1939 წლის 15 მაისს, თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა, იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, შემდეგ - ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1974 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „ფერის მხატვრული ფუნქცია გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაში" (დისერტაციის ძირითადი დებულებები ლაკონიურადაა წარმოდგენილი პოეტის ესეიში „იისთვის ეძებს იისფერ სიტყვებს").

ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1999 წლიდან - გალაკტიონ ტაბიძის მუზეუმში - მეცნიერ-კონსულტანტად.

ლექსების პირველი კრებული - „ხეები ქალაქში" - გამოსცა 1962 წელს. გამოცემული აქვს მრავალი პოეტური კრებული, ასევე - პროზაული თხზულება - „ბედნიერი სიჩუმე." არის მრავალი ესეისა და წერილის ავტორი.

1997 წელს ნორვეგიის ტელევიზიამ გადაიღო დოკუმენტური ფილმი ლია სტურუაზე.

პოეტის მეუღლე იყო ცნობილი მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი.

ლია სტურუა, მკვლევარ ლალი ავალიანის თვალთახედვით, „ერთი იმ პოეტთაგანია, რომელთაც, იშვიათი ნიჭიერებისა და თვითმყოფობის წყალობით, ახალგაზრდობაშივე მიაღწიეს ყოველი შემოქმედის საწადელს - ლიტერატურული შეგირდობის გვერდის ავლით მიაგნეს საკუთარ ხელწერას... ევოლუცია და მეტამორფოზები არ განუცდია, ისე მიაგნო თავის სტილს: მუსიკას, ფერებს, სიტყვას. საცნაურია ლია სტურუას პოეზიის ელიტარულობა, თვითმყოფი ასოციაციური და მეტაფორული აზროვნება, ღრმა ქვეტექსტები, მისწრაფება ვერლიბრისაკენ - თავისუფალმა მხატვრულმა აზროვნებამ თავისუფალი ფორმაც მოითხოვა" [ავალიანი ლ., 2005, 70...72].

მაია ჯალიაშვილი წერს: „სახელი ლია სტურუასი თანამედროვე პოეზიის სინონიმად წარმომიდგება და არა მხოლოდ ქართული პოეზიისა... ლია სტურუა თანამედროვეა არა მხოლოდ ჩვეული, არამედ ელიოტისეული თვალსაზრისითაც - ელიოტი ფიქრობდა, რომ თანამედროვეობა გულისხმობს წარსულის გამოცდილების ათვისებას და მასზე ახლის დაფუძნებას... მისი პოეტური აზროვნების საყრდენია მეტაფორა, იხატება აბსტრაქტული და სიურრეალისტური სურათი, პოეტი ბუნებით ესთეტია, მოდერნისტებს წააგავს, მისთვის (ოსკარ უაილდივით) უსახურებაც არტეფაქტად იქცევა და კეთილშობილდება., მეტაფიზიკოსია - როგორც გრიგოლ რობაქიძე იტყოდა - „სიტყვათა ასტრალურ სხეულებს მოიხელთებს", ინტელექტუალია, ჯონ დონისეული მეტაფიზიკური მედიტაციებით ცდილობს სამყაროს მთლიანობაში გააზრებას, გამტარივითაა, მედიუმივით... ლია სტურუას პოეზია გაჯერებულია იმპრესიონისტული სახეებით. ფერი მის სტრიქონებში „ლაპარაკობს" [ჯალიაშვილი მ., 2009, 142].

ლია სტურუა ლექსის (ვერლიბრისა თუ კონვენციურის) დიდოსტატია.
წარმოვიდგინოთ პოეტის განუმეორებელი სამყარო პოეტისავე სტრიქონების პერიფრაზ(ებ)ით. პოეტი საკუთარ კოსმოგონიას ქმნის, თითქოს საოჯახო ალბომს ვათვალიერებთ:
„მე ვიცი, ახლა გაიღება სამოთხის კარი -
ერთი მინდორი კოინდარი, ქონება მთელი,
გამოანათებს ცომის გუნდა და ჩვილი ყველი -
შარავანდედი გაწურული და უმარილო -
უბრალო ქალის, ნატალიასი - მამის მხრიდან ჩემი ბებიის,
მის სახელს ჰქონდა სუნი პიტნის და ფერი - ბიის,
ტყემლის სიმძაფრე და ჯავარი უმძრახი წყალის,
ხოლო დიდედას ვარდი ეცხო, ია ესხურა,
ციციშვილების გაქანებით და ოქროს ძაფით
სიტყვებს მიმაბა, მომისაჯა სალიკლდეობა,
მეორემ - შრომა თავწაკლული, ისეთი მძაფრი,
მხოლოდ საქონელს რომ მიჰყვება სასაკლაოზე."

მარტოობისას ეჭვიც არ ეპარებოდა თავის „მცენარეულ წარმოშობაში", მაგრამ მძლავრვარჯიანი ხე როდი, თითქოს უფრო მზესუმზირას ყვავილი იყო - მზის მადევარი. ჰქონდა განცდა, რომ „ნორმალურ მშობლებს არ უჩნდებათ ფრთიანი ბავშვი", სადღაც იპოვა ყუჩმა დედ-მამამ.

ხელში ფაიფურის ფინჯანი მისცეს და სინატიფე მიუსაჯეს.
ჩაის სვამდა, ვარდებს აყოლებდა. ვარდი ჩაიზე მეტი იყო. დედას ყელი ისე უთბებოდა, თითქოს ქარვის მძივი ეკეთა (ლია სტურუა „პოეტ-ფერმწერთა იმ გუნდს მიეკუთვნება, რომელთა პოეზიაში ჭარბობს სინათლე, თბილი ფერები: ჟოლოსფერი, ძოწი, მეწამული, ვარდისფერი, ალისფერი, ნარინჯისფერი..." [ავალიანი ლ., 2005, 72].

ჩაის ოქროში ტკბილად, მორჩილად დნებოდა შაქრის კრისტალები - დედის სიტყვები. ორშაბათიდან კვირამდე მაღალი აღმართი იყო. ცის სიცხადეში ღმერთი ილანდებოდა, ლურჯზე თეთრი - ფაიფურისკენ წასული სითეთრით.

პოეტი-ბავშვი რძეს ირეკლავდა და მშობლებმაც ზარდახშაში ჩადეს, როგორც სამკაული. „სად პოულობენ ასეთ ვერცხლისფერ ბავშვებს?! - იკითხავენ გარშემო ისე ხარბად, როგორც ომის დროს: სად იყიდება პური?! ზარდახშას ერქვა „ბავშვობის წლები". იყო მუსიკა - ბემოლების შავი გზით არსაით მიმავალი, შოპენის ვერცხლისფერი ბგერები - ელეგანტურად მკაცრი.

ვერცხლის სურებში ჩამოსხმულ სიჩუმეში ჭრიჭინობელა ცხოვრობდა, მაღალი სევდით. თოვდა სიზმრებში თეთრი, ტკბილი, მარცვალი ბრინჯი. ბროლის ჭურჭელში თოვდა შაქარი, ჭვიოდა ღვინო და ყუჩ მუსიკას ბავშვი ისე უყვარდა, როგორც დედას - უანგაროდ და უანგარიშოდ.

მერე მუსიკა როიალს მოსწყდება და გახდება მინდორი სადაფისფერი, ბემოლებით დადარდიანებული, მოვა ხილვა ბავშვობის - მზერა აგროვებს კნუტების ფერად ყვავილებს.

ლაპარაკზე ადრე, დანახვა ისწავლა, ვიდრე დამარცვლით წაიკითხავდა პირველ სიტყვას - „ცრემლი". ძველისძველი წიგნის ფურცლები ჩაის ვარდივით ჰყვაოდნენ თვალებში. ბროლის თითი კაფავდა გზას იების სიმრავლეში, „თათის" და „თუთის" ტკბილ ხმოვანებაში: აი ია, აი თათი, აი თუთა - „დედაენის" მშვიდი მუსიკა, როცა თითები თოვლისაა, ჭინჭარი - ანბანის ბოლოში მოქცეული, ტკივილი - ცოტახნით გადადებული, სანამ პოეზიამდე მიხვიდოდე, ხმაურის მრუშობაში მიაგნებდე სიტყვის ხატს, სანამ გალაკტიონი არ გიკარნახებს დაბინდულქლიავისფერ სიტყვას [„გინახავთ თქვენ ფერი დაბინდულქლიავის? ეს ჩემი სამშობლოსმთებია"]. სიტყვებიდან მუსიკა დაიღვრება, ვერცხლის ნაფეხურებს გიტოვებს გულში. მოგეხვევიან აჩრდილები ბინდის ქვეყნიდან:
ბრმა ჰომეროსის ბედნიერი წიგნი;
მითების გულში ბრინჯაოთი დაფერილი კრავები;
პლატონის დიალოგების კლასიკური შუქი;
ჰამლეტის მკაცრ სილუეტს მიშუქებული ოფელია;
რემბო - მთვრალი ხომალდივით ქვეყანაზე მოხეტიალე;
ვერლენის ჯადომუსიკა;
მალარმემდე გაცვეთილი სიტყვა „გედი";
მატარებელი, რომელიც კარენინას ჩრდილს გადაუვლის;
ლორკას ფორთოხლისფერი სიმართლე - „უეცარი მოსახვევი, როგორც ყელში დანა";
ვაჟა უფსკრულთან - განწირული პირიმზის გადასარჩენად;
ლექსებივით წაკითხული მტვრიანი საბა...

შოპენის ვიწრო ხელიდან წვეთავდა მუსიკა, ეწვეთებოდა სეზანის, ვან გოგის, მოდილიანის მზიურ ტილოებს. ნათდებოდა ვიწრო ოთახი.

შეიძლება ჩვეულებრივი ეკლესია ისეთი ყვითელი და ლურჯი იყოს, თითქოს ზაფხულის ცა დაიმხო თავზე?!

ყველა თავისთვის ცხოვრობს, მარტო ყვავები დაფრინავენ მინდორში და დგას ეკლესია - დამაბრმავებლად ელვარე. გოგირდოვან ჯოჯოხეთში ბავშვივით იზრდება დიდი ყვითელი მზესუმზირა [მინიშნება გოგენის ტილოზე „მზესუმზირები"].

ზოგჯერ ქალაქის ნატურმორტი თავისივე ჩარჩოდან გამოდის და მინდორივით რბილდება. ნუშის ხეები ისე გამჭვირვალედ ჰყვავიან, თითქოს ბავშვმა გაიარა და რძის სუნი დატოვა.

შემოდგომის ჭორფლიანი ჰაერი ატამივით დამწიფდება. მწიფე ჰაერი მწვანე ფერს უხდება... ათასში ერთხელ ნატურმორტს, ისევე, როგორც სეზანს და მის მშვენიერ გეომეტრიას, შეიძლება ატმის სუნი აუვიდეს - ვარდისფერი კვამლი.

სიცხეში მოქანავე თავებს ერთმანეთი რომ არ გადაებუგათ, ადამიანთა შორის თითო ცრემლივით ქალს აგდებდა ღმერთი - მათი თვალები იყო ლურჯი და უწერტილო. თუ მხოლოდ გუგა აძლევს თვალს ასეთ ყოფითობას?! და რას ფიქრობდა მოდილიანი - ადამიანი უფრო მიწისაა თუ ცის?! ამ ქალებს, ცეცხლიდან რძესავით გადმოსულებს, არავინ ყიდულობდა, კედელზე რომ დაეკიდათ...

მხატვარს ჭლექმა დაუდნო ხორცი, მერე შავი ყვავილი თავში ავიდა და მონპარნასზე გარდაიცვალა მხატვარი ამადეო მოდილიანი [შდრ. კონცეპტი მხატვრული ფილმებისა: „მონპარნას 19", „მოდილიანი", რეზო ინანიშვილის ნოველისა „ქართველი ქალის სიყვარული"].

ვერცხლისფერი სული გობელენში შედიოდა. გობელენზე ჰყვაოდნენ ჩრჩილნაჭამი სამეფო ყვავილები. ტბის ლურჯ გორგალზე ბრწყინავდნენ გედები - ცივი რძის წვეთები.

...პოეტს სწადდა, თავადაც სიცხის წვეთი ყოფილიყო - ფიჭვებს შემდნარი, მძივის მარცვალი - ქარვის კრიალოსანში, სულ რომ თბილია მზისაგან, მოხუცების საბრალო, აწრიალებული ხელებისაგან...

იღვენთება მიწაზე გული - დიდი ხნის ნაცვეთი ნივთი. სასწრაფოდ ვარდები უნდა შემოუწყონ გარშემო - არ შეიძლება, ასეთი შეუხედავი იყოს ადამიანის გული, რომელსაც ერითმება „გაზაფხული", „სიყვარული" და სხვა მრავალი მშვენიერი სიტყვა. გამოფიტული საუბრების დინჯ სამყაროში კვდებოდა გული, ლოგიკის ცივ მთვარეებსა და კათედრებზე - სიჭრელე ველთა... ცხვირსახოცივით, ხელთათმანივით იკარგებოდა სადღაც გული - შეიგულა სადღაც თეთრი მაქმანი, ხავერდის ბუდე... პიტნის წვეთები შეიყვარა, მაქმანის მკერდი... გულის გადარჩენა შეიძლება - ხავერდის ბუდეში შუქს თუ ჩაუფენ...
„...მინდა ბინდისფერი წუთისოფელი
პეპელასავით ჭრელი გახდეს და ერთი ციდა,
მე მინდა, ვინმემ მომიწყვიტოს საღამოს ციდან
არარსებული ბუნებაში ჩემი სოფელი...
ამინდი ჰგავდეს ამოღებულს კრიალა წყლიდან,
სოფელს ერქმევა კარალეთი [„გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები?"]
ანაც - კარსანი,
ღიღილოსავით გაიშლება სუფთა ჩარსავი
[სპარსულად - შალითა, ზეწარი - ქეგლ, ტ.2,თბ., 1990, 1137],
ლურჯად რეცხავენ, თუ რა ხდება?!... სიკვდილი მინდა...
მომეახლება მშვენიერი სიგიჟე, ბინდი...
რადგან მიწაზე არ მაქვს, არც წყალში არ ჩანს
და ბუნებაშიც არ არსებობს ჩემი სოფელი"...

პოეტის უსაყვარლესი ყვავილები - უბრალო და უნაზესი ზაფრანები, ღიღილოები, ტოტები შინდის... სოფლის უბრალო, ყუჩი ყვავილები...

ბუნებაში არარსებული, წყალშიც არ ირეკლებოდა ბავშვობის სოფელი...
გამოიგონებდა, ღამის მელნით ამოიხატავდა ოქროსფერი დღის შუაგულს... უყვარდა მთვარე, კეთილშობილი რაინდები ხიბლავდნენ მწარედ და აღარ სურდა ფუფუნება ამაზე მეტი - ოქროსფერი დღის შუაგულში ჯდომა და ჭვრეტა...

მონატრებოდა ქართული სიტყვა, ვითარცა პური, თანამესუფრეც, ძველქართულად რომ ერქვა „პურისმტე"... ენატრებოდა ლეჩაქის სიცისფრე, როდინში როდი, სწორედ ქვიჯაში ნაყავდა ზაფრანას ყვავილს - ქართული სიტყვის სურნელს დანატრული. შეყვარებულს მწუხარ სიტყვებზე, მზეს ერჩივნა სევდა მზის გამო.

მუზა შერეკილთა სახლებს სტუმრობდა, ვარდი და დარდი, ღამისთევა მიჰქონდა მათთვის. შერეკილები ბალახს იფევდნენ [შდრ. ვაჟასთან - „მუცალი „ბრძამსა იფევდა"] ყველა ტკივილზე და ძაღლებივით მარტო კვდებოდნენ...

იყო საღამო, სევდიანი - კომშის სუნივით... ქარი და ნისლი აბრეშუმის კარავს დგამდნენ იქ, სადაც ცხოვრობდა მშვენიერი სასოწარკვეთა...
სინაზეებში ჩამყუდროვდა, ყვავილის ნამში, ძველი ქართულის ტრაგიკულ სიდიადეში, საზეიმო ვარდისფერ ატლასში.

ტკივილი ნელსაცხებელივით იღვრებოდა - ლექსად...
„ცა ვარვარებდა... აბლაბუდას ობობა ქსოვდა...
ვეღარ ამბობდა მიწა ბალახს, გაუწყდა ქანცი...[შდრ. ელიოტის „ბერწი მიწა", რობაქიძის „ლონდა"]
მზე იყო ათასსანთლიანი და გვალვის მაცნე,
დაღლილი კეფა აბრეშუმის ჩრდილს მოითხოვდა.
წველიდნენ ძროხას, ვიოლინო ტიროდა რძეში
და მკერდში დოლი ბრაგუნობდა აგურისფერი...
ღმერთი ვიცანი ამ ხატებში და შევიფარე,
დავალევინე ლურჯი წყალი, ჩამდგარი ხეში...
დამწვარი კეფის აბრეშუმი - მოდის საღამო,
პური - მკაფიოდ შავგრემანი, ვაშლი - წითური
და ყველაფერი - ღვთაებრივად შეუსაბამო."

სუფრაზე დაღვრილ ლურჯ ღვინოში, ღვინის ყვავილში ილანდებოდა მამის პროფილი, პროფილი დედის... დედის, რომელიც ისე ჩუმად მოკვდა, თითქოს ოთახიდან სადღაც გავიდა...
„მე დავიღალე სიძლიერით, მე მინდა დედა,
ის, ადრინდელი, ძალიან მხნე, ძალიან უხვი,
გადამეფარე, მშვენიერო, თეთრი კრუხივით,
თვალის კილოდან ამომიღე ნატეხი სევდა.
სხვა ვერ მიშველის, არ ეყოფა უანგარობა,
უეშმაკობა... გაზომილა დროცა და სივრცეც.
მეც, ოქროს წყალში გავლებული გულიც რომ მივცე,
ჩემს საუფლოში არ მოვუშვებ მაინც არავის...
თეთრი ნაბიჯით მოდის დედა და სხვა ლანდები,
არავინ მიცდის, არსად აღარ მაგვიანდება...
ჩემი ქალაქი დაიფარა უვადო ნისლით
და არც სიმართლეს დაეჯერება, ვიდრე ქალაქში
არ შემოვლენ ნუშის ხეები და შემოჰყვებათ ქარის მუსიკა..."

ხოლო მუსიკას - მკრთალი სახე ჟღალი რაინდის. არავითარი გარიგება და დაპირება.
„მაშინვე ვიცოდი - უსაზღვროდ დაღლილს გინდოდა სითბო და მოდუნება...
ჩვენ შეგვახვედრა ნადირის ალღომ და ერთი ჯოგის სისხლმა და სუნმა...
მე სიზმრებს იქით ვგრძნობდი შენს ტკივილს,
შენ ჩემი ძმა იყავ და ჩემი შვილი...
სინათლე იყავ, მკვეთრი და ულმობელი... მაგრამ მე არ მიძებნია ჩრდილი."
არ უძებნია არც სიტყვები...
„აღარც მახსოვს, მაშინ დღე იყო თუ ღამე,
არც ხალხი, რომელიც დადიოდა თუ იდგა,
მახსოვს მხოლოდ სიცხადე და სიხარული იმ წუთის,
როცა ანგელოზმა მომკიდა ხელი და მუსიკასთან მიმიყვანა.
მაშინ ჩემს სულში სანთელი ენთო, რომელიც რწმენას ნიშნავდა და არა სილბოს,
პირიქით, ხორკლიანდებოდა კიდეც, როდესაც შენი გარეგნობის ქვას ეხებოდა.
ვარწმუნებდი, ბალახი შეჰყვარებოდა, ან მდინარე...
და, არავითარ შემთხვევაში, მეორე ქვა,
რადგან მათ შორის გაისრისება მუსიკა, როგორც დოლაბებში - პურის მარცვალი.
რომელ მუსიკაზეა საუბარი?! ქალის და კაცის ჩვეულებრივ ურთიერთობაში,
ქაღალდებით, ბავშვებით, ყოფით დამძიმებულ ურთიერთსიმარტოვეში
სად იყო მუსიკა?!
შენთვის ეს ბოლომდე გაუგებარი დარჩა და მეც ვერასოდეს ვერ გითხარი,
რომ ოდესღაც, ამდენ ხალხში, ისე დაგინახე,
თითქოს ანგელოზმა მომკიდა ხელი და მუსიკასთან მიმიყვანა.."

(კრიტიკოსი ნიკა აგლაძე ლია სტურუას სხვა (უსათაურო) ლექსის ანალიზისას წერს: „ეს ლექსი ხომ პოეტის ცხოვრებაცაა, ბიოგრაფიულ-დოკუმენტური სიზუსტით გადმოცემული, მაგრამ, ამავდროულად, ყოველი ჩვენგანის ყოფა:
„ეკა მეორადი ტანსაცმლის მაღაზიიდან მოტანილ კარადაში
სუფთა სარეცხის სუნს დებს,
ელენე ბგერა „რ"-ს შოკოლადივით ღრღნის - ფრანგულს სწავლობს,
ელგუჯა საფლავში წევს.
მე იმ დროს ვიგონებ, როცა ფანჯარას გავაღებდი და ოთახი პეიზაჟით აივსებოდა..."

ლია სტურუა კარგი პოეტია, უფრო სწორად, პ ო ე ტ ი, და ამით საკმარისზე მეტია ნათქვამი"[დორეული ლ., აგლაძე ნ., კრიტი(ტა)კა, თბ., 2014, 162]).

შუქჩამქრალ ქალაქში (ოთხმოცდაათიანების პარადიგმა) პოეტის წარმოსახვაშიღა იყო მუსიკა, ამინდები - მართალი, წვიმები - კოკისპირული...

და აუხსნელი, ერთადერთი წონასწორობა:
„მიდის კაცი წყლის ზედაპირზე და ისეთი ლივლივი მიჰყვება უკან,
თითქოს ფეხისგულებზე მთვარეები აქვს მიკრული,
ალბათ, უნდა ძალიან ხორციელი სიხარული მოგვცეს,
სანამ სინათლის უნივთობაში გავითქვიფებით."

უნივთობამდე ნივთებია. აბრეშუმზე ფრჩხილის ჩამოსმასავით ჭრიალებს ნერვები.
„თვალზე ფეხი რომ დაგაჭიროს მსუბუქმა მტრედმა,
ისე ცახცახით, ისე წითლად ხედავ სამყაროს...
სხვისთვის იღვრება გახლეჩილი ლეღვიდან სიტკბო...
შენ კი რატომღაც გიხარია და აღარ გტკივა -
განყენებული გრძნობებისთვის გამზადებს ღმერთი,
განშორებისთვის მზესთან, წიგნთან, თაფლივით დღესთან
და სულ მარტო ხარ... სილურჯეში ძალიან ცივა...
სხვა აღარვინ, მიწა მოდის და ხელებს გითბობს..."

მიწით ხელებგამთბარს, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ დაკარგა ცამ მნიშვნელობა და უაზროა სილურჯში ხელის ფათური... ეს სასოწარკვეთაა. იქვე - იმედი:
ლაჟვარდი უკვე ღმერთისაა...

უჩუმრად ნატრობ - რა იქნება, როცა ამინდი ფერმკრთალია და უსახური, ვინმეს მოჰქონდეს ყვავილების ცისფერი ნისლი და შენ გჯეროდეს, რომ ეს მართლა დაიმსახურე...

როდესაც უპატრონოდ დარჩენილ ტაძარს თავზე ხეები ამოსდის, სულის ზეცასთან შერიგება მშვენიერ ტყუილს - მოდიდან გასულ პოეზიას შეუძლია მხოლოდ, პოეზიის მაღალ სიმშვიდეს...
„რა სიმშვიდეა... და დღეები როგორ მიდიან.
ომების მერე რა ტკბილია თაფლი სიზანტის.
მზისგან და რძისგან ხავერდივით ფაფას გიმზადებ...
არა შავად და შემზარავად, ლურჯად ბინდდება...
და როგორ მინდა, შევარბილო მწარე სიმართლე -
ჩავალბო რძეში უვარგისი, ხმელი პურივით,
რადგანაც აღარ შემიძლია იმის ყურება,
პირში რომ სიტყვას მიკლავენ და თვალში - სინათლეს,
აღზევებულან, მაგრამ ჩემი არ ესმით მაინც -
რა ოქროს წყალი, რა წახნაგი მასხვავებს მათგან,
რომ კიდევ რაღაც მენატრება ამ შავ ქაოსში...
ვინმეს მოჰქონდეს მლაშე ყველი და ტკბილი ჩაი,
მე კი ვიჯდე და არა ნერვებაწეწილ კაფკას,
ვარდების შუქზე ვკითხულობდე „ვეფხისტყაოსანს"...

მხოლოდ სიტყვა აქვს პოეტს, გარეთ - ატლასი, შიგნით კი - სისხლი, სიტყვა - მუსიკის სიმკვეთრით და ხატების ნისლით.

და ბოლო სიტყვა - სანაგვეზე მოსული ვარდი...
ლექსს, როგორც ნარცისს, უნდა ედგეს მდინარის სარკე, საკუთარი სილამაზით ტკბებოდეს მარტო.

სიცხეს უხდება მოყვითალო ფერის ჭილოფი. მარტოდ დარჩენილს, ლექსები თუ შეგიყვარებენ... აშრიალდება სამელნეში ლურჯი შიფონი... პოეტის ლანდი გესტუმრება გამთენიისას და წვიმით სავსე ქვეყანაში გააღებს სარკმელს...

და იმ წვიმაში, სადღაც მაღლა, უფალთან ახლოს, აღიმართება ლექსის ყუჩი, ნისლივით სახლი... დაღალავს ღამეს სერიალის გრძელი ტყუილი -
ათას ერთ ღამეს გაგრძელდება ეს თვალთმაქცობა - სუროგატი ნამდვილი ტრფობის...
„როცა მეტყვიან, სიყვარული აღარ არსებობს,
გავაცოცხლებდი, რომ შემეძლოს, ბესიკ გაბაშვილს,
ლანდების რხევას (და არა წიგნს, ლურჯად გადაშლილს),
შევუდგებოდი გულგრილობის გადაფასებას...
...ჩემი შვება მხოლოდ ძილია ...
და როგორც ვარდი ხავერდის და ღვინის შვილია,
ისე აშკარად მეშინია, რომ ვარ მარტოკა...
მე იმ კაცისაც მეშინია, ვინც ვერ გაიგებს,
ქარები რატომ არ არბევენ წიგნებს გადაშლილს...
ან სიტყვას როგორ ვერ ამწარებს მისი ბალღამი..
ჩვენ მოგვერია, მაგრამ თბილისს ვეღარ აიღებს
და სიყვარულის პოეტს, ვინმე ბესიკ გაბაშვილს,
ვერ აიძულებს, გამოვიდეს სევდის ბაღიდან.."

ვერასოდეს იგუებს პოეტი გაყიდულ წვიმებს, უნუგეშოდ შელანძღულ ქართულს, ბასრი ფალცეტით გაკაწრულ სმენას...
„გახამებული ლოგინივით ცივი სახე აქვს კაცს, რომელსაც ველაპარაკები,
იძულებული ვარ, ყელის ოქრო დავანახო სევდიანი სიტყვებიდან,
რომელთაც კიდევ შერჩათ ცეცხლის ნაშთი, რადგანაც სახლზე ვლაპარაკობ,
სადაც ახლა ქარი ცხოვრობს...
ჩემი ქართული ისე განსხვავდება მისი ქართულისაგან, როგორც ორი სხვადასხვა ენა
და ლათინურად ვეუბნები; De Profundis clamavi
[ლათინურად: „წიაღიდან ვღაღადებ" - ციტატა ფსალმუნიდან],
თითქოს ეკლესიაში ვლოცულობდე...
სინამდვილეში, ეს მწარე და ტანჯული სიტყვებია.
საუბარს ვამთავრებ გაუგებარი ფრაზით: „წიაღიდან ვღაღადებ",
უფსკრულიდან... ქვესკნელიდან ... და ჩემი არავის ესმის..."

უყვართ პოეტებს ხეტიალი სალონზე მეტად, საცოლეობა შერეკილი უფლისწულების... სჯერათ - ჰამლეტი, სინათლის სვეტი, ორმოცი ათას ძმაზე მეტად უნდა უყვარდეთ... ხეტიალობენ ჩუმი ოცნებით - ჩუმად დაიწვან და მათი ფერფლი რუსთაველზე მიმოაბნიონ, სადაც ქაშვეთი დგას, ძვირფას სიცარიელეებს შორის.
მაგრამ ვინ იზამს ამას?!

გარშემო უცხო ხალხი დადის. მხოლოდ სასაფლაოზე ცხოვრობენ სინათლისსახიანი ადამიანები, შავ მიწაზე ფაიფურის საშაქრეები. იმედად - შუა ქალაქში არაქალაქურად გამაბრუებელი - ფშატის ყვავილობა.

მზე ყვავილს ჰგავს, და არა სისხლს, ტვინში გაჟონილს.
სიმართლე ერთობაა, მაგრამ მაინც - განმარტოებით.
მგელი მისტირის მთვარეს - უკვე უძლური, მარტოსული, ულამაზესი.
უცნაურად ლაგდებიან ლექსში სიტყვები - ცოტა სიგიჟე, ცოტა ფერი, ბევრი მელოსი.

პოეტი მშვიდად, ლამაზად ვერ დაბერდება - კიბიდან, სარკმლიდან, ციდან გადმოხტება და დაიმსხვრევა, გადმოხედავს თავის ქალაქს ზეცის თაღიდან.

ვიოლინოთი განელდება რიტმი მარშების და აივსება დაბეჟილი ვაშლებით მიწა...

ლექსი იების სურნელს შეინახავს ბოლო თოვლივით...
მზერა წავა, გზაზე მერცხალს გადააწყდება. რიტორიკული კითხვა: ყრუ კაცი როგორ წერს მუსიკას - „მთვარის სონატას" - ყელზე შუშის მძივს:
„უცნაურია, როგორ ჰგვანან ნოტები ჩიტებს -
ხაზებზე სხედან, უყვართ სითბო და ზოგჯერ - ფრენა,
მათ შორის ქარი მეორდება, როგორც რეფრენი
და მავთულებზე გასაშრობად მუსიკას კიდებს."

პოეტი ქალად რჩება საწყალ მიწაზეც, ჟანგიან ბანშიც. თიხისგან როდი, ბროლისგან ქმნილი, ბროლისგან ქმნიდა...
„როგორ მინდოდა, ადამს ეგრძნო ნეკნის ნახევრით,
რა სასჯელია უჩემობა და მარტოობა,
როდესაც ფრთხილად ატარებდნენ ცისფერ ბალახზე და ეშინოდათ,
არ შეეშვა მთვარე თვალებში, როცა ფიქრობდნენ მის მაგივრად, ართმევდნენ ნებას,
ალბათ, ამიტომ შემეცოდა და...
დავანახე ცოდვილი მიწა, ლურჯი ღამე, ღრუბლის ბალიში
და ხე, რომელსაც ოქროსფერი ვაშლები ება..."
ყრუ ჭრილობაზე ყვავილობდა მარილის ვარდი...
აღარც იმედი. აღარც ქარში ოქროს სიმები,
აღარც სიტყვაში მოყვავილე ტოტები შინდის...
უსივრცობაში - მკვეთრი კითხვები, ცივი, მტანჯველი:
„ნეტავი, როგორ გამოხატავს მუსიკა ინფარქტს?!
ებრძვის ცისფერი უნივთობა სპილენძის მადანს?!
როგორ ხატავენ, თუ არსებობს ტკივილის გერბი?!
როგორ ეტევა მარტივ ხაზზე მუსიკა მთელი?!
რამდენ ხანს ფიქრობს მოგლეჯილი ტანიდან თავი?!"

მინდვრის ყვავილებს ბევრი ვერ ამჩნევს, ვერც ნერვების თაიგულს, ვერც ყველაფრის გაარაფრებას...ვარდის ფურცლები გადაიქცნენ მავთულხლართებად, დარჩა ქვეყანა საშუალო და ზომიერი. ვინ მოინატრებს გულში სინათლეს, სულის მოფენას?!... მკვდარი დედა თუ შეგაშველებს ჰაერის ხელებს. შავი დღეები სარჩულია წითელი კვირის...
გარეთ ყინავს და მაინც - სახლში მურაბა ჰყვავის და ობობები აბლაბუდას ოქროს ართავენ. ისევ გაგრილებს აბრეშუმი და თმები სველი, ალუბლის ხეს რომ დაინახავ, რომელიც ჰყვავის...

და როგორც სულის მოფენა, ელეგანტურად მკაცრი, სულში შემოდის შოპენი - ქარში წასული კაცი...

პოეტს ურჩევნია ულოგიკობა, ფორმულისგან განაპირება... იჯდეს ჯეჯიმზე და სწავლობდეს მზის გაკვეთილებს, იყოს სიზანტე მშვენიერი, ქვეტექსტის ბინდი იდოს სიტყვაში და ჰყვაოდეს ტოტები შინდის...
„საქართველოში ყველა ჯოხი ყვავილებს ისხამს,
ყველა ქვა ფიქრობს, ემოციებს იოკებს ბავშვი,
ნიჭიერები თავის ბოღმას ხარშავენ ქვაბში,
რომელსაც ლექსად მოგვაჩვენებს დილა სისხამი...
სიტყვებს არა აქვთ ზომიერი, ზუსტი მიზანი...
სიტყვის წყალობით უცხო წალკოტს აგიშენებენ -
ვარდბულბულიანს, ფარვანიანს და აღზევებულს...
რაც უნდო უმტრო, მაინც აღარ გაგაძევებენ, ჭამენ ერთმანეთს,
მაგრამ უყვართ სუსტი, ხიზანი, მიწას კარგავენ, მერანს ცაში მიაჭენებენ..."

დაიღლებოდა ნოტრდამის ჩრდილშიც, ქაშუეთისას მოინატრებდა - აკი „ისეთი წვეტიანია გოთური ეკლესია, გულში ვერ ჩაიდებ, თუ მაინცდამაინც - როგორც ტკივილს... მოზეიმე პარიზში ელვარე სევდაა...
„უხერხული ჩანხარ ხავერდოვან გარემოში. იციან კი აქაურებმა, ვინ არის რემბო?!
გაუვლია მათ ნერვებზე მოჭრილი ფეხით?!
განა რამდენ ადამიანს შეუძლია, დების ფრჩხილებქვეშ ტილების ტკაცუნი
მუსიკად აქციოს?! და უმკაცრესი ესთეტებიც დაარწმუნოს:
პოეტი ვარსკვლავებიან ცას ემორჩილება და არა ლათინურის წვეტიან კოშკებს."

[იგივე განწყობილებებია ლია სტურუას ბრწყინვალე ესეისტურ კრებულში „ბედნიერი სიჩუმე"].

პოეტი სხვაა - უშნო მოზარდივით ის ზღაპარს შერჩა, თოხლო კვერცხიდან გამოწელილ გვირილებს ხედავს. ის პენელოპედ ვერ ივარგებს, ძაფის დამრთველად.

ღამის მელანში ჩააყუდეს, ასწავლეს წერა. სხვა არაფერი, სამწუხაროდ, არ შეუძლია.

დღე არის ჩუმი, კვამლიანი ფერები - ბაცი, საგნები - შუქის შემსრუტავი და არგამცემი. ერთადერთი, რასაც ადგას სხივის ნამცეცი - სამზარეულოს შარავანდედს - პილპილის აცმას.

მიწას ბალახი არ არბილებს, აღარც ნეშო - დახეთქილია (ალუზია „უნაყოფო მიწისა"), მწყურვალე მიწა მზესავით იკბინება. პოეტი ბალახის ადგილს იმყოფინებს მიწაზე, ანაც ხეების, რათა მიეყრდნოს და მათთან ერთად გააცილოს ჩამავალი მზე, როცა კვდება ზაფხული და ცაში ადის მისი სული - პეპლების ოქროს ძეწკვი.

შემოდგომის ჭორფლიანი მზე ატამივით დამწიფდება.
მერე ზამთარი. და სიცივეში, როცა თავს, ცის ნაცვლად, ქალაქი გადგას, ეძებ ყვავილს, რომელიც არ არის, ცას ევედრები - შვილმა, რომელიც წიგნის კითხულობდა და ლექსებს წერდა, კარაქის ვარდი არ დაიფინოს მაძღარ სახეზე...
ვერვის მიანდობ გამჭვირვალებას, წყლის ჭავლის გარდა...
მერე - კვლავ ზაფხული...

ღია ფანჯრიდან ისეთი ხმამაღალი მუსიკა ისმის, თავი სტკივდებათ აკაციებს.
მაგრამ იმედი - მახინჯ ჭიას პეპელა უარყოფს, ხოლო პეპელას - ვარდისფერი აბრეშუმი...
მერე აბრეშუმი მაგიდას დაეფინება - ვარდისფერ სუფრად...
ჭიქაში ვარდი. მაგიდას უსხედან ორნი... რამდენად უკეთესნი ჩანან ვარდისფერ შუქზე..
ორნი ერთად, მაგრამ მაინც - განმარტოებით.
და სიკვდილიც - განმარტოებით.
„თბილი მყუდროებიდან მოლაპარაკე, გარეთ თუ გავალ, მხოლოდ იმისთვის,
ფორთოხლის შუქი მოვიტანო, რძე ან მარილი - ყველაფერი, რაც ანათებს...
თუ ატმის ჟრუანტელსაც დავუმატებთ, აღმოჩნდება, რომ შეგრძნებებით ვცხოვრობ.
ასაკის ბრალია?განატიფების? გაჭირვების? ზოგჯერ ვახერხებ კიდეც, ბედნიერი ვიყო-
თითქოს კარგი ამინდი შემოვიტანე სახლში, სპექტაკლივით დავდგი ლურჯი ცა
და მწვანე ქვეყანა და გამინელდა ხეტიალის რომანტიკა...
ჩემი ბოლო გასვლა სახლიდან, ალბათ, უკვე გაფრენა იქნება
პოეზიის სამხრეთ საზღვარზე,
სადაც ფორთოხლის ბაღში ლორკას ლანდი დგას, სევდის ბაღში - ბესიკის.
თუ შემიშვეს, ნარგიზისფერი დასტური მომცეს მათთან ახლოს ყოფნის,
უბადრუკ სახლებში სიბნელის ზიდვით გადაყვლეფილი მხრები მომირჩება,
აბრეშუმის ნათელი დამადგება - მარტო ამისთვის ღირდა სიცოცხლე..."
იმ ბაღში ქოფაკს იყოლიებს, ქათქათა ფარას...
და ერთხელ მწყემსი ჩამოუვლის, მთვარიან ღამეს...

1994 წელს გამოცემული კრებულის („შუქს ნუ ჩამიქრობთ!") წინასიტყვაობაში ლია სტურუა წერდა: „სამშობლო მენატრება, ქართული ენა მენატრება, რომელიც ისე წაიბილწა, ძნელი წარმოსადგენია, ამ ენაზე თუ ოდესმე ვაჟა, ბარათაშვილი, გალაკტიონი ლაპარაკობდნენ."

„ღვთის თანაზიართაგან, ლია სტურუასათვის გალაკტიონია სამყაროს უპირველესი მესაიდუმლე - „მან იცის პასუხი უპასუხო შეკითხვაზე - როგორ შეიძლება ერთი ლექსით ისევე, როგორც ერთი თევზით და პურით, ათასობით კაცი დააპურო..." [ჯალიაშვილი მ., 2009, 141].

ლიტერატურა:
1. ლია სტურუა, „შუქს ნუ ჩამიქრობთ" (ლექსები), თბ., 1994;
2. ლია სტურუა, ასი სონეტი, თბ., 1999;
3. ლია სტურუა, „ბედნიერი სიჩუმე", თბ., 2009;
4. ლია სტურუა, „იისთვის ეძებს იისფერ სიტყვებს", „ცისკარი" 11-12, 1990;
5. ლალი ავალიანი, „შუქი წყვდიადში"; პარიზი - ახდენილი და აუხდენელი ოცნება წიგნში „ჭაბუა ამირეჯიბიდან აკა მორჩილაძემდე", თბ., 2005;
6. თეიმურაზ დოიაშვილი, ფრაგმენტები (ლია სტურუა), გაზეთი „ჩვენი მწერლობა", 19-26 ივლისი, 2002, გვ. 9;
7. ლექსო დორეული, ნიკა აგლაძე, კრიტი(ტა)კა, თბ., 2014;
8. მაია ჯალიაშვილი, ლია სტურუას პოეზია წიგნში „შეხვედრა წიგნში", თბ., 2009;
9. ნანა კუცია, წერილები უახლეს ქართულ ლიტერატურაზე, თბ., 2012.

 

თაგები

#ბლოგი #მწერალთასახლი #ნონამაზიაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #გიორგიმესხი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #ნინოსადღობელაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #დათიაბადალაშვილი #თამარგელიტაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #ირაკლისამსონაძე #ლევანინაური #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #კოტეჯანდიერი#ადანემსაძე #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #ლიასტურუა #ნანაკუცია #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #მარინე ტურავა #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #თამარგელიტაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #ლევანინაური #ლიტერატურულიბლოგი #ნინოქუთათელაძე #თამარელაწოწორია #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #შოთაჩანტლაძე #ნინოდარბაისელი #მწერალთასახლი #ლიტმცოდნეობითიოპუსები #ლიტერატურულიბლოგი #ჯემალქარჩხაძე #მანანაკვაჭანტირაძე#მწერალთასახლი ანდრიაძე ანდრიაძე "კრიტიკის სკოლა" "მწერალთა სახლი" ეკა მახარაშვილი ახალი ძველი ამბები #ახალიძველიამბები ლიტერატურული პრემია მწერალთა სახლი ნაირა გელაშვილი მწერალთა სახლი ტარიელ ჭანტურია