თარიღი : 01.02.2024
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 20 ფოტოპორტრეტი (ზოგი ჯგუფური ხასიათისა).
ფოტოებზე გამოსახული ადამიანები წარმოაჩენენ მეცხრამეტე საუკუნის აფხაზეთის სახეს. მათ დიდი როლი ითამაშეს ამ მხარის კულტურის განვითარებასა და განათლების გავრცელებაში.
ესენი არიან: აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი მიხეილ შარვაშიძე; ქართველი პოეტი, დრამატურგი, თეატრალური კრიტიკოსი – გიორგი მიხეილის ძე შარვაშიძე; ტფილისის აფხაზი გუბერნატორი – გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძე; სვენციანის მხარის (რუსეთი) თავადაზნაურთა წინამძღოლი და სტავროპოლის მხარის გუბერნატორი – დიმა გიორგის ძე შარვაშიძე; ნიკოლოზ ემუხვარი – ,,ჰაკი აძბას“ პროტოტიპი; ბოდღო ემუხვარი – ,,მთვარის მოტაცების“ პირველი მთარგმნელი რუსულ ენაზე და ბედიის ბარძიმის გადამრჩენი; ილია ჭავჭავაძე სოხუმში, 1903 წელს; სამურზაყანოში სკოლების დამაარსებლები: ეშა ემუხვარი, ნესტორ ქირთბაია, პეტრე ანჩაბაძე; გალაკტიონის მუზა – მერი შარვაშიძე; ქართველი მწერალი, ეთნოგრაფი და ლექსიკოგრაფი თედო სახოკია. ისტორიული ღირებულების ფოტო – აფხაზი თავადიშვილები ტფილისში 1916 წელს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე ხელნაწერი დოკუმენტი, ხოლო ღონისძიების მიმდინარეობისას (პარალელურად) ისაუბრეს იმ გამოჩენილ ადამიანებზე, რომლებმაც, როგორც ავტორებმა, შექმნეს ღირებული ნაწარმოებები ან სამუდამოდ დამკვიდრდნენ ქართულ ლიტერატურაში, როგორც პროტოტიპები. მათ ისტორიებს ასე თუ ისე იცნობს საზოგადოება, მაგრამ ღონისძიების ფარგლებში უფრო დაწვრილებით ისაუბრეს ამ ადამიანების ბიოგრაფიებზე, მათ ღვაწლზე ქართულ ლიტერატურაში.
წყაროებად გამოყენებული იყო: პაატა ქურდოვანიძის, ნატო მარშანიას, გურამ შარაძის, ოთარ ჟორდანიას, ჯემალ გამახარიას, ბეჟან ხორავას, ლია ახალაძის, გიორგი კალანდიას, ხუტა ზანთარაიას ნაშრომები.
ღონისძიების ფარგლებში დარიგდა ფოტობარათები.
ღონისძიებას წარუძღვა მწერალი, პუბლიცისტი, სსუ-ს დოქტორანტი, გიორგი შარვაშიძისა და ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის პრემიების ლაურეატი – ნანა ქარდავა.