თარიღი : 20.09.2024
დრამატურგიის საავტორო ფესტივალი 2024 ფარგლებში, გთავაზობთ მწერალთა სახლის სარეზიდენციო პროგრამით თბილისში მყოფ ფრანგ რეჟისორ და დრამატურგ, ნიკოლას კერცენბაუმთან შეხვედრას.
დრამატურგიის საავტორო ფესტივალი ყოველწლიურია და 2021 წლიდან ტარდება. ფესტივალის მიზანია ქართული სათეატრო რეპერტუარის გამდიდრება, ქართული დრამატურგიის პოპულარიზაცია, ახალი ქართველი და უცხოელი დრამატურგების აღმოჩენა, პიესების თარგმნა და თეატრალური წრეებისთვის შეთავაზება. ამ მიზნით, ფესტივალს ყოველ წელს ჰყავს წლის ავტორი − ერთი უცხოელი დრამატურგი, რომლის პიესებიც ითარგმნება ქართულ ენაზე და ფესტივალის ფარგლებში ტარდება ერთ-ერთი პიესის თეატრალური კითხვა.
როგორც წესი, ფესტივალის მხარდამჭერი თეატრი/რეჟისორი დგამს ერთ-ერთ პიესას. 2021 წლის ავტორი იყო ფრანგი დრამატურგი ბერნარ-მარი კოლტესი, რომლის ხუთი პიესაც ითარგმნა; მხარდამჭერი თეატრის − სამეფო უბნის თეატრის მიერ განხორციელდა კოლტესის პიესის „ბამბის ველების სიმარტოვეში“ თეატრალური კითხვა, ხოლო 2024 წლის სექტემბერში თუმანიშვილის თეატრში რეჟისორი გეგა გაგნიძე წარადგენს კოლტესის პიესის დადგმას „რობერტო ზუკო“.
2022 წლის ავტორი იყო ფრანგი დრამატურგი იასმინა რეზა, რომლის სამი პიესა ითარგმნა, ერთ-ერთის („არტი“), თეატრალური კითხვა გაიმართა მხარდამჭერ თეატრში „ჰარაკი“, ხოლო მისი მეორე პიესა − „ცხოვრების სამი სახე“, ამავე თეატრში დადგა რეჟისორმა სანდრო კალანდაძემ.
2023 წელი მიეძღვნა დამოუკიდებელი საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში შექმნილ დრამატურგიასა და ქართველ დრამატურგებს.
როგორც მოგახსენეთ, 2024 წლის ავტორია ფრანგი დრამატურგი და რეჟისორი ნიკოლას კერცენბაუმი. მისი საქართველოში ჩამოსვლა უკავშირდება დრამატურგის სურვილს, დაწეროს პიესა აფხაზეთზე. ამ მიზნით ნიკოლას კერცენბაუმი ხვდება დევნილებს, აფხაზეთის წარმომადგენლებს − მწერლებს, ექსპერტებს, ანალიტიკოსებს. მწერალთა სახლი ეხმარება მას ამ მიზნის განხორციელებაში.
2024 წლის 22 სექტემბერს 16:00 სთ-დან მწერალთა სახლში გაიმართება ორი ღონისძიება: ნიკოლას კერცენბაუმის პიესის "უცნობი ლამაზმანი" თეატრალური წაკითხვა და ნიკოლას კერცენბაუმის შეხვედრა შემოქმედებით საზოგადოებასთან, სადაც ავტორი ისაუბრებს თავის დრამატურგიულ და სარეჟისორო გამოცდილებაზე, საქართველოში გატარებული დღეების შთაბეჭდილებებზე, აფხაზეთიდან დევნილებისგან მოსმენილ ამბებსა და მის მიერ შეგროვებულ მასალებზე.