თარიღი : 22.04.2022
23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა, რამდენიმე წელია სხვადასხვა საჯარო და კერძო ორგანიზაცია ამ დღეს წიგნის ჩუქებით აღნიშნავს. 2022 წელს მწერალთა სახლი წიგნის ჩუქების მასშტაბურ კამპანიას იწყებს.
მთელი წლის განმავლობაში 20-მდე ბიბლიოთეკას, სკოლასა და საგანმანათლებლო ორგანიზაციას საჩუქრად გადაეცემა სხვადასხვა წლებში მწერალთა სახლის მხარდაჭერით თარგმნილ როგორც თანამედროვე ლიტერატურა,ასევე კლასიკური ლიტერატურის ნიმუშები. კამპანიის ფარგლებში პირველი ღონისძიება გაიმართება ერგნეთის აგვისტოს ომის მუზეუმში, სადაც სულ ცოტა ხნის წინ მედიათეკა გაიხსნა. ახლადგახსნილ მედიათეკას მწერალთა სახლი სხვადასხვა გამოცემებს გადასცემს საჩუქრად და გაიმართება შეხვედრა თანამედროვე ავტორებთან.
წიგნის ჩუქების დღეს მწერალთა სახლი კიდევ ერთი, უკვე ტრადიციული აქციით უერთდება. სულ ცოტა ხანში ჩვენს გვერდზე გამოქვეყნდება ფოტოები, რომელთაგან უნდა აარჩიოთ თქვენთვის სასურველი წიგნი და გააზიაროთ ჰეშთეგით #წიგნებიმწერალთასახლიდან და #აჩუქეწიგნი. 23 აპრილს მწერალთა სახლი გამოავლენს საუკეთესო კომენტარების ავტორებს და საჩუქრად გადასცემს მათ მიერ შერჩეულ წიგნს. წიგნების ფოტოები იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/515466275162665/posts/7347738361935388/?d=n
წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს კატალუნიაში ჩაეყარა საფუძველი 1923 წლის 23 აპრილს. ტრადიციის მიხედვით, წმინდა გიორგისა და ვარდების სახალხო დღესასწაულზე კატალონიელები ერთმანეთს ვარდებს ჩუქნიდნენ. წიგნით მოვაჭრეთა გილდიამ გადაწყვიტა, ვარდებთან ერთად თანამოქალაქეებისთვის წიგნებიც ეჩუქებინა. ასევე, 23 აპრილი ორი დიდი ესპანელის, მიგელ დე სერვანტესის და ინკა გარსილასო დე ლა ვეგას გარდაცვალების დღეს უკავშირდებოდა, რასაც დაემატა შექსპირის დაბადების და გარდაცვალების თარიღიც და 1995 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით 23 აპრილი მსოფლიო წიგნის და საავტორო უფლების დაცვის დღედ გამოცხადდა. საქართველოში კი ამ დღეს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით 2003 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.
მწერალთა სახლი მომავალშიც გააგრძელებს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ახალი თარგმანებისა და თანამედროვე ლიტერატურის გადაცემას, განსაკუთრებულად კი საზღვრისპირა რეგიონებსა და მაღალმთიან სოფლებში. ეს იქნება კიდევ ერთი მცდელობა, რომ ამ რეგიონების ახალგაზრდებს ჰქონდეთ მეტი ხელმისაწვდომობა თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებზე.