თარიღი : 30.11.2021
მწერალთა სახლის ორგანიზებითა „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში საბერძნეთსა და მექსიკაში საქართველოს საელჩოებთან პარტნიორობით, საქართველო პირველად მონაწილეობდა გვადალახარასა და თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე.
ორივე ბაზრობის ფარგლებში, გაიმართა არაერთი შეხვედრა, დისკუსია ქართველი მწერლების მონაწილეობით და დაიგეგმა სამომავლო პროექტები.
თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე გაიმართა ლაშა ბუღაძის რომან „ლიტერატურული ექსპრესისა“ და პაატა შამუგიას „შიზოგადოების“ ბერძნულენოვანი თარგმანების პრეზენტაცია და შეხვედრა მკითხველთან. შედგა შეხვედრა ბერძენ გამომცემლებთან, რომლებსაც მწერალთა სახლისა და პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ გუნდის წევრებმა თანამედროვე ქართული ლიტერატურა გააცნეს.
ფესტივალის ფარგლებში, გაიმართა ლაშა ბუღაძისა და პაატა შამუგიას შეხვედრა საბერძნეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან. ასევე, მწერალთა სახლმა, თესალონიკის გენერალურ საკონსულოს, საჩუქრად გადასცა ფესტივალის სტენდზე წარმოდგენილი ყველა ქართულენოვანი წიგნი.
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალქისა“ და მწერალთა სახლის წარმომადგენლები, შეხვდნენ საბერძნეთის გამომცემელთა ასაოციაციის, ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და საბერძნეთის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელებს. საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ეგიდით, მომავლი წლის გაზაფხულზე, დაიგეგმა ქართული ლიტერატურის კვირეული და მონაწილეობა ათენის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე. ასევე, საქართველომ მიიღო თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საპატიო ქვეყნის სტატუსით წარდგენის შემოთავაზება.
საქართველოსა და საბერძნეთს მრავალსაუკუნოვანი კულტურული ურთიერთობების ისტორია აკავშირებს. თესალონიკის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და ლიტერატურული პროგრამით წარდგენა ხელს შეუწყობს ბერძნული და ბალკანეთისპირეთის გამომცემლობების დაინტერესებას ქართული ლიტერატურით და მთარგმნელობითი პროცესის გაძლიერებას
გვადალახარას წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, საქართველო ეროვნული სტენდითა და ლიტერატურული პროგრამით იყო წარმოდგენილი, სადაც გაიმართა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა. „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი მონაწილეობდა იუნესკოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, რომელიც წიგნის მსოფლიო დედაქალაქებს შეეხებოდა.
გაიმართა შეხვედრა დათო ტურაშვილის, ანა კორძაია-სამადაშვილისა და არჩილ ქიქოძის მონაწილეობით, რომლებმაც თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე ისაუბრეს. ხოლო ესპანურენოვანი გამომცემლებისთვის ორგანიზებულ შეხვედრაზე, მწერლათა სახლის დირექტორმა ნატა ლომოურმა, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორის მოადგილემ ნინო კიკნაძემ და დათო ტურაშვილმა, მათ თანამედროვე ქართული ლიტერატურა გააცნეს. შეხვედრისას განიხილეს, როგორც მთარგმნელობითი, ისე სარეზიდენციო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა, რაც ქართულ მწერლობას უდიდესი ესპანურენოვანი ბაზრისკენ გაუხსნის გზას.
გვადალახარას წიგნის ბაზრობა მნიშვნელობითა და სიდიდით მსოფლიოში მეორეა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემდეგ. ესპანურენოვან სამყაროში კი ყველაზე ავტორიტეტული ბაზრობაა და მასში მონაწილეობას ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის და ესპანურ ენაზე თარგმანის ხელშეწყობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
თესალონიკისა და გვადალახარას წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე მონაწილეობა ქართული ლიტერატურისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ბერძნულენოვან და ესპანურენოვან საგამომცემლო სფეროში თავის დასამკვიდრებლად.