თარიღი : 26.08.2024
17 სექტემბერს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება შეხვედრა ცნობილ იტალიელ მწერალ დაჩა მარაინთან. ასევე შედგება მისი წიგნის „წერის სიყვარული“ თარგმანის პრეზენტაცია. საღამოს გაუძღვება მთარგმნელი ნუნუ გელაძე.
საყოველთაოდ აღიარებული იტალიელი პროზაიკოსის, ჟურნალისტის, ესეისტის, პოეტის, სცენარისტის, დრამატურგის, კინოდოკუმენტალისტის, მთარგმნელის, დაჩა მარაინის მრავალრიცხოვანი რომანი, პიესა, ლექსი თუ ესეისტური ნაშრომი მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და 30-ზე მეტი ეროვნული თუ საერთაშორისო პრესტიჟული ლიტერატურული პრემია აქვს მოპოვებული; დაჩა მარაინის მინიჭებული აქვს უცხოეთის თუ ეროვნული უნივერსიტეტების დოქტორის საპატიო წოდება; 2014 წელს იგი წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე.
ქართველი მკითხველი კარგად იცნობს მის რომანებს: „გოგონა და მესიზმრე კაცი“ (მთარგმნელი: ნუნუ გელაძე), „ხმები“ (მთარგმნელი: ნუნუ გელაძე), „ჩემი ქმარი“ (მთარგმნელი: მაია ტურაბელიძე).
დაჩა მარაინი დაიბადა 1936 წელს ფლორენციის ქალაქ ფიეზოლეში. დედა, პროფესიით მხატვარი, არისტოკრატულ გვარს მიეკუთვნებოდა. მამა − ფოსკო მარაინი, ცნობილი მწერალი და ანთროპოლოგი იყო.
დაჩა მარაინის რომანები გასული საუკუნის 60-იან წლებში გამოჩნდა და მალევე მიიპყრო მკითხველისა და კრიტიკოსების ყურადღება. მათი უმრავლესობა თანამედროვე ქალის აუტანელ ყოფას ეხება. თუმცა, იგი არა მხოლოდ კალმით იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ, არამედ სამოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული ჩაბმულია ფემინისტურ მოძრაობაში და აქტიურად იცავს ქალების, ლტოლვილთა თუ უმცირესობათა უფლებებს, ებრძვის რასიზმს და ისლამის დემონიზაციას, აღვირახსნილ ფუფუნებასა და ბავშვთა ჩაგვრას. მწერლის შემოქმედებას განსაკუთრებულ ელფერს სძენს მისი დრამატული ბიოგრაფია. 2023 წელს, ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, დაჩა მარაინი აქვეყნებს იაპონიის საკონცენტრაციო ბანაკში გატარებული წლების მოგონებებს „ცხოვრება ჩემი“.
მწერალი აქტიურად ეწევა ქველმოქმედებას და უანგაროდ ხელმძღვანელობს ლიტერატურული დაოსტატების კურსებსა თუ ლიტერატურულ ფესტივალებს, ბევრს მოგზაურობს და განსაკუთრებული გულისყურით ეკიდება ახალგაზრდებთან შეხვედრას და დიალოგს.
დაჩა მარაინს საქართველოში ბევრი მკითხველი ჰყავს. მწერალი ჩვენს ქვეყანას პირველად ესტუმრება.