13 მაის 2025

ავტორი: გია არგანაშვილი

პოეტი სოსო მეშველიანი

 

                      შენ სასტუმროში ათევ ღამეს

                      მეღია ცისქვეშ

                       რა თავი მოგაქვს ხუთი ვარსკვლავით

                         სოსო მეშველიანი

 

უცებ აღმოაჩენ და გგონია, რომ ბედისწერა დაგცინის. აბა, როგორ უნდა გაიგო: ხან წარმართულ რიტუალს ესწრები, ხან ტრანსების ზეიმს, ხან ხარაჩოზე დგახარ, ხან სცენაზე, ხან ღია ცისქვეშ ათევ ღამეს, ხან ხუთვარსკვლავიან სატუმროში, ხან კამერის კედლებს ათვალიერებ, ხანაც სალვადორ დალის მუზეუმს...“

ესაღმოჩენა თავად სოსო მეშველიანს ეკუთვნის და იმდენად კარგად ახასიათებს საკუთარი ცხოვრების წესს, რომ გადავწყვიტე მისი შემოქმედებითი პორტრეტის წერა სწორედ ამ დაკვირვებით დამეწყო.

ამგვარი ცხოვრება (როგორსაც პოეტი გვიხატავს), შორიდან რომ ცოტა მრავალფეროვანი და ოდნავ რომანტიკულიც მოჩანს, ახლოდან გაძაღლებულ ყოფას უფრო ჰგავს. მართალია, ის საუკეთესო ნიადაგს ქმნის შემოქმედებითი მუშაობისთვის, მაგრამ სულხან-საბას ერთი იგავის პერსონაჟის თქმისა არ იყოს, ღმერთი დიდად მოწყალეა, მაგრამ ვიდრე კაცს სისხლს არ დაანთხევინებს, არას მისცემო!

მიუხედავად ამისა, არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როდესაც მწერლები, პოეტები (განსაკუთრებით პოეტები) ხელოვნურად ცდილობენ ამგვარი ბიოგრაფიის შექმნას, რათა განცდებით დაიტვირთონ, შთაბეჭდილებებით გამდიდრდნენ და წარმოსახვითი სამყაროს იმგვარისინამდვილეშექმნან, რომელიც გამოგონილსაც რეალურ ცხოვრებას დაამსგავსებს.

ამისთვის მიდიან ისინი შორეულ მოგზაურობებში, არ ერიდებიან სახიფათო სიტუაციებს, სჩადიანდანაშაულს“, თუმცა სულ სხვაა, როდესაც წინასწარ დაწერილ სცენარში მონაწილეობ და სხვა არის ბავშვობაში ცხენისწყალში ფეხი რომ დაგიცდება და მორევში ჩავარდები. შემთხვევით გადაგარჩენენ და მერე მთელი ცხოვრება ცხენისწალივით აღელვებული ცხოვრების მდინარე ლოდებზე გახეთქებს, ათას ნაპირზე მაინც მიგაგდებს, რომ სადმე გამოგრიყოს.

შესაძლოა, სწორედ ესაა შემოქმედისთვის ბედისწერის საჩუქარი, როდესაც ასეთი საინტერესო თავგადასავლები, ისედაც ამღვრეული ცხოვრების პირობებში, ღირებულებათა მკვეთრი ცვლილებებისა და კულტურათა დაპირისპირების ფონზე, სხვადასხვა გეოგრაფიულ გარემოში იწერება.

სოსო მეშველიანს ამ მხრივაცგაუმართლა“. სვანეთიდან ისარატურისტული საჰაერო რეისითპირდაპირ ესპანეთში აღმოჩნდა . უფრო მეტიც (ამის შესახებ თვითონაც წერს), სვან მეჯოგეთა საზაფხულო ქოხიდან უცებ ბილბაოს ქუჩებში ამოყო თავი.

ბუნებრივია, ეს იყო რადიკალურად განსხვავებულ გარემოსა და კულტურასთან შეხება, უფრო კი შეჯახება (ურთიერთსაწინააღმდეგო ელექტრონული მუხტების ამგვარი შეჯახება ბუნებაში დიდ ნათებას იწვევს) მის ცნობიერებაში. საქართველოს ერთ-ერთი საინტერესო კუთხის (სვანეთის) თვითმყოფადი წეს-ჩვეულებები და მთლიანად ქართული კულტურა უცხო ესთეტიკას დაუპირისპირდა. შესაბამისად, მის შემოქმედებაში ერთმანეთს შეერია ქართულ-ესპანური (უფრო დაბალ დონეზე, სვანურ-ბასკური) დინებები.

ზოგადად, ამგვარი პროცესების (კულტურათა დაპირისპირება) გათვალისწინება ადრევე იყო შესაძლებელი. შესაძლებელი იყო გვევარაუდა, რომ ქართული (პოსტსაბჭოური) კულტურა აუცილებლად შეეჯახებოდა დასავლურ კულტურას და თუ ამ შეჯახებას წინა ხაზზე მგრძნობიარე გონება და შემოქმედებით ნიჭი დახვდებოდა, ის აუცილებლად აირეკლავდა ამ დაპირისპირების შედეგს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო გეოგრაფიულად ხეობების ქვეყანაა. ამ თუ სხვა მიზეზის გამო ჩვენი აზროვნებისთვისაც დამახასიათებელია ფილოსოფიურ-მისტიკური სიღრმის ძიება. თუმცა, ამგვარ ძალისხმევას მაშინ ეძლევა აზრი, როდესაც ჩვენი ეს ღირებულებები სივრცით განზომილებაში გადაგვაქვს, როდესაც ზეგანზე გამოვდივართ და ხეობის მოსაწყენ ერთფეროვნებას სხვადასხვა შთაბეჭდილებით ვამდიდრებთ.

სოსო მეშველიანის შემოქმედებაში სწორედ ეს მასშტაბური ხედვაა შესამჩნევი.

დღემდე მის შემოქმედებაზე არაერთი საინტერესო წერილია დაწერილი. უკვე შენიშნულია, რომმისთვის პოეზია სამყაროსთან ურთიერთობის ერთადერთი მისაღები ფორმაა (გიორგი ლობჟანიძე), რომ მის ლექსებშიახალ სიცოცხლეს იძენენ მთები, ყვავილები, მდინარეები... თვით გაცვეთილი მთვარეც კი განახლდება და გრძნობებით ივსება“ (მაია ჯალიაშილი) და ის, რომ მისილექსები თემებისა და მოტივების მხრივ, შეიძლება პირობითად, ორევროპულ და სვანურ წყებად გაიყოს“ (ნინო დარბაისელიმუღმურულას სურნელი“).

მე კი დავამატებ, რომ სოსო მეშველიანის შემოქმედებაში ეს დინებები ძალდაუტანებლად ერწყმის ერთმანეთს და მათ შორის რაიმე შეუთავსებლობაზე ლაპარაკი სრულიად უსაფუძვლოა..

ზოგადად კი, სოსო მეშველიანის პოეზიის ორიოდე სიტყვით დახასიათება რომ ვინმემ მოიწადინოს (ის, რაც მის შემოქმედებას ლოგოდ (დევიზადაც) გამოადგება), საგანთა იმ უცნაური თავსებადობის გათვალისწინებით, რასაც მკითხველი მის ლექსებში უმალ შენიშნავს, მე გაბრიელ ჯაბუშანურის ლექსის ერთ სტრიქონს შევთავაზებდი, რომელიც საუკეთესოდ აჩვენებს პოეტის უნარს, თუ როგორ შეიძლება უკიდურესად დაშორებული ღირებულებების ერთ კონტექსტში გააზრება.

აი, ეს სტრიქონიც: ნახირში ვარ და ვკითხულობ ბოდლერს“.

თავის დროზე (ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა წლებში), ნიჭიერმა ავტორმა, გაბრიელ ჯაბუშანურმა ამ სიტყვებით, „ბოროტების ყვავილებისავტორი და ზოგადად, ევროპული პოეზია ჩვენს პატრიარქალური ყოფასჩვენი მთის პოეზიას დააკავშირა. ამავე დროს მან განსაზღვრა ქართული პოეზიის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება (რომელსაც თვითონვე წარმოადგენდა) და მისი მხატვრული კრედო.

ვფიქრობ, ამ აზრის თვალსაჩინო გამოხატულებად მკითხველს სოსო მეშველიანის ეს ლექსიც გამოადგება:

 

ადაჟიო

სანამ კაკლის გაბერილი კვირტები გასკდებიან,

სანამ ლოკოკინა გადაბობღდება

ახავსებულ მესერზე

მორიგეობით ახამხამე თვალები,

რომ რამე არ გამოგრჩეს.

სანამ ქათმები გადაქექავენ ბოსტანში ნაკელს

და ჯერაც ხარის ნაკვალევში

წვიმის წყალი დგას

იდექი ასე,

როგორც მუნკი, მუნკის ტილოზე

უაზრო გამომეტყველებით,

თითქოს ვერ ხვდები;

ვერ ხვდები იმას

რომ ისედაც არ გინდა მიხვდე.

რა უბრალოაცა მწყუროდა, მიწა მშიოდა“...

ისიც, რომ თურმე შენზე უკეთ ესმოდა რიხტერს,

ფუტკრის ზუზუნი რომელიმე ადაჟიოდან.

 

ხარაბუზების ხშულ-მსკდომი და ბლაგვი ბგერები,

ხოლო ხვთის სიტყვა ორლესულზე მკვეთი და ბასრი“,

ვინ დამაჯერებს, ჩემზე უკეთ ნუთუ მათ ესმით...

გასწორდა წელში, დაიკვნესა და მიწით დასვრილ

კალთებს იფერთხავს დედაჩემი,

ახლად დათესილ

ბოსტანში მდგარი.

 

ამ ლექსში საგანთა სივრცითი და ღირებულებათა კოორდინატები ისეა ერთმანეთს დაშორებული, რომ შესაძლოა ავტორის (მკითხველის) უაზრო გამომეტყველებას სწორედ ეს განსხვავება იწვევდეს. ერთი მხრივ, მუსიკალური ნაწარმოების მშვიდი, ნელი ტემპი (ადაჟიო) (რომელიც სვიატოსლავ რიხტერის სახელს და ფუტკრის ზუზუნს უკავშირდება), ხოლო, მეორე მხრივ, ედვარდ მუნკის მხატვრული ტილო და ბოსტანში ნაკელის ქექვით გართულ ქათმები თუ ხარის ნაკვალევში ჩამდგარი წყლი...

მთავარია, რომ ეს ყველაფერი ერთ ფერწერულ ტილოზე ეტევა დაჩარჩოდანარ გადის. უფრო მეტიც მკითხველს ეჭვიც არ ეპარება, რომ ისინი უხილავი (ნახირისა და ბოდლერის კავშირი) შინაგანი კავშირით არიან შეერთებულნი.

და უცებ, „ცა მწყუროდა, მიწა მშიოდა“. აქ დამატებით არაფრის ცოდნა არაა საჭირო, რადგან აშკარაა, რომ რაღაც ზღაპრულ-გოლიათურმა წყურვილ-შიმშილის გრძნობამ საკუთარ ჩრდილში მოაქცია მთელი ეს სამყარო .

არ დაგვავიწყდეს, რომკადრს გარეთარის კიდევ ერთი ხედვის წერტილი, სადაც კაკლის დაბერილი კვირტები სკდებიან და ლოკოკინა მესერზე გადმოსვლას ლამობს...

ლექსის (პირობითად) მეორე ნაწილში კიკამერა“ (თვალების ხამხამით) უფრო მეტად იხსნება, ხედვის კუთხე ფართოვდება და კადრში (შორი ხედი) „შემოდისხარაბუზა, ისმის მისიხშულ-მსკდომი და ბლაგვი ბგერებიდა იქვე (რატომღაც) ჩნდება დედის პორტრეტი, რომელიც ახლად დათესილ ბოსტანში (დათესილი ბოსტანი აჩენს მოლოდინის განცდას) წელში იმართება და მიწით დასვრილ კალთებს იბერტყავს (მიწას მიწას უბრუნებს).

ავტორი კი თითქოს გამოერკვაო, უმანძილოდ სცილდება ამ დინამიკურ კადრს და მის (ასევე მკითხველის) აღქმაშიმთელ ეკრანზემორბენალი სტრიქონივით გაირბენს ბიბლიური ტექსტი: − ხოლო ღვთის სიტყვა ორლესულზე მკვეთი და ბასრი“, რომელიც მთელი ამ ამბის (სიუჟეტის) დედააზრს ავლენს და ღირებულებათა სისტემაში შედარებითი (ღვთის სიტყვა და დედის კვნესა) ანალიზის საშუალებას იძლევა...

მკითხველს, რა თქმა უნდა, უფლება აქვს ტექსტიდან უფრო შორსაც გავიდეს და ისტორიულშედარებითი მეთოდის გამოყენებით ქართულ კლასიკურ პოეზიასთან დამაკავშირებელი ხაზები მოძებნოს.

დიდია ცდუნება, რომ ამ თემაზე სოსო მეშველიანის კიდევ რამდენიმე სხვა ლექსი გავიხსენოთ იმის სასტრაციოდ, რომ პოეტი ჩვეულებრივ ყოფით სიტუაციებში, მოსაწყენად ჩვეულებრივ სურათებს, თვით უმნიშვნელო დეტალებსაც კი განსხვავებული კუთხით, დიდი მასშტაბით, მთელ სამყაროსთან კავშირში ხედავს და მკითხველის წარმოსახვასაც არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებებით ამდიდრებს.

 

***

სოსო მეშველიანის პოეზიაზე საუბრის დროს გაკვრით მაინც რომ შევხებოდი ჩვენს დღევანდელ ლიტერატურულ პროცესებს (რომელშიც ავტორის შემოქმედებაც მოიაზრება), მაინც ძალზე შორიდან მომიხდებოდა დაწყება. დაახლოებით იქიდან, სადაც საბჭოთა კულტურა მთავრდება და გზას ეროვნულ კულტურას უთმობს. თუმცა აქვე ვთქვათ, რომ საბჭოთა საქართველოს კულტურა შესაძლოა არც არასოდეს არსებობდა. თუ მაინცდამაინც საბჭოთა სინამდვილეზე ვისაუბრებთ, მაშინ ისიც ვთქვათ, რომ ეს იყო დიდი და მძიმე ლოდი, რომლის ქვეშაც ბალახივით იზრდებოდა ნაციონალური თვითშეგნება და ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებით ჩვენ მხოლოდ ლოდი გადავაგორეთ და წლების განმავლობაში დათრგუნულ და ფერდაკარგულ ეროვნულ კულტურას წელში გამართვის საშუალება მივეცით.

სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა სოსო მეშველიანის ლიტერატურული თაობის (1990−იანელთა) შემოსვლა სარბიელზე. შემოქმედთა ეს ნაკადი საბჭოთა საქართველოს ნანგრევებიდანსიცივიდან, სიბნელიდან (პირდაპირი გაგებით), პურის რიგებიდან და გაჭირვებიდან ამოიზარდა. მათში მეტი იყო გაღიზიანება, ეპატაჟი და გადარჩენის ინსტინქტი. ამან გარკვეულად განსაზღვრა მათი შემოქმედებითი მიმართულება და ლიტერატურის ხასიათი. ყოველივე ამან კი თავისი კვალი დღევანდელ ქართულ კულტურას უთუოდ დაამჩნია.

გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო (ამ მიზეზებზე მე ზემოთ ვისაუბრე) სოსო მეშველიანი ამ ტალღას ცდა (ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ლიტერატურული თაობის ზოგიერთ არსებით ნიშანს მისი შემოქმედება არ ატარებს). თუმცა ვფიქრობ, მოვლენების შუაგულშიც რომ ეცხოვრა, ის მაინც წმინდა პოეზიის ერთგული დარჩებოდა, რადგან მისი არჩევანი ქართული პოეზიის მაგისტრალური ხაზის სასარგებლოდ, არა თეორიული, გაცნობიერებული განსჯის შედეგი, არამედ უფრო ბუნებითი მიდრეკილებაა და საფუძვლად ქართული კლასიკური პოეზიის მასშტაბური ხედვის უნარი უდევს.

როდესაც ქართული პოეზიის მაგისტრალურ ხაზზე ვლაპარაკობ, აქ მხოლოდ ქართული პოეზიის განვლილ გზას, ტრადიციულ გამოცდილებას არ ვგულისხმობ, რადგან გზა შესაძლოა გამრუდებული, ხოლო ტრადიცია უსარგებლო და ნეგატიურიც იყოს. მაგისტრალური ხაზი კი ის კალაპოტია, სადაც ქართული აზროვნება და მხატვრული სიტყვა თვითდინებით (აქ არ ვგულისხმობ ინერციას) იკვლევს გზას და ეროვნული იდენტობის ზუსტ და მკაფიო ნაკვალევს ტოვებს.

ამ მიმართულებით სოსო მეშველიანს პოეზიაში თავისი გზა და ბილიკი აქვს. ოღონდაც ეს გზა სადმე გაუვალ და უდაბურ ადგილას კი არ გადის, არამედ აქვე, ყველაზე გადატვირთულ სივრცეში... ისეთი გრძნობაა, რომ ჩვენს პოეტურ სამყაროში, რომელიც ჩვენ მჭიდროდ დასახლებული გვეგონა, თურმე საკმაო ხალვათობა ყოფილა და მანაც (პოეტმა) უცერემონიოდ მიწი-მოწია ზოგი ძველი, ზოგიც თანამედროვე კალმოსანი და წინ საკმაოდ ფართო გზა დაიგდო სავალად.

 

***

წერილის დასაწყისში ვახსენე, რომ სოსო მეშველიანის შემოქმედებაში ევროპული და ქართული (სვანური) თემატური მიმართულებები გამოიყოფა. ეს უკანასკნელი კი მეტწილად პოეტის ბავშვობაში განცდილ შთაბეჭდილებებს ეხება, რომელიც, ბუნებრივია, უშუალოდ სვანეთთან არის დაკავშირებული. აქ მინდა სანიმუშოდ ერთი ასეთი ლექსი მოვიტანო და (მკითხველთან ერთად) მასში კონკრეტული გარემოს (სოფლის ან კუთხის) ამოცნობა ვცადო.

ყველაზე ჩუმი ლექსი

ხშირად ვიგონებ (თუ იქ, არა ვარ)

სთვლისას და ბინდში ჭრაქების პარპალს,

ღამის მეხრეთა უხმო ქარავანს

და ზვინს, რომელიც წვიმაში დალპა.

 

მიკვირს, აქამდე როგორ გავძელი,

ასე მშვიდად და უფათერაკოდ.

ჯანდაბას ყველა ნაჯღაბნ-ნაწერი

და შენც გამცემო, ლექსო, ვერაგო.

მინდა პერანგის ფართოდ გაწელილ

უბეში, მწიფე მსხლები მელაგოს.

 

თუნდაც ბზიკები მკბენდნენ მუცელზე,

თუნდ ძლივს გავასწრო მეზობლის ნაგაზს,

სადღაც კუნტრუშობს ჩემი ბავშვობა,

ბოჩოლასავით მომწყდარი ბაგას.

როგორ დავშორდი, როგორ დამშორდა,

ჩემი ბავშვობა,

ჩემი ბავშვობა.

 

ხშირად ვიგონებ (თუ იქ, არა ვარ)

სთვლისას და ბინდში ჭრაქების პარპალს,

ღამის მეხრეთა უხმო ქარავანს

და ზვინს, რომელიც წვიმაში დალპა.

 

ამ ლექსში არც ტოპონიმები ჩანს, არც ადამიანთა სახელები ისმის და არც რაიმე ისტორიას ვეცნობით. ავტორი არ ცდილობს, რომ ზოგადი სახეების მიღმა კონკრეტული გარემო შევიცნოთ. ფაქტობრივად, ეს ლექსი უმისამართოა (კიდევ მრავალი ლექსის მოტანა შეიძლება ამის დასადასტურებლად). პოეტი იხსენებს თავის ბავშვობას, სოფელს, ჭრაქების სინათლეს, ღამის ქარავანს, მეხრეობას, წვიმაში დამპალ თივის ზვინს, უბეში ჩაყრილ მწიფე მსხლებს, ბზიკებს, მეზობლის ნაგაზს...მაგრამ ეს სოფელი ნამდვილად არ არის ნანარი (პოეტის მშობლიური სოფელი), არც სვანეთია. ასეთი სოფელი დედამიწის ყველა კუთხეში და ყველა ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს. ყველგან, სადაც პოეტებს ჩვენი ავტორივით ენატრებათ საკუთარი ბავშვობა.

აქვე მოვიტან მსგავსი თემატიკის კიდევ ერთ ლექსს, ამჯერად უკვე ევროპული ციკლიდან, რათა შედარებითი ანალიზის საფუძველზე , მკითხველმა თვითონ შენიშნოს ის განსხვავება, რომელიც ამ ორ ციკლს შორის არსებობს (უნდა არსებობდეს):

 

ევროპული სოფელი

აქ ახლოს, ერთი მყუდრო სოფელია,

სპორტ-კლუბით, ერთადერთი შუქნიშანით

და ბანკის პატარა ფილიალით.

მე კი. თვითმარქვია შოპენი ვარ,

დავდივარ პიჯაკით და მუქი შარვლით

ღამე კი ისეთი თბილი არი.....

ახლა ერთი კათხა ლუდი მინდა

და ცოტა გართობა, ბილიარდით.

 

მე ხომ, თვითმარქვია შოპენი ვარ.

(ვარ და, ამ აბსურდულ თამაშშიაც

მთელი ბავშვობა მაქვს წაგებული)

ახლა გამოვდივარ ოპერიდან,

მინდვრიდან, ყურთასმენა წაღებული.

ურიცხვი ტენორი ჭრიჭინები,

მღერიან იმას რაც მე მომპარეს.

ხმა მიყვარს ამდენი ნიჭიერი,

ერთ წუთში გაჩენილი მეგობარის.

 

უკვე არ მაწუხებს მარტოობაც,

(ყველა ხმას რა თქმა უნდა არ მოვუსმენ)

ცხოვრება ემსგავსება განტოლებას,

რთულსა და ბოლომდე ამოუხსნელს.

 

ჰაერი ბგერების ბუსუსებით,

სულივით სუფთა და ჟღერადია.

ცაზე ვარსკვლავები ფუსფუსობენ

და მჩხვლეტენ. რომ დავდუმდე ჯერ ადრეა.

 

განწყობა ამ ლექსში (წინა ლექსთან შედარებით) აშკარად განსხვავებულია (პოეტი არ მალავს, რომ ამ სოფელში ის უცხოა, სტუმარია). აქ თითქოს უფრო მეტი კონკრეტულობაა. თუმცა არც ესა საკმარისი, რომ გარემო ვიცნოთ. მიუხედავად იმისა, რომ გამოჩნდა სპორტული კლუბი, ბანკის ფილიალი, ერთადერთი შუქნიშანი, საბილიარდოდა ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ პოეტს თავისი იმჟამინდელი განწყობა ზუსტად გადმოეცა

მინდვრები, ჭრიჭინები და ვარსკვლავები კი აქაც ისეთივეა (შესაბამისი დატვირთვით), როგორიც სვანური ციკლის ლექსებში.

ზოგჯერ ესპანური ლექსების ციკლში ჩნდება რამდენიმე ტოპონიმი, გარემოსა და ყოფისთვის დამახასიათებელი სახელი ან ტერმინი, რომელთაც ტექსტში გარკვეული ხასიათი და ესთეტიკა შემოაქვს. ისევე როგორც სვანურ ციკლში, შეიძლება წააწყდეთ სიტყვას (ან სიტყვათა ჯგუფს), რომელიც ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციის გადმოსაცემადაა საჭირო, ან რაიმე საგნის, ადგილის მნიშვნელობას აღწერს, ან წეს-ჩვეულებას აღნიშნავს (ან პოეტის ნაწარმოებების კრებულების სათაურს). უმეტეს შემთხვევაში კი, ის დეკორატიული დეტალის როლს თამაშობს და ზედმეტ ახსნას არ მოითხოვს.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სოფელი (სულ ერთია ის ქართული იქნება თუ ევროპული) სოსო მეშველიანის პოეზიაში მაინც პირობითი დასახლებაა, სადაც კონკრეტული შინაარსით დატვირთული სხვადასხვა დანიშნულების არსებითი საგნები მთვარე (სოსო მეშველიანის პოეზიაში ის შეიძლება მწვანეც იყოს), მიწა, ვარსკვლავები, ციცინათელები, პეპლები, ღამე, ლოკოკინა, ასკილი, ლენცოფა და მრავალი სხვა) ბგერებივით ენაცვლებიან მხატვრულ ტექსტში ერთმანეთს და ახალ-ახალი ინფორმაცია მოაქვთ.

ისიც ვთქვათ, რომ ეს საგნები სოსო მეშველიანის პოეზიის ანაბანაა. მათი დახმარებით ავტორი ნებისმიერი გრძნობის გამოხატვას ახერხებს, რადგან თითოეული მათგანი მის შემოქმედებაში არა მხოლოდ სიტყვა, არამედ მრავალფუნქციური საინფორმაციო ბლოკია, რომელსაც ავტორი ყოველთვის ზუსტად და დანიშნულებისამებრ იყენებს.

 

***

სოსო მეშველიანი საკუთარ თავს სიტყვას შეფარებულ პოეტს უწოდებს („ძალიან ხშირად მე საქართველოს გარეთ მიწევს ყოფნა და ეს იყო ერთგვარი თავშესაფარი ჩემთვის. მე შევეფარე სიტყვას, რომ მთლად არ დავკარგულიყავი…“). ემიგრაციაში მშობლიური ენის მიმართ მართლაც განსაკუთრებული დამოკიდებულება ყალიბდება. სამშობლოს მოწყვეტილი ადამიანისთვის მშობლიური ენა იმ სადღესასწაულო ტანსაცმელს ჰგავს, რომელსაც ყოველდღიურად წმენდს, ანიავებს და დიდი სიხარულით ელოდება იმ დღეს, როდესაც მისი გამოყენების საშუალება მიეცემა.

ბუნებრივია, ვისთვისაც ეს განცდა უცხო არ არის, ის მშობლიურ ენას მხოლოდ სარგებლობის კუთხით არ უყურებს, არამედ უფრთხილდება და მომჭირნედ იყენებს მას (ეს უკანასკნელი შენიშვნა უშუალოდ პროზაიკოსებს და პოეტებს ეხებათ). ქართულ მწერლობაში ლაკონიზმისა და ენისადმი ყაირათიანი დამოკიდებულების სულ რამდენიმე ბედნიერი შემთხვევა გვაქვს და ერთ-ერთი მათგანი ნამდვილად სოსო მეშველიანია.

საერთოდ კი, სოსო მეშველიანის პოეზიას აშკარად ეტყობა ბუნებასთან სიახლოვის (არა მხოლოდ თემატური) კვალი. მისი ლექსების წაკითხვის შემდეგ მკითხველს არ რჩება თანამედროვე პოეზიისთვის დამახასიათებელი დაუსრულებლობის, ფრაგმენტულობის განცდა (აქ, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმ შემთხვევას, როდესაც დაუსრულებლობა მხატვრულ ხერხად (ნონ-ფინიტო) აღიქმება). მის პოეზიაში პროცესი (ამბავი) ყოველთვის დასრულებული და შედეგიც ხელშესახებია. ეს კარგადიკითხებათითოეული ტექსტის (ლექსის) კომპოზიციურ არქიტექტურაში. ხელოვნებაში კი ამგვარი სრულყოფილების განცდა მხოლოდ ბუნებასთან სიახლოვეს და სამეურნეო საქმის კარგა ცოდნას შეუძლია მოიტანოს.

ამ გაგებით ის არ არის მეამბოხე შემოქმედი. მისი სამყარო მყარად იცავს წონასწორობას. აქ ღმერთიც თავის ადგილზეა და პოეტი ყოველ სიტყვაში ამჟღავნებს, რომ მისი ქება სწორედ ამგვარ წესრიგსა და ჰარმონიას ეკუთვნის.

 

***

ამ წერილში სოსო მეშველიანის შემოქმედების ყველა თემას ვერ შევეხებით. თუმცა შეუძლებელია დედისა და მამის სახე გამოგვრჩეს. თითოეულ მათგანისთვის პოეტს რამდენიმე ლექსი აქვს მიძღვნილი. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს ორი სახე, როგორც სამყაროს ორი პოლუსი, სოსო მეშველიანის შემოქმედების ძირითადი საყრდენი წერტილებია.

დედა ამ წუთისოფლის ხატია. მის სახეში ჩანს ტრადიცია, რიტუალი და ერთგვარი მისტიკურობის განცდა.

 

წერილი დედისგან

მწერს წვიმსო, ისე მწერს ისე წვიმსო

წმინდა წყლის მუსიკა იგულისხმა,

როგორც კი გადაიღებს სველ ტყეებში

აქა-იქ ისმისო გუგულის ხმა.

 

მწერს-სარზე ხვიარა ლობიოსი

ნემსიყლაპია ზის, გამჭვირვალე

ფრთებს აფართხუნებს და მზის ჩასვლისას

ბზინავენ ფოთლები ნაწვიმარი.

 

დარბიან ყვითელი წიწილები

ეზოში, წითელ კრუხს დაყვებიან,

ზოგჯერ შენი ლექსიც მესიზმრება

ქოხმახი, ნისლები, არყებიან-

ფიჭვიან-თხმელიანი ტევრები და

ანკარა ქაფიანი ნაკადული.

ნუ დარდობ, ჯერ ისევ შემიძლია

სახლსაც და ეზოსაც კარგად ვუვლი.

 

ამ ლექსში იკვეთება დედის სახე, უფრო კი დედა-შვილის ურთიერთობა, რომელიც ტრადიციულიც არის და ახლებურიც. ტრადიციულია დიდ ქალაქში წასული შვილისა და სოფელშიადგილის დედადდატოვებული მშობლის სევდა. დედა კერას არ აქრობს და მეურნეობას უძღვება (ცდილობს შვილიც გაამხნეოს). შვილის დარდი კი სრულიად უნუგეშოა, რადგან უკან დასაბრუნებლად ის დღეებს არ ითვლის. უკვე შეგუებულია იმ მდგომარეობას, რომ დედის სიცოცხლით მთავრდება სოფლის ცხოვრება. უკეთეს შემთხვევაში, შვილი მხოლოდ სააგარაკოდ თუ მიაკითხავს მამაპაპისეულ კარ-მიდამოს. ამიტომ მშობლები (აქ, დედა) მარადიული ცხოვრებისთვის (შრომისთვის) არიან განწირულნი.

ქართული სოფლის თემა თითქმის საუკუნენახევარია მოსდევს ჩვენს პოეზიას. მას შემდეგ, რაც ასე აქტიურად დაიწყო ჩვენში მიგრაციული პროცესები, დამოკიდებულებაც მის მიმართ ჩვენს ლიტერატურაში თითქმის არ შეცვლილა. პროცესი თავისთავად მტკივნეულია, მაგრამ სურათს ერთიორად ამძაფრებს სოფელში მარტო დარჩენილი დედის სახე. ასევე შვილის არანაკლებ გაუსაძლისი მდგომარეობა, რასაც მისი მშობლებსა (წარსულსა) და შვილებს (მომავალი) შორის, გამყოფ მიჯნაზე დგომა და წონასწორობის შენარჩუნება იწვევს.

შესაძლოა, მომავალში სწორედ სოსო მეშველიანის პოეზიამ უნდა მოგვცეს იმის გამბედაობა, რომ ამ პროცესის დასრულება დავინახოთ და ვთქვათ, ქართული სოფლების მტკივნეული დაცლის პროცესი (რომელიც გარდაუვალი იყო) დასრულდა. მართალია, წყაროს წყლისა და ნატურალური პროდუქტის ნოსტალგია კვლავაც იარსებებს, ოღონდ უფრო დიდი მასშტაბით, თანამედროვე მსოფლიო პროცესები სრულიად ახალ სინამდვილეს გვთავაზობს და სოსო მეშველიანიც, ერთი მხრივ, თუ დაასრულებს ამ საუკუნენახვრიან ტკივილს, მეორე მხრივ, გზას გაუხსნის უფრო მასშტაბურ კონფლიქტს (არ მინდა კონფლიქტში მკითხველმა მხოლოდ დაპირისპირება დაინახოს), რომელსაც, ზოგადად, გლობალიზაციის პროცესი და ქართული კულტურის მსოფლიო კულტურასთან შეხება გამოწვევს.

როგორც ვთქვი, სოსო მეშველიანის პოეზიაში მამასაც არაერთი ლექსი ეძღვნება. მისი სახე ადვილად ზოგადდება და მკითხველს დროთა კავშირის აუცილებლობაზე მიანიშნებს, რადგან მამა მხოლოდ წარსულშია და მის სახეს პოეზიაში მარადიულობის ელემენტი შემოაქ. მისი ხსოვნა კი თანდათანობით ლეგენდაში გადადის. ამიტომ სონეტი, რომელიც მას ეძღვნება, უმისამართოა:

 

უმისამართო სონეტი (მამის ხსოვნას)

მადლობთ, უფალო, ყველაფრისთვის, რაც მიწყალობე!

ცრუ სამყაროში შენ ერთი ხარ, ვისაც ვენდობი.

გზა გადის მამის სამარიდან მამის წყარომდე;

გზა, ბილიკებით დაძარღვული მწვანე ფერდობით.

რა უცნაური ფერი ადევს საფლავთან ასკილს!

გაღმა, ზღმარტლები ყვავილობენ ალაგ-ალაგ და...

დასრულდა შენი პალესტრინა. ხოლო ჩემს ბრამსს კი

როგორც უნდოდა, ყველაფერი ისე დალაგდა.

თავმდაბლობს მთვარე, ამაღლებისნაქვლი ამეჟი.

თან უმნიშვნელოდ ჩრდილს გადახრის გვერდზე მონასტრის.

ქარის გოდება საფლავებთან, შუაღამეში,

დაუსრულებელ პარტიას ჰგავს დეზდემონასი.

ამოვასუნთქებ ბერწ ნიადაგს, სადაც ბოლომდის

რეპტილიების კვერცხებივით ვმარხავ მოლოდინს.

 

ხანდახან ხდება, რომ ყვავილივით მოსაწყვეტად დაგენანება ლექსიდან რომელიღაც განსაკუთრებულად საინტერესო მხატვრული სახისამოღებადა ცალკე ანალიზი. ამ შემთხვევაში მე ამ ფრაზამ: „რეპტილიების კვერცხებივით ვმარხავ მოლოდინსგადამაწყვეტინა, რომ ლექსი ყოველგვარი (დამატებითი) ახსნის გარეშე შემეთავაზებინა მკითხველისთვის, ხოლო ზოგიერთი მხატვრული სახის განმარტება (ელექტრონული ფოსტით) თვითონ ავტორისთვის მეთხოვა.

სულ რამდენიმე წუთში კი ამგვარი შეტყობინება (მესიჯი) მივიღე:

ნაქვლი ამეჟი“ (სვან.) − ამაზე იტყვიან, ამაზეა ნათქვამი. პალესტრინაიგულისხმება ჯოვანი პალესტრინა, იტალიელი კომპოზიტორი, პოლიფონისტი (როგორც ძველი თაობის წარმომადგენელი). ბრამსი უფრო ახალია. რაღაცით ყოველთვის მოდური..

მე მგონი, ამაზე ვრცელ ახსნას მკითხველიც არ ითხოვდა...

 

***

შარშან სოსო მეშველიანმა რამდენიმე პოეტური კრებულის შემდეგ პროზის კრებულიქუნარეშგამოსცა. მე რატომღაც თავიდანვე ეჭვით განვეწყე ამ პროექტისადმი, მიუხედავად იმისა, რომ პოეტის მხატვრულ ჩანახატებს ვკითხულობდი ლიტერატურულ პერიოდიკაში და მომწონდა კიდეც. ცალკე გამოცემამ კი მაინც შიში გამიჩინა. თუ მკითხველი კარგად მიიღებდა ამ პროზაულ კრებულს, მით უფრო მეტი საფრთხე იყო, რომ შემოქმედის ფიქრში არსებული თემები პროზის ჟანრისკენ გადაინაცვლებდა და ამით პოეზია დაზარალდებოდა.

ისიც საგულისხმოა, რომ დღემდე ქართული ლიტერატურის ისტორია ერთდროულად პოეტისა და პროზაიკოსის სულ რამდენიმე წარმატებულ შემთხვევას იცნობს. მკითხველი უმეტესად იმის მოწმე ხდება, რომ ეს უღელი ხარი არათანაბარი ძალით ეწევა ჭაპანს და მრუდე კვალს ტოვებს მწერლისა თუ პოეტის შემოქმედებაში.

საბედნიეროდ, სოსო მეშველიანის პროზამ არათუ დააზიანა მისი პოეტური შემოქმედება (ჯერჯერობით მაინც ასეა), არამედ თითქოს შეავსო და ეს პროზაული ჩანახატები (ზოგიერთი ნოველადაც ჩაითვლება) ერთგვარი წინა კარი გახდა მისი პოეზიის სამყაროში შესაღწევად.                                          ამის საუკეთესო მაგალითია, როდესაც ავტორი ერთსა და იმავე თემას ჯერ პოეზიაში შეეხო, ხოლო შემდეგ პროზაში:

ამას წინათ, ერთი ლექსი (სონეტი) დავწერე დადონ კიხოტის მესამედ წაკითხვის შემდვუწოდე. ამან ერთი პატარა ამბავი მომაგონა. ჩემს ყმაწვილკაცობაში, დონ კიხოტის პირველად წაკითხვის შემდეგ, ხშირად მესიზმრებოდა ლამანჩელის ქვეყანა, ისე სასწაულად განვიცადე ყველაფერი. შემდეგ, როცა ტოლედოში მოვხვდი, კუენკას მინდვრების გავლით, ვიცოდი, რომ აქ სადღაც ტობოსო იყო, დულსინეას სოფელი. ისეთი სევდა მომაწვა, ქვაზე ჩამოვჯექი და ავტირდი. მერე ერთ პატარა ლექსში ჩემი ტირილი დონ კიხოტს დავაბრალე: „ყველას ღიმილს ჰგვრი, მე კი ვკვნესი, შენ რომ ტოლედოს ციხის ნაშალთან ჩამომჯდარი ბავშვივი ტირი.

 

სონეტი

(დონ კიხოტის მესამედ წაკითხვის შემდეგ)

გიორგი ლობჟანიძეს

 

რა სიზმარია! მინდორს იქით ერთი სახლი ჩანს,

იქვე პატარა ბოსტანი და ძველი ბოსელი,-

ელვამ წყვდიადი, შუა გააპო, ორად გახლიჩა

და წამიერად, კვლავ დავლანდე, ბრმა ტობოსელი.

დავლანდე, გაქრა, როგორც ხილვა, ან მოჩვენება

და ყურიც თითქოს მიეჩვია, ქირქილს დამცინავს,

რა ჩვევად მექცა, ერთი სიზმრის ამოჩემება,

ვეღარ ვიღვიძებ-ან იქნება, სულაც არ მძინავს.

მეც სრულქმნილების გარსი მეკრა-დღეს კი მიწა ვარ,

აწ უფლის ნების წინააღმდეგ, ნეტავ ვინ წავა.

შენ გეკითხები, ტოლედელო, თუ ლამანჩელო,

ამ ჩემი ბნელი მიწურიდან, ვერსად გაგიშვებ,

ამაზე მეტი რა სიგიჟე უნდა გვაჩვენო,

იდეალური გიჟი ხარ და ჩვენც გაგვაგიჟე.

 

და მაინც, მე, როგორც სოსო მეშველიანის პოეზიის ერთ-ერთი მკითხველი (და ჩემთან ერთად მრავალი მისი გულშემატკივარი), ვფიქრობ, რომ სოსო მეშველიანს წინ უამრავი პოეტური თემა ელოდება. თანამედროვე ქართული თუ ევროპულისსოფლისშემდეგ, ბუნებრივია, ჩვენ მისგან (ასევე ქართულ ან ევროპულ) „ქალაქსაცველოდებით.

მინდა ყველა ჟანრში წარმატება ვუსურვო შემოქმედს!

 

***

დროდადრო, პრესაში თუ სოციალურ ქსელებში, ქვეყნდება ინტერვიუები სოსო მეშველიანთან. ზოგჯერ პოეტი სტატუსებში საუბრობს საკუთარ შემოქმედებაზე და ერთგვარად ასრულებს იმ პორტრეტს, რომელიც რაც არ უნდა მოვიწადინოთ, მაინც არასრულყოფილების განცდას გვიტოვებს.

არანაირ სიტყვის სადარაჯოზე მე არ ვდგავარ, უბრალო მალიარი ვარ, რომელსაც რაღაც დამემართა და პოეტივით თუ მწერალივით დავიწყე ფიქრი და აზროვნება და მაინც იმხელა პასუხისმგებლობას ვგრძნობ, სადმე რომ ტექსტებს ვაგზავნი დასაბეჭდად, ერთი კვირა მოსვენებას ვკარგავ, ღირდა?.. არ ღირდა?“

ჩემი მხრიდან დავამატებ, რომ თავმდაბლობა ყველა დროში ამშვენებს შემოქმედს, ხოლო თუ ამ შეკითხვის ადრესატად საკუთარ თავს ჩავთვლი, მთელი პაუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა:

ღირდა, ნამდვილად ღირდა!

P.S.: მიჭირს წერილის დასრულება, რადგან პოეტის კიდევ უამრავი კარგი ლექსი მინდოდა გამეცნო მკითხველისთვის. ბოლოს კი მაინცემიგრანტის საშობაო განწყობაავარჩიე.

 ჩვენში ემიგრანტის ცხოვრება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. უცხოეთიდან ყოველდღე მოდის ინფორმაცია ჩვენი თანამემამულების იქაური ცხოვრების შესახებ. ამ ამბებში ზოგი კარგია, ზოგიცუდი. თუმცა ვერანაირი ქრონიკა ამ სტატისტიკა ვერ დაგვანახვებს მეგაპოლისების ფონზე საკუთარიტვირთითდამძიმებული საშუალო ქართველის ფსიქოლოგიურ პორტრეტს. ეს შემოქმედის ვალია და შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ამ ლექსით სოსო მეშველიანს ეს მოვალეობა უკვე მოხდილი აქვს.

(ვისურვებდი, რომ ამ თემაზე ხელოვნების სხვა დარგებსაც მალე შეექმნათ ამ ლექსის ფარდი მუსიკალური ნაწარმოები ან ფერწერული ტილო).

 

(ემიგრანტის საშობაო განწყობა)

ჩემს უსაშველო ქართველობას

აყენებს ეჭვ-ქვეშ,

ეს საშობაოდ მორთული ქუჩა.

და საზეიმო განწყობამ თითქმის

დამიქვეითა სევდის შეგრძნება.

სამშობლოს სევდის,

ეს ღალატია!

(მამაჩემი ფიქრობდა ასე,

გაზაფხულზე რომ მუჭით მიწას მაყნოსიებდა)

გაშტერებული შუა-ქუჩიდან ვუმზ კათედრალს,

ბოლო არ უჩანს საშობაოდ გუგუნს ზარების,

სიხარულისგან ხალხი კარგავს წონასწორობას

უცნობმა გოგომ მაკოცა და სადღაც გაიქცა...

და დაბნეული ვიხედები ვიტრინის შიგნით

მიშტერებული, ქრისტეშობის დეკორაციებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თაგები:

#

თაგები

#ბლოგი #მწერალთასახლი #ნონამაზიაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #გიორგიმესხი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #ნინოსადღობელაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #დათიაბადალაშვილი #თამარგელიტაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #ირაკლისამსონაძე #ლევანინაური #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #კოტეჯანდიერი#ადანემსაძე #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #ლიასტურუა #ნანაკუცია #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #მარინე ტურავა #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #თამარგელიტაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #ლევანინაური #ლიტერატურულიბლოგი #ნინოქუთათელაძე #თამარელაწოწორია #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #შოთაჩანტლაძე #ნინოდარბაისელი #მწერალთასახლი #ლიტმცოდნეობითიოპუსები #ლიტერატურულიბლოგი #ჯემალქარჩხაძე #მანანაკვაჭანტირაძე#მწერალთასახლი ანდრიაძე ანდრიაძე "კრიტიკის სკოლა" "მწერალთა სახლი" ეკა მახარაშვილი ახალი ძველი ამბები #ახალიძველიამბები ლიტერატურული პრემია მწერალთა სახლი ნაირა გელაშვილი მწერალთა სახლი ტარიელ ჭანტურია