პოეტ მარი აბრამიშვილის პოეტური კრებულის „რჩეული“ წარდგენა

თარიღი : 15.10.2024

მწერალთა სახლში პოეტ მარი აბრამიშვილის პოეტური კრებულის „რჩეული“ წარდგენა გაიმართა, რომელიც ავტორის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. პოეტის შემოქმედებით საღამოს პოეტური კრებულის რედაქტორი საბა მეტრეველი უძღვებოდა.

მარი აბრამიშვილი ერთადერთი პოეტი ქალია, რომელიც მეოცე საუკუნის ორმოციან წლებში რეპრესირებული იყო საკუთარი ლექსების გამო.

„ვინც ყურმოკრულად მაინც იცის საბჭოთა ტოტალიტარიზმის პოლიტიკა ქმნილების გვირგვინის − ადამიანის − წინააღმდეგ, მისთვის ადვილი გასაგები იქნება ამქვეყნიური ჯოჯოხეთის ის მასშტაბი, რომელიც სამშობლოს თავისუფლებაზე მეოცნებე 22 წლის ახალგაზრდა პოეტის თავზე დატრიალდა. მარი აბრამიშვილს ახალი დამთავრებული ჰქონდა უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სამსახურიც დაიწყო ნაოცნებარი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ბიბლიოგრაფად. მხოლოდ ერთი თვის ხელფასის აღება მოასწრო“, − წერს წიგნის რედაქტორი და იქვე მოჰყავს ციტატა პოეტის დღიურიდან: „სასოებით ვინახავდი. ტკბილია პირველი ხელფასი, თუმცა მე აღარაფრის ყიდვა აღარ მღირსებია იმ ფულით. 27 მარტი იყო... 1945 წლის 27 მარტი“.

ეს კრებული მისი პოეზიის რჩეულია. პოეტს თავად ჰქონდა შერჩეული წიგნში შესატანი ლექსები და სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა, რომ მისი მკითხველი სადღაც კიდევ შემორჩება დღეს „კვალშეშლილსა და ხვალ მყარად მდგარ“ სამშობლოს უმკაცრესი დროის ქარტეხილის მოსაგონრად.

„წერტილებით აღვნიშნავ ლექსებს, რომლებმაც რჩეული უნდა შეადგინონ + ამას ახალი ლექსების ნაწილი, მაგრამ ვინ შეადგენს და როდის გამოიცემა?!“ − ასეთი მინაწერი გაუკეთა პოეტმა თავისი ლექსების კრებულს. ეს ფაქტი იმას მოასწავებს, რომ გულისგულში მას მაინც ჰქონდა იმედი, იმედი იმისა, რომ მისი პოეზიის რჩეული ერთტომეული დაიბეჭდებოდა. პოეტის ეს სურვილი რეალობად აქცია მისმა ქალიშვილმა − ლია აბრამიშვილმა, და ახლა ქართველ მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა, გაეცნოს ქედუხრელი პოეტი ქალის რჩეულ ლექსებს“, − წერს წიგნის წინასიტყვაობის ავტორი საბა მეტრეველი.

დამსწრე საზოგადოებამ პირველად იხილა ვიდეომასალა, სადაც პოეტი მარი აბრამიშვილი საკუთარ ლექსებს კითხულობს.

წიგნის პრეზენტაციის შემდეგ, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მწერალთა სახლის „რეპრესირებული მწერლების მუზეუმი“, სადაც სხვა რეპრესირებულ მწერლებთან ერთად მარი აბრამიშვილის შესახებაც არის ინფორმაცია განთავსებული.