თარიღი : 07.10.2024
6-8 ოქტომბერს სერბეთის ქალაქ მრჩაევცში გამართულ პოეზიის საერთაშორისო ღონისძიებაზე International Poetry Event მწერალთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ნინია სადღობელაშვილს ჯილდო პირადად გადასცეს. მისი ლექსები ითარგმნა სერბულ ენაზე და მოეწყო შეხვედრა მკითხველთან. აღსანიშნავია, რომ პრემია „მორავა“ ერთადერთი საერთაშორისო ჯილდოა, რომელსაც სერბეთის მწერალთა ასოციაცია 24 წელია გასცემს.
8 ოქტომბერს ქალაქ პანჩევოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება გამარჯვებული ავტორების შემოქმედებითი საღამო, რომლის დროსაც ქართველი პოეტი შეხვდება მკითხველს და გააცნობს საკუთარ პოეზიას.
ქართულ-სერბული ლიტერატურული ურთიერთობები 2024 წლის თებერვალში ახალ ეტაპზე გადავიდა: მწერალთა სახლსა და სერბეთის მწერალთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა ორი ქვეყნის მწერლებს შორის თანამშრომლობა, ახალი ნაწარმოებების თარგმნა და სხვადასხვა ლიტერატურულ ღონისძიებებში მონაწილეობა.
საქართველოში სტუმრად ჩამოსული სერბი მწერლები გაეცნენ ქართველი პოეტების შემოქმედებას, მათ შორის, ნინია სადღობელაშვილის პოეზიას, რომელმაც განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა და საბოლოოდ პრესტიჟული პრემიით აღინიშნა.
პოეტი, მწერალი და დრამატურგი ნინია სადღობელაშვილი კარგადაა ცნობილი ქართველი მკითხველისთვის. იგი არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია, მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, კორეულ, თურქულ, აზერბაიჯანულ ენებზე.
გთავაზობთ ნინია სადღობელაშვილის ლექსს, რომელმაც აუდიტორიის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
ომში სხვა ტკივილს ყმუიან
უშვილო ქალები.
მათ ხომ ისაც ვერ გააჩინეს,
რისი მოკვლაც (არ) შეიძლება,
ვერასდროს გამოგოზეს მუცლის ქვევრები
ნაყოფის წვენით,
სისხლს რძე ვერ შეურიეს
ომის ცეცხლზე ჯადოსავით
მისასხურებლად,
ყელიდან თეთრი ბროწეულის
ასაყვავებლად,
მათი ცრემლიც საწყალია,
ტილებივით გადახილავს ღმერთი
ბავშვების თავზე,
დედების ცრემლის მარგალიტებს
ამოფარებულთ,
რა შეგვიძლია ქალებს,
ცარიელ ჭურჭელს?
რა გავაყოლოთ
ცისკენ დაძრულ ჩვილთა ქარავანს?
იქნებ დედამიწის ცეცხლოვან გულში
შევიკრიბოთ,
ჭურჭელი შევაერთოთ,
სხეული მოვუძაბროთ
ელვარე სადინარებს და
ჩვენს გამონგრეულ წიაღში -
ომის ნაალაფარ თასში
სიცოცხლის თესლი შევისახლოთ
ვიდრე ბოლო გამარჯვებამდე,
მოთმინებით გამოვკვებოთ,
სამყაროს სისხლი გადავუსხათ,
ძვლების ლიბომდე მოვუტეხოთ
ჩვენი სიმტკიცე,
სინათლის წყლებში მოვაშუშოთ,
საორსულე სული ვბეროთ
გასაღვივებლად!..
რომ, როცა მოვა დიდი დედა
და აკლდამის სახვევს მოიხსნის,
ცას შესძახოს და
აბრეშუმის ჩვილი გააჩინოს -
ჩვენს ჭურჭელში დაწყებული,
ჩვენი ბნელით გაბრწყინებული.