19 ივნ 2024

ავტორი:

საუკუნე ერთი მოთხრობის პრიზმაში (კოტე ჯანდიერის „გლობალიზაცია“)

 

ადა ნემსაძე

 


კოტე ჯანდიერი გამორჩეული ავტორია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტას წერს, „იმ იშვიათ მწერალთა რიცხვს მიეკუთვნება, ელიტარულიც რომ არის და პოპულარულიც. არსებითად და ქრონოლოგიურადაც იგი ე.წ. „ოთხმოცდაათიანელების" ერთი ლიდერთაგანია" (ავალიანი 2020: 124). კოტე ჯანდიერის „გლობალიზაცია" თანამედროვე ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ტექსტია მრავალი თვალსაზრისით. იგი მოგვითხრობს ამბავს გლობალიზაციის საყოველთაო პროცესის წინაშე მდგომი პატარა ქვეყნისა, რომელიც ერთდროულად განიცდის ლოკალურ და მასშტაბურ ცვლილებებს.

 

გლობალიზაცია თანამედროვე საზოგადოებაში მიმდინარე ღრმა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული პროცესების ერთობლიობაა, რომელშიც გულისხმობენ ერთიანი, საერთო მსოფლიო საზოგადოების ჩამოყალიბებას და, ამდენად, გაერთიანება-შერწყმის სინონიმადაც მოიაზრება (Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი). მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სოციოლოგმა და გლობალიზაციის თეორეტიკოსმა როლანდ რობერტსონმა ეს ტერმინი 1983 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში გამოიყენა, ინტენსიურად იწყება კვლევები ამ მიმართულებით. ტერმინმა, რომელსაც დასაწყისში წმინდა ეკონომიკური შინაარსი ჰქონდა, მალე გლობალური მნიშვნელობა შეიძინა და საზოგადოების ყველა სფერო მოიცვა, შესაბამისად, გლობალიზაციის პრობლემები მხატვრული ლიტერატურის ინტერესის სფეროშიც მალევე მოექცა.

 

კოტე ჯანდიერი გლობალიზაციის მიერ მოტანილ პრობლემებსა და გლობალური მსოფლმხედველობის ირონიულ სურათს წარმოაჩენს ამ მოთხრობაში. იგი პირველად 2005 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „არილის" #7-8 ნომერში და ძალიან სწრაფად მოიპოვა მკითხველის სიყვარული და აღიარება.თანამედროვე ქართული ლიტერატურის ეს გამორჩეული არცთუ დიდი მოცულობის ტექსტი მთელ ეპოქას მოიცავს - თხრობა იწყება 20-იანი წლებიდან და ოცდამეერთე საუკუნემდე მოდის - და წამოჭრის ლიტერატურისათვის მნიშვნელოვან თითქმის ყველა პრობლემასა თუ მოტივს: ეროვნული პრობლემატიკა (თავისუფლებისთვის ბრძოლა, შიდა დაპირისპირებები), მორალისა და ზნეობის საკითხები, სამაგიეროს მიზღვის მოტივი, რწმენის პრობლემა, სიკეთე-ბოროტების დიქოტომია, აგრესია და ტოლერანტობა... მართალია, ამბის განვითარებისთვის საბჭოთა ეპოქაა არჩეული, მაგრამ ტექსტში წარმოდგენილი მარადიული პრობლემატიკა რეალურად კონკრეტულ დრო-სივრცეს სცილდება და განზოგადებულ სახეს იძენს. ამგვარი განზოგადება ლიტერატურული ტექსტისა თავად მწერლის მსოფლმხედველობრივი სისტემის ნაწილია: „რაც შეეხება თვითმიზნურ მორალიზატორობასა და პირდაპირ პოლიტიკურ პროტესტს, ჩემი აზრით, ეს შეუთავსებელია ხელოვნებასთან თუნდაც იმიტომ, რომ ვიწრო დროითი დიაპაზონის ჩარჩოებში აქცევს ნაწარმოებს და ამ შემთხვევაში კონკრეტული ეპოქის რეალიები უკვე არა მხატვრული ტექსტის საშენ მასალად, არამედ მკვეთრად მოხაზულ „სამშენებლო პროექტად" იქცევა. ასეთი ნაწარმოები გასაგები რჩება მხოლოდ კონკრეტული დროითი რეალობის მონაწილეთათვის" (ჯანდიერი 2011: 63-64).

 

სწორედ ამიტომ მწერალი უაღრესად ჭრელი მეოცე საუკუნის მასშტაბური სურათის ასახვისთვის ძალზე ორიგინალურ გზას ირჩევს. იგი არ აღწერს ქვეყნის მმართველობის სისტემას, პოლიტიკურ ან სოციალურ მოვლენებსა თუ საზოგადოებრივ მდგომარეობას. თხრობა ერთი პერსონაჟის - კამეჩაანთკარელი გლეხის - პირით მიმდინარეობს და ყველა ამბავი, პირადი იქნება ეს თუ საქვეყნო, სწორედ მისი ოჯახის პრიზმიდანაა დანახული. ასე მაგალითად, ავტორი დანარჩენ მსოფლიოსთან ჩაკეტილი საზღვრისა და რკინის ფარდის შესახებ ამბავს გადმოგვცემს ილიკო ჯანდიერის სტუმრობითა და მისი სურვილით, ევროპას გააცნოს უნიკალური ქართული ყველი: „რავი, შვილო, დალევით კი თითქო არაფერი დაგილევნიათ, რო ეგრე აცა-ბაცადა ლაპარაკობთო. რა მენდალი, რი მენდალი - აბა ამ გაგანია კომუნისტობაში ჯერ თქვენ ვინ გაგიშვებთ ფრანციაში და მერე ამ ჩემ ყველსაო". ეგრე აგიხდა ყველაფერი!" (ჯანდიერი 2010: 7). ხოლო თვით გლობალიზაციის (და ეპოქის) ზედაპირულ ნიშნებად „კოკა-კოლა" და ჩიფსები გვევლინება, რომელთაც თხრობის განმავლობაში დროდადრო ითხოვს და მსმენელებსაც სთავაზობს პერსონაჟი. დეტალში, კერძო მოვლენასა და ამბავში დანახული და გადმოცემული მასშტაბური მოვლენები კოტე ჯანდიერის თხრობის სპეციფიკური ხერხია, რითაც სულ რაღაც 50-გვერდიან მოთხრობაში მწერალი საუკუნის ამბავს ჰყვება. ავტორი ეპოქის პროდუქტია, მაღალი მწერლური ოსტატობით შესრულებული ტექსტი კი - ეპოქის საუკეთესო ამსახველი. ტექსტში ამბის თხრობა ხდება წარსულის გახსენებით, პერსონაჟი იგონებს და ჰყვება (უფრო ზუსტად ინტერვიუს აძლევს თბილისიდან ჩამოსულ ჟურნალისტებს, რომელთაც ეს ჩანაწერი რადიოში უნდა გაუშვან). მოთხრობილი ამბები შიგადაშიგ შეფასებულია მთხრობლის პოზიციიდან, ანუ ტექსტში ერთმანეთს ერწყმის ნარაცია და რეფლექსია, ოღონდ ეს სინთეზი ისე ორგანულია, რომ არც სტილურ სიჭრელეს და არც მოზაიკურობას არ იწვევს.

 

ყველა ამბის მთავარი პერსონაჟი მთხრობლის ოჯახია - პაპა ვანა, მამა ტიტე, და ანიკო, დისშვილები, ეპიზოდურად ჩანან ოჯახის სხვა წევრებიც. მოქმედ პირთა გალერეა უაღრესად ვიწროა, მათთან დაკავშირებული მეორეხარისხოვანი პერსონაჟები მხოლოდ აქა-იქ ჩნდებიან და ისიც მკრთალად, მოკლე პასაჟებში, ძირითადად სახელების გარეშე (მოქეიფე იმერლები, ანიკოს სოფლელები სამეგრელოში, მეზობლები...). მიუხედავად გმირთა ასეთი ვიწრო წრისა, საუკუნის ამბები თითქმის სრულადაა (აქაა ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც საუკუნის სოციალურ-პოლიტიკურ სურათს ქმნის) აღწერილი ტექსტში და განსაკუთრებით ემოციურია, რასაც თხრობის პირველი პირიც განაპირობებს.

 

სათქმელის გადმოსაცემად ავტორი ქმნის კოდებს, რომელთა მნიშვნელობებიც ტექსტის ქვედა შრეზე იშლება და ფართო კონოტაციურ ველს ქმნის. მაგალითად, ყველი, რომელიც ილიკო ჯანდიერს საზღვარგარეთ უნდა გაეტანა, არის მეტაფორა ყველაფერ იმისა, რაც ქვეყანას მსოფლიო ასპარეზზე იმიჯს უქმნის, მის თავისთავადობას და ხასიათს ავლენს, მაგრამ ჩაკეტილი პოლიტიკური სისტემის გამო მხოლოდ ქვეყნის შიგნით რჩება, როგორც წარმატების, ქვეყნის ცნობადობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის გამოუყენებელი შანსი. „ეხლა კი ვაართ ეგრე სხვისი მოიმედე და ხელში მაცქერალი. ეგენი თავისას აკეთებენ, კოხტადა ფუთამენ და თელ მსოფლიოში აგზავნიან. მაგათი მატარებელი დიდი ხანია დაძრულია. ჩვენა კიდევა, ე ქართველები, მივჩანჩალებთ უკანა. ჩვენი არაფერი მიდის აქედან იქით - არც ყველი, არც პური და არც სიტყვა" (ჯანდიერი 2010: 28). აქ საინტერესოა თვით ეს ჩამონათვალი: თუკი ყველი და პური ფიზიკური არსებობის ნიშანია, თავის მხრივ პური და სიტყვა ქრისტიანული სიმბოლოებია და ტექსტის ქვედა შრეზე რამდენიმე ღრმა ქვეტექსტსაც გულისხმობს - იქნება ეს ჩაკეტილი ნება, შეზღუდული თავისუფლება თუ იდეოლოგიის შედეგად საკრალურობაგამოცლილი სიწმინდე და რწმენის კრიზისი. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდგომ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ მდგომარეობასაც ცალკეული დეტალით გადმოგვცემს მწერალი, რისი არაერთი მაგალითიც გვხვდება ტექსტში: ფიზიკური გადარჩენისათვის პროფესიაშეცვლილი ადამიანები - მარინას მაზლი მსახიობი ავთო გოგოჭური „დრო რო აირია და ცხოვრება გაჭირდა, მეეშვა არტისტობასა და ახლა ნავთი შამააქ ძმაკაცებთან ერთად" (28); მილიციელები და ქურდები ეკლესიებს აშენებენ - „ეთერს იმითი მააქ თავი, რო მაგის ქმარს ქვიშხეთში რაღაცა საყდარი გაურემონტებია თუ ხელახლა აუშენებია. ააშენოს, კაცო, მაგას რა უშამს, მილიციის უფროსია მაინცა. აი, ჩვენთან კი, კამეჩაანთკარში, ღელაღუტას ძმისშვილმა, კარლომ ააშენა ეკლესია წმინდა გიორგის სახელზედ. ეგ კარლო ცნობილი ქურდია მოსკოვში. რუსებიცა და ჩეჩნებიც დიდ პატივსა სცემენ თურმე" (ჯანდიერი 2010: 29); მხოლოდ რიტუალადაა ქცეული რელიგიურობა - „საშემოდგომოდ ე პატარა კაფე და სუპერმარკეტი წამაიჭიმა. გიორგობა დღეს მამა ზაზას ვაკურთხებინეთ" (ჯანდიერი 2010: 32). აფხაზეთის ომისა და მის პარალელურად მომხდარი უამრავი უაზრო, შემთხვევითი ტრაგიკული ამბის კონდენსირებული სახეა ერთი ეპიზოდი - ტყიდან შეშის მოსატანად წასულ ბოჩია პაჩკორიასა და მის მეზობლებს ორმხრივ სროლაში დახოცავენ მხედრიონელები და მათი მოწინააღმდეგეები, რადგან კაცის გამტაცებლები ჰგონიათ და ა.შ.

 

ყალბი და ტრაფარეტული დამოკიდებულება ქრისტიანობასთან, რელიგიურობისაგან დაცლილი რწმენა და მხოლოდღა რიტუალების ამარა დარჩენილი მართლმადიდებლობაა წარმოჩენილი იმ ეპიზოდშიც, როდესაც მწერალი სამეგრელოში ფართოდ ფეხმოკიდებულ იეღოველობის ამბებს ჰყვება. თვით პერსონაჟის შენიშვნით, ამ ამბის სარჩული უფრო რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, ვიდრე რელიგიური მრწამსი - „იმხანად ბევრი გაიეღოველდა სამეგრელოში, ბევრი სიბრიყვით, უფრო მეტი გაჭირვებითა" (ჯანდიერი 2010: 38). ფაქტობრივად, ეს პასაჟი კიდევ ერთ პრობლემას, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ ქვეყანაში აღზევებულ ძალადობას წამოსწევს წინ და არაფერი აქვს საერთო ქრისტეს მოძღვრების გავრცელებასთან. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გარდამავალ პერიოდში გარდატეხის გზაზე მყოფ ქვეყანაში ყველანაირი აგრესიის გამოვლინება ხშირია და სიმპტომატური, როცა სახელმწიფოს მოშლის შედეგად გამეფებული ქაოსი ხელს უწყობს უამრავი ფსევდოღირებულების გავრცელება-აყვავებას. ადამიანის მისიაზე გამრუდებული შეხედულების მაგალითია პერსონაჟი ილარიონ ფიჩორი - თავის დროზე ეკლესიიდან ქურდობისთვის გაგდებული და ორჯერ ფსიქიატრიულ კლინიკაში ნამკურნალევი, რომელმაც ჩათვალა, რომ ჭეშმარიტი რწმენა მისი გადასარჩენია. ამ გაუწონასწორებელი ფსიქიკისა და, კაცმა არ იცის, რა მრწამსის მქონე ადამიანს უამრავი თანამოაზრე გამოუჩნდება და ქრისტეს სახელით თავპირს უსისხლიანებს თანამოძმეებს. მწერალი ოსტატურად იყენებს ფაქტს არამარტო რელიგიური სიბნელის შემზარავი, სახიფათო სახის წარმოსაჩენად, არამედ ზოგადად, ადამიანთა დაუნდობლობის, განსხვავებულის მიუღებლობის საჩვენებლად. პრობლემის აგრესიითა და ძალადობით მოგვარება შეუძლებელია, ვერც ანარქიული საზოგადოება იქნება ოდესმე გონიერი და არც ხალხის დარაზმვაა „ბოროტების აღმოსაფხვრელად" ახალი. კაცობრიობის განვითარების ხანგრძლივი გზის გადახედვა ამას არაერთხელ გვაჩვენებს, თუმც, როგორც ჩანს, სწავლებით ვერ გვასწავლის.

 

აქვე საინტერესოა ამბის მთხრობლის ერთდროულად ფილოსოფიური და პრაგმატული დამოკიდებულება საკითხის მიმართ: „სული ტკბილია და როცა სხვა სახსარი და მამხედავი აღარ ჩანს, იეღოვასაც დაუდგები მოწმედ. ზოგიერთები, გენაცვა, იეღოვას კი არა, პროკურატურასა და გამომძიებლებს უდგებიან ცრუ მოწმეებად და ვითომ არაფერი" (ჯანდიერი 2010: 38). როგორც ჩანს, მთხრობლისთვის იეღოვას მოწმეობა არც ისეთი დიდი ზნეობრივი დანაშაულია. მისთვის გაცილებით მიუღებელია, როცა ადამიანი საკუთარი ნებით ემორჩილება ძლიერთა ამა ქვეყნისათა, თან ისე, რომ მშვენივრად უწყის საკუთარი საქციელის ამორალურობა.

 

დაბოლოს, როგორ პერსონაჟს ქმნის კოტე ჯანდიერი? ვინ არის ეს კამეჩაანთკარელი გლეხი? რას ემყარება ამ გაუნათლებელი კაცის მსოფლმხედველობა? რაშია ცხოვრების აზრი და როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა? პერსონაჟი საკუთარ უსწავლელობას არაერთხელ აღნიშნავს საუბრისას, შესაბამისად, ფილოსოფიურ მოძღვრებებზე მას წარმოდგენაც არა აქვს. თუმც მისი დასკვნები და შენიშვნები, რომელთაც შიგადაშიგ ჩაურთავს ხოლმე, სწორედაც რომ ფილოსოფიური შინაარსისაა. ეს მისი, საკუთარი, დასკვნებია, ცხოვრებაზე უშუალო დაკვირვებით მიღებული და გონების პრიზმაში გატარებული, რომელთაც საკმაოდ მარტივად გადმოსცემს: „ტიტე, მე მგონი, უფრო კომუნისტების ჯიბრით წავიდა ეკლესიაში, ვიდრე რწმენითა. თუმცა ვინ იცის, გაჭირვებასა და უიმედობას ღმერთამდინ მიჰყამს ხოლმე კაცი..." (ჯანდიერი 2010: 34). ამბობს იგი გადასახლებულ შვილზე, როცა მისი საქციელის შესახებ შეიტყობს.

 

კამეჩაანთკარელი გლეხის მთელი მონათხრობიდან კამიუს მეამბოხე ადამიანის სახე იკვეთება. ეგზისტენციალისტების მსგავსად, იგი ხვდება, რომ სამყარო წესრიგსა და საზრისს მოკლებული სუბსტანციაა. ამ დასკვნამდე კი ცხოვრებას მიჰყავს, იმ ფაქტებსა და მოვლენებს, რომელთაც უშუალოდ შეეჩეხა. მას არ ჰქონია მარტივი ცხოვრება, დედა მის მშობიარობას გადაჰყვა, მამა გადაუსახლეს, ერთმა უბედურმა შემთხვევამ ხელი წააწყვიტა და დაახეიბრა, შვილი არ ჰყავს, ერთადერთი დედმამიშვილი, მისი გამზრდელი და უკურთხებელ მიწას მიაბარა, როგორც ცოდვილი... ამ ყველაფრის გაცნობიერების შემდეგ იგი ცხოვრებას აგრძელებს, ხვდება, რომ სამყარო მარადმოძრავია და ხშირად აბსურდულიც. „ცხოვრება ადგილზე არა დგას, გენაცვა, დრო გარბის და ყველაფერი იცვლება. თან იგრე მარდად, რო დილაზე გაღვიძებული, გუშინდელ ალაგს ვეღარა ვცნობ. [...] ე ცხოვრება წინ მიდის თუ უკან, ვერ გეტყვით, ადგილზე რო არა დგა - ეგ ხო ნაღდია" (ჯანდიერი 2010: 52-53). რა უნდა ქნას ადამიანმა ასეთ შემთხვევაში? შეეგუოს თუ დაუპირისპირდეს? ფრანგი ექსისტენციალისტი ალბერ კამიუ ამბობს, რომ თვითმკვლელობა გაქცევაა. ადამიანი ვერ ცვლის სამყაროს, ვერ შეაქვს მასში საზრისი, ვერ აღმოაჩენს იქ ჰარმონიის პრინციპს, სამყარო აბსურდულია, მაგრამ მან უნდა აიტანოს ეს აბსურდი. გაქცევა უაზრობაა, დარჩენა კი - სწორი გადაწყვეტილება. ადამიანის მისია აქ ისაა, რაც სიზიფესი, რომელიც ყოველდღე ეწევა ლოდს, ჯიუტად ააქვს მთაზე, რითაც ავლენს საკუთარ პოზიციას - ესაა ამბოხი. სიზიფე აღიარებს სამყაროს აბსურდულობას, მაგრამ არ ემორჩილება მას, აბსურდისგან თავდასაღწევად არ იკლავს თავს. „აბსურდზე მსჯელობის ბოლო დასკვნაა თვითმკვლელობის უარყოფა და კითხვებით სავსე ადამიანსა და მდუმარე სამყაროს შორის ამ უკომპრომისო კონფრონტაციის მხარდაჭერა. თვითმკვლელობა ამ კონფრონტაციის დასრულების ნიშანი იქნებოდა... [...] სიცოცხლე ერთადერთი აუცილებელი სიკეთეა, რადგან სწორედ ის ხდის შესაძლებელს ამ კონფრონტაციას და მის გარეშე აბსურდის სანაძლეო წარმოუდგენელი იქნებოდა. იმის სათქმელად, რომ ცხოვრება აბსურდია, გონებას სჭირდება, იყოს ცოცხალი" (კამიუ 2019: 16-17). ამიტომაც სწორი პოზიციაა მთხრობლის პოზიცია, მან გააცნობიერა, რომ ცხოვრების მდინარებას უნდა მიჰყვეს, ოღონდ არჩევანი, რას იზამს ადამიანი და რას არა, მან თავად უნდა გააკეთოს. მთხრობელს ამისათვის მამის და პაპის მაგალითები აქვს, უსამართლოდ დასჯილი მამა გაუტეხლობის მასწავლებელია, ვანა პაპა კიდევ იმისა, როგორ უნდა შეინარჩუნოს ადამიანმა ბოლომდე ღირსება, როგორ უნდა იაროს განსაკუთრებით რთულ პერიოდებში, როგორ არ უნდა დაავიწყდეს, რომ ადამიანი და მისი სიცოცხლე ყველაფერზე მაღლა დგას, რომ დაჭრილ და მომაკვდავ კაცს აუცილებლად უნდა დაეხმარო, თუ მისი სიცოცხლის გადარჩენა შეგიძლია მაშინაც კი, როცა შენი იდეოლოგიური მოწინააღმდეგეა და შენგან განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციებზე დგას. ეს გამოცდილება მთხრობელში სწორი ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთებას უწყობს ხელს.

 

ამის საპირისპიროა ანიკოს პოზიცია, რომელიც ბოლოს და ბოლოს ვეღარ უძლებს ამდენ დამცირებას და გადაწყვეტს, თვითმკვლელობით დაასრულოს სიცოცხლე. მისთვის, მრავალი გაჭირვებისა და დამცირების ამტანი ქალისთვის, წითელი ხაზი აღმოჩნდა სასულიერო პირის დამოკიდებულება და მოთხოვნა: ემარხულა და მერე საქვეყნოდ მისულიყო ტაძარში ფეხშიშველი, რითაც ჩადენილ ცოდვას მოინანიებდა. პერსონაჟი აქ ქვეშეცნეულად გრძნობს, რომ ამ ყველაფერს ჭეშმარიტ რწმენასა და ქრისტეს მოძღვრებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რომ რელიგია, რომელიც დაჩაგრული ადამიანის მანუგეშებელი უნდა იყოს, მისი დამამცირებელი და დამჩაგვრელი გამხდარა მავანი სასულიერო პირის ხელში. ანიკო ვეღარ ხედავს ცხოვრების გაგრძელების აზრს, ვეღარც იმ კონფრონტაციის მიზეზს ხვდება, რომელიც ცხოვრებაში დარჩენას აიძულებს და თავს იკლავს.

 

ბოლო ეპიზოდი მოთხრობისა სოფლის გარეთ, „უპატრონო ძაღლსავით" დამარხული დის გლოვაა, რომელსაც ნერვული შოკი და გონების დაკარგვა მოჰყვება. ეს პასაჟი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთგვარი მონანიება, ვნების გზა, რომლითაც ძმა ანიკოს პატიებას სთხოვს საკუთარი უძლურებისათვის, დაუცველობისათვის, სხვა ადამიანთა მიერ მიყენებული ტკივილებისა და შეურაცხყოფისათვის.

 

მოთხრობას შემთხვევით არ ჰქვია გლობალიზაცია. მთელი ამბავი, რომელიც 20-იანი წლებიდან იწყება და საუკუნის ბოლომდე მოდის, სწორედ გლობალიზაციის მასშტაბური მოვლენების ჭრილშია დანახული. ესაა ხანა, რომელიც იწვევს ტრადიციული ღირებულებითი პოზიციების გადახედვასა და მათ მეტ-ნაკლებ ტრანსფორმაციას. თავისებური გლობალიზაცია იყო თხუთმეტი რესპუბლიკის ერთ სახელმწიფოში გაერთიანებაც, რომელსაც საერთო იდეოლოგიური და საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების ერთიანი პლატფორმა უნდა შეექმნა. საუკუნის ბოლოს კი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და მასშტაბური, მსოფლიო გლობალიზაციის ურთულეს და უმნიშვნელოვანეს პროცესებში ერთვება ჯერ კიდევ გამოურკვეველ მდგომარეობაში მყოფი და ნაომარი ქვეყანა. ბრიტანული ენციკლოპედიის მიხედვით, გლობალიზაციის შედეგები შეიძლება დავიყვანოთ ხუთ თეზისამდე, რომელთა შორის მეხუთე გულისხმობს ქვეყნების მიერ საკუთარი თვითმყოფადობის დაკარგვას (Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი). მოთხრობის ფინალშიც სწორედ ეს საფრთხეა მინიშნებული: „აბა, პაპაჩემი რას იფიქრებდა, რო კამეჩაანთკარში კაფე და სუპერმარკეტი გაიხსნებოდა! რო ბალღები ჟუვაჩკებსა და კოკა-კოლებს შაეჩვეოდნენ, რო ქალები, ნუკი გეწყინება და, შენსეეფ ჭიპშიშველანი ივლიდნენ, ქურდები და მილიციის უფროსები ეკლესიების შენებას მიჰყოფდნენ ხელსა, უბრალო ხალხი კიდევა ვიღაცა მამაძაღლების ნაჩუქარ ფქვილსა და შაქარს დაჰხარბდებოდა.ერთადერთი რაც არ გამაიცვალა, ისევ ეს კავკასიონის მთებია, მაწონგადასხმულებივით რო დაგვქათქათებენ თავზე... ისე, როგორც ადრე, მეფე ერეკლეს დროსა" (ჯანდიერი 2010: 53). აქ გლობალური და ეროვნული სატკივარი ერთადაა თავმოყრილი და ფინალურ წინადადებაში ისეთ ფილოსოფიურ განზოგადებას ახერხებს ავტორი, რომ საერთოდ ქრება კონკრეტული ქვეყნის კონტექსტი და პრობლემა ზოგადად მცირე ქვეყნებისთვის შექმნილ საფრთხეებს გამოკვეთს. ეს დიდი ლიტერატურისთვის დამახასიათებელი განზოგადებაა, რომელიც ამავე დროს, თავად მწერლის მსოფლმხედველობრივი სისტემის ნაწილია. მისი თქმით, ვიწრო გეოგრაფიულ-დროით საზღვრებში ჩაკეტილი ტექსტი მწერლისთვის „ქრონოტოპული პროვინციალიზმია" და მას სიცოცხლის მცირე ხანგრძლივობა აქვს. „იდეალური მხატვრული ნაწარმოები კი, როგორც წესი, თანაბრადაა გახსნილი როგორც წარსულის, ისე მომავლის მიმართ და შეუძლია დაიშინაარსოს ნებისმიერი ეპოქის კონკრეტიკა, მათ შორის პოლიტიკურიც" (ჯანდიერი 2011: 64). ასეთი შინაარსის შეძენა კოტე ჯანდიერის „გლობალიზაციას" ნებისმიერ ეპოქაში შეუძლია, რადგან აბსურდულ სამყაროსთან ბრძოლის, თავისუფალი ინდივიდის ტოტალიტარულ ჩაკეტილ სისტემასთან დაპირისპირების, ეროვნულ ღირებულებათა დაცვა-შენარჩუნების, იმედისა და რწმენის, ბოროტებასთან სიკეთის გამარჯვების მოტივები მარადიულია ადამიანური საზოგადოებისთვის ნებისმიერ ეპოქაში. მოთხრობის ბოლო კადრიც, უცვლელად მდგომი თეთრყინულმოვლებული ამაყი კავკასიონის მთები მთელი თავისი სიმბოლური მნიშვნელობით ამის მიმანიშნებელია.

 


გამოყენებული ლიტერატურა:

ავალიანი 2020: ავალიანი ლ., მოუთვინიერებელი მწერლობიდან თანამედროვე ნარატივამდე, XX-XXI სს. თბილისი, 2020.
კამიუ 2019: კამიუ ა., ამბოხებული ადამიანი. თბილისი, 2019
ნიკოლაიშვილი 2004: ნიკოლაიშვილი ნ., გლობალიზაცია და კულტურა, ჟურნ. ახალი აზრი, #2 (16), თბილისი, 2004 http://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/period/document/HASH01d912cd08fb613d16613c54
ჯანდიერი 2010: ჯანდიერი კ., გლობალიზაცია. თბილისი, 2010
ჯანდიერი 2011: ჯანდიერი კ., სპეცპროექტი. ჟურნ. ცხელი შოკოლადი, #70, თბილისი, 2011 https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/9559/1/CxeliChokoladi_2011_N70.pdf
Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი, http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=3300

 

 

 

თაგები

#ბლოგი #მწერალთასახლი #ნონამაზიაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #გიორგიმესხი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #ნინოსადღობელაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #დათიაბადალაშვილი #თამარგელიტაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #ირაკლისამსონაძე #ლევანინაური #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #კოტეჯანდიერი#ადანემსაძე #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #ლიასტურუა #ნანაკუცია #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #მარინე ტურავა #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #თამარგელიტაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #ლევანინაური #ლიტერატურულიბლოგი #ნინოქუთათელაძე #თამარელაწოწორია #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #შოთაჩანტლაძე #ნინოდარბაისელი #მწერალთასახლი #ლიტმცოდნეობითიოპუსები #ლიტერატურულიბლოგი #ჯემალქარჩხაძე #მანანაკვაჭანტირაძე#მწერალთასახლი ანდრიაძე ანდრიაძე "კრიტიკის სკოლა" "მწერალთა სახლი" ეკა მახარაშვილი ახალი ძველი ამბები #ახალიძველიამბები ლიტერატურული პრემია მწერალთა სახლი ნაირა გელაშვილი მწერალთა სახლი ტარიელ ჭანტურია