თარიღი : 02.03.2023
მწერალთა სახლში რეპრესირებული მწერლების მუზეუმი გაიხსნა. მუდმივმოქმედ გამოფენასთან ერთად, დამთვალიერებელი მუზეუმში გაეცნობა პაოლო იაშვილის 130 წლისადმი მიძღვნილ დროებით ექსპოზიციას.
მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და დროებითი გამოფენა გვიამბობს ტოტალიტარული სახელმწიფოსა და მწერლების ტრაგიკული დაპირისპირების ამბებს, იმ მეთოდების შესახებ, რომლებსაც სისტემა „მწერლობის მოსათვინიერებლად“ იყენებდა.
მუზეუმის გახსნის ფარგლებში ნაჩვენები იქნა მწერალთა სახლისა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლობით შექმნილი შალვა შენგელისა და მიხეილ ბასილაძის დოკუმენტური ფილმი „მწერალთა რეპრესიები“. ფილმი მოგვითხრობს ოთხი რეპრესირებული მწერლის: ნიკოლო მიწიშვილის, პაოლო იაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილისა და ტიციან ტაბიძის შესახებ.
რეპრესირებული მწერლების მუზეუმი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ავტორსა და მოვლენას დაეთმობა, რაც ხელს შეუწყობს საბჭოთა წარსულის სიღრმისეულ გადააზრებას და მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ამ თემაზე ეროვნული მასშტაბის დისკუსიისთვის.
ექსპოზიციაზე იმუშავეს მაგდა ცოცხალაშვილმა, მარიამ ნატროშვილმა, დეთუ ჯინჭარაძემ, და ნინო ანდრიაშვილმა.
მუზეუმის ფინანსური მხარდამჭერები არიან - „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ამერიკის საელჩო საქართველოში და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის CARDIF-ის ფონდი.
რეპრესირებული მწერლების მუზეუმის ექსპოზიციაში გამოყენებულია გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს ეროვნული არქივის, საქართველოს შსს აკადემიის არქივის, საქართველოს პირველი არხისა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივი არქივის მასალები.