26 იან 2026

ავტორი:

ლიტერატურული მარათონი: შემოდგომის „არა-კი“ - საკონკურსო ნაწარმოებები


    ნინო გუგეშაშვილი - III ადგილი

თემა: მტრედის საკენკი

ზარიც საქმეა

იქნებ ჩვენც მოგვკლეს

და... ჯერ არ ვიცით?

არცა შეგვერგო, არც გვაღებინა

 

 პაატა ბერიკაშვილი

„ჩემი ქალაქის იასამნები"



ჩვენ ვუკრავდით ბარში, რომელიც იდგა ზედ ზღვის ნაპირზე, ფიჭვნარში. ბარს ერქვა „პოსეიდონი" და გათვლილი იყო, როგორც შუადღეს დასასვენებლად ამოსულ მობანავეებზე, ისე საღამოს ბარის და ცეკვის მოყვარულებზე. მაგრამ ჯერ კიდევ ქარიანი და უნდილი დღეები იდგა, საზაფხულო სეზონი არ გაცხელდა, არ გახურდა. ჰოდა, დამსვენებლებიც უფრო ქუჩის გადაღმა, სანაპიროდან მოშორებით ჩამწკრივებულ ბარებს ეტანებოდნენ.


ბარს ორი მეპატრონე ჰყავდა. ერთი - რეზო, საავტორო მუსიკის მოყვარული, რომელმაც ჩვენ მიგვიწვია. მეორე - უბრალოდ მეორე, ღრიანცელის მომხრე, რომელსაც მხოლოდ ერთი მუსიკალური მოთხოვნა ჰქონდა: იმდენად ძლიერი აპარატურა ჩაგეტანა, რომ გადაგვეფარა ირგვლივ ყველა ბარი და, კერძოდ, სიმღერა „კანაპელე" თუ „კარაპელე" (დღესაც არ ვიცი, რა ჰქვია იმ „პელეს"), რომელიც სეზონის ჰიტი იყო და ლამის ყველა ბარიდან გამოგრიალებდა.


ჩვენ მართლაც კარგი აპარატურა ჩავიტანეთ თბილისიდან, მაგრამ მეორის ცოლი, გამხდარი, სწრაფი და შუბლზე მუდამ ძარღვებდაყრილი ქალი, ნერვიულად დარბოდა და გაიძახოდა:

- გასკდა თავი! გასკდა თავი! დაუწიეთ ცოტა!

როგორც კი დავუწევდით, გამოცხადდებოდა მისი ქმარი:

- აუწიეთ! „კაროპელე" გადაფარეთ!


ჩვენ ხან ავუწევდით, ხან დავუწევდით, ბოლოს გამომელია მოთმინება და ვუთხარი, ჯერ ერთმანეთში შეთანხმდით-მეთქი, ჩვენ ორივე შეგვიძლია.


ამის შემდეგ მეორის ცოლი ცივ ამინდს, კლიენტების სიმცირეს, ზღვის ღელვას, ომის მოახლოებას და ქარში გარჩენილ მგზავრიან პარაშუტს - ყველაფერს ჩვენ გვაბრალებდა.


არ ვიცი, ქალი მუდამ წუწკი იყო თუ აგვისტოდან გაწუწკდა, საგრძნობლად გაგვიმწირა მენიუ. დილით მხოლოდ შემწვარი კვერცხი და შუადღეზე „ხარჩოდ" წოდებული ბრინჯის წვნიანი ძვლებით. ჩვენმა დრამერმა სოსომ ამოურია წვნიანში კოვზი, აარაჩხუნა ძვლები და თქვა:

- ამ ძვლებზე ოდესღაც ხორცი ხო იყო?


ჩემს ოთახში ცხოვრობდა გოგო, რომელიც ამავე ბარში მიმტანად თუ მომტანად მუშაობდა. იყო სრულიად უფერული, გაცრეცილი, უსახო ქერა გოგო, თვალებჩამქრალი. მაგრამ გვიან ღამით, სამუშაოდან დაბრუნების შემდეგ, როცა მეგონა, რომ ქანცგაცლილი დაეგდებოდა და დაიძინებდა, უცებ გამოცოცხლდა, შეიყენა თავი მაღალ ქუსლებზე, ჩაიცვა „ტოპიკი" და მოკლე ბოლოკაბა, მოიხატა სახე, გაიშალა თმა, გაიდიდა თვალები და უცებ წითელ ხალიჩაზე გასაგოგმანებელ ბარბი-გოგოდ იქცა. გასხლტა კარში და ღამეს შეერია. დაბრუნდა გვიან ღამით თუ გამთენიისას, თვალებზე ტუშგადღაბნილი, მთვრალი, არყის ბოთლით ხელში. ბოთლში არაყი ფსკერზეღა ჭანჭყარებდა. ნაყარა წვრილქუსლა, „ბასანოჟკები", ლიფიდან ოცლარიანი ამოიღო და თავის ტუმბოზე დააგდო, ეგრევე ჩაემხო ლოგინში და დაიძინა. დილამდე მკვდარივით ეძინა, არც დილის მზის სხივი აღვიძებდა, რომელიც პირდაპირ ლამაზ სახეზე დაადგა, არც ტელეფონი, მთელი ღამე რომ რეკავდა. ტელეფონის ზარად შერჩეული ჰქონდა რაღაც საშინლად ხორციანი, ხარხისმიერი ხმით მოყაყანე კაცის მიმღერა, რომელიც უეჭველად ცერბერის ყეფას მომაგონებდა, მოსმენილი რომ მქონოდა ცერბერი. და ეს ყეფა ვისმინე დილამდე.


დილით ისევ შემწვარი კვერცხი მოგვიტანა თამუნამ, ისევ გაუფერულებულმა და სახედაკარგულმა.

- იმ ლოცვის გარდა, რით ჰკვებავდნენ? - თევზის ცრემლით და იასამნებით... შუადღეს - ისევ ძვლების წვნიანი.

სოსომ გაარაჩხუნა თეფშში ძვლები და თქვა:

- მოვა დრო, ამ ძვლებზე ხორცი იქნება!


ჩვენ ვიცინოდით, ჩვენ სულ ცოტა გვყოფნიდა. ნასაუზმევს ვბრუნდებოდით სასტუმროში, ვრთავდით საინფორმაციო პროგრამას და ვისმენდით ხელისუფლების ჩინოსნების ბაქი-ბუქს, რომ სულ ცოტა დარჩა გამარჯვებამდე, სულ მალე მივალთ როკის გვირაბამდე. ღამით თამუნა ისევ გადაიქცეოდა ბარბი-გოგოდ, ისევ ღამეში ქრებოდა განთიადამდე. არაფერს ვეკითხებოდი, თვითონ მიყვებოდა: გაბმულად რომ ურეკავს, ეს ქმარია, რომელიც ახლა ეგვიპტეშია საქმეებზე და იქიდან ეჭვიანობს, ხოლო არაყს და ოცლარიანს ვინც ჩუქნის, ეს ძმაა, ანტონა, რომელიც მეგობრებთან ერთად აქ ისვენებს და ღამით პლაჟზე გასართობად პატიჟებს. ქვიშის ნამცეცები მართლაც ჰქონდა აკრული ზურგზე, ფეხებზე და ბიკინის ზონაშიც. ტანსაცმლის გამოცვლისას ბანდალებდა, და მე ერთადერთ რამეს ვთხოვდი - გასულიყო და სასწრაფოდ ცხელი შხაპი მიეღო. ის „ქმარი" და „ძმა" დღისით რიგრიგობით რეკავდნენ და საქმეს ურჩევდნენ. ღამით კი, ვიდრე თამუნა თავდაღმა ეგდო ბალიშზე, ტელეფონი გაბმულად რეკავდა და თამუნას გარდა, ყველა ვუსმენდით ცერბერს.


ძალიან მაგონებდა ეს თამუნა ჩემს ერთ კარის მეზობელს, ცისიას, 90-იან წლებში რომ დამიახლოვდა. მუდამ კარზე მიკაკუნებდა და ხან ორ კოვზ შაქარს და ყავას მთხოვდა, ხან ორ ცალ კარტოფილს. არც მე ვიყავი დიდი კარტოფილიანი ან შაქრიანი, მაგრამ რაც გვქონდა, ერთმანეთს ვუნაწილებდით. ზუსტად ასეთივე უფერული და უსახო იყო, მაგრამ საღამოზე მოიხატავდა სახეს, ვიწრო კაბაში გამოეწყობოდა და სადღაც გაქრებოდა. პაწაწინა ბინაში ედგა ნავთის ღუმელი, რომელშიც ყრიდა ყველაფერს, რაც დაიწვებოდა - ძველ ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, ხეს, ქაღალდს, ცელოფანს... ყველაზე კარქა „პლატფორმა" ფეხსაცმელი იწვისო, არ გადააგდო ფეხსაცმელიო. მერე ამ ნამწვის ჭვარტლის ნაფლეთები ოთახში დაფრინავდნენ და ყველას და ყველაფერს მურავდნენ. მაგრამ ამავე დიზელის ღუმელზე გაცხელებული წყლით ნაწილ-ნაწილ რომ განიბანებოდა ცისია და გაპრიალდებოდა, ისე გამოაბიჯებდა თავისი მურიანი ბინიდან, ვერასოდეს წარმოიდგენდი, რომ ეს მოდელივით მონანავე გოგო იქიდან გამოვიდა. რამდენიმე წელი მეზობლები ვიყავით, მერე მე წამოვედი იმ უბნიდან. ცოტა ხნის შემდეგ საერთო ნაცნობს შევხვდი. მითხრა, რომ იმდენი არაყი ასვეს კაცებმა, ბოლოს ფეხები გაუსივდა და მესამე დღეს მოკვდა. მე ვერ წარმოვიდგინე, როგორ გაუსივდა ის სიფრიფანა, ჩამოქნილი წვივები. კიო, მეზობელმა, სპილოს ფეხებივით გაუხდა უცებო.

- როგორ დაათვრეს? მოშივდა ალბათ... თვალები ჰქონდა ზამთრის შველების... და შეიტყუეს მატრაბაზებმა სუფრაზე ობოლ ვერმიშელების...


საინფორმაციო გადაცემები ბაქი-ბუქს განაგრძობდნენ - სადაცაა ვიზეიმებდით სრულ გამარჯვებას, ახლობლები კი გვირეკავდნენ სხვადასხვა ქალაქებიდან, რომ მათ სიახლოვესაც დაიბომბა. მთელი ქობულეთი მაინც განაგრძობდა ცეკვას და ვაჭრობას, უბრალოდ, უკვე უფრო შეფიქრიანებული სახეებით ცეკვავდნენ, ცურავდნენ და ვაჭრობდნენ. არავინ იცოდა ზუსტად, რა უნდა ექნა. ბოლოს, როცა უკვე თანდათან დაცხა და მსმენელებმაც ყური შეაჩვიეს ჩვენს სიმღერებს, უკვე აქა-იქ ფანებიც გამოგვიჩნდნენ და ის ჩვენი უკმაყოფილო დიასახლისიც კი აცეკვდა და აღიღინდა.


უეცრად მთელ ქალაქში შუქი ჩაქრა. კონცხისკენ გავიხედეთ, იქაც ბნელოდა. სრული სიბნელე ჩამოწვა ზღვაზე და მიწაზე. ეს იყო ბოლო წვეთი. უამისოდაც შეფიქრიანებულმა და გადაუწყვეტელმა ხალხმა უცებ გადაწყვიტა, რომ იქიდან უნდა გაქცეულიყო. სასწრაფოდ გამოაგორეს ჩემოდნები სასტუმროებიდან და გააგორეს სხვადასხვა მიმართულებით. მაშინვე გაჩნდნენ ქუჩებში გაურკვეველი ეროვნების, „ციგნებად" მოხსენიებული შავტუხა ბიჭუნების ჯგუფებად მორბენალი ბაცაცები.


იმ ღამესვე დაიცალა ქალაქი. ასეთი წყნარი ქობულეთი ჩვენ ჯერ არ გვენახა. მეორე დღეს ხალვათად დავსეირნობდით ქუჩებში და არ ვიცოდით, საით უნდა წავსულიყავით. ქართლი იბომბებოდა, რაჭისკენ იბომბებოდა. ყველა მხარეს ომი იყო. სოსომ თქვა, რომ აქვე დარჩება, მეგობართან, მის წასვლას აზრი არ აქვს. მათემ და გოგამ გადაწყვიტეს, რომ აპარატურას გაყოფდნენ, ნახევარს მათე წაიღებდა თბილისისკენ მატარებლით, ნახევარს ჩვენ წავიღებდით რაჭისკენ მანქანით. როცა ყველაფერი ჩაწყნარდებოდა, მერე შევერთდებოდით თბილისში. ჩვენმა მასპინძელმა, რეზომ გვითხრა, სად მიდიხართ, აგერ იყავით, რაც გვექნება, იმით ვიყოთო, არ მინდა ბინის ქირაო.


ბარი დაიხურა, თანამშრომლები დაითხოვეს. ბარბი-გოგო თამუნას „ძმამ" მოაკითხა - შავტუხა, ჩაჯეჯგილმა ღიპიანმა ტიპმა, ძმად კი არა, შორეულ ნათესავადაც რომ ვერ მოიეჭვებდი. „ძმა" თითზე გასაღებების ასხმულას ათამაშებდა და თავაყინჩული რაღაცას აგრესიულად უმტკიცებდა თამუნას. ეს უარზე იყო. ბოლოს იჩხუბეს, „ძმა" ჩახტა მანქანაში და გავარდა სადღაც.


ჩვენ გავაცილეთ მათე რკინიგზის სადგურზე და სასტიკად გავაფრთხილეთ, რომ თუ დაბომბვა დაიწყებოდა, გადმომხტარიყო მატარებლიდან და შევარდნილიყო ტყეში. მერე დაერეკა, მივაკითხავდით და წამოვიყვანდით. როგორც კი დავბრუნდით, მივუსხედით ტელევიზორს. ცოტა ხანში გორის დაბომბვა დაიწყო. ჩვენ ვურეკავთ მათეს. ხაშურში ვდგავართ და არ ვიცით, რა ხდებაო. გვეუბნებიან, მალე წავალთო. ჩვენ ვუთხარით, რომ გორს ბომბავენ და, თუ რამე, გადმოხტეს და ტყეში შერგოს თავი. ჰო, ვნახოთ, რა მოხდებაო. სანამ არ ჩააღწია თბილისამდე, სუნთქვაც ავუკრძალეთ საკუთარ თავს.


მეორე დღეს ჩვენც წავედით რაჭაში და როცა მივაღწიეთ ტელევიზორამდე, გავიგეთ, რომ საათ-ნახევრის სავალზე მოგვყვებოდა რუსული ტანკები.


ონში დაბომბილ ადგილებს და ორმოებს გადავხედეთ და სოფელში რომ ავედით, გავიგეთ, რომ თურმე საკაურას ხეობაშიც შემოდის ბომბდამშენი ხანდახან, მაგრამ უბრალოდ მოუხვევს და უკან მიფრინავს. შემოფრენაზეც და გაფრენაზეც გადაუვლის ჩემს სახლს. ჩვენი საბიძაშვილოს ბავშვები და დიდებიც ამ დროს გარბიან და იქვე ღელეში, მაღალ ანწლებში იმალებიან. მარტო მამაჩემი უშლის ნერვებს ჩემს დას, არც იმალება და ფეხსაც არ უჩქარებს. ამბობს, აქ მანევრისთვის შემოდის, ანწლები რატომ უნდა დაბომბოს, ძვირი ღირს ბომბიო. გოგას ვაფრთხილებ, არ დალიოს, ფხიზლად იყოს, რვა ბავშვია უბანში (მათ შორის, ერთი მათესი) და ერთი მანქანა თუ საჭირო გახდა, უნდა ჩაისხას ეს ბავშვები სასწრაფოდ და სადმე გააქანოს. დიდები მერე ფეხით გადავალთ მთებზე როგორმე.


მათე რეკავს თბილისიდან და გვეუბნება, რომ მახათა დაიბომბა, კიდევ - ის გოგოც ნახა სადგურზე, ჩემთან რომ ცხოვრობდა, თამუნა. განერვიულებული იყო, ვიღაც შავი, ღიპიანი ბიძა ელაპარაკებოდა, რაღაცას უხურებდაო. ისიც ომის შვილი იყო, აფხაზეთში ეხმარებოდა ხან სამზარეულოში, ხან ლაზარეთში.


იქიდან დაბრუნებულმა ვეღარ ირჩინა თავი...

„ვარდი თუ მოკლეს იასამნების, შენ რას შვრებოდი, ბიჭო, მერედა?! სად იყო შენი შავი ნაგანი? სად იყო ჩემი თეთრი ბერეტა?"


„ჩემი ქალაქის იასამნები" ჩემს თავში არა მხოლოდ 90-იანი წლების საუნდტრეკად იქცა. 90-იანები ხომ 2000-იანებშიც გაგრძელდა...

ბარბი-გოგო, თამუნა, ნეტავ სად ხარ?

როგორ ხარ? ხარ თუ არ ხარ? ფრთხილად იყავი, არ გამოგრიყოს სადმე ზღვამ, ან რომელიმე მატარებელმა ომში არ დაგტოვოს, ან მატრაბაზებმა არ დაგათრონ ისე, რომ მესამე დღეს გული გაგიჩერდეს.

„... და როცა კლავდნენ, ზარები დაჰკრეს... ზარიც საქმეა! - ვაჰ, და მერედა?! - სად იყო შენი შავი ნაგანი... სად იყო ჩემი თეთრი ბერეტა..."


...მერე ჩვენს ტელევიზორთან მთელი უბანი ვიკრიბებოდით საინფორმაციოს მოსასმენად. ქართლის დიდი ხიდი აფეთქებული იყო, თბილისში ვეღარ მივდიოდით ვერც ჩვენ, ვერც სხვა დამსვენებლები. ველოდით გზის გახსნას. გაიხსნება? როდის? ვურეკავდით ბენდის წევრები ერთმანეთს. მამაჩემმა თქვა, თუ იქაც ბანერს ჩადგამენ, დასხედით ბანერის ორივე მხარეს და აქეთ-იქიდან დაუკარითო.




 ნინუკა ქოიავა - მწერალთა სახლის კონკურსგარეშე რჩეული ავტორი 



თემა: მტრედის საკენკი


მტრედის საკენკი


ვყმუი. ოღონდ ჩუმად. უხმოდ. მაგრამ ისე ვყმუი რომ მუშტები ბეჭებამდე შეაქვს. საზღვარი არააქ ყმუილს. და ბოლოს მესმის "გვიანია"  აი გვიანიას ჩურჩულებს ყურში ძველი ლანა და მაშინ იმას ნიშნავს რო მთელი ძალით მოდის. გვიანია ლანა დაგავიწყდა შე უბედურო. ამ წერტილამდე მიდის, მიდის და მერე უცბად მეშვება.

ჯანდაბა. დამებანა თმა წუხელ, ახლა რაღას მოვასწრებ? აი, ეგაა, უთავბოლო რო იქნები. სხვისი ბუზების მადევარი. ისევ იმას ჩავიცვამ გივიკომ რო სააღდგომოდ გამომიგზავნა. ვინ რა იცის, ყოველდღე ხოარ გამოვდივარ ტელევიზორში. ნეტა ვინ მწერს ამ დილაადრიან. რაოო? „იაფი ავიაბილეთები". ნეტა უცბათ რო ჩიკაგოში გამოვეცხადო პირველი რას მეტყვის, გააცნობს ჩემ თავს იქაურებს? - იტყვის დედა ჩამომივიდაო?  თუ შემრცხვება, დამმალავს... ამერიკელები სხვა ხალხია. მოვლილი და კულტურული. აბა, მე სად უნდა წავიდე?! ენა მე არ ვიცი და სახე მეარ მივარგა. 

რაღა დღეს მოდიან ეს ჟურნალისტები. ნეტა უკან არ გაიქცნენ ჩემს დანახვაზე. ტელეფონში მითხრეს ოთხი გიჟი გვინდაო. ესეიგი: აიგენა, თალიკო, ზუზუ და დალი. ეს ზამთარიც გავიტანეთ. ნეტა დღეს არ გააფრინონ. ერთი თალიკოსი მეშინია თორე დანარჩენებს ავიყვან კონტროლზე.

აჰა, კიდე ადრე მოვსულვარ. აეხლა სად გავიქცე? მოდიან. ვიდგები. გაიხედე ლანა ჯერ არ დაინახო თვალი არ გაგექცეს. მოვჭუტავ, ეგონებათ თვალთ მაკლია. უცებ აჯობებს გახედვა, უფრო ბუნებრიბრივია. 

    გამარჯობა, ლანა ვარ მე.
    ხოარ დავაგვიანე?
    წამობრძანდით, ზევით ავიდეთ.
    ექთნები გაფრთხილებულები არიან. 
    სათითაოდ შემოგვიყვანონ თუ ერთად?
    ორორად როგორ?
    აჰა, ჯვარედინის პრონციპთ ესეიგი?
    გასაგებია, ადგილზეც ამიხსენით
    მე ვთქავა? პატარა წინასიტყვაობა როგორ?
    ანუ ვის რა დიაგნოზი აქვს თუ ვინ როგორია პიროვნული დახასიათებით.
    კარგი გენაცვალე, ყველაფერს ვიტყვი.

ვაიმე, რა ტლანქია ეს გოგო, ესაა ჟურნალისტი? ჩემზე შეშინებული? მაგრამ ბიჭის მხარბეჭი.. მე რაც მინახავს ოპერატორებად სუ ბიჭები დაყავთ. ეტყობა მძიმე სატარებელია ტექნიკა. უფ როგორ მიყვარს დიდი მხარბეჭი, გივიკოსნაირი. ნეტა რატო არ დამირეკა გუშინ? არც გუშინწინ მოუწერია. ვაიმეე ნეტა სარკეში მაინც არ ჩამეხედა, როგორ გავედი გვერდებში..

    აქეთ, მარცხნივ.

რვა, ცხრა, ათი. მოიცა ეს შუქი ესე უნდა მანათებდეს ? მარა კარქიცაა ამ გოგოს თვალებში ყურებას ისევ ესე მირჩევნია. თუნდაც დავბრმავდე. რვა, ცხრა, ათი. ჰა შემოიყვანეთ ახლა. კარგია. აიგენა რაკარქია როიცინი გოგო..!ა როგორ მოურთიხარ მარიანა ექთანს. აი მორჩა ვიწყებ.

ლანა ექიმი: 

     ეს აიგენაა. 

ოთხი წლის წინ აქედან გავწერეთ მაგრამ ერთ კვირაში უკან დაბრუნდა. 

„ოცი წელი აქ ვიცხოვრე და სახლში რა მინდაო", - ასე თქვა.

სინამდვილეში ოჯახმა აღარ მიიღო. 

ნასახლარებში ცხოვრობდა, სადამდეც გაძლო. 

შიშები და სმენითი ჰალუცინაციები აწუხებს. 


უძილობა დამჩემდაო გვითხრა, იმას არ ამხელდა რომ წასასვლელი არსად აქვს. 

ჩვენ უარი ვერ ვუთხარით თორემ.. არ არის აქ მაგის ადგილი..

სამუშაოდ ვარგისია.

აიგენა:

(პირველი პაციენტი)

    ვაპირებ რომ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან, 

თავი ხელში უნდა ავიყვანო

ექიმები მყავს ბიძაშვილები

იმათ მითხრეს ხმებს არ დაუჯეროო. 

ეგ სიტყვები სიცოცხლის ბოლომდე შემრჩება.

დედას გეფიცებით.

არასოდეს მე მაგათ ჭკუაზე აღარ გავივლი. 

ჯერ ტკბილათ მელაპარაკებიან. 

მერე საშიში ენით.


და-ძმა მყავს მარა ძალიან შორია აქამდე 

თვარა კი მოვიდოდნენ ჩემთან.


კი არ ვუკადრისობ სასადილოში ჩასვლას  

უბრალოდ ჰერკულესი არ მიყვარს, 

არც კარაქიანი პური მიყვარს 

თორემ კი ჩავიდოდი, 

ლანას პური მიყვარს მე, 

უკარაქოდ 

ლანა მაძლევს ხოლმე პურს, 

ლანა ექიმი.


ლანა ექიმი: 

მისი ოჯახი ამ უბანში ცხოვრობს. ერთი კვარტლის დაშორებით. სასადილოს ფანჯარა პირდაპირ უყურებს მათ კორპუსს. თუ იქ ჩასვლა მაინც მოუწევს თვალებზე ხელებს იფარებს და ასე ზის სასადილოში.

აჰა, თალიკო, მიდი აბა. შენი იმედი მაქვს. რანაირად მიუსვეს გვერდით, ვითომ კარგად გამოჩნდებიან?

თალიკო:

(მეორე პაციენტი)

    ფანატიკოსები არ მევასება რა, 

იმიტომ რომ ნერვიულები არიან

არ უშვებენ რამე ისე იყოს..

სხვანაირად.

როცა ვგიჟდები ხოლმე მეც ამათნაირად ვიქცევი, 

ზედმეტი ხმები მესმის ..

ვინმე სხვისი არა, აქაურების!

ისე, ამათი ატანა არა მაქვს.

ციდათ ვარ როცა გეგონება ახლოს მოდიან 

ცუდად ვარ რა, სადაც ცუდად ვარ არ მინდა

ხომ შეიძლება სხვანაირადაც იყოს 


გამიშვით აქედან!

დარაჯო გახსენი ეს ოხერი კარი

რატომ არ გესმით რომ ვყვირი 

გახსენით მეთქი

გამიღეთ 

გამიღეთ 

ვაიმე მოგკლავთ ყველას

მოგკლავთ

ჩემს თავსაც მოვიკლავ 

გამომიშვით მაქეთ გამოო..


აიგენა / თალიკო

(პირველი და მეორე პაციენტი)


    ღიაა თალიკო კარი, ურდული ჩამოსწიე და გახვალ
    შენ ისევ წინდებს ქსოვ თუ კაშნეს? 
    წინდებს
    მე მომიქსოვე რაა წინდები
    პატარა ბავშვების წინდებს ვქსოვ
    ვისთვის ქსოვ მერე მე მომიქსოვე და ჩავიცმევ
    ვისაც მოერგება იმისთვის ვქსოვ
    ჰოდა მე რომ მომერგებოდეს ისეთი მოქსოვე 
    არა ბავშვების წინდები მარტო!
    არ არიან აქ ბავშვები
    მოვლენ
    არ მოვლენ
    მოვლენ მეთქი
    აბა რატო არ მოსულან აქამდე
    შენ რა იცი მოსულან თუ არ მოსულან
    მე ვიცი, მე მენახებიან
    მაშინ კაშნე მომიქსოვე
    არა მარტო პატარების წინდები მეთქი.


ლანა ექთანი:

    თალიკოს ადრე ელექტრო კრუნჩხვითი თერაპიები უტარდებოდა, ძალიან მძიმედ იყო. ტაქსის მძღოლმა მოიყვანა.ალბათ არც არასოდეს გავწერთ.


შიზოფრენიის პარანოიდული ფორმა დაუდგინეს. ჰალუცინაციურ-ბოდვითი სინდრომით. დაუკავშირებელი, სიმბოლური აზროვნება და ასოციალური პათოლოგიები ახასიათებს. არაპროგნოზირებადი და შიგადაშიგ აგრესიულია, ბოდვითი სინდომებიდან უმეტესად  დევნის ან ზემოქმედებითი იდეები აღენიშნება. 


პიროვნული ისტორია არ ვიცით. 

მისი წარსული შეგვიძლია მხოლოდ ვივრაუდოთ..


აქ ორიათას ხუთ წელს მოიყვანეს. სხვათა შორის ერთადერთი პაციენტია რომელიც ტაქსით მოვიდა. ტაქსის მძღოლმა გვითხრა შუქნიშანზე ძვრებოდა წითელი შუქის გასანადგურებლადო. იმ კაცს უთქვამს ჩამოდი, მთავარ წყაროსთან მიგიყვანო, თურმე ამ კაცს მთელი გზა თმებზე ეფერებოდა.

რომ მოვიდა მაშინაც ყვიროდა -

შუქნიშანზე ყველა წითელ შუქს გამოვთიშავ თბილისში, კახეთში და ოზურგეთშიო.


ჩვენ დავარწმუნეთ რომ წითელი შუქები შუქნიშნებზე მსოფლიო მასშტაბით აიკრძალა.

ვიდეოც კი ჩავწერეთ დივიდიზე და ტელევიზორში გავუშვით.

უნდა გენახათ რა მხიარულება იყო მთელი მესამე განყოფილების გიჟების დღესასწაული.


შარშანდელი კვლევის შედეგად განდერის სინდრომი დაუდგინეს, 

იგივე ცრუ დემენცია, ანუ როცა უმარტივეს შეკითხვებზე არასწორად პასუხობენ,  მიუხედავად იმისა, რომ იცის სწორი პასუხი.

ვეკითხები: თალიკო, რა ფერისაა მზე? ის მპასუხობს: - ლურჯი.


ზუზუ:

(მესამე პაციენტი)

    სანამ შენთვის, ჩუმად ხარ, ხაარ რა...

თუ ჩუმად ხარ, არავინ იფიქრებს გიჟიაო

თუ კიდევ იყვირებ, მაშინვე ექიმი!!!

იცი, რატომ?

იმიტომ, რომ ყველა თავის თავზე ფიქრობს. 

ჩემი მეგობრები სულ თვითონ მოვიდნენ რომ აღრიცხვაზე აეყვანათ

მე მეუბნებიან მაღაზიაში წადი, გაისეირნეო 

მაგრამ ჯერ არ მინდა გარეთ გასვლა

ჯერ ტექნიკუმის დიპლომი უნდა ავიღო 

რომ ვიმუშაო და ჩემებს ფული მივცე

ჩემი და შუშის ქარხანაში მუშაობდა

ადრე სუ მაგათ ვეწექი კისერზე 

მაგიტომაც შემარქვეს ნაცარა,

ვერ ვიტანდი მაგ სახელს.

ჩემმა დამ ერთხელ მითხრა:

„ახალი შმოტკები* გიყიდე მეორადებში, 

გავრეცხე და იქით სადარბაზოში მივაკიდეო.

პირველ სართულზე, აბუაშვილების აივანზე. ჩუმად აიპარე და ჩამოხსენიო.

ძლივს მივაგენი იმ სიმბელეში აბუაშვილების სადარბაზოს 

მესამე სადარბაზო იყო

დავიწყე ჩამოხსნა და უკვე ბოლოში ვიყავი გასული 

რომ კეფაში დიდი რკინა მრეკეს

ჩამოხტა ფანჯრიდან და სულ ქურდი და მამაძაღლი მეძახა. 

ხელფეხი ბეჭებში და ცხვირპირში  მირტყა

ზორბა ვახო იყო

ჩემმა დამ მითხრა იმიტომ მოგხვდა რომ შპილკები* არ მოაძვრე ტანსაცმელსო

ხოო, ისე მიხაროდა ტანსაცმელების ყიდვა  დამავიწყდა და მაგიტომ არ მომიხსნია შპილკები*

    მომისმინეთ! ის კაცი მე არ დამიჩეხავს და არც  იარშიკებში ჩამილაგებია.

ზორბა იყო მართლა, ზორბა. ტყუილლაუბრალოდ კიარ შეარქვეს ზორბა ვახო.

ბიჭები სვამდნენ პადვალში* და ეტყობა რაღაცაზე წაეკიდნენ ერთმანეთს

უბანი რომ არ აეყროლებინა იქაურობას, ვერავინაც ვერ გაიგებდა 

სუნზე მიხვდნენ რომ იქ იყო

მერე  ვიღაც მეზობელმა პოლიციაში დარეკა

ვინმე ახალი გადმოსული მეზობელი იქნებოდა, 

ძველები ყველა მიცნობს, 

ისინი არ დააჭერინებდნენ ჩემს თავს

აღარ არის ის კაცი ცოცხალი და აზრი ?!

მკვდარი - მკვდარია.

ლანა ექიმი:

ძალიან გაგვიჭირდა რომ ციხიდან დაგვეხსნა. ზუზუ ალისას სინდრომი აღენიშნება. ეს დაავადება აღქმის პათოლოგიით გამოირჩევა. პაციენტები ხშირად განსხვავებულად აღიქვამენ - საკუთარ სხეულს, სხვა ადამიანებს და გარემოს რომელშიც იმყოფებიან.

განსხვავებები შეიძლება იყოს მიკროსკოპული და მაკროსკოპული. ანუ ყველაფერი ან ძალიან პატარად ეჩვენებათ, ან ძალიან დიდად. ეს ფენომენი როგორც წესი გვხვდება სხვა დარღვევებთან ერთად თუმცა ამ შემთხვევაში თავის ტვინის ორგანული ტრავმაა. ტვინის მარცხენა ნახევარსფერო ცემის შედეგად დაზიანებული აქვს.

 დალი

(მეოთზე პაციენტი)

    ამ დაცვის ბიჭს ენას ვუყოფ ხორლმე მაგრამ ვერლ ხედავს

დალი მეჩხუბება - ნუ იხოცავ ცხვირს კაბითო

იმიტომ ვტირი რლომ ჟურნალისტმა გოგომ მკითხა რლოგორ ხარო

რლოცა პირი გავაღე მაგის სათქმელად იქით წავიდა. 

ვიდეოშიც მინდოდა გამოჩენა


პროფესიით მობილური ტელეფონების ოსტატი ვარლ

შემიძლია შენი ტელეფონი დავშალო და სხვა რამე ავაწყო 

ვერც მიხვდები რლომ აწყობილია


ტელეფონი გააქვს? 


დალის ინსულტის შემდეგ შეხების სინესტეზია განუვითარდა. სხვა ადამიანების შეგრძნებებს თავისად გრძნობს. დალი გვეუბნება რომ როდესაც ის ჩახუტებულ ადამიანებს ხედავს, უჩნდება შეგრძნება რომ მასაც ეხუტებიან. 

როცა ვიღაცას სტკივა, ისიც იგივე ადგილას გრძნობს ტკივილს. ემოციური ასაკით თორმეტი წლის არის. გონებრივი განვითარება ექვსი წლის ბავშვის. სხვა სახის მკურნალობა სჭირდება მაგრამ ალტერნატივა ქვეყანაში არ არის, ჯერჯერობით.. და ვერც ამ დიაგნოზში ვიქნებით სრულად დარწმუნებულები.


ზუზუ / დალი


    რა გატირებს, გამოდი მაქედან
    რ(ლ)ატომ?
    საჩივრების ყუთია ეგ 
    ვიცი
    თუ იცი კუთხეებს რატომ აციცქნი 
    რ(ლ)ომ არ ჩამარ(ლ)ტყას
    რატომ უნდა ჩაგარტყას
    იმიტომ რ(ლ)ომ უნდა ვუჩივლო
    წერილი დაწერე?
    ჰოო
    რა არ მოგწონს?
    ღორებს არ(ლ) უყრიან იმ საჭმელს რ(ლ)აც აქ მოაქვთ
    სახლშუ უკეთესი საჭმელი გაქვს?
    კიი მაქვს
    წადი მერე და სახლში ჭამე
    არ(ლ) მიშვებენ
    იციან რომ არ გაქვს სდაჭმელი და მაგიტომ არ გიშვებენ
    ნახე რ(ლ)ა (რ)ლამაზად წავისვი მანიკიური*
    გამოდი მაქედან
    თუ არა?!
    თუ არა, მოვლენ და გამოგათრევენ


ლანა ექიმი:

აქ გარესამყაროსგან იზოლირებულები არიან, მათთვის ჩვენ აუცილებელი მოცემულობა ვართ. მათგან დაუკითხავად ვარსებობთ. 

ერთი ფსიქიატრი თვლის, რომ განკურნება ესაჭიროება მხოლოდ მას, ვინც იტანჯება თავისი დაავადებით. სადაა ეგრე, დარღვეული ცნობიერების შესწავლით მეცნიერები ხვდებიან როგორ უნდა ფუნქციონირებდეს ის სინამდვილეში.

ჩხუბის დროს თუ დროზე არ მივუსწარით, ვინმე მოკვდება. 

ვერ ხვდებიან სად გადის ზღვარი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. 

მე თუ მკითხავთ.. ჭეშმარიტად არც არავინ იცის სად გადის ზღვარი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. ხანდახან ჩვენ ვერ ვხედავთ ან არ გვესმის.. ხანდახან პირიქით.

ცოტა ხანს აქ ყოფნა თუ მოგიწევს, მიხვდები რომ სხვაგან აღარც გინდა წასვლა. როდესაც აქ ვარ სიცოცხლეს ისევ ვგრძნობ. საკუთარი არსებობის საჭიროება ბევრჯერ დგება დღის წესრიგში. გარეთ ყველაფერი სხვაგვარად არის..

მე რატომ ვარ ააქ ? დიდი ხანია აქ ვარ.

თავდაპირველად როგორც პაციენტი ისე მომიყვანეს მაგრამ მალევე გამოვედი მდგომარეობიდან.  ოცდა შვიდი წლის ვიყავი, პროფესიით ფსიქიატრი. მაგისტრის დიპლომით. 

ლტოლვილი. 

ჩემი ქმარი საომრად  არ გაუწვევიათ, იარაღი აიღო და წავიდა. გვეგონა ისევე უცბად დამთავრდებოდა როგორ უცბადაც დაიწყო. ომსაც არ ვეძახდით. ჯერ კვირის ბოლოს ველოდებოდით, მერე თვის ბოლოს.

მაშინ ჩვენს სახლში მე და ჩემი ბიჭები ვიყავით. ილო ათი წლის იქნებოდა, გივიკო სამის. გივიკო ახლა ამერიკაშია, ჩიკაგოს უნივერსიტეტში აპირებს სწავლის გაგრძელებას. 

ჰოდა... მაგ დღეს კორკოტს ვაკეთებდი საკურთხად. ილო მიცდიდა. მტრედები ყავდა მოშინაურებული სახურავზე. ყველა ნარჩენს იქ ეზიდებოდა. ხოდა მაგათი საკენკისთვის მიცდიდა.

მტრედი ხოიცი?!. ბინძური ჩიტია, თუ შემოგეჩვია მორჩა, ჩათვალე თავზე გაქვს ტუალეტი მაგრამ ვფიქრობდი, მაინც მადლია-მეთქი. ვერ ვუშლიდი. მოკლედ გამოვარჩიე ხორბალი ჩიტების ლუკმად და მაგიდაზე ხელით გადავუყავი. გადმოიყარა მაგიდიდან მუცელზე ამოპირქვავებულ მაისურში და წავიდა. ისიც დავინახე ხის რიკულებს როგორ მოეფარა. შემოვბრუნდი - დამდუღრული სახურავების ასაღებად იმიტომ რომ ტყემალსაც მაშინ ვხარშავდი. გივიკო წინკარის კიბეზე იჯდა. მოხარშული სიმინდის ყუა ეჭირა და თმებს აწიწკნიდა.

დავინახე და ის იყო უნდა შემოვბრუნებულიყავი, პირდაპირ ციდან გაიელვა რაღაცამ და გივიკოს შიგ თავში მოხვდა. გადაუსკდა შუბლი და მარცხენა ყურის ზედა მხარე. თავის ქალის მთლიანობა მთლიანობა აღარ იყო, თვალებს აქეთ-იქით აღარც ატრიალებდა. გრძნობა აღარ ჰქონდა. დავტაცე ხელი და გავიქეცი. 

გავრბოდი, გავრბოდი. იქ სხვა მხრიდანაც ისმოდა ხმები. სროლის, აფეთქებების. ალბათ ვინც გამოაღწია ყველა ჩემსავით გამორბოდა, უცებ მკლავებში მომკიდეს და ბავშვიანად მანქანაში ამიტაცეს ჩვენმა სოფლის ბიჭებმა. ეს მანქანა გრუზავიკი იყო. მიქროდა რაც კი შეეძლო დიდი სისწრაფით. ვიცოდი ზღვამდე ხუთ წუთზე მეტი არიყო, მეგონა ზღვამდე მისვლა და სამშვიდობო ერთია-მეთქი. მაგრამ ზღვისკენ არა, მთებისკენ წავედით, იმიტომ რომ სანაპიროზე მტერს დესანტი გადმოუსვამს თურმე.

გივიკო მუხლებზე დავიწვინე. საკაცე არ იყო, მაშინ ხალხი უნდა ჩასულიყო. იქიდან ვინ ჩავიდოდა აბა?! გრუზავიკში ერთი ბებია - საიდანღაც არაყი ამოირო და თავშალზე დაისხა და თავი გადაუხვია. სუნთქავდა მაგრამ გრძნობა ისევ არ ჰქონდა. 

უცბად გაისმა დიდი აფეთქება და მთელი სოფელი, ის ადგილი სადაც ადრე ჩვენი სოფელი იყო ერთ დიდ კვამლში გაეხვია. 

მაშინ კი ჩამეკეცა მუხლები. 

მაშინ კი დავემხე და მკლავებით სხვების ხელებს ვეცლებოდი, წინ მივიწევდი მაგრამ ვერ ვიმარჯვებდი. 

ვყვიროდი ჩემი ილო დამავიწყდა.

ჩემი ილო დამრჩა-მეთქი. 

მტრედებს აჭმევდა სახურავზე-მეთქი 

ვყვიროდი, მაგრამ მანქანა არ გააჩერეს. 

გვიანი იყო. 

დამაგვიანდა.

...

უკვე მეექვსე წელია გივიკო ამერიკაში წავიდა. ენა ფანტასტიკურად იცის. უმაღლეს დონეზე. 

ის რაც თავში მოხვდა, ასკოლკა იყო. ახლაც თავში აქვს. ექიმებმა ასე გადაწყვიტეს.

ლანა, დიახ... 

თქვენთვის ლანა, პაციენტებისთვის ლანა ექიმი.



      სალომე ტაბატაძე

 
თემა: „...როდესაც ასე ახლოა გრემი"



როდესაც ასე ახლოა გრემი


ტელეფონის ზარის ხმა ძილში ჩაესმა გამომძიებელს. შეშინებულმა მის ფეხებთან გაშოტილ პეკინისსაც დაუფრთხო ძილი. ძველი შიშები ჯერ კიდევ ვერ მოეშორებინა, რომლებიც განსაკუთრებით ღამე იჩენდა ხოლმე თავს.

- გისმენ, ლევან, - ძილისგან დაბოხებული ხმით უპასუხა მარინემ.

ცას რიჟრაჟი ეპარებოდა. ფანჯარაში მკრთალი სინათლე მოჩანდა, თენდებოდა.

- მარინე, მოემზადე, ნახევარ საათში გამოგივლი. კახეთში მივდივართ.

- რა მოხდა? - ძილბურანში ჩაესმა პროკურორის ხმა გამომძიებელს.

- ჯერ კიდევ აუმუშავებელ სასტუმროში ადამიანი გარდაიცვალა. გვთხოვენ, ჩავიდეთ. დანარჩენს ადგილზე გავარკვევთ, - ლევანის ხმას მანქანების სირენის გაბმული კივილი მოჰყვა.

- ლევან, კარგად ხარ? - უსიამოვნოდ გააჟრჟოლა მარინეს.

- კარგად ვარ, საყვარელო. ავტობანზე მოვდივარ. მშვიდად იყავი. ნახევარ საათში შენთან ვიქნები. გკოცნი. - დაამშვიდა პროკურორმა ქალი და ტელეფონი გათიშა.


ლევან არაბული, განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილების პროკურორი, ორი სხვადასხვა ადამიანი იყო. თბილი და მოსიყვარულე მარინე ნაკაშიძესთან და, შეუდრეკელი და უშიშარი კრიმინალებთან. ამ წყვილს ერთად ბევრი დამნაშავე დაეჭირათ და ერთმანეთთან იმაზე მეტი აკავშირებდათ, ვიდრე უბრალო კოლეგებს ანდა შეყვარებულებს.


მზემ ამოანათა. შემოდგომის უძლური სხივები დაეცა დედამიწას. შეყვითლებულ ფოთლებს დაეფარათ მიწა. უჩუმრად მისრიალებდა პროკურორის მანქანა კახეთის გზატკეცილზე. უკანა სავარძელში უზარმაზარი პიტბულის მშვიდი ფშვინვა ისმოდა. წინა სავარძლიდან მარინე ნაკაშიძე აძლევდა ბანს.

- გაიღვიძეთ, მძინარებო, წინ გრემი მოჩანს. თითქმის მოვედით, - გაისმა მანქანაში ლევანის ბოხი ბარიტონი. ძაღლმა და გამომძიებელმა ერთად ააფახურეს თვალები.

- „როდესაც ასე ახლოა გრემი,

მეც მინდა ვიყო უფრო მაღალი!" - წარმოთქვა მარინემ და დიდებულ ტაძარს თვალი გაუსწორა.

- მოგწონს? აქ ხომ არ დავიწეროთ ჯვარი? - ცალი თვალი გააპარა არაბულმა ქალისკენ.

- შენ ჯერ ცოლობა არ გითხოვია და ჯვრისწერას გეგმავ? - ჩაეღიმა გამომძიებელს.

- ამ წამს გთხოვე. ბეჭედს უფრო შესაფერის დროსა და ადგილას მოგართმევთ, ქალბატონო გამომძიებელო.

- მეც მაშინ გეტყვი პასუხს, - გაცისკროვნებული სახით გადაიხარა მარინე და თანამგზავრს საფეთქელთან ეამბორა.

- პასუხი უკვე მიღებულია, - ჩაილაპარაკა ბედნიერმა პროკურორმა.

- კიდევ შორს ვართ? დაგვათენდა თავზე, - ყვარლის მთებს თვალი ვერ მოწყვიტა მარინემ.

- ხუთ წუთში ადგილზე ვიქნებით.

- ჩვენ რატომ გამოგვიძახეს? - ახლაღა გაახსენდა გამომძიებელს, რომ წინ საქმე ელოდათ და ამიტომაც დაადგნენ დილაადრიან კახეთის გზას.

- ჯერ კიდევ აუმუშავებელ, ახალაშენებულ სასტუმრო „კოშკში" გარდაცვლილი იპოვეს ცნობილი ახალგაზრდა პოეტი გიორგი ხორბალაძე. გამთენიას ის მისმა მეგობარმა დემეტრე აბაშიძემ ნახა. სასწრაფოს ექიმების თქმით, მოსულებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ. სიკვდილი გულის უეცარმა გაჩერებამ გამოიწვია. დიდი ოდენობით ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული.

- ჩვენ რა შუაში ვართ? - ვერ დააკმაყოფილა პასუხმა მარინე.

- გიორგი ხორბალაძე ცნობილი პოეტია. საკმაოდ შეძლებული და გავლენიანი ოჯახის შვილი. მის სიკვდილს დიდი გამოხმაურება მოჰყვება. ამასთან, სასტუმრო „კოშკი" ეკუთვნის სოფიო მაჭარაშვილს. ის სასტუმროების ქსელის მფლობელი და ერთ-ერთი დიდი „ბიზნესლედია" ჩვენს ქვეყანაში.

- გამიგია ეგ სახელი, - დაფიქრდა გამომძიებელი.

- ის უფრო გამიკვირდებოდა, რომ არ გცოდნოდა, - გაეპასუხა კაცი, - ჩვენ ჩავალთ, გავერკვევით დეტალებში და თუ საეჭვო არაფერია, დავიხურავთ ქუდს და დავბრუნდებით უკან, თბილ სახლში. მერე წავალთ ხორბალაძის პანაშვიდზე და გავაგრძელებთ ცხოვრებას.

- რატომ ხარ ასეთი ცინიკოსი. ახალგაზრდა კაცი მოკვდა! - სიბრაზე შეეპარა ქალს ხმაში.

- თავად იყო ასეთი და იმიტომ, - არ დათმო პოზიციები ლევანმა.

- იცნობდი?

- ახლოს არა, მაგრამ ჩვენი გზები გადაკვეთილა. ცინიკოსი და ბოროტი კაცი იყო. ყველას იყენებდა, ვინც ამის საშუალებას მისცემდა. მოკლედ, ცუდი ბიჭი იყო, ყველანაირი გაგებით, - ისე დაასრულა მონოლოგი ლევანმა, რომ ადვილი მისახვედრი იყო, უფრო ახლოს იცნობდა გარდაცვლილს, ვიდრე ამბობდა.


* * *

„კოშკს" დიდი ალაყაფი ამშვენებდა. „ციხესიმაგრის" სათოფურებიდან „ზარბაზნების" ლულები მოჩანდა. ძველებური მოჩუქურთმებული ხის კოტეჯების საკვამურებიდან ცეცხლის თბილი, მოტკბო სუნი ამოდიოდა. შესასვლელიდანვე მოჩანდა ფორმიანი პოლიციელი, რომელიც ლენტგაბმულ კოტეჯს დარაჯობდა. იქვე, ქალბატონი სოფიო, სასტუმროს მეპატრონე, მაღალ მამაკაცს ესაუბრებოდა.

- მოგესალმებით, განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილების პროკურორი, ლევან არაბული და ამავე განყოფილების გამომძიებელი, მარინე ნაკაშიძე, - გაეცნო დამხვდურებს პროკურორი, - ვის გავესაუბროთ?

მისასალმებლად ხელი გაუწოდა მოსაუბრე კაცმა, - თელავის რაიონული პოლიციის უფროსი, სიმონ ჯანაშია. თქვენს სამსახურში მიგულეთ. ეს ქალბატონი სოფიო მაჭარაშვილია, ამ სასტუმროს მფლობელი.

- სასიამოვნოა, - თავი დაუკრა მარინემ და ახლოდან შეათვალიერა დამხვდურები.

- ბატონო სიმონ, რა შეგიძლიათ მითხრათ მომხდარის შესახებ? ისე სწრაფად წამოვედით, არავის არაფერი აუხსნია.

- გარდაცვლილი პოეტი გიორგი ხორბალაძეა. ექიმების თქმით, გულის უეცარი გაჩერება ალკოჰოლის დიდმა რაოდენობამ გამოიწვია, თუმცა დანარჩენს ექსპერტიზა დაადგენს. პირველადი დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ ჩანს.

- რას აკეთებდა აუმუშავებელ სასტუმროში?

- მაგ კითხვაზე მე გიპასუხებთ, - საუბარში ჩაერია წრიპინა ხმით ქალბატონი სოფიო. დაბალ, გამხდარ ქალს ხმაც ისეთივე ჰქონდა, როგორიც თავად იყო. თმა ქერად შეეღება, სახე კი საგულდაგულოდ დაეხატა. ან დილით ადრე მოესწრო ეს ან წინა ღამიდან შემორჩენოდა, - მე ვიცნობ დემეტრე აბაშიძეს. ის და მისი მეგობრები, თინიკო დვალი და გიორგი ხორბალაძე დავპატიჟე, რომ სასტუმროს რეკლამირებაში დამხმარებოდნენ. მათ აქ უნდა ჩაეწერათ ვიდეოები, დაეწერათ სტატიები, ლექსები და გაევრცელებინათ სოციალურ ქსელებში. თუმცა, რა გამოვიდა, - ცრემლი მოიწმინდა სახიდან ქალმა.

- ანტირეკლამა უფრო მოგებიანია ზოგჯერ, - გაუღიმა პროკურორმა, - მიცვალებული სადაა? კრიმინალისტები წუთი წუთზე აქ იქნებიან. მანამდე ჩვენ შევხედავთ, - მიმართა პოლიციის უფროსს.

- აი, მობრძანდით, - ერთ-ერთი კოტეჯისკენ დაიძრა სიმონ ჯანაშია, - ხელი არაფრისთვის გვიხლია.


კოტეჯში საზიზღარი სუნი ტრიალებდა. ახალგაზრდა მამაკაცი თვალდახუჭული იწვა საწოლზე. იატაკზე კუჭიდან ამოღებული წინა ღამის მენიუ და ალკოჰოლი გადმოეღვარა. ჩემოდანი გაუხსნელი იდგა კუთხეში. თვალის ერთი შევლებითაც ჩანდა, რომ პოეტს არათუ რამე დაეწერა აქ ჩამოსვლის შემდეგ, ტანსაცმელიც არ გამოეცვალა.

მარინემ პირზე აიფარა ხელი.

- როდის მოვიდნენ სტუმრები აქ? - ჯანაშიას მისამართით იკითხა გამომძიებელმა.

- გუშინ, დაახლოებით 12 საათისთვის.

- მათ გარდა აქ არავინაა?

- ეს სამი სტუმარი, ქალბატონი სოფიო, მზარეული და მისი მეუღლე არიან. მაგრამ მათ არც კი უნახავთ სტუმრები. ვახშმობისას სამეულს ქალბატონი სოფიო ემსახურებოდა.

მარინეს სახეზე გაოცება გამოეხატა. ნუთუ ის ზედმეტად გაპრანჭული ქალი თავად უშლიდა მაგიდას ხელოვანებს? თუმცა, რეკლამისთვის რას არ გააკეთებდა კაცი.

- კრიმინალისტები მოვიდნენ, - საუბარი შეაწყვეტინა გამომძიებლებს კართან მდგომმა ფორმიანმა მამაკაცმა. ექსპერტ-კრიმინალისტი და მისი ორი დამხმარე ჩანთებით შელაგდნენ კოტეჯში და თავიანთ საქმეს შეუდგნენ. არაბული სუნს ვეღარ უძლებდა.

- მარინე, მე მზარეულს და მის მეუღლეს დაველაპარაკები, - დრო იხელთა პროკურორმა და სუფთა ჰაერზე გავიდა.

გამომძიებელი დაძაბული ადევნებდა თვალს ექსპერტების საქმიანობას.

- რას ფიქრობთ, ბატონო ნოდარ? - ჰკითხა მარინემ კრიმინალისტს, როცა მათ უკვე მიცვალებულის გამზადება დაიწყეს მორგში გადასაყვანად.

- ძალადობის კვალი არაა, არც ვინმეს დაუხრჩვია და არც რამე ფიზიკური დაზიანება მიუყენებია მისთვის. გარეგნული ნიშნები გულის უეცარ გაჩერებაზე მიუთითებს. დანამდვილებით ერთ საათში გეტყვი, - უპასუხა ბატონმა ნოდარმა და კოტეჯიდან გაუჩინარდა.


ყვარლის მთებიდან მონაბერი სუფთა ჰაერი ესიამოვნა გამომძიებელს. არაბულს მზარეულთან და მის მეუღლესთან საუბარი დაესრულებინა და ჩაფიქრებული კიბეზე იჯდა. პიტბულიც იქვე ჩაცუცქულიყო და დრუნჩი ჩამოედო პატრონისთვის მუხლზე.

- აბა, რაო იმ ხალხმა? - თავზე დაადგა პროკურორს გამომძიებელი.

- მათ თვალით არ უნახავთ სტუმრები. ქალბატონი სოფიო თავზე დაკანკალებდაო. თვითონ ემსახურებოდაო. ჩვენ ვახშამი გავამზადეთ და წავედითო. ექსპერტებმა რა თქვეს?

- ძალადობის კვალი არ არის. დემეტრე აბაშიძე და თინიკო დვალი გამოვკითხოთ, ბატონი ნოდარიც მალე მოგვაწვდის ხორბალაძის სამედიცინო დასკვნას და თუ საინტერესო არაფერი იქნება, წავალთ, - იქვე კიბეზე ჩამოუჯდა მარინე პროკურორს და მხარზე ჩამოადო თავი.

- კარგი იქნებოდა აქ საქმეზე კი არა, დასასვენებლად ჩამოვსულიყავით, - თვალებში ჩახედა არაბულმა ქალს.

- კარგი იქნებოდა, - ოცნებაში წასულმა უპასუხა მანაც და შემოდგომის ოქროსფერ ფერებში შემოსილ ყვარლის მთებს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი.


* * *


დემეტრე აბაშიძეს ნაბახუსევი სახეზევე ეკითხებოდა. თვალები დაწითლებოდა, სახე შეშუპებოდა და ოფლიანი თმა შუბლსა და კისერზე მიწებებოდა. იჯდა მაგიდასთან და მინერალური წყლით სავსე ბოთლი საფეთქელზე მიედო. არც მის გვერდით მჯდომი თინიკო დვალი გამოიყურებოდა უკეთესად. წინა დღეს წასმული ტუჩსაცხის კვალი ლოყაზე ემჩნეოდა. გადღაბნილი თვალის ფანქარი ნაბახუსევ სახეს კიდევ უფრო უსიამოვნოს უჩენდა.

- ბატონო დემეტრე, ქალბატონო თინიკო, მე გამომძიებელი მარინე ნაკაშიძე ვარ. გიორგი ხორბალაძე თქვენ იპოვეთ გარდაცვლილი?

- მე, - ამოილუღლუღა აბაშიძემ.

- შეგიძლიათ აღმიწეროთ, როგორ მდგომარეობაში იყო?

- ოთახში გამთენიას შევედი. ყარდა იქაურობა. გიორგი საწოლიდან გადმოწეული იყო. კუჭიდან ყველაფერი ამოუღია. თვალგახელილს ცალი ხელი იატაკზე დათრეოდა. მივვარდი, რომ გამესწორებინა. ისეთი მომჩვარული იყო, შემეშინდა და ხელი გავუშვი. ძირს გადმოვარდა. ფუუ მაგის... - უხეში გინება მიაყოლა გარდაცვლილ მეგობარს დემეტრემ, - ჩემს ყვირილზე თინიკო შემოვარდა და სოფიოს დაუძახა. მან სასწრაფო გამოიძახა. სულ ესაა.

- გამთენიას რატომ შეხვედით მასთან?

- მაგ დედა მ...-თან კი არ შევედი, დასაძინებლად მივდიოდი. მეორე საწოლზე უნდა დავწოლილიყავი.

- გასაგებია. შუაღამემდე სად იყავით? - არ მოეშვა გამომძიებელი.

თვალებაწითლებულმა დემეტრემ გვერდით მჯდომ ქალს შეხედა. თინიკო დვალს სახე აუჭარხლდა. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.

- ერთად ვიყავით მთელი ღამე, - ჩაიჩურჩულა დვალმა.

- ბოლოს რომელ საათზე ნახეთ ცოცხალი მეგობარი?

- დაახლოებით ღამის 12 საათისთვის წამოვედით მე და თინა. სოფიო უფრო ადრე წავიდა. გიორგიმ რა დრომდე სვა, არ ვიცი, არც ის, რა დროს დაბრუნდა კოტეჯში.

- ჯანმრთელობის პრობლემები ხომ არ ჰქონდა? ადრე თუ უხსენებია, რომ გული აწუხებდა.

- არა, ტო, - იუარა დემეტრემ, - რა გული, ხარივით ჯანმრთელი იყო, - ხვნეშა და ალკოჰოლის სუნი ამოაყოლა სიტყვებს.

- ბევრს სვამდა? - ჰკითხა მარინემ წყვილს და ეცადა, სახე აერიდებინა მათთვის.

- ყოველდღე, - მტკიცედ გასცა პასუხი დვალმა გამომძიებლის კითხვას.

- როგორ ფიქრობთ, რა დაემართა თქვენს მეგობარს?

- ამდენ არაყს ვეღარ გაუძლო და გულმა გლიჯა, - ამოთქვა აბაშიძემ და ბოთლი შუბლზე მიიჭირა.

- თქვენ სამნი აქ რატომ ჩამოხვედით? - მარინემ კი იცოდა მათი აქ სტუმრობის მიზეზი, მაგრამ გულწრფელად აინტერესებდა, იცოდნენ თუ არა ეს დვალმა და აბაშიძემ.

- რაღაც უნდა დაგვეჯღაბნა და ერთი-ორი სურათი გადაგვეღო, - აგდებით უპასუხა დემეტრემ.

- ამჯერად მეტი შეკითხვა არ მაქვს. გთხოვთ, არ დატოვოთ ტერიტორია, - გააფრთხილა წყვილი გამომძიებელმა და ადგა, თუმცა კარგად იცოდა, მათ არსად წასვლის თავი ჰქონდათ ახლა.


* * *


პროკურორი არაბული ისევ კიბეზე იჯდა. მთელი ღამის ნამგზავრს, თავი მოაჯირისთვის მიედო და თვლემდა.

- რაო, რა თქვეს? - ჰკითხა თვალგაუხელლად გამომძიებელს.

- გასული არიან მომსახურების ზონიდან. მთელი ღამე ერთად გაატარეს. არც ის იციან, რამდენი დალია მათმა მეგობარმა და არც ის, როდის გახდა ცუდად.

- ახლა რას ვშვრებით? დავიღალე... ფიქრი აღარ შემიძლია, - გულწრფელად ამოიწუწუნა კაცმა.

- ექსპერტიზის დასკვნას დაველოდოთ და საქმე დავხუროთ. არ მგონია, აქ გამოსაძიებელი იყოს რამე, - დააიმედა მარინემ და იქვე წამოწოლილ ძაღლს მიეფერა, - მე მათზე ინფორმაციას მოვძებნი. რამდენიმეგან დავრეკავ. იყავი შენ აქ, - აკოცა პროკურორს და სასტუმროს კორდიან ეზოში გაისეირნა.


* * *


შემოდგომას ძალა მოეკრიბა. მიუხედავად მზის სხივებისა, სიცივე მძლავრობდა. პატარა კოტეჯში ბუხარი აენთოთ. ყავითაც მოემარაგებინათ და მის ფონზე პოეტს უფრო ჰგავდა მარინე, ვიდრე გამომძიებელს. დივანზე პროკურორი მოკუნტულიყო და თვლემდა.

- მცივა, - ჩაილაპარაკა ძილში არაბულმა.

იქვე დაკეცილ გადასაფარებელს მისწვდა მარინე და მიაფარა. ლევანს თვალები დაწითლებოდა და კანკალებდა.

- ლევან, მგონი სიცხე გაქვს, - შეწუხებულმა ჩასჩურჩულა ყურში მამაკაცს.

- მეც მასე მგონია, - ივარაუდა მამაკაცმა.

- ცოტაც და წავალთ აქედან. მანამდე იქნებ წამალიც ვიშოვო.

- არ მინდა. რაო, რა გაიგე ამ საინტერესო სამეულზე? - თბილ გადასაფარებელში გაეხვია პროკურორი.

- გიორგი ხორბალაძე, 30 წლის. პოეტი, ცნობილი და გავლენიანი ოჯახის შვილია. მაღაზიათა ქსელების მფლობელის ერთადერთი მემკვიდრე. მათ ასევე წილები აქვთ სამშენებლო ბიზნესში. მოკლედ რომ ვთქვათ, მამიკოს გატუტუცებული ბიჭია. მთელი თბილისი მისი მეგობარი ან საყვარელია. ყოველ კვირას სხვადასხვა ხალხთან და ახალ-ახალ გოგონებთან ხედავდნენ. ყვითელი პრესა და ინტერნეტსივრცე სავსეა მისი სურათებით. ცხოვრებით ტკბებოდა დღემდე.

- ზუსტად ამოგიცვნია როგორიცაა, - ღვარძლით ამოილაპარაკა არაბულმა.

- არ მეტყვი, შენ საიდან იცნობ? - კალამი და ფურცელი გადადო მარინემ.

- ჩემი დის შეყვარებული იყო. ერთკვირიანი. მაშინ ჩემი და 19 წლის ხდებოდა. ერთი თვე სახლთან საჩუქრების და ყვავილების გორა იდგა. გავიგე, ვინც გვამარაგებდა, დაველაპარაკე და ვერაფერი შევასმინე. ჩემი და ფრთაშესხმული დადიოდა. არც ის მისმენდა. ვიცოდი, მისი რეპუტაციის ამბავი. ჩვენი ლაპარაკიდან ერთ კვირაში გაიპარნენ. ორ კვირაზე მეტი ვეძებდი, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერ გავიგე. იმ მათხოვარმა, ამ დროში, ჩემი დის მონელება მოასწრო. ხულოში მივაგენი. იჯდა ჩემი და ვიღაცის სახლში მარტო და ცრემლად იღვრებოდა. ძლივს მოვიყვანე გონს.

- არ უჩივლე? - ჰკითხა შეწუხებულმა გამომძიებელმა.

ლევანს მწარე ღიმილმა გადაურბინა სახეზე.

- ვისთვის უნდა მეჩივლა. ორივე სრულწლოვნები იყვნენ. თავისი ნებით წაყვა ჩემი და. რას დავაკლებდი. მარტივად არ გაუვლია ამ ამბავს, თუმცა უკვე ჩავლილია. დემეტრე აბაშიძეზე რას მეტყვი? - თემა შეცვალა პროკურორმა.

- მწერალი, კრიტიკოსი და პროზაიკოსია. ხორბალაძის ბავშვობის მეგობარი. ბაღიდან ერთად მოდიან. გიორგის მეგობრობით უფრო გახდა ცნობილი, ვიდრე თავისი პროზით. ჩვეულებრივ, საშუალო კლასის ოჯახში დაიბადა. თვითონ უსაქმურობს და გიორგის იყო მიწებებული, მის ფულს კარგად ხარჯავდა.

ლევანს ხმა არ ამოუღია.

- ესეც იცოდი ხომ? - გამომცდელად ჰკითხა მარინემ პროკურორს.

- იმ დროს აბაშიძის გაცნობის პატივიც მქონდა.

- იმიტომაც არ გამოჰკითხე შენ, ხომ?

- ერთი მიზეზი ეგეც იყო, თუმცა, გამომძიებელი შენ ხარ და მე არ ჩაგეჭრები.

- დვალსაც იცნობ?

- არა. თინიკო დვალი დღეს პირველად ვნახე. როგორც ჩანს, ახალია მათ წრეში.

- ძალიან კარგი სამეცნიერო სტატიები აქვს დაწერილი. გარემოს დაცვის მეცნიერებათა დოქტორია. მის დეტექტიურ რომანებს მაღალ დონეზე აფასებენ. გამიკვირდა, რა უნდა ამ ორთან?

- „სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო ოლღა?" - გაეცინა ლევანს.

- ისევ დუმბაძე, ლევან?

- უკვდავია. დვალი, ალბათ, ფიქრობს, რომ ამ ორთან ურთიერთობით თავს დაიმკვიდრებს ლიტერატურულ წრეებში.

- ალბათ, - ჰაერში დაკიდა პასუხი გამომძიებელმა.


* * *


- ლევან! გაიღვიძე. გიორგი ხორბალაძის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა. მკვლელობა გვაქვს, - თავს დააცხრა დივანზე მიძინებულ პროკურორს მარინე.

- რა? - ძილბურანიდან გამოერკვა არაბული. სიცხემ დაუწია და სხეული ძილს სთხოვდა.

- ხორბალაძის სისხლში იშვიათი ნივთიერება სინთაქსინი-17 გამოჩნდა. ის დაახლოებით ათი წლის წინ შექმნეს. ექსპერიმენტული ტოქსინია, რომლის მიზანი იყო ნერვული კავშირების დროებითი ბლოკირება. თუმცა, წარმოებაში არასდროს ჩაშვებულა, გვერდითი ეფექტების გამო. ექსპერიმენტის დროსვე გამოიკვეთა, რომ გულის კუნთის მუშაობას აფერხებდა და საშიში ნივთიერებაა. რთულია მისი აღმოჩენა. კვალს არ ტოვებს. გაგვიმართლა, რომ სიკვდილიდან სამ საათში მოესწრო სამედიცინო კვლევის ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ საქმეს ისე დავხურავდით, ვერასდროს გავიგებდით, რა მოხდა სინამდვილეში.

- რამდენად ცნობილი იყო ეს წამალი?

- არ ვიცი. ალბათ, ცოტა ხალხს ეცოდინებოდა მის შესახებ.

- ჩვენ უნდა ვეძებოთ ადამიანი, რომელიც ერკვევა მედიცინაში და ხელი მიუწვდება ამ ნივთიერებაზე. გამოძიებას ვიწყებთ საქართველოს სისხლის სამართლის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით, რომელიც 7-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

- გასაგებია, „ბოს"! - გაეღიმა გამომძიებელს.


არაბულს აღარც თავის ტკივილი ახსოვდა და აღარც ძილი. დამნაშავე ჰყავდა დასაჭერი და ადრენალინი ტვინში ასხამდა.

- დავიწყეთ თავიდან. ვინ არიან სასტუმროში? ვის მიუწვდებოდა ხელი იარაღზე, ჩვენს შემთხვევაში, საწამლავზე და ვის რა მოტივი ჰქონდა? - სუფთა ფურცელი მოიმარჯვა გამომძიებელმა და ჩაწერა დაიწყო, - დემეტრე აბაშიძე და თინიკო დვალი. ამ ორიდან, დვალს ეყოფოდა ტვინი, რომ იდეალური მკვლელობა დაეგეგმა.

- „იდეალური მკვლელობა" არ არსებობს, შენ არ მასწავლე? - შეახსენა მარინემ პროკურორს.

- თითქმის იდეალური. რომ არა დროულად გაკეთებული კვლევები, იდეალური იქნებოდა. დვალი დეტექტივების ავტორია. მან კარგად იცის მკვლელობის დეტალები. იცის, სად და როგორ არ დაუშვას შეცდომები. ინტელექტის კოეფიციენტიც მაღალი აქვს. დოქტორის ხარისხს ყველა ვერ იღებს. ამიტომ ჩვენ დვალის და ხორბალაძის ურთიერთობის ყველა დეტალი უნდა გავიგოთ, - ეჭვმიტანილთა განხილვა დაიწყო არაბულმა.

- რატომ დაგეგმავდა მკვლელობას აქ, სასტუმროში, სადაც სულ ექვსი ადამიანია, როცა ამის უამრავი შანსი ჰქონდა თბილისში? - მსჯელობაში აჰყვა მარინე.

- დვალს გავესაუბროთ. არაა გამორიცხული, რომ ის ჯერ ხორბალაძის „შეყვარებული" ყოფილიყო და მერე გადაელოცა ძმაკაცისთვის. გიორგის მსგავსი რაღაცები ახასიათებდა.

მარინემ ფურცელზე რაღაც ჩაინიშნა.

- დემეტრე აბაშიძე? - ჰკითხა ლევანს, - რას ფიქრობ მასზე?

- ყველაზე ნაკლებად ის მგონია დამნაშავე. ხორბალაძის გარეშე ის არარაობაა. რატომ უნდა მოეკლა „საფულე"?

- პირადი წყენის გამო, თუნდაც ქალის...

- შეიძლება, მაგრამ მას არც სინთაქსინი-17-ის შესახებ ეცოდინებოდა რამე და არც ჭკუა და კავშირები ეყოფოდა მის საშოვნელად.

- გასაგებია, მაგრამ შევამოწმოთ.

- გვყავს კიდევ სასტუმროს მეპატრონე, სოფიო მაჭარაშვილი, რომელმაც ისინი „კოშკში" ჩამოიყვანა. - ლევანმა ოთახში გაიარ-გამოიარა და ბუხარს შეშა შეუმატა, - ის არ იცნობდა ხორბალაძეს. მან აბაშიძე დაპატიჟა. ის კი მეგობრებთან ერთად ესტუმრა. ან რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა 30 წლის ხორბალაძეს და 60 წელს გადაცილებულ სოფიო მაჭარაშვილს?

- ბიზნესი. ნუ გავიწყდება, რომ ჩვენი ქვეყანა პატარაა და აქ საქმოსანი ხალხი ყველა ერთმანეთს იცნობს.

- ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, - დაუდასტურა გამომძიებელს პროკურორმა, - ვეძებოთ სოფიოს და გიორგის კავშირი, სანამ საწინააღმდეგოს არ დავამტკიცებთ.

- რაც შეეხება მზარეულს და მის მეუღლეს...

- ექსპერტმა რა თქვა, როგორ მოხვდა წამალი გიორგის სხეულში?

- ან ინიექციის სახით ან პერორალური გზით ანუ საკვებთან ერთად მიიღო. ჩხვლეტის არავითარი ნიშნები არ არის, უფრო სავარაუდო საკვებთან ერთად მიღებაა.

- მაშინ მზარეულიც არ გამოირიცხება. თუმცა, მან საჭმელი ყველასთვის მოამზადა და უფრო ადრე წავიდა, ვიდრე სტუმრები სუფრას მიუსხდებოდნენ. ამას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ამბობენ აბაშიძე-დვალის წყვილი და მზარეული და მისი მეუღლე, - თავისივე ნათქვამი ჩანაწერში გადაამოწმა პროკურორმა.

- ხორბალაძე ბოლოს მარტო დარჩა სუფრასთან, საკმაოდ ნასვამი. იქნებ მაშინ დაბრუნდნენ ცოლ-ქმარი და სასმელში ჩაუსხეს საწამლავი?

არაბულმა მხრები აიჩეჩა.

- ბევრი სამუშაო გვაქვს. რით დავიწყოთ?

- მე თინიკო დვალს გავესაუბრები. შენ საბუთებს მიხედე. თბილად იყავი აქ ცოტა ხანს. და კიდევ, გამირკვიე, ვინ მუშაობდა სინთაქსინი-17-ის შექმნაზე და ვის მიუწვდებოდა ხელი ამ პრეპარატზე.

- არის, „შეფ"! - გაიჭიმა პროკურორი.

- მიხარია, რომ მენდობი. მიყვარხარ. - მოწყვეტით აკოცა გამომძიებელმა ლევანს და კოტეჯი დატოვა.


* * *


თინიკო დვალს თავი მოეწესრიგებინა. გამოძინებულიც იყო და აღარც თვალების შეშუპება ეტყობოდა. ბევრად უფრო ლამაზი ეჩვენა მარინეს, ვიდრე პირველი შეხვედრისას.

- რატომ გინდათ კიდევ ერთხელ ჩემთან საუბარი? - მისალმების გარეშე მიახალა გამომძიებელს.

- იმიტომ, რომ კარგად გავიგო შენი და ხორბალაძის ურთიერთობის ამბები, - არ დაუმალავს გამომძიებელს.

- ჭორაობის ხასიათზე ბრძანდებით, ქალბატონო გამომძიებელო? რატომ? რა მოხდა?

- თქვენ რას ფიქრობთ? - კითხვაზე კითხვითვე უპასუხა ქალმა. არ შემცდარან დვალში, ის ბევრად ჭკვიანი იყო, ვიდრე აბაშიძე და ხორბალაძე.

- მე დეტექტივებს ვწერ...

- ვიცი. ისიც ვიცი, რომ კარგად წერ. ამიტომ არც მოტყუებას ვაპირებ და არც შენთან თამაშს.

- რადგან თქვენც აქ ხართ და ჩვენც, თან ჩემთან ერთხელ საუბრით არ დაკმაყოფილდით, მგონია, რომ ხორბალაძე მოკლეს. ან თქვენ გაქვთ ასეთი ეჭვი.

მარინემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

- გასაგებია. როგორ?

- ნივთიერება სინთაქსინი-17-ით. გაგიგიათ მის შესახებ?

- არა, - გადაჭრით იუარა დვალმა, - არ გამიგია. როგორ მიიღო?

- საკვებთან ერთად.

- გასაგებია, - ჩაფიქრდა ქალი, - პირველ რიგში ეჭვმიტანილები აქ მყოფები ვართ, ასეა?

- დიახ, - დაეთანხმა გამომძიებელი.

- თქვენ, რა თქმა უნდა, მეც ერთ-ერთ მათგანად განმიხილავთ...

მარინეს ხმა არ ამოუღია. თინიკო დვალი თავად ცდილობდა მკვლელობის სცენარის შექმნას, გამომძიებელს კი აინტერესებდა, ფანტაზია სადამდე ეყოფოდა. იჯდა და უსმენდა.

- გიორგი და დემეტრე ორი წლის წინ გავიცანი, როცა მწერლობაში ფეხს ვიდგამდი. არჩევანი დემეტრეზე შევაჩერე. თუმცა, შანსი ორივესთან მქონდა. რადგან გიორგის რეპუტაციას ვიცნობდი, მასთან ყოფნის შანსი არ მქონდა. ამიტომ ავირჩიე აბაშიძე. უკვე ორი წელია მასთან ვარ. მე გიორგის მოკვლის მოტივი არ მქონია. არც დემეტრეს.

ქალი ორიოდე წუთით შეჩერდა.

- გიორგის მოკვლა რომ მნდომებოდა, ისეთ ხალხმრავალ ადგილზე გავაკეთებდი ამას, ვერც კი მიხვდებოდით, ვინ და რამდენი იყვნენ. აქ რატომ ჩამოვიდოდი ამისთვის? მე გიორგი ცოცხალი მჭირდებოდა და არა - მკვდარი. ახლა აღარც დემეტრე მინდა, ის გიორგის გარეშე არაფერს წარმოადგენს. შეგიძლიათ ეჭვმიტანილთა სიიდან ამომშალოთ.

- ასეც ვიზამ, - დააიმედა გამომძიებელმა დვალი.

- არ იზამთ. მკვლელის მთავარი მამოძრავებელი ძალა ისაა, რომ ყველანაირად აირიდოს სასჯელი. ჩათვლით, რომ ახლა რაც გითხარით, თავის დაცვის და ისრის სხვაგან მიმართვის ხერხია. ამიტომ ჩემზე ძიებას ისევ გააგრძელებთ. ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით.


მარინეს გაეცინა. ის მართლაც ძალიან კარგი დეტექტივების ავტორი იქნებოდა და ასევე წარმატებით შეეძლო იდეალური მკვლელი ყოფილიყო.

- დემეტრეზე რას ფიქრობთ? მას ჰქონდა გიორგის მოკვლის მიზეზი?

- დემეტრე? არა, არ ჰქონდა. მეგობრის გარეშე ის არაფერს წარმოადგენს.

- ახლა სადაა ბატონი დემეტრე? მასთან საუბარი მინდა.

- ჩემს კოტეჯში სძინავს. გააღვიძეთ. არ შეწუხდება, - დვალის აგდებულ ნათქვამში ცოტაოდენი აგრესიაც ჩანდა.


* * *


დემეტრე აბაშიძეს გაღვიძებაც მოესწრო და ნაბახუსევზე ორიოდე ჭიქა არყის დალევაც. სახე დაწყნარებოდა, თუმცა ისეთი ოხშივარი ამოსდიოდა პირიდან, მარინე მოშორებით დაუჯდა.

- დემეტრე, ალბათ ჯერ არ გაგიგიათ, რა დაემართა თქვენს მეგობარს...

- მაგ დედა მ...-მა იმდენი არაყი დალია, გულმა გლიჯა.

- არა. მას სინთაქსინი-17-ის მოქმედების გამო გაუჩერდა გული.

- რა? ეგ რაღაც საიდან ჩაუვარდა ხელში?

- ეს თვითმკვლელობა არ იყო. მკვლელობაა.

- თქვენ ახლა მე უნდა შემტენოთ ძმაკაცის სიკვდილი? - აღრიალდა კაცი.

მარინე ცდილობდა, გაღიზიანებულ აბაშიძეს არ აჰყოლოდა.

- არა. დამშვიდდით. ჯერჯერობით ვიძიებთ. ამიტომაც მინდა, კიდევ ერთხელ გაგესაუბროთ. როგორ და როდის გაიცანით გიორგი?

- აღარ მახსოვს. ბაღშიც კი ერთად დავდიოდით. ერთ უბანში ვცხოვრობდით. ერთად გავიზარდეთ. ერთი დღეც არ მახსოვს მის გარეშე. ჩემი დედა... ეს რა ქენი, ბიჭო!.. - ბოლომდე გაიაზრა ტრაგედია დემეტრემ და ღრიალი აღმოხდა.

- თქვენ ყველაზე კარგად იცნობდით. აქ მხოლოდ რამდენიმე ადამიანია. მირჩიეთ, მკვლელი მათ შორის ვეძებო თუ გარეთ?

დემეტრემ მხრები აიჩეჩა.

- თინიკო დვალთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა გიორგის?

- თქვენ ფიქრობთ, რომ თინამ მოკლა? აბსურდია. ისინი მეგობრობდნენ. რას ლაპარაკობთ, - აყვირდა დემეტრე.

- კარგად გაიხსენეთ, აქ წამოსვლა ვინ შემოგთავაზათ? თქვენს გარდა, კიდევ ვინ იცოდა ეს ამბავი?

ბიჭი ჩაფიქრდა.

- ოთხი დღის წინ სოფიო მაჭარაშვილმა დამირეკა. ძლივს გავიხსენე, ეს ქალი ვინ იყო. მითხრა, ახალ სასტუმროს ვხსნი კახეთში და მინდა, მისი „პიარისთვის" რაღაცები გააკეთოთო: სურათები სოციალურ ქსელებში, პირდაპირი ჩართვები, სტატიები. ლიტერატურულ ნაწარმოებს თუ შევქმნიდით, მთლად უკეთესი. სამი დღე გულაობაზე ვინ იტყოდა უარს?

- გიორგის და თინას წამოყვანა თქვენ გადაწყვიტეთ?

- არა, სოფიომვე მითხრა, შენი ძმაკაცი როა, გიორგი ხორბალაძე, ის წამოიყვანე, მომწონს მისი ლექსებიო. კიდევ ვინც გინდაო. თინიკო მე წამომყვა.

- სოფიო მაჭარაშვილი იცნობდა გიორგის?

- ვერ ვიხსენებ. შეიძლება შეხვედრია კიდეც სადმე, მაგრამ რომ ცნობოდა, მე კი არა, მას დაურეკავდა, - დემეტრე ჩაფიქრდა, - მისი შვილი ანანო იცნობდა გიორგის. ეტმასნებოდა ერთ დროს, მაგრამ გიორგი, იცით, როგორი იყო? სერიოზული ურთიერთობა არავისთან უნდოდა. თან ის გოგო ლამაზიც არ იყო. დედამისს სულ არ ჰგავდა. შეიძლება ერთი-ორჯერ კი გაიგულავა მასთან, მაგრამ მე არ ვიცი.

- დედამისმა ამის შესახებ არაფერი იცოდა?

- არა, არ ეცოდინებოდა. ეგ რომ გაეგო, რატომ დაგვპატიჟებდა თავის სასტუმროში? თან ეს ამბავი დიდი ხნის წინათ იყო.

- სადაა ანანო ახლა?

დემეტრემ მხრები უსიტყვოდ აიჩეჩა.

- აზრზე არ ვარ. საუკუნის წინანდელი გიორგის გოგო რატომ უნდა მახსოვდეს. ეგეთი, იცი, რამდენია? გიორგის მშობლებს შეატყობინეთ მისი გარდაცვალება?

- დიახ. ამაზე იზრუნეს უკვე. თქვენ ტერიტორია არ დატოვოთ, - გააფრთხილა გამომძიებელმა.

- სადაა გიორგი? მისი ნახვა მინდა.

დემეტრეს აზროვნების უნარი დაჰბრუნებოდა და ემოციები მთელ სხეულზე უჭერდა.

- ჯერჯერობით საავადმყოფოს მორგში. მალე მშობლებს გადასცემენ. თქვენ აქ უნდა დარჩეთ.

მარინემ თავჩაღუნულ ყმაწვილს მხარზე ხელი შეახო და უსიტყვოდ დატოვა.


* * *


პატარა, გამთბარ კოტეჯში პროკურორი ლევან არაბული კომპიუტერში იქექებოდა. თან ტელეფონზე საუბრობდა და თან რაღაცას გამალებით ინიშნავდა პატარა ფურცლებზე.

- აბა, რა გვაქვს? - ჰკითხა გამომძიებელმა შესვლისთანავე და აბრიალებულ ბუხარს მიუშვირა ხელები.

- სინთაქსინი-17-ის შექმნაზე მხოლოდ ორი მეცნიერი მუშაობდა, დაახლოებით ათი წლის წინათ. აქედან ერთი გარდაცვლილია, მეორე - პენსიაშია. ეს წამალი წარმოებაში არასდროს ჩაშვებულა. შემქმნელებმა კოლეგებთან წარადგინეს სამეცნიერო კონფერენციაზე. თუმცა მხოლოდ ერთხელ. მასზე მუშაობა შეწყდა. ამ ამბავს გადაჰყვა შემქმნელებიდან ერთ-ერთი, მეორე - გოგი გვრიტიშვილი - პენსიაში გავიდა. შენ რა გაქვს?

- სამეულს აქ ჩამოსვლა სოფიო მაჭარაშვილმა სთხოვა. მაგრამ... მთავარი ისაა, რომ მან დემეტრე აბაშიძეს კი დაურეკა, მაგრამ გიორგის წამოყვანა სთხოვა. გიორგი ხორბალაძეს რამდენიმე წლის წინათ მისი შვილი, ანანო იცნობდა. ანანოსთვის ხორბალაძეს დიდი ყურადღება არ მიუქცევია. არც სოფიო მაჭარაშვილი იცნობდა გიორგისო. მაინტერესებს, ეს მართალია თუ არა და სად არის ახლა ანანო.

- შენ გათბი, დაისვენე და სანამ ქალბატონ სოფიოს გავესაუბრებით, მე რაღაცებს გავარკვევ, - დააიმედა არაბულმა გამომძიებელი და ტელეფონი მოიმარჯვა.


ცხელმა ყავამ მაცოცხლებელი ძალა მისცა მარინეს. უკვე შუადღე გადასულიყო და დაღლილობამ თავისი ქნა. ორიოდე წუთით თვალის მოტყუება მოუნდა ბუხრის პირას, სარწეველა სავარძელში.

- მარინე, - შეაფხიზლა ლევანის ხმამ, - ანანო მაჭარაშვილი ქალბატონი სოფიოს ერთადერთი ქალიშვილი და მისი მემკვიდრე იყო. დიდ იმედებს ამყარებდა შვილზე. ორი წლის წინათ თავი მოიკლა. სამედიცინო ექსპერტიზის გაკეთების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ოთხი თვის ორსული იყო. მამა უცნობია...

- რა? - ტკბილი ძილ-ბურანიდან გამოერკვა გამომძიებელი, - დემეტრემ თქვა, გიორგის „სერიოზული" ურთიერთობა არავისთან უნდოდა, შეიძლება ერთი-ორჯერ კი გაიგულავა მასთანო. შესაძლოა, ხორბალაძე ყოფილიყო ბავშვის მამა.

- შეიძლება, - ჩაფიქრდა პროკურორი, - ქალბატონი სოფიო ხსნის სასტუმროს, აქ ეპატიჟება იმ პოეტს, რომლის გამოც მისმა შვილმა თავი მოიკლა და რომლის ბავშვის მამაცაა. თავად ემსახურება ვახშამზე და აძლევს წამალს. სოფიოს გიორგის მოკვლის მოტივიც აქვს და საშუალებაც. გავარკვიოთ, იცნობდა თუ არა ეს ქალბატონი გოგი გვრიტიშვილს და მიუწვდებოდა თუ არა ხელი სინთაქსინი-17-ზე.

- კიდევ ერთხელ უნდა ვნახოთ, ამ წამლის შესახებ ყველაფერი, მისი შექმნიდან აკრძალვის წუთამდე.

ლევანი მაგიდაზე მიმოფანტულ ფურცლებს შორის რაღაცას გამალებით ეძებდა.

- აი, ვნახე, - გაებადრა სახე, - სამეცნიერო კონფერენცია, რომელზეც სინთაქსინი-17 წარადგინეს შემქმნელებმა, გაიმართა სასტუმრო „სენატორში", რომელიც იცი ვის ეკუთვნის? ქალბატონ სოფიო მაჭარაშვილს. ამ კონფერენციის ორგანიზატორი სხვებთან ერთად, გოგი გვრიტიშვილიც იყო. არ ვიცი, იცნობდა თუ არა ექიმი მეცნიერი სასტუმროს მფლობელს, მაგრამ წრე შეიკრა. დანარჩენი, იქნებ, თვითონ გვითხრას. მოსამართლეს დავურეკავ, ჩხრეკის ორდენს ავიღებ და მის ყველა საცხოვრებელს თავდაყირა დავაყენებ.


* * *


ქალბატონი სოფიო თავის კოტეჯში განმარტოებული, საწერ მაგიდასთან იჯდა და უამრავ საბუთში ჩაფლული მუშაობდა. გამომძიებლების დანახვა არ ესიამოვნა და ეცადა, ყალბი ღიმილით დაეფარა თავისი გრძნობები.

- თქვენ ჯერ კიდევ აქ ხართ? მეგონა, დაუმშვიდობებლად დამტოვეთ.

- მაგას როგორ ვიზამდით, - ღიმილი შეაგება ლევანმა, - ჩვენ გიორგი ხორბალაძის განზრახ მკვლელობას ვიძიებთ.

ქალი შეცბა.

- რას ამბობთ, გიორგი მოკლეს? აქ ეგეთი არავინ ყოფილა, ვინც ამას გააკეთებდა.

- ამიტომაც გვინდა თქვენთან საუბარი. თქვენ იცნობდით გიორგი ხორბალაძეს აქ ჩამოსვლამდე? - ჰკითხა მარინემ ქალს.

- არა, - გადაჭრით იუარა მან.

- დაუჯერებელია. ხორბალაძეს გავლენიანი მამა ჰყავს. თქვენ სასტუმროების ქსელის მფლობელი ბრძანდებით. შეუძლებელია, თქვენი გზები არ გადაკვეთილიყო. თუ პირადად არ იცნობდით, თქვენი შვილი, ანანოსგან მაინც გექნებოდათ მისი სახელი გაგებული.

- ანანო რა შუაშია? - წამოჭარხლდა სოფიო და ხელების უნებლიე მტვრევა დაიწყო.

- მას ურთიერთობა ჰქონდა გიორგისთან. ზუსტად არ ვიცი რა სახით, თუმცა ამის გარკვევა რთული არაა. ის ორსულად იყო, როცა გარდაიცვალა. მისი და ბავშვის დნმ-ის კვლევის შედეგები ბაზაშია შენახული. მათ გიორგის ნიმუშებს შევადარებთ და დარწმუნებული ვარ, დამთხვევა იქნება, - თვალმოუშორებლად შეუტია მარინემ.

სოფიო დუმდა.

- თქვენ მე მკვლელობაში მდებთ ბრალს? - ეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა ქალს.

- ჯერ არა, ჩემს საფუძვლიან ეჭვს გაგაცნობთ, მერე თქვენ გადაწყვიტეთ, რას მიპასუხებთ. ამ წუთებში მოსამართლე ჩხრეკის ორდენს აწერს ხელს. თქვენს ყველა საცხოვრებელსა და კაბინეტს თავდაყირა დავაყენებთ და არ გაგვიჭირდება მტკიცებულებების პოვნა. სასამართლოში წარსადგენად დნმ-ის ანალიზის პასუხებიც საკმარისი იქნება.


სოფიოს პასუხი არ გაუცია. ჩუმად ელოდა, რას ეტყოდნენ გამომძიებელი და პროკურორი.

- შეგროვებული ინფორმაციის მიხედვით, თქვენ დაუკავშირდით დემეტრე აბაშიძეს და სთხოვეთ, გიორგი ხორბალაძე აქ ჩამოეყვანა. ასეც მოხდა. ვახშამზე თავად ემსახურებოდით სტუმრებს და არ გაგიჭირდებოდათ მისთვის წამლის მიცემა. თან გარდაცვლილი დიდი ოდენობით ალკოჰოლს მიირთმევდა, რაც სინთაქსინი-17-ის მოქმედებას გააძლიერებდა.


გამომძიებლის სიტყვების მოსმენისას ქალს ნაკვთი არ შესტოკებია, თუმცა ხელები გასცემდა.

- რამდენიმე წლის წინათ, თქვენს სასტუმრო „სენატორში" გაიმართა ახალი პრეპარატის - სინთაქსინი-17-ის პრეზენტაცია. ის წარმოებაში არ ჩაშვებულა. მის შემქმნელს, გოგი გვრიტიშვილს, დიდი ალბათობით, თქვენ უნდა იცნობდეთ. ჯერ არ ვიცი, როგორ მოახერხეთ ამ პრეპარატის ხელში ჩაგდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სწორედ თქვენ მიეცით ის გიორგი ხორბალაძეს. მოტივიც გქონდათ და საშუალებაც. პოლიცია მხოლოდ იმიტომ გჭირდებოდათ, რომ ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო - ჩვენ თქვენი მხარე გაგვემაგრებინა. მხოლოდ ერთ რამეში არ გაგიმართლათ, გიორგის გარდაცვალებიდან ჩვენს ჩამოსვლამდე დიდი დრო არ იყო გასული და სამედიცინო ექსპერტებმაც კვლევა მალე ჩაატარეს. კიდევ ერთი საათით რომ დაგვეგვიანა, წამალი საბოლოოდ გაქრებოდა და ვერაფერს გავიგებდით. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი სწორედ ისე მოხდა, როგორც მე ვთქვი, - კმაყოფილმა დაამთავრა სიტყვა გამომძიებელმა.


ქალმა თითებს დახედა. სიწითლე სილურჯეში გადასვლოდა, ისეთი ძალით უჭერდა ერთმანეთს.

- აბა, რას მეტყვით?

- მხოლოდ იმას, რომ არ ვნანობ. დასაკარგიც არაფერი მაქვს. ერთადერთმა შვილმა მის გამო მოიკლა თავი. როცა ანანოს ორსულობის ამბავი გავიგე, მზად ვიყავი, მისი შვილი ყოველგვარი შეკითხვების გარეშე გამეზარდა. ჩემი გოგონა მიჩვეული იყო ყველა სურვილის ასრულებას. გიორგისთან მისი ურთიერთობაც მორიგი ახირება იყო, მაგრამ ვერაფრით მოხიბლა, ვერ დააინტერესა. მგონია, რომ თავის მოკვლასაც არ აპირებდა, ყურადღების მიქცევა უნდოდა, მაგრამ ვერ მოზომა. მის გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი აღარ აქვს. ჩემი გოგოსთვის შური ვიძიე და არ ვნანობ. დანარჩენს ჩემი ადვოკატი მიხედავს.


ქალმა მხრები ჩამოუშვა, მოეშვა და წამებში ათიოდე წლით დაბერდა.

- ქალბატონო სოფიო, თქვენ ეჭვმიტანილი ხართ გიორგი ხორბალაძის განზრახ მკვლელობაში, რაც ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. თქვენ გაქვთ დუმილის უფლება. ამ წუთიდან თქვენს მიერ ნათქვამი ნებისმიერი სიტყვა გამოყენებული იქნება თქვენს წინააღმდეგ. თქვენ გაქვთ ადვოკატის აყვანის უფლება. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, სახელმწიფო დაგინიშნავთ სახაზინო ადვოკატს, - უფლებები გააცნო გამომძიებელმა და ხელბორკილი დაადო სოფიოს.


* * *


- ნეკრესის ნახვაც მინდოდა, - ჩაილაპარაკა მანქანის წინა სავარძელში მოკუნტულმა მარინემ.

- არც გრემი გვინახავს, მაგრამ პირობას გაძლევ, ძალიან მალე წამოვალთ და ყველაფერს ვნახავთ, - ხელით თითებზე მიეფერა ლევანი ქალს, - ახლა მხოლოდ დასვენება გვჭირდება. ძალიან რთული დღე გვქონდა.


მარინემ თვალები მილულა, მოეშვა. ლევანი პირობას არასდროს გადადიოდა და მასთან ერთად სამყაროს დასალიერში წავიდოდა ქალი.

 

     ირმა ბერიძე - მწერალთა სახლის კონკურსგარეშე რჩეული ავტორი 

 

თემა: „...არაკებს გეტყვი ბევრსაო"



ერთ ამბავს გეტყვი


ქართული მითების მიხედვით:

მგებრნი - სულეთის გზაზე მიმავალი

დამხმარე მხედრები;

გარდაცვლილ სულთა ამომყვანნი.



ვაჟა ასფალტზე იწვა. ქალაქის შემოსასვლელი მანქანების მონოტონური, გამაყრუებელი ხმაურით ზანზარებდა. საღამოს ბინდში ცაზე ძარღვებივით გაჭიმული ელექტრობოძების შუქში წვიმის წვეთები ირეოდნენ.


ალმოდებული მანქანიდან ძლივს ამოიყვანეს - საჭე მკერდში ჩაფრენოდა. რკინას თითქოს არ ეთმობოდა კაცის სხეული, თითქოს უნდოდა, ისიც ცეცხლში შეედნო, ჩაეფერფლა.


მანქანები ამუხრუჭებდნენ, გამვლელები ჩერდებოდნენ და შეშფოთებული, გულგრილი თუ უბრალოდ, ცნობისმოყვარე სახეებით კითხულობდნენ:

- ცოცხალია?

- ახალგაზრდაა?

- გადარჩება?


ვაჟას ნაქსოვი ჯემპრის გაგლეჯილი გულისპირიდან სისხლი გადმოეღვარა.


შავმოსასხამიანი მგებრები სასწრაფოს მოსვლამდე გამოჩნდნენ. გზის პირას, სველი ასფალტის ზედაპირიდან ნახევარი მეტრის სიმაღლეზე თითქოს ჰაერს იყვნენ მიბმულნი. სახეები ნიღბებით დაეფარათ, ზურგზე მთვარის ელვარე წრეწირი ჰქონდათ გამოსახული - ნიშანი იმისა, რომ ბედის მწერლების მოციქულები იყვნენ და მათი ბრძანება უნდა შეესრულებინათ.


მგებრებმა უწონო სხეულებით უხილავად გაიარეს შეჯგუფებულ ხალხში და ვაჟას თავთან გაჩერდნენ.


ბედის მწერლები სულეთის სამეფოს ღვთაებები არიან. გამუდმებით „ბედის წიგნს" ჩასცქერიან და ადამიანების ცხოვრებას აკვირდებიან. სამყაროს უკუღმა კითხულობენ: მათთვის დასასრული ყოველთვის დასაწყისზე წინაა. ისინი ახალშობილ ადამიანს შუბლზე აწერენ თავის ბედს, ადებენ ნიშანს, წერტილს, რომელსაც მატერიაში ჩასახული სიცოცხლე ვერასდროს აარიდებს თავს - როდესაც ეს წერტილი გაქრება, სამზეოში ცხოვრების ვადა მთავრდება. ამ დროს ბედის მწერლები თავიანთ მოციქულებს - მგებრებს მოუხმობენ და აძლევენ ბრძანებას, რომ სიკვდილის პირას მყოფ ადამიანს სული ამოაცალონ.


ვაჟას ღმერთის არ სწამდა.


ექვსი წლის იყო, დედა რომ მოუკვდა. შუაღამით დედის ზურგზე მიკრული საზარელმა სიცივემ გამოაღვიძა. მაშინვე მიხვდა, რაც მოხდა. დედის სხეულთან ერთად ყველაფერი ყინულად იქცა ოთახში: ფარდები, ჭერი, საბანი, თავისი სუნთქვაც კი. არ განძრეულა, არ უტირია. იცოდა, ხმა რომ ამოეღო, „დედა" დაეძახა, საზარელი სიჩუმე უპასუხებდა, სიკვდილს გაახმოვანებდა, დედას კიდევ უფრო შორს წაიყვანდა.


„ღმერთი რომ იყოს, დედას არ წამართმევდა", - ეს იყო მისი ლოცვა.


ლიტა რომ შეუყვარდა, დარდიანი სიჩუმე, რომელშიც ცხოვრობდა, ჩამოიშალა, გაივსო ლიტას თვალებით, სიცილით, იმისი უხვი, ქარვისფერი თმების შრიალით. მეც მიყვარხარო - ლიტას არ უთქვამს, მაგრამ... ისე კოცნიდა ტუჩებში, ისეთ სიტყვებს ეუბნებოდა, შეუძლებელი იყო, არ ჰყვარებოდა.


ლიტას მოულოდნელმა გათხოვებამ უკან, უხმო, მრუმე დღეებში დააბრუნა. ამის მერე შეიძულა ქალები. წვებოდა მათთან უგულოდ, უსიყვარულოდ, ისე უხეშად, თითქოს ყოველ სხეულში მოღალატე ელანდებოდა და მათზე შურისძიებით ინელებდა ტკივილს.


მგებრებისთვის სიკვდილი ისეთივე უბრალო პროცესია, როგორც წიგნში გვერდის გადაფურცვლა.


„სული მკერდში მდებარე მზის წნულიდან ამოდის", - გადაუჩურჩულებენ ერთმანეთს და იწყებენ: მათი დანისებრი თითები არასდროს ცდებიან, ზუსტად იციან, მოხერხებული, სწრაფი მოძრაობით, როგორ ამოიყვანონ სული სხეულიდან.


ქეთი ლიტას მერე გამოჩნდა. ამ ჭკვიანმა ქალმა იცოდა ცხოვრების წესები და თამაშები. იცოდა, ლამაზი რომ არ იყო, რას მიაღწევდა პატარა ბიჭის მსგავსი თავისი გლუვი, უხორცო მკერდით, უბრალო ნაკვთებით, კარგი განათლებით და გამჭრიახობით.


რაც უნდოდა, მიიღო - ქმარი, შვილები, სახლი, აგარაკი... ღმერთი ისეთ სურვილებს აძლევს ადამიანს, რისი ახდენაც შესაძლებელია - მხოლოდ მათი გაცნობიერებაა საჭირო. გამოცდილებამ ასწავლა: შენი მიზნები არავის გაუზიარო, მიზნები ლოცვებია, მათზე დაფარულში ელაპარაკე ღმერთს!


ვაჟას მუდმივ და დაუსრულებელ ღალატს ძალისხმევის შედეგად მოპოვებული სიმშვიდით იღებდა. თავის აწყობილ-გამართულ ოჯახს, რომელსაც გარედან ბევრი შენატროდა, არ მოშლიდა ქალების გამო, რომლებთანაც მის ქმარს დროდადრო სექსი ჰქონდა.


ვაჟასთვის ეს იყო ჩვევა, მრავალფეროვანი საკვების მიღების სურვილივით ბუნებრივი და აუცილებელი.


ქალწულთან, შინაბერასთან, მეძავთან ლოგინში მისი სხეული, ხორცი მონაწილეობდა, თავად კი ოჯახს - ქეთის, შვილებს ეკუთვნოდა.


ლიტა?


ლიტა იყო სინათლე, რომელიც ვაჟას არ ერგო. შუქი, რომელიც ზურგსუკან დარჩა, მაგრამ მაინც ანათებდა შორი ბინდიდან. რამდენჯერმე დაურეკა. ლიტამ არ უპასუხა.


მგებრებმა მოძრაობა დაიწყეს. ორმოსავით ღრმა თვალებით დასცქეროდნენ ვაჟას შუბლს. სიცოცხლის ნიშანი - მანათობელი წერტილი ჩაქრა თუ არა, იმ წამს მიიღეს შეტყობინება, მაგრამ მაინც აკვირდებოდნენ. შუბლი სუფთა იყო - უსინათლო.


მერე თბილი ნაქსოვი პულოვერის ნახევში, მუცელსა და მკერდს შუა ჩაუცურეს თითები და მზის წნულიდან ნელა, ნირვანასავით ამოიზიდა რაღაც უჩინარი, თბილი, ოდნავ იისფერი რომ დაჰკრავდა და ბავშვის საპნის ნაზი სუნი ჰქონდა.


გზის ხმები ჩაჩუმდა. ახლა მხოლოდ წვიმდა.


აღარ ვიცი, მერე რა მოხდეს, როგორ დასრულდეს ეს სიზმარ-ცხადივით ამბავი.


შემიძლია ასე: უცებ, მოულოდნელად ვაჟას შუბლზე სუსტად მბჟუტავი წერტილი შენიშნეს (ხდებოდა ასე ზოგჯერ - გაუთვალისწინებელი შემთხვევითობა, გარდაუვალობით განპირობებული). სწორედ სულის ამოსვლის წინა წამს სულეთის მბრძანებელს ვიღაც ატყობინებდა ამბავს, უგზავნიდა სიტყვას სამზეოდან, ვიღაც მნიშვნელოვანი, ვისაც დააგვიანდა, ძალიან დააგვიანდა, მაგრამ ბოლოს მოვიდა, დაბრუნდა და მოიტანა მაცოცხლებელი, გადამრჩენელი სიტყვა. ასეთ გამონაკლის შემთხვევებში გადაიდებოდა ხოლმე სიკვდილი და ადამიანი აქაურ სიცოცხლეში ბრუნდებოდა.


ვიდრე სასწრაფოს ექიმი შალითის ელვას შეკრავდა, ვიდრე ვაჟას სუფთად გაპარსული ყელი და კისერი სიბნელეში გაუჩინარდებოდა, მგებრებიდან ერთ-ერთმა მის შუბლზე, წარბებს ზემოთ, შუქის პაწაწინა წერტილი დაინახა - სიცოცხლის ნიშანი! ეს შუქი ჯერ ოდნავ გაკრთა, შემდეგ გაღვივდა, გაიზარდა და დაენთო ზუსტად ისეთ მთნებარე ტვიფარად, რომ მზისქვეშ მცხოვრები ადამიანის სიცოცხლის ნიშან-წყალია. ვიდრე ის ანათებს, ადამიანი არ მოკვდება.


ეს ზუსტად იმ წამს მოხდა, როცა ვაჟას ნახევრადჩამწვარი მანქანის უკანა სალონში, სავარძლის ქვეშ გადავარდნილი მობილურის ეკრანზე აციმციმდა: ლიტა.


ეს მაცოცხლებელი ზარი დიდხანს რეკავდა მანქანის სალონში... შემდეგ სულეთის საუფლოში გაისმა და იქ უპასუხეს.


ასეთი ფინალით „ბედის წიგნი" ერთხელ კიდევ გადაიფურცლება, ოღონდ უკუღმა.


მაგრამ ეს იქნება ჰეფი ენდი. ამბავი კი, რასაც ვყვები, ასე კეთილად არ დასრულებულა.


დიღმის მაგისტრალიდან, იმ ადგილიდან, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევას მოქალაქე ვაჟა ნ. შეეწირა (მანქანა ხიდის ხიმინჯს შეასკდა), მგებრებმა - საიქიოს ჯარისკაცებმა, ახალი სული წამის მემილიონედ დროში, არამიწიერი სიჩქარით წამში, გადაიყვანეს მკვდრების საუფლოში.

- ასე უცებ დამთავრდა ყველაფერი? ასე მოულოდნელად?.. - ვაჟას სხვა კითხვებიც ჰქონდა, მაგრამ ლაპარაკი უკვე აღარ შეეძლო.


სულთა საუფლოს შესასვლელში შემოეგებნენ იქაურობის მცველნი და მეკარენი. ვაჟა ორ უზარმაზარ, შავ და ოქროსფერ ჭიშკარს შორის დააყოვნეს. ვიღაცის ნიშანს ელოდნენ.


ჰაერი იყო. სუნთქვა აქაც შეიძლებოდა.



    ქეთო დავითური

 

თემა: მტრედის საკენკი

 


ღუ-ღუ-ღუ


იმ სევდისფერ ნისლში დაკარგულ იალქანს დავეძებ, რომელთა სევდამაც დღის დაღამება უჩვეულო რიტუალად აქცია. თითქოს მზე უყრიდეს ღამეს სხივებს და მთვარე ვარსკვლავებად აკიაფებდეს. ეჰ, რა ხანია დავივიწყე ყველა ოცნება. ან იქნებ მათგან დავიწყებული მეც გავიბუტე. პატარა ბავშვივით გავიბუტე და ისე მივჩქმალე ჩემი სულის დასალიერში, ვეღარც კი ვაგნებ.


ძებნას მაშინ აქვს აზრი, როცა იცი, რა უნდა ეძებო. მაშინაც, თუკი საძებარი არაფერი გაგაჩნია. უნდა გამოუდგე ცხოვრების ვიწრო შარებს და რაღაცას უეჭველად იპოვი. რა-ღა-ცას! მაგრამ, განა კი ვინმეს უპოვნია ამ ძებნაში საკუთარი თავი? არა მგონია... ძებნა-ძებნაში, დიდი-დიდი, სიკვდილი იპოვო, ანდაც, არა! სიკვდილიც თავად გვპოულობს ხოლმე. ანკი შეიძლება გზაარეულ, უმიზნოდ მავალს სადმე შემოვხვდეთ, ჩვენივე ფეხით მივადგეთ. გვსურს, ცოტა სიცოცხლეს დავესესხოთ, ცოტა იმედს, ცოტა ბედნიერებას, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ყველაზე ბევრი, სული ამოგხადოს. წაგიჭერს დაკოჟრილ ხელებს კისერში და მანამ გახრიალებს, სანამ სულს არ დალევ. ისე კი, ეს „სულის დალევა" რა მოიგონეს, არა? სული დალია, სული დალია, გაიძახიან, ეგეც ორნახადი არაყი არ იყოს. ისე კი, რაღა დაგიმალოთ და არყის დალევას კი ჰგავს სულის დალევა. ერთს კარგად დაგმანჭავს, დაგაჭყეტინებს თვალებს, მერე ერთსაც გაგაკანკალებს და რულმორეულს ისე გაგაქანებს საიქიოსკენ, გონზე მოსვლასაც კი ვერ მოასწრებ.


სევდამ შემოჩვევა იცის. ერთხელ თუ მიუგდე ფიქრის საღერღელი, აღარ გაგეშვება. ქუჩის ფინიას ჰგავს. ნელ-ნელა გეპარება კუდის ქიცინით და თუ არ გადაუგდე ლუკმა, იქნებ გიკბინოს კიდეც.

- აგერ, გახედე ჩემს სულს, იქ დევს...

(ხელით კარადისკენ ვანიშნებ) გამოაღე მესამე უჯრა.

გათეთრებული შემომყურებს.

- ხო, ხო, გამოაღე-მეთქი.


დგას გაუნძრევლად ეს ოხერტიალი და არც კი იძვრის.

მიტკლისფერი დადებია ამ უსახურ სახეზე, მხრები ისე აქვს აწურული, გეგონება, თოკზე გადაკიდული პერანგი იყოს. ერთი რომ შეუბერო, იქნებ წაიქცეს კიდეც. გავყურებ და რაღაცნაირი სიბრალული მეუფლება. თან თითქოს სიამოვნებასაც კი მგვრის მისი ეს შიში. ვიღაცას რაღაც ვაგრძნობინე და რა მნიშვნელობა აქვს, სიყვარულია ეს, მადლიერება, იმედი, ტკივილი თუ შიში. გრძნობა, გრძნობაა! ასე მსურს ვიწამო და ვპოვო ნუგეში, იმის, რომ ტკივილიც ისეთივეა, როგორიც სიხარული. ის სიხარული, რომელიც არც არასდროს გამომიცდია.


ისე ავტეხ ხოლმე ფიქრებს, ისე ვაყეფებ, ლამისაა სრულად გამომხრან. ასე მაინც თუ ვიგრძნობ ჩემს არსებობას. უსიცოცხლო სიცოცხლეში, სადაც არსებობაც მადლია. სასჯელნარევი მადლი, თუ მადლნარევი სასჯელი. ფიქრები ისე მირევენ გზა-კვალს, როგორც დღეს ურევს ღამე ნათებას, სხივებს უჩრდილავს ღამის ლანდებით. დამიჭერს ხოლმე ყოველ ღამით, დამაჭყეტინებს ამ ზღვისფერ თვალებს, დღისგან ნასესხები ბოლო ძალებით დევნის ძილიდან მოსულ ზმანებებს და მაიძულებს, სულის ყველა კუთხე-კუნჭული შემოვიარო, ყველა კუთხე-კუნჭულში ჩავიხედო, ყველა მოგონება, დარდი თუ ვაება ამოვქექო და თვალებში ჩავხედო. ალბათ არაფერი მიმძიმს ისე, როგორც საკუთარ სულთან მარტო დარჩენა. ალბათ არაფერი მეზედმეტება ასეთ დროს ისე, როგორც საკუთარი თავი. საკუთარი! (თავი) სა-კუ-თა-რი! და მაინც, განა კი საკუთარი თავი მაინც გამაჩნია?! არამც და არამც! არც მე გამაჩნია და არც სხვას. როგორი უმნიშვნელო და არაფრის მთქმელია ეს სიტყვა. თითქოსდა გვინდა, დავაჯეროთ თავი, რომ რაიმე მაინც არის ჩვენს ხელში, რაიმე მაინც გაგვაჩნია ჩვენი... მაგრამ... საკუთარი დარდი და სევდაც კი არ აბადია ადამიანს. ისინიც სხვების შექმნილია, სხვების შემოჩეჩებული. ყველა ამვლელ-ჩამვლელი, ვისაც არ ეზარება და ვინც ამ წუთისოფელში გადაგვეყრება, მოდის და როგორც ნატვრის ხეს, ისე გვაბამს ფერად-ფერად, ზოგი კი შავ-თეთრ მოსაგონარ ძაფებს. გამოცდილებაო! ეგ გამოცდილებებია ზუსტად, ჩემში ადგილს რომ ვეღარ იტევს და მთელ სხეულს მოედო. გაიფანტა, გამრავლდა, გაბატონდა და როგორც შეუძლია და არ შეუძლია, ისე მავიწროვებს. უკვე არარა დავრჩი. აგერ უკვე რამდენი წელია, სხეულს ის ავადსახსენებელი მიხრავს. სულს კი ფიქრები გლეჯენ და ხრავენ თავგამეტებით. ისიც ისე პატარავდება, ისე ცოტავდება, ლამისაა სულ გაქრეს. სხეულს კი ვაცოცხლებ, მაგრამ სულმა იმდენჯერ დააპირა ჩემგან გაქცევა, ვეღარც კი ვითვლი. ხან სხეული გამირბის, ხან კი სული. მხოლოდ ერთად გაქცევაზე ვერ შევათანხმე. მეც შემოვრჩი, შემოვრჩი, როგორც მთვარე განთიადს. გაცრეცილი და ფერმკრთალი, უსიცოცხლო და არაფრის მაქნისი - უმაქნისი. გამოხრულ სხეულზე მეტად გამოხრული სული მტანჯავს, ყოველ ღამით რომ მგუშაგობენ სევდის ჭინკები, ემანდ რაიმე საამური არ იგემო, თავი ადამიანად არ იგრძნოო და რომელიმე იარა არ დაგიამდესო. ეჰ, თავო ჩემო, რა ძნელი ყოფილა ხან მიწასთან და ხანაც ზეცასთან ჭიდილი. სიცოცხლე სიკვდილს გამადლის და სიკვდილი - სიცოცხლეს. მე ვერც ფიქრების მწყემსად ვივარგე, ვერც დარდთა გამქარწყლებლად, ვერც მანუგეშებლად. არად ვივარგე!

- რისი მეშინია?

დუმილს აყოვნებს.

- რისი მეშინია? - ხმაში ბრაზი მერევა, სულში ღიმილი და კმაყოფილება.

- შენი!

- და სულ ესაა?

- შიშს არასოდეს მოაქვს სიკეთე?!

- ადარდე უკეთურებს.

- „მე ვდარდობ ზეცის უღრუბლო ავდარს,

როგორც დარდობენ ნისლებს დარები,

სულს გავწვრთნი ისე, რომ ყველა ფიქრი

იყოს საშველი - არა სასჯელი.

არწმუნე მისანს შეაღოს ზეცის,

თუგინდ, უფსკრულის ფართო კარები,

სულს ვუძღვნი სიკვდილს, ისე ახლობელს,

როგორც დილისთვის ზეცის ნამქერი".


ისევ დუმილი...

ეზოდან ბავშვების ხმა და ძაღლის ყეფა შემომესმა. ალბათ, გოგიამ ჩაიარა მანქანით. ლურჯი „ფორდი" ჰყავს, ძველისძველი. უკანა ფანჯარა, აგერ უკვე წელი იქნება, გატეხილი აქვს. მეზობლის ქალმა ჩაულეწა. აქაოდა, შენ მანდ ზედმეტები ნუ მოგდის - უწესური ქალი არ გეგონოო. ხოდა, მას მერე დადის გოგია დასკოჩილი ფანჯრით. შემოაყენებს ხოლმე მანქანას, ერთს ომახიანად დაიძახებს - ბაზარი, ბაზარიო, გადმოალაგებს დამპალ-დაჭიანებულ ხილსა და ბოსტნეულს და წამში დაუდგება ხოლმე უბნის ქალების მთელი ამალა. არიგებს ეს გოგიაც ნისიაზე, ჩემი ნასესხები სიცოცხლისა არ იყოს.


„მიწამ ცისგან მისესხა და არ აბარებს თავანს,

არ მეშვება, ხან აწმყოში, ხან წარსულში მმალავს.

დამსდევს ზეცის სულთა მთვლელი, სად არ დავემალე

იქნებ ისიც ნასესხები იყო ოდეს ღამე".


გადმოუხვევს თუ არა ჩვენს ქუჩაზე, ბიჭი გოგია, ატეხს უბნის კოლორიტი ძაღლი პეპიტა ყეფას. ის-ისაა უნდა წაეტანოს მანქანიდან ახალგადმოსულს, რომ ხან კარალიოკს ესვრის, ხანაც ვაშლებს დაუშენს ხოლმე. ატეხს წკავწკავს, ერთს მწყრალად გადახედავს თავისი შავი თვალებით, ამოიკრავს კუდს და გაიძურწება. ნეტავ, ძაღლად ყოფნა უფრო რთულია თუ ადამიანად?! ნეტავ, ძაღლს მეტად სტკივა ადამიანთაგან უარყოფა თუ ჩვენ, თავად ადამიანებს?!


ფიქრებზე მიყუდებული სხეული ოდნავ მოეშვა. მზერა ინერციით მიაწყდა ფანჯარას, ჰორიზონტს გაუსწორდა. დღეს ფხიზლად იყო. შეკოწიწებული სული ძლივს ჩატენა საწოლზე მიგდებულ სხეულში. სანახევროდ აზიარა სხეულს ეს სული. არ იყო ადვილი. ჯერ ნუგეში უნდა მოეძებნა ხელის ცეცებით. ცოტაოდენი ფიქრი, ტკივილი, სინანული... დაეძებდა ყველაფერს, ადამიანურსა თუ არაადამიანურს და სხეულში, როგორც ხურჯინში, ისე ყრიდა, მშვიდად და აუღელვებლად. სიფხიზლე ნელ-ნელა უვლიდა ძარღვებში, სისხლივით ჩქეფდა. ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოსდა ეს-ესაა ეზიარა და ეს-ესაა შესვა ბარძიმი. აკოწიწებდა საკუთარ თავს და წამით ისიც კი იგრძნო, რომ იყო მასში რაღაც ისეთი, რისი გაშვებაც არ უნდოდა, რასაც უნდა ჩაბღაუჭებოდა. უჯრა გამოაღო, ერთხანს თვალთ დაუბნელდა. ტკივილი გონებას უბინდავდა, სულის სუნს გრძნობდა, ამჟავებულსა და მოტკბოს, ზღვის მლაშე სუნისა და ქორფა ყოჩივარდის სურნელის ნაზავს.


„შენ ბედს რად დაჰყვა ცრემლგარეული მწარე ფორთოხლის გემო?"


ეჰ, ლორკა, ლორკა!

ნეტავ, მეც მისესხებდეს გოგიას ვაშლივით ვინმე. წამიღებდეს სახლში, გარეცხილ-გაფცქვნილი ვაშლივით შემომათლიდეს ყველა საფიქრალს. „ფიქრს, ფიქრი აფრთხობს ისევ", ნუგეშიც ფიქრია, იმედიც, სევდაც, სიხარულიც, სიყვარულიც, ერთგულებაც... ყველაფერი ფიქრია, რასაც ვხედავთ. გრძნობაც ფიქრია და როგორც პოეზია, რითმებად ამეტყველებული ჩვენი ქვეცნობიერი, ასეა ფიქრიც. ქვეცნობიერი შენი ფიქრების პირმშოა, რომელსაც საკენკად უყრი განცდებს და ისიც იზრდება, იზრდება და ბოლოს იმხელა ხდება, აღარაფერს გეკითხება. აღარ სჭირდება ნებართვა. გამოგდებს სულზე ლაგამს და როგორც ულაყს, ისე მიგაჭენებს, ვეღარ გამოართმევ სადავეებს, ვეღარც მხედრად ივარგებ. ისღა დაგრჩენია, ისე დანებდე, როგორც ბედს ვინმე ფატალისტი.


ბაზარი, ბაზარი!.. ისევ დაიძახა გოგიამ. არ მაცადა ამ შობელძაღლმა სევდებთან თამაში. მის ყოველ დაძახებაზე ისე ერევათ გზა და კვალი ამ ჩემი ცოდვით სავსეებს, თავს ვეღარ ვუყრი. არადა, აგერ უკვე რამდენი წელია, ჩემში სახლობენ, არსად მიდიან. გამოჩნდება ვიღაც მიხო, ვიღაც გოგია და ერთიანად არ აგირევს ისედაც არეულ დარდი-მანდებს? მინდა, ავდგე და ერთი მაგრად შევუკურთხო.

(ის ისევ კუთხეშია ატუზული, ისევ დაჭყეტილი შემომყურებს).

- შენ მანდ დამელოდე!


ისევ ვეუბნები. ზედაც არ მიყურებს. დგას უძრავად. ფიქრებს და ცოდვებს მიყუდებული...


საწოლის თეთრი ზეწრიდან ნელ-ნელა, ზლაზვნით გამოვათრიე ჩემი ჩია სხეული... გაბანჯღვლული თითები საწოლთან მიყრილ ქოშებში გავყავი. სკამის საზურგეზე მიფენილი კუბოკრული პერანგი მხრებზე მოვიგდე და გაქონილ მუცელთან რამდენიმე ღილი შევიკარი. იისფრად დატოტილ მაჯებთან მანჟეტები გადავიკეცე, აბურდული თმა ხელით გადავისწორე, თვეების გასაპარს, ჭაღარაშეპარულ წვერზე ხელი მედიდურად ჩამოვისვი და ხელები ისე ავიკაპიწე, თითქოს საჩხუბრად ვემზადებოდი. მიდი ახლა, გადაეყუდე ფანჯარაზე და როგორღაც აუხსენი გოგიას, როგორ აგიშალა, უფრო სწორად კი, დაგიშალა ფიქრის საღერღელი. მიდი და გააგებინე, მაგრამ... მინდა გადავძახო და ერთი მაგრად შევუკურთხო, მაგრამ...


ერთხანს შევყოვნდი. ეჰ, ჩემო თავო, ჩემო თავო! ან შენს თავს რას ერჩი, ან ამ შრომით დაქანცულ კაცს. დადის თავისთვის ლურჯი „ფორდით", დაატარებს ცოტა ხილს, ცოტა ბოსტნეულს. შრომობს თავისთვის, ორ კაპიკს შოულობს, სახლში მიაქვს. მერე ეს დაღლილ-დაქანცული მიდის საღამოს სახლში მშიერ-მწყურვალი და ხელების დაბანვასა და ჭამასაც ვერ ასწრებს, ისე დააცხრება ხოლმე ყვავივით ცოლი თავზე. ამოფხეკს მთელ ხურდებს ჯიბიდან, კაპიკ-კაპიკ დაუთვლის მთელი დღის ნაწვალევს და ნაშრომს, მერე ერთსაც აიბზუებს ცხვირს, აემრიზება სახე, წინ წამოეწევა ისედაც წინგამოშვერილი ყბა, წარბებს მაღლა აწევს, თვალის გუგებს იქამდე გადმოქაჩავს, სადამდეც შეეძლება. შინდისფერი ხალათის ქამარს უფრო მაგრად შემოიჭერს წელზე, აჩეჩილ თმაში შეიცურებს დაგვანჯულ თითებს, უნებლიედ ისე აიფოფრავს, როგორც აფხორილი ინდაური და გოგიამაც იცის, რაც ელის. იწყება გაუთავებელი წიკვინი, წკავ-წკავი, ყვირილი და გოგიასაც ყელში ეჩხირება უკვე დიდი ხნის დასხმული და უკვე გვარიანად შეგრილებულ-შეციებული ჩიხირთმა. არასდროს არაფერი ყოფნით ქალებს. მერე რა, თუკი აგერ უკვე ორი წელია ძირგავარდნილი ფეხსაცმლით დადის გოგია. ცოლის დაქალებს ქმრები ახალ-ახალ ქურქებს ჩუქნიან, სამოგზაუროდ დაჰყავთ. გოგიამაც უნდა უყიდოს, მაშ! აბა, ცოლად რომ მოჰყავდა, რა ეგონა. კაცია და უნდა უყიდოს, სხვანაირად როგორ. მის ცოლს განა ის არ ყოფნის, რომ მისი ცოლი ჰქვია? ოთხ დღეში ერთხელ თითო თავ კერძსაც ამზადებს. ასეთია კაცის ბედი, ძმობილო! შეგაბამენ უღელში, მიდი და ათრიე... ათრიე, სანამ არ წაიქცევი, სანამ სადმე არ გადაიჩეხები ღონემიხდილი. შენზე კი არ იდარდებს ვინმე, ისევ იმას იტყვიან, მამა-მარჩენალი დაგვაკლდაო. მარჩენალიო, გესმით? ასეთია კაცის ბედი, ძმობილო!


ერთხანს სიბრალული ვიგრძენი, ერთხანს ცოტაოდენი სიხარულიც. მე არც ცოლი მყავს, არც შვილი, არც მომკითხავი და არც შემწუხებელი, რა მედარდება. ვუახლოვდები ღიმილნარევი სახით ფანჯარას და ის-ისაა ვეყრდნობი რაფას, რომ არათუ სევდას, რაღაც შვებისმაგვარსაც კი ვგრძნობ. და მაინც, ზოგჯერ რამხელა შვებაა სხვისი დარდი ადამიანისთვის. წამით იმასაც კი გაფიქრებინებს, რომ არაფერია დასაძრახი შენს ცხოვრებაში. მეტიც, წამით იქნებ ისიც კი იფიქრო, რომ ყველაფერი კარგადაა, ძალიან კარგად.


ფანჯრის რაფაზე უცაბედად მოფრინდა მტრედი. აქა მშვიდობა! - ვეუბნები და ვუღიმი.

- ღუ-ღუ-ღუ, - რაღაცას მეუბნება.

- გინდა, ცოტა რამ ჩემზე გიამბო?

საით მიფრინავ, ანდაც საიდან მოფრინდი ჩემთან?

რა გინდა, რა დაგრჩენია ჩემთან, სიკვდილისგან დავიწყებულთან.

- ღუ, ღუ-ღუ-ღუ, - ნეტავ რას ამბობს.

მიახლოვდება წითელი დეზების კაკუნით.

- წითელდეზება მტრედებო.


თქვენა და, მშვიდობაო, არა? ჩემთან რა საქმე აქვს მშვიდობას, როცა მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ქაოსია, ერთი დიდი ომი. ბრძოლის ველი მაქვს, როგორც სხეულზე, ასევე სულშიც. შენა და, აქ რამ მოგიყვანა, ანდაც რას მეღუღუნები.


ძველი კარადის უჯრაში პურის ნატეხებს დავეძებ. არ მაქვს. ძლივს შენს კარს არა და ფანჯარას, ვიღაც (რაღაც) მოადგა და როგორია, ისე გაისტუმრო, ნატეხი პურითაც არ გაუმასპინძლდე. მტრედო ღუღუნავ, ნეტავი შენს ფრთებს მაჩუქებდე. გავფრინდებოდი, ზეცის კაბადონებს დავივლიდი, ნამქერს მოვაგროვებდი, ნისლად გავფანტავდი დაჟამებულ მოგონებებს, დარდს და ვაებას. უწონო ფიქრებს ღრუბლებს დავურიგებდი, იქნებ, მზის სხივების შეგროვებაც კი შემძლებოდა. რა გენაღვლებათ ჩიტებს, უდარდელებს, მონავარდე სულებს, ზეცის საბატონში მონავარდეებს. ფრთებით მშვიდობას დაატარებთ და სულით?

- ღუ-ღუ-ღუ.

- სულის სიდიადე ფიქრთა სისპეტაკით ისაზღვრება! არა მაბადია, ჩემო მეგობარო. მასპინძლადაც კი ვერ ვივარგე. ჩემს სულს გიწილადებ. ამოკენკე ყველა სევდა, ყველა დარდი, ყველა ვაება.


ფიქრებს ეყუდება. ისევ ფერმკრთალი, ისევ მდუმარე, ისევ უარაფრობით შემოსილი, სიმშვიდისფერი სისასტიკესავით ეფემერული. ვაიძულებ მომიახლოვდეს, ჩემთან მოვიდეს. სულის ნარჩენი, გატანჯული, ძვლებივით გამოხრული. და განა კი სხვა გზა დარჩენია? დაღლილია, წამებული, ნატვრის ხესავით აჩონჩხლილი გაუმხელელი დარდებით. მუჭში მომწყვდეულს ხელს მაგრად ვუჭერ, ისიც იშლება. რაფაზე იყრება წვრილ-წვრილ ნამცეცებად. თითქოსდა ნატვრის ხეს ვაცლიდე შავ-თეთრ ბაფთებს - „ნატვრის ქურდი" წვრილ ნამცეცებად რაფაზე დაფშვნილი ნაგროვები ფიქრი და სევდა - ჩემი სული. და ისიც კენკავს, კენკავს გამალებით. დამშეული მშვიდობის სიმბოლო, სევდას ეძალება. ჩემს სულს ფანტავს, აცამტვერებს, ანამცეცებს, აქარწყლებს...


მადლიერი ვარ, შვებას ვგრძნობ, სუნთქვა მიხშირდება. ლამისაა, ამხელა კაცმა პატარა ბავშვივით დავიწყო სირბილი.

- გოგია, შენ გაიხარე, ჩემო ძმაო.


„მტრედო მშვიდობისავ,

მტრედო იმედისა, ვედრებასავით ეფინე ჩემს სულს,

შენს ნაზ ბუმბულებს ზეცისფრად მბზინავს

შეწირე სული ფიქრისფერ საღვთოდ!"


„დაღლილ სულს კენკავს მტრედი მშვიდობის

და უსაშველო დარდების საკენკს

უყრიდა ისე ფიქრი წყეული,

რომ მღელვარებით გოდებდა მთვარე".


მშვიდობის მტრედო, მტრე-დო! რას ვიფიქრებდი, მშვიდობაც თუ ტკივილით იკვებებოდა. რას ვიფიქრებდი! ტკივილი სიხარულით საზრდოობს, ხოლო სიხარული ტკივილით. ვუყრი და ვუყრი სულის ფორიაქს, როგორც საკენკს. რა მედარდება.

- შენ გაიხარე, ბიჭო გოგია!


სიმსუბუქის განცდა მეუფლება - მეუცხოვება. ლამისაა, მეც ამ მტრედივით ფრთები შემესხას, ლამისაა ფრენა დავიწყო. უჩვეულო უდარდელობა მივლის სხეულში. ტკივილს მავიწყებს. ღმერთო! რამდენი ხანია ასე კარგად არ მიგრძნია თავი. შენა და, ტყუილად კი არ გეძახიან მშვიდობის სიმბოლოს. მოდი რა ერთი ჩემთან. მადლიერება გაგიზიარო. რაფისკენ ვიხრები, მტრედი თვალებში მომჩერებია.

- ღუ-ღუ!


ცას ბინდისფერი შეჰპარვია, ამინდს კი - სუსხი. მე კი სიმშვიდე მეუფლება და ფიქრებს მიფრთხობს. აღარ მეშინია აღარც მიწის, აღარც ცის, აღარც სიცოცხლის. მინდა ხელით შევეხო. ოდნავ ვიხრები, უნდა გაფრინდეს... ვცდილობ, რომ მივწვდე, ხელი წავატანო და...


მე ფრთები მმოსავს შენზე ნამდვილო მეგობარო, მაგრამ ვაი, რომ შენ ზეცისკენ მიექანები, მე კი - მიწისკენ. ზეცისკენ ფრენა მიწაზე დან(მ)არცხებით იწყება. რატომ გამიმეტე, მეგობარო...

მტრედო მშვიდობისა, რატომ მომატყუე.

მშვიდობა... მშვიდობის..!


ჩემს სევდებს ზეცაში უნდა მივუსწრო, სანამ მამხილეს, სანამ სიბრალულმა გამასამართლა. როგორ ბინდისფრდება ყველა მოგონება და რა მჩატეა სული - სიკვდილით გაჟღენთილი.

აქა მშვიდობა, ზეცავ იისფერო! აქა მშვიდობა.
 

   სოფო დაუშვილი


თემა: „...როდესაც ასე ახლოა გრემი"


ზამთრად ახდენილი შემოდგომა


გოგრისგულისფერი შემოდგომის დილას, ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა, პაწია კიკინებიან გოგონასთან და წაბლისფერ ხუჭუჭებიან ბიჭუნასთან ერთად, ნახევრად მორღვეული ღობის კარი შეაღეს და წლობით მიტოვებული ორსართულიანი სახლი კვლავ ჟრიამულის ხმებმა მოიცვა.


სახლს დიდი ეზო ერტყმოდა გარს, ეზოში კი ორი განუყრელი მეგობარი ცხოვრობდა - ნაძვი და წიფელი. ადამიანების დანახვისას ერთმანეთს შეჰღიმილეს და სახე გაებადრათ. მარტონი აღარ იქნებოდნენ.


ჩვეულებისამებრ, ნაძვი ახლაც აღტაცებით შესცქეროდა აშემოდგომებულ წიფელს, რომელიც წელიწადის ამ დროს, ყოველთვის ულამაზესი ფერების პალიტრას ემსგავსებოდა. ხასხასა მწვანე ფოთლებს ჯერ კვერცხისგულისფერი ყვითელი შეეპარებოდა, რომელიც ნელ-ნელა მარჯნისფერ-სტაფილოსფრად იფერებოდა და ხშირად წითლადაც აელვარდებოდა ხოლმე.


ნაძვი აღტაცებული იყო ამ საოცარი გარდასახვით და მიუხედავად იმისა, რომ ვერც კი წარმოედგინა, რანაირად შეიძლებოდა მომხდარიყო ეს, ნატვრად ჰქონდა და გულის სიღრმეში მუდამ სჯეროდა, ერთ დღეს, თავის მუდამ მწვანე წიწვებსაც ნახავდა ფერებად აელვარებულს.


ეს შემოდგომაც მიილია და ჰაერში პეპლებივით მოფარფატე ფოთლები ფიფქებმა შეცვალა. ბარდნიდა. თოვლის თეთრ ქურქებში გახვეული წიფელი და ნაძვი კვლავ მუსაიფს შეჰყოლოდნენ. წიფელი ზამთარს მუდამ სევდიანი ხვდებოდა, რადგან გაზაფხულამდე ტანთ ფოთლები ვეღარ დაამშვენებდნენ, ნაძვი კი, როგორც ყოველთვის, ამხნევებდა მეგობარს და ახსენებდა, რომ სულ მალე ისევ დადგებოდა გაზაფხული და ისევ ფოთლებში ჩაეფლობოდა.


წიფელს ამის გაგონებაზე, ყოველ ჯერზე, გულში სითბო ეღვრებოდა. თავადაც ასე იქცეოდა. ნაძვს გამუდმებით უმეორებდა, რომ მისი ნატვრა ერთ დღეს ფრთებს შეისხამდა და რეალობად იქცეოდა. ამ დროს ნაძვს სევდიან-იმედიანად ჩაეღიმებოდა ხოლმე.


მოსაღამოვდა. ჭიშკართან ავტომობილი შეჩერდა. ბავშვები მხიარული ყიჟინით მოაწყდნენ ალაყაფის კარს და ნაძვთან მისცვივდნენ.

- ყველაზე ლამაზი იქნება, - შესძახა გოგონამ.

- ნათურებს მე ვახვევ, დაგასწარი, - ნიშნისმოგებით თქვა ბიჭმა.

- სათამაშოებით მე უნდა მოვრთო, - გაგულისდა გოგონა.


ნაძვი და წიფელი ერთმანეთს შიშნარევი გაკვირვებით შეჰყურებდნენ. მათ ხომ ახალი წელი ადამიანებთან ერთად არასოდეს გაუტარებიათ. ვერ ხვდებოდნენ, რატომ დახტუნავდნენ ბავშვები შეუჩერებლად მათ წინ. მამამ ავტომობილიდან ყავისფერი კარდონის ყუთი გადმოიღო და ნაძვის ხისკენ გამოემართა. ბავშვები ახლა ყუთს მისცვივდნენ, უმალ გახსნეს და ყუთიდან ათასგვარმა ნაძვის ხის სათამაშომ ამოანათა. შეშინებული ნაძვი თვალებგაფართოებული დაჰყურებდა, როგორ ჩნდებოდნენ მის მარადმწვანე წიწვებში ულამაზესი, ათასფერად მოელვარე სათამაშოები. ჰოი საოცრებავ, თურმე სათამაშო, ფერადი გირჩებიც არსებულა. სათამაშო ბურთებში ნაძვის ცრემლმომდგარი თვალების ანარეკლი გაკრთა.


- ნათურები დე, ნათურები მოგვეცი, - ხელებგაწვდილი ელოდა ბიჭი დედას და მოუთმენლობისგან ადგილზე წრიალებდა.


ნათურები? ეს რაღას ნიშნავსო, - გაფიქრებულიც არ ჰქონდა ნაძვს, რომ ტანზე თეთრი ელექტროსადენი შემოახვიეს, რომელსაც მთელ სიგრძეზე პაწია გამჭვირვალე ბურთები დაჰყვებოდა.


- აბა, მოემზადეთ! სამი, ორი, ერთი, - გაისმა შეძახილი და ნაძვის ხე ერთიანად აბრდღვიალდა.


წიფელი თვალებგაბრწყინებული შეჰყურებდა ათასფერადად განათებულ ნაძვის ხეს, თვალებს ვერ უჯერებდა და სიხარულისგან გული გამალებით უცემდა. ნაძვი გულში იხუტებდა აციმციმებულ, მორთულ-მოკაზმულ წიწვებს და თავი სიზმრად ეგონა. ისეთ სიზმრად, რომლის მსგავსიც კი არასოდეს უნახავს.


დიახ, ნაძვის ხის ოცნება ახდა, არა ერთ დღეში, არა ორ კვირაში და თქვენ წარმოიდგინეთ, არც ორ წელში. ახდა მაშინ, როდესაც ირგვლივ ყველაფერს თეთრ-ნაცრისფერი ფერი ედო. ნაძვის ხის იმედი გაბრწყინდა.


როდესაც რაიმე მთელი გულით გინდა და თუ ეს დროის მცირე მონაკვეთში არ ხდება, გახსოვდეს, აუცილებლად დადგება დღე, როცა საახალწლოდ მორთული ნაძვის ხესავით, შენი სურვილიც ათასფრად აენთება, აკიაფდება და ახდება.



   ქეთი გაბინაშვილი


თემა: მტრედის საკენკი



მტრედის საკენკი


გვალვიანი მიწასავით დამშრალი თვალებით გაჰყურებდა გზას. გზა კი ისეთი იყო, ზედაც არ უყურებდა, თითქოს არაფრად მიიჩნევდა, არც თანაუგრძნობდა, არც გამოელაპარაკებოდა, ვერც დარდს ამოსთქვამდი მასთან, არც სიხარულის მიზეზს მოგცემდა, გეგონება, თავადაც იმდენი ენახოს, იმდენი გაეგოს და იმდენი გადაეტანოს, უკვე გული გაჰქვავებოდეს, აღარც დამნახავი იყო არაფრის, აღარც შემგრძნობი.


ვეღარც მართა გრძნობდა ვერაფერს.


- ერთხელ მსმენია, ორჯერ მსმენია, სამჯერ მსმენია, მაგრამ ყოველ ცისმარეს, ქა?! არა, ჩვენ დაგვეკითხა რო ყრიდა თუ?! - სადღაც შორიდან მოდიოდა მეპურე მზიას სიტყვები.


სხეულში დიდი სიცარიელე იდგა. ამ წუთს აღარც შიმშილს გრძნობდა, არც ტკივილს, არც სევდას, არც შიშს. ეს თუა დასასრულიო, - ვიღაც სხვამ შემოიტანა მის სხეულში სიტყვები. მერე ეს სიტყვები ისე დაიშალა, ისე დანამცეცდა, თითქოს პური ყოფილიყოს. პურის მოგონებაზე სიყვითლეშეპარული თითის ბალიშებზე ხმელი მარცვლების შეხება იგრძნო.


ხსოვნა მოვიდა:


შემოდგომისფერია. არყისფერი დილა დგას. სამფეხა სკამზე ზის ბებია. ფერდაკარგული ხილაბანდით წაუკრავს თოვლისფერი თმა. განზეგადგმულ ფეხებს თითებით გაჭირვებით ჭრის მატიტელას ჭუკებისთვის, თან მართას აგულიანებს:

- აგრე, შვილო! აგრე, ბაბო გენაცვალოს, კარქათ დაფხვენი, წვრილად, წვრილად დაანამცეცე, შვილო. ვინც მტრედებს აჭმევს, თავის მიცვალებულებს აპურებს იმიერში...


„ვინც მტრედებს აჭმევს" - სიტყვები ჯერ სიზმრიდან გამოპარული მოჩვენებებით დაიპარებიან, მერე თითქოს ნისლი იფანტება და იღებენ ფორმას, თავისი ფერი და სუნი უბრუნდებათ, ხორცს ისხამენ.


სუსხიანი, გაცრეცილი დილა დგას. სოფელი ჩვეულ წესს არ ღალატობს - გაზეპირებული ლოცვასავით უფიქროდ იმეორებს გასულ დღეს, სანამ ამ მომაკვდინებელ წესრიგს, ზაფხულის ცაზე გავარდნილი მეხივით, არ აპობს კივილი. და როგორც უწინ განგაშის მაუწყებელი ზარების ხმაზე იკრიბებოდნენ, ისე მოიჯარა სოფლის ქალი და კაცი მართას ძირგამომპალ და კოჭლ სახლთან.


მორყეული კბილივით არამყარი კიბის საფეხურზე იჯდა მართა, გამჭვირვალობამდე მსუბუქ სხეულს წინ და უკან არწევდა, ხელში სისხლიანი შეშის ნაჭერი შერჩენოდა და განუწყვეტლივ იმეორებდა: იქ აღარ ეშიებათო და... იქ აღარ ეშიებათო და...


ბავშვები კი კაკანათში გაბმული ჩიტებივით ერთხანს ფეთქავდნენ და მერე უსიზმრო ძილს მინებდნენ.


სოფელი ერთხანს მიწას მიეყინა, თითქოს რაღაც ძალას ქვაკაცებად ექცია, მერე, როგორც მეწყერმა იცის ხოლმე, ისე მოსწყდა ადგილს და თან წამოიღო თავისი ქვა-ღორღი, მოწყდა ერთიანად, მძლავრი, შეუკავებელი, ყველაფრის წამლეკავი, რათა თავის გულში ჩაემარხა სამუდამოდ, დავიწყების მორევში ჩაენთქა, მართას კი ისევ შეშის სისხლიანი ნაჭერი ეჭირა, ისეთი ძალით ჩაებღუჯა, თითქოს ის ყოფილიყოს მისი საშველი, მისი ერთადერთი იმედი და სისხლით გავსებული პირით, ძლივს გასაგონად ლუღლუღებდა: მტრედებს წვრილ... წვრილ-წვრილად უნდა დაუფხვნა პურიო...

 

  გიორგი გელაშვილი


თემა: „...არაკებს გეტყვი ბევრსაო"


ცბიერა



ხეობას კლაკნილი სერპანტინი მიუყვება. „ტაისონა" ჯერ ისევ ლეკვი იყო, როცა ამ გზაზე დატოვეს. ადამიანის მიმართ წყენა არ დაუმარხავს ძაღლურ გულში, მაგრამ რაც რამე უშნო განცდები აქვს, სულ კატების მოდგმას აბრალებს და რაკიღა სხვებზე ხელი არ მიუწვდება, ერთი რესტორნის კატა ჰყავს ამოჩემებული, რომელსაც „ცბიერას" ეძახიან.


„ლომაც" ამ რესტორნის კისერზე ცხოვრობს. ისიც ისეთივე უჯიშოა, როგორიც „ტაისონა" და არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვთ, თუმცა ცბიერა მასაც დასანახად ეზიზღება. შეიძლება, არც ეზიზღებოდეს, უფრო ერთობა მისი დევნით, მაგრამ თუ დაიჭირა, ეჭვგარეშეა, შუაზე გაბდღვნის.


„ცბიერას" არ ახსოვს, როგორ ამოყო თავი ამ მთის ფერდობზე. დიდად არც აინტერესებს. შემწვარი თევზი ჭამოს და რა ენაღვლება... ერთი ეს დებილი ძაღლები რომ არ ჰყავდეს გადამტერებული...


არც სულ გაფაციცებული უწევს ყოფნა ამ თარსი ფერის კატას. ზოგიერთ სტუმარს ძაღლის შიში აქვს, იმ ცოფიანებს დააბამენ და „ცბიერა" დადის არხეინად, სტუმრებს ეტმასნება, ისინიც ფისო, ფისოო, ეძახიან, ეფერებიან, მაგრამ მერე აუშვებენ ბრაზმორეულ ტყვეებს და ვერავინ იტყვის „ცბიერაზე", მის ბედს ძაღლი არ დაჰყეფსო - სულ გასაქცევად აქვს საქმე, იმათი თავისუფლების პირობებში.


არც ისე დიდი ხნის წინათ, „ტაისონა" და „ლომა" სანადიროდ წაიყვანეს. „ცბიერას" იმედი ჩაესახა, იქნებ ჩემი მტრები ბრმა ტყვიამ იმსხვერპლოს ან პერიოდულად მაინც მომაშორონ აქედანო, მაგრამ ის უჯიშოები რა მონადირეები იყვნენ, კატები ეძახეს და გამოყარეს ტყიდან. ცოცხლები რომ დაბრუნდნენ, მაინცდამაინც არ გაჰხარებია რესტორნის ფისოს, მაგრამ იმათი დაცინვით კარგი დრო ატარა, ოღონდ კიდევ უფრო გააბოროტა ისედაც მრისხანე მტრები. გართობაც აღარ უნდოდათ, ერთი მოეხელთებინათ და ძვალს არ დატოვებდნენ, რომ კბილით არ გადაემტვრიათ.


„ცბიერა" კი ცბიერი და მოხერხებული იყო, კატების ნაცარქექია სულ თავისუფლად ეთქმოდა, მაგრამ მშიერი კუჭი ვის არ დაუბრმავებს გონების თვალს და საბედისწერო შეცდომა დაუშვა, რომელიც ვეფხვს და ფოცხვერსაც ადვილად დაღუპავდა. ცხადია, ამ ამბიდან „კატისტყაოსანი" არ გამოვიდა, მაგრამ ჭკუის სასწავლებელი მაინც არის.


„ლომა" და „ტაისონა" დაბმულები იყვნენ. „ცბიერას" შიმშილი თვალებს უბინდავდა. კარგად იცოდა, რომ სტუმრები წასვლას აპირებდნენ და თუ ფრთხილად არ იმოქმედებდა, ხიფათს ვერ აირიდებდა. იქამდე უნდა ეცადა, სანამ ძაღლებს თავიანთ საჭმელს გამოუტანდნენ და მერე კატის დარდი არ ექნებოდათ, მაგრამ შემწვარი თევზის სუნმა როგორღაც აცდუნა რესტორნის ფისო. ჯერ ლუკმა არ ჰქონდა გადაყლაპული, „ლომა" და „ტაისონა" ისე სწრაფად მიუახლოვდნენ, კინაღამ იქვე დალია სული. რესტორნის ეზოში ვერ ნახა თავშესაფარი და ბუჩქებისკენ გაიქცა, სადაც ხოხბები იკეთებენ ბუდეს.


„ცბიერა" დავიწროვდა, გაიწელა, დაიკლაკნა და როგორღაც ბუჩქებში ისე ჩაიმალა, რომ მდევრები ვერ მიწვდებოდნენ. ეკალი კისერზე მოედო, ჩხვლეტამ მკერდში ისე გაუარა, თითქოს გულში გაატარა. მერე თათები დაუსველდა, თირკმელები შეეკუმშა და მუცელი აუთრთოლდა. „ლომა" ვნებიანად ყეფდა - მტერსაც მოხიბლავდა მისი ჟღერადი ტემბრი. „ტაისონას" პირიდან ისეთი ჭექა-ქუხილი ისმოდა, კატას კი არა, ანგელოზებს დააფრთხობდა. „ცბიერა" შეჩვეული იყო მათ ძლიერებას და გამკლავებაც კარგად შეეძლო, მაგრამ ისევ ის შემწვარი თევზი უტრიალებდა გონებაში. აი, ხოხობს ვერ გაუძლო გულმა და შეშინებული აწივწივდა. ძაღლებს ნასწავლი ჰქონდათ, რომ ფრინველისთვის კბილი არ დაეკარებინათ და ყურადღებას არ აქცევდნენ, „ცბიერას" კი აზრი მოუვიდა მისი ხმის გაგონებაზე.


მოთმინება ყველაფერს აჯობებდა, მაგრამ შემწვარი თევზის ხათრით, „ცბიერამ" სარისკო ხრიკს მიმართა. იფიქრა, ამ ცოფიანებს თავს მოვაჩვენებ, ვითომ მეც ხოხობი ვარო და თუ მოტყუვდნენ, აქ რაღას უნდა უცადონ, რესტორნის ეზოში დაბრუნდებიან, სადაც საჭმელი დახვდებათ და მე აღარც გავახსენდებიო. ცბიერიც იყო „ცბიერა" და არც მსახიობის ოსტატობა აკლდა - ისე მიჰბაძა ხოხობს, კაცი ვერ გაარჩევდა ფრინველისგან. ძაღლებმა იფიქრეს, სადღაც სხვაგან გაგვეპარაო და უკვე წასვლას აპირებდნენ, მაგრამ შეკრთნენ, როცა თოფმა დაიქუხა, ტყვია გავარდა, „ცბიერას" მკერდი შეუნგრია და იმან საცოდავად დაიკნავლა, როგორც მხოლოდ კატას შეუძლია. ძაღლები მიხვდნენ, რაც მოხდა და ერთმანეთს სევდიანი თვალი შეავლეს. „ცბიერამ" იმის გაფიქრებაღა მოასწრო: „შენი სიკვდილი სჯობია, სხვისი ცხოვრებით ცხოვრებასო" და უკანასკნელად ამოიკვნესა.



  ნატა ვარადა - I ადგილი

 

თემა: „...როდესაც ასე ახლოა გრემი"


იყოს ტიომას ამბავი


ნოემბრის ცივ, ცრიატ დილით, ჭერმისფერკრამიტიან აგურის სახლის საკვამურიდან კვამლი რომ ამოდიოდეს, ვიცი, ბუხარს დაანთებდა, გვერდით მიუჯდებოდა. ადრიანად თუთუნს შეაკეთებდა, ხელებს მოიფშვნეტდა და თავს ჩაღუნავდა.


იქნებ მშვიდად წაეთვლიმა კიდეც, თუკი არავინ შემოუღებდა ეზოს ჭიშკარს.


კვირა დილას და სხვა დღეებშიც, სანამ ჯერ თავად წაიცმაცუნებდა, გავიდოდა გარეთ, ჩამოუვლიდა სათითაოდ, აბა, სიმინდი ქათმებს, გოჭს ცხელ წყალში გაფუებული კოპტონი, ძაღლს ხმიადი პური.


უკან შემობრუნებული არ იყო, დერეფნიდანვე ხედავდა, როგორ ეპარებოდა მეზობლის წითური კატა მურას პურს, ქათმების საკენკს, ვითომ გარეული აფრიკული გვრიტების წყვილი, ნერვიული ბეღურების გუნდი, ჟიგულა, ორი ბაჯუჯა თეთრი მტრედი და გადაყრილი სპილენძის ქვაბების ვირთხა.


განა დაივიწყებდა ძველისძველ ჩვეულებას, ნება-ნება გაებოლებინა, ხელებისმტვრევით გაეხედა მთებისკენ, დაღესტნური ჯანღებისთვის გემრიელად შეეკურთხა, ქვედა ტუჩი მოეკვნიტა, გულთან ახლოს პაწია ასპიტს გაეკლაკნა.


განა მაშინაც ეგრე არ იყო, მთა, აი, ეგრე უჟმურად დაყუდებული, ნისლი ნაბადივით მოგდებული, ანაღვლე ერთი მაგას, თუგინდ ახლა, თუგინდ მერე, რა.


ცხვარს დამდგარი მამამისი უეცრად რომ წაიქცა, ხმის ამოღება ვერ მოასწრო, ნაწლავების გადახლართვამ გონება დაუბინდა, მის ყონაღს, ლეკ ზარბაზანას ჩამოევლო შემთხვევით, უთქვამს, დავხედავ სიმონას, ცხვარი ბაკში რადა ჰყავს შუადღეზეო. მას უნახავს ხმელი წიფლის ძირას ჩაკეცილი.


თუთუნი სწრაფად იწვის, როცა წვრილფეხა ფიქსი მკლავისსიმსხოდ მსხვილდება და გამალებით კბენს გულის ფიცარს.


მაღალი კაცი იყო ტიომა. სოფელში ტყის მცველად მუშაობდა. დარდი ერთიანად მოცელავდა ხოლმე, მოჭრილ ხეს როცა წაადგებოდა, ხისმჭრელი კი გაასწრებდა, კაცებთან იცოდა თქმა, - მოდი, მითხარი, განა, კაცო, შენ ჩემზე უკეთ იცი, რომელ ხეს რა უჭირსო?! მოგაჭრევინებ, ზამთარში შეშის გარეშე ვინმეს როგორ დავტოვებო, მაგრამ მარტო იმას, რომელსაც გვერდით ნერგიც უდგას.

- აი, ნეტაი ამას, რა, - ბურდღუნებდნენ კაცები, - ხეს უჭირს არა ისა, - მაგრამ თვალებს კი მიწას უშტერებდნენ, თავს მაღლა არ სწევდნენ.


მეტყევე ტიომა სოფლის განაპირას, ლევან კახთა მეფის დანგრეულ გალავანში შემორჩენილ ერთადერთ ქოხში მცხოვრებ ლევანას ეზოს რამდენჯერ ცხენით ჩაუვლიდა, იმდენჯერ გასძახებდა:

- ლევანაა, გამო გარეთ, გამაიხედე.


ქოხი კრამიტნაკლული ედგა. ხევისპირას, ეზოში ტურები ჩამოდიოდნენ გვერდით მთიდან. აკლებული ჰყავდათ ლევანა, კიოდნენ გამთენიამდე. გალავანს იქეთ ესახლა, სოფელი იქეთ იყო, ეს აქეთ, მაგრამ იმ სამ, ერეკლესდროინდელ ქვევრს ვერ უღალატებდა, ვერ მიატოვებდა.

- ჰოუ, შემო კაცო... რა გარედან იძახი, - უხაროდა ლევანას, მაგრამ რა უხაროდა, ქონგურმორღვეულ ციხე-გალავნის ეზოდან წითელ ცხვირსა ყოფდა, ერეკლეს ბოლო მეციხოვნესავით გაჯგიმული.

- აემ სახლიდან არაა, ბოლი სულ ამოვა, შენ ხო იცი, ტიომავ, არცერთ ხეს მე ცულს არ დავარტყამ, მხოლოდ მეხდაცემულს ამოვკაფავ და გამოვზიდავო.


იცინოდა ტყისმცველიც, მაღალი, ხმელი ტიომა, გახედავდა დაღესტნის მწვერვალს, მაგრამ ფიქრის გველი უკვე მორისხელა გამხდარიყო, კბენდა და გესლავდა გულის ფიცარს.


ტიომას ძალიან სჯეროდა გულისა. ტყეს ყურს მიუგდებდა, თუ გაყურსული იდგა, ვერ იყო საქმე კარგად, ჯერ ნეკრესს გასცდა, მერე ვეძისხევს, მერე გრემისკენ გაიშვერდა ხელს, სახლის დროაო და ლევანას რომ ეშმაკებს დაუფრთხობდა, მერე თავის სახლს დაუბრუნდებოდა. ტიომა ტყისმცველს, მაღალსა და ხმელს, სახლში დედაბერი უცდიდა, ებუზღუნებოდა, ლოგინს უშლიდა.


ტიომა მინავლებულ ბუხარს ნაკვერჩხალს მოუსინჯავდა, თუთუნს შეაკეთებდა, დედაბერს ზანდუკს გამოატანინებდა. არავინ იცის, მერამდენედ ამოჰქონდა ყვითელი სამკუთხა ბარათები, ხსნიდა, დედის გაკრული ხელით ნაწერი, მამამისს რომ უგზავნიდა შილდიდან ბერლინში. გაგანია ომში, რუსიკო წერს სიმონას, როდის მოკლავ ჰიტლერს, დაამთავრებ ომს, რომ ჩამოხვიდე. რა სუფრას გავშლი, ჭერს ავხდი მხიარულებით, არაკებს გეტყვი ბევრსაო.

- ეჰ, დედაჩემოო...


კიდევ წერდა ყვითელ სამკუთხა ბარათში რუსუდანი სიმონას, მართალია, ბალღებს ფეხსაცმელი ჯერ ვერ ვუყიდე, მაგრამ ეგ არაფერიო, წავიღებ ნიორს თელავის ბაზარში და ორივეს ახალ ჩექმებს ჩავაცმევ.

- ეჰ, დედაჩემოო...


ის წერილი, მაისის თვის, ტიომას არასოდეს რომ არ გაეხსნა, რუსუდანს ბოლომდე რომ დაეწერა, ვერ მოესწრო, გადმოცემით იცოდა.

- ეჰ, დედაჩემოო, ჰიტლერი რომ ჩააძაღლა, მამაჩემს ეს სიხარული ჩაშხამდა, 28 წლის ცოლი ჩელთმა წაიღოო.


ფიქრი ამ დროს გრძელ, დაგრაგნილ გველად იყო ნაქცევი.

ვითომ არაფერიც. აგერ, ხელის გაწვდენაზე დგას გრემი, იქავეა ვეძისხევი, კახ მეფეთა გალავანი და აღარ კი იყო ბიძაჩემი ტიომა ამსოფლად. როგორც შემოგარენს პატარა ნადირი, ჰაერს ვყნოსავ, დაბმული ქოსა ნაგაზივით მარტოდმარტო, მინდა გეშის აღება, ახლა, როცა აღარ არის ბიძაჩემი, იქნებ მივხვდე, სად წაიბარგა, საითკენ აიღო გეზი, შეხვდა რუსუდანს და გააგონა - ეჰ, დედაჩემოო და მოგუდა დაღესტნის მთას გატოლებული ფიქრის გველი?
 

  მორის როსტიაშვილი

 

თემა: მტრედის საკენკი

 

სულის საკენკი


მარტივი, ცოტა არასერიოზული გაგებით, შეიძლება ითქვას, რომ მე ცრემლის, ღიმილისა და ოცნებებისაგან შევდგები.


როცა სასაცილოდ არ მაქვს საქმე, ძირითადად ვტირი. თუმცა, ეს ალეგორიული გაგებით, ისე კი, ცრემლი არასოდეს მდის. და მაშინ, როცა არც ვტირი და არც ვიცინი, ოცნებას ვიწყებ და გრძნობებისა და სიყვარულის კოშკების შენებაში ვიკარგები.


და მნიშვნელოვანი კითხვაც ჩნდება - „რა ადარდებს ადამიანს?!" პასუხი ერთი შეხედვით მარტივია - „ბედნიერება". დიახ, ადარდებს, ადამიანს ბედნიერება ადარდებს.


მაგრამ, რაშია იგი? სადმე ერთადაა თავმოყრილი და უბრალოდ, ერთბაშად უნდა შესვა, თუ ის ადამიანების გარშემო გამეფებულ მოვლენებშია მტრედის საკენკივით გაბნეული? მე ეს არ ვიცი.


მხოლოდ მის უშედეგო მაძიებლად ვიქეცი და ზოგჯერ მეჩვენება, სულზე მომისწრებს ხოლმე ერთი ხორბლისოდენა მარცვალი. მერე კი მისი წამიერი მოქმედება ჩემთვისვე ხდება დაუჯერებელი.


თუმცა, ბედნიერებას ვიღა ჩივის, როცა თავი ისეთი აკვიატებებით მაქვს გამოჭედილი, როგორიცაა ფრაზა - „თითქოს მალე, ცუდად უნდა დავასრულო ყველაფერი".


შესაძლოა, ჩემი ცხოვრებაც მოჩვენებით ოპტიკურ ილუზიად მიმეჩნია, რომ არა ცხადი და ხელშესახები მელანქოლიური ტკივილი.


და ახლაც... ამ წუთს... ამ წამს დავცქერი ერთ-ერთ მირაჟს, ერთ-ერთ არმომხდარ ეპიზოდს და სულ იმას ვიმეორებ - „ხომ შეიძლებოდა როგორმე ასეც მომხდარიყო ჩვენთვის..."


...შორიდან, სადღაც ჯერ კიდევ იმედით სავსე წარმოსახვაში, სახლი რამდენადმე მყუდრო ჩანდა, მაგრამ უსუნო და ცივიც, რამეთუ ამგვარ სახლებს არასოდეს ჰყავთ მუდმივი მცხოვრებნი. ვიღაცები მოდიან, ვიღაცები მიდიან. შემოივლიან ერთი ან ორი დღით და მერე კი სამუდამოდ იბარგებიან. ერთი, რაც მათ განასხვავებთ, მათი უნიკალური ისტორიაა.


და წარმოსახვაში, როცა კარი გამიღო, იღიმოდა და თითქოს თბილიც იყო მისი თვალები.


მე მგზავრობითა და მონატრებით დაღლილს, მციოდა, მშიოდა და ჩემს ზურგჩანთაში კი ვერც საჭმელს იპოვნიდა კაცი და ბედნიერებას ხომ არაფერი ესაქმებოდა შიგნით.


ღამე იყო... მე ჯერ კარის ზღურბლთან ვიდექი და მიპატიჟებას თვალებში ვეძებდი.


ამასობაში ყველაფერმა ჩამიქროლა ცხვირწინ... ყოველმა ლამაზმა წამმა, ყოველმა უთქმელმა სიტყვამ და გულში შემორჩენილმა წყენამ, მთელი თავისი უპატიებლობის ამაზრზენობით.


ვგრძნობდი, როგორ მქონდა აჩქარებული გული, როგორ ველოდი რაღაცას, რასაც წესით, ალბათ, უნდა რქმეოდა იმედი.


ორი თვის წინ, უკანასკნელად გამოვემშვიდობე ალაყაფის ჭრიალა კართან, რომლის მწვანე საღებავი მზეს გაეხუნებინა და რომელმაც უკანასკნელად გაიღო დაუზეთავი ანჯამების გულსაკლავი ჭრიალი.


ალბათ მკითხავდა, დაიღალე? იქნებ გაეღიმა და გაეცინა კიდეც... იქნებ საკვებიც შემოეთავაზებინა სხეულისთვის და სულისთვის. თუმცა, შეიძლება კარიც გაგიღონ, სახლშიც შეგიპატიჟონ, მაგრამ სულში მაინც არ შეგიშვან და ისევ კარის ზღურბლთან დაგტოვონ.


მე ბარგი დავდე და სავარძელში გამოცარიელებული ჩავეშვი. უცნაური მორიდება სხეულში გამჯდომოდა და თვალებდაბნეული ვაცეცებდი.


თხელი კაბა ეცვა, მსუბუქი და, შემოდგომის მიუხედავად, რატომღაც საზაფხულო პრინტებიან ქსოვილად აღვიქვი.


მერე სიგარეტს თავისი ჩვეული მანერით მოუკიდებდა, შემომხედავდა და მე მივხვდებოდი მის დუმილს.


ბოლოს ძლიერად მიასრისავდა საფერფლის ბინძურ ფსკერზე და წარმოიდგინეთ, თამბაქოს ნამწვების ეს მჭახე სუნიც კი მეცა ცხვირში.


წარმოსახვა ფრაგმენტებად გაიშალა, თითები, თმა და სურნელიც აირია ერთმანეთში. და ღმერთო, როგორც ჰგავდა ნამდვილს...


ყველაფერი ერთ დროს ნათქვამ დაპირებას ჰგავდა, როცა შემოდგომის დღეს, ხეს რომ ფოთლები სცვივა და ორი ადამიანი ამ ყველაფრის სანახავად ერთმანეთის შესახვედრად მიდის. თითქოს იმის გადასამოწმებლად - რომ მართლაც ძვირფასი იყო ერთ დროს ეს ყველაფერი.


მნიშვნელოვანი კითხვა ჩნდება - „რა ადარდებს ადამიანს?"


პასუხი მარტივია - ის, რაც შესაძლოა მომხდარიყო და ვერ მოხდება.


დავაკაკუნე. დაველოდე. ღამე იყო და დაღლილი ვიყავი. ზურგჩანთა მოლოდინით შევისწორე.


ერთხანს ვიდექი და ისევ დავაკაკუნე.

- „სხვა კარზე აკაკუნებთ..." - ზრდილობიანად მიპასუხა ძვირფასმა ხმამ...


და მე მტრედის საკენკივით ხელიდან დამიცვივდა იმედის უკანასკნელი ნამცეცები...



 გვანცა ფიფია - II ადგილი


თემა: „...არაკებს გეტყვი ბევრსაო"

 


ჯვარცმასთან მიდის უცხო მლოცველი და ერთ

სანთელს უსახელო სულებისთვისაც ანთებს...


* * *

- ჩვენსავით კი არ იყვნენ, ახლა რომ ვებღრევით სიცოცხლესა! - თქვა მოხუცმა, თითქოს, ელისოს ფიქრს გაეპასუხა.


ბატონი მიშა ცდოს უხუცესი მოსახლე იყო. ხმის ჩამწერი მოწყობილობებითა და ფოტოაპარატით აღჭურვილ სტუმარს მთელი სოფელი დაათვალიერებინა, შემდეგ შინ შეიპატიჟა, ჩინებულად უმასპინძლა და თუ რამ თქმულება ეგულებოდა გონების კუნჭულებში, ყველა ამოქექა და უამბო. ელისო აციმციმებული თვალებით უცქერდა მთხრობელს. დიქტოფონის მეხსიერების ბარათიც გაავსო და უბის წიგნაკის ფურცლებიც. ღამე საუბარში გაათეთრეს, თუმცა ელისომ მაინც ვერ მიიღო პასუხი, რომლის ძიებაშიც ხუთი სოფელი შემოიარა.


გასულ ზაფხულს არქეოლოგების საექსპედიციო ჯგუფს გზა აებნა მთებში. უცხო ადგილის მოთვალიერებისას ელისო ხატს გადააწყდა. მაშინვე გაიფიქრა, ბრინჯაოს ხანისააო. შესამოწმებლად მიუახლოვდა, მერე მიწაყრილიც შენიშნა, გვერდი მოუარა და დაინახა ის, რაც ნებისმიერს შეზარავს თუ აღაფრთოვანებს. უეცრად ჟრუანტელმა დაუარა, სული აუცახცახდა, მერე ძალა მოიკრიბა და დასჭექა: „აკლდამები!" არქეოლოგისთვის კარგად დაძველებული ძვლების გროვა ხომ განძის ტოლფასია. მთელი ჯგუფი შეესია აღმოჩენას და მომდევნო წლის განმავლობაში, წუთი არ გასულა ისე, რომ არ ეფიქრათ ამ უცნაურ ადგილზე, რომელიც არც რუკებზე იყო სახელდებული და არც ისტორიულ წყაროებში. არქივში ფუჭი ქექვის შემდეგ, მეცნიერებმა ნაცად ხერხს მიმართეს და ახლომდებარე სოფლებში შეეცადნენ ზეპირსიტყვიერებით შემონახული ცნობები შეეგროვებინათ.


ელისოს ბოლო იმედად ეგულებოდა ძველი ამბების შემგროვებელი, ბატონი მიშა. წლების წინ ხომ სწორედ მან უამბო ჟამიანობის დროს თავგანწირული ადამიანების შესახებ, რომელთაც ცოცხლად დაემარხათ თავი, რათა დაავადება არ გავრცელებულიყო. ანატოლიის სამარხების შემდეგ რთულია რამემ გაგაკვირვოს, მაგრამ ელისოს უსახელო აღმოჩენა, თითოეული ვერმოპოვებული ცნობით, უფრო და უფრო იდუმალი ხდებოდა. ბატონმა მიშამაც კი არაფერი იცოდა მის შესახებ. აკლდამებში, თითქმის სრულყოფილად შენარჩუნებულ ძვლებს მიღმა, ჟამის ხატთან ესვენა უნაკლო ჩონჩხი ქალისა. კოლეგებმა ივარაუდეს, რომ ისიც ერთ-ერთი იყო დაავადებულთაგან და აკლდამისკენ მიმავალი, გზად გარდაიცვალა. ელისოს არ ასვენებდა შეგრძნება, რომ სინამდვილეში, სულ სხვა ამბავი ტრიალებდა საუკუნეების წინ. რაღაც ისეთი, რასაც ვერ ხვდებოდნენ და ალბათ, ვერც ვერასდროს გამოარკვევდნენ...


* * *

ირგვლივ ისეთი სიჩუმე ჩამომდგარიყო, თინიას საკუთარი სისხლძარღვების ხმა ესმოდა და ვერ ხვდებოდა, რატომ უჩქეფდა ჯერ კიდევ სისხლი, რატომ არ ეწამლებოდა მასაც სხეული, როგორც ყველას, ვისაც კი იცნობდა. სენი მომსვრელი მოედო სოფელს. ხორცი ეწადა და დაეწაფა...


მზაკვრულად ედებოდა დაავადება სამოსახლოს. ჟამი ვრცელდებოდა, ქოხები ცარიელდებოდა. ჯერ ერთი ოჯახი შევიდა სენაკში, შემდეგ მეორე, მესამე... სიკვდილი გარდაუვალი იყო, მაგრამ ნელი, იმდენად ნელი, რომ უთავბოლო დღეების გასაყვანად, ტანჯვის დასაამებლად ფანდური მიჰქონდათ. მიწის კედლებში გაჭრილი სარკმლებიდან შემომავალი სინათლის ვიწრო სხივებს ეწაფებოდნენ, მზეს მონატრებულნი მზეს უმღეროდნენ.


საკითხავია, ვისი ყოფა იყო უფრო მძიმე - სიკვდილის ტყვეებისა თუ ცოცხლად და მარტო დარჩენილი თინიასთვის, თვითონაც რომ უნდოდა სნეულებთან შესვლა, უნდოდა მათთან ერთად დალოდებოდა აღსასრულს. ისინი კი არ უშვებდნენ, არ ემეტებოდათ ტანჯვისთვის სიცოცხლის ერთადერთი გამგრძელებელი ქალი. უნდოდათ, წასულიყო გაღმა სოფელში, ეპოვა ახალი კერა.


თინიას კი, თითქოს, სასწაულისა სჯეროდა. უვლიდა ყველას ეზო-კარს, დაბრუნებისთვის უთბობდა კერას. ყოველ დღე მიდიოდა ხატთან და ლოცულობდა. შებინდებისას სნეულთა სამყოფელს გაჰყურებდა და ფანდურის ხმას ელოდა, როგორც სიცოცხლის მიმქრალ ნიშან-წყალს.


„მე მელოდე, მზეს ელოდე, მთვარეს ეღადღადებოდე", - ჩაუთქვა ნაკვერჩხალს და გაახვია. გული ეწურებოდა ხატისკენ გასულს, გზად რომ ჩაუარა უსიცოცხლო ქოხებს, ერთ ცეცხლზე გაყრილთაგან რომ კვლავაც არავინ შეხვდა. მივიდა ხატთან, დაემხო მუხლებზე, დაიწყო ლოცვა. ამასობაში ცოცხლად დამარხულნი შვილებს უმღეროდნენ:


თინია მივა ხატთანა

გულს დაიმდუღრავს, ილოცებს,

წმინდა გიორგი ჩამოვა

და დაგვიამებს ჭრილობებს.


იჯდა თინია ჟამის ხატთან. აღარ ესმოდა ფანდურის ხმა. არ გატყდა. ელოდა, ელოდა... სიცოცხლის მბჟუტავი ნათება ჩაქრა სნეულთ სენაკებში. დუმდა არემარე. მწვერვალებიდან ზანტად ჩამოდიოდა რძისფერი ნისლი. ზამთარი სენზე არანაკლებ სასტიკი იყო. ყინვამ ხელები მოხვია მიძინებულ თინიას, სამუდამოდ ჩაიკრა გულში. ნისლი კი ჩამოდიოდა, ედებოდა ცარიელ ქოხებს, ხატს და აკლდამებს, ზეცისკენ უკვალავდა გზას უსახელო სულებს.

* * *


იქნებ, ასე იყო ეს ამბავიო, ფიქრობდა ელისო. მაგრამ რატომ არ წავიდოდა ახალგაზრდა თინია გაღმა სოფელში?..

- ჩვენსავით კი არ იყვნენ, ახლა რომ ვებღრევით სიცოცხლესა! - თქვა მოხუცმა მიშომ, თითქოს, ელისოს ფიქრს გეპასუხა.

არა იყო რა ან, იქნებ, იყო...

თაგები

შემოდგომის „არა-კი“ #ბლოგი #მწერალთასახლი #ნონამაზიაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #გიორგიმესხი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #ნინოსადღობელაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #დათიაბადალაშვილი #თამარგელიტაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #ირაკლისამსონაძე #ლევანინაური #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #კოტეჯანდიერი#ადანემსაძე #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #ლიასტურუა #ნანაკუცია #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #მარინე ტურავა #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #თამარგელიტაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #ლევანინაური #ლიტერატურულიბლოგი #ნინოქუთათელაძე #თამარელაწოწორია #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #შოთაჩანტლაძე #ნინოდარბაისელი #მწერალთასახლი #ლიტმცოდნეობითიოპუსები #ლიტერატურულიბლოგი #ჯემალქარჩხაძე #მანანაკვაჭანტირაძე#მწერალთასახლი ანდრიაძე ანდრიაძე "კრიტიკის სკოლა" "მწერალთა სახლი" გურამ რჩეულიშვილი, გია არგანაშვილი ეკა მახარაშვილი ახალი ძველი ამბები #ახალიძველიამბები ლიტერატურული პრემია მწერალთა სახლი ნაირა გელაშვილი მწერალთა სახლი ტარიელ ჭანტურია