1 აგვ 2025

ავტორი: თამარელა წოწორია

„გავუსწორფერდეთ ხევსურეთს“ - თაია ჭინჭარაულის „მაძახურას“ გამო

თაია ჭინჭარაულის „მაძახურა“  გამომცემლობა „კალმოსანში“ 2024 წელს დაიბეჭდა. იგი ურედაქტორო წიგნია, ეს ის შემთხვევაა, როცა კრებულს გარე რედაქტორი არ ჰყავს და  ავტორიც და რედაქტორიც თვითონ, თაია გახლავთ.

თაია ჭინჭარაულის "მაძახურა" ღრმად და  ემოციურად ასახავს მთის ხალხის ცხოვრებისეულ რეალობას. ამ კრებულში ძირითადად, ავტობიოგრაფიული ჩანახატებია, რომლებიც შატილისა და ზოგადად, ხევსურეთის სოფლების ტრადიციებსა და ყოველდღიურ ცხოვრებას აღწერს.

თაია ჭინჭარაული  ამ პაწია ნოველებში მკაფიოდ გადმოსცემს მთის მკვიდრთა სიმტკიცეს, სიბრძნეს, ხასიათსა და იუმორს. იგი არა მხოლოდ მთის ბუნებასა და ტრადიციებს ასახავს, არამედ, იმ ადამიანურ ურთიერთობებზეც გვესაუბრება, რომელიც მთის წიაღში ყალიბდება.

თაია ჭინჭარაულის „მაძახურას“ ჟანრული მიკუთვნებულება რთულად დასაზუსტებელია, რადგან იგი მრავალშრიანი ნაწარმოებია.

მწერალი გვიყვება საკუთარ ბავშვობაზე, ოჯახსა და მთაში გატარებული დღეებზე. გამონაკლისის გარდა, ყველაფერი, რაც აღწერილი აქვს, პირადად  განცდილი აქვს. „მაძახურას“ კითხვისას, ავტორის ხმა მკვეთრად ისმის – ეს კი მის ავტობიოგრაფიულობაზე მიანიშნებს.

 ტექსტში ბევრი თბილი და სენტიმენტალური მოგონებაა. ნოველებში ავტორის ფიქრები და შთაბეჭდილებები ისე ენაცვლება ერთმანეთს, როგორც ეს მემუარულ ლიტერატურას ახასიათებს.

 მის ნოველებში აღწერილია ხევსურული ყოფა, ტრადიციები, ოჯახური სითბო, მთიელთა ცხოვრების ნიუანსები – რაც მას ასევე თნოგრაფიულ ღირებულებასაც ანიჭებს. ამდენად, ტექსტი ერთდროულად, ლიტერატურაცაა და კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტიც.

თაიას - ამ პოეტურსახელიან გოგოს, დიდი სურვილი აქვს სიყვარულით დაამახსოვროს თავი არა მხოლოდ შატილიონის სტუმრებს, არამედ საკუთარ მკითხველებსაც. იგი ბავშვობას და მიმდინარე ამბებს ისეთი სითბოთი იხსენებს, რომ ხევსურეთის მკაცრი ბუნების მიუხედავად, არასდროს ნაცრდება ის, რაც ხევსურეთთან პირველი შეხებისას უჩნდება ადამიანს.

 მწერალი ერთგან  წერს: „დაბადებიდანვე ამდენი სიყვარული, სითბო და სიკეთე გვეძლევა უსასყიდლოდ, დაუყვედრებლად. ჩვენ კი ვთმობთ, ვკარგავთ გზადაგზა და როცა დაგვჭირდება, უმწეოდ ვიჩხრიკებით სულებში, გასაცემი აღარაფერი გვრჩება ერთურთისთვის! მეც თქვენსავით მზარავს, ოღონდ მახსოვს სულ... ვცდილობ, მიყვარდეს ამ მიწაზე, სანამ ვარსებობ.“

ამ კრებულს პოეტური წინასიტყვაობა ერთვის და მისი ავტორიც პოეტი გახლავთ -„ცასთან ახლოს“ ჰქვია საშა გველესიანის მონოსუნთქვას, სადაც ვკითხულობთ: „ეს ყველაფერი მთაში, ცასთან ახლოს იბადება, ხევსურეთის დაულეველი სილამაზიდან, ერთი შეხედვით მკაცრი ბუნებიდან, მთელ თავის სიფაქიზეს ყვავილებში რომ მალავს.“

კრებული ჯიბის ფორმატისაა, სამოგზაურო წიგნების სერიიდანაა, თან  წაიღებ და რომ  არ დაგამძიმებს ისეთია, მოგზაურისთვის მისი კითხვა   სულის საგზალი და  ერთგვარი დამატებითი პოზიტივია.

კრებულის გარეკანი ღია ნაცრისფერია, მთაში შემოღამებისა თუ ადრიანი გათენებისფერი. ასეთ ყდაზე მუქი ფერის გამოსახულებებია დაბლარული, ისინი  აჩრდილებს გვანან. ეს სამი პერსონაჟი — ორი ბიჭუნა და ერთიც გოგო, თითქოს მაძახურას პორტრეტებიცაა. ავტორიც მათთან ერთად გვამოგზაურებს ამ „წიგნუკას“ ვრცელ სამყაროში. კრებულის პირველი მინიატურული ნაფთევიდან იშიფრება  კრებულის სათაურიც - მაძახურა, რომელიც კოშკების ჭინკაა,  სახელს დაგიძახებს თურმე და შენ პასუხი არ უნდა გასცე! ამ წერილით, ჩვენც მაძახურას არა, მაგრამ მის მშვენიერ ავტორს სიამოვნებით ავემძრახებით. „მაძახურა“ სათაურის პოეტიკითაც გამორჩეული სიმბოლოა, მთის სულის გამომხატველი სათაურია, ნათლად რომ აჩვენებს მთის  ღირებული ცხოვრების სხვადასხვა მხარეს.

თაია ჭინჭარაულის „მაძახურას“ ნოველები უსათაუროა, რომელიც კიდევ ერთი თავისებურებაა ამ კრებულისა. მათი უსათაურობა  მეტ თავისუფლებას აძლევს ავტორს დაუსაზღვრავი მასშტაბურობით გამოხატოს  საკუთარი ემოციები და აზრები და კონკრეტულ სათაურში არ ჩარჩეს.

„მაძახურა“  ნამდვილად სავსეა ცინცხალი ემოციებით, ძვირფასი მოგონებებითა და წრფელი ადამიანური განცდებით. ნოველათა უსათაურობა მკითხველს აიძულებს თავად მიაქციოს ყურადღება იმ მნიშვნელოვანს, რაც წაკითხვისას თავად უჩნდება. ამიტომ უსათაურო ტექსტი, მკითხველის გამოწვევაცაა, რათა თავად მოიფიქროს სასურველი სათაური და  ჩაერიოს ტექსტის ინტერპრეტაციაში. ასეთი ჩარევა კი ზრდის ტექსტის ემოციურ და ინტელექტუალურ დატვირთვას.

ნოველები უსათაურონი კი არიან, მაგრამ უთვისტომონი ნამდვილად არა. ყოველი ახალი ნოველა სათაურის ნაცვლად, შესაფერისი ხევსურული ორნამენტითაა წარმოდგენილი. ავტორი ამ ორნამენტებს ძირითადად, ხალხური ტრადიციებიდან იმემკვიდრევებს და რადგან თითოეულ მათგანს სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს: სამკუთხა ორნამენტები ოჯახს, სამყაროს, სამებას განასახიერებს; წრეები - მარადიულობას, სიცოცხლეს; გეომეტრიული ფორმები - ბუნების ელემენტებსა და სულებს.

ამ კრებულში 51 ამბავია მოთხრობილი, ზოგი ძალიან მცირეა და ჩანაწერსაც ჩამოჰგავს, ზოგიც ისტორიულად ცნობილი ამბავია, ზოგიც ხმით ნატირალია და ყოველი მათგანი, არაჩვეულებრივი სიწრფელითაა დაწერილი. კრებულში თავმოყრილი ისტორიები ნასაზრდოვებია ხევსურული ყოფის სიღრმისეული ცოდნითა და ამასთანავე, ღრმა ბავშვობისდროინდელი დაკვირვებებით.

თაია ჭინჭარაულის „მაძახურაში“ მთავარი პერსონაჟები არ არიან ტრადიციული გმირები. ამ ნაწარმოებებში პრინციპულია გარემოსა და ადამიანთა ურთიერთობების ჩვენება, რომლიც ქმნის ამბების მთლიან ფონს.

 თვითონ თაია გახლავთ ამ ნოველების ავტორიცა და პერსონაჟიც, რომელიც საკუთარი ხმისა და გამოცდილების წყალობით, მკითხველს აცნობს ხევსურთა ცხოვრებას, საკუთარ ბავშვობასა და პირველ ნაბიჯებს მწერლობაში.

ნოველებში აქცენტირებულია ხევსურთა სოფელი, როგორც სივრცე და საზოგადოება, სადაც ეს პერსონაჟები ცხოვრობენ, სწავლობენ, უხარიათ და იტანჯებიან, კრებითი და დასამახსოვრებელია კოლექტიურ პერსონაჟთა სახეები: ნათესავები, მეზობლები, მთის მკვიდრი ადამიანები. ისინი თავიანთი ქცევითა  თუ კონკრეტული მოქმედებით  თაიას სამყაროს გვაცნობენ და  თავადაც ალამაზებენ ხევსურულ სინამდვილეს.

ხანდახან, პირიქითა ხევსურეთის დედაქალაქი გგონია შატილი, სადაც ხშირად უცნაური ამბები  ხდება და ავტორიც გვიყვება: ერთხელ, მათი სოფლის ნახევარი თურმე სახადმა იმსხვერპლა. ერთ დილას, დაზაფრულმა ხევსურებმა მეზობლის ოჯახიდან სიმღერის ხმა გაიგონეს. ეგონათ, ჭირს ვერ გაუძლეს და გაგიჟდნენო და გასძახეს:

„რას სჩაითავ, გონ ხომ არ დაჰკარგეთავ?!

„სიკვდილს ვაშინებთო!“- იყო მათი პასუხი.

კრებულის დასაწყისში, შატილის კოშკებზე ასვლისას, სიკვდილის შიკრიკს, მაძახურას ნამდვილად აშინებს. მთამ შიში ისედაც იცის და მისი სიმღერით დაძლევა და ყველაფრისადმი სულის ჩადგმა, ოდითგან, ხევსურების სიცოცხლისუნარიანობის გამოცდაც იყო.

მწერლის მშობლები ამ ნოველების განსაკუთრებული პერსონაჟებია არიან და საინტერესოდაა მოთხრობილი მათი ურთიერთობები შვილებთან,  ასევე ცხოვრებისეული სირთულეების მიღება-გათავისებისა და მათთვის ტრადიციების გადაცემის ეპიზოდები.

თაია ჭინჭარაულის ნოველებში დედ-მამის ეპიზოდები ღრმა ემოციურობითა და სოციალური მნიშვნელობით გამოირჩევა.  მოთხრობილ ეპიზოდებში  ჩანს მშობლების მზრუნველობა და სიყვარული შვილებისადმი, მაგრამ ასევე ჩანს მათი მკაცრი აღზრდის მეთოდები, რომლებიც სოციალური ნორმების შესაბამისად, მაშინ  მიღებული იყო. მშობლები იყვნენ არა მხოლოდ შვილების აღმზრდელები, არამედ მათი ცხოვრების გზის განმსაზღვრელები.

თაიასთვის მამა ის ადამიანი გახლდათ, რომელმაც  უკუნეთ ღამეში სახელდახელოდ ქუდში შეგროვილი ციცინათლები  ამოუყვანა მას და სამუდამოდ დაამახსოვრა შვილს კოშკების წინ „შეკრული ციცინათელების ციმციმების წრე.“

მას შემდეგ 30 წელი გავიდა და არც ის განთიადი ავიწყდება თაიას, მამამ აცეხისაკენ მიმავალ ბილიკს  რომ შეუყენა ახალგაღვიძებული ქალა. მიდიოდა მამის უკან დამფრთხალი და ზურგსუკანა სიცარიელისაც ეშინოდა, მაგრამ შიშს ხომ ვერ გაამხელდა. შატილის მთვარიან ღამეში ადამიანი, როგორც ჩრდილებს მზეზე, ისე   ასვეტილ ლანდებად ხედავს ყველაფერს. ამ გზაზე მერე სიმღერას შემოსძახეს და მთებიც რომ ექოებით აჰყვნენ, ეს თაიას პირველი განდობა იყო როგორც მთებთან, ასევე მამასთან და იმ კამკამა ჰაერთან, გამთენიისას რომ იცის მთაში!

 ეს ამბავი   პოეტ სოსო მეშველიანის მოსწრებულ ჩანაწერს გვახსენებს: „ხევსურებს ქალაქში რომ ვხედავ, მერიდება, ვაითუ, ჰაერი არ ჰყოფნიდეთო.“ ამ სიმაღლეზე მართლაც სხვა ჟანგბადია, მაგრამ მთავარი ამბავი ისაა, რომ მზის ამოსვლის დასასწრებად   მამამ ამ სიმაღლეზე რომ ამოიყვანა, როგორც ქალაქელი მამებს დაჰყავთ თავიანთი ასულები სპექტაკლებზე მუყაოსდისკიანი, ხელოვნური მზის ამოსვლის სანახავად. მზეა სხვანაირი, თორემ მამები ერთნაირები არიან, აქაც და იქაც! თაია იგონებს: მთების წვერები რომ გაწითლდა, მივხვდი, თენდებოდა და იქ დაიწყო ის „რაღაც.“  მერე ამ ფერმა ნელ-ნელა მთების შუაგულისკენ გადმოინაცვლა, სულ ზემოთ კი გაყვითლება დაიწყო. შემდეგ სიწითლე თითქმის მის გასწვრივ ჩამოვიდა... წვერები  მზისფერი გახდა: „ამ ყველაფერს ვუყურებდი ჯერ კიდევ სიბნელიდან და სწორედ ეს გახლდათ საოცრება! მზეც იყო, მთვარეც, დღეც, ღამეც ერთდროულად და მივხვდი, რიჟრაჟი ჩემია!“ ასეთი საოცარი მამა იყო ლეკოთ მიხა. რომელმაც ბალღობიდან „რიჟრაჟების მცველობა“  (ხაზი ჩვენია თ. წ.) დაავალა ასულის სულს.

თაია ჭინჭარაულის ეს კრებული, საკუთარ ფესვებთან მარადიული კავშირის შეგრძნებითაა დაწერილი. თბილისში დაბადებულ თაია ჭინჭარაულს, შატილთან არასდროს დაუკარგავს ბმა. ზაფხულის შატილი მისი იყო, თავისი გრილი ღამეებითა და თბილი ადამიანებით. კუშტი ქვითკირით ნაშენი კოშკებს, წვიმა რომ ვერ ასველებს ბოლომდე და „სანთლის ნაღვენთებს ჰგავს წვიმის წვეთები მის კედლებზეო,“- წერს და იხსენებს 15 წლის ასაკში როგორ გაამამაცურა მამამ და ქაღალდის ფურცელზე დახატული რუკით, შატილიდან თუშეთში გადასვლისას, როგორი დაუჯერებელი თავგადასავლები გადახდათ.

თაია ჭინჭარაულის „მაძახურას“ თითოეული თავგადასავალი ღრმა ემოციურობითა და სიღრმით გამოირჩევა. მისი პერსონაჟები ხშირად აღმოჩნდებიან რთულ სიტუაციებში, რომლებიც მათ პიროვნულ ზრდასა და თვითგამორკვევას ემსახურება.

 ნოველებში ხშირია ისეთი ეპიზოდები, როცა თაიას პერსონაჟები ცხოვრებისეულ გამოწვევებს, შინაგან კონფლიქტებსა თუ ურთიერთობების სირთულეებს უმკლავდებიან. ერთ ეპიზოდში ავტობუსში ჩუმად დგას თაია  და წვიმის შემდეგ ქალაქის ქუჩებს გასცქერის, ამ დროს მისი შინაგანი სამყაროს სიმშვიდესა და ბუნებასთან ჰარმონიას ასახავს.

ამგვარი მონასმებიდან ისიც ჩანს, როგორ ახერხებენ  მისი პერსონაჟები რთულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნებასა და საკუთარი ემოციების მართვას. თაია ჭინჭარაული  პერსონაჟების შინაგან სამყაროს დეტალურად აღწერს, რაც მის ტექსტებს მეტ სიღრმესა და რეალისტურობას ჰმატებს.

ამ კრებულში შატილივნების არაერთ თავგანწირულ ბრძოლაზე მოგვითხრობს ავტორი. ეს ერთი ამბავი ბარის ადამიანისთვის მძიმე მოსასმენიცაა, რადგან ის, რაც მთაში,  მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ხდება, ბარში შეიძლება არასდროს მოხდეს, ან მოვლენები სულ სხვანაირად წარიმართოს. ავტორი მოგვითხრობს ერთი შებრძოლების ეპიზოდს,   როცა სათოფურიდან შემოვარდნილმა ტყვიამ „გაანაგაბრა“ კოშკის კედელი და ასხლეტილი ტყვია კუთხეში მიდგმულ აკვანს მოხვდა. არტახები ბალღის სისხლით რომ გაწითლდა, ქალმა სასწრაფოდ „ტალავარი“  გადააფარა აკვანს. იმ წუთებში მან ქმარს პირმშოს სიკვდილი დაუმალა. როცა ელდისგან ფეხებმოკვეთილმა ქმარმა უსაყვედურა, მან უპასუხა: რომ მეთქვა, „ხელთ აგიცხროებდ, თოფს ვეღარ დაღლიშნევდ!“

ამ კრებულის პოეტური სამშვენისია ხმით ნატირალები; ხევსურეთში ხმით მოტირალნი განსაკუთრებული ნიჭით იყვნენ დაჯილდოვებულნი, ისინი ტექსტს ლექსად წარმოთქვამდნენ. მათ შორის უმთავრესი იყო მესულთანე, რომელსაც მიცვალებულის „სული მოუვიდოდა“ და მისი პირით წარმოთქვამდა ტექსტს.

 

ერთიც საკუთარი თავის დატირებაა - ცხრა და ათმარცვლიან საზომითა მონაცვლეობითა და რიტმულ წესრიგს დამორჩილებული სტრიქონებით თავს დასტირის თაია. მეორე მტრის დატირება გახლავთ. იგი ათმარცვლიანი საზომითაა გაწყობილი. ამ დატირების პერსონაჟი ზვიადაურივით ვაჟკაცია ალბათ, რადგან მასაც ქალი დასტირის: „სულწუხს, დაგიგი სამარეიო... და ვერ გიწამლე ნატყვიარიო.“

სხვა ნოველაში ავტორი იხსენებს მამასთან ერთად 10 კმ-იან გზის ფეხით გავლას. მამას  ხომ ყოველთვის სურდა შვილებს ბევრი რამ სცოდნოდათ, ამადაც უყვებოდა ძველ და ახალ ამბებს მხატვრულად, ბუნებრივი ემოციით, გამართული ქართულით,  ხან ცრემლითა და სევდით, ხანაც ღიმილითა და სიამაყით.

თაია ჭინჭარაულის ნოველებში დედ-მამის ფიგურები ხომ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, როგორც ოჯახის საყრდენები და საზოგადოების მორალური ნორმების გამტარებლები. ამ ეპიზოდების გაანალიზება საშუალებას გვაძლევს უკეთ გავიგოთ იმ დროის სოციალური და კულტურული კონტექსტი, ასევე მშობლების როლი შვილების ცხოვრებასა და საერთოდ, ხევსურულ ყოფაში.

მწერლის ცხოვრებაში მამა მაინც განსაკუთრებული ადამიანია. იგი  ხომ სხვებსაც ძალიან უყვარდათ, სრულიად უცხოებსაც კი.  მამის განსაკუთრებულ ცოდნა -გამოცდილებას იხსენებს თაია: სადაც მიწიდან გამოჟონილ სისველეს ნახავდა, იქ მიწას გამოთხრიდა, დიყის სქელ ღეროს ღარად დაუდებდა და წყაროს გააჩენდა! ახლაც ბევრი ასეთი „მიხას წყარო“ შეგხვდებათ პირიქითა ხევსურეთში მოგზაურობისასო, ხოლო შატილის ხევს მითხულისკენ თუ შეუყვებით, პატარა მინდორზე სიპი ქვებით შეკრული.„თიაყათ წყარო“ გადმოსჩქეფს და იქ მოსახვედრად, მდინარეზე გადებული ორი ფიჭვის მორზე ფრთხილად უნდა გადახვიდეთო, რადგან მუდამ სველი და სრიალაა იქაურობაო. დღესაც, თუ მოინდომებთ და თაიასთან ერთად ივლით, ზუსტად მიაგნებთ იმ ადგილებს, რადგან ავტორის წერისა და აღწერის კულტურა ზედმიწევნით ზუსტია და მიგნებაც იოლია.

 მამასთან ძუნწი საუბარიც არ უნდა დაგვავიწყდესო, - გაგვენდობა თაია. სწორედ  მამასთან მისი განსაკუთრებული სიყვარულისა გამო გამიჩნდა სურვილი „მაძახურაზე“ დამეწერა. მამაჩემი გამახსენა თაიას მამამ და გული სიყვარულით გადამივსო ჩვენი მამების სულიერმა მსგავსებამ და ამდენად, შვებაც მომგვარა ამ ამბებზე წერამ. მეც მუდამ თან დამაქვს „მამის გოგოობის“ დიადი კანონი და თუ მამაზე არ ვწერ, მხოლოდ იმიტომ, ჩვენს ამბებს ვერ ვთმობ  და ამიტომაც თაიას ამბავს დავუწყვილე ჩემი საოცარი მამის სიყვარულის ამბავი.

თაია მოკრძალებით გვიყვება დედაზე და გვიმხელს, მეშინია იმ სიდიადით ვერ გადმოგცეთ მისი ბუნება-ხასიათი ისე, როგორსაც იმსახურებსო. დედა ჩირდილელი არაბულის ქალი, ბალღობიდან მამით ობოლი, გამრჯე დედის, სამძიმარ ქისტაურის წყალობითა და მონდომებით, უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტზე ჩარიცხულა და უსწავლია კიდეც.

 მამის დედის, მექიასთან გატარებულ დღეებსაც საამურად იხსენებს თაია -  დილაობით ყავის სმის რიტუალს, როცა მექია პაწია ჭიქებით დალევის კმაყოფილი არ იყო თურმე. იხსენებს ასევე ხეზე ასულს, ტოტი როგორ მოუტყდა, მექია იყო და მიშველეს ხომ არ დაიყვირებდა და „მე კი წავე, წავე, წავეო“ და  თითქოს ვხედავთ, „გალეული ტყუპი ფეხი და ნაოჭმიყრილი ქვედაბოლო ქოლგასავით“ როგორ გაიშალა ჰაერში. ასე პოეტურად, ფილმის კადრივით შემორჩა ამ კრებულის ფურცლებს ასაკოვანი მექიას ხიდან ჩამოფრენის სურათი.

თაია ჭინჭარაულის „მაძახურას“ პერსონაჟია მათი ოჯახის წევრი ალექსი ჭინჭარაული, იგი საქვეყნო კაცია, ძლიერი, ღირსეული და ტრადიციების ერთგული ადამიანი. მისი ხასიათი და ქცევა მთის საზოგადოების ღირებულებებისა და მორალის გამომხატველია. ალექსი ჭინჭარაული თაიას ალალი ბიძა გახლდათ. უნივერსიტეტში გამოყენებითი ლინგვისტიკის ფაკულტეტზე სწავლისას, თაიას ეამაყებოდა ალექსი ბიძია და „ძმისშვილი ვარო,“ ასე ეცნობოდა ყველას. არასდროს ამბობდა ბიძაა ჩემიო, რადგან „ვინმეს მისი შორეული ნათესავი რომ არ ვგონებოდიო.“ თაიას მონაყოლით, ალექსი ჭინჭარაული ძალიან გულჩვილი ადამიანი ყოფილა და ისე „ჩამოცრემლავდა“ ხევსურების საგმირო თუ ადამიანური სიქველეების გახსენებისას, რომ თაიას მისი დამშვიდებაც მოუნდებოდა ხოლმე. ერთ ნოველაში ავტორი ალექსი ჭინჭარაულთან უკანასკნელ გაბაასებას იგონებს: ცუდად იყო, იწვა, ოთხკუთხა სათვალე ეკეთა, თბილად შეხედა და ლოგინზე ჩამოსაჯდომი ადგილი გაუთავისუფლა თაიას. „მეგონა ადამიანისთვის თავი იყო მთავარი, თურმე ფეხები ყოფილაო,“ - უთქვამს.

ერთი ნოველის დასასრულშიც გამოჰკვეთა თაიამ მისი სახე. გროზნოდან მომავალ ხევსურებს ყაჩაღებმა სრულიად უმიზეზოდ ესროლეს თურმე. ალექსის მეგობარი, ლადო ჭინჭარაული დაიჭრა მხოლოდ სასიკვდილოდ. სროლის მიზეზად ქისტმა ასეთი რამ თქვა: „ყველაზე გამორჩეულად გამოიყურებოდაო!“ შატილში რომ ამოიყვანეს, ლადო ჯერ ისევ ცოცხალი ყოფილა. ლეკოთ წიქა მოუკითხავს: რად გინდოდაო, რომ ჰკითხეს, „ვეფხისტყაოსანს წამიკითხავდაო!“- უნატრია სიკვდილის წინ.

თაია ჭინჭარაულის კრებულის კომპოზიციური წყობა განსხვავებულია და დროჟამული დანაწევრებისაგან სრულიად თავისუფალიც. ჯერ პერსონაჟთა საგმირო ამბებია მოთხრობილი და ამიტომაც ტექსტის დასასრულისკენ შესაშური სიცხადით იხსენებს მამის ბავშვობის ეპიზოდებსაც: ეს გაწონასწორებული და მშვიდი ადამიანი ბავშვობაში გაუგონარი და მარღვიელი ყოფილა თურმე. საქონელს უკუღმა სვლით მოლალავდა ქვაღორღიან გზებზე და შატილივნები შორიდან ცნობდნენ. თაია ასევე იხსენებს გაყინულ არღუნზე სასრიალოდ წასული, როგორ დაუსჯია პაპას და შიშველი ფეხებით ყინულზე დაუყენებია: ერთხელ, ასე 12-13 წლის ასაკში როგორ დარჩენილა ღამით ტყეში. ყინვასა და მგლებს რომ გადარჩენოდა, ხეს კენწეროში მოქცევია. სამი მგელი მთელი ღამე ბოლთას სცემდა თურმე პანტის ქვეშ და რიჟრაჟზე დაიშლილან. მთელი ღამე ხეზე რომ არ გავიყინე, ალბათ, შიშმა თუ გამათბოო,- ყვებოდა დიდობაში თურმე მამა.

კიდევ ერთი ამბავი უკავშირდება მამის ხსოვნას, როცა რუსეთმა ჩეჩნეთი დაიპყრო და საქართველოსთან საზღვარი გაავლო, მაშინ  ალაგი „ფიჭვნი“ დაიკარგა, იმ „ფიჭვდაკარგული“ წლის ზამთრის მიწურულს ლეკოთ მიხა თვითონაც დაკარგულა. მოსკოვში დარეკვით გარიგებულა ეს ამბავი და მესამე დღეს, მიხა ტახტრევნით მოუბრძანებიათ შინ. , დაჭერამდეთურმე საზღვარს მისდგომოდა და ვირები ხომ არ გინახავთო, უკითხავს. რა ვირები, მოდი ერთი აქო  და გაუგდიათ თურმე წინ. თაია კი დარწმუნებულად წერს, რომ სიმართლე კი იყო, მაგრამ სარკასტულად ჰკითხავდა ვირების ამბავს, რადგან წართმეული ადგილების გამო გულის მოფხანაც ეწადაო.

ნოველებში ბევრი პოეტური და საუცხოოო ჟღერადობის ტოპონიმები ხიბლავს მკითხველის სმენას. ბუნების ხმებისთვის მორგებული და  ხმაურიანი სიტყვები ჰქვია მათ წყალ-ჭალებს: ხონისჭალის შემდეგ ჰაერით სავსე ცასა და მიწის გასაყარზე აღმოვჩნდებით, შემდეგ რეალური ზღაპარი გადაიშალება - ხიდოსტანის ქედი! ერთ ღამეს სამოთხეში გავატარებთ და მეორე დღეს აწუნთის უღელტეხილი გამოჩნდება. აქ ისე ახლოსაა ცა, რომ ადამიანი  მიწის შეგრძნებას კარგავს. დილით კი იმ ვარსკვლავიანი ცის მერე, ირგვლივ უცნაური სითეთრე გვხვდება. ოთხ საათში წვივამდე თოვლი მოვა, გარეთ კი ივლისი დგას და ბარდნის - ასეთი ამბებით ალბათ, ჩვენი გაოცების ხარისხს თუ ამოწმებს თაია გოგო. სუნთქვისშემკვრელი   პასაჟები მრავლადაა ამ კრებულში, რომლის მხოლოდ ერთხელ წაკითხვა არ კმარა და მისი   ხელმეორედ წაკითხვა კვლავ დღესასწაულია მკითხველისთვის. ამიტომაც  სხვადასხვა ენებზე მისი გადათარგმნა ასევე გადაუდებელ საქმედ მიგვაჩნია.

კრებულის ეპიზოდების კითხვისას მაგიური მთიელის, გოდერძი ჩოხელის ლოცვით თოვლის „გამოძახება“ გვაგონდება: ვილოცებ და თოვლი მოვაო,- რომ დაუბარა გადამღებ ჯგუფს. მარტოობაში  ლოცვას იწყებს გოდერძი და ჯერ აქა-იქ ჩნდება ფანტელი, მერე კი ხვავრიელად წამოვა თოვლი.  ასეთი  შთამაგონებელი სიუჟეტები სხვაცაა თაია ჭინჭარაულის დოკუმენტურ პროზაში. თვითონაც დიდი სიყვარულით იხსენებს გოდერძი ჩოხელის მიერ ფილმში მოწვევის უნიკალურ მომენტს.  გოდერძის კინომ დაუძახა თაიას, მაგრამ დასანანია, რომ მიზეზთა გამო, მათი შეხვედრა არ შედგა.

ამ ნოველებში ბუნება  მხოლოდ გარემო კი არა,  სულიერია, რომლის ხმები, სურნელი და შეგრძნებები უკავშირდება განწყობას. ბუნება თაიას პერსონაჟებისთვის შეიძლება იყოს მცველიც და გზამკვლევიც, ასევე მათი შინაგანი მდგომარეობის გამომხატველიც: მთები, ხეები, მდინარეები და ცხოველები სიმბოლოებად გვევლინება. ხეები ხშირად სიმტკიცესა და სიმყარეს გამოხატავს, წყლები - სისუფთავესა და განახლებას, მთები კი -  დიდებულებასა და მასშტაბურობას.  

თაიაც ბუნების ერთგული შვილია, რომელსაც კარგად ესმის  მისი ხმები, მაგიური ნიშნებიც და  სიბრძნეც, რაც მის  ხასიათს  განსაზღვრავს კიდეც.

ერთგან მწერალი არაჩვეულებრივ სინტაგმას ჩაწერს: „გავუსწორფერდი ხევსურეთსო,“ რომელშიც საკრალური ამბები არა მხოლოდ იკითხება, არამედ თვალსაჩინო სანახავიცაა ისინი. ეს გასწორფერება ხევსურის ნათქვამ სიტყვას ხომ ნიშნავს, მაგრამ  იმასაც ნიშნავს, რომ თავისი და-ძმებივით, სახელიც ხევსურული ჰქვია თაიას, და მაინც არავის არასდროს სჯერა,  რომ ეს მისი ნამდვილი სახელი იყო. რადგან ეს ნაზი გოგოური სახელი მის ხასიათს არასდროს ეთანადებოდა: თავზეხელაღებით მოჯირითე გოგოს დანახვაზე დანანებით აქნევდნენ თავს შატილივნები და იტყოდნენ: „ამისგან დიაც არ დადგების, არ!“ ამ სიტყვებში აღმოაჩენთ ხევსურების ხასიათს, მათ  მსოფლმხედველობას, ტრადიციებს, ადათ-წესებსა და იმ მთებში გადაკარგულ, ჩაკეტილ ადამიანთა მიერ გამოვლენილ სითბოს, ჰუმანურობას, წესრიგსაც და სიყვარულის სიმკაცრესაც.

ფილმის კადრივით გაიელვებს, როგორ ვერ გაუძლო თაიამ ცდუნებას და  თეთრი ცხენი უსაბელოდ როგორ აჭენა ხევსურეთის ვიწრო გზაზე. ამ დროს მანქანა წამოეწია  თმაგაშლილ, ცხენზე ამხედრებულ გოგოს,  ცხენი ძლიერ დაფრთხა და მხედარი ძლივს გადაურჩა დაღუპვას.

ამ კრებულს, აქამდე დაწერილი სხვა რომანტიკული ამბებისგან ერთი საოცარი თვისება გამოარჩევს: ესაა ავტორისა და პერსონაჟის აუწონავი სიწრფელე და სიფაქიზე, მისი სულის ოაზისების გახსნილად წარმოჩენა. ავტორი ყველგან ბუნების ნაწილად გრძნობს თავს: „ერთი ორჯერ მომიწია ბარისახოდან შატილში გადავლა, მივხვდი, ვინ ვარ, მაშინ აღმოვაჩინე ჩემში, მადლიერების შეგრძნება მქონია,“- ასე მართალი და გზიანი სიტყვა ბევრს არ მოუდის, რადგან ასე გულით მხედველნიც ცოტანი არიან როგორც ცხოვრებაში, ასევე ლიტერატურაშიც. მაგრამ თაია გოგოს სიტყვაც ალუდას გენეტიკით არის დატვირთული და ესაა მისი ლიტერატურული გზის მსაზღვრელიც.

ერთ ორნამენტიან ნოველაში მწერალი ღმერთს ეძებს და პოულობს კიდეც, აგნებს მის მისამართს: „სისხლი ღმერთია, რომელიც ჩვენი გულებისაკენ მოემართება და იქიდან ნაწილდება სხვებისათვის.“ ეს ნოველა სამშობლოდან ოთხი საუკუნის წინ გადახვეწილებთან შეხვედრაზე მოგვითხრობს.  ჩამოსვლისას, ისინი ღრმად ისუნთქავენ მშობლიურ ჰაერს და ბევრს არაფერს ითხოვენ - უჩქუმრად ამას თვლიან ღმერთის საჩუქრად!  ეს სიტყვა - „უჩქუმარი“ ხევსურულ ლექსიკონშიცაა: „ჩვენაც აესრ ვამბობთო!“  შემდეგ კი ერთმანეთს უყვებიან თავიანთ სულში გადამალულ და გადარჩენილ ქართულ ენაზე,  იმ საკვირველ ამბებზე, ოთხი საუკუნის მანძილზე ქართველს ქართველი რომ არ მოუკლავს! ისე უფრთხილდებიან ერთმანეთის სიცოცხლეს, რადგან მათი სამზეო და საიქიოც საქართველოა.“

რთული ორნამენტითაა აწყობილი ის ნოველაც, სადაც ღმერთის შესაქმეზე მოგვითხრობს თაია მწერალი. გვიყვება, რომ მას  დღევანდელი განთიადივით ახსოვს, როგორ ქმნიდა სამყაროს ღმერთი! სიბნელეს ამოფარებული ერთადერთი ჭუჭრუტანიდან უყურებდა იგი ერთმანეთში ძაფებად ახლართულ მზის სხივებს. აი, ისე, ქსოვისას, თხორი რომ აიბურდებოდა და ბებოსავე ნასწავლი შელოცვით ყველაზე სწრაფად თვითონ რომ ხსნიდა  ამ „ახვანჯულ ნართს.“ შემდეგ კი ამაყად აწვდიდა „ხელის მტევანზე ბილიკებად დაკლაკნილ ძაფს“ ბებოს და ეს ყველაფერი არა მხოლოდ  სიმბოლურია, არამედ მისი  სამყაროს ნაწილია, საიდანაც თვითონ გამოაღწია და მზის სხივებიდან ნართის მტვრის ნაწილაკების რონინის ზღაპრულ სანახაობა რომ შემნა. ესეც თაიასებურია, ღმერთისგან ნასწავლი და უჩვეულო სილამაზით გაწყობილი, თაიას შესაქმეა, ღმერთისგან ნასწავლი.

თვითონაც უკვირს თაია მწერალს, როდის გაჩნდა მასში სამშობლოს ასეთი სიყვარული: აქამდე მოვედით წინაპრების თავგანწირვით, სარწმუნოებით, ენით, დამწერლობით, ბრძოლით, სიმტკიცით, ღირსებით, ტრადიციებით, ღვინით, ფოლკლორით, სიჯიუტით, თავმოყვარეობით, გამორჩეული სიყვარულით, რომელიც ყოველთვის ჯაბნიდა ღალატს, გაუტანლობას, ბოღმას, შურს. და ამიტომაც ახლა ნანობს, ახლომდებარე სოფელ ჯარეგოში ერთხელაც რომ არ გადასულა და ფეხით არ დაუთელია ჯოყოლასა და აღაზას სამოსახლო. რადგან ადამიანებს ასე ჰგონიათ, რისი საშუალება დღეს აქვთ, სულ ექნებათ და მუდამ შეძლებენ მის ნახვას.

 

საქართველოსა და მისი საზღვრებისადმი თაყვანისცემა თაია ჭინჭარაულის ბევრ ნოველას მსჭვალავს. იგონებს მამა-ბიძათა მონათხრობს ქისტი ჰასანის დატყვევევბის შესახებ. ფეხშიშველი მოჰყვებოდა მტერს ჰასანა, რადგან ლოცვისას აიყვანეს ტყვედ. როცა საჯიხვეებთან შეისვენეს, საიდანაც ხელისგულივით იშლებოდა მისი თერეთეგო, სახანო, ბანეხი, იქეშლო - ლეკომ გაიხადა და ტყვეს ჩააცვა ფეხზე, თვითონ კი ფეხშიშველმა იარა შატილამდე. შემდეგ ლეკოს უპოხავდნენ ცხელი დუმით სიპებისგან დასერილ შიშველ ფეხებს და ძლივს შეუნარჩუნეს ფეხი. ხევსურები იმ ჩაკეტილ სივრცეშიც დაუწერელი კანონით მოქმედებენ და არავის აძლევენ უფლებას, უკადრისი აკადრონ და დაამცირონ ადამიანი.

„მაძახურას“ ავტორი განსაკუთრებული სიყვარულით წერს სვანეთში სტუმრობაზე, ალბათ იმიტომ, რომ იქაურ მთებშიც ეგულება  მაძახურები: „სვანეთში ჩემი სტუმრობა აბგაში შემთხვევით ჩარჩნილ პურის ნატეხს ჰგავს, დაღლილი, მშიერი მოგზაური რომ აღმოაჩენს.“ ამ სტუმრობამ თავდაყირა დააყენა მთის მცოდნე და შატილის სიმაღლეებით გათამამებული  ავტორის წარმოდგენები: ვიწრო ხეობები და გაუცინარი ჭიუხები, მდინარეები, რომლებიც  ადამიანს არაფრად აგდებენ და ხმაურით მიიჩქარიან სადღაც! ნისლები, წელზე რომ ეხვევიან ირგვლივეთს და ცვარს უტოვებენ სამახსოვროდ. ღრუბელ - მზე - წვიმის ჭიდილი დღეში ხან ცხრაჯერ და მთვარეს ლანდებად რომ აქცევს უკუნი ღამე. ვარსკვლავები, როგორც ჩითის კაბას კოპლები, ისე  აყრია ცას. მწერალი მოხიბლულია გულღია, ალალი და გულუხვი ხალხით. გზად,  სულ ჯანღით დაფარულ უშბასაც გაუოცებია, რადგან ისიც თურმე სულ  ემალვება ადამიანებს. ამ შთაბეჭდილებების ფონზე მწერალს ახსოვს ის ელდაც, მესტიიდან რამდენიმე კილომეტრის შემდეგ, ტკივილებით სავსე მულახის ისტორიის შეცნობამ  და 27 საფლავის ქვაზე ერთმა თარიღმა რომ განაცდევინა! ზვავი კოშკებმა  შუაზე გააპეს, მაგრამ ტრაგედია მაინც მოხდა. ადამიანს რომ ყოვლისშემძლე ჰგონია თავი, მაგრამ სტიქიას ვერ უმკლავდება და მის ფონზე უსუსურადაც, ამ ფიქრსაც გვიზიარებს თაია.

ამ ეპიზოდში  სვანეთის „რიჟრაჟების მცველადაც“ მოგვევლინა თაია მწერალი და  ნოველაც ასე მთავრდება: „თეთნულდს ვებაასებოდი ყოველ დილით ყავით ხელშიო.“

თაიას მახსოვრობა ადრეული ასაკიდან იწყება, ბუნებამ მას მისცა ძალა და ენერგია,  ასევე მისცა მოთმინების, მიტევებისა და სიცილის ნიჭი გაუძლოს   სევდიან ამბებსაც, უყვარდეს რაც ამ წუთას აქვს  და მშვიდად, რწმენითა და ფეხების ბაკუნით შეხვდეს იმას, რაც  მომავალში მოელის.

 წლებმა ბევრი რამ შეცვალა მის ხასიათში, მაგრამ ის ზუსტად იცის, რა არ უნდა, ნანობს იმას, რომ საკუთარ თავს გვიან ასწავლა რაც ძალიან სურს, იმ სურვილის უსათუოდ ასრულების ჟინი. ამასთანავე იმასაც გვიმხელს: ყველაზე რთული მაინც საკუთარ თავზე საქებარის წერა ყოფილაო.

ერთ მანდილივით აცეკვებულორნამენტიან ნოველაში იხსენებს, რომ ხუთი წლიდან   ცეკვავს „ოთხი დოლი და, წავიდაა! (ცეკვა) იმდენად მიყვარდა, რომ ხელების გაშლა, ჩემი სიცილი და ამ სამყაროდან გასვლა ერთი იყოო,“- და ის ფოტოსესიაც ახსოვს, ეროვნული ტალავარი რომ ჩააცვეს და ჟურნალის კორესპონდენტებმა სურათები  რომ გადაუღეს.  იმ  დროიდან არსებობს  ის ცნობილი ფოტო წყაროსთან, თუნგით. (თუნგით, რომელსაც ჩვენი დაკვირვებით, ერთგან  ძირი გავარდნილი აქვს და წყალი თქრიალით გასდის).

სხვა ნოსტალგიურ-ლირიკულ გადახვევებშიც  ცეკვის კადრებს იმახსოვრებს. ფოტოზე ის მანდილი ჩანს, შატილში ბზრიალისას რომ მოძვრა. აწ კი ფოტოზე რომ სცენის გვირგვინივით ჩანს: შატილის მზეზე მძივებმობრჭყვიალე მანდილი გვტაცებს მზერას! ამ ეპიზოდის კითხვა-ხილვისას, ჩვენც გვენატრება შატილი თაიასებურად!  თაიას როცა ძალიან ენატრება, იქაურ ღამეებს იხსენებს: „მთაში ხომ სხვანაირად ღამდება? უფრო მალე, სრული უკუნეთია, მაშინაც კი, როდესაც მოწმენდილი ცა ვარსკვლავებითაა გადაჭედილი.“

სხვა სახილველებიც და სულის ამშლელი სევდიანი ალაგებიც ბევრია ამ პაწია წიგნის გვერდებზე, რომელიც არავის ტოვებს გულგრილს, არც ხევსურეთის მცნობს და არც არმცნობს.

მიცუს ჭალაში, მიღმახევის წყლის გაყოლებაზე, ერთ გაშლილ რიყეზე, უშველებელი ლოდები გაბუტული ბალღებივით შორი-შორს ყრია. ყოველი გავლისას, მათზე აბობღდებოდა ხოლმე და გაშლილი ხელებით ხმამაღლა მოიხმობდა მთის სულებს და  გასძახებდა სამშობლოს მთებს. ერთხელაც არ დახვდა ეს სულების შესაკრებელი! გამქრალიყო დევების სათამაშო ბურთებს მიმგვანებული და ზღაპრულ მოედანზე ჩამოზვინული ლოდები, რომელიც ძალიან უხდებოდა იქაურობას!  ეს მოგონება რომ არა, ჩვენც ვერასოდეს გავიგებდით თაიას სულის ამ რომანტიკულ თავგადასავალს.

კრებულის სხვადასხვა ნოველაში მწერალი იგონებს, თითქმის ბავშვმა,  როგორ დაუზარებლად მოატარა ტურისტები მუცოში და 30 წლის შემდეგ, როგორ შეიცნო ერთმა თანამგზავრმა თაია, თვითონ კი კონომსახიობთა თეატრში სპექტაკლზე მისულმა, მუცოს ექსკურსანტში რუსუდან ბოლქვაძე რომ შეიცნო. ან რა დაავიწყებს მას „არღუნის პირებზე, თმაში ალაგ-ალაგ ჩამალულ-ჩაწნულ ყვავილებივით გაბნეულ, მთის მზით გახუნებულ მოსტაფილოსფრო ყაყაჩოებს.“

თაია ჭინჭარაულს თხრობის გამორჩეული სტილი და ხელწერა აქვს და ამიტომ საინტერესოდ იკითხება მისი კრებულის პერსონალური ამბებიც. მან შეძლო ეს ბიოგრაფიული ნაფთევები ლიტერატურულ მოვლენად ექცია და მკითხველთა  აღტაცება გამოეწვია. ერთ პაწია ჩანაწერში ორი ან სამი ამბავიც ერთიანდება და გამოკრთის, ესთეტიკით ნათესავნი, ცალ-ცალკეც გამაოგნებელნი და მჭვირვალი ძაფებით გადაბმულნი.

  ნოველაში სამი უსიფრიფანესი ამბის ერთიმეორეში გადასვლისა და მათი ერთ პირმოკუმულ ორნამეტში გამომწყვდევის ხელოვნება არსად ისწავლება, ეს მთის საჩუქარია და ესაა მისი, როგორც ბელეტრისტის ჯადოსნობაც.

პირველ ამბავში ქალაქის ავტობუსის ტერმინალზე სამგზავრო ბილეთის აღებისას ვეცნობით ჭრელკაბიან და ბევრნაოჭიან ქალს, რომელსაც მტევანზე ისე ეტყობოდა მყესები, თითქოს „მზის სხივები გაეყინაო კანქვეშ.“ ვერაფერს უხერხებდა სიამაყეს და შიშებს და ამიტომაც ჩამოშორებოდა იგი ადამიანებს. მკითხველისთვის ცხადი ხდება ამ ფსიქოლოგიური მონასმის სიღრმეც, როგორი ზუსტი რაკურსითაა დანახული  დამთრგუნველი სინამდვილე, მარტოობის ქალაქური მოტივი.

მეორე ამბავი მთის ადათებზეა და „საკუთარ სისხლში დავიწყე პასუხის ჩხრეკაო,“ - ასე ჩაწერს. შვილმკვდარმა დედამ რძალს სისხლში გათხვეფილი პერანგი მიაწოდა და მდინარეზე მის გასარეცხად ჩასვლა დაავალა. „მოსულფონებულ“ ქალს თვალებზე ეტყობოდა, ჩუმად რომ გამოეტირა ვაჟკაცი ქმარი, რადგან ხევსურეთში სირცხვილად ითვლება ქმრისა და შვილის სხვის დასანახად დატირება. ეს ადათი ქალების მხარეზეა, რომ  ქალს გლოვისა და დარდისაგან სიცოცხლე არ მოესწრაფოს და მას ოჯახის გაძღოლა და შვილების გაზრდა დასცალდეს.

მესამე ამბად თაია ჭინჭარაული რუსთაველზე მიწისქვეშა გასასვლელში ჩაგვიძღვება და შუახნის მამაკაცს შეგვახვედრებს, რომელიც ძველ საბაგიროსთან, თავის გასაყიდ ბოღჩებს ყოველდღე გამოფენს. ძლივს ერევა, თუმცა, საღამოს სათითაოდ კვლავ უკან შეალაგებს. ამის შემხედვარე ავტორს ბავშვობის გათვლა აეკვიატება: „აინები-ბაინები, ჭიქები და საინები.“ ამ სანახაობით დათრგუნულებს,  ჩვენც ავტორივით, ბავშვური გათვლის რიტმს ავყვებით და ასე ვიტანთ ამ სანახაობის სიმძიმეს.

 ასეთი სემანტიკურად მოულოდნელი, ერთმანეთისგან დაშორებული ამბები უმთავრესში ემთხვევა ერთმანეთს, ადამიანის  სულის სიმაღლეს  ვერც საუკუნეები ასხვაფერებს და არც ისეთი საზღვრი აქვს, რომ ჩარჩოში დაუწესო და შიგ  გამოამწყვდიო. ასეთი მინიმალური სიტყვებით გადმოცემული მაქსიმალური სენტენციები ჟამიდან ჟამზე ადამიანის დანიშნულებაზე  გავაფიქრებს და საბედნიერო ისაა,  რომ ასე მოულოდნელად,  თაიასებრი „ბედის მწერლები“ გამოუჩნდებიან ხოლმე  სიფრიფანა ამბებს.

თაია ჭინჭარაულის ნოველებში აქა-იქ სიკვდილ-სიცოცხლის ველიც გადაიშლება. „მაძახურას“ გმირებისთვის სიკვდილისა და სიცოცხლის ურთიერთმიმართება გარკვეულწილად ფილოსოფიურიცაა, რადგან სიკვდილი მათთვის ფიზიკური დასასრული კი არა,  გარდასახვაა, სხვა სამყაროში გადასვლა და ერთგვარი წრებრუნვა და  დაუსრულებელი მოგზაურობაა.

ასეთ ადამიანებზე გვიყვება თაია მწერალიც, და გრძნობ, ცოტა ხნით,  მათთან როგორ შეყოვნდება სტუმრად მოსული ღმერთი, რომ   სიკვდილ -  სიცოცხლე გააერთიანოს. ხანდახან იმასაც ფიქრობ, რომ ხევსურეთში იმდენად ადვილად მიაჩნდათ ამ მიწიდან გადაბარგება, ზღვარი თითქმის წაშლილი აქვთ ამ სოფელსა და საიქიოს შორის. თუმცა, ადამიანთათვის არსებობდა მნიშვნელოვანი კრედო: სახელ-სირცხვილისა, სწორფრული გრძნობებისა და გმირობისა, ოჯახის წევრების, ნათესავებისა თუ სხვათა სიკვდილის გადატანისა. მათ ეს სიქველეები ვალდებულებად ჰქონდათ ქცეული და ესეც  მოდგმის დასაცავად, გასაძლიერებლად და  გადასარჩენად იყო დაკანონებული. თაია მწერალისთვის  კი სიკვდილი ისეთი ფენომენია, რომელიც მას ზედმეტად თავდაჯერებულსაც ხდის და მის  გამოწვევასაც უშიშრად იღებს, ეს განსაკუთრებით ეადვილება, როცა ნისლიან ქალაქში  მაღალი მთები მოენატრება!

 ასეთი „სხვანაირფიქრებით“ შემოდის ლიტერატურაში  და ჩვენც გვარწმუნებს, რომ სიკვდილი არასოდეს დაემართებათ საფლავებს, ქვითკირებს, მაღალ მთებს. არც ამ მოფუსფუსე ადამიანებს,  თავზე ამაყად  რომ წამოსდგომიან საუკუნის ამბებს „შემსწვრალი“ მთები და მაინც უმძრახად არიან! ვაჟასთანაც ხომ ასე დგანან და ელიან მთები! თაია მწერალი მათ დგომას სიკვდილის თანაგანმცდელობასთანაც აკავშირებს.  ქვის გული უნდა  ამდენი საიდუმლოს გაძლებასო! და აქვე ორგანულად უკავშირებს ხევსურულ ამბავსაც: ნეტავი მაშინ რას გრძნობდნენ  მთებიც და ადამიანებიც, როცა არდოტელმა ჯარიათ გიგიამ შვილის დასაფლავების დღეს ნაბადი რომ გადააფარა საფლავს, წვიმის წყალი არ ჩაუვიდესო! ერთი კვირის შემდეგ კი ასე მღეროდა თურმე: „ზოგებს ეგონა ვიმღერდი, ჩამამდიოდა ცრემლიო.“ ასეთები არიან მამები მაღალი მთებიდან  და ასე იკლავენ   ისინი  მოძალებულ დარდს.  

სევდიანია მეორე  ამბავიც: მთის კაცები - მოკლია და ჯავახა მდევარში გაიქცნენ და მალე დაიბრუნეს მოპარული პირუტყვი. სასიკვდილოდ დაჭრილი მოკლე ტანის მოკლია, შატილამდე მხრებით ატარა მეგობარმა. მან კი სიკვდილის წინ სწორფერს ხმით დამიტირეო, სთხოვა:  „საიქიომც დაგიმადლებსო,“ -  და ასე სულდაამებული  და ნატვრაახდენილი   გადავიდა სულეთის ქვეყანაში.

თაია ჭინჭარაულის  მწერლური ენა მთების ხმითაა ნასაზრდოები. მისი ენის ძირითადი მახასიათებელია ლაკონურობა და მკითხველზე ზემოქმედების დიდი ძალა. მისი ენა ამასთანავე, პოეტურიცაა:  მეტაფორებით, ეპითეტებითა და შედარებებით გამშვენიერებული, ამასთანავე, მშობლიური კუთხისა და ადამიანების სიყვარულითა და პატივისცემით გაჯერებული. მისი ნოველების სიტყვებში იგრძნობა ლირიკული განწყობა და ხევსურული მეტყველების სიღრმე: აგიცხროებდ, დაღლიშნევდ, გაანაგაბრა, მგებრნიც მაგივლენ, მარღვიელი, წერთხალა და სხვა.

ნოველების კითხვისას,  რაც მეტს გვერდს ჩავკეცავთ, მით  მეტად ვღონდებით, რადგან გვიჭირს მათთან განშორება, რადგან ყოველ გვერდზე ახალი „ნოველაა ვერდასავიწყები.“

თაიას ხევსურეთი უბრალოდ გეოგრაფიული ტერიტორია კი არა, განსაკუთრებული სამყაროა, რომელსაც ავტორი აღიქვამს. მისი ხევსურეთი ცოცხალია, სუნთქავს,  ფერადი ფერებით ფეთქავს, თავისკენაც გვიზიდავს და  მაძახურას ხმებით  გვეძახის კიდეც...

თაიასთვის ხევსურეთი ზღაპრული ბუნების სილბოთი და სიმკაცრით გამორჩეული - დაუვიწყარიი სამყაროა, თავისი მომნუსხველი მწვერვალებით, მღვრიე მდინარეებით, მწვანე მდელოებითა და ღრმა ხეობებით. მის ნოველებში ბუნება მხოლოდ დეკორაცია არაა, იგი მონაწილეა ადამიანთა ცხოვრებისა და მას განსაკუთრებული ძალა და სული აქვს.

 მწერალი თვითონაც განსაკუთრებულ პატივს სცემს და  სიყვარულით აღწერს ხევსურული ცხოვრების წესს. აქ ტრადიციები  მხოლოდ რიტუალი კი არა, ცხოვრების ფილოსოფიაა. ავტორი ამ ყველაფერს განსაკუთრებული სითბოთი გადმოგვცემს, იგი ხევსურეთს აღიქვამს როგორც საკუთარ სახლს, რომელიც უყვარს. ამიტომაც თაიას ხევსურეთი არის მზიანიც და ნისლიანიც, სულიერიც და მომნუსხველიც, ფაქიზიც და რთულიც.

თაია ჭინჭარაულს, როგორც ავტორს,  აქამდე  ერთი შიში ჰქონდა - „როგორ მოვსულიყავი თქვენთან და რა მეთქვაო.“ როგორ მოვიდა  და  თავისი ნათქვამით როგორ მოგვნუსხა ამის დასტურია ისიც, რომ ისევ და ისევ, ისევ თავიდან წაკითხვის სურვილი უჩნდებათ მის გულდადებით წამკითხველებსაც.

თაია ჭინჭარაულმა ამ კრებულით ხევსურეთი მისებურად დაგვისურათხატა და „სუნთქვით მოუღლელი“ სამაგალითო პერსონაჟები გაგვაცნო.

პატივისცემით: თამარი თამარელა წოწორია.

თიბათვის 08 - 2025 წელი.

 

თაგები:

#

თაგები

#ბლოგი #მწერალთასახლი #ნონამაზიაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #გიორგიმესხი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #ნინოსადღობელაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #დათიაბადალაშვილი #თამარგელიტაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #ირაკლისამსონაძე #ლევანინაური #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #კოტეჯანდიერი#ადანემსაძე #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #ლიასტურუა #ნანაკუცია #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #მარინე ტურავა #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #თამარგელიტაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #ლევანინაური #ლიტერატურულიბლოგი #ნინოქუთათელაძე #თამარელაწოწორია #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #შოთაჩანტლაძე #ნინოდარბაისელი #მწერალთასახლი #ლიტმცოდნეობითიოპუსები #ლიტერატურულიბლოგი #ჯემალქარჩხაძე #მანანაკვაჭანტირაძე#მწერალთასახლი ანდრიაძე ანდრიაძე "კრიტიკის სკოლა" "მწერალთა სახლი" გურამ რჩეულიშვილი, გია არგანაშვილი ეკა მახარაშვილი ახალი ძველი ამბები #ახალიძველიამბები ლიტერატურული პრემია მწერალთა სახლი ნაირა გელაშვილი მწერალთა სახლი ტარიელ ჭანტურია