26 მარ 2026

ავტორი: მაკა ჯოხაძე

„რუკა და მიწა

 

გლობალიზაციის ეგიდით დაწყებულია როგორც ჩვენი ემოციების, შეგრძნებების, ფიქრებისა და აზრების, ისე მათი სიტყვიერი გამოხატვის გამოხშირვა. ცოცხალი გულივით მფეთქავი მშობლიური ენის ლექსიკური მარაგის ხელოვნური, ძალდატანებითი მოკვდინება. თავდაპირველი ცოცხალი სიტყვები იცვლება ცივი, მკვდარი, ტექნოლოგიური ტერმინებით... ადამიანური საქმიანობის, პროფესიული ურთიერთობების ჰორიზონტზე მზის ჩამავალმა თუ ამომავალმა სხივებმა თითქოს სითბო და ბრწყინვალება დაკარგეს. თითქოს მნათობთა ნაცვლად ნიკელის ცივ ელვარებაში არამხოლოდ ტრასები და ავტომობილები ხურდება, არამედ მთლიანი გარემო იხუთება. ხელოვნურ პეიზაჟად ქცეული მწვანე საფარი, ოდესღაც ცოცხალი, ჟანგბადით სავსე ბუნება თითქოს სულს ღაფავს.

 

თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ გამორჩეულ მწერალზე საუბარი ამ შესავლით იმიტომაც დავიწყე, რომ ცირა ყურაშვილის მთელი შემოქმედება, განსაკუთრებით კი, მისი პროზაული თხზულებების ბოლო რჩეული მეწამული მაგნოლია, პრესტიჟული ლიტერატურული პრემია მუზარომ დაიმსახურა, აბსოლუტურად ამოვარდნილია იმ ხელწერიდან (ტექსტებიდან) რასაც მე, როგორც მწერალი და ლიტერატურისმცოდნე სისტემატურად ვეცნობი როგორც მშობლიური, ისე უცხოური მხატვრული ლიტერატურის სახით.

 

ცირას მოთხრობები იმდენად სუფთა ჟანგბადითაა სავსე, იმდენნაირი წვენი, სურნელი, არომატი, ფერი და ნიადაგია მათში, რომ ძალაუნებურად აბასთუმნის ჰაერი მახსენდება, რომელზედაც ურბანული გარემოდან ასული დამსვენებლები ნახევრად ხუმრობით ამბობენ ხოლმეპირველ ხანებში, სანამ შევეჩვევით, სუფთა ჟანგბადით ვიწამლებით და დარეტიანებულები დავდივართო.

 

ამ წიგნის რედაქტორი გოჩა სხილაძე წინასიტყვაობაში ზუსტად დაწერს: ნამდვილი მწერალია არა ის, ვინც ამბებს ჰყვება, არამედ ის, ვისი სიტყვებიც ჩვენში მღელვარე, უსიტყვო ხატებს ემთხვევა.

 

ეს უსიტყვო ხატებიკი სიყვარულია, იმედგაცრუებაა, ობლობაა, მარტოობაა, სიფაქიზე და სისასტიკეასამშობლოს განცდა გასაკვირველია, სიბერეა, უძლურებაა, სიჩუმე, სიცოცხლე და სიკვდილია. ამას ყველაფერს რომ მოერიო, განუწყვეტელი ომია საჭირო, არა სხვასთან, არამედ ყველაზე ძნელი, საკუთარ თავთან მოსაგები ომი.

 

ცირა ყურაშვილი, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ყოველი მოთხრობით, მინიატურით, ლექსითა თუ ჩანახატით ამ ომში იმარჯვებს. მისი სიტყვები დღევანდელი ფუჭმეტყველების, ამაოდ მეტყველების, მკვდრადშობილი სიტყვების მთების გროვაში თავისი სინათლით, სისუფთავით, სიღრმით, განცდის ხარისხითა და ლექსიკური სიზუსტით ნამდვილი მარგალიტებივით ბრწყინავენ, გვაოცებენ, გვახარებენ.

 

კრებულში არის ერთი მოთხრობა – „აბრეშუმის პეპელარომლის მისტიურ სიჩუმეშიც, ბჟოლის ფოთლების ჩუმი შრიალის ფონზე, ის ღვთაებრივი პროცესია ჩვენს თვალწინ გაცხადებული, რამაც ოდნავ გონიერი ადამიანი მაინც ღმერთის აღიარებამდე უნდა მიიყვანოს.

 

არცერთ თანამედროვე ქართველ თუ უცხოელ მწერალთან მდინარეთა ჩქერალების ისეთი მშფოთვარე წინსვლა და თავდადება არ მახსენდება, როგორც ცირასთან. საერთოდ პეიზაჟი ისეთი ნედლი, ისევ ისეთი ბავშვობისდროინდელი შეგრძნებებითა და ხილვებითაა გადმოცემული, რომ ძალაუნებურად გრძნობთანამედროვე, გაუდაბნოებული ტექსტების ფონზე ვერცხლისფერი ლიფსიტებივით როგორ ფეთქავს და მოძრაობს ცირას მოთხრობების ლანდშაფტი, მწიფე, ფერადოვანი ნაყოფებით დამძიმებული მსხმოიარე ხეები... თითქოს ყველაფერი ეს იმიტომ იხატება ასეთი რუდუნებით, ჩამყუდროებითა და ერთგვარი თავგანწირვითაც, რომ უნდა დაგვანახოს თანდათან, წლების განმავლობაში, გულგრილობით, უპასუხისმგებლობითა და უპატრონობით როგორ ვკარგავთ მიწას, რა საუნჯის პატრონები სად გავრბივართ და რას ვეპოტინებით.

 

დღევანდელ ქართულ პროზაში სიღარიბის სიბრძნე (ჩვენი კლასიკოსების შემდეგ) ასე ესთეტრად არავის აუსახავს და შრომის კულტი შემოქმედებით პროცესად და სიხარულის წყაროდ არ უქცევია.

 

ეს სახეები, პორტრეტები, იქნება ეს მამის, დედის, და-ძმების, მამიდა-ბიძა-ბიცოლების, ბებია-ბაბუების, მეზობლების, მოხუცებისა თუ გოგო-ბიჭების, ისეთი სიყვარულით შემოდიან ჩვენს ცხოვრებაში, გაკვირვებული რჩებიესენი ხომ შენიანებია, შენ ხომ მათთან ერთად ჭირშიც ყოფილხარ და ლხინშიც, გიცელქია და გითამაშია... 

 

საერთოდ, გასაოცარია ამ გენეტიკურ შტოთა ტოტებზე ნაყოფებივით შემომსხდარი ასეულობით სახელის ცოდნა, რომელთა გაცნობითაც მწერალი თითქოს გვარცხვენს და გვამუნათებსპირადად შენ, არათუ მეზობლების შორეულ წინაპრებს, არამედ საკუთარი გენეტიკური ხის შტოებსაც კი რომ არ იცნობ ხეირიანად (ეროდი და დიონისი).

 

მოთხრობაშინუ დაუცდი მზის ჩასვლას, რომელშიც ამა ქვეყნის ძლიერთაგან სუსტების ჩაგვრა ფანტასტიურადაა აღწერილი, ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ ერთგან მოხმობილი ქართული ეპიტაფიების შორეული ანალოგი მახსენდება, როდესაც შუა სამეფო ხანის ეგვიპტურ ეპიტაფიას გვამცნობს:

 

არა ყოფილა უბირი კაცის ქალი, რომ წყენა მიმეყენებინოს, არც ქვრივი, რომ შემევიწროვებინოს, არც გლეხი, რომ ხელი მეკრას, არც მწყემსი, რომ გამეგდოს, არც ათისთავი, რომ მუშები წამერთმიოს; ჩემს დროს არა ყოფილა უბედური და მშიერი. როდესაც შიმშილობა ჩამოვარდა, მე მოვახვნევინე ნომის ყველა მინდორი სამხრეთ და ჩრდილო საზღვრებამდე და ხალხი შევინახე, გამოვკვებე...

 

არაჩვეულებრივი წარწერაა! იშვიათი! ამ ეპიტაფიით გამოხატულია ეგვიპტელი მმართველის ფიზიკურად განხორციელებული სულიერი სიმდიდრე და სიკეთე. ალბათ, ნებისმიერ დროში ძალიან იშვიათად ხდებიან მსგავსი ეპიტაფიის ღირსნი ძლიერნი ამა სოფლისანი.

 

მთელი მოთხრობის განმავლობაში ისეთი განცდა გრჩება, რომბოლო ჟამის ადამიანის ქრონიკული უხასიათობით შეპყრობილი ავტორი ფიქრობდაგაღიზიანების სულზე და გულწრფელად აღიარებდა: „მაშინვე შემომიტევდა, როგორც კი ჩემში სასოების მზე გადაიხრებოდა-. ჩვენც, მკითხველებსაც, რამდენგზის გვიგრძ    ნია მსგავსი შემოტევები... გამქრალი იმედის მზე (სასოწარკვეთა) კი მწერლის მიერ იშვიათი ბიბლიური ხილვა-მეტაფორით გამოიხატა:

 

ფლატეზე პროფესორი ამოდიოდა, ზურგზე მოკიდებული გოდრით, ამოდიოდა გაოფლილი, ხვნეშა-ხვნეშით, სვენებ-სვენებით, უჭირდა, თუმცა გოდრის (რომლიდანაც პრეზიდენტის თავი მოჩანდა) სამკლაურებს მაინც არ იხსნიდა. გოდორი კი ისე ტორტმანობდა, მისი შიგთავსი ისე ტოკავდა, როგორც მოუსვენარი ყრმა დედის მუცელში.

 

ამ ირონიული პარალელით, ძალაუნებურად, ეგვიპტის მტვრიან გზაზე მიმავალი, ჰეროდესაგან შეშინებული ოჯახი გახსენდება და კიდევ, მათ წინ მიბაკუნე ჩოჩორიკას მხრებზე გადაკიდებული პურით, ყურძნის მტევნებითა და იესოს ჩვილი სხეულით სავსე გოდორი. ასე რომ, ეს ბიბლიური ხატებები დროსა და სივრცეს უსამშობლო ღრუბლებივით გადმოლახავენ და თანამედროვე მწერალსაც არაერთგზის გაამეორებინებენუძველეს და უბრალო სიტყვებს:

 

ნუ დაჩაგრავ მოჯამაგირეს და ღარიბ-ღატაკს, თავის დროზე გადაუხადე კუთვნილი გასამრჯელო და ნუ დაუცდი მზის ჩასვლას, რადგან ღარიბი იყავი შენც და ღარიბია იგიც და შენი იმედი აქვს, რომ არ გიჩივლოს უფალთან და არ დაგედოს ცოდვა (მეორე რჯული, 24:14-15).

 

ამ შეგონებას, სამწუხაროდ, მხოლოდ ნამდვილი მწერლები და ადამიანები ითვალისწინებენ და არა გოდორში ჩასმულიპრეზიდენტები და პოლიტიკოსები.

 

ცირა ყურაშვილი რელიგიური მსოფლგანცდის, ქრისტიანული სულისკვეთების მატარებელი შემოქმედია; ეს არცაა გასაკვირი, უფრო ზუსტად, ეს თითქოს ბუნებრივიცაა, რადგან მისმა არაჩვეულებრივმა დედ-მამამ შვიდი შვილი გაუზარდა სამშობლოს. ამ შვიდიდან მხოლოდ ცირა ყურაშვილი ემსახურება თავისი მხატვრული სიტყვით ღმერთს, დანარჩენები, ყველანი მონაზვნობისა თუ ბერობის ღვაწლში არიან. წმინდანად შესარაცხი, აფხაზეთში წამებით მოკლული ახალმოწამე ანდრია ყურაშვილის ბავშვობისდროინდელი ხატება, პატარა პაატას სახით, არაერთგზის გაკრთება ხოლმე ამ საოცრად პოეტურ მოთხრობებში.

 

და მაინც, როგორც იტყვიან, აქ სიტყვაა მთავარი: „პირველითგან იყო სიტყვა. ცირას განსაკუთრებული შიში, რიდი და მოწიწება აქვს სიტყვის წინაშე. ამას თავადაც აღიარებს, როცა გვეუბნება, რომ სიტყვა ბუმერანგივით ბრუნდება უკან. ამიტომაცაა, მისი შემოქმედება ასე რომ ეხება თანამედროვე ადამიანის სულსა და გულს და მადლიერებით აღსავსე მკითხველისაგან სიყვარულით უკანვე უბრუნდება ავტორს. ეს მით უფრო სასიხარულოა, რომ ჩვენ ეპოქალური ცვლილებების სასტიკ ერაში ვცხოვრობთ, ღირებულებათა და, აქედან გამომდინარე, ადამიანური მოღვაწეობის სფეროთა გაუქმება-გაუფასურების ეპოქაში. ნიჰილიზმის ცინიკური ვარაუდები სამყაროში ყოველივე ბუნებრივს ეჭვის თვალით უმზერს და დასცინის. პრაგმატული, უფრო ზუსტად, რობოტიზებული სამყარო, თავისი ხელოვნური ინტელექტითა თუ სამომავლოდ კიდევ უფრო დიდი ტექნოლოგიური გარღვევებით, რა თქმა უნდა, ვერაფერს გაუგებს ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის პასუხს (როცა მის გადარჩენას ცდილობდნენ) იმის თაობაზე, რომ იგი სხვისი გულით ვერ იცხოვრებს და ამიტომაც უარს ამბობს ქირურგიულ ჩარევაზე, გულის გადმონერგვაზე.

 

დღევანდელი ადამიანის ამბიციაა ფერადოვანი სადენებით დაქსელილსამოთხეში (სოციალურ ქსელებში) ახალი სიცოცხლის ხე აღმოაჩინოს. მისი გონება მიზანმიმართულად, უჩვეულო სისწრაფით მიიწევს წინ. ხელოვნური ინტელექტი ამის თვალსაჩინო მაგალითია, რომელიც ცოდნის სამყაროში ერთგვარ ნოვიგატორადაც წარმომიდგენია. იმისიც მჯერა, რომ ადამიანური გონი კიდევ უფრო დიდი ტექნიკური გარღვევებითა და აღმოჩენებით გაგვაოგნებს მომავალში. მაგრამ, პირადად მე, იმაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მეტაფორული აზროვნება, მეტაფორა პოეტის ღია ჭრილობაა და არასოდეს შუშდება... მოუშუშებელი ჭრილობიდან მუდამ სისხლი და ცრემლიანი სისველე წვეთავს. ამიტომ ხელოვნური ინტელექტის უსასრულო ინფორმაციით გამომშრალი წიაღი ვერასოდეს დაფეხმძიმდება იმ ხილვებით, შეგრძნებებით, ემოციებით, იმ დარდითა და სიხარულით, რასაც ადამიანის გული დაატარებს.

 

ცირა ყურაშვილის უცნაურ მოთხრობაშიბალიშისპირი სახლი და ბალიში იდენტური შინაარსის მატარებელია. ერთიც და მეორეც, ჟამთა სვლასთან ერთად, ადამიანივით ბერდება და მძიმდება. ამიტომ ორივეს სულის შთაბერვა და განახლება სჭირდება, როგორც უმწეო, მოძულებულ მოხუცს, მხოლოდ ზრუნვა და ყურადღება რომ მოაბრუნებს ამქვეყნად.

 

მოთხრობის დასაწყისში ტყვიასავით მძიმე ბალიში თხრობის დასასრულს, გამზეურებული ბუმბულისა და განახლებული ბალიშისპირის წყალობით ისეთ სიმსუბუქეს იძენს, თითქოს ძველი ატლასის ზედაპირზე ანაბეჭდი (გაჟონილი) ლაქები წინაპართა ცოდვა-დარდივით ქარს გაატანეს და ახალი სიცოცხლისთვის მოემზადნენ:

 

ამ ბალიშივით ეს სახლიც, როცა გაახლდება, გასრულდება, აახმიანე აქედან გარდასულ სულთა დარაბის ზანზალაკები, ანგელოზო, დაე, იცოდნენ: ჟამთა ვითარების, წელთა გარდასვლის, ეტლთა მოქცევის, დღეთა ცვალების მიუხედავად, ამ სოფელში არ მოშლილა იმათი ფუძე, მათი სახლი, მათი კვალი, მათი ტყე-ველი; საკვამურიდან ისევ ამოდის კვამლი, დარბის ბავშვი, ყეფს ძაღლი და ყივის მამალი.

 

ყოფიერების უდაბნოში თვეობით ჩაკარგვით მოგვრილი მძიმე განცდა შემოქმედებითი ბუნების მქონე ადამიანთა ხვედრია. ცირას ლექსებსა თუ მოთხრობებში ამ განცდისადმი შეუგუებლობა წინსვლისა და პოეტური აღმოჩენების მასტიმულირებელია. მისი ბიბლიური ალუზიები (მომხსენი ფრთებიდან ქვამარილის მხრები) განუწყვეტლივ სულის თავისუფლებას ელტვის. მუდმივ მზადყოფნაშია ყოფიერების აუტანელი სიმძიმე ხელოვნების ესთეტიკურ საბურველში გახვიოს და შრომის კულტად აქციოს. სწორედ ამ ესთეტიკით იქმნებოდა მის შემოქმედებაშიაღმართის ქალბატონის მეტად შთამბეჭდავი, ადამიანური სახე ლექსშიქრისტე, გაუღე შენი კარები. ეს მშვენიერი რეფრენი, პერიოდულად რომ მეორდება საკმაოდ გრძელი ლექსის სივრცეში, იმაზე მიგვანიშნებს, თუ როგორ კარგად იცნობს ცირა ყურაშვილი ცხოვრებას, როგორ უყვარს, ენანება ადამიანი და ამქვეყნიური ტანჯვის საზღაურად, როგორ ემეტება მისთვის ყველაზე დიდი ჯილდომაცხოვრის კარი, სასუფეველი.

 

მოთხრობაშიმამას მარჯვენათი ქაფჩა უჭირავს მაიაკოვსკის, ახლანდელი ბაღდადის ცენტრში ხუთსართულიანი სახლის მშენებლობის პროცესი ბავშვის (პატარა ცირას) თვალითაა დანახული. სამშენებლო მასალით დაწყებული, მშენებლობის პროცესის ყველა დეტალი ზეაღმავალი ტემპის ისეთი განსაცვიფრებელი რიტმით, ლექსიკით, ცნობისმოყვარეობითა და სულისკვეთებითაა გადმოცემული, კონკრეტულად ერთი სახლის კი არა, ზოგადად, შენების მაცოცხლებელი ძალა მთელს სამყაროს კეთილ სულად მოეფინება და სიცოცხლის საგალობლად აქცევს.

 

დიდებული თანამედროვე სერბი მწერლის, მილორად პავიჩის მიერ გამოთქმული აზრები მახსენდება ერთ-ერთი ინტერვიუდან, როდესაც მას ხელოვნების, კერძოდ, ლიტერატურის კრიზისზე ეკითხებიან:

 

კრიზისი, პირველ რიგში, კითხვაზე ზემოქმედებს... და მაინც ისღა დამრჩენია, არ შევწყვიტო შენება თვით ომის დროსაც. „ქარის შიდა მხარის გმირიც აშენებს, მაშინ, როცა სხვები, ომის დროს, ყველაფერს აპარტახებენ... არსებობს ძველი მითი, რომლის თანახმად ცოცხალი არსება ადამიანია, თუ ის წელში გამართულია, და ცხოველია, თუ წელში იხრება...“. 

 

ცირა ყურაშვილის მოთხრობაში შრომის ფერხულში ჩაბმული მული, სწორედ ამწელში გამართულ ადამიანთა წყალობით, აგური აგურს ედება და შენობა ისეთი რუდუნებით მიიწევს და მაღლდება, რომ მის შემხედვე ნგრევის ყველანაირი ბოროტება და სისასტიკე გვავიწყდება, რასაცადამიანები ამ დალოცვილ მიწაზე სჩადიან.

 

ნებისმიერი საქმის გადადება შეიძლება კეთილი საქმის გარდა! ეს ერთგვარი მოწოდებაა წუთისოფლის სწრაფლწარმავალი დროის წინაშე, რომელიცმოსწრაფებით ირღვევა (სერაფიმ როუზი). ეს ბიბლიური სიბრძნე თითქოს დევიზია ცირას არა მხოლოდ შემოქმედებითი სამყაროსათვის, არამედ ყოფითი, ყოველდღიური ცხოვრების წესისა. ამიტომაცაა, რომ ყველაზე მძაფრად მკითხველს ამ წიგნიდან ეს გაფრთხილება გამოჰყვება: ნუ დაუცდი მზის ჩასვლას...“. 

 

თანამედროვეობის (XX საუკუნის) ერთ-ერთი მნათობი, ბრწყინვალე მოაზროვნე, მწერალი, ფილოსოფოსი და სასულიერო მოღვაწე წმ. ნიკოლოზ სერბი წერდა:

 

როგორიცაა მიწა გეოგრაფიულ რუკასთან შედარებით, ისეთივეა სამყაროს ქრისტიანული გაგება კაბინეტურ ფილოსოფიასთან შედარებით. მართალია, ზოგჯერ რუკა მიწაზე უფრო ლამაზად გამოიყურება, მაგრამ რუკაზე ვერასოდეს ამოიზრდება თავთავი და ვერასოდეს ამოხეთქავს ნაკადული.

 

ცირას წიგნებიც ცოცხალი მიწაა და არა რუკა, ზოგჯერ მზით, ზოგჯერ მთვარით, ზოგჯერ საფლავთა ფოსფორის ღამეული ნათებით უცხო სანთელს მიმსგავსებული, დღევანდელობისა და ჩვენი მამა-პაპის ძვლებით გაპოხიერებული, წარსულით, აწმყოთი, მომავალზე ფიქრითა და ოცნებით ნასაზრდოები.

 

 

თაგები:

#

თაგები

შემოდგომის „არა-კი“ #ბლოგი #მწერალთასახლი #ნონამაზიაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #გიორგიმესხი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #ნინოსადღობელაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #დათიაბადალაშვილი #თამარგელიტაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #ირაკლისამსონაძე #ლევანინაური #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #კოტეჯანდიერი#ადანემსაძე #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #ლიასტურუა #ნანაკუცია #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #მარინე ტურავა #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #თამარგელიტაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #ლევანინაური #ლიტერატურულიბლოგი #ნინოქუთათელაძე #თამარელაწოწორია #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #შოთაჩანტლაძე #ნინოდარბაისელი #მწერალთასახლი #ლიტმცოდნეობითიოპუსები #ლიტერატურულიბლოგი #ჯემალქარჩხაძე #მანანაკვაჭანტირაძე#მწერალთასახლი ანდრიაძე ანდრიაძე "კრიტიკის სკოლა" "მწერალთა სახლი" გურამ რჩეულიშვილი, გია არგანაშვილი ეკა მახარაშვილი ახალი ძველი ამბები #ახალიძველიამბები ლიტერატურული პრემია მწერალთა სახლი ნაირა გელაშვილი მწერალთა სახლი ტარიელ ჭანტურია