7 აპრ 2025
ზაზა ასლანიძე − პროზაიკოსი, დრამატურგი, ესეისტი, ფილოლოგი.
1996 წლიდან აქვეყნებს ესსეებს, წერილებს, სტატიებსა და მოთხრობებს სხვადასხვა ლიტერატურულ-საზოგადოებრივ პერიოდიკაში (გაზეთები: „ლიტერატურული საქართველო“, „ახალი შვიდი დღე“; ჟურნალები: „მნათობი“, „არილი“; ელ. ჟურნალი „ელექტროლიტი“).
ზაზა ასლანიძის პიესები შესულია მსოფლიო დრამატურგიის კატალოგებში − როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
2018 წელს გამოიცა ზაზა ასლანიძის პროზაული კრებული „მაჰარაჯას ანდერძი“.
ქატო იქა, ფქვილი აქა
მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებში იშვიათად შეხვდებით იმაზე ზუსტ და გაცხადებულ, პირდაპირ გამოთქმულ რეზიუმეს, როგორიცაა „ქატო იქა, ფქვილი აქა“. არავითარი ქარაგმა, ანდა მორიდება-თავმდაბლობა. პირიქით − ეს უნივერსალური ფრაზა, ნებისმიერ ზღაპარს რომ მიესადაგება და დასასრულს გვაუწყებს, ჯადოსნური, ზღაპრული სამყაროდან აბრუნებს მკითხველს, სხვა, არანაკლები მნიშვნელობითაც მოიაზრება − არსებულ ან გამოგონილ მტერსა თუ მოწინააღმდეგეს ქატო, ანუ არაფერი − „ვაი დამარცხებულთ“, ხოლო ჩვენ ფქვილი − ბარაქა, გამარჯვება, ყველაფერი. თვით ზღაპრებშივე ბატონობს სურვილი ნებისმიერი გზით, ხერხით გამარჯვებისა. ამ ლაკონურ ნაწარმოებებში ჩვენ თვალწინ იბადება პიროვნება; მოწმენი ვართ მისი სულიერი ფერისცვალების, დეგრადირების, მეტამორფოზის... რა გასაოცარიც უნდა იყოს, ზღაპარი ხშირად წარმოგვიდგება, როგორც დრამატული, ტრაგიკული თხზულება; გმირების დაცემა, ამაღლება, კათარსისი − დაბადებიდან სიკვდილამდე გასდევს პერსონაჟის ცხოვრებას. ზღაპრები ზედმიწევნით, გამაოგნებელი სიცხადით გვიხატავენ საწუთროს დაუნდობლობას, ბრძოლას არსებობისათვის, ცხოვრებისეულ პერიპეტიებს. ჯადოსნურ სამყაროში კეთილისა და ბოროტის ბრძოლას დროდადრო ენაცვლება ორი გმირის თავგანწირული ხმალთაკვეთება პირველობისათვის. არცთუ იშვიათად, „ანტიგმირებსაც“ იხილავთ − ზნეობაზე, მორალზე, რაინდობაზე რომ აუღიათ ხელი მიზნის მისაღწევად. ქართულ ხალხურ ზღაპრებში მაკიაველის სიბრძნე თითქოსდა მთელის სისრულით გაცხადებულა და გვმოძღვრავს, გვაფრთხილებს, მოდუნების უფლებას გვართმევს.
ზღაპრებში პიროვნების პირადი თვისებები განსაზღვრავენ მისსავე ბედს. ძლიერი და არა მაინცდამაინც კეთილი, „დადებითი“ გმირები აღწევენ მიზან-საწადელს. ზღაპრის გმირები მოწოდებულნი არიან თავგადასავლებისათვის. თავსდატეხილი უბედურებისა თუ მოულოდნელი ბედნიერების აღსაქმელად და უნარიანად, ღირსეულად ეჭიდებიან ყოველგვარ წინააღმდეგობას.
ზღაპრებში ინტრიგა გადაწყვეტილების მიღებისას ჩნდება. არჩევანია განმსაზღვრელი პერსონაჟის მომავლისა, და სწორედ არჩევანივე აშიშვლებს გმირის შინაგან სამყაროს, ნიღაბს ჩამოხსნის და მის ნამდვილ სახეს დაგვანახებს − არჩევანი ზღაპრის ქვაკუთხედია.
ზღაპრებში ირეალურ-ჯადოსნურ საბურველს მიღმა კულისებში, მძაფრი ადამიანური ვნებანი ბობოქრობენ და რაოდენ დაუჯერებელიც უნდა იყოს, გმირების წარმმართველი ძალები ერთობ ადამიანური გრძნობებია და არა მაღალი იდეალები: „ქატო იქა, ფქვილი აქა“-ს პრინციპი ზღაპრების ამოსავალი წერტილია. და თუ გმირის პირველი არჩევანია დაიწყოს სიცოცხლე-მოქმედება, მეორე − სინდისის, მორალის, ზნეობის წინაშე კომპრომისის არჩევანია. სწორედ არჩევანზე, ნებისმიერი გზითა და საშუალებით დასახული მიზნის მიღწევაზე, ცივი გონებისა და პრაგმატიზმის გამარჯვებაზე მოგვითხრობს ზღაპარი − „მონადირის შვილი“. თხზულება მეოთხე წინადადებისთანავე, ყოველგვარი წინაპირობის, შესავლის გარეშე, არჩევანით იწყება:
„ერთხელ მონადირე ერთ ტრიალ მინდორზე გავიდა. უცებ ერთი თეთრი ირემი ამოუხტა, დაუდგა წინ და უთხრა: − მესროლე, თუ დამკარ, ნეტავი შენ, თუ ვერ დამკარ − ვაი შენაო! ესროლა მონადირემ და დააცდინა“.
მონადირე თვითდაჯერებულობამ დაღუპა, გადაჭარბებულმა წარმოდგენამ საკუთარ შესაძლებლობებზე და მართალია ღირსეულად წავიდა წუთისოფლიდან, მაგრამ შურისმაძიებელი და საქმის გამგრძელებელი მემკვიდრე დატოვა.
„მონადირის ცოლი ორსულად დარჩა. გაუჩნდა ვაჟიშვილი, ისეთი ღონიერი და ყოჩაღი, რომ იმის დარი იმ ქვეყანაში არავინ იყო. ერთხელ ჩამოიღო თოფი შვილმა, გატენა, შევიდა დედასთან და ჰკითხა: − დედავ, მამაჩემი რამ მოკლაო? წერამ, შვილო, − უპასუხა დედამ. არა, უნდა მითხრაო, − გადაეკიდა შვილი. ბოლოს დედამ უამბო ყველაფერი“.
წერისა ნაკლებად დაიჯერა ვაჟმა, სამაგიეროდ მამის დაუფიქრებელმა, უყოყმანო, მაგრამ ბრმა ვაჟკაცობამ თვალი აუხილა შვილს და მიახვედრა, რაინდული არჩევანი რომ დამღუპველია და „ათჯერ გაზომე“ ამოიჭრა გულის ფიცარზე.
„მონადირის შვილი ადგა, ჩამოათალა ერთ ხეს, ესროლა სამი და ნატყვიარი ნატყვიარში გაატარა. გადაიკიდა მერე მხარზე თოფი და გასწია იმ ირმის საძებნელად“.
ზღაპარში, ამ უაღრესად ლაკონიურ, სიტყვაძუნწ თხზულებაში, ელვის სისწრაფით ვითარდება მოქმედება და ყოველი წინადადება უდიდესი შინაარსის მატარებელია. აქ წინადადების, ფრაზის, სიტყვის შემთხვევითობა გამორიცხულია. „გადაიკიდა მერე მხარზე თოფი“, − მხოლოდ „მერე“-ღა გასწევს ვაჟი ტყეში, დარწმუნდება რა თავის სიმარჯვე-ჩუბინობაში. სწორედ ამაზეა აქცენტი გაკეთებული − თუ, რა გონიერი და შემზარავად მშვიდია, უდიდესი განსაცდელის წინ მონადირის შვილი. ბუნებრივია, მონადირის შვილსაც შემოეგებება ირემი იმავე არჩევანით − შვილი იღებს მამის სისხლს და ერთგვარი წარმართული წესით იძიებს შურს:
„ხორცი ამოაჭრა, გადაყარა, ტყავი თავისი კუდით, ფეხებით და თავით წამოიღო შინ და მოვიდა დედასთან“.
თითქოსდა სკალპი ახადა, ანდა მარჯვენა მოაჭრა მტერს − ეს ხომ მკვლელობა იყო და არა ნადირობა. ტოტემურ-მისტიკური წარმოდგენით მან მტრის ძალა, სიმდიდრე მოიალაფა. ირმის ტყავი რომ გაცოცხლდება, თვალმარგალიტით აუვსებს სახლს, ეს ამბავი სავსებით ლოგიკურად და დამაჯერებლად აღიქმება. მოპოვებული ბედნიერება სამუდამჟამოდ უნდა გაგრძელებულიყო, მონადირის შვილს საბედისწერო შეცდომა რომ არ დაეშვა − მან მოინდომა ხელმწიფისთვის ეჩვენებინა ჯადოსნური ირემი. სურვილი გასაგებია − მეტად ადამიანურია შენი წარმატებით, ნადავლით იამაყო და ქვეყანას მოჰფინო დიდი გამარჯვების, სიმდიდრის ამბავი. მაგრამ, ვაჟს დაავიწყდა, რომ ეს მისი პირადი, ოჯახური საქმეა, მამის სისხლი ურევია და ამ სასწაულით ტრაბახი, გაყოყოჩება მკრეხელობაა, უკადრისი და უგვანი საქციელია. გმირი არჩევანის წინაშე დადგა − ან ოჯახური სიწმინდე შეენარჩუნებინა, ანდა დაჰყოლოდა ქვენა გრძნობებს და ამპარტავნებას მისცემოდა. დედის რჩევის მიუხედავად, მან უკანასკნელი ირჩია და საკადრისიც მიეზღო:
„ხელმწიფეს თვალები დაებრიცა ირმის ცქერით, − ეგ ირემი მე უნდა წავიყვანოო − უთხრა ხელმწიფემ ვაჟს. ვაჟი უარზე დადგა, მაგრამ რა გაეწყობოდა? წაართვეს და წაიყვანეს“.
აი, აქედან იწყება მონადირის შვილის სრული დეგრადაცია და დაცემა. ვაჟმა მოსვენება დაკარგა − რაკი ერთხელ დაემორჩილა უკეთურობას, სიკვდილამდე უნდა ეყმოს. ხელმწიფესაც გადაედება გაუმაძღრობის სენი, მადა ჭამაში მოდისო, და მონადირის შვილს დავალებას აძლევს − სრა-სასახლეები ამიგეო. აქამომდე ვაჟს ირემიც თავისი ვაჟკაცობით მოეხელთებინა და თუ რამ უბედურება დაემართა, ვაჟკაცობა და რაინდობა შეუბღალავი ჰქონდა. ამიერიდან კი, მხოლოდ ვირეშმაკობით, დაუნდობლობით, გველაძუობით მოუწევდა ცხოვრება და გამარჯვებების მოპოვება.
„ვაჟმა ალების ერთი ტბა იცოდა. იმ ტბაზე სასმელად მთელი ალების ჯარი მოდიოდა. წამოიღო ეს ამოდენა კირი და ლამი, ჩაყარა შიგ და ამოლესა ტბის ძირი და გვერდები, მერე მიუშვა შიგ ბანგი. მოვიდნენ ალები, დალიეს ეს წყალი, დათვრნენ და დაეყარნენ იქვე“.
ბანგითა და მოტყუების პრელუდიით იწყება მონადირის შვილის შორეული სანაოსნო ეპოპეა, ამჯერად აღმოსავლეთის ხელმწიფის ქალის მოსაყვანად რომ წარგზავნიან. ალების და გაყოყოჩების სცენები საყმაწვილო გართობაა იმ თავზარდამცემ, შემზარავ სპექტაკლთან შედარებით, ზღვაზე მოგზაურობისას რომ გათამაშდება.
„თეთრ ქორს გამოუგდია წინ მტრედი და მოსდევს. მტრედი შეუვარდება ხომალდში − ნუ მიმცემო, ეხვეწება ვაჟს. მომეციო, ეტყვის თეთრი ქორი მონადირის შვილს და გამოგადგებიო. მისცემს ვაჟი მტრედს და გასწევს ქორიც“.
„გამოგადგებიო“ − მტრედი ვერა-რას ჰპირდება, მას მხოლოდ, იქით უნდა გაუწოდო საშველად ხელი. ქორს კი შეიძლება რამეს გამორჩე − ბოლოსდაბოლოს მტაცებელია. ძლიერისადმი მოწიწება, მძლავრის მოკავშირედ გახდომა და საჭირო დროს თანდაყოლილი გულქვაობა, სულმდაბლობა კაცობაზე, ნამუსზე ათქმევინებს უარს, თავსლაფს დაისხამს და უმწეო მსხვერპლს გადასცემს თავის ახლად შეძენილ „სულიერ ძმას“. მტრედის სიმბოლურ მინიშნებაზე ხომ ზედმეტიცაა საუბარი. ეშმაკზე სულმიყიდული მონადირის შვილი იმავეს გაიმეორებს მტაცებელ თევზთანაც − გადასცემს რა მასთან დახმარების იმედად ამომხტარ თევზს. აი, ასე მოიმადლიერა, მოიხვეჭა და მოიმრავლა მეგობრები. აღმოსავლეთის ხელმწიფის ქალიც ზიზილ-პიპილებით, ეშმაკის მანქანებით ჩაიტყუა ხომალდში და გამოიტაცა თავის ხელმწიფესთან მისაგვრელად. ქალიც არანაკლებ ცბიერი, გამჭრიახი და ქვეშ-ქვეშა აღმოჩნდა. უცებ აუღო ალღო მონადირის შვილს − მიხვდა მისივე იარაღით − ტყუილითა და ეშმაკობით თუ მოერეოდა და დაუძვრებოდა ხელიდან. ქალი მტრედად იქცა; მაგრამ ქორს ვერ გაექცა და ისევ მონადირის შვილის კლანჭებში მოხვდა; თევზად იქცა და ვერც ზღვის უფსკრულებმა გადაარჩინა − ვაჟს აქაც მადლიერი თევზი დაეხმარა და ქალი ისევ ტუსაღად იქცა. აი, როგორი შორსმჭვრეტელი და წინდახედული ყოფილა ავსულთან წილნაყარი მონადირის ვაჟი − ხომ გამოადგნენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი?! აბა, რა თავში იხლიდა მიუსაფარ და სუსტ არსებებს. შესაშური რეალისტური ალღო და ხედვა აქვს მონადირის შვილს და ქალიც გუმანით გრძნობს − ამ კაცის ყოვლისშემძლეობას, არამზადობას რომ საზღვარი არ აქვს და თვითონ დაასწრებს, − ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო, − ცოლობას შესთავაზებს თავადაც არანაკლებ გაიძვერა და მუცლითმეტყველი.
„ქალმა ჰკითხა მონადირის შვილს: − ვისთვის გინდივარო?! ხელმწიფისთვისაო, − უპასუხებს ვაჟი, − არა, მე ხელმწიფის ცოლად არ გამოგყვებიო, − ეტყვის ქალი, შენ ქმარი და მე ცოლიო! − ეგ როგორ მოხერხდება, ხელმწიფე წამართმევს შენს თავსაო, − ეგ მე ვიციო, უპასუხა ქალმა, − შენ მარტო ის წაუღე ხელმწიფეს, რაც გაგატანოო“.
„ვისთვის გინდივარო?“ − ვაჟის აშკარა გულგრილობა ათქმევინებს ქალს, მაგრამ, ჰოი, საკვირველებავ, რაოდენ საქმიანნი და „რეალისტები“ არიან; უცებ შეითქვნენ, შეუღლებაც კი გადაწყვიტეს. აბა, სად სცალიათ სიყვარულისთვის, სინაზისათვის, აღმაფრენისთვის. ცოლ-ქმარი უკეთესი დღის დასადგომად იღვწის და მეტოქის ჩამოცილებას ცდილობს − „ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა“.
„წაიღო ვაჟმა, რაც ქალმა გაატანა და წავიდა. მიუტანა ხელმწიფეს და უთხრა: − კაცებმა გახსენით, ქალმა მოგართვათო. თვითონ კი გაერიდა. ხელმწიფემ და მისმა ნაზირ-ვეზირებმა დაუწყეს გახსნა ქალის საჩუქარს. უცებ გატყვრა და იქვე მიაწვინა ყველანი. ქალიც მონადირის შვილს დარჩა და სახელმწიფოც“.
გამარჯვებული მონადირის შვილი პირწავარდნილი არამზადაა. იგი საწუთროს სიმუხთლემ თუ ადამიანურმა სისუსტემ ცხოვრების დასაწყისისთანავე გამობრძმედილ გარეწრად აქცია. მისი ცხოვრება კი ირმის მოკვლიდან, ანუ პირველივე გამარჯვებიდან იწყება − როცა სახელს, სიმდიდრეს, შინაგან სიძლიერეს მოიხვეჭს. მაგრამ, ზღაპრებში სრულიად საპირისპირო პერსონაჟებიც გვხვდებიან, რომელნიც იმავე წუთისოფელმა არა ერთბაშად, მეყსეულად, არამედ თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ, ზნედაცემულ ანდა ზნესრულ, შესაშურ გმირებად ჩამოაყალიბა.
ზღაპარი „ჩაქუჩა“ გვიყვება, როგორ დაეცემა და გადაგვარდება ძალაუფლებას დაპატრონებული ადამიანი და გუშინდელი მსხვერპლი დღეს ჯალათად მოგვევლინება. ეს მეტამორფოზა ნელ-ნელა, თითქმის შეუმჩნევლად ვითარდება, ბოლოს კი გამაოგნებელი სიმძლავრით, თითქოსდა მოულოდნელადაც აღმოსკდება, წალეკავს ყველაფერს. ზღაპარი დედინაცვლისა და გერის კლასიკური ურთიერთობით იწყება:
„დედინაცვალი ბიჭს არ ასვენებდა, გააგზავნიდა წყალზე და რამდენჯერაც მოიტანდა, იმდენჯერ გადაუღვრიდა: წადი, წმინდა წყალი მოიტანე, ეს მღვრიე არისო!“
ჩაქუჩა ერთი უბირი სოფლელი ბიჭია, კეთილიც არის და უანგაროც. მონადირის შვილისაგან განსხვავებით იგი არც კი დაფიქრდება, უყოყმანოდ დაეხმარება და გულმოწყალედ მოიქცევა, როდესაც განსაცდელში ჩავარდნილის ხსნას გადაწყვეტს:
„დაინახა, წითელი და შავი გველი ჩხუბობდნენ. შავი გველი წითელს დაედევნა. მივიდა წითელი გველი, ბიჭს ლიტრაში ჩაუძვრა და უთხრა: − როცა მოვიდეს შავი გველი, უთხარი ცხრა მთას იქით გადაიარა-თქო. მოვიდა შავი გველი და ბიჭს ჰკითხა: − აქ სულიერს რაიმეს ხომ არ გამოუვლიაო? ბიჭმა უპასუხა: გამოიარა და ცხრა მთას იქით გადაიარაო.
წავიდა შავი გველი. ამოძვრა წითელი გველი, ამოიძრო ერთი ფხა და მისცა ბიჭს: − როცა გაგიჭირდეს, ინატრე, რაც გინდა და ყველაფერი აგისრულდებაო“.
მრავლისმეტყველია და უაღრესად საინტერესო ჩაქუჩას პირველი ნატვრა − წამითაც არ უფიქრია შურისძიებაზე, ანდა მხოლოდ საკუთარ თავზე. მასში ეგოიზმის ნასახიც არ არის. პირიქით, სურს ოჯახში სიკეთემ დაისადგუროს, შეიცვალოს დედინაცვლისა და მისი ურთიერთობები. ჯანდაბაში, მოუსავლეთში კი არ ისტუმრებს ჯალათს − საკრალურ სიტყვას − „დედას“ ეძახის და მისი გულის მოგებას ცდილობს:
„დედი, ახლა მაინც შემიკერე შარვალ-ხალათიო! − დედინაცვალმა ისევ წყალზე გააგზავნა“.
ვაი, რომ დედინაცვალსა და გერს შორის თურმე უზარმაზარი უფსკრული ყოფილა, რომლის ამოვსება არც ფართლეულით სავსე სკივრებს შეუძლიათ და არც გულში ჩამწვდომ სიტყვებს. გასაოცარია ჩაქუჩას მოთმინება და მონდომება − იგი მაინც ეპოტინება და ებღაუჭება იმ უბადრუკ ნამსხვრევებს, ოჯახი, სახლი, თანალმობა რომ ჰქვია. არ ეჯერება, რომ დედინაცვალთან არაფერი აკავშირებს და მათი ერთად ყოფნა რომ შეუძლებელია. ო, როგორ ეძნელება იმ ფესვების, თუნდაც გამხმარი, მაგრამ მაინც ფესვების გადაჭრა წარსულთან, ბავშვობასთან, მეობასთან რომ აკავშირებს. ეს არის იდუმალი, ამოუცნობი ლტოლვა მსხვერპლისა ჯალათისადმი და ბიჭის მეორე ნატვრა ისევ სიზიფეს გამაოგნებელი სიჯიუტეა.
„ბიჭმა ინატრა: ნეტავი სახლში რომ მივალ, ჩვენ რომ ვარცლი გვაქვს, სულ პურით სავსე დამხვდესო. მოვიდა სახლში და ვარცლი, მართლაც პურით სავსე დახვდა. უთხრა დედინაცვალს: ახლა მაინც მომეცი პურიო. ის გაუბრაზდა და უთხრა: − ღორი გარეკეო. გამოიყვანა ბიჭმა ღორი, გაიგდო წინ, დაიწყო სტვენა და გაუდგა გზას, არც იცის, საით მიდის“.
რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ბიჭის ერთადერთი ნათელი წერტილი დედინაცვალია. მასთანაა კეთილშობილი ჩაქუჩა და ტანჯვა ანიჭებს ბედნიერებას. ამაზე ხომ ყველაზე უკეთ მისი ოცნება-ნატვრები ღაღადებენ. როცა დედინაცვლის ღიმილი მთელს ქვეყანას ურჩევნია. რაწამს დატოვებს სახლს, მყისვე კვდება ჩაქუჩა და იბადება ურჩხული-გულგრილობა-გულქვაობა. სწორედ უდარდელობა, სტვენა და „არც იცის, სად მიდის“ გვანახებს, რომ ჩაქუჩასთვის მის სიკვდილთან ერთად, ყველაფერი მოკვდა. ჩაქუჩა აღარ ეძებს, არ ესწრაფვის სიკეთეს, თანაგრძნობას, ყურადღებას. მისთვის უკვე არაფრისმთქმელია თბილი სიტყვა, გაჭირვებულის დარწყულება, შეცოდება.
„მივიდა ერთ სოფელში. იქ შეეცოდათ, პური გამოუცხვეს, აჭამეს და ისევ გზას გაუდგა“.
ჩაქუჩას თავისით ეწვია ის, რაზედაც მთელი ცხოვრება ოცნებობდა. მას შეეძლო ამ სოფელში დარჩენა, თითქოსდა დამთავრდა მისი გარიყულობა. ვაი, რომ აღარაფერს წარმოადგენენ უწინდელი ოცნებები. მისთვის არაფერი უკვე ყველაფრად იქცა:
„მიადგა ერთ სოფელს. შევიდა შიგ და დაინახა ერთი მზეთუნახავი ქალი. ინატრა: ღმერთო, ამ ქალს გაუჩინე ერთი ბიჭიო და როდესაც კარს შევაღებ, თქვას: „აი, მამაჩემიო!“ მართლაც გაუჩნდა შვილი ქალს. მოდის ხალხი და კითხულობს: − რად გაუჩნდა შვილიო? შეაღო ბიჭმა კარები იმ დროს და ბავშვმა დაიძახა − აი, მამაჩემი, ჩაქუჩაო. ხელმწიფემ თქვა: აბა, რაღას ვუზამ? აი, შენი ჩაქუჩა, ადექი და მაგას გაჰყევიო“.
არ დაერიდება ქალის შერცხვენას − მერე რა, რომ ეს ქალი მისი მომავალი მეუღლეა. ბავშვიც ეშმაკეულს შეაქმნევინა და სამუდამოდ დაწყევლა ნაბუშრის სახელით. მაგრამ ჩაქუჩა მიზნის მისაღწევად განა ამ წვრილმანების გამო დაიხევდა უკან? ბავშვი ხომ საშუალება იყო და რა სატანურადაც მოავლინა ამქვეყნად, ისევე სატანური სისწრაფით ივიწყებს მის არსებობას. საოცრება ის არის, დედასაც რომ ამოურეცხავს გულ-გონებიდან, ვითომც არ ყოფილა, ხსენებაც აღარ არის ბავშვისა. ჩაქუჩას საქციელში მოულოდნელს ვერაფერს იხილავთ; ასე გაგრძელდება ჩაქუჩას შინაგანი ბრძოლა და ჭიდილი, ვიდრე გაბოროტება არ დასძლევს და იზეიმებს გამარჯვებას ადამიანზე − მზეთუნახავი ქალი რომ მოინდომა და კამათელში მოგებულივით საკუთრებად გაიხადა. ყველაზე გამაოგნებელი ის არის, თუ როგორ იფერებს და იჩემებს ეს გუშინდელი მაწანწალა და ბოგანო ქმრობას, უპირატესობას:
„წაჰყვა ქალი ჩაქუჩას. ჩაქუჩა წინ მიდის და ცოლს არ უცდის. ქალი ეძახის: − კაცო, დაიცადე, ქრისტიანი არა ხარო? ჩაქუჩა მაინც არ უცდის. გაიარეს კარგა მანძილი“.
რა მრავლისმეტყველი პასაჟია. ქალს ისე ექცევა, თითქოს ვიღაც გომბიო გააბედნიერა და არამიც კია მასზე ჩაქუჩა. არადა, აქვს საფუძველი ამ უხეშ ამპარტავნებას, − მერედა როგორი, − განუსაზღვრელი ძალაუფლებითაა აღჭურვილი:
„ინატრა: ღმერთო, ისეთი რაში მომეცი, რომ სხვა რასაც ერთს წელიწადს გაივლის, მან ერთ წუთში გაიაროსო. გაჩნდა რაში, შეჯდა ზედ, უვლის მინდორს და იძახის: აქამდე ჩემია, აქამდე ჩემიაო. ინატრა: ღმერთო, ამ მინდორში ისეთი ხილი ჩაყარე, რომ რიგი მწიფდებოდეს, რიგი ყვაოდეს, რიგი იკრიფებოდესო“.
სადღაა − „ნეტავი დედინაცვლის სკივრი აივსოსო“ − „ჩვენ რომ ვარცლი გვაქვს, პურით სავსე დამხვდესო“. მხოლოდ „ჩემია“-„ჩემია“ გაუდის ჩაქუჩას და წარსულს რომ უკვალოდ არ ჩაუვლია, მის გაუგონარ სიხარბეშიც მოჩანს. ობლობამ ღრმა, შეუხორცებელი იარები დაუტოვა − კუჭის იქით რომ აღარ ახედებს: ბედაური განა იმიტომ ინატრა, თავმომწონე ვაჟკაცი ვარო, ანდა თავგადასავლები იტაცებდა − გლეხუჭური, მდაბიური მომხვეჭელობა არ ასვენებდა. აბა, სად რაფინირებული და არისტოკრატიულად მზაკვარი მონადირის შვილი და სად ჩაქუჩას სალახანურ-გაუმაძღრისი ნატვრა-მოქმედებები.
საერთოდ, ზღაპრებში ზუსტი დიაგნოზებია დასმული − ამა თუ იმ ფენის, წარმოშობის, ან რაიმე საერთო ნიშნით გაერთიანებული ადამიანების ხასიათები, ტიპაჟები საკვირველი სიზუსტითაა გამოძერწილი. მონადირის შვილისა და ჩაქუჩას პიროვნებები ზედმიწევნით, განსაცვიფრებელი ოსტატობითაა დახატული.
ზღაპარი „ქვრივიშვილი“ ზღაპართ ზღაპარია − მართლაც უნიკალურია და თავისი მასშტაბურობით თითქოსდა ახალ სამყაროს, ჟანრსაც კი ქმნის. ზღაპარი თავბრუდამხვევი ტემპით, შავი იუმორით, მრავალფეროვნებითა და სიმსუბუქით ატყვევებს მკითხველს. „ქვრივიშვილში“ აზარტი ბატონობს პერსონაჟსა და მკითხველზე. თვით ყველაზე თავზარდამცემი ამბები ისე სხარტად, უბრალოდაა მოთხრობილი, მთავარი გმირის გარდა ვეღარაფერს ვამჩნევთ. რაგინდ მკრეხელური იყოს − კუნძზე თავდადებულ უდანაშაულო მსხვერპლს ვერ ხედავ და ცულმოღერებულ ჯალათს ეტრფი. ქვრივიშვილის პერსონაჟი უნივერსალურია და ერთ პიროვნებაში აერთიანებს − ხუთკუნჭულას, პერ გიუნტს, ქრისტეფორე კოლუმბს, ფალსტაფსა თუ ათასი ჯურის ავანტიურისტს და თავგადასავლებზე გადაგებულ, თავგადამკვდარ დ’არტანიანებს. ჩვენდა უნებურად ვგულშემატკივრობთ ამ ღვთის პირისაგან გავარდნილი, ჩამოყალიბებული ავაზაკის ნებისმიერ ნაბიჯს. იგი ისევე მომხიბვლელია და საყვარელი, როგორც „სამი მუშკეტერის“ პერსონაჟები. არადა, ვინ არიან ათოსი, პორთოსი და ძმანი მისნი, გულში რომ ჩავარდნია მთელ მსოფლიოს − ლოთი-შფოთები, ყომარბაზები და ყოველ ნაბიჯზე კანონის დამრღვევნი. ქვრივიშვილი სწორედ თავისი უპრინციპობით, უზნეობით, მაქსიმალისტობით, ცრუპენტელობით, ყოყოჩობითაა საინტერესო და მომნუსხველი. მაგრამ, ამ ზღაპრის უპირველესი ღირსება სიმართლეა. ალალი, ხალასი გრძნობითა და სიწრფელითაა ნაკარნახევი ყველა ქმედება, რასაც ქვრივიშვილი ჩადის. აქ მხოლოდ შერჩეული გზა, ფორმაა სხვათათვის მიუღებელი და დასაგმობი. თავად მთავარი გმირი კი უაღრესად წრფელია. იგი თავის თავთანაა მართალი და მას ეს სავსებით აკმაყოფილებს. თვით ტექსტიც საოცარი თავისუფლებითა და სიმართლით იკითხება − პირდაპირ ახასიათებს და ყაჩაღს, მატყუარას უწოდებს ქვრივიშვილს:
„იყო ერთი ქვრივი დედაკაცი, ჰყავდა ერთადერთი ვაჟი, მოუსვენარი, ყაჩაღი, მატყუარა. დედამ უთხრა:
− შვილო, ოღონდ ნუ იყაჩაღებ და სულ მე გარჩენ, ხელს ნუ გაანძრევ!
− არა, დედი, განა ჩემი ნებით ვყაჩაღობ? ზევით რომ წმინდა გიორგია, იმის ნებით ვყაჩაღობ, ის მიბრძანებს“.
ბიჭი ცამდე მართალია: იგი შეპყრობილია, გათანგულია თავგადასავლების ვნებით − მოულოდნელობებით, ფათერაკებით მდიდარი ცხოვრება ხიბლავს და იზიდავს. ქვრივიშვილს არც მდარე და დუნე ცხოვრება ხელეწიფება და არც უმოქმედობა შეუძლია. მან თავად ამოირჩია და შეიქმნა ასპარეზი, სადაც საკუთარი თავიც უნდა დაემკვიდრებინა და სიცოცხლის ჟინიც მოეკლა. ჟინი და დაუდგრომელი ხასიათი, უზარმაზარი შინაგანი ძალები და ცნობისწადილი, მეოცნებე-რომანტიკულ-რაინდული სულისკვეთება არ ასვენებს, თორემ თავის სარჩენად და სარჩოდ რომ არ სჭირდება მეკობრეობა, დღესავით ნათელია. გარდა ამისა, ქვრივიშვილი თავმომწონე კაცია და დედის ხელის შემყურე ვერ გახდება, მას სხვაგვარად ცხოვრება არ ძალუძს, უბრალოდ არ შეუძლია და საკუთარ მისწრაფებებს, მოთხოვნილებებს, ცოტა იუმორითაც კი, წმინდა გიორგის ნებად შერაცხავს. ქვრივიშვილი თავისუფალი ადამიანია − გამაოგნებლად, შესაშური სილაღით აკეთებს რაც სურს და ის, რაც სხვისთვის მხოლოდ მკრეხელობა და ღვთისმგმობელობაა, მისთვის მორიგი თავგადასავალი − გართობაა.
„ადგა ეს დედაკაცი, დააცხო ხაჭაპურები, დაკლა ქათმები და ძღვნად წაუღო იმ წმინდა გიორგის. ბიჭმა დედას გაასწრო. შევიდა სალოცავში, ჩამოაფარა ფარდა და ფეხებს აქანავებს. სად იყო, სად არა, მოვიდა დედამისიც. შეეხვეწა გიორგის:
− შენი სახელის ჭირიმე, ჩემს შვილს ყაჩაღობა მოაშლევინე, ერთი შვილი მყავს და ნუ დამიღუპავ!
− შენი შვილი ყაჩაღობაზე ამიგია და ყაჩაღობაზე უნდა გადავაგო! − უპასუხა წმინდა გიორგიმ.
დედას რაღა უნდა ექნა, ეს ძღვენი იქვე დატოვა და შინ წამოვიდა გულდაწყვეტილი. ბიჭი გამოუხტა, მოუსვა ხელი ამ სასმელ-საჭმელს და სულ ერთიანად შეჭამა. შემდეგ შინ გაიქცა და დედას კიდევ მიასწრო. დედა რომ დაბრუნდა, ჰკითხა:
− რა გითხრა იმ წმინდა გიორგიმ?
− შენი სიტყვა მართალი ყოფილა, ეგრე მითხრაო“.
ქვრივიშვილის უდარდელობა და ფეხების ქნევა ისეთი გადამდებია, გულიანად თუ გაიცინებს კაცი, აბა, რომელი ჭკუათმყოფელი განიკითხავს ბიჭს ამ თავხედობისთვის. ქვრივიშვილი ბოროტების გზაზე დამდგარი უნიჭიერესი კაცის განსახიერებაა, მაგრამ საოცარი ის არის, გული რომ არ გწყდება − ნიჭი სიკეთეს არ ხმარდებაო. ვაგლახ, დგება წამი, როდესაც დარდიმანდობას და რაინდობას ყავლი გასდის, სინამდვილე მთელი სისასტიკით აღიმართება და არჩევანის წინაშე დგები. არჩევანი კი უმძიმესია: ან, როგორც ქვრივიშვილს შეეფერება − კაცურად მოკვდე, ან მიაფურთხო ყველაფერს − ოჯახს, ნათესაობას, სიყვარულს, კაი ყმობას − ანუ ქვრივიშვილის განვლილ ცხოვრებას, პიროვნებას და კაცუნად, ქალაჩუნად, უკანასკნელ, საზიზღარ გარეწრად იქცე:
„ამის შემდეგ ამ ბიჭმა გაიამხანაგა დეიდაშვილი და ის სახელმწიფო სულ აიკლეს, სალაროები გაძარცვეს, სავაჭროები გააჩანაგეს. ყაჩაღების გზა-კვალი ვერავინ იპოვა. ბევრი ეძებეს, მცველებიც მიუჩინეს სალაროებს, მაგრამ ფული იკარგებოდა, ყაჩაღებს ვერ პოულობდნენ. ერთხელ სახელმწიფო ხაზინასთან კუპრით სავსე კასრი დადგეს, იქნებ ქურდი შიგ ჩავარდესო. იმ დღეს ქვრივიშვილმა ფულის მოსაპარავად დეიდაშვილი გაგზავნა. ის გადავიდა თუ არა, კუპრში ჩავარდა. ქვრივიშვილმა ვერა და ვერ ამოიყვანა. მოაჭრა თავი და თან წამოიღო, იქნებ ვერ იცნონო. მეორე დღეს ნახეს, რომ კაცი კი აგდია კუპრში, მაგრამ თავი არ აქვს, მოაბეს ამ კაცს თოკი და ათრევენ ქუჩაში, ვინც ტირილს დაიწყებს, პატრონი ის იქნება და დავიჭიროთო“.
ზღაპრის მთელი სიდიადე და პარადოქსულობა სწორედ აქ − „მოაჭრა თავი და თან წამოიღო“ − ამ პასაჟში მოჩანს. ქვრივიშვილი პირნათელი გამოდის ამ ლაბირინთიდან, თითქოსდა დაუჯერებელი გადაწყვეტილება ვერას აკლებს მას და ეს ამაზრზენი, შემზარავი სცენა დაცემის მაგიერ ამაღლებს, უკეთესად წარმოგვიჩენს ქვრივიშვილის პიროვნებას. ერთი მხრივ, შეიძლება ითქვას − საკუთარი დედა არ დაინდო, მასხრად აიგდო და დეიდაშვილს დაგიდევდათ?! ეს ავკაცობა და სიმხეცე უზნეობის ყველა სახეს აჭარბებს და ვხედავთ, თუ რა საშიშია, შემზარავი და მძვინვარე − განსაცდელისას ადამიანი. მაგრამ ეს ყოველივე საუცხოოდვე გვიჩვენებს, თუ როგორი გათანგული და „დაავადებული“ ყოფილა ქვრივიშვილი. ვაჟმა უყოყმანოდ, დაუხანებლად წააცალა თავი ღვიძლ, ალალ დეიდაშვილს. არც თავად ვარდება დეპრესიასა და სინანულში და არც სხვას აცლის სულიერ სიძაბუნეს. სინდისის ქენჯნა არ აწუხებს, რადგან მართლაც სჯერა, რომ სხვა გზა არ არსებობდა და მისი საქციელი სრულიადაც არ არის დამამცირებელი. სწორედ მისივე რწმენა ამართლებს ბიჭს, როგორც საკუთარ, ისე სხვის თვალში. იგი საზიზღარი და აუტანელი მაშინ იქნებოდა, სიმხდალით, ქალაჩუნობით რომ ჩაედინა ეს საზარელი დანაშაული. რა სისწრაფითაც გადადგა ეს ნაბიჯი, იმავე სისწრაფით, ჯიქურ შეუტევს დეიდაშვილის ცოლს, თან ისე, რომ გონს მოსვლასაც არ აცლის და სამომავლო გეგმებსაც სახავს:
„ქვრივიშვილმა დეიდაშვილის ცოლს უთხრა:
− ხმა არ ამოიღო, არ იტირო, თორემ გაგვიგებენ, დაგვიჭერენ და ყველა დავიღუპებითო.
პატრონი რომ ვერ იპოვეს, მკვდარი შარა-გზაზე ერთ ხეზე ჩამოკიდეს, მცველები მიუჩინეს; აქ მთელი ხალხი მიდი-მოდის, პატრონი გამოჩნდება, დაიტირებს და დავიჭერთო.
ამ ბიჭის ცოლი ძალიან ტიროდა, უნდოდა მკვდარი ქმრის დატირება, მაგრამ ქვრივიშვილი არ უშვებდა, ბოლოს, ქვრივიშვილმა რძალს გაატანა საჭმელი და ჯამ-ჭურჭელი: წაიღე, ვითომ მუშებთან მიგაქვს. როცა მკვდართან გაივლი, დალეწე და შემდეგ იტირე რამდენიც გინდა. მცველებს ეგონებათ, ჯამ-ჭურჭელს ტირისო! ქალიც ასე მოიქცა“.
რა გავლენა აქვს ქვრივიშვილს, როგორ სჯერათ მისი, როგორ ატყვევებს ირგვლივ მყოფთ და რა გადამდებად, მომნუსხველად მოქმედებს მისი ძალა და სიტყვა: ვაჟმა შეუძლებელი შეძლო, ჭირისუფალი დაადუმა და რაც მთავარია სიყვარულს, ამ ყველაზე მძაფრ, ყოვლის წამლეკავ გრძნობას მოერია და მოთოკა. არადა, დეიდაშვილის ცოლს მართლა უყვარს ქმარი. განა სხვის დასანახად, სათავისოდ უნდა იტიროს. როგორ იბრძვის ქალი, ყოვლისშემძლე ქვრივიშვილიც კი იძულებულია რაიმე მოიფიქროს, მოიმოქმედოს, რადგან საშიშია, ძალზე საშიშია შეყვარებული ცოლი:
„ქვრივიშვილმა მკვდარს საფლავი გაუმზადა, ვირს აჰკიდა სასმელ-საჭმელი, თითქოს შორეული მგზავრი იყო. საღამო ხანს მცველებთან მივიდა. სთხოვა, ღამე გამათევინეთო. მცველებმა უარი არ უთხრეს. ბიჭმა ამოალაგა სასმელ-საჭმელი და გაუმასპინძლდა. ბოლოს, ზევით აიხედა და მკვდარი დაინახა.
− ეგ რა არი?
− მკვდარია ჩამოკიდებული.
− ეგ ვირს მომპარავს, მიშველეთ!
− არა, კაცო, მკვდარი კაცია, ვირს როგორ მოგპარავს!
− ნამდვილად მომპარავს, აქ ვეღარ დავდგები.
− თუ მოგპარავს ჩვენ გიზღავთ, − უთხრეს მცველებმა.
ბიჭი ამაზე ვითომ დამშვიდდა. მცველებმა ბევრი ჭამეს, სვეს, დათვრნენ და დაიძინეს. ქვრივიშვილს რა დააძინებდა! წამოდგა, ჩამოიღო ეს მკვდარი, აჰკიდა ვირს და შინ გაუშვა. თვითონ კი მიუწვა გვერდით მცველებს და დაიძინა.
მეორე დილით პირველად მცველებმა გამოიღვიძეს. ნახეს, ვირი არა ჩანს, შექმნეს ერთი უბედურება. გააღვიძეს ქვრივიშვილი.
− მკვდარს შენი ვირი მართლა მოუპარავს და გაქცეულაო.
ქვრივიშვილმა დაიწყო თავში ცემა:
− რატომ მღუპავდით, განა არ ვიცოდი, მკვდარი ვირს მომპარავდა!
მცველებმა აუნაზღაურეს ვირის ფასი და ქვრივიშვილიც შინ დაბრუნდა. დეიდაშვილი დიდი ამბით დამარხა. დაიწყო ისევ ისე ქურდობა, ძარცვავდა სალაროებს, ვერავინ ვერაფერი გაუგო“.
ჯერ მარტო დიალოგები რად ღირს − სხარტი, მკაფიო, დამაჯერებელი და ზუსტად ზღაპარს რომ მოერგება ისეთი − ზუსტი, ლაკონიური და ტევადი. ასეთ ფრაზებზე ბევრი დიდი დრამატურგი იოცნებებდა:
კითხვა − „ეგ რა არი?“ − მეტყველებს გულუბრყვილო მგზავრის პატიოსნებაზე, რომელსაც ვერ წარმოუდგენია ცხედრის ასე საქვეყნოდ, საძრახისად ჩამოკიდება და რომელ მგზავრსაც ასე შესანიშნავად თამაშობს ქვრივიშვილი. პასუხი − „მკვდარია ჩამოკიდებული“ ხაზს უსვამს მცველთა გულქვაობას, უსულგულობას. მათთვის რაიმე წმინდა, ხელშეუხებელი არც ყოფილა და აღარც იქნება. „ეგ ვირს მომპარავს, მიშველეთ!“ − რეაქციაა პატიოსანი, ცოტა გონებაჩლუნგი, მაგრამ გლეხური სიფრთხილით გამოჯეკილი ადამიანისა, რომელსაც ჯერ თავი და თავი ახსოვს, მერმე კი დანარჩენი − მისთვის ქურდი, თუნდაც მკვდარი და ჩამოკიდებული, მაინც ქურდი და საფრთხეა.
ქვრივიშვილმა არა მარტო ცხედარი უნდა მოიპოვოს, შურიც უნდა იძიოს და საცინრადაც აიგდოს მოწინააღმდეგე. მის ფანტაზიას, მსახიობობას და ურცხვ იუმორს, − უდიდესი ხიფათის დროსაც კი, − საზღვარი არ აქვს. ბიჭი უკვე აბუჩად იგდებს სახელმწიფოს, ერთგვარი შეჯიბრება და ტურნირი-დუელი აქვთ გამართული მასა და თემიდას მსახურთ: ერთნი ხაფანგებს აგებენ, რათა როგორმე დაიჭირონ ეს მოუხელთებელი ყაჩაღი, ვაჟი კი თავის მოხერხებულობითა და გამომგონებლობით თავსლაფს ასხამს ძლიერთ ამა ქვეყნისა. გადამწყვეტი და არდასავიწყებელია ის ავბედითი საფრთხე, გამუდმებით რომ გასდევს ბიჭის ქურდობა-ყაჩაღობა-ვირეშმაკობებს. ზღაპარი კი ისე ლაღად, უშფოთველად მიედინება, გავიწყდება კიდეც რა სასჯელი ელის ქვრივიშვილს შეპყრობისას.
„ერთხელ სალაროს მცველებმა მინდორზე გაშალეს ფული და თქვეს: ვინც ფულს დასწვდება, ქურდიც ის იქნება და დავიჭიროთო. წამოვიდა ქვრივიშვილი, ფისში ჩადგა ფეხები, გაიარა ფულზე და სულ ფეხებზე აეკრა. არც დახრილა დაბლა, ისე აკრიფა ფული, ყარაულები დარჩნენ პირში ჩალაგამოვლებულები“.
აშკარა გამოწვევაზე ქვრივიშვილმა საკადრისი პასუხი გასცა − მას ხომ მხოლოდ ჟინი ამოძრავებს და ამოქმედებს. უდიდესი რისკისკენ მხოლოდ თავგადასავლების წყურვილი, აზარტი, ხიფათი, არტისტიზმი უბიძგებს. ვინ ვის! − აი, ამ ორომტრიალისა და სიგიჟის დედაარსი.
თითქოსდა ერთი დიდი სპექტაკლი თამაშდებოდეს და მაყურებელი კი მთელი დუნიაა, გულიანად რომ ხარხარებს და ერთობა; ერთობა, ამ ბიჭის ოინბაზობაზე და ხელისუფლების დოყლაპიობა-ბედოვლათობაზე.
კომიკური, თეატრალური და საყოველთაო რომ ხდება ეს ჭიდილი, შესანიშნავად დასტურდება მეზობელი ქვეყნის მეფის ასევე თეატრალიზებული რეაქციით ამ ბაკქანალიაზე:
„ამ ხელმწიფის გასაჭირი გაიგო მეზობელმა ხელმწიფემ და ჩიხტიკოპი გაუგზავნა: ყაჩაღები ვერ დაგიჭერია, დედაკაცი ხარ და დაიხურეო“.
ხელმწიფეთა სენი − ამპარტავნება უკურნებელია. სანამ მათ არ შეეხებიან, პირადად არ იწვნევენ სუსხს, ისინი ხომ ყრუნი და ბრმანი არიან − თითქოსდა საქვეყნო საქმე მათ არ ეკითხებოდათ და ვითომ ქვრივიშვილი აქამომდე არ არსებობდა:
„გაბრაზდა ხელმწიფე და გასცა ბრძანება:
− ვინ არის ქურდი, მოვიდეს, არას დავუშავებ და ფულითაც დავასაჩუქრებო!
ეს შეიტყო ქვრივიშვილმა, ადგა და უშიშრად გამოცხადდა ხელმწიფესთან:
− მე ვარ თქვენი ხაზინიდან ფულის წამღებიო!
ხელმწიფემ უთხრა:
− ოღონდ ჩემს მეზობელ ხელმწიფეს რამე მოჰპარე და ყველაფერს გაპატიებ, ბევრ საჩუქარს მოგცემ!“
ხელმწიფე ვერც კი მიხვდება, ისე აღმოჩნდება სასაცილო მდგომარეობაში; ტოლ-სწორისაგან იუკადრისა დაცინვა და მზადაა აღიაროს ქვრივიშვილთან დამარცხება, ოღონდ მეზობელი ხელმწიფის ჯავრი ამოიყაროს. ეს კი ქვრივიშვილის გამარჯვებებით ტკბობის მწვერვალია, ამ სიმაღლიდან, ქვეყნის გასაგონ-დასანახად სურს გამარჯვებულის, გმირის დაფნა-ჯილდო მიიღოს. მიიღოს აღიარება, ტაში, ოვაცია... იგი დიდი მსახიობია, უნიჭიერესი არტისტია და მისი სისუსტე სწორედ ტაშია − მაყურებლის, აუდიტორიის დაპყრობა, მონუსხვა, მოპოვება სურს. ვაჟი თავისივე მოწოდებას ეთაყვანება. და აი, შესანიშნავი, ხელსაყრელი შემთხვევა ეწვია, რათა საკუთარი სიძლიერე დაამტკიცოს. სავარაუდებელია − მეფეს პირველს რომ არ ეხმო საშველად, თავად შესთავაზებდა თავის სამსახურს. ქვრივიშვილი მეყსეულად დაჰყაბულდება, მაგრამ მაინც მწარედ გაჰკენწლავს მეფეს და აგრძნობინებს − მას იქით რომ გზა არ აქვთ:
„− რა უნდა მოვიპარო, თვითონ მას მოვიპარავ და აქ მოვიყვანო! − მიუგო ქვრივიშვილმა“.
ამაზე პირდაპირ როგორღა ეტყოდა ხელმწიფეს − ყველაფერი უკვე მოპარული მაქვს, სამასხარო გაგხადე, ერთი ცოცხალი კაცის მოპარვაღა დამრჩა, თუნდაც ხელმწიფის, და ამასაც შევწვდებიო. ვინ იცის, ქვრივიშვილმა მერამდენე გრიმი გაიკეთა, რამდენ ხანს იქექებოდა თავის უსასრულო გარდერობში. მით უმეტეს, წმინდანთა და იმქვეყნიურ ძალთა დახმარებას აროდეს უფრთხოდა და უკადრისობდა:
„შეაკერვინა ტყავის ოთხი წამოსასხამი, ყველა ბეწვზე ჟღარუნები და ეჟვნები მიაბა, გააკეთებინა ერთი საკაცე ყუთი და წამოვიდა იმ სახელმწიფოში. ღამით მივიდა ხელმწიფის კარზე, წამოიხურა ეს ტყავი და სულ ჟღრიალი გააქვს, დაუძახა ხელმწიფეს:
− მე მიქელ გაბრიელი ვარ, უფალმა გამომგზავნა, ცოცხალი უნდა წაგიყვანო, ჩქარა გამოდი!
ჩასვა ამ ყუთში ხელმწიფე, დაკეტა მაგრად და თავის ხელმწიფეს მიართვა. გახსნეს ყუთი და შეშინებული ხელმწიფე კი ამოიყვანეს! მიუტანეს ჩიხტიკოპი და თავს დაახურეს.
− მე თუ ქურდი ფულს მპარავდა, შენ თვითონ მოგიპარა, დედაკაცი შენა ყოფილხარ! − უთხრა ხელმწიფემ.
ის ხელმწიფე ჯავრით მოკვდა. ქვრივიშვილმა დიდი საჩუქარი მიიღო, დაანება ყაჩაღობას თავი, შეირთო ცოლი და ხელმწიფეს კარისკაცად დაუდგა“.
„ქვრივიშვილმა დიდი საჩუქარი მიიღო“, − ქვეყანამ გაიცნო, სახელი მოიხვეჭა და რაც მთავარია, აღიარება მოიპოვა. ქვრივიშვილმა, როგორც დიდმა ოსტატმა, იცის როდის უნდა წავიდეს. გამარჯვებულმა მოულოდნელი, ამასთან, დროული ნაბიჯი გადადგა და უფრო განსაცვიფრებელი გახდა, რადგან მასზე ძლიერ პიროვნებებსაც უჭირთ, არ შეუძლიათ იგრძნონ და საკუთარ თავს უთხრან, რომ დროა წასვლისა. ამ რომანტიკულმა, ჰეროიზმით სავსე, აზარტულმა ადამიანმა კი გასაოცარი ძალა, ის უნარი, თვისება გამიჩინა ამ ყაიდის ადამიანებს − მეოცნებეებს − როგორც წესი, რომ არ აქვთ ხოლმე. ქვრივიშვილმა თავი დაგვიკრა და ღირსეულად დატოვა სცენა.
ქვრივიშვილს, მონადირის შვილს და ჩაქუჩას რაც განასხვავებთ, ის აერთიანებთ. თუ ქვრივიშვილისათვის სიხარბე უცხოა, მონადირის შვილისა და ჩაქუჩას გარდასახვა-არტისტიზმი, − რა თქმა უნდა, მეტნაკლებად, − სამისთვის აუცილებლობა გამხდარა: ერთს ძალა-უფლება − პატივ-დიდება იზიდავს; მეორეს სტომაქის ამოყორვა სურს; ვიღაცას თვალები ებნიდება, როცა ტაში ესმის, ყურადღების ცენტრშია და მთელი ქვეყანა მასზე ლაპარაკობს. ისინი მაინც ერთი ბეჭდით დადაღულ-შეპყრობილნი არიან. არცერთს არ უკვირს უჩვეულო თავგადასავლები, და მეტიც − ისე ხვდებიან ყოველივეს, თითქოს ასეც უნდა იყოს. სრულიად განსხვავებული გრძნობები ამოძრავებთ, შორს დგანან პიროვნული ღირსებებით ერთმანეთისაგან, მაგრამ საზიარო თვისებებიც აქვთ − სიცოცხლის წყურვილით, ახალი სამყაროს შექმნით, სიახლის განცდით არიან „დაავადებულნი“. და მეობიდან, შესაძლებლობებიდან გამომდინარე ცოცხლობენ, იბრძვიან − საკუთარ „მე“-ს, პიროვნებას, ინდივიდს ძერწავენ. თითოეულმა მათგანმა აირჩია და თავად გაიკაფა მომავალი; მონადირის შვილს მეყსეულად, ირმის მოკვლისას დაუდგა არჩევანი; ჩაქუჩა დიდხანს მერყეობდა და პირველი ნატვრიდან − მზეთუნახავის ხელში ჩაგდებამდე მიიზლაზნებოდა და მწიფდებოდა საბოლოო გადაწყვეტილება; ქვრივიშვილს კი დედის მუცლიდან დაჰყვა მისი ბედისწერა − სწორედ ამიტომაცაა დეიდაშვილის უსულგულო მოკვდინებისას წამითაც რომ არ შეყოყმანდება − დიდი ხნის უწინ შემდგარა არჩევანი. სამივე გმირს „ქატო იქა“ გადაუქცევია დევიზად და „ფქვილი აქა“-თი ანაცვლებენ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ერთმანეთისგან განსხვავებულად, სხვადასხვა მოსაზრება-მიზნებით, მაგრამ, მაინც − სამივეს „ქატო იქა, ფქვილი აქა“ ესახება სიცოცხლის საზრისად და ცხოვრების შინაარსად. ქართული ხალხური ზღაპრებიც სწორედ ამაზე − სიცოცხლეზე, არჩევანზე, ფათერაკებზე, თავგადასავლებზე მოგვითხრობენ და საკვირველი სიმართლით, სიზუსტით, ადამიანურობით ასახავენ წუთისოფელს.