თარიღი : 29.08.2022
2-18 სექტემბერს მწერალთა სახლისა და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, საქართველო ეროვნული სტენდითა და ლიტერატურული პროგრამით პირველად წარსდგება ათენის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე.
ბაზრობის დამთვალიერებელს პირველად მიეცემა შესაძლებლობა საქართველოს ეროვნულ სტენდზე გაეცნოს ქართული ლიტერატურული ნიმუშების თარგმანებს.
ასევე დაგეგმილია სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობა და საბერძნეთში მწერალთა სახლის მხარდაჭერით გამოცემული წიგნების პრეზენტაციები.
ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ევროპის ლიტერატურული პრემიის ორ ქართველ ლაურეატს: ბექა ადამაშვილსა და ივა ფეზუაშვილს, რომლებიც საკუთარ წიგნებს წარუდგენენ მკითხველს როგორც ბაზრობის ტერიტორიაზე, ასევე ათენის სხვადასხვა ლიტერატურულ სივრცეში.
ათენის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ქართული ლიტერატურული პროგრამის მხარდამჭერია ევროკავშირის ლიტერატურული პრემია (EUPL) და გამომცემლობა ინტელექტი.
5-9 სექტემბერს, ათენის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში დაგეგმილია მთარგმნელობითი სემინარი ქართულიდან ბერძნულად მთარგმნელებისთვის.
ლიტერატურულ-მთარგმნელობით სემინარზე მონაწილებას მიიღებს 6 ქართულიდან ბერძნულ ენაზე მთარგმნელი: ეკატერინე ჯანაშია, ანი უძილაური, მარი სალაღაია, ვერიკო მგელაძე, ზურაბ ვაჩეიშვილი და თამარ ალავერდაშვილი.
სემინარი მოიცავს, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ სამუშაო პროცესს. მონაწილეები ისაუბრებენ იმ აქტუალურ პრობლემებზე, რომლებიც მხატვრული თარგმანის შესრულებისას იჩენს თავს და შესაძლებლობა ექნებათ, ერთობლივად განიხილონ სათარგმნად შერჩეული ტექსტები.
✔ ათენის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
2 სექტემბერი – ათენის წიგნის ბაზრობის ოფიციალური გახსნა, სტენდის პრეზენტაცია;
3 სექტემბერი – ბექა ადამაშვილის რომანის „ამ რომანში ყველა კვდება“ ბერძნულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია (ათენი, ზაპეონი);
4 სექტემბერი – დისკუსია ივა ფეზუაშვილთან, ევროკავშირის 2022 წლის ლიტერატურული პრემიის მფლობელთან (ათენი, ზაპეონი);
4 სექტემბერი – ბექა ადამაშვილისა და ივა ფეზუაშვილის შეხვედრა დიასპორის წარმომადგენლებთან (საქართველოს საელჩო საბერძნეთში);
4 სექტემბერი – ათენის საკვირაო სკოლის ბავშვებისთვის საბავშვო ლიტერატურის გადაცემა;
5-9 სექტემბერი – მთარგმნელობითი სემინარი ქართულიდან ბერძნულად მთარგმნელებისთვის.
ათენის წიგნის ბაზრობაზე წელს საქართველო 18კვ.მ. სტენდით იქნება წარდგენილი, რომელსაც საქართველოს უსასყიდლოდ უთმობს საბერძნეთის გამომცემელთა ასოციაცია მწერალთა სახლთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
სტენდზე გამოფენილი იქნება უახლესი ქართული გამოცემები და ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანები.
გარდა ამისა, სტენდზე წარმოდგენილი იქნება ქართული ლიტერატურის კატალოგები და სხვადასხვა საინფორმაციო ბროშურა საქართველოს შესახებ.