9 აპრ 2026
გალაკტიონის მიერ, 1919 წელს გალაკტიკის დახვეწილი სევდით გაჯერებული პოეტური კრებულის „არტისტული ყვავილების“ გამოცემიდან 107 წლის შემდეგ, 2025 წელს, „კალმასობაში“ დაიბეჭდა ამ ხმაგაბზარული სამყაროს მოზაიკური ტკივილების აღმქმელი ახალი სარკე-კრებული. ეს კრებული ლაშა ბაბილუას ეგზისტენციალური ტკივილებით გადაპიპინებული „განგაშის იავნანაა“. კრებულის სათაურის თაურმდგენი ლექსიც, კრებულის იდენტური სათაურით 95-ე გვერდზე დგას და 52-ე ნომრით ელოდება მკითხველს.
ლაშა ბაბილუას ლექსებს კი, მართლაც ელოდა მკითხველი. ამ მოლოდინს კრებულის რედაქტორის, რეზო გეთიაშვილის მინაწერიც ცხადყოფს: „ლაშა ბაბილუას ლექსების პირველი მოსმენიდან 15 წელი მაინც იქნება გასული. სულ ვიცოდი, რომ სადღაც ძალიან მაგარი პოეტი იყო, თითქმის რომ არ ჩანდა. ამ წიგნმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მგონია, რომ ბევრისთვის აღმოჩენა იქნება“.
სათაურის პოეტიკა ლექსის ხასიათს განსაზღვრავს, და ეს მით უფრო, თუ ეს ლექსი კრებულის სათაურად არის გატანილი და მისი მსოფლმხედველობის გამომხატველიცაა.
„განგაშის იავნანა“ − სიტყვათა ასეთი სემანტიკური შეჯახება პოეზიაში ხშირად არ გვხვდება. სათაური მკვეთრი ოქსიმორონია, შეუთავსებელ სიტყვათა დაწყვილებაა და ამდენად, ყურადღებას იქცევს. იგრძნობა, რომ ლირიკულ გმირს საფრთხე მოელის, ამიტომ თვითონაც დაძაბულია, მისი სული სითბოსა და სიმშვიდეს ითხოვს. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მას პიროვნული სტრესი აქვს და მისგან თავის გარიდება სჭირდება. შეიძლება ისიც დავუშვათ, მისთვის ერთგვარი სიმშვიდის მომტანიც შეიძლება აღმოჩნდეს იავნანას მოსმენა, მისი სულის განგაშზე იავნანამ დამამშვიდებლადაც შეიძლება იმოქმედოს. ერთმანეთის გვერდიგვერდ გაჩენილი ეს სიტყვათშეთანხმება − „განგაშის იავნანა“, − თანამედროვე მშფოთვარე და ტკივილიანი სამყაროს გზავნილიცაა.
ადამიანი დროის ხანგრძლივ ინტერვალში ისე ეჩვევა შფოთვასა და განგაშს, რომ შეიძლება მექანიკურად ისმენდეს მას და იავნანად ჩაესმოდეს, ესეც ერთგვარი ტრავმული დაშვებაა. თუმცა, სიტყვა „განგაშის“ „იავნანასთან“ დაწყვილება ანელებს საშიშ რეალობას. სათაურში ოდნავ ირონიული ტონიც გაკრთება − იავნანას სიმშვიდის პარალელურად, სავარაუდებელია, რაღაც საგანგაშოც ხდებოდეს გმირის ცხოვრებაში. ამდენად, ლექსის სახელის (სათაურის) ამოძახილი ძლიერია და იგრძნობა კიდეც, რომ ტექსტი მშვიდი არ იქნება. „რძეში ამოვლებული სიზმარი“ მოკლე და დადებითი ფრაზა, ამასთანავე, პოეტური მეტაფორაა, რომელიც სიტყვის მადლში ამოვლებულივით ამშვიდებს მკითხველს. სიტყვა „განგაშის“ ბგერითი შემადგენლობაც − გამეორებული „გან“ და „ნარ“ თანხმოვნების ერთმანეთთან შებმა და იავნანას (ყურში თანმხლები) ჰანგით აზრის მართვა, ერთგვარად, სემანტიკური მოულოდნელობაცაა და მას ლირიკული გმირის ტკივილებით დანაღმულ ველზე გადავყავართ. საინტერესოა, ლექსის მომდევნო სტროფებში მეტაფორულობის ეს მაღალი ხარისხი თუ იქნება შენარჩუნებული, რადგან ასეთი დინამიკური და დაშიფრული სათაურის არსებობისას, შემდეგმა სალექსო სტრიქონებმა შეიძლება სათაურის ეფექტი ვერ შეაკავოს, ამდენად, გააფერმკრთალოს სათაურის მაგია და დისონანსის ველი შექმნას. ამდენად, ლექსის მხატვრული ღირებულებაც შესაბამისად ძლიერი უნდა იყოს.
ლექსის ლოგიკურ მონაკვეთებად დაყოფა ჩვენთვის ნაკლებად მიმზიდველია, ამიტომ სტროფებად ჩავშლით და ლირიკული გმირის თავგადასავალს სტრიქონ-სტრიქონ გავყვებით.
პირველი სტროფი ასეთია:
შავ კატებს ლანგრით მივართვი, რძეში,
ამოვლებული სიზმრები, მთვრალმა.
აღარასოდეს შემოვა მზე შინ,
შინ იქნებიან ქარები, მრავლად.
დასაწყისი სტროფი სათაურის ამხსნელი მზა ვერსიაა. პირველივე სტრიქონი სიურრეალისტურია და ოდნავ აპოკალიფსურ სურათს ხატავს. მისტიკური გარემო და სიტყვიერი ქსოვილი აძლიერებს სათაურის სევდას. პირველივე სტრიქონში „შავ კატებს ლანგრით მივართვი, რძეში“, − მოქმედებას პირველი პირი ასრულებს და აქვე ჩნდება პარადოქსი: ლექსის ქსოვილში თეთრი რძისა და შავი კატების ბუნებრივი შემოსვლა, რომელიც შინაარსობრივად ოდნავ საშიშადაც და ცოტა უცნაურადაც ჩანს: შავი კატებისათვის, რომელიც ბედისწერის მახასიათებელია, ლანგრით მირთმეული სიზმრები, რაღაც ხარისხით რიტუალური ჟესტია. თუმცა, თეთრი რძის სემანტიკა, ბავშვობის სისუფთავესთან და იავნანასთან დადებით კონცეპტსაც ქმნის და ტექსტში ამ სიტყვების შეხვედრა უარყოფით ეფექტსაც აბათილებს.
პირველი სტროფის ორპირიანი ზმნა „მივართვი“ განაპირას დგას; აზრის დამთავრების მოლოდინშია მომდევნო სიტყვა „რძე“ და მისი მომყოლი სტრიქონებიც, მაგრამ მათ შორის აზრობრივ სივრცეს ანჟამბემანი შველის და მას მომდევნო სტრიქონზე ჩამოტანით აცალკევებს. სიტყვა „რძე“ საზღვრავს როგორც ზმნას „მივართვის“, ასევე „ამოვლებულ სიზმრებს“. ეს სტრიქონი, პოეტურთან ერთად, სიურრეალისტური მონასმია და სტრიქონის ბოლო სიტყვამ, რომელმაც შეიძლება თავიც ვერ შეიკავოს და „მთვრალი“ და საკუთარ თავზე კონტროლდაკარგულ ლირიკულ გმირი, რაღაც „არასაიმედო“ ამბავსაც გადაჰკიდოს. ამ სტრიქონში გმირის საკუთარი სივრცეც კონტურმორღვეულია და სხეულებრივად, თვითონაც რომელიღაც კუბისტურ ნახატს ჩამოჰგავს. ტექსტში თვითგანადგურების სიგნალი უკვე ჩართულია, მაგრამ ისიც ცნაურდება, რომ გმირს პერსონალური ტკივილებიდან გაქცევაც სურს.
„აღარასოდეს შემოვა მზე შინ“- სტროფის ყველაზე ტრაგიკული სტრიქონია, რომელშიც მზა სიმღერის ტექსტი − „მზე შინა“, ჩვეულებრივ სამეტყველო ერთეულამდეა დაშლილი და ამასთანავე, უარყოფს კიდეც ძეობის რიტუალთან დაკავშირებულ ქალთა ორხმიან სიმღერას. ამ მოლოცვაში სიმღერით მიმართავდნენ მზეს: „მზე შინა და მზე გარეთა, მზევ, შინ შემოდიო“, (ლექსში ეს იავნანასაც უკავშირდება!) იგი ტრადიციული საძეო სიმღერაა და მას არსებობის საკუთარი ისტორიაც აქვს. იგი მოხსენიებულია ჯერ კიდევ იოანე ბატონიშვილის „კალმასობასა“ და ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის ნაშრომში „ივერიელთა გალობა, სიმღერა და ღიღინში“.
ლექსის ამ მონაკვეთში ლირიკული გმირის განწყობა უკიდურესად მძიმეა და განაჩენივით ჟღერს მიმყოლი სტრიქონები: „აღარასოდეს შემოვა მზე“, ანუ სიცოცხლის ხალისი, იმედი და ადამის ძის დაბადების სიხარული ამიერიდან არ გაათბობს სახლსა თუ სამყოფელს. ლექსშიც განგაშის მაუწყებელიც ესაა და კიდევაც კრავს სათაურის სემანტიკას. მაგრამ მზის სანაცვლოდ, რა შემოვა შინ? „შინ იქნებიან ქარები, მრავლად.“ სტროფის დასასრულის ეს ფრაზა გვაუწყებს, რომ მზე არ შემოვა, მაგრამ ქარები შინ არიან. სახლის არეალი ქარებს დაუპყრიათ, მრავლობითის ფორმა და ზმნიზედა „მრავლად“ აძლიერებს ქაოსის, სიცივისა და არასტაბილურობის შეგრძნებას. „შინ“, „სან“ და „რაე“ თანხმოვნების აქცენტირება და გამეორება, სტრიქონის შიგნით აძლიერებს ამ უარყოფითად დამუხტულ სურათებს.
ლექსის მეორე სტროფში გმირის განგაშის მიზეზია გამოკვეთილი:
საკუთარ დღეებს ვმარხავ გარშემო,
თითქმის გავავსე გარეუბნები.
დიდი ხანია, აღარ ვარსებობ,
ოღონდ, დედაჩემს არ ვეუბნებით.
ეს სტროფი, პირველთან შედარებით, უფრო გმირის პირად სივრცეს გადაშლის. თუ წინა სტროფი რიტუალურ-სიურრეალისტური იყო, აქ უკვე ეგზისტენციური აღსარებაა. გმირის განგაშის ენერგია უკვე შინაგან ტრაგედიად გარდაიქმნება: საკუთარი პერსონის ნელი წვა და ჩაქრობა, ჩუმი თვითმონელება და დედისათვის ამ ამბების დამალვა, ის სულიერი ქარიშხალია, რაც კიდევ უფრო ცხადყოფს მისი სათქმელის ორგანულ კავშირს სათაურთან. ამ სულიერი განგაშის ფონზე, ლექსიდან თითქოს ისმის კიდეც „იავნანას“ ჰანგი.
ძლიერი მეტაფორული აზროვნების ნიმუშია სტრიქონი: „საკუთარ დღეებს ვმარხავ გარშემო.“ სულის შემძვრელია გმირის წილი დღეების დამარხვა-დაკრძალვის სიტყვაში გამოხვეული ცერემონიალი. ლირიკული მეს გარშემო თითქოს ხილული საფლავებია. ეს ქმნის შეგრძნებას, რომ გმირი ან სამყაროს მიღმაა, ან საკუთარ ცხოვრებას ინადგურებს. ლექსის ქსოვილში, ძირითადად, ძნელად მოსახელთებელია ასეთი ემოციური ტკივილიც და სიტყვიერად ასე დამორჩილებული სემანტიკური ველიც იშვიათია: „თითქმის გავავსე გარეუბნები“ და არა ცენტრალური ადგილებიო. ეს სტრიქონი აძლიერებს სიცარიელისა და მიტოვებულობის განცდას. დღეები დამარხულია და ამ „დღეების სამარეებით“ სავსეა გარეუბნები. ემირ კუსტურიცას კინემატოგრაფიაც სიამოვნებით შეიმატებდა ამ უხვ სტრიქონებს მსხმოიარე შთაბეჭდილებების მისაღწევად.
ამ სტროფის მესამე სტრიქონი ემოციური პიკია: „დიდი ხანია, აღარ ვარსებობ“. ეს პირდაპირი განაცხადია საკუთარი პერსონის უარყოფისა. წინა სტროფებში გმირის მეტაფორების ფანტასტიკურმა სტოკატომ მოამზადა ლექსის შინამო, რომ აღსარება მკვეთრი და მძაფრი ყოფილიყო. აქ კი პირიქით, „იავნანა“ მშვიდია, თითქოს განგაშის ჟღერადობაც მოთვინიერებულია, თუმცა, ამ ლექსის სახლის ჰაერში ჯერ ისევ შიშის სურნელი დომინანტობს.
სტრიქონი − „ოღონდ დედაჩემს არ ვეუბნებით“ − მოულოდნელი გადასვლაა იმ ხელშეუხებელ ველში, რომელიც მწიფე ტკივილებითაა მოფენილი. დედის კოსმოსი ისედაც ღიაა შვილის ტკივილების მისაღებად და სრულიად „სიცრუედ“ მო(ს)ჩანს, დედას რაღაც ამბავს რომ უმალავენ. მაგრამ ლირიკულმა გმირმა ნათქვამს დამაჯერებლობა რომ შემატოს, აზრის სიმძიმე თავის ველზე რომ დაიტოვოს და მოფუტკნული ტკივილითაც რომ ვითომ დაწინაურდეს, „დედაჩემს არ ვეუბნებითო“. ამ „ვიწრო და წვრილი“ ტყუილის წამოსაწევად, სხვებიც დაიხმარა. თითქოს ბავშვები იყვნენ და თამაშის საიდუმლოს უმალავდნენ დედას. ეს მრავლობითობაც თაობის ინსტინქტია, იმ დაუცველი თაობის სინტაქსის რეგულაციაა, როცა საკუთარმა ბედმა თუ „უნდობარმა ხანმა“, ისინი „როგორც ბახალა,ზაფხულის ტყეებს გადაახალა“ და ახლა ეს „ბახალები“, ტყეების კენწეროებზე მათი „დახლის დროს“ მიღებული ტკივილების წარმოდგენისგან საკუთარ დედებს იცავენ. ისინი ჩვენი შვილები არიან, რომლებიც ჩვენ, დედებს, ზეზეულად გამოხმობისა და შემდეგ გაქრობისაგანაც ასე რომ გვიცავენ. შვილების გაქრობა კი გადამდები აღმოჩნდა, მაგრამ დედები ვერ იჯერებენ „მზე შინა და მზე გარეთას“ იავნანურში გაჭირვებით გამოჩეკილი მათი ლურჯთვალა გოგონები და მწვანეთვალება ბიჭები, ასეთი მძაფრი ტკივილებითა და ასე თავგამეტებით რატომ ქრებიან. ამ სტროფის სემანტიკას არბილებს ის, რომ ეს აზრი მართალი პოეტური გადაწყვეტილებაცაა. სტროფებს შორის ემოციური და დინამიკური ბმაა. აქ სტრიქონებს უკვე პირადი ტკივილები არ მართავს და იგი არც უხერხემლო სენტიმენტებითაა გადაერთებული. უასაკოდ დაბრძენებული თაობის ამ „სადიასპანო“ ლექსის სიტყვებით პირდაპირობს შექმნილი რეალობა და აწ მეტაფორების მარყუჟზე დაკიდებულ ზმნებს ეშაფოტზე აჰყავს სინამდვილეც. ლექსის ეს სცენა, რაც უნდა შეფერადდეს, მაინც მკვეთრია ეს სიმწრის საგოდებელი და − „ვაი, შენს დედას“ მოტივი ვიზუალიზდება კიდეც.
მესამე სტროფის ენერგეტიკული ველი ყველაზე დაძაბულია:
თუ, ეს ქალაქი, შემიკრავს სუნთქვას,
ვერ დაგიგულებ აირწინაღად.
აუ, რამდენი ღმერთით ვარ უკან,
აუ, რამდენი ღამით წინა ვარ...
სტრიქონში გმირის ხმა განგაშის ღია ზონიდან ისმის. თუ წინა სტროფი ჩუმი აღსარება იყო, აქ ხმაც და სივრცეც სუნთქვის შეზღუდვითა და ლამის პულსის გამოტოვებით იმუქრება. აქცენტირებულია ურბანული საფრთხე, ამასთანავე, სულიერი დეზორიენტაციაც საგრძნობია და ორჯერ გამეორებული ემოციური შორისდებული − „აუ“, უფრო ძაბავს გარემოს. სტროფის გულისცემა სათაურს კიდევ მეტად ეთანადება. ხშირი მძიმეები თითქოს ტექსტსაც ამძიმებს და ასევე ხშირ ინტონაციურ პაუზებს წარმოქმნის, ისეთს, ლექსის წაკითხვა რომ ჭირს და სათქმელიც ოდნავ უნდა შერბილდეს და ინტონაციაც უნდა მოეშვას. საგულისხმოა, რომ გმირის საფრთხე უკვე მხოლოდ მისი შინიდან არ იფრქვევა, განგაშის ექო ქალაქის სხვა უბნებიდანაც ისმის.
შემდეგი სტროფი „ვერ დაგიგულებ აირწინაღად“ − უზუსტესი და თან დროს მორგებული მეტაფორაა (აიწინაღიც ხომ დაცვისა და მისი ზუსტად მორგების წესს უკავშირდება). სუბიექტური პირის გაგება აქ იცვლება, „მე“ − ნაცვალსახელიდან მიმოქცევაში შემოდის „შენ“, რომელიც ლირიკული გმირის გადამრჩენი ხდება და ამ გადარჩენის სიმბოლოც აირწინაღია. ამ სტრიქონში ძლიერი პოეტური ძაბვაა, რადგან გმირის გადარჩენის ბედი ამ ყოვლად არაპოეტურ აირწინაღზეა − დამოკიდებული. თუმცა, გადარჩება კი გმირი საბოლოოდ? ან იპოვის გადამრჩენს? ამ ორ, თითქმის იდენტურ შეკითხვაზე სტრიქონებიდან მკაფიო პასუხი არ ისმის. მომდევნო სტრიქონი „აუ, რამდენი ღმერთით ვარ უკან“ − ლექსის უღელტეხილია, სულის ტორტმანის გრაფიკული პარაბოლაა. ლირიკული გმირი სტრიქონიდან თამამი ამოძახილითა და ასევე მოქნეული სიტყვებით რისკზე მიდის და არც თუ ისე ურიგოდ.
სტიქიურად გაჩენილი დანანების შორისდებული „აუ“, − სტილისტური ხელწერაცაა, რომელიც სპონტანურად შემოდის და ემოციურადაც ავსებს ფრაზის ყველა მიმოსახრელს და გაკვირვების გარდა, იგი ნაკლებად დასაჯერებელი და გაურკვეველი დანაშაულის გრძნობის ამშლელიცაა ამ მიტოვებული „რამდენიმე“ ღმერთის გამო, რადგან იგი ჩამორჩა ლირიკულ გმირს სულიერი სიმაღლის დაძლევის გზაზე. ამ სტრიქონის დეფინიცია იმდენად გულახდილია, რომ ბოლომდე თითქმის გაუშიფრავიც რჩება.
ლექსის მოულოდნელი შეძახილიც − „აუ, რამდენი ღამით წინა ვარ“, წინა სტრიქონთან ძლიერ კონსტრუქციას ქმნის და ორი სტრიქონის შემაკავშირებელი შორისდებული − „აუ“, აქ დანანების არა, უფრო, გაკვირვების გამომხატველია. ეს სტრიქონი უძილობის, გადაღლის, დროის დეკონსტრუქციისა და გამოცდილებით ნაადრევი დაბერების უსაშველო სევდას წინასწარმეტყველებს. „ღამით წინა ვარ“- სრულიად ახალგაზრდა ფიქრია პოეზიაში, როცა ჩართულია ეგზისტენციალური დრო და გმირის ეს უასაკოდ დაბრძენება და მის მიერ დროში განფენილობა თუ დროის ფლობა, მხოლოდ მოწიწებას იწვევს.
სტროფს ასრულებს სამი წერტილი, რომელსაც ლექსში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, იგი გმირის სულიერ გახსნილობასა და ასევე, დაუმთავრებელი სათქმელის მოტივს აგენერირებს. ასევე სახეობრივი აზროვნების საინტერესო პარალელია ღმერთი − ღამე, რომელიც ემოციურ ესკალაციას ახდენს წინა სტროფებთან.
მეოთხე სტროფში სრულიად ახალი და განსხვავებული ტკივილებია წამოშლილი:
ვინ შემიცვალა ნაცნობი ზღვები,
ანდა, ეს ნავი ვინ ანანავა?
ძაღლების დაღრღნილ ძვლებითღა ვძღები,
განგაში − ჩემი იავნანაა.
სტროფის ტონალობა თითქმის აპოკალიფსურია: ლირიკულმა გმირმა საკუთარი თავი დაკარგა, არეული აქვს ქცევის დავთარიც, იგი ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა, მაგრამ ეს თითქოს არ აღელვებს და ლამის შეგუებულიცაა. ბოლო სტრიქონი ლექსის გასაღებია, რომელიც იხსნება საძიებო სიტყვებით, ლირიკული გმირი ეძებს ნაცნობ ზღვებს, ანუ მისი სულიერი სტაბილურობის დამრღვევ ადამიანებს. ჩნდება განცდა, რომ გმირის დაუკითხავად შეცვალეს მისი სამყარო: „ვინ შემიცვალა ნაცნობი ზღვები“- სტროფში ლექსის გმირს სინამდვილე ხელიდან დაუსხლტა. ამიტომ საშველად მოხმობილია მთლიანად ალიტერირებული სტრიქონი: „ანდა, ეს ნავი ვინ ანანავა“. ლექსში „ნარ“ და „ვინ“ ბგერების შეხვედრა იავნანასთან საამო სიახლოვეს აძლიერებს და ამ კავშირს აფაქიზებს ზმნა − „ანანავა“, რომელიც ნაზად რწევასთან ასოცირდება და ორგვარი აზრიც იკითხება: იგი შეიძლება გმირისთვის გადამრჩენელიც აღმოჩნდეს და დამღუპველიც. ნავის სემანტიკა მშვიდი მოგზაურობის გარანტიცაა და მას მოაქვს გადარჩენის იმედიც. მისი ასეთი სემატიკური გააზრება ბიბლიურ − მითოლოგიურ ასპექტშიც რეზონანსულია. საერთოდ, სტრიქონი ძლიერი მუხტის მქონეა, მას მეტი სიმშვიდე მოაქვს, ვიდრე განგაში, და ასევე სათაურის ექოებსაც კარგად გვასმენინებს.
მომდევნო სტრიქონი „ძაღლების დაღრღნილ ძვლებითღა ვძღები“, წინა სტრიქონში ძლივს მიღწეულ სიმშვიდეს სპონტანურად არღვევს და უარყოფითი აზრის მაცნეა. გმირი კვლავ ფიზიკური და სულიერი დეგრადაციის პიკზეა. ამ აფექტური აზრის ეფექტი ისაა, რომ უკიდურესი სულიერი ტრავმაა გადმოცემული. თუმცა, ეს მკვეთრი ვიზიონები ზედმეტ ნატურალიზმში არ გადადის, მაგრამ ზუსტად მის ზღვარზეა! აქ სიტყვები ქმნიან ხმისმიერ უხეშ ალიტერაციას, ამასთანავე, „ზილ“ და „ღან“ თანხმოვნების გამეორებაც დაძაბულობას ერთგვარად აძლიერებს.
ამ მონაკვეთში „იავნანას“ ჰანგსა თუ მოტივზე ფიქრიც არ ძალუძს ადამიანს, რომ შემდეგი სტრიქონი არ გვაფხიზლებდეს − „განგაში ჩემი იავნანაა“. ლოგიკის ურთულესი ფენომენი გვევლინება აქ, რომელსაც ბურანიდან გამოჰყავს მკითხველიც და ამ სტრიქონთა რხევებს ოდნავ ჩათვლემილი მისი ანგელოზებიც ვერ უძლებენ! აქ ბედნიერმა სიჩუმემ უნდა დაისადგუროს, უნდა გავკვირდეთ მისი რძეში ამოვლებული სიზმრების გამოც. ესაა პოეტის ცხოვრების დიაგნოზიც: იგი იბადება მზისგამძლე შუბლით და მხოლოდ სიტყვების ზღვა კი არა, რეალური ზღვაც საწოლის ქვეშ აქვს ამოდებული, ესაა ემოციების ზღვა და ამიტომაც ვერ იძინებს, სხვა ქვეყნების ზღვის სანაპირო ზოლის მცველია და ლექსის სათაურსაც საზღვარივით ჩაკეტავს, რომ მშვიდად გამოიძინონ სამშობლოს ადამიანებმა.
ლაშა ბაბილუას ამ ლექსის სათაურიც ჩაკეტილია და პარადოქსიც ესაა: მისი სტატიკური სიმშვიდე მოჩვენებითია და ეს უფრო აძლიერებს იმ ტრაგიზმს, რომელიც ამ ჩაკეტილ ველში უნდა განვითარდეს. მხოლოდ იავნანა კი არაა საგანგაშო, არამედ ის, რომ არსებული საფრთხე ყოველდღიური გახდა. ამას ვერ ეჩვევა გმირი და ეს კატორღული ერთფეროვნება მისი სულის მაღალ სანაპიროებს ნორმად ვერასდროს ექცევა. ვფიქრობთ, ლექსის კონცეპტი გახსნილია და მთავარი გმირიც აუცილებლად გადარჩება.
ლექსის სათაური გამაფრთხილებელი ხმოვანი ობერტონია და გაუთიშავად გამოისმის SOS და ეს სიგნალი სტრიქონის თითოეული სიტყვის ესკალაციას ახდენს. ლექსში არ ნელდება თავსდატეხილი კონცეპტუალური წკიპურტები და ფინალში სათაურის ძალა ლექსს იავნანას სარწეველაზე აქანავებს და შესაქმესდროინდელი ლოცვის სიტყვებით ბუტბუტს მოანდომებს მკითხველს. მაგრამ საკვლევი ლექსის ცა ისეთი მოულოდნელი და რესპექტაბელური მეტაფორებით არის გადაჩახჩახებული, რომ უნებლიედ, ლოცვის უნარიც ერთმევა. ურბანული აპოკალიფსის დინამიკური და ინტიმური ტრაგიზმი, თავისი ოდნავი შეღავათებითა და სულის მოთქმებით, მეტამორფოზებითა და პარადიგმებით მოდუნების საშუალებას არ აძლევს მკითხველს.
მეხუთე სტროფი წრებრუნვის ასოციაციას ქმნის:
საუკუნოა ცისფერი სევდა:
აღარასოდეს შემოვა მზე შინ!
თავადვე მივალ, ამაღამ, რძეში
ამოვლებული სიზმრებით მზესთან.
სტროფი მთლიანად კოდირებულია − თითქოს ლექსი საკუთარ თავს უბრუნდება. ლირიკული გმირის ხმა აქ შედარებით მშვიდია, მაგრამ სწორედ ეს სიმშვიდე აძლიერებს ტრაგიზმს. იავნანას ტონალობა სრული ძალით იგრძნობა. ძირითადი სიტყვები „მზე“, „რძე“ და „სიზმრები“ კვლავ აქცენტირდება და ლექსი პირველი სტროფის სიმბოლოებთან ბრუნდება. ტექსტის ტონალობაც რომელიღაც რიტუალური როკვის ტემბრს იძენს და თანდათან მოჩვენებით სიმშვიდეში იძირება. სტრიქონში „საუკუნოა ცისფერი სევდა“ − დროში გაწელილი ეს „საუკუნო“ სევდა, კლასიკურად კვლავ ცისფერია და გალაკტიონის სტრიქონების ქროლვით გამოწვეულ „ცისფერ ლანდებთან“ წამიერად, მაგრამ მაინც მიაახლოებს და „მიაქსოვს“ კიდევაც მკითხველს. ამასთანავე, კვლავ კლასიკური გახსნაა ლექსის ლირიკული შენაკადისა. სტრიქონის ბოლოს დასმული ორწერტილი კი ართქმულის ამოსათქმელად ამზადებს გმირს და პუნქტუაციური შეკავებაც აშკარად სულის მოსათქმელი ჟესტია. ლექსის ტონალობა აქ უკვე კარგავს ნერვიულ სიმძაფრეს და განაჩენის მოლოდინი უფრო მძაფრდება.
სტრიქონი „აღარასოდეს შემოვა მზე შინ“ ერთგვარად ამყარებს პირველი სტროფის მესამე ფრაზას. სიტყვიერად ფორმდება გარდუვალობა, რომ „მზე არასდროს შემოვა შინ“ და ძახილის ნიშნის დასმაც, საბოლოო და ურყევი განაცხადია.
სტრიქონი „თავადვე მივალ, ამაღამ, რძეში“ ერთგვარი შემობრუნება და მზის მხარეს დგომაა და მოულოდნელობის ეფექტსაც ქმნის. თუ ადრე სტროფებში გმირი „აწვდიდა სიზმრებს, ახლა თვითონ მიდის“ − ეს შეგნებული გადასვლაა ერთი პოზიციიდან მეორეში და ერთგვარი შეგუებაა გონისმიერ ქმედებასთან, რომელიც ლირიკული გმირის პროტესტს არ იწვევს. დროის ზმნიზედა „ამაღამ“ მკითხველს აწმყოში აბრუნებს და უფრო სიბნელის აქტივაციას ემსახურება და ეს, რაღაც დოზით, დრამატული ტრაექტორიის მონახაზია.
სტრიქონი „ამოვლებული სიზმრებით მზესთან“ სარკისებური გამოძახილია პირველი სტროფისა. წრიული მოძრაობაა გმირის პოზიციისა, სადაც „სიზმარი“ კვლავ ცენტრალური სიტყვაა, ხოლო სწრაფვა მზისკენ მიზანია. ზუსტად ეს არის გმირის „სიტყვის გატეხა“ − მაგრამ დადებითისკენ შემოსაბრუნებლად. ლირიკულ გმირს ნათქვამი აქვს ერთხელ, რომ „მზე არასოდეს შემოვა შინ“, მაგრამ სინამდვილეში იცის, ასეთი რამ არ უნდა მოხდეს და ლექსში ეს ნათქვამიც უნდა გადაითქვას! იქმნება ერთგვარი პარადოქსი და ხდება ლექსის მთავარი მოტივების დაბრუნება: მზე-რძე-სიზმრები. სრულიად ტრანსფორმირდება ლირიკული გმირი (მიმწოდებლიდან მიმავალამდე). ლექსის კომპოზიცია წრიულად ვითარდება, კვანძიც იკვრება და ხდება სათქმელების შინაგანი თანხვედრა სათაურის სემანტიკასთან. წინა სტროფების ფორმით მშვენიერი მეტაფორა „მზეში ამოვლებული სიზმრები“, აქაც გვხვდება, მაგრამ აქ სტროფს მუსიკალურობასაც ანიჭებს და იავნანისკენ მიჰყავს ლექსის მგრძნობიერი „მოყურიადენი“. ეს „მზეში ამოვლებული სიზმარი“ ლირიკული გმირის გამონაგონია, რადგან მზესთან ყოფნა-დგომა გადარჩენის ფორმაა, ეგზისტენციალური გადაღლის გამო ქალაქში მისი არსებობის ერთადერთი გამართლებაა, იმ იავნანის მოთხოვნილებაა, რომელიც იხსნის მას განგაშისაგან, რომელიც ლამის ნორმალურ მოცემულობად ექცა გმირს.
ლექსი ორსტრიქონედით მთავრდება:
სადაც მტვრიანი ღრუბლები სხედან,
მერე ყველაფერს გაიგებს დედა.
ეს სტრიქონი ზუსტი პოეტური ინტუიციის გამჟღავნებაცაა. როცა იგი აპოკალიფსური სივრცეებიდან კვლავ ადამიანურ ტკივილში ბრუნდება და ლექსის სიუჟეტური რკალი „დედის მოტივით“ მთავრდება. ამასთანავე, იმედიც ისახება, რომ იავნანას დაიწყებს დედა, მის ჰანგებში გაბანგავს შვილს და განგაშიც მიყუჩდება. გმირი საკუთარ თავს უბრუნდება, რაც მისი სულიერი ნგრევის დასასრულიცაა. ათმარცვლედებით ნაქანდაკევი ეს სტრიქონები გადარჩენისა და ამ სამზეოსთან შერიგების მაუწყებელია.
სიურრეალისტური სტროფი „სადაც მტვრიანი ღრუბლები სხედან“ დაბინძურებულ სივრცეზე მიუთითებს (პირდაპირ მტვრიანი), სადაც სუნთქვაც ჭირს და „ღრუბლებიც სხედან“ და არ მოძრაობენ. ეს გაჩერებული დროის პარადიგმაა, „დროსაც უჭირს“ მოძრაობა და ამ სიბნელეში „გზის გაგნება.“ ღრუბლები გეოგრაფიულად ცაზე მოძრაობენ და ლექსში თავისთავად იგულისხმება ვერტიკალური სივრცე − ცა. შეიძლება აქვე შევნიშნოთ, რომ „მტვრიანი ღრუბლები“ შეიძლება განსაზღვრავდეს კიდეც ლექსის ამ მონაკვეთის სათქმელს, მაგრამ ეს მეტაფორა ახალი და ორიგინალური არ არის.
მომდევნო სტრიქონი ასეთია: „მერე ყველაფერს გაიგებს დედა“. ეს ტაეპიც არ გამოირჩევა სემანტიკური მოულოდნელობით, მაგრამ წინა სტროფებიდან დედის მოტივს დააბრუნებს. დროის ზმნიზედა „მერე“ აღნიშნავს წარსულ დროში გადატანილ ამბავს, ზოგადად, ეს ნათქვამი შეიძლება კარგის აღმნიშვნელიც იყოს, მაგრამ ლექსის ქსოვილიდან მძიმე თავგადასავალი ამოილანდება. აქ აქცენტირებულია გადატანილი ცხოვრების სიმძიმე. ნაცვალსახელი „ყველაფერს“ მიცემით ბრუნვაშია, რომელიც მიუთითებს, რომ დედა გაიგებს ყველა ამბავს, რაც გმირს გადახდა, თან უკლებლივ! ამ ფრაზას მშვიდი ტაატით ფინალისკენ მიჰყავს ლექსი. დედისკენ ანუ სახლისკენ მიიდრიკება უძღები შვილის სული, დედასთან დაბრუნებული კი მას მოუყვება (და დედაც გაიგებს!) სიმართლეს, ეს გარდაუვალი ამბავია. მთავარი კი ის არის, რომ ეს გამხელა დაგვიანებული სულაც არაა. „მართლის თქმის“ ეს ფსიქოლოგიური ხაზი, დედაშვილობის გადამრჩენელიცაა და რა თქმა უნდა, ლირიკული გმირის საკუთარ თავთან დაბრუნების მაცნეც.
ლექსის დასრულებული პოეტური რუკაც ასეთია: თუ დასაწყისში რიტუალი და სიზმრები გამოიკვეთა, ხოლო შუა ნაწილში პიროვნების მსხვრევისა და ეგზისტენციალური დაშლის ვიზუალური სურათები წარმოჩნდა, ფინალში ლირიკული გმირი დედის წიაღში ბრუნდება, სადაც მის საგანგაშოდ დაღლილსა და დასუსტებულ სულს, განგაშისგან კვლავ იხსნის იავნანა.
ლექსის ლირიკული გმირიც (ლაოკოონივით) არსად ყვირის, გაუსაძლისი სულიერი ტკივილების დათმენის გზით, საკუთარი ხმითა და მეტაფორული აზროვნებით, სიმბოლოებითა და დასამახსოვრებელი სტრიქონებით საკუთარ სივრცეს მონიშნავს და არც სათაურის სემანტიკის ახსნა რთულდება. ეს კი ლექსის სავსეობის ნიშანია და სულაც არაა აუცილებელი, ლექსის ნარატივის სიმწიფე გმირის ასაკს შეესაბამოს. ამ ლექსის ბიოგრაფია ასეთია: ლექსის ასაკი ბევრად წინ უსწრებს გმირის ასაკს.
მდიდარია ამ ხუთსტროფიანი ლექსის რითმის სამყაროც. ათმარცვლედის სტრუქტურაში მარცვალთა ასეთი ტრიალი ლექსის რიტმის განმსაზღვრელია. „იავნანას“ სინაზე და „განგაშის“ დაძაბულობა ლექსის რიტმს ცვლის და შესაბამისად, თავისუფალ-ლირიკული სტრიქონები ხან მშვიდია და ხანაც დაძაბული.
ტექსტი პოეტურად სუნთქავს და ამას ემოციური ნაკადებიც განსაზღვრავს. ამდენად, შინაგანი ტემპიც განსხვავებულია. სტრიქონები, რომლებიც თემატურად მეორდებიან „მზე“, „რძე“ და „სიზმრები“ არ იწვევს გაუცხოებას. ხმოვნების მოძრაობის სიგრძე-სიმოკლეს სუნთქვის ინტერვალებით მიჰყვება მკითხველი და ეს ლირიკული გმირის განცდებთან თანამეგობრობას განაპირობებს. ესაა ლექსის პოლიტიკაც, რომელიც თავისი სათქმელის გარდა, უთქმელი ემოციებითა და სასვენი ნიშნებით, დეფისებით, ორწერტილებით თუ პაუზებით (რომელიც ხან აჩქარებს და ხანაც ანელებს რიტმს) ეხმარება ლექსის მთლიანი სტრუქტურისა და სათქმელის მკითხველამდე მიტანას. ერთ სტრიქონში სამი მძიმეს არსებობა ინტონაციურ პაუზას ამკვეთრებს და მისი წარმოთქმისას, სუნთქვის უკმარისობა იგრძნობა. „თუ, ეს ქალაქი, შემიკრავს სუნთქვას“.
ამ სუნთქვის გახსნა იავნანასთან ასოცირდება, რომელიც მელოდიური საძილე სიმღერაა. „იავნანა“ პოეტიკაში ზოგჯერ მოჩვენებითი დამშვიდების სიმბოლოდაც მიიჩნევა, მაგრამ სინამდვილეში, სიყვარულის, დაცვისა და კეთილი სურვილების გადაცემის ძალა აქვს.
ლექსში სემანტიკური ერთეული „იავნანა“ პარადოქსს ქმნის სიტყვა „განგაშთან“ შეწყვილებით, თუმცა ამ იდეალური სათაურის პოეტური ძალა ლირიკულ გმირს სიცოცხლისკენ შემო-აბრუნებს, რომ „განგაშის იავნანა“, ტიციანურად, არ იქცეს „თვითმკვლელობის იავნანურად“.
P.S.: თუმცა, კრებული „განგაშის იავნანა“ − სალომე ზენაიშვილის ხსოვნას ეძღვნება. იქნებ ახალგაზრდა ქალის სიკვდილთან გამოსარჩლება აქცევს ამ ლექსსაც (და კრებულსაც!) ასეთ მხატვრულ ტკივილად. იქნებ იმ წუთების სუსხში, ნაცნობმა ქუჩებმა ახალი აბზაცები მოსთხოვეს მას და ეს აბზაცებიც, პოეტმა საკუთარი დაკბენილი იდაყვებით დაწერილ განგაშად აქცია, რომ ეს ლექსი, მხოლოდ ერთი ლექსი, მაშველი სიტყვების ეს ტყე, საშველად და გადასარჩენად გადაეგდო ადამიანეთისთვის.