30 აპრ 2026
უზარმაზარი სავაჭრო ცენტრი „ოლიმპია“ - როგორც კოსმიური სკა- მირიადი პავილიონით ზუზუნებს. ,,თუ პოეზია გაქრება, შეიძლება ეს ხილული სამყაროც გაქრეს?!“ − ასეთი ფილოსოფიური სლოგანით გვხვდება შესასვლელთან ერთ-ერთი მონაწილე. უხმოდ ვეთანხმებით, დიახ, სამწუხაროდ, თუ სამყაროში პოეზიის ადგილი არ რჩება, ის ვერც გადარჩება.
წიგნებთან დაკავშირებით არ მომწონს სიტყვა „ბაზრობა“, შეიძლება იმიტომაც, რომ ამ სიტყვის კონოტაციური ველი ფართოვდება და მეგობარი პოეტის, ნარგიზ თავაძის ერთი ტკივილიანი ლექსი ცოცხლდება, რომელშიც აღწერილია, თუ პაპანაქება სიცხეში, როცა ლექსის ლირიკულ გმირს ყელში უჭერს სიცხე, შიმშილი, უსასოება, მკლავები კი ტვირთის ტარებით დაგრძელებია, როგორ ყიდის ბაზარში საკუთარი ლექსების წიგნებს. აქ, ლონდონში, ბაზრობაზე წიგნები არ იყიდება, მხოლოდ იდეები ფასობს, მთარგმნელები სიახლეებს ეცნობიან, ლიტერატურული აგენტები მუშაობენ, გამომცემლობები წარადგენენ და მკითხველებიც ცდილობენ სასურველი წიგნი გამოარჩიონ ამ ზღვა წიგნების ნაკადში.
10 მარტი, 2026 წელი
დღეს ლონდონის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე მწერალთა სახლმა გახსნა ღონისძიება − Georgian Portraits − Realities in Translation, რომელიც თანამედროვე ქართველი მწერლების ახალ მოთხრობათა კრებულს ეძღვნება. ახლახან კანადაში გამოვიდა ქართული პროზის ანთოლოგია თანამედროვე 15 ავტორით (გამომცემელი: რობერტ მორგანი). დღეს ლონდონის წიგნის ფესტივალზე ლიტერატურული თარგმანების სექციაში გამომცემელთან ერთად წარდგენა გაიმართა. ამ ანთოლოგიაში ჩემი ერთ-ერთი ნაწარმოებიცაა შესული. მას „თევზის საჭერი ოთხკუთხა ბადე“ – „სახვეპელი“ ჰქვია. ასეთი ბადის ტარი თხილის ხისგან მზადდებოდა და მდინარეში სათევზაოდ გამოიყენებოდა. ჩემს ბავშვობაში ამ ბადით ძირითადად მამაკაცები თევზაობდნენ, ნაწარმოებში კი ბადე დედას უჭირავს, რომელსაც კაბის კალთებზე შვილები ვებღაუჭებით. ის ცდილობს მდინარეში თევზი დაიჭიროს. დედა დიდ წითელწინწკლებიან კალმახს ამოზიდავს ბადით, რომელიც იშვიათობას წარმოადგენდა, თუმც მისი დაჭერა მარტივი თევზსაჭერი იარაღით აკრძალული არ იყო. საღამოს კი ის თავისი ფეხით წავა საავადმყოფოში და იმშობიარებს ჩემს დაზე, რომელიც ისეთი მოძრავი იქნება, რომ მოიზრდება გოგონების ფეხბურთში საუკეთესო თავდამსხმელად ითამაშებს (ოღონდ ეს ჯერჯერობით არ ჩანს ტექსტში). ერთი შეხედვით ამ ნაწარმოებს გენდერულ-ფემინური რაკურსი აქვს, სინამდვილეში − ბადე, თევზი, ეს ქრისტიანული სიმბოლოებია, ხოლო დედა არქეტიპული სახეა ქალური გამძლეობის, თავდადების. როგორც არაერთხელ აღინიშნა, ჩემი ნაწარმოებები დეტალიზებულია, იქ უამრავი წვრილმანი, ყოფითი ამბავია თავმოყრილი, მაგრამ ერთი შეხედვით არცთუ სასიამოვნო წვრილმანებს იქით ჩანს, თუ რა მშვენიერია სამყარო და რა ტკივილის მომგვრელია ის აზრი, რომ ეს ყველაფერი ერთ დღეს გაქრება. ჩემთვის, როგორც ავტორისთვის ძალიან ნიშნეულია პოეტ გოჩა სხილაძის შეფასება: „ის არ არის ჩვეულებრივი გაგებით მწერალი, დავიწყებული სამყაროს რესტავრატორია“. ეს გასაღები ყველაზე უკეთ ერგება ჩემს შემოქმედებას. ოღონდ ყველაფერი, რასაც გარდასულ დროზე ვწერ, ჩემთვის და ჩემი მკითხველისთვის მომავლის გზამკვლევია.
ამ წარდგენაზე კოლეგების მსგავსად ვეცადე ჩემი მწერლური ხმა ქვეყნის შინაგან ხმას დამთხვეოდა, თუმცა საცდელი არაფერი იყო, ეს ისედაც ასეა. უბრალოდ გაგვიმართლა, რომ (ბაჩო კვირტიას, ნინო გუგეშაშვილს, გელა ჩქვანავას და მე) გვყავდნენ გამორჩეული მოდერატორები − შორენა შავერდაშვილი და ქეთი ჯიშიაშვილი, რამაც განსაზღვრა კიდეც ამ პანელზე წარმატებული მუშაობა.
„ბიგ ბენი“, გაბრიაძის კოშკი და ქუთაისის საათი
ლონდონის ღირსშესანიშნაობათაგან ელისაბედის კოშკი − „ბიგ ბენი“ გამორჩეულია, ის ას მეტრამდე სიმაღლისაა, ვესტმინსტერის სააბატოს ჩრდილოეთითაა. კოშკი ტემზის სანაპიროს შემდეგ მოვინახულეთ. საათის კოშკში დიდი ზარია, ის ყოველ საათში რეკავს და ცდომილება, როგორც თქვეს − კვირაში მხოლოდ რამდენიმე წამია.
ყველა ქალაქს თავისი „ბიგ ბენი“ აქვს. თბილისში გაბრიაძის კოშკთანაც ასევე მოუთმენლად ელიან ტურისტები საათის გასრულებას, რომ ზარის ხმა კოშკში ამოძრავებულმა ფიგურამ აუწყოთ, ეს ალბათ თბილისელ-ქუთაისელი ანგელოზი ერმონიაა, ხელში ჩაქუჩით. ყველას და მათ შორის მეც, როცა იქ ვარ, მგონია, რომ ის ჩაქუჩს დასცხებს ზარს და დარეკავს, მაგრამ ზარი უამისოდ ირეკება, ის კი ზურგს გვაქცევს და მიდის − ჩვენი ერმონია. გულსაწყვეტია, რომ ქუთაისის მოედანზე მდგარი საათი, ჩვენი ძვირფასი საპაემნე ადგილი მოშალეს, ასეთ ნაკეთობას ალბათ ყველა ქვეყანაში გაუფრთხილდებოდნენ.
როცა სამეფო ოჯახი გამოდის
ბუკინგემის სასახლის უკანა მხარეს დიდი ბაღია, ჩვენ წინა მხარეს გავედით, სადაც აღლუმები ტარდება და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სიმბოლური ძეგლი, ბრიტანეთის იმპერიული დიდების მონუმენტი დგას, ეს გრანდიოზული მონუმენტი დედოფალ ვიქტორიას ეძღვნება. მაღალ, თეთრ მარმარილოს მონუმენტზე ოქროსფრად მოელვარე ფიგურაა, რომლის ქვემოთ ალეგორიული ქანდაკებებია განლაგებული.
ამ ადგილას ახლა უამრავი ხალხია შეკრებილი, ძირითადად ტურისტები, საზეიმო მუსიკა უკრავს, როგორც აქ გავიგეთ თებერვალში ეფშტეინის საქმესთან დაკავშირებით პრინც ენდრიუს დროებითი დაკავების, ამ ისტორიული პრეცედენტის შემდეგ, რაც რეპუტაციულად ასე მტკივნეულად შეეხო ბრიტანეთის კონსტიტუციური მონარქიის სახეს − სამეფო ოჯახს, ეს ამ ოჯახის პირველი გამოსვლაა საზოგადოების წინაშე. ეს აღლუმი გარეგნული სახეა, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ერთიანობას უსვამს ხაზს, ისტორიული ტრადიციების შენარჩუნებას და საზოგადოების სხვადასხვა ფენის შეკავშირებას ემსახურება. ეს ყველაფერი ბრიტანეთს რბილი ძალის გამოყენებასა და საერთაშორისო იმიჯის გაძლიერებაში ეხმარება, იზიდავს ტურისტებს. ახლაც ჩემი ყურადღება ახალგაზრდა ტურისტი ქალების ჩხუბმა მიიქცია, პოლონელებს ჰგავდნენ − ერთი შავკოპლებიანი შავი ვუალით, მეორე ხოტორა თავზე ახლად წამოსული თმით. იქვე ველოსიპედები დაეყენებინათ, მწარედ უსისინებდნენ ერთმანეთს, ძალიან აჟიტირებული ჩანდნენ. მათ მალულ ცქერაში ცერემონია დამთავრდა, სამეფო ოჯახმა სასულიერო პირების თანხლებით გაიარეს, მათმა თანმხლებმა ჯენტლმენებმა და კოპწიად, ძველმოდურად ჩაცმულმა ლედებმაც ფილაქანზე წვრილი ქუსლებს კაკუნით დატოვეს სასახლის წინა მოედანი.
12 მარტი
მსგავსად გუშინწინდელი ჩვენი და გუშინდელი − პოეტ ნენე გიორგაძის მიერ კარლო კაჭარავას წიგნის წარდგენისა, დღესაც − ფესტივალის დახურვის დღეს, შორენა შავერდაშვილის გამომცემლობის მიერ გამოცემული მწერალ რუსუდან გორგილაძის წიგნის „დიქტატურის გემო“, გაჭედილ დარბაზში ძალიან ექსპრესიული და ქარიზმატული წარდგენა გაიმართა. რასაც ვაკვირდები, ქართველები მსოფლიოს მარილი არიან და „თუ მარილი განქარდეს, რაღათი დამარილდეს?“
რაზე მწყდება გული?!
რომ არა ძალიან შემჭიდროებული განრიგი და სხვა მიზეზებიც, სიამოვნებით ვნახავდი ბლუმსბერის უბანს, რომელიც ლონდონის კულტურული ელიტის ცენტრი იყო და ალბათ არის კიდეც. მუზეუმი კი აქ არ დგას, რადგან სახლი, სადაც ვირჯინია ვულფი ცხოვრობდა სიძველის გამო დაანგრიეს. ეს სახლი, გარემო ჩანს მის ერთ-ერთ საუკეთესო წიგნში „მისის დოლოვეი“, ხოლო ლონდონის შემდეგ ქალაქგარეთა ცხოვრება წიგნში − „გზა შუქურისკენ“, რომელიც ფაქიზი ლირიზმით გამოირჩევა და მე განსაკუთრებით მომწონს.
საზიარო წმინდანი გვყოლია
როცა ლონდონიდან დაბრუნებული ჩვენი სოფლის მყუდრო ეკლესიაში ზიარების საიდუმლოს დაწყებამდე წმინდანთა ცხოვრებას ვკითხულობდი, აღმოვაჩინე, ინგლისს და საქართველოს საერთო წმინდანი ჰყავს, ეს ქრისტეს სამოცდაათთაგანი − ბრიტანეთში მქადაგებელი არისტობულეა. იცოდით, რომ ინგლისი შროშელ გლეხს საკარმიდამო ნაკვეთში აქვს?! დიდი ბრიტანეთი კი არა, ვარდისფერ -ოქროსფერი მიწა, რომელიც ხარაგაულის სოფელ შროშაში მიწის ქვედა ფენებში მოიპოვება. შროშელებმა იციან − ეს ინგლისი ვარდისფერ-ოქროსფერი მიწაა, რომელიც ღრმადაა მათ საკარმიდამო ნაკვეთებში და პწკრიალებს. მათ მოიპოვებენ, ახმობენ, აშრობენ, ფქვავენ, წვრილბადიან საცერში − მერდინში ატარებენ, ათხევადებენ და იმით თავიანთ დამზადებულ ჭურჭელს ამკობენ, აჭიქურებენ, ამას მოინგლისება ჰქვია. შეიძლება ბრიტანეთ-ინგლისი არც არაფერ შუაშია და უბრალოდ მიგლესვას ნიშნავს, მაგრამ მე მაინც მახარებს ეს აღმოჩენა, რომ მოსაინგლისებლად − ანუ ინგლისის სანახავად ქართველ გლეხს შორს წასვლა არ დასჭირვებია.
კულტურტრეგერობა, როგორც ასეთი
ლონდონთან ორი მსოფლიო დონის მოდერნისტი მწერლის ცხოვრებაა დაკავშირებული, ჯეიმს ჯოისის და ვირჯინია ვულფის. ქუთაისს ჰყავდა კულტურული ელიტა, რომელსაც 1980-იან წლებში ჩვენამდე მოჰქონდათ კონკრეტულად ამ მწერლების, ზოგადად კი დასავლური ლიტერატურის ხიბლი. ეს ძირითადად ახალგაზრდული ლიტერატურული კლუბის შეკრებებზე ხდებოდა. ოთხ ათეულ წელზე მეტია გასული და ახლაც თვალწინ მიდგას ავტოქარხნის კულტურის სახლის ერთ-ერთ რიგით ოთხშაბათობაზე ელიზბარ გოლოძე ხმაში ცრემლიანი ბზარით, როცა ჯოისის „დუბლინელებზე“ საუბრობდა. უმწიფრებს გვხიბლავდა მწერლის ღრმა რწმენა − „დაარღვიეთ, დაარღვიეთ ეს ტაძარი და მე მას სამ დღეში აღვადგენ“, ანუ „თუ დუბლინი განადგურდება, მისი აღდგენა „დუბლინელების“ მეშვეობით იქნება შესაძლებელი“. როგორი შორეული და მიუწვდომელი ჩანდა ის ინტელექტუალური ლაბირინთი, რასაც „ულისე“ წარმოაჩენდა, ენის ეს ჯოისისეული ნგრევა და თავიდან აწყობა. ამაზე მსჯელობდნენ ეს ინტელექტუალები, რომლებიც აჩრდილებივით გაიელვებდნენ ჩვენს შეხვედრებზე და მეხსიერების მყუდრო კუთხეს შეეფარებოდნენ. ელიზბარ გოლოძე, ლერი მურუსიძე, ფიშტერა-ალეკო კვიმსაძე, აქეთ, ჩვენი თაობიდან მერაბ გვაზავა და გია ბერაძე. გია ბერაძემ ჯოისის ადრეული წიგნის: „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ − თარგმნით დაიწყო თავისი მთარგმნელობითი გზა, ნელ-ნელა ლოკალური მიჯნა გადასწია და მიზანმიმართული ძალით − სამეცნიერო ცენზით ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სერიოზული მასშტაბის კულტურტრეგერადაც ჩამოყალიბდა. რაზეც მეტყველებს მისი თითქმის სამ ათეულზე მეტი წლის ნაშრომი − სულ პირველხარისხოვანი ავტორების სამოცდაათზე მეტი სქელტანიანი წიგნი, რასაც თვალის ჩინი და ჯანმრთელობაც შეალია ისე, რომ ჩვენ მკითხველები წიგნთა სიმრავლის გამო გადაფურცვლასაც ვერ ვასწრებდით, აქა იქ თუ შევძლებდით ფეხის აყოლას. მიუხედავად მაღალი მთარგმნელობითი ხარისხისა და პოლიგრაფიული დონისა, ჩემთვის ძვირფასი რჩება მის მიერ ჯოისის, ბეკეტის და სელინჯერის ადრეული თარგმანები, რადგან იმ უბრალო გამოცემებს ჩვენი ახალგაზრდული წლების სუნთქვა მოაქვთ.
ლონდონი კონტრასტების ქალაქია
ქუჩაში თვალს იტაცებს დიდ ყუთებში ჩარგული ფართოდ გაფოთლილი მცენარეები, ამ ფოთლების უცნაური სიმსუყე და ზომები − აქ კლიმატი თამაშობს დიდ როლს, ლონდონში ხომ ხშირად წვიმს, ტენი ჭარბადაა. საუცხოო ძველი და თანამედროვე არქიტექტურის შეხამება, ძალიან მყუდრო შიგა ქუჩები, ულამაზესი, ჩემდა გასაკვირად ნაადრევად, მარტის შუა რიცხვებშიც კი აყვავებული ბაღები. აქ სიმწვანე, გამწვანება მატერიალური კეთილდღეობის ნიშანია, რაც ჩვენ ბუნებრივად გვაქვს. მაგრამ იმდენად უხვად, ფართო ყვავილებით, ყვავილობენ აქაური კამელიები და მაგნოლიები, ერთი სული მაქვს ჩემს დარგულ ვარდებს, ნუშს და გოგრა ბალს დავხედო.