თესალონიკის მე-18 წიგნის საერთაშორისო ბაზრობა ოფიციალურად გაიხსნა. მწერალთა სახლის ორგანიზებით, იუნესკოს პროექტის „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“ და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდითა და ლიტერატურული პროგრამით წელს პირველად იღებს მონაწილეობას.
ბაზრობის ფარგლებში 26-27 ნოემბერს ქართველი მწერლებისა და გამომცემლების მონაწილეობით გაიმართება მწერალთა სახლის მხარდაჭერით გამოცემული წიგნების პრეზენტაციები და სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიება:
• 26 ნოემბერი - ლაშა ბუღაძის რომანის „ლიტერატურული ექსპრესი“ ბერძნულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია, მოდერატორი: ანა რუცი.
• 26 ნოემბერი - ბერძენი გამომცემლებისთვის ქართული ლიტერატურის გაცნობა. მონაწილე: მაია დანელია, მწერალთა სახლის დირექტორის მოადგილე.
• თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტების პრეზენტაცია. მონაწილე: თამარ თოფურიძე, პროექტის კულტურული პროგრამების კოორდინატორი.
• 27 ნოემბერი - პაატა შამუგიას პოეტური კრებულის „შიზოგადოება“ ბერძნულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია, მოდერატორი და მთარგმნელი: ეკატერინე ჯანაშია.
თესალონიკის წიგნის ბაზრობაზე წელს საქართველო 18კვ.მ. სტენდით არის წარმოდგენილი, სადაც გამოფენილია უახლესი ქართული გამოცემები და ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანები. საქართველოს ეროვნულ სტენზე ასევე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის გამოცემებს ელინისტიკის სფეროში.
საქართველოსა და საბერძნეთს მრავალსაუკუნოვანი კულტურული ურთიერთობების ისტორია აკავშირებს. თესალონიკის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და ლიტერატურული პროგრამით წარდგენა ხელს შეუწყობს ბერძნული და ბალკანეთისპირეთის გამომცემლობების დაინტერესებას ქართული ლიტერატურით და მთარგმნელობითი პროცესის გაძლიერებას.