მწერალთა სახლმა ლიტერატურული პრემიის „მუზა“ მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა.
საკონკურსო ბიუჯეტი შეადგენს 100 000 ლარს.
კონკურსის მიზნებია: ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა; ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა; ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება; ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ საკონკურსო ნომინაციებში:
ა) წლის საუკეთესო რომანი;
ბ) წლის საუკეთესო პროზაული კრებული;
გ) წლის საუკეთესო პოეტური კრებული;
დ) წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა/ესე;
ე) წლის საუკეთესო დებიუტი (აღმოჩენა);
ვ) წლის საუკეთესო თარგმანი;
ზ) წლის საუკეთესო კრიტიკა/რეცენზია;
თ) წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება;
ი) წიგნის საუკეთესო დიზაინი;
კ) წლის საუკეთესო ინოვაციური ლიტერატურული პროექტი;
ლ) ჯილდო ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
კონკურსი არ ვრცელდება სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურაზე.
კონკურსანტს შეუძლია საკონკურსო განცხადება კონკურსის სხვადასხვა ნომინაციაში მხოლოდ ერთი საკონკურსო განცხადებით წარმოადგინოს. კონკურსის ერთ ნომინაციაში დასაშვებია მხოლოდ ერთი საკონკურსო განცხადების წარმოდგენა.
კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს საკონკურსო კომისია, რომელიც დარგის ხუთი აღიარებული სპეციალისტითაა დაკომპლექტებული. კომისიის შემადგენლობა კონფიდენციალურია კონკურსის შედეგების გამოცხადებამდე.
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრემია. ერთი და იმავე პირის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში, მას პრემია გადაეცემა თითოეული ნომინაციისათვის. გამარჯვებულებს ასევე გადაეცემათ მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის „მუზას“ მიხედვით შექმნილი ქანდაკებები და სიგელები.
საკონკურსო განცხადებები მიიღება ქართულ ენაზე, ნაბეჭდი სახით, მწერალთა სახლში, მისამართზე: ქ. თბილისი, მაჩაბლის ქ. №13 ან ელექტრონულად, მისამართზე: info@writershouse.ge.
გასულ წელს კონკურსში „მუზა“ 130-ზე მეტი მწერალი და მთარგმნელი მონაწილეობდა, ხოლო მისი ბიუჯეტი შეადგენდა 100 000 ლარს. გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრემიები, მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის „მუზას“ მიხედვით შექმნილი ქანდაკებები და სიგელები.
2022 წელს ლიტერატურული პრემია „მუზა“ გადაეცათ:
1. ნოდარ მაჭარაშვილს ნომინაციაში „წლის საუკეთესო რომანი“, რომანისთვის „კვაზიმოდოს ქალაქი“;
2. გიორგი სოსიაშვილს ნომინაციაში „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“, კრებულისთვის „იალები“;
3. ლელა ცუცქირიძეს ნომინაციაში „წლის საუკეთესო პოეტური კრებული“, კრებულისთვის „ეს ამბავი ჩვენზეა";
4. მაკა ჯოხაძეს ნომინაციაში „წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა/ესე”, „ღვთისმშობლის ღიმილი“;
5. ნომინაციაში „წლის საუკეთესო დებიუტი (აღმოჩენა)“ თეა ირემაშვილს, ნაწარმოებისთვის „არჩევანი“ და ასევე, ოთარ მუზაშვილს, ნაწარმოებისთვის „ტაკიმასხარა მეფე“ („მომავლის სოფელი");
6. მაგდა მჭედლიძეს ნომინაციაში „წლის საუკეთესო თარგმანი“, პლატონის „გორგიას“ თარგმნისთვის (აზროვნების აკადემია);
7. ნინო ხოფერიას ნომინაციაში „წლის საუკეთესო კრიტიკა/რეცენზია“ - „პაოლო იაშვილის ლიტერატურული მისტიფიკაცია და მისი შედეგები";
8. გიორგი ჩალაძეს, ნომინაციაში „წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება“, პიესისთვის „ტელემაქეა“;
9. ნინო ჯიშკარიანს ნომინაციაში „წიგნის საუკეთესო დიზაინი“ - „ქართული შრიფტი გრაფიკოს-დიზაინერებისთვის“;
10. გურამ მეგრელიშვილს ნომინაციაში „წლის საუკეთესო ინოვაციური ლიტერატურული პროექტი“, პროექტისთვის „როგორ დავწერო ჩემი პირველი მხატვრული ნაწარმოები“ (აზროვნების აკადემია);
11. ელა გოჩიაშვილს ნომინაციაში „ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილი“.
შეგახსენებთ: 2021 წელს საქართველოს კულტურის სამინისტრომ დააფუძნა სახელმწიფო პრემია - „წლის საუკეთესო“, რასაც დიდი საზოგადოებრივი ინტერესი მოჰყვა და სწორედ ამიტომ, 2022 წელს ზემოხსენებული კონკურსი გახდა უფრო მასშტაბური, გაიზარდა მისი ბიუჯეტი და ნომინაციების რაოდენობა. შედეგად, დაარსდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და მასშტაბური სახელმწიფო პრემია - „მუზა“, რომლის სიმბოლოც მერაბ ბერძენიშვილის ცნობილი ქანდაკება გახდა. დღემდე, კონკურსს სამინისტრო ატარებდა. წელს, მწერალთა სახლი განისაზღვრა პროექტის განმახორციელებლად და მას სამინისტროსგან გადაეცა შესაბამისი ბიუჯეტი.
გაითვალისწინეთ, რომ განაცხადების მიღება დაიწყო დღეს და გაგრძელდება 1 ოქტომბრის 12:00- მდე.
კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ საკონტაქტო პირს :
ანნა ჭინჭარაული +995 599 304004