11 სექ 2025
რუსთაველის თეატრში სპექტაკლი „ლამარა“ ორჯერ დაიდგა − 1926 წელს მარჯანიშვილ-ახმეტელის მიერ (ერთობლივი ნამუშევარი) და 1930 წელს ახმეტელის დამოუკიდებელი ვერსიით. თავად გრიგოლ რობაქიძე დეტალურად იხსენებდა პიესის შექმნის შემოქმედებითს ისტორიასაც და საპრემიერო ჩვენებასაც. ამ ვრცელ წერილში მან ერთმანეთს შეუდარა ვაჟას „გველის მჭამელი“, როგორც ინსპირაციის წყარო, და თავისი პიესა. დასკვნა ასეთი იყო: „გველის მჭამელითგან“ „ლამარაში“ არა დარჩენილა რა, გარდა მითიური თქმულების შუაგულისა, ისიც გარდაქმნილის: იქ დაცოლშვილება, აქ ტრფობა – იქ თავმოკლვა, აქ თავშეწირვა“ (გრ. რობაქიძე, 1954:). ისიც გარკვევით თქვა, როგორ გაჩნდა პიესის შექმნის იდეა. თურმე, მარჯანიშვილისთვის ვაჟაზე ჩამოუგდია სიტყვა: „ვამცნე, თუ რა დიდ მგოსნად მოჩვენებოდა იგი ილიას, ვუამბე, აგრეთვე, თუ როგორ გადმოვშალე მე სიდიდე ვაჟასი. გაინაბა გულხმიერებით. შემდგომ ჩავაწვეთე: რა იქნებოდა, ვაჟას პოემა „გველის მჭამელი“ განსცენიურდეს-მეთქი! (მკითხველისათვის. განსცენიურება აქ ამას გულისხმობდა: წარმოითქმოდა ამბის მოყოლა, დიალოგებში კი მსახიობნი გამოვიდოდენ). განაბული ახლა აღვივდა. ორიოდე დღის შემდგომ წავუკითხე პოემა. ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა. პაუზა. „იცი, რა გითხრაა?“ (დაახლოებულთან მიმართვაში ხანდახან „შენ“–ობაზე გადადიოდა.) „ეს რა გამოვა! რა იქნება. შენ თვითონ გაშალო ეს მითიური გადმოცემა დრამად, ჰა?!“ − თქვა და მომაფრქვია ციალი თვალი. „ვნახოთ“ − მივუგე სპონტანურ, არ დაფიქრებით“ (გრ. რობაქიძე, 1954:).
1924 წელს ჩამოყალიბდა კორპორაცია „დურუჯი“, როგორც პროტესტი ქართულ თეატრში არაპროფესიონალიზმის, ძველი ბენეფისური თეატრის წინააღმდეგ (ეს უკვე არის თეატრის მხატვრული სახის ფორმირების დასაწყისი) და, ფაქტობრივად, „ახალი არტისტის“ იდეა. „დურუჯი“ ახალი სათეატრო ენისა და ესთეტიკის დასაწყისის მაუწყებელი იყო. მათი მანიფესტი ერთობ ეპატაჟური გამოდგა თავისი კატეგორიულობითა და პრეტენზიით. ის ამკვიდრებდა ახალი დროის ფორმასაც და შინაარსსაც: ქართული თეატრი „შლამიანი ჭაობიდან“ უნდა ამოეტივტივებინათ, „ახალი ცეცხლის არტახებში“ მოექციათ და, რაც მთავარია, უკვე სერიოზულად დადგა ახალი არტისტის მოთხოვნა. სწორედ, არტისტი „შუშპარიანი, გიჟი, ცეცხლოვანი, შფოთი, გოროზი, ფაფარაყრილი რაშზე, კადნიერი და რიხიანი“ იყო „დურუჯელთა“ სტიქია. ასეთ სიახლეს (კონსერვატორულ საზოგადოებაში) ბუნებრივია, ბევრი ვერ მიიღებდა. დაიწყო დაპირისპირება, გაყოფა, მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ბანაკებად ჩამოყალიბება. არა მხოლოდ თეატრალური საზოგადოება დაუპირისპირდა ერთმანეთს... 1926 წელს „დურუჯის“ 2 წლისთავთან დაკავშირებით გადაწყდა „ლამარას“ დადგმა (თუმცა, განზრახული იყო „მეფე ლირის“ ჩვენებაც). გრიგოლ რობაქიძის ზემოთ მოყვანილი მოგონება კარგად წარმოაჩენს მარჯანიშვილის ინტერესს ვაჟას „გველის მჭამელის“ მითთან დაკავშირებით. რეპეტიციები დაიწყო. როლები ასე გაანაწილეს: ლამარა − თამარ ჭავჭავაძე; თორღვაი − უშანგი ჩხეიძე; მურთაზ − აკაკი ვასაძე; იჩო − აკაკი ხორავა; რაიბულ − შალვა ღამბაშიძე; ვაჟა − პლატონ კორიშელი; იჩოს მამა − დათიკო ჩხეიძე.
კოტე მარჯანიშვილს გვერდით ედგა სანდრო ახმეტელი, რომელიც, როგორც დ. ანთაძე იგონებს, „გულმოდგინედ ახდენდა ფიქსაციას კოტე მარჯანიშვილის ყოველი მითითებისას“. პირველი მოქმედება დადგა მარჯანიშვილმა, დაიწყო მეორეზეც მუშაობა, მაგრამ ავად გახდა (ბრმა ნაწლავის ანთება დაემართა) და საავადმყოფოში დაწვა, თუმცა მან უკვე მოასწრო და ერთხელ ნახა ახმეტელის გაგრძელებული რეპეტიციაც და საერთო მოხაზულობა მისცა მესამე მოქმედებასაც. მეოთხე მოქმედება „საერთოდ, სანდრო ახმეტელის გაგებით წავიდა“ (დ. ანთაძე, 1962: 313). პრემიერის მღელვარე წუთებს გულდაგულ იგონებდა გრიგოლ რობაქიძე: „ფარდა ეშვება. ფეხზე დგება მთელი თეატრი. მეც ვდგები. ტაშის გრიალი სცენის მიმართ. მეც მივყვები გრიალს. ფარდა იხდება. ვხედავ: სცენითგანაც ტაში მოდის. გაოცებული ვარ. ერთი მეგობრის ხელი ჩემს მარჯვენა მხარზე. ვერკვევი: სცენითგან მოშვებული ტაში ჩემკენ აბრუნებს მისადმი მიზვავებულ ტაშს მთელი თეატრისა. ახლა კი ბრუ მესხმის: თითქო მე სხვა ვიყვე, ნათელი ნეტარებით ტანაყვანილი“ (გრ. რობაქიძე 1954:). სპექტაკლმა ნამდვილი გამარჯვება მოუტანა თეატრს. „დადგმისა და სცენური განსახიერების მხრივ“ იშვიათ წარმოდგენად შეაფასეს, ითქვა ისიც, რომ „ლამარაში“ გამარჯვებულია ქართული თეატრი და ქართველი არტისტი“.
დაიწყო „ლამარას“ ტრიუმფი. 1926 წლის მაისში ბათუმელმა მაყურებელმაც ნახა და გაზეთი „ფუხარა“ ასე გამოეხმაურა ამ ფაქტს: „გრიგოლ რობაქიძის „ლამარა“ − ვაჟა-ფშაველას მხატვრული შემოქმედების სცენიური ასახვაა. ბუნების „გასულიერება“, ბუნების „სულის ძებნა“, უსულო და უენო საგანთა ორგანული დაკავშირება ბუნების მეფე-ადამიანთან − აი, ფონი, რომელზედაც გაშლილია რობაქიძის ფაბულა“ (ფუხარა 1926:).
საქმე ისაა, რომ ახმეტელმა მთელი სპექტაკლი საკუთარ კონცეფციას დაუქვემდებარა. მარჯანიშვილს „ლამარა“ ჩაფიქრებული ჰქონდა ლირიკულ ლეგენდად, ახმეტელმა კი გადაწყვიტა როგორც გმირულ-რომანტიკული ამბავი. ამიტომ, ზოგადად, „დურუჯსა“ და მარჯანიშვილს შორის არსებული დაპირისპირების ფონზე მომწიფებულ საკონფლიქტო სიტუაციაში „ლამარამ“ კატალიზატორის როლი შეასრულა“ (ს. ახმეტელი 1978: 32). მოკლედ, ეს დადგმა მარჯანიშვილსა და ახმეტელს შორის სერიოზული შემოქმედებითი კონფლიქტის მიზეზი გახდა. აფიშაზე ორივე რეჟისორის გვარი იყო მითითებული. სპექტაკლი მარჯანიშვილმა ბათუმში ნახა, თეატრის გასტროლების დროს და კატეგორიულად მოსთხოვა ახმეტელს, ჩემი გვარი მოხსენი აფიშიდანო:
− თქვენი არ მესმის, − უპასუხა ახმეტელმა.
− უბედურებაც ის არის, რომ არ გესმით...
სპექტაკლის ბედი კატასტროფით დასრულდა − წარმოდგენა გაქრა, დეკორაციები დაშალეს, დაჩეხეს, დაწვეს... ამ სპექტაკლით დასრულდა მარჯანიშვილისა და ახმეტელის ერთად მუშაობის 4 წელიც. ამის შემდეგ, როგორც ვასილ კიკნაძე წერს: „სანდრო ახმეტელმა გონებასა და გულში ღრმად ჩაიჭედა ბედი სპექტაკლისა, ოთხი წელი ატარა დარდი იმ წარმოდგენაზე. მერე გაღვივდა თესლი მომავალი წარმოდგენისა“ (ვ. კიკნაძე 1986: 248). ახმეტელი უკვე მეორედ დგამს „ლამარას“, რა თქმა უნდა, საკუთარი დამოუკიდებელი ვერსიით, როგორც შემოქმედებითი კონცეფციისა და მრწამსის, ოცნების აცხადებას. ეს ფაქტი იმთავითვე მიუთითებს ამ სპექტაკლის მიმართ რაღაც საბედისწერო დამოკიდებულებას (მალე ყოველწლიურად გაუხსენებენ „ლამარას“, როგორც თეატრისთვის „უცხო ხილს“). თავად ახმეტელი ასე შეაფასებს: „ლამარას“ დადგმამ დაგვარწმუნა, რომ ნაციონალური ფორმების ძიება ფუჭი არ იყო“ (ს. ახმეტელი 1958: 252), რადგან „მივაღწიე სიტყვისა და პლასტიკის სრულ ჰარმონიას, ფორმის სიზუსტეს, სულის რომანტიკულ ამაღლებას, რაზედაც მუდამ ვოცნებობდი. იგი ჩემთვის გენიალური ქართული არტისტიზმის გამართლება იყო“ (ვ. კიკნაძე 1986: 241). როგორც ამბობენ, თავისი ცხოვრების ყველაზე ტრაგიკულ წუთებშიც კი თურმე „ლამარაზე“ საუბრობდა, მის აღდგენაზე ოცნებობდა.
„ლამარა“, როგორც ტიპიზაცია თანამედროვეობისა და ეთნოგრაფიისა, მწვავე კამათს იწვევდა. „თავად რეჟისორს იგი ექსპერიმენტად მიაჩნდა, სადაც ფართოდ გადაიშალა ალ. ახმეტელისა და ირ. გამრეკელის უნაპირო ფანტაზია“ (ნ. არველაძე 1980: 26).
1930 წლის 28 მაისს რუსთაველის თეატრი მოსკოვში გაემგზავრა ნაციონალური რესპუბლიკების თეატრების ოლიმპიადაზე (ვრცლად იხ. ნ. ურუშაძე 1987: 186-201; წულუკიძე 1981: 81-85). გასტროლები დაიწყო 5 ივნისს, სპექტაკლით „ანზორ“. მოსკოვში სრული ესთეტიკური აფეთქება მოახდინა თეატრმა. დიდი წარმატება ხვდა „ლამარას“ (სპექტაკლი ბელადმაც კი ნახა და მოიხიბლა), რომელიც შეაფასეს, როგორც „ძირეული გადაფასება „რომეოსა და ჯულიეტას“ და სხვა „სიყვარულთა“ კლასიკური სქემისა. იყო ბრალდებებიც, რომ „ლამარაში“ არ ჩანდა არც „კლასობრივი ბრძოლა და არც სოციალური დიფერნციაცია“.
როგორც ცნობილია, 1931 წლამდე გრიგოლ რობაქიძე საქართველოში ცხოვრობდა (მისი დრამები − „ლონდა“, „მალშტრემ“ და „ლამარა“ გამომცემლობა „სახელგამმა“ წიგნად გამოსცა 1926 წელს), შემდეგ კი გერმანიაში გაემგზავრა და იქვე ემიგრაციაში დარჩა. როგორც თავად ამბობდა, მიატოვა „ბოლშევიკური სამოთხე“. ბუნებრივია, ამის შემდეგ საბჭოთა საქართველოში ის ხალხის მტრად და ჯაშუშად გამოცხადდა და აიკრძალა მისი ხსენება. შესაბამისად, რუსთაველის თეატრში 2-ჯერ დადგმულ სპექტაკლ „ლამარას“ ავტორი მოიხსნა აფიშებიდან.
რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცულ 1929-1930 წლების სეზონის სპექტაკლის პროგრამას აწერია „ლამარა გრიგოლ რობაქიძის“, მაგრამ უკვე 1932-1933 წლების პროგრამიდან ავტორი ამოღებულია, თუმცა ხელით მიწერილი აქვს „ვაჟა-ფშაველა, გველისმჭამელი“.
ვიდრე თავად რობაქიძე საქართველოში იყო, კითხვის ნიშნის ქვეშ არავის დაუყენებია მისი ავტორობის საკითხი. მართალია, 1925 წლის 22 სექტემბრიდან დაწყებული, „ლამარას“ სარეპეტიციო დღიურებში ავტორი მითითებული არაა (საერთოდ, ეს დღიურები მოკლე და სქემატურია), მაგრამ აფიშებსა და პროგრამებზე გრიგოლ რობაქიძის სახელი ფიგურირებდა. რა თქმა უნდა, ყველამ იცოდა ვაჟას „გველის მჭამელთან“ პიესის სიახლოვე. მეექვსე რეპეტიციაზე, 1925 წლის 27 სექტემბერს, ასეთი ჩანაწერი კეთდება: „გველისმჭამელი ვაჟასი შემდეგ რეპეტიციაზე მოტანილ უნდა იქნას“ (სარეპეტიციო დღიური, მასალა N3053), მაგრამ მერე აღნიშნული აღარ არის, წაიკითხეს თუ არა პოემა რეპეტიციაზე.
1935 წლიდან, როგორც მოსალოდნელი იყო, საბჭოთა ხელისუფლებამ გრიგოლ რობაქიძის წინააღმდეგ გააფთრებული ბინძური კამპანია ღიად წამოიწყო. ჟურნალ „მნათობში“ (1935, N4) გამოქვეყნდა მწერალთა მიმართვა სრულიად საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პრეზიდიუმისადმი: „არავითარი დანდობა კლასობრივ მტრებს“. წერილში ნათქვამი იყო, რომ რობაქიძე, „ეს თვალთმაქცი ადამიანი, დღიდან საქართველოში საბჭოთა წესწყობილების დამყარებისა, ატყვილებდა რა ხელისუფლებას, მწერლობას და საბჭოთა საზოგადოებას, გულში ატარებდა მშრომელთა ქვეყნისა და საბჭოთა საქართველოს ღალატის მუხანათურ აზრებს... ფაშისტი გრიგოლ რობაქიძე, სოციალისტური სამშობლოს ღალატისათვის და გამცემლური მუშაობისათვის გამოცხადებულ იქნას სოციალისტურ სამშობლოს მოღალატედ“ (მნათობი 1935: 188-189).
რადგან რობაქიძის სახელი უკვე ტაბუდადებული იყო, „ლამარას“ ავტორად ნელ-ნელა გამოცხადდა ვაჟა-ფშაველა. ძალიან დიდხანს ყველგან ასე იწერებოდა „ლამარა“ − ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების მიხედვით“. როდესაც ამის შესახებ გრიგოლ რობაქიძემ შეიტყო, 1962 წლის აპრილში ბარათით მიმართა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, ირაკლი აბაშიძეს: „წავიკითხე ვინმე ვალერიან კანდელაკის წერილი „შენიშვნები ზოგიერთ პასუხზე“ („ლიტერატურული გაზეთი“: 2. 3, 1962). ერთს ალაგს, საცა ავტორი სერგო კლდიაშვილს ეკამათება, ჩაწვეთებულია „შეპარვით“: „...ხოლო „ლამარა“ ვაჟასია“. ასეთი გაყალბება ფაქტისა არა თუ ქართულ, მთელს მსოფლიო ლიტერატურაში არ მოიძებნება. „ლამარა“ ვაჟასიაა? მაშ მე, ავტორი „ლამარასი“, ლიტერატურული ქურდი ვყოფილვარ!“ (ქართული მწერლობა 2008: 31).
ვიდრე ზემოთ მოხმობილ განაჩენს გამოუტანდნენ რობაქიძეს, მანამდე ვაჟას ოჯახის წევრები წააქეზეს. რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცულია სამი განცხადება, სამივეს ხელს აწერს ვაჟა-ფშაველას ქვრივი თამარ რაზიკაშვილი. ამ სამიდან ერთი ხელნაწერია (მასალა N2596), დანარჩენი ორი − ნაბეჭდი. თარიღიანია მხოლოდ ერთი განცხადება − 1934 წლის 28 აპრილი. ამ პერიოდისთვის რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელია სანდრო ახმეტელი. მოგვყავს სამივე განცხადების ტექსტი (სტილი დაცულია):
მასალა N2596
„გთხოვთ თქვენს განმარტებას შესახებ „ლამარას“ საავტორო უფლებებისა. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ მწერალთა კავშირი ელოდება თქვენს დასკვნას, რომელსაც არაფერი აქვს საწინააღმდეგო, რომ კანონიერ ფარგლებში ვაჟა-ფშაველას მემკვიდრეებს ერგოს შესაფერი %%“.
მასალა N2597
„როგორც მოგეხსენებათ, პიესა „ლამარა“ აგებულია ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებზე („გველის მჭამელი“, „მოკვეთილი“, ზვიადაური, „სტუმარ-მასპინძელი“ და სხვა).
თქვენ არა ერთხელ განმარტების ნიადაგზე ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ირგვლივ მიუთითებდით ლამარას ძირითად ელემენტებზე, რომელიც საფუძვლად უდევს რობაქიძის მიერ შეკრებილ პიესას ვაჟას სხვა და სხვა ნაწარმოებებიდან ლამარას სახელწოდებით.
მოგახსენებთ რა ყოველივე ამას ვაჟა-ფშაველას ცოლ-შვილი გთხოვთ თქვენს დასკვნას საავტორო უფლებიანობაზე კანონიერების ფარგლებში. თ. რაზიკაშვილი, 28/IV − 34“.
ეს ორი განცხადება დაწერილია რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელის სახელზე, ოღონდ მითითებული არ არის სანდრო ახმეტელი.
რაც შეეხება მესამეს (მასალა N2598), ის ნაბეჭდია და შედარებით ვრცელიც:
„საქ. კ. პ. (ბ) ცენტრალურ კომიტეტს /კულტპრომს/
ასლი: საქ. მწერალთა კავშირს და რუსთაველის თეატრს
თამარ რაზიკაშვილის
განცხადება
როგორც მოგეხსენებათ, რუსთაველის თეატრში მეათე წელია მიდის პიესა „ლამარა“ გრ. რობაქიძის ავტორობის სახელით. ხსენებული პიესა მთლიანად ემყარება ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებზე, კერძოდ „გველის მჭამელი“, „მოკვეთილი“, „სტუმარ-მასპინძელი“ და ცალკე ლექსები „ფშაველი ჯარისკაცის წერილი“, „სისხლის ძიება“, „ზვიადაური“ და სხვ.
ვინაიდან ვაჟა-ფშაველას ოჯახი განიცდის უკიდურეს მატერიალურ სივიწროვეს, გთხოვთ საბჭოთა ხელისუფლების მიერ დადგენილ საავტორო უფლებების ნიადაგზე განგვისაზღვროთ რაოდენობა, რომელიც კანონიერად ეკუთვნის მონტაჟის ავტორს რობაქიძეს და თვით დედანების ავტორის ვაჟა-ფშაველას მემკვიდრეებს.
მთხოვნელი − თ. რაზიკაშვილი
/ს. ჩარგალი. დუშეთის რაიონი/
საავტორო უფლებების ჩვენის მხრით რწმუნებულებას ვსთხოვთ რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელს სანდრო ახმეტელს“.
ეს განცხადებაც უთარიღოა, მაგრამ საუბარია „ლამარას“ სცენაზე სიცოცხლის მეათე წელზე. გარდა ამისა, სანდრო ახმეტელი რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელი იყო 1935 წლის 13 სექტემბრამდე (13 სექტემბერს მოხსნეს თეატრის დირექტორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან და დირექტორად დანიშნეს განათლების სახალხო კომისრის მოადგილე ვ. გორდელაძე შეთავსებით (იხ. ვ. კიკნაძე 1986: 218). განცხადებაც სწორედ 1935 წლის სექტემბრამდე უნდა იყოს დაწერილი.
ჩვენთვის უცნობია, როგორ დამთავრდა თ. რაზიკაშვილის მოთხოვნა, გრიგოლ რობაქიძეს „მონტაჟის ავტორად“ რომ მიიჩნევს, ან რა რეაქცია ჰქონდა ს. ახმეტელს (ვაჟას ქვრივის განცხადებებიდან ორი წლის შემდეგ კონსტანტინე გამსახურდია დაწერს „ხოგაის მინდიას“ (1937 წ.) და ამ ლოგიკით თ. რაზიკაშვილს შეეძლო, მისთვისაც მოეთხოვა ჰონორარი). ისიც ფაქტია, თამარ რაზიკაშვილის განათლების პატრონი ამ განცხადებებს თავად ვერ დაწერდა. აშკარაა, რომ ეს პროცესი მართული იყო, რათა სპექტაკლ „ლამარას“ ავტორად საბოლოოდ ვაჟა-ფშაველა დამკვიდრებულიყო და ამ გზითაც ეძიათ შური გრიგოლ რობაქიძეზე. „რაში სჭირდებოდა ვაჟა-ფშაველას ასეთი „შენამატი“? მის სახელს − არაფერში, თეატრს კი − წარმოდგენის შენარჩუნებაში“ (ვ. კიკნაძე 1987: 13).
ძალიან დიდხანს − 55 წელი, 1987 წლამდე ვერავინ დაწერდა, რომ „ლამარა“ გრიგოლ რობაქიძის პიესა იყო. მართალია, ოცდაათიანი წლებისათვის დამახასიათებელი ხისტი და ძალადობრივი ტენდენციურობა ისტორიის კუთვნილებადაა ქცეული, ორმოციანი წლების ტრაფარეტული პატრიოტიზმიც ჩამცხრალია, ორმოცდაათიანი წლების „პლაკატური ინტერნაციონალიზმი“ (მ. ქურდიანი) − ვადაგასული, რაც მთავარია, ბელადი − დიდი ხნის გარდაცვლილი, მაგრამ ქართველი თეატრმცოდნეები მაინც ასე წერენ: „ვაჟა-ფშაველას „ლამარას“, „მოკვეთილისა“ და „ბახტრიონის“ დადგმა... სანდრო ახმეტელი და ვაჟას „ლამარა“. ქართული თეატრის მიერ გამოცემულ ყველა დოკუმენტსა თუ კვლევაში იწერებოდა ან „ლამარა“ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების მიხედვით, ან პიესის ავტორის გარეშე. ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაშიც ასეა მითითებული: „აღსანიშნავია კ. მარჯანიშვილისა და ს. ახმეტელის ერთობლივი დადგმა „ლამარა“ (ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებთა მიხედვით)“; (ქსე 1984: 509; შდრ. ქსე: 1977: 107). მოსკოვში გამოცემული „თეატრალური ენციკლოპედიის“ ხუთტომეულშიც (1961-1967 წწ.) ყველგან მითითებულია ЛамараGпо Важа Пшавела (Театральная Энциклопедия, Т. I, 1961, გვ. 347; Т. II, 1963, გვ. 210; Т. V, 1967, გვ. 705).
მიუხედავად ტოტალიტარული ეპოქის წნეხისა, მაინც სრულიად მოულოდნელი და გაუგებარი იყო 1966 წელს ვრცელი წერილი − „ვაჟა-ფშაველა და ქართული თეატრი“, რომელშიც ცამეტი გვერდი ეთმობა ვაჟას „ლამარაზე“ საუბარს ასეთი პათოსით: „ვაჟას ნაწარმოებთა მოტივებზე შექმნილ პირველ სპექტაკლს, „ლამარას“ ისტორიული მნიშვნელობა აქვს და დღეს არა მხოლოდ ორი ბრწყინვალე სპექტაკლი „მოკვეთილი“ (მარჯანიშვილის თეატრი) და „ბახტრიონი“ (რუსთაველის თეატრი), არამედ ბალეტი „ოტელოც“ კი, პლასტიკური ხელოვნების ეს მშვენიერი ნიმუში, წარმოუდგენელია ამ ტრადიციის გარეშე... „ლამარაში“ სანდრო ახმეტელი შეხვდა ვაჟას გენიას... ასეთი იყო ვაჟას მოტივებზე შექმნილ სპექტაკლ „ლამარას“ მნიშვნელობა ქართულ თეატრალურ კულტურაში“ (ნ. გურაბანიძე 1966: 130-142). და ეს მაშინ, როცა ამავე პერიოდში, 1966-1971 წლებში მოსკოვში გამოცემულ საბჭოთა დრამატული თეატრის ისტორიის ექვსტომეულში გრიგოლ რობაქიძის სახელი არაერთხელაა ნახსენები, როგორც ავტორი პიესებისა: „ლამარა“, „მალშტრემი“ და „ლონდა“.
აკაკი ბაქრაძემ ყველაზე დიდი კურიოზი უწოდა ამ აბსურდს: „ლამარა“ ვაჟა-ფშაველას მიაწერეს. ერთნი ამბობდნენ − ვაჟას მოტივების მიხედვითო, მეორენი − პირდაპირ ვაჟას ასახელებდნენ ავტორად. ვინც ამას აკეთებდა, ყველამ ჩინებულად იცოდა, ვინც იყო ავტორი. მაგრამ მაინც ცრუობდნენ. თავს კი იმით იმართლებდნენ, რომ გრიგოლ რობაქიძის ხსენების უფლებას არავინ მოგვცემსო. ვერც „ლამარაზე“ ვილაპარაკებთ. ტყუილით კი „ლამარაზე“ საუბარს მაინც ვახერხებთო. ამრიგად, ნებსით თუ უნებლიეთ, „ლამარა“ წაერთვა გრიგოლ რობაქიძეს და ვაჟა-ფშაველას გადაეცა. ქართული მწერლობისა და თეატრის ისტორიაში უფრო კურიოზული შემთხვევა არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლშევიკურ-კომუნისტური პერიოდის მწერლობისა და თეატრის ცხოვრება სავსეა სატირალ-სასაცილო შემთხვევებით“ (ა. ბაქრაძე 2004, II: 147).
გრიგოლ რობაქიძის სახელის რეაბილიტაციის საკითხი პირველად 1976 წელს საქართველოს მწერალთა მერვე ყრილობაზე დააყენა რევაზ ჯაფარიძემ. მისი ეს გამოსვლა მხოლოდ 1988 წელს დაიბეჭდა (გაზეთ „თბილისში“); 1987 წელს მაშინდელი თეატრალური ინსტიტუტის რექტორმა, თეატრმცოდნე ეთერ გუგუშვილმა, საქართველოს თეატრალური საზოგადოების მე-10 და საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის პირველ დამფუძნებელ ყრილობაზე დასვა იგივე საკითხი.
დრომ მოვლენები დაალაგა, ისტორიული სამართლიანობა აღდგენილია. „ლამარა“, როგორც ქართული თეატრის, დრამის ნიშანსვეტი“ (ინასარიძე 1987: 31) კარგა ხანია თავისუფალია ბოლშევიკური წნეხისაგან. ამ გადასახედიდან დაბეჯითებით შეიძლება იმის თქმაც, რომ „არასასურველი ავტორებისა და ტექსტების მიმართ გამოყენებული რეპრესიული ზომები არათუ მიზანს ვერ აღწევდა, არამედ იმის საწინააღმდეგო შედეგი მოჰქონდა, რის მიღწევასაც ესწრაფოდნენ. აკრძალული ავტორები და ტექსტები იდუმალების შარავანდით იმოსებოდნენ და ამის შედეგად მართლა იძენდნენ რეჟიმის დამანგრეველ ძალას“ (ბრეგაძე 2010: 262).
დამოწმებანი:
ალბომი 1929: საქართველოს სსრ აღმშენებლობის ალბომი, ზოგიერთ სურათში = Альбом строительства Советской Грузии, 1921-1929. თბილისი: გამომცემლობა „სახელგამი“, 1929.
არველაძე 1980: არველაძე ნ., ალექსანდრე ახმეტელი. თბილისი: საქართველოს თეატრალური საზოგადოება, 1980.
ანთაძე 1962: ანთაძე დ., „დღეები ახლო წარსულისა“ (მოგონებები). თბილისი: გამომცემლობა „ხელოვნება“, 1962.
ახმეტელი 1958: ახმეტელი ს., კრებული (წერილები), თბილისი: გამომცემლობა „ხელოვნება“, 1958.
ახმეტელი 1978: ახმეტელი ალ., დოკუმენტები და ნარკვევები, ტ. 1, თბილისი, საქართველოს თეატრალური საზოგადოება, 1978.
ბაქრაძე 2004, II: ბაქრაძე ა., თხზულებანი, ტ. II. თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2004.
ბრეგაძე 2010: ბრეგაძე ლ., ტექსტის აკრძალვის ექსტრალინგვისტური მოტივები საბჭოური ცენზურის პრაქტიკაში. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი, მე-20 საუკუნის გამოცდილება (მასალები)“, თბილისი: 2010.
გუგუშვილი 1988: გუგუშვილი ე., გრიგოლ რობაქიძის სახელი აღდგენილია. ჟურნ. „საბჭოთა ხელოვნება“, 1988, N7.
გურაბანიძე 1961: გურაბანიძე ნ., „ვაჟა-ფშაველა და ქართული თეატრი“ [წერილი პირველი], ჟურნ. „საბჭოთა ხელოვნება“, 1961, N8-9.
გურაბანიძე 1966: გურაბანიძე ნ., „სცენა, რეჟისორი, მსახიობი“. თბილისი: გამომცემლობა „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1966.
თბილისი 1988: რევაზ ჯაფარიძე, „საგნებს თავისი სახელი დავარქვათ“ [საქ. მწერალთა კავშირის მე-8 ყრილობაზე მშობლიური ერის ღირსების დაცვისათვის წარმოთქმული სიტყვა]. თბილისი, 1988, 18 ივნისი.
ინასარიძე 1987: გრიგოლ რობაქიძის „ლამარა“. მიუნხენი: კარლო ინასარიძის გამოცემა, 1987.
კალანდარიშვილი 2000: კალანდარიშვილი მიხ., „ანზორის“ სამი განზომილება. ჟურნ. „თეატრი და ცხოვრება“, 2000,NN3.
კიკნაძე 1961: კიკნაძე ვ., „ვაჟა და ქართული თეატრი“. გაზ. „ლიტერატურული გაზეთი“, 1961,NN34.
კიკნაძე 1986: კიკნაძე ვ., „ცხოვრება სანდრო ახმეტელისა“. თბილისი: გამომცემლობა „ხელოვნება“, 1986.
კიკნაძე 1983: კიკნაძე ვ., „რუსთაველიდან გალაკტიონამდე“. თბილისი: გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1983.
კიკნაძე 1987: კიკნაძე ვ., „ლამარას“ დაბრუნება. გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1987,NN23.
მნათობი 1935: ჟურნ. „მნათობი“, 1935, N4.
რობაქიძე 1954: რობაქიძე გრ., „ლამარა“ (მოკლე ბიოგრაფია). განთავსებულია 2009 წლიდან, მისამართი: https://burusi.wordpress.com/2009/05/29/%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9A-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%9B/
„საბჭოთა ხელოვნება“ 1961: ჟურნ. „საბჭოთა ხელოვნება“, 1961, N8-9.
ურუშაძე 1987: ურუშაძე ნ., „მეორე სიცოცხლე“. თბილისი: გამომცემლობა „ნაკადული“, 1987.
ფუხარა 1926: გაზ. „ფუხარა“, 1926,NN118, 27 მაისი.
ქართული მწერლობა 2008: ჟურნ. „ქართული მწერლობა“, 2008, N1.
ქსე 1984: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8. თბილისი: 1984.
შოთა რუსთაველის თეატრის მუზეუმის მასალები: სარეპეტიციო დღიური, მასალა N3053; ვაჟა-ფშაველას ქვრივის, თამარ რაზიკაშვილის, სამი განცხადება (მასალები: N2596; N2597; N2598).
ცხადაძე 2003: ცხადაძე ე., გრიგოლ რობაქიძის დრამების იდეური სამყარო. „თეთრ სიამაყეს აქანდაკებ შენი დიდებით“ (კრებული ეძღვნება გრიგოლ რობაქიძეს), განთავსებულია 2003 წლიდან, მისამართი:
წულუკიძე 1981: წულუკიძე, თ. მოგონებები [რუსთაველის თეატრის გასტროლები მოსკოვში. 1930 წ. 2].