3 ოქტ 2025

ავტორი: ოთარ ჭულუხაძე

მამარდაშვილი – ფილოსოფია გზაგასაყარზე

 

 

 

მამარდაშვილის კითხვა გამოცდილებაა, რომელიც თავისუფლების ჰორიზონტებს უხსნის ახალგაზრდა ადამიანს. შინაგანი თავისუფლების პრიმატი, რაციონალობასთან და ეროვნულ თვითაღქმასთან შეზავებული, – ეს, ალბათ, ისაა, რაც მიიზიდავს ახალგაზრდას მამარდაშვილის კითხვისას. მიმზიდველია ასევე ფილოსოფოსობის კონკრეტულობა, რომელსაც ე.წ. „პერესტროიკის“ პერიოდი სძენდა მას; გვიან-საბჭოურ ქრონოტოპოსში მამარდაშვილის აზროვნება გვახსენებს ჰეგელისეულ მაქსიმას, რომ „ფილოსოფია – ეს არის ეპოქა, ასახული აზრებში“. თუმცა მამარდაშვილის აზროვნება როდი შემოიზღუდება ამ ფორმულით – ის ამასთანავე ცდილობდა აზრები ეპოქაში აემეტყველებინა და ამ აზრებს არა უბრალოდ ამსახველი, არამედ გზის გამკვალავი, მიმართულების მიმცემი ფუნქცია ჰქონოდა. მამარდაშვილის აწმყო და მომავალი დროება ხომ მრავალ გამოწვევას უქადდა საზოგადოებას: მათ შორის, ნაციონალიზმის საფრთხეს და დამოუკიდებელი ცხოვრების სასტიკ მომავალს, – დამოუკიდებელი ცხოვრებისა, რომელიც, მამარდაშვილისვე გაფრთხილებით, ბევრ სიმახინჯეს წარმოაჩენდა.

მამარდაშვილი მართალი აღმოჩნდა: საქართველოს დამოუკიდებლობამ მართლაც წარმოაჩინა მრავალი სიმახინჯე – სამოქალაქო თუ არასამოქალაქო ომები, ავტორიტარიზმი, ფანატიზმი, გაუტანლობა, სიდუხჭირე და სხვა მრავალი. ეს ყველაფერი, მისი აზრით, „მონობაში“ ცხოვრებისას დაგროვილიყო ან ამ დაგროვებულის ლოგიკური გაგრძელება იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს „მონობა“ იძლეოდა მატერიალურ-ტექნიკურ და ინსტიტუციურ საფუძველს კულტურული შემოქმედებისა და მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ პერიოდში, მეოცე საუკუნის 60-80-იან წლებში, ვიხილეთ ქართული კულტურის რენესანსი – როგორც ჩანს, ეს პერიოდი ვერ იძლეოდა მთავარს: ეს არის შინაგანი თავისუფლების გარეგან, ეროვნულ შტრიხებში სათანადო გამოხატვის შესაძლებლობა.

თუმცა ეროვნული თვითგამოხატვა გარკვეულ სტრუქტურას უნდა მიჰყვებოდეს; მამარდაშვილი სწორედ ასეთ მნიშვნელოვან სტრუქტურას გვთავაზობს შემდეგი იერარქიის სახით: უნივერსალურზე დაფუძნებული,ზოგად ადამიანურში ფესვგადგმული პიროვნული, რომელსაც უნდა დაემყაროს ეროვნული. ლამის დევიზად ქცეული მისი სიტყვები, რომ „ქართველობა ღირსებიდან იწყება და არა პირიქით“, სავსებით სიღრმისეულად და მართებულად გვიჩვენებს ადამიანური სამყაროს იერარქიას, – ადამიანი, განურჩევლად კულტურული კუთვნილებისა, არის არსება, მოსროლილი დროში, ხოლო ღირსება ამ დროის მეტად გამორჩეული ადამიანური აღქმაა, ე.ი. დროის გადამუშავება არა მედროვეულად, არამედ სწორედ რომ  შინაგანი თავისუფლების ჭრილში; სწორედ აქედან იწყება ამ აღქმების შეკავშირება, რომელიც თანდათანობით საერთო ეროვნულ ნიშან-თვისებებსა და ფორმებს იძენს.

მამარდაშვილის აზროვნება ამ მხრივაც გამორჩეულია – ის ასხივებს ცალკეულის და მთელის დიალექტიკურ ერთიანობას; უბრალოდ, ეს ხდება ადამიანის შინაგანი სამყაროს, შინაგანი პიროვნული ინსტანციის, წამოწევით, – უშუალობაში კი იმაზე მითითებით, რომ გვიანი საბჭოთა სტაგნაცია შობდა ნაციონალისტურ სენტიმენტს; ეს სენტიმენტი კი, როგორც მამარდაშვილს მიაჩნდა, ეროვნულისა და ინდივიდის ჰარმონიზაციას კი არ ახდენდა, ზოგად-ადამიანურამდე კი არ მაღლდებოდა, – არამედ ეთნიკურ გამორჩეულობაზე აპელირებდა მეტისმეტად.

მამარდაშვილი ეგზისტენციალისტია – ის მოგვიწოდებს დავფიქრდეთ რაღაც არ-არსებულის არსებულში მონაწილეობაზე და შესაძლებლობათა ფანჯრის გამოყენებაზე: არ-არსებული ხომ იმას უზრუნველყოფს არსებულში, რომ რაღაც გვეძლევა როგორც არა-დეტერმირებული შანსი, რომელსაც უნდა ჩავეჭიდოთ და ვაქციოთ ჩვენი თავისუფლების განვითარების იმპულსად; ეს არის შანსი, რომელიც შეიძლება ხელიდან გავუშვათ: ის მსგავსია ნაყოფისა, რომელსაც თავის დროზე თუ არ შეექცევი, დალპება და მისი სამომავლო შეთვისება შეიძლება შხამად გექცეს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ შანსის ამოკითხვასა და მის განხორციელებაში მამარდაშვილისთვის ვლინდება ადამიანის თავისუფლება: შეიძლება მთელი ცხოვრება, – და მათ შორის, ალბათ, ისტორიული ცხოვრებაც, – ისე განვლო, რომ ეს შანსი ვერ ამოიკითხო, ხელიდან გაუშვა ისე, რომ წარმოდგენაც არ გქონდეს მის არსებობაზე.

რაც ისტორიის დღევანდელ მომენტში უნდა ამოვიკითხოთ, ვფიქრობ, არის გადალახვა იმ იდეოლოგიური იარლიყებისა, რომელთა ყველაფერზე მექანიკური მიწებების ნაცვლად, მამარდაშვილი მოგვიწოდებდა დაღვინებისკენ, შრომისკენ და პროფესიონალებად ჩამოყალიბებისკენ. ეს სწორედ შანსია, რომ გადავლახოთ იდეოლოგიური დაშტამპულობა, რაც დღევანდელობაში იმავე დონეს აღწევს, რასაც მამარდაშვილიც აკრიტიკებდა: ეს იდეოლოგიის ის მდგომარეობაა, როდესაც იდეოლოგიის მთავარი ნიშა უკვე არა უშუალო აკრძალვაა, არამედ ის, თუ რას არ გვაფიქრებინებს, რამდენადაა მისი საცეცები მოდებული ჩვენს გონებაზე. დღევანდელობაში ზემოხსენებული შანსი – ეს არის „შესაძლებლობის ფანჯარა“, რომ გადავლახოთ ამჯერად უკვე ლიბერალური იდეოლოგიის მიერ თავს მოხვეული შტამპები.

მეტად საინტერესოა მერაბის ფიგურა ფილოსოფიისა და იდეოლოგიის ურთიერთმიმართების ჭრილშიც; ფილოსოფოსი ადამიანია, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური ხედვები და მრწამსი, რაც თანმიმდევრულობის განსხვავებული ხარისხით ერწყმის მის ფილოსოფიას. მამარდაშვილი, ერთი მხრივ, თანაზიარია  1980-იან წლებში გაბატონებული საბჭოეთისგან გათავისუფლების სულისა, მაგრამ, მეორე მხრივ, როგორც უკვე ვთქვით, მიგვანიშნებს იმ საფრთხეებზე, რაც დამოუკიდებლობას შეიძლება მოჰყვეს: რომ გათავისუფლებისთვის მებრძოლი ხშირად მორალურ მანტიას მოისხამს, – ებრძვის რა ურჩხულს, თავს ანგელოზად წარმოიდგენს. ალბათ, ბოლომდე სამართლიანი არ იქნება, თუ მამარდაშვილს დავადანაშაულებთ იმაში, რომ იგი „ეპოქას [მხოლოდ] ასახავდა აზრებში“ და მაღალი დეტალიზაციითა თუ კონკრეტულობით არ საუბრობდა „რკინის ფარდის“ დასავლეთით მიმდინარე უკეთურობებზე – ვთქვათ, ნეოლიბერალური იდეოლოგიით წარმართულ „დასავლურ სამყაროსთან“ ოპტიმალური ადაპტაციის პოლიტ-ეკონომიურ დეტალებზე. თითქოს ის ამით 1980-იანი წლების ქართული ინტელიგენციის გენერალურ ხაზში ეწერებოდა, რომელიც „საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლების“ დომინანტათი იყო წარმართული. ეს, ალბათ, ასეც უნდა ყოფილიყო – ეპოქა ხომ ჩვენს განწყობებში აღიბეჭდება, განწყობები კი გარკვეულ სააზროვნო საზღვრებს გვიდგენს, მხოლოდ რომლის შიგნითაც შეიძლება იყოს ნაყოფიერი ჩვენი აზროვნება, შემოქმედება თუ მოქმედება. თუმცა ეს საზღვრები, ამავე დროს, გარკვეული რეალიების წვდომის ხარისხს დაბლა სწევს.

ამრიგად, მამარდაშვილი კარგი თანამგზავრია იდეოლოგიურ უკეთურებათა მხილების საქმეში – რა მნიშვნელობა აქვს, თუკი ამჯერად ეს იდეოლოგია უკვე ლიბერალიზმის სახით გვევლინება. მამარდაშვილი, როგორც გზაგასაყარის მოაზროვნე, აქტუალური ხდება ჩვენთვის 21-ე საუკუნის მესამე ათწლეულში, მორიგ ისტორიულ გზაგასაყარზე მცხოვრებთათვის – ის გვეხმარება, დავინახოთ სიმახინჯეები, რომლებიც ჩვენში „მონობაში“ (როგორც ამას მამარდაშვილი უწოდებს) ცხოვრებამ დაბადა; მამარდაშვილი გვეხმარება, ერთი მონობის მეორე მონობით შეცვლა კი არ მივიჩნიოთ შინაგანი თავისუფლების ეროვნულ ემანაციად, არამედ სხვა რამ: რაღაც ისეთი, რაც გულისხმობს საერთო ინტერესთა გააზრებას, თვითმყოფადობისკენ მეტ მისწრაფებას, კულტურული საერთოობის ორგანიზებულ, შინაგან თავისუფლებაზე დაფუძნებულ აქცენტირებას – ეს ყოველივე კი იდეოლოგიურ მანკიერებათა უკუგდების ფონზე.

 

 

 

თაგები:

#

თაგები

#ბლოგი #მწერალთასახლი #ნონამაზიაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #გიორგიმესხი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #ნინოსადღობელაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #დათიაბადალაშვილი #თამარგელიტაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #ირაკლისამსონაძე #ლევანინაური #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #კოტეჯანდიერი#ადანემსაძე #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #ლიასტურუა #ნანაკუცია #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #მარინე ტურავა #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #თამარგელიტაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #ლევანინაური #ლიტერატურულიბლოგი #ნინოქუთათელაძე #თამარელაწოწორია #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #შოთაჩანტლაძე #ნინოდარბაისელი #მწერალთასახლი #ლიტმცოდნეობითიოპუსები #ლიტერატურულიბლოგი #ჯემალქარჩხაძე #მანანაკვაჭანტირაძე#მწერალთასახლი ანდრიაძე ანდრიაძე "კრიტიკის სკოლა" "მწერალთა სახლი" გურამ რჩეულიშვილი, გია არგანაშვილი ეკა მახარაშვილი ახალი ძველი ამბები #ახალიძველიამბები ლიტერატურული პრემია მწერალთა სახლი ნაირა გელაშვილი მწერალთა სახლი ტარიელ ჭანტურია