ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე გამომცემლობამ POP VERLAG საკუთარი ავტორები წარადგინა

თარიღი : 27.04.2023

27 აპრილს, ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე, გამომცემლობამ "pop verlag" საკუთარი ავტორები წარადგინა; მათ შორის საბავშვო მწერალი ვასო გულეური, წიგნით „შარლოტა და მისი მეგობრები,“ რომელიც გერმანულად მწერალთა სახლის მთარგმნელობითი პროგრამის ფარგლებში, ირმა შიოლაშვილმა თარგმნა.
ვასო გულეური, გერმანელ და რუმინელ ავტორებთან ერთად, მკითხველების წინაშე წარდგა და ევროინტეგრაციის გზაზე მდგარი ქვეყნისთვის, ლიტერატურის ევროპულ ენებზე თარგმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საგულისხმოა, რომ მწერალი გერმანელ მკითხველს ქართულ ენაზე ესაუბრა (თარჯიმნის მეშვეობით), რადგან სურდა, რომ ლაიფციგში ქართული ენა ხმამაღლა გაჟღერებულიყო.
საქართველო ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე 2012 წლიდან არის წარმოდგენილი. წელს მწერალთა სახლი გერმანულენოვან მკითხველს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს.
27-დან 30 აპრილამდე დაგეგმილ ლიტერატურულ ღონისძიებებში გერმანელ გამომცემლებთან და მოდერატორებთან ერთად მონაწილეობას იღებენ ქართველი მწერლები: ვასო გულეური, სალომე ბენიძე, ირმა შიოლაშვილი და ბელა ჩეკურიშვილი.