18 მარ 2025
ნინო გუგეშაშვილის ახალი კრებული „ჩაი ნანგრევებზე“ მხატვრულ-დოკუმენტური პროზის ნიმუშია. ამ ნოველებმა და ჩანაწერებმა წლის საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციაში ლიტერატურული პრემია „მუზა“ მოიპოვა. წიგნის რედაქტორი გახლავთ გივი ჩიღვინაძე, ხოლო წვიმის წვეთების ხმამაღალი სევდით სავსე გარეკანის ფოტოების ავტორი შალვა ხმალაძეა.
კრებულის 100+1 ნოველა ქართული ხასიათივით დინამიკურია და იგი მბორგავ საქართველოზეა, რადგან ეს ქვეყანა მწერალს მრავალძარღვას აგონებს „სახელადაც და საქციელადაც − თავისი მრავალძარღვიანი და მრავალფესვიანი ხასიათით, თავისი დატოტვილი ხეობებითა და მთაგრეხილებით, თავისი მრავალხმიანობით, თავისი მრავალძარღვა ენ(ებ)ით, ანბან(ებ)ით, ფოლკლორით, მრავალსახიანობით“.
ამ კრებულის მთავარი გმირი ქართველია, რომელიც „კრიმანჭულის ყოველ მუხლს უნდა მისწვდეს ყოველ დროში, ყოველ წამში, ყოველ ნამცეცში“, მაგრამ ჯერაც კარგად „არ იცნობენ საქართველოს მრავალძარღვა, უსასრულოძარღვა სულს“, რომ „საქართველო იყო, არის და იქნება. ეს ლამაზი მიწაა, მაგრამ ძნელი მიწაა, ძნელი დასაცავი მიწა“. და იგი მაინც არსებობს „დღეს სულაც რომ არ ვგავდეთ ჩვენს თავს და ჩვენს მრავალძარღვა სულს“.
კრებულში ნოველები არც დათარიღებულია და მცირედი მცდელობაც არ არის, რომ ამბები რაიმე სტრუქტურის შესაბამისად დალაგდეს. ავტორი შეუფერადებლად გვიყვება თავისი ცხოვრების უკეთეს ამბებს, ან სულაც იმას, რაც შემორჩა ხსოვნის ბადეს. პერსონაჟები ძირითადად, მისი საცხოვრისის ახლომახლო ადგილებიდან არიან, თუმცა, ნაკლები ოსტატობით არც წარსულში დარჩენილთა შესახებ გვიყვება.
ნინო გუგეშაშვილი იხსენებს სახლებს, სახელებს, ამბებს, ხმებს და ამ ამბებით არის გადაფაქიზებული მწერლის მი და მო, მისი ირგვლივეთი.
კრებული იწყება ფრენის ამინდებით, კოპიტნარიდან გამოსულები თვალს მოატყუებენ ღამის ტყეში, თან წვიმის ხმას აყურადებენ და მწერალს ეჩვენება, რომ ასე ტკბილად დედამიწაზე არსად წვიმს! სხვაგანაც გხვდება წვიმის მისეული მონატრება − „ქუხილი, წვიმა, დიაზეპამივით მოქმედებს ჩემზე“. სხვა ნოველაში კი ქოხის ღია კარიდან გაჰყურებს „სახურავის ქიმებზე დაკიდებულ წვიმის დახეულ ფარდას და დიდ კაკლის ხეებს და მთებს − ყველა კინოზე უფრო კინოს!“ („წვიმა მედიკოს ქოხში“), რადგან მისი აზრით, „საქართველოს სული ხეობებშია, მის მრავალ ძარღვში, მის ყველა ხევსა და ღრანტეში“.
კრებულის სათაური „ჩაი ნანგრევებზე“ ცხადად გვახსენებს 1991 წლის მაისში მომხდარი რაჭის დიდ მიწისძვრას. გვიხატავს, ფეხისწვერებზე როგორ შეიპარნენ მეზობლები ნანგრევებში, როგორ გამოაძვრინეს პატარა გაზქურა, ჯერ კიდევ საკმაო ბიძგებსა და „ქვების ღრაჭუნში“. როგორ მოძებნეს მფეთქავ ქვებსა და ნამსხვრევებში გადარჩენილი ფინჯნები, შაქარიც და ჩაი აიდუღეს. უჩვეულო ვიზიონია, როგორ სვამენ გაწეწილი, გამოუძინებელი და ყველაფერდაკარგული ადამიანები ჩაის. თუმცა, ერთგვარი კომიზმი ახლავს მეზობელი ქალის წუხილს, „თქვენ უბრალო ფინჯნები დაგემტვრათ, მე კი როკოკოები დამემსხვრაო“. ამ საყოველთაო განსაცდელის ჟამს, სიმდიდრეს და ძვირფას ნივთებს მისტირის ქალი და ნოველის მთავარი სათქმელიც ესაა, მიწისძვრები და სხვა სტიქიური უბედურებები კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე, რა არის წარმავალი, და რა წარუვალი. პერსონაჟი წუხს და უბანში ყველას აჩვენებს, როგორ ჯობს მისი დამტვრეულებიც კი, სხვის მთელებს და ალბათ, ძვირფას ნამსხვრევებს დიდხანს ვერ შეელევა გადასაყრელად. ამ დროს არ აყოვნებს მწერლის ზუსტი მონასმი, რომ გაცნობიერებულ სილამაზეს არაფერი ემუქრება, არ „იმტვრევა“ და ის თვით ადამიანსაც გადაარჩენს: „იქვე იდო ორი გიტარა, ნაკაწრიც არ აჩნდა, ელაგა გიტარები და ირგვლივ დიდი ქვები ჰქონდა შემომწკრივებული, მაგრამ ზემოდან დაცემული არცერთი არ იყო“. სიმბოლურია ნანგრევებზე ჩაის სმა, და ახსნაც ისაა, რომ ადამიანმა ნგრევას, განადგურებას, სიკვდილს უნდა აჯობოს და ირწმუნოს ხელოვნებისა და სიცოცხლის მარადიულობა.
იქვე იმასაც გვიმხელს, რომ წლების გამო კი არა, გადატანილი სიმძიმეების გამოც ბევრი იცხოვრა, რადგან „მარტო მიწისძვრა და ნანგრევების აღდგენა ერთი ცხოვრებაა“. ცხოვრების ცოდნა კი მის ყველა ამბავში თვალნათელია.
თუმცა, უკვე ისიც იცის, რომ „წლების მდინარეში ჩამდგარი ვერ ხვდები, რა გაგიხდება მერე ძვირფასი და რა არ უნდა გადაგეგდო. შენახულიც ისე გაწუხებს ბოლოს და ბოლოს, როგორც გადაყრილი. შენახვა და გადაყრა ერთი და იგივეა“ („არა მარტო კომბლეს ჰყავდა ცხვრები“).
მწერლის ფილოსოფიური ნარატივი პერსონალურიცაა და ამასთანავე, ზოგადადამიანურიც, ყოველი დროის ადამიანს აწუხებს ეს ჯერაც პასუხგაუცემელი კითხვები: „რა წარმოშობისაა ადამიანის სული და აზრები? იქნებ ჩვენ ყველა ვართ რაღაც უხილავი უნივერსალური ძალის წარმოგზავნილი კორესპონდენტები და ჩვენი ყოველი უმნიშვნელო ან მნიშვნელოვანი მოძრაობით, რაღაც ინფორმაციას გადავცემთ სადღაც, არ ვიცი, ეს არის ღმერთი თუ სამყაროს უნივერსალური გონი, სადღაც ეს ყველაფერი იკრიბება, ბალანსირდება?“
ნოველა „აქ ცხოვრობს ნატაშა“ ასევე ფილოსოფიური შენაკადებით გვამახსოვრდება და სხვადასხვა სიტუაციაში ზუსტი ორიენტირების პოვნაში გვეხმარება, რომ სრულვყოთ სუბიექტური მიდგომები ყოფისადმი და ამოვიცნოთ საკუთარი სულიერი სიმაღლე. გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ სინამდვილეს: როცა დიდი ხანი ვერ მოიკითხავ სიყრმის მეგობრებს და აღმოაჩენ, რომ გარდაცვლილან! ამ მწვავე განცდას სხეულებრივი არყოფნა იწვევს, თუმცა ხსოვნაში კვლავ არსებობს ნატაშაც, ვეფხოც, ლიაც, ნანაც, ციალაც, თამაზიც! ამ მოულოდნელ ელდას ახალი გამოცდილება მოაქვს და როცა ავტორი − პერსონაჟი მათ სანახავად მიდის, ასე ფიქრობს: ისინი შინ არ არიანო! მართლაც, უცნაურად იქცევიან მისი საწუთროდან გარდასული მეგობრები − „წამოვალ არიან, მივალ არ არიან“. ყოფნა − არყოფნის სევდა აქ მოულოდნელი პრიზმით არის წარმოდგენილი − „პრინციპში, მეც სახლში არ ვარ, როცა სხვასავით ქუჩაში ვარ გამოსულიო“ და გვარწმუნებს, უნდა „წავიდე სახლში, იქნებ ვინმემ მომიკითხოს ოცწელგადასულმა“ და შინ დავხვდებიო. სიკვდილის მოშინაურება, ან სულაც მისი მიუღებლობის ეს მოდელი კიდევაც არომანტიკულებს სიკვდილის სიახლოვეს და „ავარდისფრებს“ მის გზას.
ბავშვობიდანვე თანამდევია მისთვის ფიქრები სამყაროს წესრიგსა და ჰარმონიაზე: „იწესრიგებს სამყარო თავის თავს, თავისი საქმე იცის, იდეალურად... არ არსებობს რომ არ მოვიდეს გაზაფხული ან შემოდგომა, ან რომელიმე სეზონი. ან პარასკევი, ან ოთხშაბათი... ყველა დღე მოწესრიგებულად, მორიგეობით მოდის. არასდროს დაურღვევიათ კანონი. სულიერია ეს ყველაფერი, აბა რა არის?“ მწერლის საწუხარიც ეს არის, რომ სამყაროს მარადიულ წესრიგს არად დაგიდევთ ადამიანი და ეს წუხილი მას რომ გააგონოს, წოდებითი ბრუნვიდან შესძახებს: „ადამიანო, ადამიანო! შენ რატომ ვერ მოიწესრიგე შენი მშვიდობა და ჰარმონია?“
საინტერესოა მწერლისეული არსებობის ანუ „გდების“ ფილოსოფია: „რატომ არ შეიძლება უსაქმურად ყოფნა და „გდება“ მაშინ, როცა არაფრის კეთება არ გინდა. იმიტომ კი არ გინდა გდება, რომ საქმის კეთება გეზარება, არამედ, გინდა გაიხანგრძლივო უქმად ყოფნის დრო. იგი ცდილობს გამოარკვიოს, არაფრისკეთების სურვილი რატომაა აკრძალული. თუმცა, პასუხიც ფინალურ აბზაცში დაგხვდებათ: „მთავარია, თაყვანად და კერპად არ გადაგექცეს“, თორემ ნამდვილად შეიძლება უსაქმურობით ტკბობა საწყისი ფორმით („გდება“) მოწოდებული ნოველის მიხედვით.
სულის დაწმენდილ ამბებს წაიკითხავთ ნინო გუგეშაშვილის ნოველებში. ასეთ ამბებს ამოთქვამენ მხოლოდ მთაში და მხოლოდ მთის ბროლიანი ჩანჩქერივით სუფთა და ძლიერი ხმის მქონენი. კრებულში არის ნოველა მსოფლიოში „ყველაზე სწრაფების“ სერიიდანაც, რომელიც გვამცნობს, რომელიღაც აეროპორტში მსოფლიოს ხალხთა ენაზე სტანდარტული ტექსტების გარდა, არასტანდარტულიც გაისმის: ამხელა მფრინავ სამყაროში როგორ იგვიანებს ორი რაჭველი.
ამ აუჩქარებელი და დარბაისელი რაჭველების ხასიათი, ზვიადად ზანტი მთების მიერაა ნაძერწი, რადგან ადამიანის სულს მთაში ჰორიზონტიდან იოლი გასაქცევი და გადასახვეწი არა აქვს და როცა ადამიანთა გარდასული სულის ექო იქვე ტრიალებს, იგი მომდევნო ადამიანს საჩუქარივით გადაეცემა: „ჩემნაირები უკრავდნენ, წერდნენ, აზროვნებდნენ, ხატავდნენ, რევოლუციებს აწყობდნენო“, - წერს ერთგან. თვითონაც იცის ეს ამბავი და აგრძელებს „ვხედავთ სიზმრებს, დავდევთ მოუხელთებელ აზრებს, სახელდაურქმეველ გრძნობებს“.
სულიერი სიბრძნის გამოზოგვა და წარმავალი ტანჯვის დათმენაც („წამების წყნარი წარმავალობა“ − გალაკტიონი) ადამიანის სულის მარკერია, მათი ხასიათის სილბო − სიმტკიცის ტვიფარია და ჟამიდან ჟამზე, ზუსტად ამ ახირებულთა ხასიათის შტრიხებს გვამცნობენ თავგადასავლებზე „გადარეული“ ავტორები.
ასეთ ავტორებს სიყვარულის ამბები ჩვენამდე მოაქვთ, მისხალ-მისხალ გვიზიარებენ და იზოგავენ კიდეც. აი, როგორც სვანები, თავიანთ ღრმად ამოქვაბულ ქუდებში მზეჩაუხედავი კლდეებიდან და უკარება მწვერვალებიდან არეკლილ სხივებს გამოამწყვდევენ და გაბნეულ სითბოს იზოგავენ, თავიანთი მკაცრი და უსაშველოდ თეთრი ზამთრების გადასატანად.
ასე ასოციაციურად გვეფიქრება ნინო გუგეშაშვილის მხატვრული ამბების წაკითხვისას. ასეა მისი პირველი მოთხრობა „ხოლო“-ს გაცნობიდან (რომელიც 2002 წელს „პენ-მარათონის“ პირველ კრებულში დაიბეჭდა) ვიდრე, ამ კრებულის ბოლო ნოველამდე სათაურით − „მრავალძარღვა“.
ამასობაში, უძირო ფიქრებისა და ძილგატეხილი ღამეებისთვის, საკუთარი ბავშვობაც და ის პატარა ნინოც ენანება, გამთენიისას, საძინებელში თავს დედა რომ წაადგებოდა, ახსოვს „მკრთალი მოიისფრო კაბა ეცვა, ჰაერისფერი ყვავილებით მოჩითული. ციალებს ფოსფორივით, ეკითხება: ნინო, რა ქენი, ჯერ არ დაგიძინია? ხმა ჰქონდა მელანქოლიური, მიღმეთიდან მრეკავი, უთენებელზე ტყეში გამოვლილი ნიავით მოტანილი შორეული ზარის ხმასავით“.
მწერლის არაერთი ნოველის პერსონაჟია მამა, რომელიც ჭკვიანი მესოკოვეც იყო და ჭყუბლა და ზერიკას შესაგროვებლად წასული, ხშირად გადაეყრებოდა დათვებს. მამა ეძებდა სოკოს, დათვები კი − წიფს და უწევდათ ასეთი „საქმიანი შეხვედრები“. ამ კუთხითაც გვაცნობს ბორის გუგეშაშვილს − ფოლკლორისტსა და ერისკაცს. რომელსაც დიდი მადლიერებით იხსენებენ რაჭაში.
ნოველებსა და ჩანახატებში საკუთარი ოჯახის ხელოვნებასთან სიყვარულიც კარგად ჩანს და მშობლების პორტრეტიც დაუვიწყარია. მათი ხსოვნისადმი პატივის მიგება კი ამ წიგნის შექმნის იმპულსის მიმცემიცაა: „შიგნით, შენში სწავლა გამოგიცდიათო?“ და სხვადასხვა სიტუაციაში ამ კითხვის მრავალი პასუხიც დაიძებნება. იგონებს მამის გარჯასა და რუდუნებას ფოლკლორული საღამოების ჩატარებისას, როცა „ხმა ჰქონდა და დამოუკიდებელიც იყო“.
ნოველაში „წყლის სომელიე“, კვლავ მამის ლანდი გაკრთება და იგონებს: როგორ ჩადიოდა მამა კაკლის ხესთან და როგორ აგემოვნებდა წყაროს წყალს. ეს ერთიდან მეორე მდგომარეობაში გადასასვლელი მნიშვნელოვანი ეტაპი და ამასთანავე, იყო „უტკბილესი, ჩუმი დროსტარება, ნაჩუქარი წყლით და მიწით, ნაჩუქარი დროით თრობა“.
მისი ცალკეული პერსონაჟები ქმნიან დაუვიწყარ გალერეას, ისინი „სოფლის საყრდენები“ არიან, ნინიკაანთ ვანო იქნება ეს, ბორიაკის პოლბოთლიკის მოყვარული და წისქვილის გამმართავი შალიკაანთ შალიკო თუ აბესალაშვილი ვახტანგი. ასევე სოფლის კოლორიტად ქცეული ბახო, რომელსაც ხოჯორადან და საკაურადან ორივე ჯიბით ამოჰქონდა კალმახი. დაუვიწყარია კალმახების ამოჩენის რიტუალზე აკივლებული გრასტო ბიცოლას პერსონაჟი, სულაც მისი უჩვეულოდ მუსიკალური სახელის გამოც. წაკითხული წიგნებივით ეწერებიან ჩვენს ხსოვნაში ნასტა ბიბლიოთეკარი თუ შავებში ჩაცმული ბებო, რომელიც მეტროს მატარებელში ზის და ხელში გიტარა უჭირავს, ბუდიდან გიტარის გრიფს თავი აქვს ამოყოფილი და ზედ აწერია სიტყვა Fender, რომელიც ბებოს „მთლად წარსულად, ატრიბუტიკისა და ამბიციებისგან მთლად განძარცვულად“ წარმოაჩენს და ამასთანავე, „სიყვარულის გარდამავლობის მაცნეა“.
კრებულში მწერლის ცხოვრების რეალისტური ამბებიც იკითხება და ნამდვილი მეგობრებიც ილანდებიან: უპუტკუნესი ოქტაი და სხვებიც, მისი დროის „ჰეკლბერი ფინები“, მუდამ აჩაჩულები და ფეხშიშველები, გამურულები, კრავივით ხუჭუჭა და დაუვარცხნელები − რამაშკა და მისი ძმა, საფარკა. ისინი კრებითი სახეა მაშინდელი ეზოს ბიჭებისა, წლების შემდეგაც რომ ვერ ივიწყებს მწერალი და ბავშვობის ადგილებთან ახლოს ჩავლა, დიდობაშიც დიდი გამოწვევაა, რადგან თითქოს არაფერი შეცვლილა, მათნაირები კვლავ დარბიან და ისეთივე „წნევითა და მიწოლით ლაპარაკობენ“, უეჭველია, ისინიც კვლავ საქმის გასარჩევად მიექანებიან („ოქტაირა“).
მწერალი ასევე ბევრს ფიქრობს უახლოესი ისტორიის ყველაზე მძიმე თარიღზე. როცა 33 წლის წინ დაწყებულ აფხაზეთის ომზე, როცა 13 თვის განმავლობაში გაგრძელებული საომარი მოქმედებები, სოხუმის დაცემითა და ტერიტორიების დაკარგვით დასრულდა. ნოველაში მწერალს საზღვრის წარმოსახვითი მოშლის ასეთი ტაქტიკა აქვს: „რომ მივეხეტო ყოველდღე უაზროდ, დავენახო რუსებს, მავთულხლართებს, და წამოვიდე, არ დაკარგავს აზრს ეს ვითომ საზღვარი?“ − ასე დიპლომატიურად ფიქრობს და ეს ფიქრი ერთმანეთის შერიგებისკენ მიაქანებს ადამიანებს იქიდან, სადაც ჭუბურხინჯია (მეგრ. წაბლის ხიდი) და აფხაზური დროშა ფრიალებს და, აქედანაც, სადაც წყალი მოდის, კენჭებამომჭვირვალი და სადაც დიხაზურგაა, სახელის ეს ჟღერადობაც ძალიან მოსწონს, რადგან სემანტიკურადაც დატვირთულია იგი. სახელი დიხაზურგა (მეგრ. მიწისზურგა) და ეს მიწაა აფხაზეთიდან აქეთ და საქართველოდან იქეთ, თავისი ზურგით რომ დაატარებს ადამიანებს.
ნოველა „იყო ერთი გზა“ ხელისგულისოდენა ქაღალდზე წერია და ქართულ-ოსური ურთიერთობის მოსარიგებელი გზავნილია, რომ პოლიტიკური ამინდი დათბეს და აღდგეს ნდობა. მოთხრობილია, თბილისიდან რაჭისკენ ან პირიქით მომავალი ავტობუსი როგორ ჩერდებოდა კვაისაში, როგორი ხმაურით ამოდიოდნენ ვედროებით, კალათებითა და ჩანთებით დატვირთული ოსის ქალები, კაცები და ბავშვები. მაშინ ისინი „ჩვეულებრივი ჩვენები“ იყვნენ და ვესალმებოდით, გვესალმებოდნენ, ადგილს ვუთმობდით, გვიღიმოდნენ, ვუღიმოდით. უღელტეხილზე ერწოს ძალიან ღრმა ტბას ერთად გადავდიოდითო, ერწოს გზა, როგორც მთელი საქართველო, ძალიან ლამაზია. მაგრამ ეს გზა დიდი ხანია ჩაკეტილია და მწერალი ერთ დიდ დარდსაც მონიშნავს: „მე დარდი მიმრჩა იმ გზაზე − რა ხდება ნეტავ ერწოზე? ნისლები როგორ არიან, ან ის ოსები, თბილისის ავტობუსს რომ დაჰყვებოდნენ? ელყანთა, ყემულთა, გუფთა, ითრაფისი, კიროვი, კვაისა... როგორ არიან?.. ნეტავ არსებობენ? როგორ მოსწონთ ასე არსებობა, როგორ მოსწონთ ის, რაც ახლა მათთან ხდება ან ჩვენთან, ან ცხინვალში, ან ახალგორში“ „რადგან უგზოობა და კავშირის გაწყვეტაც ხომ ომია“. ეს გზა კი ცენტრალური საქართველოა, სადაც ოსები ცხოვრობენ. მწერალი ფიქრობს, რომ ამ გზის გახსნა და ადამიანთა კვლავ დაახლოება სახალხო დიპლომატიითაა შესაძლებელი. იმ ერთი, ნამდვილი გზის გარდა, იქ მრავალი გზა მიდის და ერთ-ერთი, შენდობის, ურთიერთპატიებისა და ვერბალური კომუნიკაციის აღდგენის გზაცაა, რადგან „ჩიხია უსიტყვოდ ნაომარი სოფლები“.
ამ კრებულის ნოველების მხატვრულ ქსოვილში დრო და სივრცე ისე ერთიანია, რომ დროის ექსტაზის განსაზღვრისას, სულაც არაა საჭირო საათის ისრების გადამტვრევა როგორც ამას კვენტინ კომპსონი ცდილობს ფოლკნერის „ხმაურისა და მძვინვარებაში“. ცხოვრებისეული დროის აღსანიშნავი ყველა სიტყვა მეტნაკლებად მეტაფორული დატვირთვისაა, რადგან მისი გამოსახატავად არ არსებობს ლიტერატურაში ზუსტი სიტყვა. ამდენად, ნინო გუგეშაშვილის ნოველებში დრო არ არის ქრონოლოგიურ მოდელი, არც წარსული, არც აწმყო და მითუმეტეს მომავალი, ცალ-ცალკე არაა აქცენტირებული. მისი დრო არსებობს როგორც ერთდროულობა, ამ ვარაუდს ისიც ამყარებს, რომ აქ სივრცეც მოხაზულია, ერთი გეოგრაფიული ლანდშაფტია და სიუჟეტების მრავალფეროვნების აღქმა და მოხელთება შრომატევადიცაა და სასიამოვნოც. თან რატომაც არის კომფორტული ამ კრებულის ნოველებში მოგზაურობა ეს არის ის, რომ ანტურაჟიც საქართველოა, პერსონაჟებიც ქართველები არიან და ამასთანავე, არ გრძნობ კონტინენტთაშორის რყევებს და აქ ზნეობრივი კომპრომისების დაშვებაც არაა სავარაუდებელი. აქ დრო და სივრცე ისე ჰარმონიულადა შეკავშირებული, რომ ოდნავადაც არ არღვევს ადამიანის გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და არც პიროვნულ თავისუფლებას ზღუდავს. პერსონაჟები აქ ნორმატიულ გარემოში მოიაზრებიან და თუ კომპრომისზე მიდიან, ეს ხდება მხოლოდ ბუნებრივი კანონზომიერების გათვალისწინებით. (სიკვდილი, მიგრაცია, მიწისძვრა და სხვა სტიქიები). ამიტომ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მუხტი, რაც ამ ნოველებსა და ჩანახატებში არის, მას ხდის „ქართულ“ დროში მოგზაურთა მეგზურად.
მწერალს თავისი მაჟიეთი ან მაჟიეთურები სადმე ლექსადაც შერითმული თუ აქვს, ეს იქნება ყველაზე მჟღერი და ჰარმონიული კონსონანსი, რომელიც თავისთავად შეგვიყვანს რაჭის ევფონიურ სივრცეში. მაჟიეთის კინოს კლუბშიც მრავლად არიან მაყურებლები და ფილმის მსვლელობისას, დიალოგებზე უფრო მოქმედებები ითარგმნებოდაო, − მახვილგონივრულად შენიშნავს მწერალი ერთგან. ეს მოგონებათა წიგნიც ხომ იმიტომ დაიწერა, რომ მწერალმა თავისი კინო გადაიღოს, სადაც უფრო დიალოგების ხელოვნებაა მოხელთებული, რომ ბორის გუგეშაშვილის თარგმანივით საკვანძო მომენტებს მისცეს გეზი, რომ მთლიანობაში წარმოგვადგენინოს მაჟიეთის ბუნება და მისი კოლორიტული ადამიანები.
მწერლის მიერ ნოველის გმირებად წარმოჩენილ ხასიათებს შორის ავტორი-პერსონაჟი გამორჩეულია. იგი თავადაა შემოქმედიც და ნაწარმოების გმირიც. მისი სიტყვით დარწმუნების, მოხიბვლისა და ტკბობის ხელოვანება კრავს და ერთმანეთთან აახლოებს ნოველის სხვა პერსონაჟებსაც.
მისი პერსონაჟები კი სინამდვილიდან გადმოდიან ნოველებში, მაგრამ მათ მაინც ატყვიათ შემოქმედის ფანტაზიის კვალი, ეპოქის გავლენა, თუ რა იდეოლოგიისა თუ მიზნისთვის შექმნა იგი მწერალმა. ამ მხრივ, რაიმე განსხვავებული, ან უცნაური და უფრო მეტიც. არაორდინალური პერსონაჟები არ გვხვდებიან. შექმნილი სახე-ხასიათების ფსიქოლოგიური განსჯა არ არის მწერლის მიზანი, იგი უკვე ჩამოყალიბებული ადამიანის ხასიათს გვთავაზობს.
ასეთია კოლმეურნეობის თავმჯდომარე ამბაკო, ლომივით ფაფარაშლილი, მრისხანე გამოხედვის კაცი, გალიფე შარვლითა და ტყავის ჩექმებით. თუ მისი თავმჯდომარეობის დროს ბორია გუგეშაშვილს „მტერივით უყურებდა“ და „მუშახელის გამცდენად“ მიაჩნდა, თავმჯდომარე როცა აღარ იყო, მის კონცერტსა თუ საღამოებზე წინ იჯდა ხოლმე და აბა ვინმეს გაებედა და ეხმაურა. მოტრიალდებოდა და დაუბრიალებდა ატამანის თვალებსო. მწერალი გვიჩვენებს, ადამიანები როგორ იცვლებიან და სრულიად სხვანაირნი ხდებიან შემოქმედებით გარემოში.
ამ კრებულში მეზობლების სახე-ხასიათების ჩვენებას განსაკუთრებული ადგილი ეთმობა. დაუვიწყარია არიშასა და იულიას დავა ონიდან ამოტანილი დროჟის გამო. მწერალი იგონებს მშრომელ და ხმაურიან არიშას, რომელიც დადგებოდა სოფლის გზაზე, როგორც სცენაზე და ამუნათებდა ჩუმად მოფუსფუსე, დაბადებიდან სმენადაქვეითებულ იულიას. ჩხუბობდნენ და პერიოდულად კვლავ რიგდებოდნენ. მათი ცხოვრების „იდილია“ გვაგონებს გოგლა ლეონიძის ჩირიკისა და ჩიკოტელას ამბავს. ისინიც ხომ მწერლის კარის მეზობლები იყვნენ და გოგლასაც საკუთარი თვალით უნახავს ამ „გულქართული“ პერსონაჟების ცხოვრების ავანჩავანი. გოგლაც წუხდა, ქალაქიდან ვერ ჩამოვედი და ვერ დავესწარი მათ დამარხვას, ეს „ხინჯად დამრჩა გულში“ და ამ მოთხრობით, მგონია, ვალი მოვიხადე მათი აჩრდილების წინაშეო. ნინო გუგეშაშვილიც თავის ნოველას სევდიანად ასრულებს: „უბრალოდ მომენატრა ამ დილით მაჟიეთი, ახლა იულიას სახლიც ცარიელია და არიშასიცო“.
ნოველა „ერთი კაცის ახალი წელი“ მოგვითხრობს იმ ამბავს, როგორი იყო კიდევ ერთი უსახელო კაცის საახალწლო სამსახური − როგორ იდგა დეკემბერ-იანვრის ყინვიან ღამეში და ორი წლის გასაყარზე, როგორ ებრძოდა ქალაქის შადრევნიდან ამოხეთქილ წყალს.
სხვა ნოველაში კი საახალწლოდ რაჭას ეწვევა „ვიღაც მეკვლე“, რომელსაც ჯამბულა თუ რაღაც ერქვაო,- შენიშნავს ავტორი. მწერლის მიერ სახელის არდარქმევა უკვე დახასიათებაა უნებლიე მეკვლისა, რომელიც მხოლოდ იმიტომ დაიმგზავრა მწერალმა, რომ კიდევ ერთხელ დაარწმუნოს მკითხველი, როგორი ლამაზია უცხო და თან ნასვამი კაცის თვალით დანახული რაჭა − „რაღაც ჯადოსნური მაგნეტიზმი დაიძრა ჩამუქებული ნაძვების დგომიდან და მათ მიღმიდან. თოვლი ჩალურჯდა, ტყე ჩვენკენ წამოვიდა და ჩვენ უალკოჰოლოდაც კარგად გავითანგეთ და გავფრინდით დროისა და მანძილის, რაღაც საზღვრებდაკარგულ მარადიული მგზავრობის ღრუბელში“.
ნინო გუგეშაშვილის ამ კრებულში ყველაზე მეტი ნოველა და ჩანახატი ძაღლებს ეძღვნებათ. არავინ იცის, ლიტერატურის პერსონაჟად რომელი მწერლის ძაღლი იჩემებს პირველდასახელების პატივს, მაგრამ ჰომეროსის „ოდისეაში“ ერთადერთი არსება, რომელიც მრავალწლიანი განშორების შემდეგ ოდისევს იცნობს, მისივე ძაღლი არგისუა. ჯორჯ გორდონ ბაირონმა თავისი ძაღლის, ბოტსვანას საფლავზე ქანდაკება დადგა და ეპიტაფიაც დაწერა, რომლის მიხედვითაც შემდეგ შეთხზა ლექსი „ძაღლის საფლავი“. მითოლოგიური ამირანის იქნება თუ მეფე გიორგის საყვარელი ყურშა თუ კუდაი, არჩილ სულაკაურისა თუ ნოდარ დუმბაძის პერსონაჟი ძაღლები, ფრანც კაფკას, ჯონ სტაინბეკის, ჟიულ ვერნის, ანტონ ჩეხოვის, ერნესტ ჰემინგუეის, რეი ბრედბერისა თუ კონან დოილის „ბასკერვილების ძაღლი“, ჯეკ ლონდონის საყვარელი ძაღლი პასუმი, რომელიც ანდერძისამებრ, მწერლის გვერდითაა დასაფლავებული და რომლისადმი სიყვარულმა ათქმევინა დიდ მწერალს „ძაღლი ერთადერთი არსებაა დედამიწაზე, რომელიც უშუალოდ უყურებს თავის ღმერთს“ და ამ ღმერთში ადამიანი იგულისხმება. ყველა მწერალთან, ცხოვრებაშიც და ლიტერატურაშიც, ძაღლი სიკეთის მატარებელი პერსონაჟია.
ნინო გუგეშაშვილის ნოველის პერსონაჟი ბობიც მაჟიეთური ლანდვეენთ ვასიას ძაღლია. იგი საშუალო ვეფხვისოდენაა, პირველივე დანახვაზე თავზარს რომ დაგცემს, ისეთია. ნეტავ თუ იცის ბობიკამ, ბობ დილანის სახელი რომ ჰქვიაო. თუმცა ჰგონია, ამას უფრო ეცოდინება, ძაღლია მაინც − გამოუცნობიაო.
მათი ოჯახის ჯაკომოც მხიარულად მონაწილეობს „მელაობის“ რიტუალურ დღესასწაულში. ასევე გამორჩეულია „ჯესი მასპინძელის“ ძაღლიც და თუ ოდესმე „კუჩხი ბედინერის“ ძაღლი დაგჭირდეთ, უკასტინგოდ აიყვანეთ, მეკვლედაა დაბადებულიო, − ასე გვიბარებს ნოველაში.
სოფლის მოცლილი ძაღლაკი „შინაურების“ პერსონაჟია, რომელიც სადამკვირვებლო მისიას კუდის ქიცინით აედევნება და მწერალი მიანიშნებს, რომ ძაღლი, თვითონაც მეტად ფხიზელი და დაკვირვებული ცხოველიაო.
ნოველა „რეინკარნაცია“ მოგვითხრობს ტრასაზე ბანცალით მოლასლასე, ეკლებში გახლართულ ძაღლზე, რომელიც ისე მიდიოდა, თითქოს უნდოდა მანქანას გაეტანა. მგზავრებმა მანქანა გზიდან მოატრიალეს და ეს პუდელისმაგვარი ძაღლი თან წაიყვანეს. სახლში გაკრიჭეს, დაბანეს და ჩვეულებრივ ძაღლს დაამსგავსეს. და იმაზეც კი დააფიქრდნენ, ეს ძაღლი ბაჩის რეინკარნაცია თუ იყოო, რადგან იმ დღეს ბაჩი ქიტიაშვილის დასაფლავებიდან ბრუნდებოდნენ და „ნესტიანი დღე რომ იყო, სულშიც, გარეთაც“, და რომ „წამოწვიმა, წამოთქორა“.
მაჟიეთში სამიოდე ძაღლიც ჰყავთ შემოჩვეული და როცა ქალაქიდან ბრუნდებიან, ძაღლები გრძნობენ და აუცილებლად მოინახულებენ მათ, რადგან უყვართ პურჩაფშვნილი წვნიანები, მაკარონები, ვერმიშელები, ქათმის ფილე უტყემლოდ და როცა უცებ თავდება ოჯახის მარაგი, „კი ვართ ხოლმე დიეტაზეო“, მსუბუქი ირონიით ჰყვება მწერალი და დასძენს: „ერთხელ უნდა გავიქცე, შქმერი − უზუნთას ტყეში დავხვდე გზის პირს (შალვას!), საბრალო თვალებით ავხედო − იქნებ მეც შემხვდეს რამე. („ერთხელაც ვიქნები ძაღლი“).
„ბარაკონის ნაგაზი“ მოგვითხრობს ტაძრის ეზოს ჩარაზულ კართან ადამიანებთან შეხვედრის მომლოდინე მოთეთრო − მოჩალისფრო ნაგაზზე. მოულოდნელად როგორ გამოენთო მისკენ მითოლოგიურად ახროტინებული და ხახადაფჩენილი, იმ წამსვე ანდერსენის ლამბაქისოდენა თვალებიანი ნაგაზი რომ გაახსენა და შიშისგან ვერც დაყვირება მოახერხა, ან ვინ გაიგებდა მის ხმას, ირგვლივ ადამიანის ჭაჭანება არ იყო და მხოლოდ რიონი, ლუხუნი და მინდაციხე იდგაო. ნაგაზი ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ და ხანაც ზიგზაგისებურად გადახტა. მერე უცებ ზურგზე გაწვა და მოულოდნელ თამაშზე გადავიდა. გორაობდა შემოდგომის ფოთლებში და ამით უმტკიცებდა სტუმარს, შენი მეგობარი ვარ და ვისაც ძაღლები უყვარს, ისინიც კარგი ადამიანები არიანო. საოცარი ისიც იყო, რომ ძაღლმა ბარაკონის ეზოდან გამოაცილა, მერე შეჩერდა, უკან დაბრუნდა და ისევ ბარაკონის კართან დაჯდა.
ნინო გუგეშაშვილის რამდენიმე ნოველის პერსონაჟია ძაღლი და ამიტომაც არცერთი არ დავტოვეთ უყურადღებოდ. ადამიანები კრძალვით ადი − ჩამოდიან „ძაღლის კიბეზე“ და ეს ხმა ასოცირდება სიფხიზლესთან, უსაფრთხოებასთან, ერთგულებასთან და არა მხოლოდ ნოველასთან, არამედ უჩვეულოდ ლამაზ მუსიკალურ კომპოზიციასთან „ძილისპირული“.
ერთი დიდი ძაღლი სადღაც ქუჩის იქით, კორპუსებს მიღმა, ასე ყეფს, ბრაზიანად და გამოთქმით:
-რო-გორ-და-ღამ-და,
-რო-გორ-და-ღამ-და,
-რო-გორ-და-ღამ-და,
ვაჰ, ვაჰ!
-რო-გორ-და-ღამ-და,
-რო-გორ-და-ღამ-და,
-რო-გორ-და-ღამ-და,
ვაჰ, ვაჰ!
ხმობენ კორპუსები, აჰყვა ჩვენი ეზოს ძაღლი...
კრებულის ნოველებში რამდენიმე ძაღლი ყეფს და მწერალიც ალბათ დაგვეთანხმება, რომ არ უნდა ვიცხოვროთ ისეთ ქალაქში, სადაც ძაღლის ყეფა არ ისმის. ამ ნოველაში კი ძაღლის ყეფის მუსიკაც ისმის, რომელიც ამ ნოველის წაკითხვის შემდეგ, სანდო და მშვიდი ძილისთვის განაწყობს ადამიანებს.
მრავალძალზე სალოცავად ასული ახალგაზრდების თავგადასავალი კი გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობას“ გვაგონებს. ალავერდის ტაძარივით ლამაზი იყო ნისლში გახვეული მრავალძალი, „მერე კოცონების შუქზე ლიცლიცებდა და გუმბათის სარკმლებიდან შუქის ზოლები გადიოდა ბუნდოვნად და რაღაც ზმანების ბურუსში ხვევდა მომლოცველებს“. მრავალძალმა ყველა სურვილი აუხდინა იქ ასულებს. მეტი რით უნდა დაემტკიცებინა, რომ სწორედაც რომ მრავალი ძალი შესწევდა და მართლაც, მრავალძალი იყო. იმ გაზაფხულზე მიწისძვრამ დაანგრია, ახლა იქ ახალი ტაძარი დგას.
განა მარტო ბარაკონი და მრავალძალი ენატრება მწერალს, „სულის დასარწევი ადგილები“ სხვაც ბევრი ეგულება. უჩვეულო ძალისა და ჟღერადობის ტოპონიმებია ირგვლივ და მწერალი ონის გზაზე გვამოგზაურებს − სულ მალე, საკაურას აკვამარინისა და ტოპაზისფერს შეერევა რიონის ტყვიისფერი და ასე ვივლით ლაგვანთამდე, იქვე კი კოხტაანთ კართან, ბორცოს ასახვევთან, მარჯვნივ ცოტას თუ კიდევ ვივლით, სააკაოს სკოლას მივადგებით, სადაც ბორის გუგეშაშვილი ასწავლიდა და თუნდ წელამდე მოეთოვა, ყოველდღე 7-8 კილომეტრს ფეხით გადიოდა სკოლამდე. 4 კილომეტრის გავლის შემდეგ მაჟიეთი იწყება, მისგან ორიოდე კილომეტრითაა დაშორებული დედის სოფელი ხიდეშლები. ასე შთამბეჭდავი იქნება ჩვენი მოგზაურობა. რაჭის უკეთესად მოსახილველად კი სპეციალურად დაქირავებული ავტოებითა თუ სახაზო ავტობუსებით ვიმგზავრებთ, გზადაგზა სხვადასხვა აუცილებელი იმპროვიზაციის პერსპექტივით.
ამ ამბებში ჩანს მწერლის უსაზღვრო სიყვარული საკუთარი ქვეყნის მიმართ, რომელიც სრულყოფილებით ავსებს მას და მის გარშემო ყველას, რომ არსადაა წუწუნი მისი სიმცირის, სიღარიბისა თუ მატერიალური სიდუხჭირის გამო. აქა − იქ, გაკვრით თუ შეეხება რაიმე გაჭირვებას, იმასაც კონტექსტის გათვალისწინებითა და ზომიერი თავშეკავებულობით ძერწავს, იმასაც კი აკონტროლებს, ძლიერი ტკივილის მორევში არ გა(და)უსხლტეს სათქმელი. მოყვასთათვის დასტაქრობს და ეძებს „სევდის მუფარახს“, ადამიანთა სულებიდან სევდის გადასარეკად და მათ გადასარჩენად.
ამიტომაც არც ყველაზე „გრანდიოზული კონცერტის“ ამბებს გამოტოვებს, რადგან როცა ქალაქში ერთდროულად რამდენიმე კონცერტი და ფეიერვერკი იქნება, ამ დროს მაჟიეთი ჩაბნელებულ-გამოყრუებულია და ახლომახლო ბუ და ჭოტიც აღარ ჭაჭანებს ხოლმე. ამ დროს, იქ „ორკაციანი გრანდიოზული კონცერტის“ გამართვაზე ფიქრობენ, მერე ვასკაც შემოუერთდებოდათ და იქნებოდა „სამკაციანი გრანდიოზული კონცერტი“. მერე გადმოვიდოდნენ სხვებიც: მანანა, ლაურა, ესმა, შალიკაათ ნელიც, თუ ქარახსას და და რისინას გადმოვლა არ შეაშინებდა და უკვე იქნებოდა „რვაკაციანი გრანდიოზული კონცერტი“. დოლის ხმაც გავარდებოდა ხეობაში და მამამისის გამოწერილ აკორდეონზეც დაუკრავდა შალვა, მანანაც ჩააწიკწიკებდა „ოღრო-ჩოღროს“, „მეც რაღაცას მოვახლაფორთებდი“, მთებსაც ფეხები აუცეკვდებოდათ და „მოგვისმენდნენ კაკაბას ტყის და ჩვენი ღელუკას ჭინკები, მოგვისმენდნენ ბობორი და სახლაჟუნები, მოგვისმენდნენ ცულნაკრევა, ხეცველა და მელერთხა, მოგვისმენდნენ სხარალები, ნატეხები, სახაზო და შოდა“ − წერს ასეთ სახასიათო ტოპონიმებისა და გვარ-სახელების შემოქმედი და გვიმტკიცებს კიდეც, რომ ეს იქნებ ყველაზე გრანდიოზული კონცერტი.
მაგრამ დასანანი ისაა, რომ მათ გამართულ კონცერტებს ვერ დაესწრებიან ვერც ნანა ზარდიაშვილი და ვერც ნეკერა.
მწერალი ნანა ზარდიაშვილის გლოვისა და მწუხარების დღეებზე ჰყვება, ჟანრის კანონებს იცავენ თითქოს, მაგრამ ვერც იცავენ! თუმცა, ზუსტად რასაც იცავენ დაა გვიზიარებენ ეს ნანას ხასიათის უჩვეულობა და მომხიბლავობაა. „და ირგვლივ ისეთი ნათელი, უტკივილო და უხიფათო მარადიულობაა, ისეთი, ისეთი, რომ ცოტაოდენი ტკივილი კიდეც მოგენატრება“. ასეთი ამაღლებული განწყობით მიაბარეს თავიანთი „გამოჩენილი დაღლილი და ცნობილი ქართველი ხელქვეითი, მარადიულობას“.
მწერალი ნინო ნეკერაშვილის (ნეკერას) ამ სამზეოდან ნაადრევ გადასვლას სიზმარშიც განიცდის: სიტყვები ელაგა წინ, სასვენი ნიშნებიც, ყველაფერი ჰქონდა. ალაგებდა, მისწევ-მოსწევდა და არაფერი გამოსდიოდა. „ბრგვნილი ვიყავი ენაშიც და ტვინშიც“. და გვეკითხება: სად წავიდა ნეკერა? ეს ის შემთხვევაა, ჩვენც რომ ვიცით, ნეკერა თავის გამოგონილ „ნეკერქალაქში“ რომ გადასახლდა, უცაბედად და სამუდამოდ.
მისი ნოველებში კი კვლავ გრძელდება სიცოცხლე და იქიდან სიმბოლურად დატვირთული ხან აღმართი მოჩანს და ხანაც დაღმართი იმზირება.
„მომდევნო აღმართი იქნება და აღმართს სახელად ჰქვია „ბერუკაანთ ყანები“. ამ აღმართს ძალა ხნავდა და ამ ძალას ერქვა ბერუკა. ისეთი ძალა იყო, იქეთ ჭუთხაროს წიხლსა ჰკრავდა, აქეთ შოდას ძვრას უზამდა...
როცა ბერუკა გამოილია, მერე ამ აღმართს ხნავდა საბუნა, მერე გიგუნა, მერე დათია, ზაქარია, ქიტესა, პეტრე, მალაქია, მერე − დათიკო, ქიშვარდი, ვანო, სანდრო, ათანა, მერე − ბორია, შოთა, კარლო, ბეგლარი, რუსლანი.
ამ აღმართს ხნავდა ძალა, და ამ ძალას ერქვა კვამლია და წიქარა, ნიკორა და მურესა, ქერუჩა და ნიშიკა, ფარდელა და ლომა...
მაგრამ ძალა საერთოდ აღარ არის, გამოილია. მოიხედავ აღმართი − არცერთი ძალა აღარ ზის ტყემლის ჩრდილში.
ალბათ, სადმე სხვაგან ზის და ძალას იკრებს − იქნებ სხვა ჩრდილში, ან იქნებ სულაც იმ მიწაში, სადაც ბევრი ძალაა აზიდული და შენახული“ − იმდენ დამაფიქრებელ ამბავს გვიყვება, სულის მოსაბრუნებელ დროსაც არ გვიტოვებს, ესეც მწერლის შეგნებული სვლაა, არ უნდა სევდას შეგვატოვოს, პირიქით, სურს ამ დოკუმენტური პროზით გაგვაძლიეროს და მუხრანივით გაგვამხნეოს −
ყოველი ტოტი და ტოტისტოტი
და ტოტისტოტისტოტი ყოველი
საქართველოთი თუა სოველი, −
ვინ ეშმაკია თვით სამოელი!
მწერლის პერსონაჟების კვალდაკვალ სიარულმა ნამდვილად მისცა მკითხველს ის ძალა, სხვასაც გადასდოს და გაუზიაროს მათი ხიბლი.
იმედით ემშვიდობება მკითხველი ნინო გუგეშაშვილის ნოველებს, რომ ის ადგილებიც მოინახულოს, სადაც ბევრი ძალაა აზიდული და შენახული.
ამ ამბების ხიბლი კი დაუნჯებული იქნება მწერლის ხუთიოდე, ჯერარგამოცემულ წიგნსა და ასევე არგამოცემულ თორმეტიოდე მუსიკალურ ალბომში და ჩვენც, ავტორთან ერთად, გავიზიარებთ მათი გამოცემის სიხარულს. ეს სიხარული იქნება უცხო და ბუნებრივი, ლამაზი და დახვეწილი, რადგან ნინო გუგეშაშვილი მთელ ქვეყანას ისევ თავიდან შეგვაყვარებს მისებური სიტყვის ზეიმით.